ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/23/1487 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 12 ნოემბერი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 19 ნოემბერი 2020 16:47 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლების და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 და მე-3 მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 2 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1487) მომართეს ლევან ალაფიშვილმა და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფმა“. №1487 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2020 წლის 4 მარტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 12 ნოემბერს.
2. №1487 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. სადავო ნორმები განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის (შემდგომში - „112“) მომსახურების საფასურის გადამხდელ სუბიექტთა წრეს, საფასურის გადახდის ვალდებულებას, საფასურის განაკვეთებს და მისი გადახდის/ამოღების წესს.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია საკუთრების უფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების უფლების შეზღუდვის წესს.
5. №1487 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები წარმოადგენენ სატელეფონო მომსახურების მიმღებ აბონენტებს და, შესაბამისად, ყოველთვიურად ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მიერ ჩამოეჭრებათ „112“-ის მომსახურების საფასური - 0.40 ლარის ოდენობით.
6. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ „112“-ის საფასური მისი ბუნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს არა მოსაკრებელს, არამედ საჯარო დაწესებულების მიერ კერძოსამართლებრივი მომსახურების გაწევის სანაცვლოდ დადგენილ გადასახდელს. შესაბამისად, ამგვარი გადასახდელის დაწესება უნდა ხდებოდეს მხარეთა თანასწორობასა და ნებაყოფლობაზე დაფუძნებული გარიგების გზით და დაუშვებელია მისი სავალდებულო წესით დაკისრება აბონენტისათვის ასეთი გარიგების არარსებობის პირობებში.
7. მოსარჩელე მხარის პოზიციით, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებმა არ გაითვალისწინეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილებაში, საქმეზე „ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, დადგენილი სტანდარტები და იმგვარად მოაწესრიგეს განსახილველი საკითხი, რომ სადავო ნორმებით დადგენილი „112“-ის მომსახურების საფასური არ ატარებს საქართველოს კანონმდებლობით მოსაკრებლისთვის დადგენილ სავალდებულო ნიშნებს.
8. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ „112“-ის მიერ გაწეული მომსახურება არ წარმოადგენს საჯარო მომსახურებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონმდებელი „112“-ის მომსახურების საფასურს დააწესებდა მოსაკრებლის სახით. ხოლო, ვინაიდან მომსახურების საფასური არ წარმოადგენს მოსაკრებელს, სახეზეა კერძოსამართლებრივი ხასიათის მომსახურება.
9. კერძოსამართლებრივი მომსახურების პირობებში დაუშვებელია, ცალმხრივად დაწესდეს პირისათვის სავალდებულო გადასახდელი მხარეების თანხმობის და მათ შორის დადებული გარიგების გარეშე, როგორც ეს განსახილველ შემთხვევაშია დადგენილი.
10. წარმოდგენილ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლების, ასევე „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 და მე-3 მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
3. დასახელებული ნორმები განსაზღვრავს „112“-ის მომსახურების საფასურის გადამხდელ სუბიექტებს, ადგენს აღნიშნული საფასურის გადახდის ვალდებულებას, განაკვეთებს, საფასურის ფიქსირებულ ოდენობებს, საფასურის გადახდისა და ამოღების წესს და საფასურის გადახდასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
4. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის პრობლემას არ წარმოშობს, ზოგადად, „112“-ის მომსახურებისთვის საფასურის დაწესება ან აღნიშნული საფასურის ფიქსირებული ოდენობები, მისთვის პრობლემური არაა აგრეთვე მომსახურების საფასურის გადახდის/ამოღების წესი.
5. მოსარჩელე მხარის განმარტებით, „112“-ის საფასური საკუთრების უფლებას არღვევს იმდენად, რამდენადაც იგი ცალმხრივადაა დადგენილი სახელმწიფოს მიერ და, იმავდროულად, არ წარმოადგენს მოსაკრებელს, რაც, თავის მხრივ, მეტყველებს სადავო ნორმებით მოწესრიგებული ურთიერთობის კერძოსამართლებრივ ხასიათზე.
6. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ, ვინაიდან „112“-ის მიერ გაწეული მომსახურება კერძოსამართლებრივი ხასიათისაა, საფასურის დაკისრება აბონენტებისათვის უნდა ხდებოდეს მხარეების შეთანხმების შედეგად, ხოლო, თუ კანონმდებლის ნება იყო რეგულირებული ურთიერთობისათვის საჯაროსამართლებრივი ხასიათის მინიჭება, მაშინ საფასურის დადგენა უნდა მომხდარიყო მოსაკრებლისთვის განსაზღვრული სტანდარტების დაცვით.
7. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილებაში საქმეზე „ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ უკვე იმსჯელა „112“-ის მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის სამართლებრივ ბუნებაზე.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლით განსაზღვრული მოსაკრებელი, გადასახადისგან განსხვავებით, კონკრეტული სიკეთისათვის დადგენილი გადასახდელია და მისი აკრეფა ხდება სპეციფიკური მიზნებით. მოსაკრებელი არის ის კონტრიბუცია, რომელსაც გადამხდელი იხდის კონკრეტული საჯარო დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების ხარჯების ანაზღაურებისათვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილება საქმეზე „ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-27).
9. „112“-ის მომსახურების სანაცვლოდ გადასახდელის შემოღება განპირობებულია „კონკრეტული საჯარო დაწესებულების საქმიანობისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების საჭიროებით. დასახელებული გადასახდელი უკავშირდება თითოეული აბონენტისათვის იმის შესაძლებლობის უზრუნველყოფას, რომ საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის სხვა შემთხვევების შესახებ დაუკავშირდეს „112“-ს, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს შეტყობინებების მიღებას, დამუშავებას და მათზე შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამისი სუბიექტებისათვის ინფორმაციის მიწოდებას. [„112“-ის მომსახურებისათვის] გათვალისწინებული საფასური ემსახურება კონკრეტული საჯარო დაწესებულების - „112“-ის ხარჯების ანაზღაურებას და უკავშირდება კონკრეტული საჯარო სერვისის - „112“-ის მიერ გაწეული მომსახურების უზრუნველყოფას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება მიეკუთვნება საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით გათვალისწინებულ მოსაკრებელს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილება საქმეზე „ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-29-30).
10. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე დადგენილია, რომ კონსტიტუციის მიზნებისათვის „112“-ის მომსახურების საფასური განეკუთვნება მოსაკრებელს. მეტიც, სწორედ საფასურის მოსაკრებლად მიჩნევა გახდა აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სადავო ნორმის, კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამოდ ცნობის საფუძველი. ამასთან, კრიტერიუმები, რის გამოც სასამართლომ „112“-ის მომსახურების საფასური მიიჩნია მოსაკრებლად არ შეცვლილა.
11. გარდა ამისა, აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკით, კონსტიტუციურ ტერმინებს აქვს ავტონომიური სამართლებრივი მნიშვნელობა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-63) და მათი შინაარსი არ განისაზღვრება ქვემდგომ ნორმატიულ აქტებში გამოყენებული განმარტებებით. კონსტიტუცია თავადვე განსაზღვრავს მასში რეგლამენტირებული უფლების შინაარსსა და მოცულობას. კონსტიტუციური უფლებების შინაარსზე, ისევე როგორც კონსტიტუციური უფლების აღსაწერად გამოყენებულ ტერმინთა მნიშვნელობაზე, ზეგავლენას ვერ მოახდენს ის, თუ როგორ ხდება კანონმდებლობით მათი რეგლამენტაცია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის №3/2/646 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-5). აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ საკანონმდებლო ნორმებზე მითითება „112“-ის საფასურის სამართლებრივი ბუნების დადგენის კონტექსტში არარელევანტურია, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ნორმები ძალაში იყო და მოქმედებდა, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილების მიღების პირობებშიც.
12. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე ახალი ხელშესახები არგუმენტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს დაარწმუნებდა უკვე არსებული პრაქტიკის გადახედვის საჭიროებაში. მაშასადამე, მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ „112“-ის მომსახურების საფასური არ წარმოადგენს მოსაკრებელს და აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ მისი ცალმხრივად, მხარეების შეთანხმების გარეშე დადგენა ეწინააღმდეგება საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას, მცდარია და ეფუძნება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმების შინაარსის არასწორ აღქმას.
13. ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერი გადასახდელი თავის თავში გულისხმობს გადამხდელისათვის ფინანსური ვალდებულების დაკისრებას და ამ კონტექსტში, ბუნებრივია, გარკვეულწილად შემხებლობა აქვს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ საკუთრების უფლებასთან, თუმცა აღნიშნული a priori არ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი მოსაკრებელი შესაძლოა დაექვემდებაროს, ზოგადად, საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან შეფასებას, მათ შორის, საკუთრების უფლებასთან მიმართებით.
14. როგორც აღინიშნა, მოსაკრებელი არის ის კონტრიბუცია, რომელსაც გადამხდელი იხდის კონკრეტული საჯარო დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების ხარჯების ანაზღაურებისათვის. მოსაკრებლის შემთხვევაში ამა თუ იმ საზოგადოებრივი სიკეთის უზრუნველყოფისათვის გათვალისწინებული ხარჯები ნაწილდება იმ პირებზე, რომლებიც სარგებლობენ ან პოტენციურად სარგებლობენ ამ სიკეთით. აქედან გამომდინარე, მოსაკრებლის დაწესება უზრუნველყოფს იმ საზოგადოებრივი სიკეთის მიღწევას, რომლითაც სარგებლობენ მისი გადამხდელები და ნებისმიერი სახის მოსაკრებლის არსებობა, თავისთავად, საკუთრების უფლების უმიზეზო შეზღუდვად ვერ იქნება მიჩნეული. მეტიც, მოსაკრებლების გადახდა საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირის კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს.
15. მომსახურების ბუნების, მნიშვნელობის, ამ მომსახურების გაწევის თანამდევი ხარჯებისა და სხვა რელევანტური ფაქტორების გათვალისწინებით, კანონმდებელი, მოსაკრებლის განაკვეთების დადგენისას, სარგებლობს გარკვეული მიხედულებით. შესაბამისად, იმისათვის, რომ მოსარჩელემ იდავოს მოსაკრებლის კონკრეტული ოდენობის შესაბამისობაზე საკუთრების უფლებასთან მიმართებით, მან უნდა დაასაბუთოს, რომ აღნიშნული მოსაკრებელი შეუსაბამოდ მძიმე ფინანსურ ტვირთს აკისრებს გადამხდელს და ამით შეუძლებელს ან შეუსაბამოდ რთულს ხდის საკუთრებით სარგებლობასა და განკარგვას (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/7/667 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ტელენეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9-13).
16. შესაბამისად, „112“-ის მომსახურების ფიქსირებული საფასურის, მოსაკრებლის დაწესებით, საკუთრების უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირებისათვის, მოსარჩელე მხარეს მოეთხოვება არა მხოლოდ საფასურის ოდენობაზე მითითება, არამედ დადგენილი საფასურის აშკარა არაგონივრულობის დასაბუთება, რასთან დაკავშირებითაც კონსტიტუციურ სარჩელში მსჯელობა არ ყოფილა.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1487 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1487 კონსტიტუციური სარჩელი („ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი