ლევან ალაფიშვილი, ალაფიშვილი და ყაველაშვილი საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი კ.ს. საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1487 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ლევან ალაფიშვილი, კ.ს. ალაფიშვილი და ყაველაშვილი საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი |
თარიღი | 2 მარტი 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა.საქართველოს კანონი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ს შესახებ
ბ.საქართველოს მთავრობის #660 დადგენილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
1. საქართველოს კანონი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ს შესახებ. მუხლი 5. |
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები - საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. - საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. |
2. საქართველოს კანონი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ს შესახებ. მუხლი 6. |
2. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები - საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. - საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. |
3. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადები“. მუხლი 2. |
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები - საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. - საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. |
4. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადები“. მუხლი 3. |
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები - საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. - საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 60.4.“ა“ მუხლი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 39.1.“ა“ მუხლი, 19.1.“ე“ მუხლი
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია ამ სარჩელისათვის დადგენილი ყველა პირობის დაცვით და ფორმით, შედგენილია ქართულ ენაზე და ხელმოწერილია, ერთვის სადავო სამართლებრივი აქტების ტექსტი, წარმოდგენილია მოსარჩელის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, წარმოდგენილია საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ და კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონული ვერსია.
კონსტიტუციური სარჩელი შტანილია უფლებამოსილი სუბიექტის, ფიზიკური და იურიდიული პირის მიერ, რომელიც არის სატელეფონო/საკომუნიკაციო მომსახურების მიმღები აბონენტი და ყოველთვიურად ოპერატორის მიერ ჩამოეჭრება 112-ს საფასური 0.4 ლარის (40 თეთრი) ოდენობით, შესაბამისად რომელიც ექცევა გასაჩივრებული ნორმების რეგულირების სფეროში. მოსარჩელეების კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 5 ივლისის #2/3/1279 გადაწყვეტილებით ანტიკონსტიტუციურად სცნო 112-ს გადასახდელი, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული სტანდარტის უგულებელყოფით საქართველოს პარლამენტმა და საქართველოს მთავრობამ არსებიტად იგივე გადაწყვეტილება მიიღეს, მხოლოდ ფორმალურად მას მისცეს საკანონმდებლო სახე და საფუძველი. ეს კი საქართველოს კონსტიტუციით დაცულ საკუთრების უფლებაში ჩარევის შემთხვევაა, რომლის კონსტიტუციურობის შემოწმებისთვისაც მოსარჩელეებმა კვლავ წარმოადგინეს კონსტიტუციური სარჩელი.
კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხები არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი, შეეხება კონსტიტუციით დაცულ საკუთრების უფლებას.
ამასთან, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხები არ არის გადაწყვეტილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. მართალია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არსებითად ნამსჯელი აქვს ანალოგიურ საკითხებზე 2019 წლის 5 ივლისის #2//3/1279 გადაწყვეტილებაში, მაგრამ საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის მიერ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ მიღებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ჯერ არ ყოფილა.
კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით.
კონსტიტუციური სარჩელის შეტანისთვის კანონით არ არის დადგენილი რაიმე ვადა, შესაბამისად მისი შეტანის ვადა არ არის დარღვეული.
კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებულია საკანონმდებლო აქტის ნორმებიც, შესაბამისად არ არის საჭირო ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოსაკრებელი არის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს, პარლამენტის მიერ კანონით დაწესებული და წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული გადასახდელი სახელმწიფო ბიუჯეტში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ ბიუჯეტებში ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში, საჯარო დაწესებულების მიერ გაწეული საჯარო მომსახურებისათვის, საქმიანობის ან სარგებლობის უფლების/ნებართვის მიღებისათვის. საჯარო დაწესებულებების მიერ კერძოსამართლებრივი მომსახურების გაწევისთვის გადასახდელი არ არის მოსაკრებელი. საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოსაკრებლის (გადასახდელი საჯარო დაწესებულების მიერ გაწეული საჯარო მომსახურებისთვის) გადახდა სავალდებულოა, საპირისპიროდ საჯარო დაწესებულების მიერ კერძოსამართლებრივი მომსახურების გაწევისთვის გადასახდელი არც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული და არც სავალდებულოა, დამოკიდებულია სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ჩარჩოსა და მხარეთა თანასწორობასა და ნებაყოფლობაზე დაფუძნებულ გარიგების/ხელშეკრულების დადებაზე (შდრ.: სამოქალაქო კოდექსის პირველი მუხლი და 24-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები „ეს კოდექსი აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს.“ ან „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები“ ან „საჯარო სამართლის იურიდიული პირები სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 651 მუხლი „კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი.“).
გადასახდელის მოსაკრებლად კვალიფიცირებისთვის ერთდროულად უნდა არსებობდეს შემდეგი პირობები/ნიშნები: ეს უნდა იყოს (ა) საჯარო მომსახურების გაწევისთვის (ბ) სახელმწიფო ბიუჯეტში, რესპუბლიკურ ბიუჯეტში ან ადგილობრივ ბიუჯეტში (გ) სავალდებულო გადასახდელი, რომელიც (გ) დაწესებულია კანონით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების საფასური არ არის მოსაკრებელი. გასაჩივრებულ ნორმებში მას თვის კანონმდებელი „საფასურს“ უწოდებს. მეტიც, გასაჩივრებულ ნორმებში მითითებულია რომ ეს საფასური შეიცავს დამატებული ღირებულების გადასახადს (იხ.: 5.2. და 5.3. მუხლები. „დღგის ჩათვლით“). საქართველოს საგადასახადო კოდექსით კი დღგ-ით დაბეგვრას ექვემდებარება კერძოსამართლებრივი ურთიერთობების ფარგლებში სახელშეკრულებო საწყისებზე განხორციელებული მომსახურების გაწევა, ეკონომიკური საქმიანობა (იხ.: საგადასახადო კოდექსის 9.2.„ა“ მუხლი, 161-ე მუხლი). ეს საფასური არ მიემართება სახელმწოიფო ბიუჯეტში, რესპუბლიკურ ბიუჯეტში ან ადგილობრივ ბიუჯეტში, როგორც ეს განსაზღვრულია „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ კანონით და „საბიუჯეტო კოდექსით“. სწორედ აღნიშნული სახით განიხილავს და არეგულირებს მოსაკრებლებს შემოსავლების სამსახური, რომელმაც ჩვენს კითხვებზე პასუხად მიუთითა, რომ მოსაკრებლები წარიმართება/გადაიხდება სახელმწიფო ბიუჯეტში, რესპუბლიკურ ბიუჯეტში ან ადგილობრივ ბიუჯეტში, ხოლო საფასურები არ მიემართება არც ერთ მათგანში, მიმღები არის კონკრეტული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მისი ბიუჯეტი (რომელიც არც განიხილება და არც მტკიცდება წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ, რომლის შესრულების ანგარიშგებაც არ წარედგინება არც ერთ წარმომადგენლობით ორგანოს). ამასთანავე, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მოსაკრებლები არ იბეგრება დღგით რადგან ის არ არის ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული მომსახურების გადასახდელი, მოსაკრებელი არის კანონით დაკისრებული საჯარო მომსახურების (და არა ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული ფასიანი მომსახურება) მიღების გადასახდელი. (იხ.: დანართი)
ამდენად თვითონ კანონმდებელი არ განიხილავს 112-ის მომსახურებას საჯარო მომსახურებად და არც ამ მომსახურებისთვის გადასახდელს მიიჩნევს მოსაკრებლად, ამის დასტურია კანონის გასაჩივრებული ნორმების 5.3. და 5.4. მუხლებში მითითება დღგ-ზე.
თუკი 112-ის მომსახურება არ არის საჯარო მომსახურება, მაშინ დაუშვებელია კერძოსამართლებრივი ურთიერთობებისთვის სავალდებულო გადასახდელის გადახდის ვალდებულების დაკისრება, იგი ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დაცულ საკუთრების უფლებას. თუკი 112-ის მომსახურება კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში გაწეული ეკონომიკური საქმიანობაა და საფასური შეიცავს დღგ-ს, მაშინ დაუშვებელია მოქალაქეს/აბონენტს დაეკისროს მისი გადახდის ვალდებულება იმ პირობებში როცა ამ მომსახურებასთან დაკავშირებით არც მხარეთა გარიგება არსებობს და არც მომსახურების გამწევის მიერ განსაზღვრული ხელშეკრულების სტანდარტული პირობები.
თუკი 112-ის მომსახურება არის საჯარო მომსახურება, მაშინ მისი მიღების გადასახდელი უნდა დაწესებულიყო კანონით და მხოლოდ მოსაკრებლის სახით, რომელიც მიემართება სახელმწიფო, რესპუბლიკურ ან ადგილობრივ ბიუჯეტში. ნებისმიერი უკანონოდ დაწესებული ან გადახდევინებული გადასახდელი ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ საკუთრების უფლებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2019 წლის 5 ივლისის #2/3/1279 გადაწყვეტილებაში 112-ის საფასურს საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის ფარგლებში სწორედ და მხოლოდ მოსაკრებლად განიხილავს და სწორედ ამიტომ სცნო ანტიკონსტიტუციურად გასაჩივრებული ნორმები (იხ.: II-26, II-27, II-31, II-32). ამავე გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას განუსაზღვრა ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც უნდა მიეღოდ გადაწყვეტილება: „საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოაწესრიგონ აღნიშნული საკითხი.“ (იხ.: II-51). საქართველოს პარლამენტმა და საქართველოს მთავრობამ კი უგულებელჰყვეს ეს სტანდარტები.
საკითხის არსის უკეთ წარმოჩენისა და შედარებისთვის, სასამართლოში საქმის წარმოებისთვის დაწესებული სახელმწიფო ბაჟი არის მოსაკრებელი და მას იხდის პირი რომელიც მიმართავს სასამართლოს და სურს საჯარო მომსახურების მიღება. სასამართლო კერძოსამართლებრივ მომსახურებას, ფასიან სახელშეკრულებო ეკონომიკურ საქმიანობას არ ეწევა. შემოსავლების სამსახური ეწევა საჯაროსამართლებრივ საქმიანობასაც/მომსახურებასაც (საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღება და საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემა) და კერძოსამართლებრივ საქმიანობასაც/მომსახურებასაც (ფიზიკური პირისთვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება, მეწარმე ფიზიკური პირისთვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება ან საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის #96 დადგენილებით განსაზღვრულ სხვა მრავალ მომსახურებას). შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული კერძოსამართლებრივი მომსახურება სახელშეკრულებო და ნებაყოფლობითი ეკონომიკური ურთიერთობაა და გადასახდელის მიმღები არის თვით შემოსავლების სამსახური. შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული საჯაროსამართლებრივი მომსახურებისთვის მოსაკრებლის გადახდა სავალდებულოა, ეს მომსახურება არ არის ეკონომიკური საქმიანობა და ეს გადასახდელი მიემართება სახელმწიფო, რესპუბლიკურ ან ადგილობრივ ბიუჯეტში, მოსაკრებლის გადასახდელების მიმღები არ არის შემოსავლების სამსახური.
ქვემოთჩამოთვლილი მოსაკრებლის საკანონმდებლო მახასიათებლებიდან არც ერთს არ აკმაყოფილებს გასაჩივრებული ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული 112-ის საფასური.
1. საქართველოს კანონი „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“, მუხლი 1. „მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები და ამხანაგობები იხდიან სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მათთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.“
2. საქართველოს კანონი „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“, მუხლი 3.3. „დაუშვებელია ამ კანონით გაუთვალისწინებელი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების ვინმესთვის დაკისრება.“
3. საქართველოს კანონი „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“, მუხლი 5-ში მოცემულია მოსაკრებლების ამომწურავი ჩამონათვალი და მასში არ არის დასახელებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების საფასური/მოსაკრებელი.
4. საქართველოს კანონი „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“, მუხლი 8. „მოსაკრებლების ბიუჯეტებში ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.“
5. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით, მისი დანართით დადგენილია მოსაკრებლების სახეობები და მათი განაწილება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით მოცემულ მოსაკრებლების ჩამონათვალში არ არის დასახელებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების საფასური/მოსაკრებელი.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი