დურმიშხან გურგენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/24/1508 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 12 ნოემბერი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 19 ნოემბერი 2020 16:38 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: დურმიშხან გურგენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ... მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა,“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან, 26-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან, 31-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 5 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1508) მომართა დურმიშხან გურგენიძემ. №1508 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2020 წლის 9 ივნისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 12 ნოემბერს.
2. №1508 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის გასაჩივრებული სიტყვები სისხლისსამართლებრივი წესით დასჯად, დანაშაულებრივ ქმედებად აცხადებს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს ადამიანის ფიზიკურ ხელშეუხებლობას. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია პირის ფიზიკური თავისუფლება. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს შრომის თავისუფლებას და სხვა შრომით უფლებებს, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით“. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე“. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები“, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება“.
5. №1508 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე მხარის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის წარმოება, კერძოდ, იგი ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
6. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ არაკონსტიტუციურია სადავო ნორმის შინაარსი და ფორმულირება, ვინაიდან მართლსაწინააღმდეგო და სისხლისსამართლებრივად დასჯადი ვერ იქნება პირის მიერ იმ ნივთის ან ქონებრივი უფლების მითვისება, რომელიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, იმყოფება ამ პირის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში.
7. მოსარჩელის განცხადებით, ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლზომიერ მფლობელობასთან ან გამგებლობასთან დაკავშირებული საკითხები ატარებს კერძოსამართლებრივ ხასიათს და მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით, შესაბამისად, ამ ინსტიტუტიდან მომდინარე სამართლებრივი დავა უნდა გადაწყდეს არა სისხლის სამართალწარმოების, არამედ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმებზე დაყრდნობით. ამასთანავე, მოსარჩელის მტკიცებით, დაუშვებელია, პირს დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
8. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული რეგულაციის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებობა არ არის თავსებადი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებთან და პრინციპებთან, რაც სადავო ნორმას იმთავითვე არაკონსტიტუციურად აქცევს. გარდა ამისა, სადავო ნორმის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში გაწერით, კანონმდებელი იმ სამართლებრივი ურთიერთობის გადაწყვეტას, რომლის მარეგლამენტირებელი წესები სამოქალაქო კანონმდებლობაშია მოცემული, სისხლის სამართლის საქმეთა განმხილველ სასამართლოს ანდობს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ პირის უფლებას, განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
9. წარმოდგენილი არგუმენტაციიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის სადავო სიტყვები არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტს, მე-11 მუხლის პირველ პუნქტს, მე-13 მუხლის პირველ პუნქტს, 26-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებს, 31-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს და 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს.
10. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მომართავს შუამდგომლობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდეს სადავო ნორმის მოქმედება. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ გასაჩივრებული არაკონსტიტუციური დებულების საფუძველზე, მის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლის სამართლის სამართალწარმოება, რომელიც შესაძლოა, დასრულდეს მოსარჩელის უკანონო მსჯავრდებით, რაც გამოიწვევს გამოუსწორებელ ზიანს და მისი უფლებების შეუქცევად დარღვევას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1508 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ... მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა,“ კონსტიტუციურობას, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან და 26-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.
3. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე მიუთითებს სხვადასხვა სამართლებრივ აქტებს და განმარტავს, რომ, ვინაიდან სადავო ნორმაში გამოყენებული ტერმინები კერძოსამართლებრივი ხასიათისაა, ნორმიდან მომდინარე სამართლებრივი ურთიერთობებიც უნდა წესრიგდებოდეს მხოლოდ სამოქალაქო კანონმდებლობაზე დაყრდნობით. შესაბამისად, არაკონსტიტუციურია სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედების სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადობა და, ზოგადად, სადავო ნორმის არსებობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, ისევე, როგორც კონსტიტუციასთან შეუსაბამოა სადავო ნორმით რეგულირებულ საკითხებზე წარმოშობილი სამართლებრივი დავის გადაწყვეტა სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ.
4. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარეს კონსტიტუციურ სარჩელში არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ზღუდავს სადავო ნორმა ზემოთ დასახელებულ, შინაარსობრივად ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებულ კონსტიტუციურ დებულებებს. მოსარჩელე არ ასაბუთებს, თუ რა კუთხით არღვევს სადავო ნორმა მის შრომის თავისუფლებით გათვალისწინებულ კონსტიტუციურ უფლებებს, ფიზიკურ ხელშეუხებლობასა თუ თავისუფლებას ისევე, როგორც, რატომ იწვევს ის სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებაში ჩარევას. როგორც აღინიშნა, მოსარჩელეს მოეთხოვება სადავო ნორმის საფუძველზე შესაბამისი უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება და თითოეულ იდენტიფიცირებულ უფლებასთან მიმართებით შესაბამისი არგუმენტაციის წარმოდგენა.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1508 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ... მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა,“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან და 26-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
6. №1508 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობას ითხოვს აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. გასაჩივრებული დებულება განსაზღვრავს დანაშაულის შემადგენლობას და სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადად აცხადებს კონკრეტულ ქმედებას. მოსარჩელე მხარის პოზიციით, არაკონსტიტუციურია, ზოგადად, აღნიშნული ქმედების სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადობა და შესაბამისი ნორმის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მოქცევა, რაც შედეგობრივად იწვევს ქმედებიდან მომდინარე სამართლებრივი დავის განხილვას არაგანსჯადი სასამართლოს მიერ.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში არაერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა და მისი მიზანია ადამიანის უფლებების და კანონიერი ინტერესების, სასამართლოს გზით, ადეკვატური, ეფექტიანი დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა. სამართლიანი სასამართლოს უფლება „ქმნის კონსტიტუციითა თუ კანონით დაცული, აღიარებული რომელიმე უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის სასამართლოში დაცვის პროცესუალურ გარანტიას. სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტურობაში არ მოიაზრება სასამართლოს შესაძლებლობა, შექმნას ან გააფართოოს მატერიალური უფლების ფარგლები, იგი მხოლოდ უკვე არსებული უფლების ეფექტური დაცვის შესაძლებლობაზე მიუთითებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/2/630 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების შეზღუდვა სახეზეა იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმა ზღუდავს სასამართლოს გზით, უფლების დაცვის საპროცესო მექანიზმით, ეფექტურად სარგებლობის შესაძლებლობას. დასახელებულ კონსტიტუციურ დებულებასთან შინაარსობრივი მიმართების წარმოსაჩენად მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა იწვევს სასამართლოს მიერ საქმის განხილვის რომელიმე პროცედურული გარანტიის შეზღუდვას.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულება „იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს - სასამართლო განხილვა მოხდეს განსჯადობის წესების დაცვით... ამ [სამართლიანი სასამართლოს] უფლებით სარგებლობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-106).
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თუ სადავო ნორმა მიმართულია თავად მატერიალური უფლებისა თუ კანონიერი ინტერესის შეზღუდვის ან/და გაუქმებისაკენ, მაშინ სახეზეა არა უფლების დაცვის საპროცესო მექანიზმების შეზღუდვა, არამედ თავად ამ უფლების მატერიალური შინაარსის რეგულირება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის №2/11/716 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ სანიკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). როგორც აღინიშნა, სადავო ნორმა განსაზღვრავს დანაშაულის შემადგენლობას და სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადად აცხადებს პირის მიერ კონკრეტული ქმედების ჩადენას. პირის დამნაშავედ ცნობა და მისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება უკავშირდება ამა თუ იმ მატერიალური უფლების შეზღუდვას. სადავო ნორმა არ არეგულირებს სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების პროცედურულ საკითხებს. ამ ნორმის საფუძველზე არ ხდება სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა, ისევე როგორც, ნორმის რეგულირების სფეროს არ წარმოადგენს საქმეზე განსჯადი სასამართლოს დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე ვალდებულია წარმოადგინოს დასაბუთება და არგუმენტაცია იმ მატერიალურ უფლებასთან მიმართებით, რომელსაც უშუალოდ უკავშირდება გასაჩივრებული ნორმიდან მომდინარე ნეგატიური შედეგი.
10. ამდენად, №1508 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ... მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა,“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
11. №1508 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ... მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა,“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
12. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები“, ამავე მუხლის მე-3 პუნქტი კი ადგენს, რომ „ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება“.
13. დასახელებული კონსტიტუციური დებულებები არ წარმოადგენენ ძირითადი უფლების დამდგენ ნორმებს, არამედ განსაზღვრავენ ზოგად კონსტიტუციურ პრინციპებს. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს ადამიანის უფლებებს შორის სამართლიანი ბალანსის მიღწევის კონსტიტუციურ პრინციპს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტი ახდენს უფლების შეზღუდვის პროპორციულობის ზოგადი პრინციპის დეკლარირებას. ხსენებული კონსტიტუციური დებულებებისგან დამოუკიდებლად, აღნიშნული პრინციპებით დაცული გარანტიები, თავისთავად, გამომდინარეობს კონსტიტუციის მეორე თავით განსაზღვრული ცალკეული უფლებებიდან. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, აფასებს სადავო ნორმას ძირითადი უფლების დამდგენ, კონსტიტუციის მეორე თავით განსაზღვრულ დებულებებთან მიმართებით, კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი პრინციპების კონტექსტში (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/22/930 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ანა ჯალაღონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-17; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/4/1472 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23-24).
14. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვინაიდან დასახელებული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენენ საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებულ ისეთ ნორმებს, რომლებიც ადგენენ ზოგად პრინციპებს და არა კონკრეტულ ძირითად უფლებებს, სადავო ნორმის კონსტიტუციურსამართლებრივი შეფასება საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტთან მიმართებით ვერ განხორციელდება განცალკევებულად (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის №2/1/392 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-21).
15. ამდენად, №1508 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ... მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა,“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1508 კონსტიტუციური სარჩელი („დურმიშხან გურგენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი