სულხან სალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/22/1435 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 12 ნოემბერი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 19 ნოემბერი 2020 16:26 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: სულხან სალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1435) მომართა სულხან სალაძემ. №1435 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2019 წლის 2 აგვისტოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 12 ნოემბერს.
2. №1435 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლი აწესრიგებს კომერციული რეკლამისა და ტელეშოპინგის განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნული ნორმის პირველი პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამა არ შეიძლება განთავსდეს უქმე დღეებში, აგრეთვე საუკეთესო დროს – სხვა დღეებში, გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს. სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს კომერციული რეკლამის განთავსების შემთხვევაში, კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, ყოველ საათში – 12 წუთს (20%-ს), ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა ყოველ საათში არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს (5%-ს).
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლებას. ამავე მუხლის მე-6 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა სახელმწიფო უწყებებისაგან და თავისუფლება პოლიტიკური და არსებითი კომერციული გავლენისაგან უზრუნველყოფილია კანონით.
5. №1435 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საჯარო დაფინანსებით მოქმედი დაწესებულება. შესაბამისად, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საზოგადოებისათვის პლურალისტული, ზუსტი, ობიექტური და არსებითი კომერციული გავლენისაგან თავისუფალი ინფორმაციის მიწოდება.
6. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე უშვებს სამუშაო დღეებში 24:00 საათიდან 19:00 საათამდე დროის მონაკვეთში საინფორმაციო გამოშვებებში, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამებში კომერციული რეკლამის განთავსების შესაძლებლობას, რაც დაკავშირებულია გარკვეული ეკონომიკური სარგებლის მიღებასთან და, შედეგად, წარმოშობს საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებითი კომერციული გავლენის დამყარების საფრთხეს.
7. მოსარჩელის მტკიცებით, სარეკლამო შემოსავლის მიღებას ყოველთვის თან სდევს გადაცემაში რეკლამის დამკვეთი ბიზნეს სუბიექტის ინტერესების გათვალისწინების რისკი. ამგვარი რისკი განსაკუთრებით დიდია კომერციული რეკლამების საინფორმაციო გამოშვებებში, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამებში განთავსების შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის განმარტებით, აღნიშნული გადაცემების მიმდინარეობისას კომერციული რეკლამის განთავსება არსებით გავლენას ახდენს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე, ამცირებს მის მიმართ საზოგადოების ნდობას და არღვევს მოსარჩელის უფლებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით, მიიღოს ზუსტი, ობიექტური, სრული და სამართლიანი ინფორმაცია.
8. წარმოდგენილ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე ითხოვს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე უშვებს, სამუშაო დღეებში, 24:00 საათიდან 19:00 საათამდე საინფორმაციო გამოშვებებში, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამებში კომერციული რეკლამის განთავსების შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს აძლევს საკუთარ ეთერში, სამუშაო დღეებში, 24:00 საათიდან 19:00 საათამდე საინფორმაციო გამოშვებებში, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში კომერციული რეკლამის განთავსების შესაძლებლობას, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებთან მიმართებით. მოსარჩელის არგუმენტაციით, საკითხის ამგვარი მოწესრიგება არსებითი კომერციული გავლენის ქვეშ აქცევს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რაც, თავის მხრივ, წარმოშობს მაუწყებლის მხრიდან საზოგადოებისთვის არაზუსტი და მიკერძოებული ინფორმაციის მიწოდების რეალურ საფრთხეს და არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად კანონმდებლისთვის წაყენებულ მოთხოვნებს.
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულია ყველა ადამიანის უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, „კანონი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას სახელმწიფო უწყებებისაგან და თავისუფლებას პოლიტიკური და არსებითი კომერციული გავლენისაგან“. ამდენად, კონსტიტუციის მოთხოვნას წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაცვა არსებითი კომერციული გავლენისაგან. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის, მოსარჩელე მხარემ უნდა მოიყვანოს არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამების კანონმდებლობით დაშვებული ფორმით განთავსება განაპირობებს, რეკლამის დამკვეთის მხრიდან, საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებითი კომერციული გავლენის მოპოვებას და, ამ თვალსაზრისით, საზოგადოებრივი მაუწყებლობის მიერ საზოგადოებისათვის მიკერძოებული ინფორმაციის მიწოდების ობიექტურ საფრთხეს.
4. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის, ზოგადად, საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხების მიერ კომერციული რეკლამის განთავსების შესაძლებლობას. იგი მხოლოდ იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ კონკრეტული პროგრამების ფარგლებში (საინფორმაციო გამოშვებები, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამები) კომერციული რეკლამის განთავსება არღვევს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობას და ქმნის მის მიერ საზოგადოებისათვის არაზუსტი ინფორმაციის მიწოდების საფრთხეს. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აკრძალულია არა საზოგადოებრივი მაუწყებლის ნებისმიერი კომერციული საქმიანობა, არამედ მხოლოდ ისეთი, რომელიც წარმოშობს მასზე არსებითი კომერციული გავლენის მოპოვების რისკებს. შესაბამისად, კომერციული რეკლამის დაკვეთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ამგვარი რეკლამის განთავსება per se არაკონსტიტუციური არ არის. იგი არაკონსტიტუციური შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარმოაჩენს რეკლამის დამკვეთის მხრიდან საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებითი კომერციული გავლენის მოპოვების შესაძლებლობას.
5. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე კომერციული გავლენის მოპოვების ხარისხს შესაძლოა ზრდიდეს და მის არსებითობას განაპირობებდეს ის ფაქტორი, თუ რომელი პროგრამის ფარგლებში განთავსდება ესა თუ ის კომერციული რეკლამა. აღნიშნულის მიღმა კი, მოსარჩელე მხარეს კონსტიტუციურ სარჩელში არ მიუთითებია სხვა რაიმე ისეთ გარემოებაზე, რომელიც წარმოაჩენდა რეკლამის დამკვეთის მხრიდან საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებითი კომერციული გავლენის მოპოვების რისკებს.
6. მოსარჩელე მხარის მიერ საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებითი კომერციული გავლენის მოპოვების დამადასტურებელი შესაბამისი არგუმენტაციის წარმოუდგენლობის მიღმა კი, დამატებით, აღსანიშნავია, რომ მაუწყებლობის სფეროში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, შეზღუდულია საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამის განთავსების მოცულობა, რაც გავლენას ახდენს კომერციული რეკლამიდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობაზეც. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამა არ შეიძლება განთავსდეს უქმე დღეებში, აგრეთვე საუკეთესო დროს – სხვა დღეებში, გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ5“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საუკეთესო დრო არის „დრო 19:00 სთ-დან 24:00 სთ-მდე, როდესაც შესაძლებელია მაუწყებლის პროგრამებს უყუროს ან უსმინოს მისი მომსახურების ზონის აუდიტორიის პიკურმა რაოდენობამ“. ამასთან, ამ შემთხვევაშიც, კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, ყოველ საათში – 12 წუთს (20%-ს), ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა ყოველ საათში არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს (5%-ს). ამდენად, კანონმდებლობის ხსენებული დანაწესის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამის განთავსების შემთხვევაში ლიმიტირებულია კომერციული რეკლამის განთავსების შესაძლებლობა როგორც წუთობრივად, ასევე დღეებისა და დროის მონაკვეთების მიხედვით. კომერციული რეკლამის განთავსებისათვის დროის შეზღუდვა კი ასევე განაპირობებს საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხების მიერ კომერციული რეკლამებიდან მომდინარე შემოსავლების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვასაც.
7. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლობის ფინანსური დამოუკიდებლობის და საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების მიზნებისათვის უზრუნველყოფილია მისი საჯარო დაფინანსება. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ“ ქვეპუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლობა არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას, მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომლის მიზანია პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების მიწოდება საზოგადოებისათვის. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს ქმნის საზოგადოებრივი მაუწყებლობის გადასახდელი და კანონმდებლობით განსაზღვრული ან/და ნებადართული სხვა შემოსავლები“. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, „საზოგადოებრივი მაუწყებლობის გადასახდელის გადამხდელია ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც საქართველოში აქვს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი“.
8. მაშასადამე, საზოგადოებრივი მაუწყებელი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რაც მისი საქმიანობისათვის საჭირო ფულადი სახსრების ძირითად ნაწილს წარმოადგენს. გარდა სახელმწიფო ასიგნებებისა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ასევე გარკვეული ფულადი სახსრების აკუმულირებას ახდენს საკუთარი კომერციული საქმიანობიდან. საზოგადოებრივი მაუწყებლის 2019 წლის ანგარიშის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული 2019 წლის მთლიანი ბიუჯეტი განისაზღვრა 96 970 000 ლარით. კომერციული საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 2 953 038 ლარი, რომლიდანაც სპონსორობიდან და სარეკლამო საქმიანობიდან მიღებული ჯამური შემოსავალი 1 420 479 ლარს უდრიდა, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 1.5%-ია. თითქმის მსგავსად განისაზღვრა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2020 წლის მთლიან ბიუჯეტში კომერციული საქმიანობიდან დაგეგმილი შემოსავალი (2020 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის მთლიანი ბიუჯეტი განისაზღვრა 102 697 130 ლარით, საიდანაც კომერციული საქმიანობიდან დაგეგმილია 2 654 376 ლარის აკუმულირება). ამდენად, აშკარაა, რომ კომერციული რეკლამებიდან მიღებული სარგებელი საზოგადოებრივი მაუწყებლობის შემოსავლის უმნიშვნელო ნაწილს წარმოადგენს.
9. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთი მხრივ, ლიმიტირებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამის განთავსების მოცულობა, ხოლო, მეორე მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის ფაქტობრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ მნიშვნელოვნად მცირეა საზოგადოებრივი მაუწყებლის მთლიან ბიუჯეტში კომერციული რეკლამებიდან მიღებული შემოსავლის პროცენტული წილი.
10. როგორც უკვე აღინიშნა, კონსტიტუციის მოთხოვნაა, საზოგადოებრივი მაუწყებელი დაცული იყოს არსებითი კომერციული გავლენისაგან. კანონმდებლობის შესაბამისი ნორმებიდან გამომდინარე და საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის გათვალისწინებით კი, არ იკვეთება საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან კომერციული რეკლამების განთავსებით მიღებული შემოსავლისადმი იმგვარი დაინტერესება, რომელიც გააჩენდა, რეკლამის დამკვეთის სასარგებლოდ, მიკერძოებულად ინფორმაციის გადაცემის რისკებს. დამატებით კი, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი, რომელიც დაასაბუთებდა რეკლამის დამკვეთი პირის მხრიდან საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებითი კომერციული გავლენის მოპოვების რეალურ საფრთხეს.
11. ამდენად, მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოაჩინა შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებს შორის, რის გამოც №1435 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1435 („სულხან სალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი