სულხან სალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1435 |
ავტორ(ებ)ი | სულხან სალაძე |
თარიღი | 2 აგვისტო 2019 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
მაუწყებლობის შესახებ კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტი: „საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამა არ შეიძლება განთავსდეს უქმე დღეებში, აგრეთვე საუკეთესო დროს – სხვა დღეებში, გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს. სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს კომერციული რეკლამის განთავსების შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, ყოველ საათში – 12 წუთს (20%-ს), ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა ყოველ საათში არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს (5%-ს).“ | საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.“ |
მაუწყებლობის შესახებ კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტი: „საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამა არ შეიძლება განთავსდეს უქმე დღეებში, აგრეთვე საუკეთესო დროს – სხვა დღეებში, გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს. სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს კომერციული რეკლამის განთავსების შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, ყოველ საათში – 12 წუთს (20%-ს), ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა ყოველ საათში არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს (5%-ს).“ | საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტი: „კანონი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას სახელმწიფო უწყებებისაგან და თავისუფლებას პოლიტიკური და არსებითი კომერციული გავლენისაგან. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, 31-311 მუხლები
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ;
სარჩელის შეტანილია მოქალაქე სულხან სალაძის მიერ. მოსარჩელე არის საქართველოს მოქალაქე (იხილეთ პირადობის მოწმობა), ცხოვრობს საქართველოში, უკავია ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის პოზიცია (https://gyla.ge/ge/mod/team/1), საიდანაც იღებს ანაზღაურებას და ამით იხდის საშემოსავლო გადასახადს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მას კონსტიტუციით მინიჭებული აქვს უფლება, მიიღოს, ობიექტური და ბიზნესის მიმართ მიუკერძოებელი ინფორმაცია. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლით, საზოგადოებრივი მაუწყებელი მოქმედებს საჯარო ფინანსებით. ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია: უზრუნველყოს პროგრამების სარედაქციო დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა; სახელისუფლებლო, პოლიტიკური, რელიგიური და კომერციული გავლენისაგან თავისუფლება;“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებას, საზოგადოებას მიაწოდოს კომერციული გავლენისაგან თავისუფალი მიუკერძოებელი ინფორმაცია, შეესაბამება საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის, ასევე გადასახადის გადამხდელის უფლებას - მიიღოს, კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, სამართლიანი და მიუკერძოებელი ინფორმაცია.
იმის გამო, რომ სადავო ნორმა უშვებს არასაუკეთესო დროს, 24 საათიდან 19 საათს შორის პერიოდში ახალი ამბების და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, საგანმანათლებლო, შემეცნებით გადაცემებში რეკლამების განთავსების შესაძლებლობას, ამით სადავო ნორმა შეიცავს რეკლამის დამკვეთის სასარგებლოდ ამ პროგრამებით მიკერძოებული ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობას როგორც მოსარჩელისათვის, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ნებისმიერი მაყურებლისათვის. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს არა უბრალოდ ინფორმაციის, არამედ, უპირველესად, ზუსტი და ობიექტური ინფორმაციის მიღების უფლებას. კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილია ადამიანის უფლება, არ მოექცეს არსებითი კომერციული გავლენის მქონე საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციული ზემოქმედების ქვეშ. შესაბამისად, სადავო ნორმის კონსტიტუციურობაზე შეუძლია იდავოს საქართველოს ნებისმიერ გადასახადის გადამხდელს, რომლის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი ფულადი სახსრებითაც ფუნქციონირებს საზოგადოებრივი მაუწყებელი. გადასახადის ნებისმიერ გადამხდელს აქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის კომერციული გავლენისაგან დაცვის და ამით მიუკერძოებელი ინფორმაციის მიღების სამართლებრივი ინტერესი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 19 თებერვალს მიიღო საოქმო ჩანაწერი, საქმეზე დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ეს საოქმო ჩანაწერი შეეხება იმას, რამდენად აქვს ნებისმიერ მოქალაქეს უფლება, დაიცვას საზოგადოებრივი მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლება. საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საქმეზე მიღებულ საოქმო ჩანაწერის მეორე თავის მე-19 პუნქტში აღნიშნა:
„საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობაში ჩარევა შესაძლოა იწვევდეს ფიზიკური პირის საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვას. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა მოსაზრებას, რომ სადავო ნორმებით დადგენილი სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ადმინისტრირების წესი იწვევს მოსარჩელეთა, როგორც ფიზიკური პირების კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განმტკიცებულ უფლებაში ჩარევას.“
ამ სარჩელში მითითებული შემთხვევა განსხვავდება დავით კანდელაკის საქმეში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისაგან. კანდელაკის საქმეში პრობლემას წარმოადგენდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეების თანამდებობიდან გათავისუფლება, საკონსტიტუციო სასამართლომ კანდელაკის საქმეში მიღებული საოქმო ჩანაწერის მეორე თავის მე-18 პუნქტში განაცხადა: „საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მიზანია „დემოკრატიულ საზოგადოებაში აზრისა და ინფორმაციის თავისუფალი გაცვლა-გამოცვლის პროცესის უზრუნველყოფა და არა რომელიმე ორგანოს ან თანამდებობის სტაბილურობის გარანტირება.“ სწორედ ამ გარემოებაზე დაყრდნობით თქვა უარი სარჩელი წარმოებაში მიეღო კონსტიტუციის 24-ე მუხლთან მიმართებაში. თუმცა იმავე საქმეში ასევე არ გამორიცხა ადამიანის უფლება, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის ხელყოფა იწვევს მოსარჩელის კონსტიტუციის 24-ე მუხლით (2018 წლის 15 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გარანტირებული უფლების, მათ შორის ინფორმაციის მიღების თავისუფლების შეზღუდვას.
მოცემულ საქმეში სწორედ ასეთი ვითარება გვაქვს: მოსარჩელე დავობს, რომ ბიზნესის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში არასაუკეთესო დროს რეკლამის განთავსებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი რეკლამის დამკვეთის წინაშე კარგავს დამოუკიდებლობას. ამით ადამიანი მოკლებული ხდება შესაძლებლობას, მიიღოს ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაცია ბიზნესის გავლენის ქვეშ მოქცეული საზოგადოებრივი მაუწყებლისაგან.
ამგვარად, მოსარჩელე სულხან სალაძე უფლებამოსილია იდავოს სადავო ნორმების კონსტიტუციურობაზე, ვინაიდან ბიზნესის არსებითი გავლენის ქვეშ მყოფი საზოგადოებრივი მაუწყებლისაგან შეუძლებელი იქნება სულხან სალაძის მიერ ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიღება. მოსარჩელე სულხან სალაძე იცავს საკუთარ, ობიექტური ინფორმაციის მიღების უფლებას და არა სხვის უფლებას. არაობიექტური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ეფუძნება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიზნესჯგუფების გავლენის ქვეშ მოქცევის შესაძლებლობას. არ იქნება არსებითი კომერციული გავლენა, იარსებებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამებით ობიექტური ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობა.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი წესრიგდება კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) გასაჩივრებულია კანონი, რომელის კონსტიტუციურობაზე მსჯელობაც შესაძლებელია ზემდგომი ნორმატიული აქტის გასაჩივრებისაგან დამოუკიდებლად;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. სადავო ნორმატიული შინაარსი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამა არ შეიძლება განთავსდეს უქმე დღეებში, აგრეთვე საუკეთესო დროს – სხვა დღეებში, გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს. სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს კომერციული რეკლამის განთავსების შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, ყოველ საათში – 12 წუთს (20%-ს), ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა ყოველ საათში არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს (5%-ს).
ეს ნორმა კრძალავს კომერციული რეკლამის განთავსებას შაბათს და კვირას. ასევე შრომის კოდექსით გათვალიწინებულ სხვა სადღესასწაულო დღეებში, რაც უქმედ არის გამოცხადებული. იმავდროულად რეკლამის განთავსება იკრძალება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით საზოგადოებრივი მაუწყებლის საუკეთესო დროს. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ჰ5“ ქვეპუნქტი განმარტავს, რას ნიშნავს საუკეთესო დრო. ეს არის დრო 19.00 სთ-დან 24.00 სთ-მდე, როდესაც შესაძლებელია მაუწყებლის პროგრამებს უყუროს ან უსმინოს მისი მომსახურების ზონის აუდიტორიის პიკურმა რაოდენობამ; ამგვარად, 24 საათიდან 19 საათამდე პერიოდი არის არასაუკეთესო დრო. გასაჩივრებული ნორმა კრძალავს სწორედ 19 საათიდან 24 საათამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კომერციული რეკლამის გაშვებას. იმავდროულად, ამავე ნორმით, არ კრძალავს და უშვებს არასაუკეთესო დროს, 24 საათიდან 19 საათამდე საზოგადოებრივი არხის ეთერში რეკლამის განთავსებას.
ამ სარჩელითაც, სწორედ ის ნორმატიული შინაარსია სადავოდ ქცეული, რაც უშვებს 24 საათიდან 19 საათამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, შემეცნებით პროგრამებში რეკლამის გაშვებას. დავის საგანს არ წარმოადგენს არც უქმე დღეებში, არც საუკეთესო დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში რეკლამის განთავსების აკრძალვა. ასევე სადავოდ არ ვხდით სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო კონკურსის და ფესტივალის ფარგლებში რეკლამის განთავსების დაშვებას. დავის საგანს არც ის წარმოადგენს, რომ საერთაშორისო კონკურსების და სპორტული ღონისძიებების დროს ყოველ საათში ერთხელ მხოლოდ 12 წუთია დაშვებული. სადავოდ არც იმას ვხდით, რომ სამუშაო დღეების არასაუკეთესო დროს საათში სამი წუთის განმავლობაში არის რეკლამის გაშვება დაშვებული საზოგადოებრივ მაუწყებელზე.
რაც სადავოა, არის „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რაც უშვებს სამუშაო დღეების არასაუკეთესო დროს (24-საათიდან 19 საათამდე) საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და საგანმანათლებლო პროგრამებში რეკლამების განთავსებას. სადავო ნორმა იმგვარად არის ფორმულირებული, რომ მასში საუბარია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მხოლოდ რეკლამის განთავსების აკრძალვის შემთხვევებზე, კერძოდ იმაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში რეკლამა იკრძალება უქმე დღეს, ხოლო სამუშაო დღეებში - 19-დან 24 საათამდე. რეკლამის აკრძალვის გარემოებების ზუსტი განსაზღვრით, სადავო ნორმამ არაპირდაპირ საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცა უფლება, რეკლამა განათავსოს იმ დროს, როდესაც არ არსებობს რეკლამის განთავსების ამკრძალავი გარემოებები: სამუშაო დღეებში 24-დან 19 საათამდე.
სადავო ნორმით დადგენილ რეკლამის განთავსების აკრძალვის პერიოდში სწორედ სამუშაო დღის არასაუკეთესო დრო არ ხვდება. ვინაიდან სადავო ნორმა პირდაპირ არ საუბრობს სამუშაო დღის არასაუკეთესო დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში რეკლამის განთავსების აკრძალვაზე, იგულისხმება, რომ ამით სადავო ნორმა ამ დროს რეკლამის განთავსებას უშვებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამებშიც. უფრო მეტიც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის ბოლო წინადადება მიუთითებს, რომ ასეთ დროს საინფორმაციო გამოშვებებში, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში, მხატვრულ ფილმებსა და სერიალებში რეკლამის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს ყოველ საათში ერთხელ.
ამასთან სადავო ნორმა უნდა განიმარტოს მასთან დაკავშირებულ ნორმასთან კავშირში. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-8 პუნქტით, აკრძალულია საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე ტელეშოპინგის განთავსება, ხოლო სპონსორობა და კომერციული რეკლამის განთავსება დასაშვებია მხოლოდ ამ კანონის 64-ე მუხლით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში. ამგვარად, სადავო ნორმით დადგენილია ის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც დასაშვებია საზოგადოებრივ მაუწყებელში რეკლამის განთავსება. ერთადერთი გამონაკლისი, რაც სადავო ნორმაში საზოგადოებრივ მაუწყებელში რეკლამის განთავსების შესახებ არის დაშვებული, ეხება სამუშაო დღის 24-დან 19 საათამდე რეკლამის განთავსების უფლებამოსილებას.
ამგვარად, ამ სარჩელით სადავოდ არის გამხდარი ის, რომ თუნდაც არასაუკეთესო საეთერო დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საინფორმაციო და საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროგრამებში რეკლამის განთავსების შესაძლებლობა, ქმნის საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებითი კომერციული გავლენის დამყარების საფრთხეს, რამაც გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ ბიზნესის საქმიანობის ამსახველი რეპორტაჟების ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე.
2. რამდენად არის მრავალმხრივი, ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიღების უფლება კონსტიტუციური უფლების ნაწილი?
ამ სარჩელის საწინააღმდეგოდ, შეიძლება ითქვას, ის, რომ საქართველოს კონსტიტუცია შემოიფარგლება მხოლოდ ინფორმაციის მიღების უფლების გარანტირებით და არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებს ამ ინფორმაციის ხარისხს: რამდენად სანდო, ობიექტური, მიუკერძოებელი და სრულია ეს ინფორმაცია. ამ არგუმენტის გასაქარწყლებლად უნდა ითქვას, პირველ რიგში, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლი ყველა მაუწყებელს, მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელს, აკისრებს ჯეროვანი სიზუსტის ვალდებულებას: „მაუწყებლები ვალდებული არიან, მიიღონ ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწორონ შეცდომები.“ ეს ნორმა მიუთითებს იმაზე, რომ კანონმდებლობის დონეზე მაინც აღიარებულია, რომ ინფორმაციის მიღება გულისხმობს იმავდროულად ზუსტი და ობიექტური ინფორმაციის მიღებაზე უფლებას.
ჯეროვანი სიზუსტის ვალდებულება ეკისრება ყველა მაუწყებელს, მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელსაც. ამისთვის კი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია არაზუსტი და არასრული ინფორმაციის 10 დღის ვადაში შესწორების ვალდებულება. იმის გამო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოადგენს საჯარო ფინანსებით მოქმედ დაწესებულებას, კონსტიტუცია მას უნდა უწესებდეს ინფორმაციის სიზუსტის, სისწორის და სანდოობის უზრუნველყოფის დამატებით ვალდებულებებს. ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე მანოლე და სხვები მოლდოვას წინააღმდეგ (MANOLE AND OTHERS v. MOLDOVA http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-94075). ამ საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ აღიარა ადამიანის უფლება, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მიიღოს არა უბრალოდ ინფორმაცია არამედ ობიექტური, მიუკერძოებელი და მრავალმხრივი ინფორმაცია.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება მანოლე და სხვები მოლდოვას წინააღმდეგ ეხებოდა ცენზურას მოლდოვას ჯერ სახელმწიფო, შემდეგ საზოგადოებრივ მაუწყებელში. ეს ტელერადიო ორგანიზაცია პოზიტურად აშუქებდა ხელისუფლებას, დიდ დროს უთმობდა ხელისუფლების და მმართველი პარტიის საქმიანობას, მცირე დროს უთმობდა ოპოზიციას (მანოლე და სხვები მოლდოვას წინააღმდეგ გადაწყვეტილების 21-ე პუნქტი). საარჩევნო კამპანიის დროს მმართველი კომუნისტური პარტიის გაშუქება იყო პოზიტიური ან ნეიტრალური, ხოლო ოპოზიციის ნეგატიური (მანოლე და სხვები მოლდოვას წინააღმდეგ გადაწყვეტილების 78-ე პუნქტი). 2004 წლის ოქტომბრის თვეში მოლდოვას პარლამენტში მყოფი ორი ოპოზიციური პარტიიდან ერთი, ქრისტიან დემოკრატიული პარტია, ერთხელაც არ გამოჩენილა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემებში. მეორე საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიას, დემოკრატიულ მოლდოვას საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2004 წლის აგვისტოში დაუთმო ეთერი მხოლოდ ერთხელ, 95 წამის განმავლობაში. სამაგიეროდ მმართველი კომუნისტური პარტიის წარმომადგენელმა ისარგებლა მოლდოვას საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით შვიდჯერ 2004 წლის აგვისტოს თვეში, თითოეულ შემთხვევაში 889 წამის განმავლობაში (მანოლე და სხვები მოლდოვას წინააღმდეგ გადაწყვეტილების 77-ე პუნქტი).
მოლდოვას სახელმწიფო ტელევიზიის თანამშრომლებს ეკრძალებოდათ მოლდოვას მოქალაქეებთან მიმართებაში სიტყვა „რუმინელის“ გამოყენება, ასევე სახელმწიფო ენის - „რუმინულ ენად,“ ხოლო საბჭოთა კავშირის - ტოტალიტარულ რეჟიმად მოხსენიება. ტელევიზიას ასევე ეკრძალებოდა პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდში მოლდოვის რუმინეთის შემადგენლობაში ყოფნაზე, საბჭოთა კავშირში ორგანიზებული შიმშილზე, სტალინურ რეპრესიებზე, გულაგებში მოლდაველების დეპორტაციაზე, 1989 წელს ეროვნულ მოძრაობის ისტორიულ ფაქტებზე გადაცემების მომზადება (მანოლე და სხვები მოლდოვას წინააღმდეგ გადაწყვეტილების 23-ე პუნქტი).
2002 წლის თებერვალში მოლდოვაში ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ დაიწყო საპროტესტო აქცია კომუნისტების წინააღმდეგ. ამ აქციას მხარდაჭერა გამოუცხადა სახელმწიფო ტელევიზიის 331-მა თანამშრომელმა, რომლებმაც განცხადება გაავრცელეს და კომუნისტები საბჭოთა ტიპის ცენზურის შემოღებაში დაადანაშაულეს გადაწყვეტილების (მანოლე და სხვები მოლდოვას წინააღმდეგ გადაწყვეტილების 31-ე პუნქტი). ამ განცხადების შემდეგ, ქრისტიან-დემოკრატების აქციამ მოლდოვას სახელმწიფო ტელევიზიასთან გადაინაცვლა. 7 საათიან მთავარ საინფორმაციო გამოშვების ტექსტში არ იყო გათვალისწინებული ამ აქციის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ამის მიუხედავად, გადაცემის წამყვანი, დინუ რუსნაკი არ დაემორჩილა დაწერილ ტექსტს და მაყურებელს ინფორმაცია მიაწოდა საპროტესტო აქციის შესახებ. ამას მოჰყვა საინფორმაციო გამოშვების გათიშვა და ეთერში დოკუმენტური ფილმის გაშვება (მანოლე და სხვები მოლდოვას წინააღმდეგ გადაწყვეტილების 32-ე პუნქტი). დინუ რუსნიაკს დაეკისრა მკაცრი საყვედური და საინფორმაციო გამოშვების წამყვანობიდან გადაყვანილი იქნა სხვა პოზიციაზე (მანოლე და სხვები მოლდოვას წინააღმდეგ გადაწყვეტილების 39-ე პუნქტი).
2002 წლის 27 თებერვალს სახელმწიფო ტელევიზიის თანამშრომლებმა შექმნეს საგაფიცვო კომიტეტი, რომელმაც პრეზიდენტი ვორონინისაგან მოითხოვა სახელმწიფო ტელევიზიასა და რადიოზე ცენზურის მოხსნა (მანოლე და სხვები მოლდოვას წინააღმდეგ გადაწყვეტილების 33-ე პუნქტი).
2002 წლის 26 ივლისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის საფუძველზე, მოლდოვას პარლამენტმა მიიღო კანონი საზოგადოებრივი აუდიოვიზუალური ინსტიტუციის თაობაზე. ამ კანონის საფუძველზე სახელმწიფო ტელევიზია და რადიო საზოგადოებრივ მაუწყებლად გადაკეთდა (გადაწყვეტილების 43-ე პუნქტი). იმისათვის, რომ სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებს საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობა გაეგრძელებინათ, მათ უნდა ჩაებარებინათ გამოცდები. ამ გამოცდების შედეგად საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა არ მიეცა იმ ადამიანების უმრავლესობას, რომლებიც მონაწილეობდნენ 2002 წლის თებერვლის გაფიცვაში. (მანოლე და სხვები მოლდოვას წინააღმდეგ გადაწყვეტილების 44-45 პუნქტები). საზოგადოებრივი მაუწყებლის გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა მიმართეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.
რამდენად იქნა დაცული კონვენციის მე-10 მუხლი ამ საქმეში, ამ საკითხის გასარკვევად, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს შემდეგი პრინციპები. სასამართლო ეყრდნობა ფართოდ აღიარებულ პრინციპს იმის თაობაზე, რომ დემოკრატია ვერ იარსებებს პლურალიზმის გარეშე. დემოკრატიის ერთ-ერთ მახასიათებელს წარმოადგენს ძალადობის გარეშე ქვეყნის პრობლემების დიალოგის გზით გადაწყვეტა, თუნდაც ეს გამაღიზიანებელი იყოს. დემოკრატია საზრდოობს გამოხატვის თავისუფლებით. ეს უკანასკნელი აუცილებელია იმისათვის, რომ პოლიტიკური პროგრამების წარდგენა და მასზე დებატები მოხდეს. ამ პროგრამებმა შესაძლებელია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ის, თუ როგორ არის სახელმწიფო ორგანიზებული, ამის მიუხედავად, მათ თავად ზიანი არ უნდა მიაყენონ დემოკრატიას (მანოლე და სხვები მოლდოვას წინააღმდეგ გადაწყვეტილების 95-ე პუნქტი).
გამოხატვის თავისუფლება, რაც დაცული კონვენციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით, არის დემოკრატიული საზოგადოების არსებითი საფუძველი და მისი პროგრესის წინაპირობა. პრესის და ახალი ამბების სხვა მედიის თავისუფლება სთავაზობს საზოგადოებას საუკეთესო საშუალებას, აღმოაჩინოს და შეიქმნას მოსაზრება და წარმოდგენა პოლიტიკურ ლიდერთან დაკავშირებით. პრესის უფლებამოსილებას წარმოადგენს, გაავრცელოს ინფორმაცია პოლიტიკურ და სხვა საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე. არა მხოლოდ პრესას აქვს ამგვარი ინფორმაციის და იდეის გავრცელების ამოცანა, არამედ საზოგადოებასაც აქვს მისი მიღების უფლება (მანოლე და სხვები მოლდოვას წინააღმდეგ 96-ე პუნქტი).
აუდიოვიზუალურ მედიას: რადიოსა და ტელევიზიას განსაკუთრებული როლი აქვს ამ კუთხით. ხმისა და გამოსახულების გადაცემის შესაძლებლობის გამო აუდიოვიზუალურ მედიას მყისიერი და უფრო ძლიერი ეფექტი აქვს ვიდრე ბეჭდურ მედიას. მსმენელის ან მაყურებლის სახლსა და ინტიმურ სფეროში ტელევიზიისა და რადიოს მეშვეობით გართობა აძლიერებს ამ საშუალების გავლენას. შორეულ რეგიონებში ტელევიზია და რადიო შესაძლოა იყოს ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომი მედია საშუალება (მანოლე და სხვები მოლდოვას წინააღმდეგ გადაწყვეტილების 97-ე პუნქტი).
გამოხატვის თავისუფლების ეფექტური განხორციელება არ არის დამოკიდებული, მხოლოდ სახელმწიფოს ნეგატიურ ვალდებულებაზე, თავი შეიკავოს ჩარევისაგან; არამედ სახელმწიფოს მოეთხოვება კანონმდებლობის დონეზე და პრაქტიკაშიც დაცვის ეფექტური ღონისძიებების განხორციელება. იმის გათვალისწინებით, თუ რა დგას სასწორის პინაზე, სახელმწიფო უნდა იყოს პლურალიზმის საბოლოო გარანტორი (მანოლე და სხვები მოლდოვას წინააღმდეგ გადაწყვეტილების 99-ე პუნქტი).
ევროპულ სასამართლოს მიაჩნია, რომ აუდიოვიზუალურ მაუწყებლობასთან დაკავშირებით, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, პირველი, უზრუნველყოს ის, რომ საზოგადოებას ტელევიზიითა და რადიოთი ხელი მიუწვდებოდეს მიუკერძოებელ და ზუსტ ინფორმაციაზე, ასევე სხვადასხვა მოსაზრებასა და კომენტარზე, მრავალფეროვან პოლიტიკურ შეხედულებებზე, რაც კი არსებობს ქვეყანაში. მეორე, ჟურნალისტებსა და აუდიოვიზუალურ მედიაში მომუშავე სხვა პროფესიონალებს არ უნდა შეეშალოთ ხელი ინფორმაცისა და კომენტარის გავრცელებაში. ამ მიზნის მიღწევის საშუალებების არჩევანი განსხვავებულია და დამოკიდებულია ქვეყნის ადგილობრივ სპეციფიკაზე. შესაბამისად, ამ საკითხთან მიმართებაში სახელმწიფოს აქვს შეფასების ზღვარი. სასამართლო და ადრე კომისიაც აცხადებდა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს შეუძლია ხარისხიანი და დაბალანსებული პროგრამების შექმნა. ამის მიუხედავად, კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, სახელმწიფო არ არის ვალდებული ჰქონდეს ამგვარი მაუწყებელი. ამით სახელმწიფოს კონვენციის მე-10 მუხლით განსაზღვრული მიზნის მიღწევა სხვა გზით შეუძლია (მანოლე და სხვები მოლდოვას წინააღმდეგ გადაწყვეტილების მე-100 პუნქტი).
როდესაც სახელმწიფო გადაწყვეტს საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნას, მან ეროვნული კანონმდებლობით და პრაქტიკით უნდა უზრუნველყოს ის, რომ ეს მაუწყებელი იქნება პლურალისტური. დემოკრატიის ფუნქციონირების ინტერესი მოითხოვს იმას, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადასცეს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და დაბალანსებული ახალი ამბები, ინფორმაცია და კომენტარი. დამატებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა შექმნას ფორუმი საჯარო დისკუსიისათვის, სადაც, რამდენადაც ეს შესაძლებელია, აზრთა ფართო სპექტრი იქნება წარმოდგენილი (მანოლე და სხვები მოლდოვას წინააღმდეგ 101-ე პუნქტი).
ამგვარად, რაც მანოლეს საქმიდან გამომდინარეობს, ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს ინდივიდები მრავალმხრივი, ზუსტი და ობიექტური ინფორმაციით. ამ პოზიტიური ვალდებულების განხორციელების ერთ-ერთ და არა ერთადერთ გზას წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნა. როდესაც სახელმწიფო, თავისი დისკრეციის ფარგლებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნის გზას ირჩევს, ამ უკანასკნელმა უნდა უზრუნველყოს დაბალანსებული ობიექტური ახალი ამბების და ინფორმაციის გავრცელება. საზოგადოებრივი მაუწყებელი ინფორმაციის გავრცელებისას დაცული უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ კომერციული გავლენისაგანაც. ამ გავლენის არსებობის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დგებოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტე და სანდოობა. ასეთია ამ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა.
ამგვარად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით, კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტში ჩაწერილი სიტყვები, ადამიანის უფლება - მიიღოს ინფორმაცია, უნდა განიმარტოს როგორც სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით საზოგადოება უზრუნველყოს ობიექტური, სამართლიანი, სანდო და სრული ინფორმაციით.
3. რამდენად დასაშვებია რეკლამის განთავსება საზოგადოებრივ მაუწყებელზე
კომერციული რეკლამა წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობის ერთ-ერთ ფორმას. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მე-2მუხლის „ნ’ ქვეპუნქტის თანახმად, კომერციული რეკლამა არის საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეის ან/და წამოწყების შესახებ ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეის ან/და წამოწყების მიმართ ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეის ან/და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას; ამგვარად, კომერციული რეკლამის განთავსების სანაცვლოდ მაუწყებელი უნდა იღებდეს საფასურს ან ნახოს სხვაგვარი ეკონომიკური სარგებელი. ამგვარად, კომერციული რეკლამის განთავსება დაკავშირებულია ბიზნეს სუბიექტებთან განსაზღვრული კონტაქტის დამყარებაზე და მაუწყებლის მოლოდინზე, რომ ამ კონტაქტიდან ნახოს სარგებელი. ამგვარი სარგებლის მოლოდინი შესაძლოა აქცევდეს მაუწყებელს, მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელს რეკლამის შემკვეთის გავლენის ქვეშ, მით უმეტეს მაშინ, როცა სამაუწყებლო ბაზარზე არის დიდი კონკურენცია და ხშირად ბიზნესს უწევს არჩევანის გაკეთება რამდენიმე მაუწყებლიდან მხოლოდ ერთზე ან რამდენიმე მათგანზე. რეკლამის შემკვეთის მიერ საზოგადოებრივ მაუწყებელზე არჩევანის გაკეთება ამ უკანასკნელის მხრიდან რეკლამის შემკვეთის მიმართ კეთილგანწყობის მოპოვების საშუალებას წარმოადგენს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნულია: „კანონი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას სახელმწიფო უწყებებისაგან და თავისუფლებას პოლიტიკური და არსებითი კომერციული გავლენისაგან.“ აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კანონი სიტყვების „კომერციული გავლენის“ წინ იყენებს სიტყვა „არსებითს.“ სახელმწიფო უწყების და პოლიტიკური გავლენის წინ სიტყვა „არსებითი“ არ არის გამოყენებული. კონსტიტუციის შემქმნელთა მიზანს წარმოადგენდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელზე სახელმწიფო უწყებების და პოლიტიკური ძალების გავლენა ყოფილიყო 0, ხოლო ბიზნეს სუბიექტების გავლენა 0-ზე უფრო მეტი, მაგრამ არა მნიშვნელოვანი. კონსტიტუციის შემქმნელებმა დაუშვეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბიზნესის არაარსებითი გავლენის მოპოვების შესაძლებლობა. საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბიზნესის არაარსებითი გავლენა გამოიხატება პირველ რიგში, საზოგადოებრივ მაუწყებელზე შეზღუდულ ფარგლებში რეკლამის განთავსების შესაძლებლობით. კომერციული რეკლამის განთავსების გარდა, არ არსებობს სხვა შესაძლებლობა, რითაც ბიზნესს რაიმე, თუნდაც არაარსებითი გავლენის მოპოვება შეუძლია.
ამგვარად, რასაც კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტი ადგენს, არის შემდეგი: სახელმწიფო უწყებებს და პოლიტიკურ ძალებს აბსოლუტურად ეკრძალებათ საზოგადოებრივ მაუწყებელზე რაიმე გავლენის მოპოვება. ბიზნესს შეუძლია გავლენა მოიპოვოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, მაგრამ ეს გავლენა არ უნდა იყოს არსებითი. კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტი შეზღუდულ ფარგლებში უშვებს კომერციული რეკლამის განთავსებას, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბიზნესის არაარსებით გავლენას განაპირობებს. ამ სარჩელის მიზანია, დადგინდეს, როგორია ის შეზღუდული კონსტიტუციურ ფარგლები, რაც ბიზნესს საზოგადოებრივ მაუწყებელზე რეკლამის განთავსების შესაძლებლობას აძლევს. იმ საკითხის გასარკვევად, თუ რა ფარგლებში აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს ბიზნესისაგან რეკლამების მიღების უფლება და რა შეზღუდვები აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით, უნდა მივმართოთ საერთაშორისო ინსტრუმენტებს და განვითარებული სამართლებრივი ქვეყნების პრაქტიკას. ეს აუცილებელია იმისათვის, რათა გაირკვევს ის, თუ რა იგულისხმება კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტში ჩაწერილ სიტყვებში „არსებითი კომერციული გავლენა.“
საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით საქართველოს საერთაშორისო ვალდებულების ფარგლების დასადგენად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ სხვადასხვა დროს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციებსა თუ რეკომენდაციებს. ეს დოკუმენტები მართალია არ არის საქართველოსათვის სავალდებულო შესასრულებელი, თუმცა ამ ინსტრუმენტებს იყენებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იყენებს საქართველოსათვის სავალდებულოდ შესასრულებელი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის განსამარტავად. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში მანოლე და სხვები მოლდოვას წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების 102-ე პუნქტში აღნიშნა: „საზოგადოებრივ მაუწყებლის სტანდარტებთან დაკავშირებით შედგა შეთანხმება კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში. ეს უკანასკნელი არის სახელმძღვანელო კონვენციის მე-10 მუხლის განმარტების სფეროში.“[1] ვინაიდან ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებული დოკუმენტებით ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით ევროპული კონვენციის განმარტება, ეს დოკუმენტები ასევე მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტის განმარტებისთვისაც.
1994 წლის 7-8 დეკემბერს პრაღაში ევროპის საბჭოს მე-4 მინისტერიალზე მიღებული იქნა რეზოლუცია #1 საზოგადოებრივი მაუწყებლის მომავალთან დაკავშირებით. ამ რეზოლუციაში საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით აღნიშნულია: „მონაწილე სახელმწიფოები ინარჩუნებენ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გამოყოფენ სათანადო და სტაბილურ დაფინანსებას, რომლითაც შესაძლებელი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მისთვის დაკისრებული მისიის განხორციელება. არსებობს რამდენიმე დაფინანსების წყარო, რაც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენარჩუნებას და განვითარებას. ეს წყაროებია: სალიცენზიო გადასახდელი (საზოგადოებრივი მაუწყებლის გადასახდელი), სახელმწიფო სუბსიდია, რეკლამიდან და სპონსორობიდან მიღებული შემოსავლები, აუდიოვიზუალური ნამუშევრების გაყიდვა, გადაცემის მომზადებასთან დაკავშირებით დადებული შეთანხმება. დაფინანსების წყარო შეიძლება გახდეს თემატურ საკითხზე გაწეული მომსახურების საზღაური. სალიცენზიო გადასახდელის ან სუბსიდიის ოდენობა უნდა იყოს გათვლილი განსაზღვრულ პერიოდზე, რათა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გრძელვადიანად დაგეგმოს თავისი აქტივობა. [2]
1996 წლის 11 სექტემბერის მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის დანართის 54-ე პუნქტში აღნიშნულია: „ამ სახელმძღვანელო მითითების მიზნებისათვის სალიცენზიო გადასახდელის (საზოგადოებრივი მაუწყებლის გადასახდელი) აკრეფა ხდება ტელევიზორის მომხმარებლის ელექტროენერგიის გადასახდელ ქვითარში საზოგადოებრივი მაუწყებლის გადასახდელის ასახვით, ამის შემდეგ ხდება მომხმარებლის მიერ გადახდილი ელექტოენერგიის საფასურიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის გადასახდელი თანხის გამოკლება და მისი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტში მიმართვა.“ ამავე დანართში აღნიშნულია: „დაფინანსების ორივე მოდელი, იქნება ეს სალიცენზიო გადასახდელი ან სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირება გამოიყენება მაშინაც, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანასება არასაჯარო რესურსით ხდება.“[3]
ამგვარად, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტის მსგავსად, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტიც უშვებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადასახადელთან ან ბიუჯეტიდან გამოყოფილ სუბსიდიასთან ერთად კომერციული რეკლამიდან და სპონსორობიდან მონაწილეობის მიღებას. ამ შემთხვევაში უნდა გავარკვიოთ რა თანაფარდობა შეიძლება იყოს ერთი მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის (ე.წ. სალიცენზიო) გადასახდელიდან ან სახელმწიფო ბიჯეტიდან მიღებულ შემოსავალსა, მეორე მხრივ, რეკლამიდან მიღებულ შემოსავალს შორის. ამისათვის უნდა მიმოვიხილოთ სხვადასხვა ევროპული ქვეყნის კანონმდებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 29 დეკემბერს საქმე №3/7/679-ზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის 65-ე პუნქტში აღნიშნულია:
„ზოგადად, კონსტიტუციური დავის გადაწყვეტისას, საკონსტიტუციო სასამართლო დიდ ყურადღებას უთმობს ადამიანის უფლებათა სამართლის საერთაშორისო და უცხო ქვეყნებში აღიარებულ სტანდარტებს. საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე, თუმცა, კონსტიტუციის უზოგადესი ტექსტის განმარტებისას, სასამართლო მხედველობაში ასევე იღებს მსოფლიოს განვითარებული სამართლებრივი სისტემების მიერ დამკვიდრებულ მიდგომებს.“
2012 წელს გამოიცა სახელმძღვანელო სახელწოდებით „საზოგადოებრივი მედია კონსტიტუციური იურისდიქციის მიხედვით.“ ამ გამოცემის ავტორები მიმოიხილავენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით არსებულ კანონმდებლობასა და პრაქტიკას ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის წევრ 6 ქვეყანაში: საფრანგეთში, გერმანიაში, უნგრეთში, იტალიაში, პოლონეთსა და ესპანეთში (https://www.ebu.ch/files/live/sites/ebu/files/Publications/EMR%20Study%20-%202nd%20version.pdf); ამ სახელმძღვანელოში საუბარია მათ შორის დაფინანსების საკითხებზე. მოკლედ მიმოვიხილოთ, როგორ ფინანსდებიან საზოგადოებრივი მაუწყებლები აღნიშნულ ქვეყნებში.
3.1. საფრანგეთი
საფრანგეთში ყოველ საზოგადოებრივ მაუწყებელს დაფინანსება გადაეცემა სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.[4] სალიცენზიო გადასახდელის გადახდის ვალდებულება ეკისრება ყველა ოჯახს, სადაც განთავსებულია ტელევიზორი. ეს არის საფრანგეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოსავლის 70-77 %, რაც 2 მილიარდ ევროს შეადგენს წელიწადში.[5] სხვა შემოსავლის წყაროს წარმოადგენს რეკლამა და სპონსორობა (20-24 პროცენტი), საზმაუს ნაწარმოების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 4%.[6]
2009 წლის 5 იანვარს საფრანგეთის საზოგადოებრივ ტელევიზიას სრულად აეკრძალა რეკლამიდან შემოსავლის მიღება. რეკლამის განთავსება აიკრძალა ყველა პროგრამაში გარდა სპეციფიკური გადაცემებში საქონლისა და მომსახურების შეთავაზებისა. თავდაპირველად რეკლამა აიკრძალა საღამოს 8-დან დილის 6 საათამდე საეთერო ზოლში. მოგვიანებით მთლიანად. ამ აკრძალვის სანაცვლოდ საფრანგეთის ხელისუფლებამ საზოგადოებრივ მაუწყებელს დამატებითი კომპენსაცია გამოუყო. ეს კომპენსაცია საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ საფრანგეთის 1789 წლის ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციასთან შესაბამისად ცნო.[7]
3.2. გერმანია
საზოგადოებრივი მაუწყებლის დამფუძნებლები და დამოუკიდებლობის გარანტორები არიან ფედერალური მიწები. მიწებმა უნდა უზრუნველყონ საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის იმ ოდენობის დაფინანსების გამოყოფა, რაც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ თავისი ფუნქციის განხორციელებას. გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების სისტემა არის შერეული. დაფინანსების მთავარი წყაროა სალიცენზიო გადასახდელი. რეკლამა, სპონსორობა და სხვა სახის კომერციული საქმიანობა წარმოადგენს დამატებითი შემოსავლის წყაროს.[8]
მაუწყებლობისა და ტელემედიის თაობაზე გერმანიის მიწებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება ხდება სალიცენზიო გადასახდელიდან, სატელევიზიო და რადიო რეკლამიდან და სხვა წყაროდან მიღებული შემოსავლიდან. საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი შემოსავლის წყაროა სალიცენზიო გადასახდელი. ამავე შეთანხმების მე-13 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, გერმანიაში ისეთი მოწყობილობის შენახვა, რაც შესაძლებლობას იძლევა, მიღებული იქნეს სამაუწყებლო სიგნალი, წარმოშობს სალიცენზიო გადასახდელის გადახდის საფუძველს. [9]
3.3 უნგრეთი
ამ ქვეყანაში სახელმწიფოს სახსრებიდან მიღებული ფინანსები დომინირებს კომერციული საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებთან შედარებით. 2002 წელს უნგრეთმა ტელევიზორის მქონე პირებიდან სალიცენზიო გადასახდელის აკრეფა მთლიანად ჩაანაცვლა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის გამოყოფილი სუბსიდიით. ეს თანხა ბიუჯეტიდან გამოეყოფა ეროვნული რადიოს და ტელევიზიის კომისიას, მარეგულირებელ ორგანოს, რომელიც საბიუჯეტო თანხებს ანაწილებს სამ სხვადასხვა საზოგადოებრივ სამაუწყებლო არხზე.[10]სახელმწიფო სუბსიდიით დამატებით იფარება მაუწყებლობასთან დაკავშირებული ხარჯები.[11] საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებას ხმარდება ცალკეული კერძო მაუწყებლის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი.[12] რაც შეეხება ისეთ დამატებით შემოსავალს როგორიც რეკლამაა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია რეკლამისათვის გამოყოს დრო საათში 6 წუთის განმავლობაში. კერძო მაუწყებლებთან მიმართებაში ეს დრო ორჯერ მეტია.[13]
3.4. იტალია
იტალიაში საზოგადოებრივი მაუწყებელი - RAI-ს დაფინანსების წყაროს წარმოადგენს ტელევიზიისა და რადიოს ფლობისათვის 1938 წელს სამეფო აქტით დაწესებული გადასახადი canone.[14] ეს უკანასკნელი გამოიყენება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მისთვის დაკისრებული მისიის განსახორციელებლად. Canone-ს გადაუხდელობა იწვევს, სათანადო ორგანოს მიერ ტელევიზორის ან რადიოს დალუქვას, რაც გამორიცხავს ამ აპარატურით ნებისმიერი - როგორც RAI-ს, ასევე სხვა კერძო იტალიური არხის მიღებას.[15] საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მასზე დაკისრებული ფუნქციის განხორციელება ვერ მოხდება კომერციული საქმიანობიდან მიღებული შეღავათებით. მართალია, RAI-ში დაშვებულია რეკლამა ისეთი საქმიანობის განსახორციელებლად, რაც პირდაპირ არ უკავშირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციის განხორციელებას, მაგრამ ამ შემთხვევაში რეკლამის განთავსების დრო, კომერციულ მაუწყებელთან შედარებით შეზღუდულია. [16]
3.5. პოლონეთი
პოლონეთში საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სალიცენზიო გადასახდელი, საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ სალიცენზიო გადასახდელზე, ჯარიმა არარეგისტრირებული ტელე და რადიო მიმღების ფლობისათვის, პროგრამებზე საავტორო ჰონორარი, რეკლამა და სპონსორობა. სალიცენზიო გადასახდელის შესახებ 2005 წლის კანონის თანახმად, სალიცენზიო გადასახდელი გამოიყენება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მისი ფუნქციის შესასრულებლად.[17]
3.6 ესპანეთი
ესპანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი - TVE ფინანსდება როგორც ქვეყნის წლიური საბიუჯეტო ასიგნებებით, ისე სარეკლამო შემოსავლებით. მხოლოდ წლიური საბიუჯეტო დაფინანსება გამოიყენება TVE-ს მიერ მასზე დაკისრებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციის შესასრულებლად.[18]
დასკვნა: ამგვარად, აღნიშნული ევროპული ქვეყნების პრაქტიკიდან შეიძლება გავაკეთოთ შემდეგი დასკვნა, რეკლამა შეიძლება იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამატებითი შემოსავლის წყარო. საზოგადოებრივი მაუწყებლის ძირითადი დაფინანსების წყაროს შეიძლება წარმოადგენდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადასახადელი, რომელსაც იხდის თითოეული ოჯახი, ვისაც ტელევიზორი გააჩნია ან სახელმწიფო ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის გამოყოფილი სუბსიდია. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვნად უნდა აღემატებოდეს რეკლამით მიღებულ შემოსავალს, რათა საზოგადოებრივი მაუწყებელი არ მოექცეს არსებითი კომერციული გავლენის ქვეშ. საზოგადოებრივ მაუწყებელში რეკლამის სრული აკრძალვა წარმოადგენს ქვეყნის დისკრეციას და არა კონსტიტუციურ ვალდებულებას. ამ დისკრეციით ჩამოთვლილი ქვეყნებიდან მხოლოდ საფრანგეთმა ისარგებლა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მასზე დაკისრებული ფუნქციის განსახორციელებლად უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ საბიუჯეტო სუბსიდია ან სალიცენზიო მოსაკრებელი. საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო უნდა იყოს უფრო ნაკლები, ვიდრე კომერციული მაუწყებლისათვის ნებადართული სარეკლამო დრო.
ეს უკანასკნელი მოთხოვნა ნაწილობრივ საქართველოს კანონმდებლობითაც დაკმაყოფილებულია. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამონაკლისის გარდა, საზოგადოებრივი მაუწყებელი რეკლამას განათავსებს საათში 3 წუთის განმავლობაში. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კერძო მაუწყებელი რეკლამას განათავსებს რეკლამის მოცულობა სამაუწყებლო საათში არ უნდა აღემატებოდეს 20%-ს, რაც არის საათში 12 წუთი. ამ დროის განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებელს რეკლამის განთავსება შეუძლია მხოლოდ საერთაშორისო კონკურსებისა და სპორტული ღონისძიებების დროს. ამის მიუხედავად, თვით საათში სამწუთიანი შეზღუდვის დროსაც რეკლამის განთავსება ხდება იმგვარად, რაც საფრთხის წინაშე აყენებს ამ მაუწყებლის ობიექტურობასა და მიკერძოებულობას. კერძოდ, ითვალისწინებს იმას, რომ რეკლამის განთავსება მოხდეს ახალი ამბების და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში.
4. წარმოადგენს თუ არა რეკლამა ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და სამეცნიერო-შემეცნებით პროგრამებში არსებით გავლენას საზოგადოებრივ მაუწყებელზე
რეკლამა საზოგადოებრივ მაუწყებელზე არის ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიღების უფლების შეზღუდვა. ამერიკის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით (CENTRAL HUDSON GAS & ELECTRIC CORP.v.PUBLIC SERVICE COMMISSION OF NEW YORK), რეკლამა ანუ კომერციული სიტყვა ემსახურება მხოლოდ მისი შემკვეთის ეკონომიკურ ინტერესების დაკმაყოფილებას.[19] ისეთი ინფორმაცია, რაც კონკრეტული ბიზნესჯგუფის ინტერესებს ემსახურება, ვერ მოემსახურება ფართო საზოგადოებრივ ინტერესებს, ვერ იქნება მიუკერძოებელი რის დასაცავადაც საზოგადოებრივი მაუწყებელი შეიქმნა, რამდენადაც ზუსტი არ უნდა იყოს ეს რეკლამა. ამერიკის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით, კომერციული გამოხატვა შედარებით ნაკლებად არის დაცული ვიდრე პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან სახელოვნებო გამოხატვა.
საზოგადოებრივ მაუწყებელზე კომერციულმა რეკლამამ შესაძლოა, იმავდროულად, უარყოფითი გავლენა მოახდინოს თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ საზოგადოების ნდობაზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ახალ ამბებში ამზადებს რეპორტაჟს საპროტესტო აქციის თაობაზე, რომელიც იმართება კონკრეტული სამშენებლო კომპანიის მიერ დაგეგმილი მშენებლობის წინააღმდეგ და იმავე გადაცემაში საზოგადოებრივი მაუწყებელი უშვებს რეკლამას ამ სამშენებლო კომპანიაში ბინების შეძენასთან დაკავშირებით, ამის გამო მაყურებელს ობიექტურად უნდობლობა შეიძლება გაუჩნდეს ამგვარი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საპროტესტო აქციის გაშუქების ობიექტურობასთან დაკავშირებით. ნდობა კიდევ უფრო შემცირდება, თუ საზოგადოებრივ მაუწყებლის ახალი ამბების ნაწილში გავა რეკლამა სამშენებლო კომპანიის შესახებ, მაგრამ თავად ამ კომპანიის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვება არ გააშუქებს. იგივე შეიძლება ითქვას საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასულ სამედიცინო გადაცემასთან დაკავშირებით, როდესაც ექიმი რჩევას აძლევს მაყურებელს/მსმენელს მედიკამენტოზურ მკურნალობასთან დაკავშირებით და იმავე გადაცემაში გადის ფარმაცევტული კომპანიის რეკლამა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის მიერ რეკომენდირებულ მედიკამენტს ჰყიდის. როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა ეხება ტექნიკურ პროგრესს და ამ გადაცემაში გადის იმ კომპანიის რეკლამა, სადაც მაყურებელს შეუძლია სმართფონების და აიფონების შეძენა, მაყურებელს შეიძლება ეჭვი გაუჩნდეს გადაცემის ობიექტურობასთან დაკავშირებით. სახელმწიფომ, რომელიც საჯარო ფინანსებით ქმნის საზოგადოებრივ მაუწყებელს, არა მხოლოდ ის უნდა უზრუნველყოს, რომ ამგვარი მაუწყებელი დაცული იყოს კონკრეტული ეკონომიკური ჯგუფის გავლენისაგან, არამედ იმავდროულად, უნდა ქმნიდეს საკანონმდებლო გარანტიას, რაც გამორიცხავს ამგვარი გავლენის აღქმასაც კი. ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და სამეცნიერო-შემეცნებით გადაცემებში რეკლამის დაშვებით ობიექტურად იქმნება ამგვარი კომერციული გავლენის როგორც რეალურად არსებობის, ასევე მისი აღქმის საფრთხეც.
ამასთან დაკავშირებით, საინტერესო ყველაზე ძველი და გავლენიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის BBC-ს რეგულაციები. მაუწყებლობის თაობაზე კულტური, მედიის და სპორტის საკითხებში სახელმწიფო მდივანს და BBC-ს შორის გაფორმებული შეთანხმების 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის „c” ქვეპუნქტის თანახმად, კომერციული საქმიანობის განხორციელებამ საფრთხე არ უნდა შეუქმნას BBC-ს რეპუტაციას.[20] ცხადია, კომერციული შეკვეთის მიღება ისეთი კომპანიისაგან, რომელის საქმიანობაც შესაძლოა გაშუქდეს. შესაძლოა საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპუტაციას აზიანებდეს.
2006 წლის 27 სექტემბერს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო დეკლარაცია მონაწილე ქვეყნებში საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის გარანტიების თაობაზე. ამ დეკლარაციის მე-19 პუნქტში აღნიშნულია: ევროპის საბჭოს ზოგიერთ წევრ ქვეყანაში საზოგადოებრივი მაუწყებელი ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი დაფინანსების, მაუწყებლის გადასახდელის აკრეფის, კომერციული საქმიანობის ან ამ ყველაფრის კომბინაციით. დაფინანსების რა მოდელიც არ უნდა იყოს არჩეული, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბაზრის მოთხოვნები. მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ის გარემოება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებამ უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს აუდიოვიზუალური მედიის ბაზარზე. კომერციულ საქმიანობაზე დამოკიდებულების გაზრდა, რაც ზოგჯერ განპირობებულია საჯარო ფინანსების ნაკლებობით, უარყოფითად აისახება გადაცემებზე და საზოგადოებრივი მაუწყებელი დამოკიდებული ხდება ორგანიზაციაზე, რომლისაგანაც შემოსავალს იღებს.[21]
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რეკლამის შემკვეთის კომერციული გავლენისაგან პირველ რიგში ახალი ამბების და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები უნდა დაიცვას, როგორც 1996 წლის 11 სექტემბერის მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის დანართის მე-6 თავი ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას. აღნიშნული თავის 62-ე პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამები, განსაკუთრებით საინფორმაციო გამოშვებები და მიმდინარე ამბების პროგრამები უნდა ასახავდეს მოსაზრებათა მრავალფეროვნებას და საზოგადოებაში გავცელებულ სხვადასხვა შეხედულებებს. მინისტრთა საბჭოს რეზოლუცია მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა შექმნას ფორუმი საჯარო დისკუსიების წარმოებისათვის, სადაც წარმოდგენილი იქნება ერთმანეთისაგან განსხვავებული მოსაზრებები. საზოგადოებრივი მაუწყებელი მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი უნდა იყოს ახალი ამბების, ინფორმაციების და კომენტარების გადაცემისას.[22]
ამავე რეკომენდაციის მე-6 თავის 63-ე პუნქტში აღნიშნულია: „სახელმძღვანელო პრინციპები განსაზღვრავს, რამდენიმე საბაზისო პრინციპს, რათა დაცული იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამების დამოუკიდებლობა. მინისტრთა კომიტეტი იმეორებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის პრინციპი ეხება არა მხოლოდ პოლიტიკური ხასიათის გავლენისაგან დაცვას, არამედ ეკონომიკური აგენტების ჩარევისაგან დაცვას. ამისათვის სასარგებლოა საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის მომწესრიგებელი კანონი შეიცავდეს დებულებებს, რაც აღკვეთავს რეკლამის შემკვეთის ან სპონსორის ჩარევას მაუწყებლის ეთერით გადაცემულ პროგრამებზე.[23]
საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების საკითხი 2007 წელს იყო გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი, გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გარდა დასაშვებია სარეკლამო შემოსავლის მიღება. ამის მიუხედავად, გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ სარეკლამო შემოსავალი უარყოფით შედეგებს იწვევს გადაცემაში მრავალფეროვნების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. რეკლამამ არ უნდა დაჩრდილოს სალიცენზიო გადასახდელის აკრეფით მიღებული შემოსავალი. გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს თქმით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სარეკლამო შემოსავალის თანმდევი რისკები, ისეთი როგორიცაა გადაცემაში რეკლამის შემკვეთი ბიზნეს სუბიექტის ინტერესების გათვალისწინება, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგზე ორიენტირება და ბოლოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მისი სხვა მაუწყებლებისაგან გამორჩეულობის დაკარგვა. გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ სალიცენზიო გადასახდელთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ მუდმივი შეფასების საგანს უნდა წარმოადგენს, რა ფარგლებშია დასაშვები საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დამატებითი შემოსავლის მიღება რეკლამიდან იმ მოლოდინით, რომ ამით მაუწყებლის დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფოსაგან. ამ კონტექსტში გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს პასუხისმგებლობას წარმოადგენს, სათანადო სიფრთხილის გამოჩენა იმისათვის, რომ არ იყოს გამოყენებული მედიის მიზნებთან შეუთავსებელი სხვისი პოლიტიკური ან ეკონომიკური ინტერესების გასატარებლად. [24]
ამგვარად, როდესაც საუბარია საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამების დამოუკიდებლობაზე ეკონომიკური აგენტების მხრიდან ჩარევისაგან, აქ, პირველ რიგში, საინფორმაციო გამოშვებები, პოლიტიკური დისკუსიები, შემეცნებითი გადაცემები იგულისხმება. დამოუკიდებლობის დაცვის მოთხოვნები ნაკლებად არსებობს გასართობ და სპორტულ გადაცემებთან, ასევე ფილმებთან და სერიალებთან დაკავშირებით. ეკონომიკურ აგენტებს ნაკლები ინტერესი ან შესაძლებლობა გააჩნიათ, გააკონტროლონ გასართობი და სპორტული გადაცემების, ასევე ფილმების და სერიალების, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ნაყიდი უცხოური ფილმების და სერიალების შინაარსი. გასართობი და სპორტული გადაცემები, ფილმები და სერიალები, ერთი მხრივ, არის საშუალება, რითაც, მაუწყებლობის ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციის პირობებში, საზოგადოებრივ მაუწყებელი იზიდავს მაყურებელს. მეორეს მხრივ, როგორც სპორტულ პროგრამებზე, ისევე უცხოურ ფილმებსა და სერიალებზე საავტორო უფლებების ყიდვა საკმაოდ ძვირია და შესაბამისად, საზოგადოებრივ მაუწყებელს ამისთვის შესაძლოა დამატებითი თანხების მოძიება დასჭირდეს. ევროკავშირის ყოფილი პირველი ინსტანციის სასამართლომ 2002 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაში, საქმეზე SIC v. Commission, განაცხადა: „უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში სატელევიზიო ბაზარზე კონკურენციის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვნად იზრდება სპორტული ღონისძიების ტრანსლაციაზე ტელევიზიის მიერ უფლების მოპოვების ღირებულებაც. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ გამორჩეულ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებს როგორიცაა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი და ოლიმპიური თამაშები. გადაცემის მაღალი რეიტინგი განსაზღვრავს პროგრამის მაღალ რეიტინგს რეკლამის დამკვეთისათვის.“ [25]
სახელმწიფოს, განსაკუთრებით კი ისეთს, რომელიც იმყოფება ეკონომიკური კრიზისში, შესაძლოა გაუჭირდეს სპორტული ღონისძიების ყიდვისათვის საჭირო საჯარო თანხების მოძიება. იმავდროულად, სერიალები, სპორტული გადაცემები არის მხოლოდ მაყურებლის მოზიდვის საშუალება და არ განსაზღვრავენ საზოგადოებრივი მაუწყებლის გამორჩეულობას (რაზედაც საუბრობდა გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლო) კერძო მაუწყებელთან მიმართებაში. რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს გამოარჩევს სხვა კერძო არხებისაგან, არის საინფორმაციო გადაცემები, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და შემეცნებითი გადაცემები. შესაბამისად, გამართლებულია, სპორტული პროგრამების, გასართობი გადაცემების, ფილმების და სერიალების შესაძენად გამოყენებული იქნეს როგორც სპონსორობიდან, ისე რეკლამიდან მიღებული შემოსავლები ამ პროდუქციის სიძვირის და ამ სფეროში ბიზნესის მხრიდან ჩარევის ნაკლები საფრთხის არსებობის გამო, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის განსაკუთრებულობის განმსაზღვრელ საინფორმაციო, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, საგანმანათლებლო გადაცემებში, რაც გადის 24 საათიდან 19 საათამდე, აიკრძალოს რეკლამის განთავსება.
რეკლამის განთავსების დაშვება მხოლოდ გასართობ და სპორტულ პროგრამებში, ასევე ფილმებსა და სერიალებში სრულად არ აღმოფხვრის კომერციულ გავლენის საზოგადოებრივ მაუწყებელზე. აღნიშნულ გადაცემებში რეკლამის განთავსება შესაძლოა კონკრეტული კომპანიის მიმართ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის კეთილგანწყობის მოპოვების პირობა გახდეს, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ახალი ამბების რედაქციის საქმიანობაზე. კონსტიტუციის შემქმნელთა მიზანს წარმოადგენდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბიზნესის გავლენის არა სრულიად აღმოფხვრა, არამედ მისი არსებითად შემცირება. საინფორმაციო გამოშვებაში, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში, ასევე საგანმანათლებლო პროგრამებში რეკლამის განთავსების აკრძალვით ბიზნესს ერთმევა ამ გადაცემების აუდიტორიაზე გასვლის შესაძლებლობა. მაგალითად, სამედიცინო გადაცემაში ფარმაცევტული კომპანიისათვის რეკლამის განთავსების აკრძალვის გვერდის ავლის საშუალება ვერ იქნება მისთვის სპორტულ გადაცემაში რეკლამის განთავსების შესაძლებლობის მიცემა, ვინაიდან ფარმაცევტული კომპანიის სამიზნე აუდიტორია შესაძლოა სპორტით დაინტერესებულ აუდიტორიაში არ აღმოჩნდეს და ფარმაცევტულ კომპანიას ინტერესი არ ჰქონდეს, აკონტროლოს სამედიცინო პროგრამა. ვინაიდან ბიზნესს ექმნება ბარიერი სასურველ აუდიტორიაზე გასვლაში, ამით მას საზოგადოებრივი მაუწყებლის კონტროლის მოტივაციაც ეკარგება. იმავდროულად, იზრდება საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების მაყურებლების ნდობა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ.
სპორტულ რეპორტაჟების და სერიალების მაღალი რეიტინგი და რეკლამის შემკვეთებს შორის მაღალი კონკურენცია, ისარგებლონ კანონით შეზღუდული საეთერო დროით (საათში 3 წუთი სერიალისათვის, ხოლო 12 წუთი სპორტული ღონისძიებისათვის) ზრდის საზოგადოებრივი მაუწყებლის მდგრადობას, წინააღმდეგობა გაუწიოს ბიზნესის მიერ სარედაქციო პოლიტიკის გაკონტროლების მცდელობას. ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ტრასლაციის დროს რეკლამის განთავსებისას საზოგადოებრივ მაუწყებელს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, წინ აღუდგეს ბიზნესის მხრიდან ნაკარნახევ პირობებს, ვიდრე მაშინ, როცა კონკრეტულ ბიზნესს რეკლამა მიაქვს მოამბის 15 საათიან გამოშვებაში ოთხშაბათ დღეს. პირველ შემთხვევაში, რეკლამის განთავსების მსურველთა რაოდენობა გაცილებით დიდია ვიდრე მეორე შემთხვევაში. შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი პირველ შემთხვევაში უფრო ნაკლებად ექცევა ბიზნესის გავლენის სფეროში, ვიდრე მეორე შემთხვევაში.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლი კრძალავს ახალი ამბების და პოლიტიკური პროგრამების სპონსორობას. ამავე კანონის 64-ე მუხლის 11 პუნქტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე უშვებს მხოლოდ, სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის, გასართობი გადაცემისა და სერიალის სპონსორობას. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ჰ9“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სპონსორობა ნიშნავს პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება პირის მიერ, მისი სახელის, სავაჭრო ნიშნის, იმიჯის, საქმიანობის განვითარების რეკლამირების მიზნით; საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, საგანმანათლებლო გადაცემაში რეკლამის დაშვების გზით იქმნება სპონსორობისთვის დადგენილი აკრძალვისათვის გვერდის ავლის შესაძლებლობა, რაც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას.
აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ განსხვავებით ტელევიზიისაგან, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, შემეცნებითი პროგრამები საზოგადოებრივი რადიოს ეთერში სამუშაო დღეებში ძირითადად არასაუკეთესო დროს გადის ეთერში (მაგალითად, თოქ-შოუ „ღია სტუდია,“ „ფერმა,“ „პიკის საათი“).[26] შესაბამისად, ეს გადაცემები გახსნილია ბიზნესისათვის რეკლამის შეკვეთის გზით გავლენის მოსახდენად. ასევე არასაუკეთესო დროს გადის ეთერში ისეთი სატელევიზიო გადაცემები, რომლის მიმართ ბიზნესმა შესაძლოა ინტერესი გამოთქვას (მაგალითად, ახალი დღე, პირადი ექიმი, ნაშუადღევს)[27] 18 საათიანი მოამბის საშუალო ხანგრძლივობა არის 30 წუთი.[28] „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 63-ე მუხლის მე-11 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, გადაცემა რეკლამით არ უნდა შეწყდეს თუ მისი ხანგრძლივობა 15 წუთზე ნაკლებია. 18 საათიანი მოამბე იძლევა მისი რეკლამით შეწყვეტის შესაძლებლობას.
ამგვარად, ბიზნესის შესაძლებლობა - განათავსონ რეკლამა საინფორმაციო გამოშვებებში, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამებში, იწვევს საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებითი კომერციული გავლენის დამყარებას, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 და მე-6 მუხლის მოთხოვნებს.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიგვაჩნია რომ არაკონსტიტუციურია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს, აჭარის ტელევიზიასა და რადიოს აძლევს საკუთარ ეთერში სამუშაო დღეებში 24 საათიდან 19 საათებში საინფორმაციო გამოშვებებში, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამებში რეკლამის განთავსების შესაძლებლობას. ამიტომ ვითხოვთ აღნიშნული ნორმის ძალადაკარგულად ცნობას კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 და მე-6 მუხლებთან მიმართებაში.
[1] http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-94075
[2] https://www.ebu.ch/CMSimages/en/leg_ref_coe_mcm_resolution_psb_07_081294_tcm6-4274.pdf
[3] https://mediainitiatives.am/wp-content/uploads/2017/01/COE-Rec.-on-Guarantee-of-the-Independence-of-Public-Service-Broadcasting-English.pdf
[4] PUBLIC SERVICE MEDIA ACCORDING TO CONSTITUTIONAL JURISPRUDENCE THE HUMAN RIGHTS AND CONSTITUTIONAL LAW DIMENSION OF THE ROLE, REMIT AND INDEPENDENCE Pascal Kamina page 75 https://www.ebu.ch/files/live/sites/ebu/files/Publications/EMR%20Study%20-%202nd%20version.pdf
[5] იქვე
[6] PUBLIC SERVICE MEDIA ACCORDING TO CONSTITUTIONAL JURISPRUDENCE THE HUMAN RIGHTS AND CONSTITUTIONAL LAW DIMENSION OF THE ROLE, REMIT AND INDEPENDENCE Pascal Kamina https://www.ebu.ch/files/live/sites/ebu/files/Publications/EMR%20Study%20-%202nd%20version.pdf
[7] PUBLIC SERVICE MEDIA ACCORDING TO CONSTITUTIONAL JURISPRUDENCE THE HUMAN RIGHTS AND CONSTITUTIONAL LAW DIMENSION OF THE ROLE, REMIT AND INDEPENDENCE Pascal Kamina page 76 https://www.ebu.ch/files/live/sites/ebu/files/Publications/EMR%20Study%20-%202nd%20version.pdf
[8] PUBLIC SERVICE MEDIA ACCORDING TO CONSTITUTIONAL JURISPRUDENCE THE HUMAN RIGHTS AND CONSTITUTIONAL LAW DIMENSION OF THE ROLE, REMIT AND INDEPENDENCE Julia Maus page 109 https://www.ebu.ch/files/live/sites/ebu/files/Publications/EMR%20Study%20-%202nd%20version.pdf
[9] იქვე
[10] PUBLIC SERVICE MEDIA ACCORDING TO CONSTITUTIONAL JURISPRUDENCE THE HUMAN RIGHTS AND CONSTITUTIONAL LAW DIMENSION OF THE ROLE, REMIT AND INDEPENDENCE Márk Lengyel page 127 https://www.ebu.ch/files/live/sites/ebu/files/Publications/EMR%20Study%20-%202nd%20version.pdf
[11] PUBLIC SERVICE MEDIA ACCORDING TO CONSTITUTIONAL JURISPRUDENCE THE HUMAN RIGHTS AND CONSTITUTIONAL LAW DIMENSION OF THE ROLE, REMIT AND INDEPENDENCE Márk Lengyel page 128 https://www.ebu.ch/files/live/sites/ebu/files/Publications/EMR%20Study%20-%202nd%20version.pdf
[12] იქვე
[13] იქვე
[14] UBLIC SERVICE MEDIA ACCORDING TO CONSTITUTIONAL JURISPRUDENCE THE HUMAN RIGHTS AND CONSTITUTIONAL LAW DIMENSION OF THE ROLE, REMIT AND INDEPENDENCE Roberto Mastroianni/Amedeo Arena page 148-149
[15] იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე FACCIO v Italy http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-92184
[16] UBLIC SERVICE MEDIA ACCORDING TO CONSTITUTIONAL JURISPRUDENCE THE HUMAN RIGHTS AND CONSTITUTIONAL LAW DIMENSION OF THE ROLE, REMIT AND INDEPENDENCE Roberto Mastroianni/Amedeo Arena page 148-149
[17] UBLIC SERVICE MEDIA ACCORDING TO CONSTITUTIONAL JURISPRUDENCE THE HUMAN RIGHTS AND CONSTITUTIONAL LAW DIMENSION OF THE ROLE, REMIT AND INDEPENDENCE Karol Jakubowicz page 169 https://www.ebu.ch/files/live/sites/ebu/files/Publications/EMR%20Study%20-%202nd%20version.pdf
[18] [18] UBLIC SERVICE MEDIA ACCORDING TO CONSTITUTIONAL JURISPRUDENCE THE HUMAN RIGHTS AND CONSTITUTIONAL LAW DIMENSION OF THE ROLE, REMIT AND INDEPENDENCE Julián Rodríguez-Pardo page 192 https://www.ebu.ch/files/live/sites/ebu/files/Publications/EMR%20Study%20-%202nd%20version.pdf
[19] https://www.law.cornell.edu/supremecourt/text/447/557#writing-USSC_CR_0447_0557_ZO
[20] http://downloads.bbc.co.uk/bbctrust/assets/files/pdf/about/how_we_govern/2016/agreement.pdf
[21] https://rm.coe.int/16805d7431
[22] https://mediainitiatives.am/wp-content/uploads/2017/01/COE-Rec.-on-Guarantee-of-the-Independence-of-Public-Service-Broadcasting-English.pdf
[23] https://mediainitiatives.am/wp-content/uploads/2017/01/COE-Rec.-on-Guarantee-of-the-Independence-of-Public-Service-Broadcasting-English.pdf
[24] PUBLIC SERVICE MEDIA ACCORDING TO CONSTITUTIONAL JURISPRUDENCE THE HUMAN RIGHTS AND CONSTITUTIONAL LAW DIMENSION OF THE ROLE, REMIT AND INDEPENDENCE Julia Maus page 110 https://www.ebu.ch/files/live/sites/ebu/files/Publications/EMR%20Study%20-%202nd%20version.pdf
[25]
[26] https://1tv.ge/radio/
[27] https://1tv.ge/tv-radio/gadatsemebi/?channel=1277
[28] https://1tv.ge/video/moambe-18-saatze-18-ivnisi-2019-live/
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა