საქართველოს მოქალაქე ირინე ფხოველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/3/795 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 15 მარტი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 15 მარტი 2017 14:46 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ირინე ფხოველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და 204-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით; ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 19 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №795) მიმართა საქართველოს მოქალაქე ირინე ფხოველიშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 20 ივლისს. №795 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 15 მარტს.
2. №795 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის სამართლებრივი საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი მიწაზე ქონების ერთ-ერთ გადამხდელად განსაზღვრავს პირს, რომელსაც საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მფლობელობაში ან სარგებლობაში გააჩნია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა. ამავე კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე, კერძოდ, სახნავისათვის და საკარმიდამო, აგრეთვე სათიბებისა და საძოვრებისთვის ქონების გადასახადის წლიურ განაკვეთებს, რომლებიც განსხვავებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით და დგინდება 1 ჰექტარზე გაანგარიშებით ლარში.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კანონის წინაშე ყველას თანასწორობის საყოველთაო უფლებას განამტკიცებს, ხოლო 31-ე მუხლის თანახმად, „სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ - ეკონომიკური განვითარებისათვის. მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ - ეკონომიკური პროგრესის უზრუნველსაყოფად კანონი ადგენს შეღავათებს“.
5. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე ცხოვრობს სიღნაღის მუნიციპალიტეტში და საკუთრებასა და მფლობელობაში გააჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახნავი და საძოვარი მიწის ნაკვეთები. სადავო ნორმების თანახმად, მას ქონების გადასახადის გადახდა უწევს საკუთრებაში არსებული მიწის თითოეული ჰექტრის სადავო ნორმით განსაზღვრული კოეფიციენტით გამოთვლილი ოდენობით, რაც ზოგიერთი სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისთვის არის გაცილებით დაბალი და, ამგვარად, იწვევს მოსარჩელისა და არსებითად მის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენებას.
6. მოსარჩელე დამატებით მიუთითებს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობის ან სარგებლობის შემთხვევაში მფლობელი/მოსარგებლე ვალდებულია, გადაიხადოს როგორც იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირა, ისე მიწაზე ქონების გადასახადი, რაც წინააღმდეგობაშია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტთან, რომელიც თავის მხრივ ადგენს, რომ „მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ , გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე“.
7. კონსტიტუციურ სარჩელში განმარტებულია, რომ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დასახელებული სახის მიწის მესაკუთრედ ითვლება პირი, მიუხედავად მისი საცხოვრებელი ადგილისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში არსებითად თანასწორ პირებს შორის დიფერენცირება ხორციელდება არა საცხოვრებელი ადგილის, არამედ მიწის ადგილმდებარეობის ნიშნით, რომელიც არ წარმოადგენს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ ე.წ. კლასიკურ ნიშანს.
8. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მითითებული დიფერენცირება არ ხასიათდება მაღალი ინტენსივობით, თუმცა მას არ გააჩნია ლოგიკური და რაციონალური ლეგიტიმური მიზანი. კერძოდ, კონსტიტუციური სარჩლის თანახმად, დიფერენცირება ლოგიკური იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი თავად მიწის ხარისხის მიხედვით მოხდებოდა განსხვავებული გადასახადების დადგენა, თუმცა სახელმწიფოსთვის მიწის ხარისხთან დაკავშირებით არსებული მონაცემები არის მოძველებული, რის გამოც მიწაზე ქონების გადასახადებს შორის არსებული განსხვავება, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით, თვითმიზნურია და შეუსაბამო კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპთან. შესაბამისად, სადავო ნორმები უნდა იქნეს ცნობილი არაკონსტიტუციურად.
9. №795 კონსტიტუციურ სარჩელში დაყენებულია სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე შუამდგომლობა.
10. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. თითქმის ანალოგიურია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; II-1). ამასთან, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. №795 კონსტიტუციურ სარჩელში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისობის დადგენა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, იმისთვის, რომ სადავო ნორმას გააჩნდეს მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დადგენილ კანონის წინაშე ყველას თანასწორობის ნორმა-პრინციპთან, „აუცილებელია, რომ სადავო ნორმა იწვევდეს დიფერენცირებულ მოპყრობას, კერძოდ, ადგენდეს არსებითად თანასწორი პირების მიმართ არათანაბარ მოპყრობას ან პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 დეკემბრის №1/5/600 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
3. სადავო ნორმის თანახმად, მიწაზე ქონების გადამხდელს წარმოადგენს პირი, რომელსაც საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით სარგებლობაში ან მფლობელობაში გააჩნია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ის ვალდებულია, მიწაზე, ქონების გადასახადთან ერთად, გადაიხადოს აგრეთვე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირა. ამგვარი რეგულაცია კი არ შეესაბამება ამავე მუხლის იმ დებულებას, რომელიც მიწაზე ქონების გადამხდელად აგრეთვე განსაზღვრავს პირს საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით, რომლის მფლობელობაში ან/და სარგებლობაშიც არსებობს გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი უფლების საფუძველზე.
4. მოსარჩელე მხარეს სასამართლოს წინაშე არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, იმის საილუსტრაციოდ, რომ მიწაზე ქონების გადასახადისა და საიჯარო ქირის ერთდროულად გადახდა იწვევს მოსარჩელის დიფერენცირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას არსებითად თანასწორ პირთა ჯგუფთან მიმართებით. მოსარჩელის მხრიდან მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ სადავო ნორმა არ შეესაბამება ამავე მუხლის სხვა ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულაციას, ვერ გამოდგება სადავო ნორმის კონსტიტუციის მე-14 მუხლთან შეუსაბამობის არგუმენტად. სადავო ნორმის დისკრიმინაციულობის დასადასტურებლად სხვა დამატებითი არგუმენტაცია წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, №795 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
5. მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა დიფერენცირებულ მიდგომას აყალიბებს არსებითად თანასწორი სუბიექტების, კერძოდ, განსხვავებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების, მფლობელების და მოსარგებლეების მიმართ, რასაც არ გააჩნია რაციონალური დასაბუთება და ამდენად, ეწინააღმდეგება კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას.
6. როგორც უკვე აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, იმისთვის, რომ კონკრეტულ სადავო ნორმას გააჩნდეს მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, აუცილებელია მოსარჩელემ დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმით ხდება არსებითად თანასწორი პირების განსხვავებულ მდგომარეობაში ჩაყენება. სხვაგვარად, გასაჩივრებული რეგულაცია უნდა ადგენდეს შესადარებელი პირების ან პირთა ჯგუფების მიმართ დიფერენცირებულ მოპყრობას.
7. სადავო ნორმის თანახმად, სხვადასხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში განთავსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფლობის, მისით სარგებლობისათვის დადგენილია განსხვავებული ოდენობის ქონების გადასახადი. ამა თუ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მიწის ნაკვეთს შეიძლება ფლობდეს ნებისმიერ პირი, როგორც თავად ამ რეგიონში, ასევე სხვაგან მცხოვრები. უფრო მეტიც, ერთი და იმავე პირს შესაძლებელია მიწის ნაკვეთი საკუთრებაში ჰქონდეს სხვადასხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში და, შესაბამისად, გადასახადს სხვადასხვა მიწაზე სხვადასხვა განაკვეთით იხდიდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სადავო ნორმის შინაარსი ამოიწურება თავად მიწასთან, როგორც საკუთრების ობიექტთან დაკავშირებული განსხვავებული რეგულაციების დადგენით და არ ახდენს დიფერენცირებას პირებს შორის.
8. სარჩელში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია რომელიც დაადასტურებდა, რომ სადავო ნორმის საფუძველზე სხვადასხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მიწის გადასახადის სხვადასხვა განაკვეთის დადგენა რამენაირად, თუნდაც ირიბად, მიმართულია გარკვეული კატეგორიის პირების დიფერენცირებულ მდგომარეობაში ჩაყენებისკენ. ამგვარად, სადავო ნორმებით დადგენილი რეგულაცია ნეიტრალური შინაარსისაა პირთა ნებისმიერ წრის მიმართ და ის არ აკისრებს არსებითად თანასწორ პირებს განსხვავებულ საგადასახადო ტვირთს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის დადგენისას. შესაბამისად, №780 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
9. განსახილველ კონსტიტუციურ სარჩელში სასარჩელო მოთხოვნას აგრეთვე წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლთან მიმართებით, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის. დასახელებული კონსტიტუციური დებულება „გამოხატავს ერთგვარ სოლიდარობას სახელმწიფოს მხრიდან მისი შემადგენელი ტერიტორიული კორპორაციების მიმართ. ამ თვალსაზრისით, ურთიერთობას ორი სუბიექტი ჰყავს სახელმწიფოსა და ტერიტორიული კორპორაციის სახით და ამ ურთიერთობაში ფიზიკური პირის პირდაპირი მონაწილეობა კონსტიტუციით არ მოიაზრება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის №2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19). ამასთან, „საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი ძირითად უფლებას კი არ ადგენს, არამედ, ერთი მხრივ სახელმწიფო სოლიდარობისა და მეორე მხრივ კი - სოციალური სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპის გამოხატულებაა. სადავო ნორმის კონსტიტუციურ-სამართლებრივი შეფასება საქართველოს კონსტიტუციის ამ მუხლთან მიმართებით ვერ განხორციელდება განცალკევებულად და შესაძლებელია მხოლოდ ძირითადი უფლებების დამდგენ ნორმებთან კავშირში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის №2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-21).
10. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი, არ წარმოადგენს ძირითადი უფლების დამდგენ ნორმას, რომელთან მიმართებითაც დამოუკიდებლად იქნებოდა შესაძლებელი ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის კონსტიტუციურობის შეფასება. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლთან მიმართებით, არსებობს N795 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7 და მე–8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22–ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №795 (საქართველოს მოქალაქე ირინე ფხოველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი
მანანა კობახიძე