საქართველოს მოქალაქე ირინე ფხოველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N795 |
ავტორ(ებ)ი | ირინე ფხოველიშვილი |
თარიღი | 19 ივლისი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის არსებითად განსახილველად არ მიღების საფუძველი არ არსებობს შემდეგი გარემოებების გამო:
ა)სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ; გ) მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი; დ) მასში მითითებულ სადავო საკითხზე არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-14 მუხლით, მე-31 მუხლით; ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;ზ) გასაჩივრებულია კანონი, რომლის კონსტიტუციურობაზე მსჯელობაც შესაძლებელია ზემდგომი ნორმატიული აქტის გასაჩივრებისაგან დამოუკიდებლად;
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
აღნიშნულ საქმეში სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქე, რომელიც საკუთრებასა და მფლობელობაში აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახნავი და საძოვარ მიწის ნაკვეთები. მოსარჩელეს, როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებს, საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, ევალება სახნავი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის სახით გადაიხადოს 86 ლარი, ეს მაშინ, როცა კანონში შესულ ცვლილებამდე იხდიდა 22 ლარს და გადასახადის გაზრდა მოხდა დაახლოებით 4-ჯერ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ სახნავი მიწის ყოველგვარი ხარისხისა და კატეგორიის გათვალისწინების გარეშე, რაც არის აბსოლუტურად შეუსაბამო.
საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელს, როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელს, ევალება ერთ ჰექტარ სათიბ მიწის ნაკვეთზე გადაიხადოს 20 ლარი, ხოლო საძოვრებზე - 16 ლარი, კანონში შესულ ცვლილებამდე საძოვარში იხდიდა 3 ლარს, ხოლო სათიბში - 6 ლარს, ანუ საძოვრის გადასახადი გაიზარდა დაახლოებით 5,3-ჯერ, (ხოლო სათიბის გადასახადი 3,3-ჯერ), ეს მაშინ, როცა დედოფლისწყარო მუნიციპალიტეტში მდებარე იმავე კატეგორიის მიწაზე მიწის მესაკუთრე იხდის საძოვარში - 7 ლარს ანუ 2,3-ჯერ გაზრდილს (და სათიბში 20 ლარს), კანონში შესულ ცვლილებამდე ეს გადასახადი, როგორც სიღნაღის ფერმერებისთვის, ისე მეზობელი დედოფლისწყაროს, გურჯაანის და სხვა 37 მუნიციპალიტეტის ფერმერებისთვის იყო საძოვარზე - 3 ლარი და სათიბზე - 6 ლარი. ცვლილების შეტანის შემდეგ მხოლოდ დედოფლისწყაროს გაეზარდა საძოვრის გადასახადი 7 ლარამდე, ანუ გაეზარდა 2,33-ჯერ, ხოლო დანარჩენ 36 რაიონს 16 ლარამდე ანუ 5,33-ჯერ
ახმეტის მუნიციპალიტეტში ახალი ცვლილებით სათიბისთვის არის 16 ლარს, ხოლო საძოვრისთვის 5 ლარს, ანუ სათიბის ღირებულება გაიზარდა 6,4-ჯერ და საძოვრის ღირებულება მხოლოდ 2-ჯერ, ხოლო დანარჩენი 10 რაიონისთვის, რომლებიც ცვლილებებამდე ახმეტის რაიონის ჯგუფში იყვნენ, მართალია სათიბის ღირებულება 16 ლარამდე ანუ 6,4-ჯერ გაეზარდათ, მაგრამ საძოვრის ღირებულება 6,67-ჯერ გაეზარდათ, 1,5 ლარიდან 10 ლარამდე. რაც არის დისკრიმინაციული და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 14-ე მუხლთან
აქვე აღსანიშნავია, კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ არ მომხდარა სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილება და მოიჯარისგან, საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის ბ ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო მოიჯარისგან იღებს იჯარის ქირასაც და ქონების გადასახადსაც თავისივე (სახელმწიფო) ქონებაზე, რომელიც როგორც აღვნიშნეთ არის კანონშეუსაბამო საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 2-ე პუნქტთან და 203-ე მუხლის „გ“ პუნქტთან.
ამგვარად, მოსარჩელე წარმოადგენს გასაჩივრებული ნორმების სუბიექტს და შესაბამისად, უშუალოდ ვარდება არახელსაყრელ მდგომარეობაში სადავო ნორმებით დადგენილი დიფერენცირების შედეგად. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია იდავოს, სადავო ნორმების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.
ამგვარად, დაცულია ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილი ყველა მოთხოვნა და არ არსებობს ამავე კანონის მე-18 მუხლით აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
1) სადავო ნორმების არსი
სადავო ნორმები ადგენენ დიფერენცირებულ მოპყრობას გადასახადის გადამხდელებთან მიმართებაში. თავად სადავო ნორმა მიუთითებს დიფერენცირების თაობაზე. საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით და დგინდება 1 ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარში"
საგადასახადო ტვირთის მოცულობა დამოკიდებული ხდება საკუთრების ადგილმდებარეობაზე. სადავო ნორმით დადგენილი რეგულირების სუბიექტები არიან ერთსა და იმავე მდგომარეობაში მყოფი პირები - სახნავი, საკარმიდამო, საძოვარი და სათიბი მიწის მესაკუთრე (მართლზომიერი მფლობელი) პირები. იმის მიუხედავად, რომ სადავო ნორმის სუბიექტები არსებითად თანასწორნი არიან, კანონმდებლობა მათ უდგენს განსხვავებულ საგადასახადო ტვირთს, მოსარჩელეს, როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის მკვიდრს ევალება, 86 ლარის გადახდა 1 ჰექტარი სახნავი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთისთვის, მიუხედავად იმისა სად მდებარეობს, რა ხარისხის და რა კატეგორიის მიწას ფლობს, ხოლო რაც შეეხება სათიბს და საძოვარს სხვაობა უფრო თვალში საცემია, რადგან 1 ჰა საძოვრისთვის სიღნაღში იხდის 16 ლარს, ხოლო დედოფლისწყაროში, იმავე კატეგორიის 7 ლარია, ახმეტაში კი 5 ლარი.
2) დიფერენცირების ნიშანი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ახალი მემარჯვენეები და საქართველოს კონსერვატიული პარტია" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-4 პარაგრაფში განაცხადა:
,,კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილი ნიშნების ამომწურავად მიჩნევა თავისთავად გამოიწვევს სასამართლოს მიერ იმის დადასტურებას, რომ ნებისმიერი სხვა ნიშნით დიფერენციაციის შემთხვევები არ არის დისკრიმინაციული, რადგან არ არის დაცული კონსტიტუციით. ბუნებრივია, ასეთი მიდგომა არ იქნებოდა სწორი, რადგან თითოეული მათგანის კონსტიტუციის მე-14 მუხლში მოუხსენიებლობა, დიფერენციაციის დაუსაბუთებლობას ვერ გამორიცხავს.
თანასწორობის ძირითადი უფლება სხვა კონსტიტუციური უფლებებისგან იმით განსხვავდება, რომ ის არ იცავს ცხოვრების რომელიმე განსაზღვრულ სფეროს. თანასწორობის პრინციპი მოითხოვს თანაბარ მოპყრობას ადამიანის უფლებებითა და კანონიერი ინტერესებით დაცულ ყველა სფეროში.
ისტორიულად, კონსტიტუციებში ხდებოდა იმ ნიშნების ჩამოთვლა, რომელთა მიხედვით, ადამიანთა ჯგუფებს აერთიანებდა მათთვის დამახასიათებელი პირადი, ფიზიკური თვისებები, კულტურული ნიშნები ან სოციალური კუთვნილება. ამ ნიშნების კონსტიტუციებში ჩამოთვლა ხდებოდა ზუსტად მათ საფუძველზე ადამიანების დისკრიმინაციის დიდი გამოცდილების არსებობის და, ამასთან, ასეთი მოპყრობის გაგრძელების შიშის გამო (საპასუხოდ).
თუმცა, ამავე დროს, დიფერენცირებული მიდგომა შესაძლოა მოხდეს არა მხოლოდ ჩამოთვლილი ნიშნების მიხედვით და არა მხოლოდ, თუნდაც ამ ნიშნებზე დაყრდნობით, კონკრეტული კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობის პროცესში. დისკრიმინაციის აკრძალვა სახელმწიფოსგან მოითხოვს, რომ მის მიერ დადგენილი ნებისმიერი რეგულაცია შეესაბამებოდეს თანასწორობის ძირითად არსს – არსებითად თანასწორებს მოეპყროს თანასწორად და პირიქით. აქედან გამომდინარე, თანასწორობის ძირითად არსთან კონფლიქტში მყოფი ნებისმიერი ნორმა უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი."
მართალია, უმეტეს შემთხვევაში, შესაძლოა დიფერენცირების ნიშანი იყოს საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ ადამიანი არ ცხოვრობდეს თავის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, ამის მიუხედავად ფლობდეს და სარგებლობდეს ამ მიწის ნაკვეთით. ინდივიდის საცხოვრებელი ადგილი შეიძლება იყოს თბილისი, ამის მიუხედავად, ფლობდეს საძოვრებს, სათიბებს სიღნაღში. ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება აქვს, საქართველოს მოქალაქეს, უცხოელს, იმის მიუხედავად, თუ სად არის მათი საცხოვრებელი ადგილი, თავად იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარეობს თუ სხვაგან.
ამგვარად, დიფერენცირება ხდება არა საცხოვრებელი ადგილის, არამედ საკუთრების ადგილის ნიშნით. საცხოვრებელი ადგილის ნიშანი პირდაპირ არის გათვალისწინებული კონსტიტუციის მე-14 მუხლით, საკუთრების ადგილმდებარეობის ნიშანი - არა.
საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ახალი მემარჯვენეები და საქართველოს კონსერვატიული პარტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-6 პარაგრაფში განაცხადა:
კლასიკური, სპეციფიური ნიშნებით დიფერენციაციისას სასამართლო იყენებს მკაცრი შეფასების ტესტს და ნორმას აფასებს თანაზომიერების პრინციპის მიხედვით, ამასთან, „მკაცრი ტესტის” ფარგლებში ლეგიტიმური მიზნის დასაბუთებისას საჭიროა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი, არსებობს „სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი”.
დანარჩენ შემთხვევებში მკაცრი ტესტის გამოყენების საჭიროებას სასამართლო ადგენს დიფერენციაციის ინტენსივობის ხარისხის მიხედვით. ამასთან, დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასების კრიტერიუმები განსხვავებული იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დიფერენციაციის ბუნებიდან, რეგულირების სფეროდან გამომდინარე. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, გადამწყვეტი იქნება, არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან. თუ დიფერენციაციის ინტენსივობა მაღალია, სასამართლო გამოიყენებს მკაცრ ტესტს.. "
სადავო ნორმებით დიფერენცირება არ ხდება კლასიკური ნიშნის საფუძველზე. იმავდროულად, დიფერენცირების ხარისხი არ არის მაღალი. სუბიექტები მნიშვნელოვნად არ სცილდებიან ერთმანეთს საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობისაგან, მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო ტვირთის მოცულობა შესაძლოა რამდენიმე ათეული ან ასეული ლარით განსხვავდებოდეს.
საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება - ახალი მემარჯვენეები და საქართველოს კონსერვატიული პარტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-6 პარაგრაფში ასევე განაცხადა, რომ თუკი ინტენსივობის ხარისხი დაბალია და დიფერენცირება არც კლასიკური ნიშნის საფუძველზე არ ხდება, საკონსტიტუციო სასამართლო იყენებს რაციონალური კავშირის ტესტს. ამ ტესტის გამოყენებისას საკონსტიტუციო სასამართლოს თქმით:
,,ა) საკმარისია დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობის დასაბუთებულობა, მათ შორის, როდესაც აშკარაა დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, გარდუვალობა ან საჭიროება;
ბ) რეალური და რაციონალური კავშირის არსებობა დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის."
მოცემულ საქმეზე გამოყენებული უნდა იყოს რაციონალური კავშირის ტესტი.
3) რაციონალური კავშირის ტესტი
სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს გამართლებული. მოპასუხე მხარემ უნდა დაასაბუთოს ის, რომ სიღნაღსა და თელავში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი უფრო მაღალი ხარისხისაა, ვიდრე იმ მუნიციპალიტეტებში არსებული მიწის ნაკვეთი, სადაც თელავსა და სიღნაღზე დაბალი ქონების გადასახადია დაწესებული. მაშინ როდესაც ერთ მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობით მესაკუთრე უფრო მეტ სარგებელს იღებს, ვიდრე სხვა მუნიციპალიტეტში იმავე კატეგორიის მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, საგადასახადო ტვირთის დაკისრებისას დიფერენცირება სავსებით რაციონალური, რეალისტური გარდაუვალი იქნება. ამისათვის უნდა დავადგინოთ რა სხვაობაა ხარისხობრივი თვალსაზრისით სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ერთი და იმავე კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს შორის.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 30 აპრილის #MOA 61400016580 წერილიდან (წერილის ასლი იხილეთ დანართის სახით) ირკვევა:
,,2000-2006 წლებში მიწის კადასტრისა და რეგისტრაციის პროექტის (KFW-ბანკის თანადაფინანსებით) ფარგლებში განხორციელდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების კადასტრი და მომზადდა საქართველოს ნიადაგების ხარისხობრივი მახასიათებლების მონაცემთა ბაზები. პროექტის დასრულების შემდეგ საკადასტრო მონაცემები გადაეცა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ხოლო ნიადაგის შეფასების შესახებ არსებული მონაცემები საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ნიადაგის თვისებების შესახებ არსებული ინფორმაცია განთავსებული იყო მონაცემთა ბაზებში, რომლებიც სტრუქტურული და ფუნქციონალური არასრულყოფილების გამო დღესდღეობით გამოუყენებელია."
ამგვარად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილით დასტურდება, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ხარისხის თაობაზე მანამდე არსებული მონაცემები მოძველებულია. ამ მონაცემებით შეუძლებელია იმგვარი დასკვნის გამოტანა, რომ სიღნაღში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მფლობელი უფრო მეტ სარგებელს იღებს მიწის გამოყენებით, ვიდრე გორის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრე. არანაირი რაციონალური და რეალური კავშირი არ არსებობს ნიადაგის განსხვავებულ ხარისხსა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დაწესებულ ქონების გადასახადის სხვადასხვა განაკვეთს შორის. ნიადაგის ხარისხის გარდა დიფერენცირებას სხვა ობიექტური მიზეზი არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ახალი მემარჯვენეები და საქართველოს კონსერვატიული პარტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-3 პარაგრაფში განაცხადა:
,,დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას. ზოგადად, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე, კონსტიტუციურ უფლებებში ჩარევისას სახელმწიფომ კერძო პირებთან მიმართებით არ უნდა მიიღოს გონივრულ საფუძველს მოკლებული და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები."
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში რუდოლფ დარბინიანი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის 24-ე პარაგრაფში აღნიშნა: ,,ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია."
ვინაიდან ნიადაგის განსხვავებული ხარისხით დიფერენცირება აუხსნელია, ამავდროულად არც სხვა ლეგიტიმური მიზანი არსებობს, რაც დიფერენცირებას გაამართლებს, სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია.
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა