სს ''ტელენეტი'' საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/1/667 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 25 თებერვალი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 25 თებერვალი 2016 17:54 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: სს „ტელენეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 21-ე და 30-ე მუხლებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 7 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №667) მომართა სს „ტელენეტმა“. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2015 წლის 8 სექტემბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 25 თებერვალი.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტები; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტები, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილებას საგადასახადო შემოწმებისას ქონების ღირებულების განსაზღვრის საკითხში და ადგენს, რომ „საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით“. იმ შემთხვევაში კი, როდესაც დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას, სადავო ნორმის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. „ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება“. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, აღნიშნული საბაზრო ფასი შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ, გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განამტკიცებს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის საყოველთაო პრინციპს. კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები განსაზღვრავს საკუთრების საყოველთაო უფლების შეზღუდვისა და ჩამორთმევის საფუძვლებს. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი შრომის თავისუფლებას ადგენს, ხოლო მისი მე-2 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით“. ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილია შრომის პირობები და საქართველოს მოქალაქეთა შრომითი უფლებების დაცვის ვალდებულება საზღვარგარეთ.
5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელს შეუძლია, საკუთარ ბალანსზე ქონების აღრიცხვა მისი შეძენის ან შექმნის გზით. ქონების შეძენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის ბალანსზე აისახება მისი ღირებულება, ხოლო შექმნისას - ქონების შექმნაზე გაწეული დანახარჯების შესაბამისად გამოთვლილი ღირებულება. ამასთან, კონკრეტული ნივთის ფასი სხვადასხვა გარემოებაზეა დამოკიდებული, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბაზრის კონიუნქტურა კონკრეტული დროისთვის, მყიდველის ინტერესი და სხვა რელევანტური ფაქტორები, შესაბამისად, მისი ღირებულება წარმოადგენს მუდმივად ცვალებად კატეგორიას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილები ქონების გადასახადის გამოთვლას სწორედ საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით გულისხმობს, განსხვავებით სადავო ნორმისაგან, რომელიც საგადასახადო ორგანოს ანიჭებს უფლებას, არ გაითვალისწინოს დასაბეგრი ქონების გაუმჯობესება ან ცვეთა, არამედ საკუთარი შეხედულებით დაადგინოს მისი ღირებულება.
6. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოს საკუთარი შეხედულებით ქონების ღირებულების განსაზღვრის უფლება გააჩნია იმ შემთხვევაში, თუკი ამ ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას, რაც, მისი აზრით, გადასახადის გადამხდელისთვის საგადასახადო ტვირთს ზრდის.
7. ამასთან, მოსარჩელის მტკიცებით, ქონების ღირებულება შესაძლოა მნიშვნელოვნად მერყეობდეს საგადასახადო წლების განმავლობაში, ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ სადავო ნორმა მას ავალდებულებს, შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში საგადახადო ორგანოს მიერ განსაზღვრული ქონების საბაზრო ფასით იხელმძღვანელოს, იზღუდება მისი კონსტიტუციური უფლებები.
8. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სადავო ნორმა ითვალისწინებს საგადასახადო ორგანოს არა ვალდებულებას, არამედ უფლებამოსილებას, კონკრეტული გადასახადის გადამხდელს განუსაზღვროს ქონების ღირებულება, რაც იწვევს დიფერენცირებულ მიდგომას სხვადასხვა გადასახადის გადამხდელის მიმართ. საგადასახადო ორგანოს, მისთვის სადავო ნორმით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შეუძლია ერთი გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოიყენოს ქონების საბაზრო ღირებულება, ხოლო სხვა გადამხდელის მიმართ არა. ამასთან, საგადასახადო შემოწმება არ მოიცავს ყველა გადასახადის გადამხდელის შემოწმების ვალდებულებას, შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს სადავო ნორმით დადგენილი უფლებამოსილებით სარგებლობა საკუთარი შეხედულების შესაბამისად შეუძლია.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს საგადახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-4 ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
10. მოსარჩელე დამატებით აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს, სადავო რეგულაციიდან გამომდინარე, ადგება ქონებრივი ზიანი, ვინაიდან მასზე ქონების გადასახადის სახით დაკისრებული საგადასახადო ტვირთის გაანგარიშება ხდება არა კანონით დადგენილი წესის თანახმად, არამედ საგადასახადო ორგანოს შეხედულებით.
11. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დადგენილი ქონების ღირებულების გაანგარიშების წესი ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებულ საკუთრების საყოველთაო უფლებას.
12. სხვადასხვა გადასახადის გადამხდელის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი განსხვავებული მიდგომა, მოსარჩელის აზრით, იმავდროულად ხელს უშლის მეწარმეთათვის თანაბარპირობებიანი გარემოს ჩამოყალიბებას.
13. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ ქონების საბაზრო ფასი მუდმივად მერყეობს და არასოდეს გამოიხატება კონკრეტულ ციფრში. შესაბამისად, დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვრისას მნიშვნელოვანია ის, თუ რა ოდენობის ხარჯი გაიღო ქონების შემძენმა და რა ღირებულებით არის ის გადასახადის გადამხდელის ბალანსზე აღრიცხული.
14. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა საგადასახადო ორგანოს ანიჭებს უფლებას, გაზარდოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ტვირთი. გარდა ამისა, საგადასახადო ტვირთის გაურკვევლობის გამო, საწარმოს არ შეუძლია, დაგეგმოს საკუთარი ბიუჯეტი, რაც უარყოფითად აისახება ბიზნესის ფუნქციონირებაზე.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-4 ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. №667 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, რომელიც საკუთრების ჩამორთმევის კონსტიტუციურ საფუძვლებს განსაზღვრავს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ „21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკუთრების ჩამორთმევის ინსტიტუტს მკვეთრად გამოხატული ფორმალური ნიშნები ახასიათებს. ამ ცნებაში ვერ თავსდება ნებისმიერი შემთხვევა, რაც პირის მიერ, მისი ნების საწინააღმდეგოდ საკუთრების დაკარგვას გულისხმობს. საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის №2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის №1/7/681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
3. გარდა აღნიშნულისა, სასამართლომ ერთმანეთისაგან გამიჯნა საკუთრების შეზღუდვისა და ჩამორთმევის ინსტიტუტები და აღნიშნა, რომ „საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ საკუთრების უფლებით სარგებლობის, საკუთრების შეძენის და განკარგვის წესს და ამ ფორმით ადგენენ საკუთრების უფლების შინაარსსა და ფარგლებს, ექცევიან საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების რეგულირების სფეროში. კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით კი შეფასებადია იმ ნორმების კონსტიტუციურობა, რომლებიც საკუთრების ექსპროპრიაციის, სახელმწიფოს მხრიდან კერძო საკუთრებაზე მესაკუთრის უფლების ჩამორთმევის და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლის წესს არეგულირებენ. საკუთრების ექსპროპრიაცია სახეზეა მაშინ, როდესაც ხდება კერძო საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლა, როდესაც სადავო ნორმების მიზანი საკუთრების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის შემთხვევების განსაზღვრაა და არა საკუთრების უფლებით თავისუფალი სარგებლობის შეზღუდვა, მისი რეგულირება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის №1/7/681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
4. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმა ადგენს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილებას, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, რომლის გამოყენების ვალდებულებაც გადასახადის გადამხდელს ეკისრება შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში. სადავო ნორმა განსაზღვრავს გადასახდელი გადასახადის გამოთვლის, საკუთრებით სარგებლობის წესს, შესაბამისად, საკუთრების უფლების შინაარსა და ფარგლებს არეგულირებს. სადავო ნორმით დადგენილია ის ფინანსური ვალდებულებები, რომლებიც ქონების საკუთრებაში ქონას უკავშირდება და არა თავად ამ ქონების ჩამორთმევის წესს.
5. აღნიშნულიდან გამომდინარე, №667 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
6. №667 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 პუნქტებთან მიმართებით. კონსტიტუციის დასახელებული პუნქტებით განმტკიცებულია შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, როგორიცაა შრომის თავისუფლება, შრომითი პირობების განსაზღვრის წესი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეთა შრომითი უფლებების დაცვა საზღვარგარეთ.
7. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმა განსაზღვრავს ქონების გადასახადის მოცულობის გამოთვლის წესს, რომელიც არ ეხება შრომით ურთიერთობებს. იგი არ არეგულირებს შრომით პირობებსა თუ ზოგადად შრომით უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს. ამასთან, №667 კონსტიტუციური სარჩელის ავტორის არგუმენტაცია მიმართულია მეწარმეობის თავისუფლების, ამ სფეროში გაუმართლებელი შეზღუდვების დაწესების კონსტიტუციასთან შეუსაბამობის წარმოჩენისკენ, მოსარჩელე არ ასაბუთებს თუ რატომ შეიძლება იყოს სადავო ნორმა პრობლემური შრომით უფლებებთან მიმართებით.
8. შესაბამისად, №667 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
9. კონსტიტუციური სარჩელი №667 სხვა მხრივ სრულად აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის მე–5, მე-7 და მე–8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №667 კონსტიტუციური სარჩელი (სს „ტელენეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-4 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №667 კონსტიტუციური სარჩელი (სს „ტელენეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-4 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტთან და 30-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი