გივი ლუაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1555 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | გივი ლუაშვილი |
თარიღი | 3 დეკემბერი 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N 322 დადგენილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ (თანდართული „იზოლაციისა და კარანტინის წესები“)
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილების თანდართული „იზოლაციისა და კარანტინის წესები“-ს, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის სიტყვები „სპორტული/სავარჯიშო დარბაზების“. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლი განსაზღვრავს კონსტიტუციური სარჩელის არ მიღები საფუძვლებს, რომელთაგან არცერთი გარემოება სახეზე არ არის.
კონსტიტუციური სარჩელი ფორმით სრულ შესაბმისობაშია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან.
კონსტიტუციური სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირების მიერ. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ ფიზიკურ პირს აქვს კონსტიტუციური შესაძლებლობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სადავოდ გახადოს ნორმატიული აქტი კონსტიტუციის მე-2 თავში მოთავსებული მუხლებთან მიმართებით. ასევე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით „საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, ... თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
მოცემული შემთხვევაში ყველა მოსარჩელე არის საქართველოს მოქალაქე, და მათ მიერ გამხდარი სადავო ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი დაყენებულია კონსტიტუციის მე-2 თავში მოთავსებული მუხლების მიმართ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის 31–ე მუხლთან (. 42.1) მიმართებით განაცხადა შემდეგი: „აღნიშნული ნორმის მიზანს წარმოადგენს კონკრეტული ინდივიდის უფლების დაცვა ან მისი უფლებების აშკარა დარღვევის პრევენცია. სწორედ ამიტომ ფიზიკური პირი არის აღჭურვილი უფლებით, ეჭვქვეშ დააყენოს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა, თუ მიიჩნევს, რომ ასეთი აქტის მოქმედებით მან უშუალოდ განიცადა ზიანი ან ზიანის მიღების საფრთხე უშუალოდ მისთვის არის რეალური (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის #1/1/413 განჩინება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ირაკლი ყანდაშვილი და კომანდიტური საზოგადოება ”ანდრონიკაშვილი, საქსენ-ალტენბურგი, ბარამიძე და პარტნიორები” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
სასამართლო პრაქტიკის მიხედვით ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლი რამდენიმე სახისაა: რეალური მსხვერპლი, პოტენციური მსხვერპლი და ჰიპოთეტური მსხვერპლი.
საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ რეალური მსხვერპლის კატეგორია მაშინ გვაქვს სახეზე, როდესაც დასტურდება, რომ კონკრეტული რეგულირებით განხორციელდა მოსარჩელის ძირითადი უფლებებით ან თავისუფლებებით დაცული სფეროს შეზღუდვა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის #1/1/413 განჩინება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ირაკლი ყანდაშვილი და კომანდიტური საზოგადოება ”ანდრონიკაშვილი, საქსენ-ალტენბურგი, ბარამიძე და პარტნიორები” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები სადავოდ ხდიან უფლებაში ჩარევის კონსტიტუციით გათვალისწინებული საფუძვლების დარღვევას, შესაბამისად მსგავსი ფორმით უფლების დარღვევის შემთხვევაში სახეზე გვაქვს „რეალური მსხვერპლის“ კატეგორია და დასტურდება მოსარჩელეების სამართლებრივი ინტერესი, რომელიც გათვალისწინებულია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში - „დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“.
სარჩელის არსებითად მიღების დასაბუთებაში დამატებით გვსურს ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი შეეხება კონსტიტუციის მე-2 თავთან დაკავშირებულ უფლებამოსილებას და ის არ სცდება მე-2 თავის საზღვრებს, რადგანაც ჩვენს მიერ დასახელებული კონსტიტუციის მუხლი, რომელსაც არღვევს სადავოდ გამხდარი კაანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, მოთავსებულია კონსტიტუციის მეორე თავში.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის გ-ზ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვისთვის არ მიღების საფუძველები სახეზე არ გვაქვს.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მიხედვით „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“, რომელიც თანაბრად მოიცავს ფიზიკური, შემეცნებითი, მორალური და სოციალური განვითარების სფეროებს, როგორც მისი ფიზიკური ყოფიერების, ისე სულიერ, ინტელექტუალურ ასპექტებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პიროვნების თავისუფალი განვითარება უზოგადესი უფლებაა. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მიზანია, დაუცველი არ დარჩეს ცხოვრების ის სფეროები, რომლებიც პიროვნებასთან დაკავშირებული კონკრეტული უფლებებით არ არის მოცული. კონსტიტუციის მე-12 მუხლი ქმნის კონსტიტუციური დაცვის გარანტიას ურთიერთობებისთვის, რომლებიც არ თავსდება კონსტიტუციის სხვა ნორმებში, თუმცა შეადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების აუცილებელ კომპონენტს (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-57).
ეს უფლებები ადამიანს აღჭურავს უფლებით დამოუკიდებლად, სხვისი ჩარევის გარეშე განსაზღვროს თავისი მეობა, ვინაობა, ცხოვრების წესი და სტილი; ინდივიდუალური განვითარების გზები და ფორმები; გარესამყაროსთან, სხვა ადამიანებთან ურთიერთობის ფორმები და ინტენსივობა; თავისი სულიერი, მორალური, სოციალური, ინტელექტუალური თუ სხვა მოთხოვნილებებისა და ინტერესებისდაკმაყოფილების საშუალებები და ა. შ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცული თავისუფალი განვითარების უფლების შემადგენილი ნაწილია საქმიანობის საყოველთაო უფლება. საქმიანობის საყოველთაო თავისუფლება მოიცავს ყველაფერს, რაც კი ადამიანის ქცევად, ქმედებად თუ საქმიანობად შეიძლება იწოდებოდეს. ეს ძალზე ფართო სფეროა და უამრავ განსხვავებული ფორმისა თუ შინაარსის აქტივობას მოიცავს, რომელთა შორის შედის სპორტული/სავარჯიშო დარბაზებში ვარჯიში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცული თავისუფალი განვითარების უფლება ხასიათდება სუბსიდიური ბუნებით, რაც გულისხმობს, რომ კონკრეტული უფლება თუ არ შედის საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით დაცული, რომელიმე უფლების დაცულ სფეროში, მხოლოდ მაშინ შეიძლება აღნიშნულ უფლებაზე მითითება.
მოცემულ შემთხვევაში სადავოდ არის გამხდარი, საქართველოს მთაავრობის 322-ე დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის სიტყვები „სპორტული/სავარჯიშო დარბაზების“. აღნიშნული რეგულაციით იზღუდება სპორტული/სავარჯიშო დარბაზების ფუნქციონირება, რაც ფიზიკური პირებისთვის ნიშნავს სპორტული/სავარჯიშო დარბაზებში ვარჯიშის უფლების ჩამორთმევას.
სპორტული/სავარჯიშო დარბაზებში ვარჯიშის უფლება არ შედის საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებული არცერთი სპეციალური უფლების დაცულ სფეროში. სწორედ ამიტომ ვხდით სადავო რეგულაციას, საქართველოს კონსტიტუციის მე-12, როგორც სუბსიდიურ მუხლთან მიმართებით.
თანაზომიერების პრინციპი
სავარაუდო ლეგიტიმური მიზანი
სახელმწიფოს მიერ გაცხადებული პოზიციის მიხედვით, სპორტული/სავარჯიშო დარბაზებისთვის ეკონომიკური საქმიანობის აკრძალვა რაც ნიშნავს ფიზიკური პირებისთვის სპორტული/სავარჯიშო დარბაზებში ვარჯიშის უფლების ჩამორთმევას, განხორციელდა ახალი კორანავირუსის (Cocid 19) პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნებისთვის. შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში ლეგიტიმურ მიზნად შესაძლებელია დასახელდეს პანდემიასთან ბრძოლა.
გამოსადეგობა
ტესტის მოცემულ სტადიაზე უნდა შეფასდეს არის თუ არა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ჩარევა დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად რეალურად გამოსადეგი.
გამოსადეგობის ტესტის გავლისას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს ლოგიკური კავშირის არსებობა დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის. გამოსადეგობის გარკვევის დროს მნიშვნელოვანია გაირკვეს რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48).
მოცემულ შემთხვეაში საეჭვოა სადავო ნორმით დაწესებული სპორტული/სავარჯიშო დარბაზებში ვარჯიშის უფლების ჩამორთმევის ღონისძიებასა და პანდემიის პრევენციის მიზნებს შორის კავშირი. სადავოდ გამხდარი ნორმით დადგენილი შეზღუდვა, რომელიც ფიზიკურ პირებს გვიზღუდავს სპორტული/სავარჯიშო დარბაზებში ვარჯიშის უფლებას ლოგიკურ კავშირში არ არის ვირუსის გავრცელების პრევენციასთან. ასევე არსებობს გონივრული მოსაზრება, რომ შესაძლებელია დასახელებულმა შეზღუდვამ უკუშედეგიც გამოიწვიოს და გაზარდოს ვირუსის გავრცელების რისკები.
კრეძოდ სპორტული/სავარჯიშო დარბაზებში ვარჯიშის შესაძლებლობა არის სპორტული ჯანსაღი ცხოვრების წესი, რომელიც აძლიერებს ადამიანის სხეულს, სულს, გონებას და როგორც თავად ექიმებიც მრავალგზის ადასტურებენ ადამიანის იმუნურ სისტემას, რაც ფრიად მნიშვნელოვანი იარაღია, ადამიანის ხელში, ნებისმიერი ვირუსის, მათშორის ახალი კორანავირუსის (Cocid 19) მიმართაც. შესაბამისად სპორტული/სავარჯიშო დარბაზებში ვარჯიშის უფლების ჩამორთმევა, სულ მცირე ასუსტებს ჩემი იმუნური სისტემის შესაძლებლობებს და უფრო მოწყვლად მხდის ვირუსთან მიმართებით.
ვინმე თუ ზემოთ დასახელებული გარემოების საწინააღმდეგოდ იტყვის, რომ შენთვის არავის შეუზღუდია ვარჯიშის უფლება და აღნიშნული შეგიძლია განახორციელო ღიასივრცეში, სახლში და აშ. მის გასაგონად ვიტყვი, რომ 14 წეილია ვსარგებლობ სპორტული/სავარჯიშო დარბაზში ვარჯიშის უფლებით, კვირაში ოთხჯერ და ამდენი წლის მანძილზე ვარჯიში თითზე ჩამოსათვლელი ოდენობით თუ გამიცდენია. გარდა ამისა, სპორტული/სავარჯიშო დარბაზები აღჭურვილია ისეთი ინვენტარით, რომელსაც ვერ შემიცვლის ვერც სახლის პირობები, ვერც იოგა, ვერც სირბილი და აშ. (ვინც ვარჯიშობს ის გამიგებს და ვინც ვერა იმას გაუჭირდება ამის გაგება სამწუხაროდ). სახლის პირობებში იგივე პირობების შექმნას სჭირდება დიდი სივრცე და რამოდენიმეათასი ლარი.
როგორც მოგახსენეთ ამ სფეროს სერვისით სარგებლობაში მაქვს 14 წლიანი უწყვეტი სტაჟი და კარგად ვიცნობ ამ სფეროს. ამ სფეროში დარბაზები იყოფა ორ კატეგორიად, ერთში შედის ისეთი დარბაზები, რომლებიც რომლებიც განტავსებულია დიდ ფართის შენობაში, აღჭურვილია თანამედროვე სპორტული ინვენტარით, დაცულია სანიტარული ნორმები. მეორე კატეგორიაში გადის ვიწრო სოციალური დარბაზები, რომლებიც განთავსებულია პატარა ფართის ტერიტორიაზე, აქვს მოძველებული სპორტული ინვენტარი, დაცული არაა სანიტარული წესები და ემსახურება ძირძველ ერთგულ კლიენტებს, რომლებთაც სურთ სარფიან ფასად ვარჯიში. შემიძლია გითხრათ, რომ ეს რეგულაცია პრაქტიკაში ვრცელდება პირველი კატეგორიის დარბაზებზე, რადგანაც მისი არსებობა ყველამ იცის, მათშორის მაკონტროლებელმა ორგანოებმაც და მათი კონტროლი მარტივია, ხოლო მეორე კატეგორიის დარბაზები ამ დროს გადადის „მიწის ქვეშეთში“ კარს უღებს მხოლოდ ნაცნობ ხალხს (ამოტომაც მოვიხსენიე მეორე კატეგორიის დარბაზები ვიწრო სოციალური დარბაზებად, რადგანაც მფლობელი ყველა თავის მომხმარებელს იცნობს განსხვავებით პირველი კატეგორიის დარბაზებისგან).
შესაბამისად აღნიშნული რეგულაცია ჩემნაირ ადამიანებს, რომლებიც დამოკიდებულნი არიან სპორტული/სავარჯიშო დარბაზებზე აიძულებს, რომ გადაინაცვლოს „მიწის ქვეშეთში“ (ზოგჯერ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით), ივარჯიშოს პატარა სივრცეში, მოძველებული სპირტული ინვენტარით, ბევრ ხალხთან კონტაქტით და არაჰიგიენურ პირობებში. შესაბამისად აღნიშნული უფრო ქმნის ვირუსის გავრცელების რისკს.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასახელებული შეზღუდვა არარის გამოსადეგი.
მიუხედავად იმისა, რომ სადავოდ გამხდარმა შეზღუდვამ პროპორციულობის ტესტის პირველი ელემენტიც კი ვერ დააკმაყოფილა, რაც უკვე ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველია, მაინც მიმოვიხილავ ტესტის სხვა ელემენტებს.
აუცილებლობა
აუცილებლობის შეფასებისას მნიშვნელოვანია გაირკვეს არის თუ არა სახელმწიფოს ამგვარი ჩარევა, ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად ნამდვილად აუცილებელი და ხომ არ იყო შესაძლებელი ამ მიზნის მისაღწევად რაიმე უფრო მსუბუქი საშუალების გამოყენება.
გამოსადეგობასტან ერთად შემზღუდველი ღონისძიება უნდა იყოს ყველაზე ნაკლებადმზრუდვაი საშუალება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26).
იმ შემთხვევაში თუ სასამართლო გავლილად მიიჩნევს გამოსადეგობის ტესტს, იგი მაინც ვერ იქნება განხილული, როგორც ყველაზე ნაკლებად მზღუდვაი ღონისძიება. საქართველოს მთავრობის გაცხადებული პოლიტიკის მიხედვით სპორტული/სავარჯიშო დარბაზებში მაღალია ვირუსის გავრცელების რისკი. აღნიშნული რისკის შესამცირებლად კი შესაძლებელია სხვა ღონისძიებების განხორციელება, რომელიც აღარ გახდიდა სპორტული/სავარჯიშო დარბაზების დახურვას აუცილებელს. მაგალითად იგივე ეფექტის მიღწევა შესაძლებელია თუ დადგინდებოდა მკაცრი სანიტარული ნორმები მსგავსი ობიექტებისთვის, როგორიც არის თერმოსკრინინგი, დეზობარიერი, დამცავი ფარის გამოყენების ვალდებულება, სავალდებულო დეზინფიცირება სპეციალური ხსნარებით, სპეციალური ბარიერების დამონტაჟება სპორტულ ინვენტარებს შორის, ფართის მიხედვით მომხმარებლის დაშვების შეზღუდვა და ა.შ.
დასახელებული საშუალებების არსებობა მიუთითებს, რომ იგივე ეფქტის მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა უფრო ნაკლებადმზღუდვი საშუალებებითაც. დაცული არაარის პროპორციულობის ტესტის აუცილებლობის კომპონენტი.
პროპორციულობა ვიწრო გაგებით
ტესტის მოცემულ სტადიაზე დგინდება რამდენად არის სახელმწიფოს ჩარევა ადამიანის ძირითად უფლებაში აღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად შესაბამისი (ვიწრო გაგებით პროპორციული). ამ შემთხვევაში ხდება კონკურირებადი ინტერესების აწონდაწონვა და მოწმდება კონკრეტულ შემთხვევაში, თუ რომელი ინტერესი არის უფრო მნიშვნელოვანი - ის, რომელიც კონკრეტული უფლებით დაცულ სფეროში ხვდება, თუ ის (სხვათა უფლებები, საჯარო ინტერესი), რომლის დასაცავადაც კონკრეტულ უფლებაში ხდება სახელმწიფოს ჩარევა.
სადავოდ გამხდარი შეზღუდვა ასევე ვერ აკმაყოფილებს პროპორციულობის (ვიწრო გაგებით) საფეხურსაც. თანაზომიერების პრინციპის ეს შემადგენელი ნაწილის მოთხოვნაა, რომ „უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).
თანაზომიერების ტესტის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია დადგინდეს რამდენად გადაწონის უფლების შეზღუდვით გამოწვეულ ნეგატიურ ეფექტს, ლეგიტიმური მიზნის დაცვის ინტერესი.
როგორც აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის დაწესება უკავშირდება სოციალური კონტაქტების შემცირების გზით კორონა ვირუსის პანდემიის გავრცელების შეკავებას, აღკვეთას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეზღუდვა ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებად იქნება მიჩნეული, მის მიერ მიღწეული დადებითი ეფექტი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის იმდენად უმნიშვნელოვა, რომ ვერ გადაწონის შეზღუდვით გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებს. კერძოდ, სპორტული/სავარჯიშო დარბაზების ფუნქციონირების შეზღუდვა საბოლოო ჯამში იმდენად არ აკავებს ადამიანების მობილობას, რომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამავდროულად, კოლოსალურად დიდია შეზღუდვის გავლენა ადამიანის პიროვნების თავისუფალი განვითარების სრულყოფილ რეალიზებაზე. დროის საკმაოდ ხანგრძლივ მონაკვეთში ადამიანი მოკლებულია სპორტული/სავარჯიშო დარბაზებით სარგებლობის უფლებეს რაც განსაკუთრებით ინტენსიურ გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების არაერთ მნიშვნელოვან სფეროში. ამრიგად, შეზღუდვა მისი შესაძლო მინიმალური ეფექტების გათვალისწინებით ვერ გაამართლებს ადამიანის პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში ამგვარ ინტენსიურ შეჭრას და დარღვეულია თანაზომიერების პრინციპი (კონსტიტუციური სარჩელები, 1502, 1504).
ს ა კ ო ნ ს ტ ი ტ უ ც ი ო ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო ს ე ფ ე ქ ტ უ რ ო ბ ა
გთხოვთ მოცემული და სხვა კოვიდრეგულაციების სარჩელები განიხილოთ პრიორიტეტულად დაჩქარებულ ვადებში. ამ სარჩელების განხილვის თვეობით გაჭიანურება დაკარგავს კონსტიტუციური სარჩელის აზრს. ეს რეგულაციები, როგორც მთავრობა აცხადებს მიღებულია ორი თვით. აღნიშნული ვადის გასვლა გააუქმებს სადავო ნორმას, რაც შემდგომში შესაძლებელია გახდეს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შეჩერების საფუძველი.
საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ეფექტური უფლებადაცვითი ინსტიტუციის რეპუტაციის დაცვისთვის მოცემული და სხვა კოვიდ სარჩელების დაჩქარებულ ვადებში განხილვა უმნიშვნელოვანესია. ამ არგუმენტის იგნორირება დააკნინებს საკონსტიტუციო სასამართლოს რეპუტაციას და ავტორიტეტს, რაც დაარღვევს სამართლიანი სახელმწიფო პრინციპს.
მაგალითისთვის ევროპული ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოებმა covid-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესებიდან მალევე გადაწყვიტეს სადავოდ გამხდარი საკარანტინო ღონისძიებების კონსტიტუციურობის საკითხი. ასე მოიქცნენ გერმანიის[1] ავსტრიის[2], პორტუგალიისა და საფრანგეთის სასამართლოები[3]. საკონსტიტუციო სასამართლოების აქტიურობა - სწრაფად უპასუხონ covid19-ის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვებს - მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს ერთი მხრივ, ეფექტიანად აღიდგინონ მათი კონსტიტუციური უფლებები, ხოლო მეორე მხრივ, იცავს ადამიანებს სამომავლოდ უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევისაგან.
[1] https://www.bundesverfassungsgericht.de/SharedDocs/Pressemitteilungen/DE/2020/bvg20-025.html?fbclid=IwAR2yFVaI7h9PUhOomKJ_2JZ6-i1sQnM4_5thG6ysp1Plc6aIqqvJrwU6kXI),
[2] https://www.internationallawoffice.com/Newsletters/Healthcare-Life-Sciences/Austria/Preslmayr-Attorneys-at-Law/Constitutional-Court-overrules-COVID-19-restrictions?fbclid=IwAR0Ygl_R6sE89YVzqpi7_RXfarfpmQP6hKGAjv3hu6ocYMz9mpRkpTmjZco
[3] EUROPEAN COMMISSION FOR DEMOCRACY THROUGH LAW (VENICE COMMISSION), opinion No.995/220. ხელმისაწვოდმია: INTERIM REPORT ON THE MEASURES TAKEN IN THE EU MEMBER STATES AS A RESULT OF THE COVID-19 CRISIS AND THEIR IMPACT ON DEMOCRACY, THE RULE OF LAW AND FUNDAMENTAL RIGHTS. Par. 93.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა