გივი ლუაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/3/1555 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 12 თებერვალი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 15 თებერვალი 2021 19:53 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: გივი ლუაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის სიტყვების „სპორტული/სავარჯიშო დარბაზების,“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 3 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1555) მომართა საქართველოს მოქალაქე გივი ლუაშვილმა. №1555 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2020 წლის 4 დეკემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 12 თებერვალს.
2. №1555 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაშვებულ ეკონომიკურ საქმიანობად არ მიიჩნევა სპორტული/სავარჯიშო დარბაზების საქმიანობა.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.
5. მოსარჩელე მხარის მითითებით, სადავო ნორმა ზღუდავს სპორტული/სავარჯიშო დარბაზების ფუნქციონირებას, რითაც ირღვევა მისი საქმიანობის საყოველთაო უფლება. კერძოდ, მოსარჩელე განმარტავს, რომ პიროვნების თავისუფალი განვითარება გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას განივითაროს საკუთარი ფიზიკური, შემეცნებითი, მორალური და სოციალური სფეროები, რაც, მათ შორის, მოიცავს სპორტულ/სავარჯიშო დარბაზებში ვარჯიშის უფლებას. სადავო ნორმით აიკრძალა სპორტული/სავარჯიშო დარბაზების ეკონომიკური საქმიანობა, რის შედეგადაც, მოსარჩელე ვეღარ ახერხებს ვარჯიშს და ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნებას.
6. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანია ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენცია, თუმცა გამოყენებული შეზღუდვა არ წარმოადგენს მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებას. მოსარჩელის აღნიშვნით, არ არსებობს ლოგიკური კავშირი დასახელებულ მიზანსა და სპორტული/სავარჯიშო დარბაზების აკრძალვას შორის, რამდენადაც ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს იმუნიტეტის გამომუშავებას, მისი შეზღუდვა კი გამოიწვევს უკუშედეგს. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ არსებული რეგულაციების პირობებში სპორტულ/სავარჯიშო დარბაზებს უწევთ არალეგალურად, „მიწის ქვეშეთში“ საქმიანობა, ისე, რომ დაცული არაა შესაბამისი სანიტარული პირობები, რაც ზრდის ვირუსის გავრცელების რისკებს. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ ვირუსის გავრცელების პრევენცია შესაძლოა მიიღწეოდეს უფრო ნაკლებად შემზღუდველი საშუალებითაც, მაგალითად, მკაცრი სანიტარული ნორმების დაცვის, თერმოსკრინინგის დავალდებულებით და სამედიცინო ნიღბის ტარებით.
7. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაპორპორციულად ზღუდვას მისი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
8. №1555 კონსტიტუციურ სარჩელში „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მომართავს შუამდგომლობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდეს სადავო ნორმის მოქმედება, რამდენადაც სადავო ნორმა მას აყენებს გამოუსწორებელ ზიანს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. განსახილველ საქმეში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის სიტყვების „სპორტული/სავარჯიშო დარბაზების,“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით. სადავო ნორმის თანახმად, იზღუდება სპორტული/სავარჯიშო დარბაზების ფუნქციონირება.
3. მოსარჩელის პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით გარანტირებული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება იცავს პირის შესაძლებლობას, განივითაროს საკუთარი ცხოვრების ფიზიკური, შემეცნებითი, მორალური და სოციალური ასპექტები, რაც, მათ შორის, მოიცავს ცხოვრების ჯანსაღი წესის არჩევისა და მის შესაბამისად მოქმედების თავისუფლებას. აღნიშნულის საპირისპიროდ, სადავო ნორმის საფუძველზე, აიკრძალა სპორტული/სავარჯიშო დარბაზების ფუნქციონირება, რაც მოსარჩელეს ართმევს ამ დარბაზებით სარგებლობისა და ვარჯიშის შესაძლებლობას. ამდენად, მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის საკმარისი არაა მხოლოდ ძირითადი უფლების შეზღუდვაზე მითითება, აუცილებელია, მოსარჩელემ წარმოადგინოს არგუმენტაცია, რომელიც გარკვეული ხარისხით მიუთითებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/4/1416 განჩინება საქმეზე „„შპს სვეტი დეველოპმენტი“, „შპს სვეტი ჯგუფი“, „შპს სვეტი“, „შპს სვეტი ნუცუბიძე“, გივი ჯიბლაძე, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის N2/8/1496 განჩინება საქმეზე „თეკლა დავითულიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“). მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია ადასტურებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, თავისი არსით, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელების ფუნდამენტურ გარანტიას, რომელიც იცავს ადამიანის მიერ საკუთარი ცხოვრების საკუთარივე შეხედულებისამებრ წარმართვის თავისუფლებას. მიუხედავად დასახელებული ძირითადი უფლების უდიდესი მნიშვნელობისა დემოკრატიულ საზოგადოებაში, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით განმტკიცებული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება არ არის აბსოლუტური და იგი ექვემდებარება გარკვეულ შეზღუდვებს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/4/570 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“). შესაბამისად, მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად ამ უფლების შეზღუდვა, რიგ შემთხვევებში, გარდაუვალია და თავისთავად არაკონსტიტუციური არ არის.
6. მოცემულ შემთხვევაში ასევე ცალსახაა სადავო რეგულირების მიზანმიმართულება. კერძოდ, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების პირველი მუხლის თანახმად, ამ დადგენილების მიზნებია ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენცია, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირება და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სამართავად შესაბამისი ღონისძიებების განსაზღვრა. ამასთან, უდავოა ის გარემოება, რომ ახალი კორონავირუსი (COVID-19) ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2020 წლის 11 მარტს პანდემიად გამოცხადდა და სახელმწიფოს მიერ დადგენილი შეზღუდვების მიზანიც ამ გადამდებ დაავადებაზე შესაბამისი რეაგირება და ვითარების ნორმალიზაციაა. სპორტული/სავარჯიშო დარბაზების აკრძალვაც ერთ-ერთ ღონისძიებას წარმოადგენს, რომელიც ემსახურება ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების აღკვეთას და, ამ მხრივ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მიზნების არსებობას არც მოსარჩელე მხარე უარყოფს და, მეტიც, კონსტიტუციურ სარჩელში თავადაც მიუთითებს ამგვარ მიზნებსა და მათ ლეგიტიმურობაზე.
7. მაშასადამე, განსახილველ შემთხვევაში აშკარაა სადავო რეგულირების შემოღების ლეგიტიმური მიზნები, ისევე, როგორც ხელშესახებია ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებით მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხეები. იმ პირობებში, როდესაც სადავო რეგულაცია აშკარად თვითმიზნური არაა, მოსარჩელემ, ძირითადი უფლების შეზღუდვის ფაქტზე მითითების მიღმა, უნდა მოიყვანოს არგუმენტაცია, თუ რატომ მიიჩნევს, რომ სადავო გადაწყვეტა მიზნის მიღწევის არაპროპორციული და, შესაბამისად, არაკონსტიტუციური საშუალებაა. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესით უმჯობესდება პირის იმუნური სისტემა, რაც ახალ კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია და, რომ ვირუსის გავრცელების პრევენცია ასევე შესაძლებელი იყო სავარჯიშო დარბაზებში მკაცრი სანიტარული წესების დაცვითა და პირბადის სავალდებულო ტარებით.
8. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტაცია, თუ რატომ არის სპორტულ/სავარჯიშო დარბაზში ვარჯიში საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ ან კრიტიკულად მნიშვნელოვანი აქტივობა, რომლის შეზღუდვაც თავისთავად დაუშვებელია ან/და არ შეიძლება გამართლდეს საზოგადოების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის ლეგიტიმური მიზნებით. რა თქმა უნდა, გასაგებია მოსარჩელის ინტერესი, იცხოვროს ჯანსაღი წესით, ივარჯიშოს, მათ შორის, სპორტულ დარბაზებშიც. თუმცაღა მოცემულ შემთხვევაში, როდესაც უდავო ფაქტია, რომ ადამიანთა შორის ახლო ფიზიკური კონტაქტი, განსაკუთრებით კი პირთა დიდი რაოდენობის ერთ სივრცეში თავმოყრა, რაც სპორტულ დარბაზებში ჩვეულებრივი მოვლენაა, მნიშვნელოვნად ზრდის ვირუსის გავრცელების რისკებს, მხოლოდ ინდივიდუალურ დამოკიდებულებასა თუ პირად პრეფერენციებზე მითითება ვერ იქნება მიჩნეული საკმარის და რელევანტურ საფუძვლად შეზღუდვის არაკონსტიტუციურობის დასამტკიცებლად.
9. რაც შეეხება უფრო ნაკლებად შემზღუდველი რეგულაციების არსებობის არგუმენტს, უნდა აღინიშნოს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელება ხდება დაინფიცირებული ადამიანის რესპირაციულ წვეთებთან უშუალო კონტაქტით, რისი რისკიც თავისთავად იმატებს ისეთ ხალხმრავალ ადგილებში, სადაც რთულია დისტანციის დაცვა და მისი კონტროლი. აქედან გამომდინარე, ვირუსის გავრცელების შეჩერების ყველაზე ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა ადამიანთა შორის ფიზიკური კონტაქტის შეზღუდვა. ბუნებრივია, რომ, რაც უფრო მკაცრად შეიზღუდება ადამიანთა თავშეყრა და მათი უშუალო კონტაქტი, მით უფრო ნაკლებად მოხდება ვირუსის გავრცელება. რაც შეეხება პირბადითა და დისტანციის დაცვით ვარჯიშის შესაძლებლობას, ამგვარი ფორმები ვერ ჩაითვლება ვირუსის გავრცელების შეჩერების ისეთივე ეფექტურ საშუალებად, როგორიცაა სავარჯიშო დარბაზების საქმიანობის შეზღუდვა. სპორტულ/სავარჯიშო დარბაზებში, ხშირ შემთხვევებში, შეუძლებელია ვარჯიშის მსურველ პირთა რაოდენობის გაკონტროლება. ისევე, როგორც სხვადასხვა ფიზიკური აქტივობების განხორციელებისას, მათ შორის, უსაფრთხო დისტანციის დაცვა. ამასთან, ამდაგვარი სპორტული აქტივობებისას ხდება საერთო სავარჯიშო ინვენტარის გამოყენება, რაც ასევე შეიძლება გახდეს ვირუსის გავრცელების ხელშემწყობი გარემოება.
10. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავო ნორმით დაწესებული უფლების შეზღუდვის მიზნის ლეგიტიმურობა და მნიშვნელობა თვალნათელია, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, მოიყვანოს სათანადო არგუმენტაცია, თუ რატომ მიიჩნევს, რომ დადგენილი შეზღუდვა მიზნის მიღწევის არაპროპორციულ საშუალებას და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურ რეგულირებას წარმოადგენს. აღნიშნულის საპირისპიროდ, კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე მხოლოდ აბსტრაქტულად მიუთითებს, რომ სავარჯიშო დარბაზების ფუნქციონირების აკრძალვა ვარჯიშის მსურველი პირების თავისუფლების არაპროპორციული შეზღუდვაა. ამგვარი ზოგადი მითითება კი ვერ გამოდგება კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1555 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1555 კონსტიტუციური სარჩელი („გივი ლუაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი