იზოლდა რჩეულიშვილი და მანია ოსიტაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/9/884 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 11 დეკემბერი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 26 დეკემბერი 2020 18:45 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: იზოლდა რჩეულიშვილი და მანია ოსიტაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების დანართი №1-ით განსაზღვრული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „დახმარება შეიძლება დაენიშნოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც დასაქმებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში (უფლებამონაცვლე არ ჰყავს)“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოპასუხე მხარის, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები – ალექსანდრე თორია, ლალი თევდორაშვილი, თეა გვარამაძე და ბექა პატარაია; მოწმე – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის დახმარების ანაზღაურების განმსაზღვრელი უწყებათშორისი კომისიის სამდივნოს უფროსი ნატა როსტიაშვილი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 5 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №884) მომართეს იზოლდა რჩეულიშვილმა და მანია ოსიტაშვილმა. №884 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2017 წლის 6 აპრილს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2019 წლის 5 მარტს.
2. №884 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების დანართი №1-ით განსაზღვრული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს დახმარება ენიშნება იმ შემთხვევაში, თუ იგი დასაქმებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში, რომელსაც არ ჰყავს უფლებამონაცვლე.
4. №884 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლით დაცული იყო კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლება, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებდა სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სამართლის წინაშე თანასწორობა, ხოლო სამართლიანი სასამართლოს უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით.
6. №884 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები წარმოადგენენ შრომითი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პირების ოჯახის წევრებს - მეუღლეებს, რომელთაც მარჩენალის გარდაცვალების დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაენიშნათ ყოველთვიური სარჩო, თუმცა მარჩენალის გარდაცვალების გამო სარჩოს მიღების უფლება შეუწყდათ „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილების საფუძველზე. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებით იმ პირებს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც დაზარალდნენ სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში, აღუდგათ ყოველთვიური სარჩოს მიღების უფლება, თუმცა რამდენადაც მოსარჩელეთა მეუღლეები დასაქმებულნი იყვნენ სახელმწიფოს 100%-ზე ნაკლები წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში, ისინი კვლავ ვერ სარგებლობენ ყოველთვიური სარჩოს მიღების უფლებით.
7. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა არათანაბარ პირობებში აყენებს მარჩენალდაკარგულებს იმის მიხედვით, თუ რამდენ პროცენტიან წილს ფლობდა სახელმწიფო იმ საწარმოში, რომელში მუშაობის დროსაც გარდაიცვალა პირი. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ყოველთვიური სარჩოს მიღების მიზნებისათვის სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში მუშაობის შედეგად გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრები არიან იმ პირთა თანასწორები, რომლებმაც მარჩენალი დაკარგეს სახელმწიფოს 100%-ზე ნაკლები წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში და, ამ მხრივ, პირთა დიფერენცირება გაუმართლებელია. შესაბამისად, მოსარჩელეთა პოზიციით, სადავო ნორმა დისკრიმინაციული ხასიათისაა და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
8. მოსარჩელეები ასევე მიუთითებენ, რომ სადავო ნორმა ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რამდენადაც ვერ უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების სრულყოფილი დაცვის შესაძლებლობას. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სადავო ნორმის მოქმედების პირობებში ისინი ვერ ახერხებენ ყოველთვიური სარჩოს მიღების უფლების რეალიზაციას, რაც მათ უფლებას ილუზორულად აქცევს და გამორიცხავს სასამართლოს მეშვეობით უფლების აღდგენის შესაძლებლობას.
9. მოპასუხე მხარის საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე განმარტეს, რომ სადავო ნორმა საერთოდ არ ადგენს მარჩენალდაკარგული პირისათვის სარჩოს მიღების უფლებას და ამ უფლებით ვერც ის პირები ისარგებლებენ, რომლებმაც მარჩენალი დაკარგეს სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში. შესაბამისად, მოპასუხის პოზიციით, მარჩენალდაკარგულისათვის სარჩოს მიღების უფლების ასპექტში მოსარჩელეები არ არიან სადავო ნორმის სუბიექტები.
10. მოპასუხე მხარემ ასევე აღნიშნა, რომ ყოველთვიური სარჩოს გაცემა დაკავშირებულია სახელმწიფოს შეზღუდულ ეკონომიკურ რესურსებთან. რამდენადაც ამგვარ სარჩოს გააჩნია პირთა სოციალური უზრუნველყოფის მიზანი, სახელმწიფომ მიიჩნია, რომ უფრო მეტი პრიორიტეტი უნდა მინიჭებოდა სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში დაზარალებულ პირებს. მოპასუხის პოზიციით, სწორედ ასეთ შემთხვევაში ეკისრება სახელმწიფოს მეტი ვალდებულება იქ დასაქმებულ პირთა დაცვის გარანტიების შექმნის თვალსაზრისით, ვიდრე 100%-ზე ნაკლები წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში.
11. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ მოსარჩელეები არ წარმოადგენენ სადავო ნორმის სუბიექტს და არ იზღუდება მათი უფლებები, რის გამოც კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
12. საქმეზე მოწმედ მოწვეულმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის დახმარების ანაზღაურების განმსაზღვრელი უწყებათშორისი კომისიის სამდივნოს უფროსმა ნატა როსტიაშვილმა ისაუბრა უწყებათშორისი კომისიის სამდივნოს კომპეტენციასა მუშაობის წესზე, ასევე სოციალური დახმარების გაცემის პროცედურულ საკითხებზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №884 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მითითებული კონსიტუტიცური დებულებები ძალადაკარგულია. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას, დასახელებული დებულებების ნაცვლად, დაეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის შესატყვის დებულებებს. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლით დაცული იყო კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლება, ხოლო 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული იყო სამართლიანი სასამართლოს უფლება. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება განმტკიცებულია მე-11 მუხლის პირველი პუნქტით, ხოლო სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის დროული და სამართლიანი განხილვის უფლებებს განამტკიცებს 31-ე მუხლის პირველი პუნქტი.
2. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
3. განსახილველ საქმეში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების დანართი №1-ით განსაზღვრული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „დახმარება შეიძლება დაენიშნოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც დასაქმებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში (უფლებამონაცვლე არ ჰყავს)“ კონსტიტუციურობას, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. დასახელებული კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, „კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ეს ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). მისი მიზანია, არ დაუშვას არსებითად თანასწორ პირთა უთანასწორო მოპყრობა და პირიქით. ამასთანავე, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიზანს წარმოადგენს არა პირთა აბსოლუტური თანასწორობის მიღწევა, არამედ არსებითად თანასწორი პირებისადმი თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 14 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-8). შესაბამისად, სადავო ნორმის თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებასთან შესაფასებლად აუცილებელია, გამოიკვეთოს პირთა წრე, რომელთა შორისაც ხდება დიფერენცირებული მოპყრობა, რადგან თანასწორობის უფლების შეზღუდვას ადგილი ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა. ამისათვის კი, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გავამახვილოთ მოსარჩელე მხარის მიერ განსაზღვრულ შესადარებელ პირთა ჯგუფებსა და იმ პირთა წრეზე, რომელზეც ვრცელდება სადავო ნორმის რეგულირება.
5. კონსტიტუციური სარჩელიდან და თანდართული დოკუმენტაციიდან დგინდება, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ არა უშუალოდ საწარმოო ტრავმის შედეგად დაზარალებულ პირებს, არამედ მარჩენალდაკარგულებს - მათი მეუღლეები გარდაიცვალნენ სახელწმიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ტრავმის შედეგად. ამასთან, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა დიფერენცირებულ მდგომარეობაში აყენებს მარჩენალდაკარგულ პირებს იმისდა მიხედვით, თუ სახელმწიფოს რამდენ პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში მუშაობდა გარდაცვლილი მარჩენალი. შესაბამისად, მოსარჩელე შესადარებელ ჯგუფებად ასახელებს, ერთი მხრივ, სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში მუშაობის შედეგად გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრებს (მარჩენალდაკარგულებს), ხოლო, მეორე მხრივ, იმ პირებს, რომლებმაც მარჩენალი დაკარგეს სახელმწიფოს 100%-ზე ნაკლები წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში. აქედან გამომდინარე, უნდა შეფასდეს, ახდენს თუ არა სადავო ნორმა დასახელებულ პირთა ჯგუფებს შორის დიფერენცირებას.
6. „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების დანართი №1-ით განსაზღვრული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დახმარება შეიძლება დაენიშნოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც დასაქმებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში (უფლებამონაცვლე არ ჰყავს), 2007 წლის 1 იანვრამდე, დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება ამ დამსაქმებელთან მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით, შრომითი მოვალეობის შესრულებისას მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი. დასახელებული ნორმა დახმარების მიმღებ სუბიექტად განსაზღვრავს პირს, რომელსაც დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება ან შრომითი მოვალეობის შესრულებისას მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი. შესაბამისად, სადავო ნორმა ვრცელდება მხოლოდ უშუალოდ დაზარალებულ პირებზე და არ ადგენს მარჩენალდაკარგულთა მიერ დახმარების მიღების უფლებას. ამავე ლოგიკას ამყარებს ის გარემოებაც, რომ ხსენებული დადგენილება ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც დახმარების მიღების უფლება ენიჭება მარჩენალდაკარგულ პირს, ამაზე expressis verbis მიუთითებს. მაგალითად, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების დანართი №1-ით განსაზღვრული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-5 მუხლის 22 პუნქტის მიხედვით, დახმარება შეიძლება დაენიშნოს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც „საქნახშირის“ დეპარტამენტის შახტებში შრომითი მოვალეობის შესრულებისას დაზარალებული/გარდაცვლილი მარჩენლის დაკარგვის გამო დანიშნული ყოველთვიური „ზიანის ანაზღაურების სარჩოს“ გაცემა შეუწყდა 2007 წლის 1 მარტიდან. ანალოგიურ მითითებას აკეთებს ამავე მუხლის 23 პუნქტი სს „ჭიათურმანგანუმში“ დაზარალებულ/მარჩენალდაკარგულ პირთათვის დახმარების დანიშვნის შესახებ.
7. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სადავო ნორმა დახმარების დანიშვნის სუბიექტად მოიაზრებს მხოლოდ საწარმოო ტრავმის შედეგად უშუალოდ დაზარალებულ პირს და მისი სუბიექტთა წრე ამ უკანასკნელით ამოიწურება. მოსარჩელე მხარე კი უკეთეს სამართლებრივ მდგომარეობაში მყოფ პირებად მიუთითებს იმ პირებს, რომლებმაც მარჩენალი დაკარგეს სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში მუშაობის შედეგად ანუ ერთმანეთს ადარებს მარჩენალდაკარგულ პირთა წრეებს. რამდენადაც სადავო ნორმა საერთოდ არ ვრცელდება მარჩენალდაკარგულ პირებზე, იგი ვერ გამოიწვევს რაიმე ტიპის დიფერენცირებას მოსარჩელის მიერ დასახელებულ ჯგუფებს შორის.
8. ამავე დროს, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, იმსჯელოს, რამდენად წარმოადგენს მარჩენალდაკარგული პირი საწარმოო ტრავმის შედეგად უშუალოდ დაზარალებულის თანასწორ სუბიექტს. სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში (იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ”, II-19). მთავრობის სადავო დადგენილების მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს დაზარალებულთათვის გასაცემი სარგებლის ბუნებას და მიზანმიმართულებას - ესაა დაზარალებული პირების ფულადი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფა. შესაბამისად, საწარმოო ტრავმის შედეგად დაზარალებულ პირთათვის დახმარების გაცემას გააჩნია მათი სოციალური უზრუნველყოფის მიზანი და სწორედ ამ ურთიერთობის ფარგლებში უნდა დადგინდეს შესადარებელ პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი.
9. პირს, რომელსაც დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება ან რომლის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი, გარკვეული ხარისხით დაკარგული აქვს შრომის უნარი, იგი ვეღარ ახერხებს შრომით პროცესში სრულყოფილი მონაწილეობის მიღებას, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება მისი შრომის ანაზღაურებაზე. ამასთანავე, შრომითი დაავადებისა თუ კონკრეტული ჯანმრთელობის პრობლემის ქონამ შესაძლოა, ერთიორად გაზარდოს პირის ყოველდღიური ხარჯები. ამგვარი პირები, ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით მოწყვლადები არიან სოციალური გაჭირვების მიმართ და ნაკლებად შეუძლიათ საკუთარი ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა. ამ მხრივ, ხელისუფლებას, ერთი მხრივ, როგორც დამსაქმებელს, რომლის საწარმოში მუშაობისასაც დაზარალდა პირი, ხოლო, მეორე მხრივ, როგორც სოციალური სოლიდარობის იდეის მატარებელ სახელმწიფოს, გააჩნია ამ პირებზე ზრუნვის მომეტებული ვალდებულება.
10. ყოველთვიური სოციალური დახმარების გაცემის მიზნებისათვის, საწარმოო ტრავმის შედეგად დაზარალებული პირის თანასწორად ვერ განიხილება პირი, რომელმაც, მართალია, დაკარგა მარჩენალი, თუმცა თავად შესწევს უნარი დასაქმდეს, ეწეოდეს ეკონომიკურ საქმიანობას და საკუთარი შრომითი პოტენციალის სრულად გამოყენებით უზრუნველყოს სოციალური და ეკონომიკური საჭიროებების დაკმაყოფილება. ამ მხრივ, მოსარჩელე მხარეს კონსტიტუციურ სარჩელში არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტაცია, რომელიც ნათელს გახდიდა ზემოხსენებულ პირთა თანასწორობის საკითხს ან რაიმე ფორმით წარმოაჩენდა მარჩენალდაკარგულ პირთა მიმართ ანალოგიური სოციალური/ეკონომიკური საჭიროებების არსებობის ფაქტს. დასახელებულ ჯგუფთა შედარებიდან არათუ თავისთავად არ იკვეთება მათი თანასწორად მიჩნევის მართებულობა სოციალური დახმარების მიღების მიზნისათვის, არამედ მკაფიოდ ჩანს მათი განსხვავებული საჭიროებები სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით. აქედან გამომდინარე, ხსენებულ ასპექტთან მიმართებით, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №884 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების დანართი №1-ით განსაზღვრული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „დახმარება შეიძლება დაენიშნოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც დასაქმებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში (უფლებამონაცვლე არ ჰყავს)“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
12. მოსარჩელე მხარე ასევე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს, რამდენადაც აბრკოლებს სასამართლოს მეშვეობით მოსარჩელეთა უფლებების დაცვის შესაძლებლობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში არაერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა და მისი მიზანია ადამიანის უფლებების და კანონიერი ინტერესების სასამართლოს გზით ადეკვატური, ეფექტიანი დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა. სამართლიანი სასამართლოს უფლება „ქმნის კონსტიტუციითა თუ კანონით დაცული, აღიარებული რომელიმე უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის სასამართლოში დაცვის პროცესუალურ გარანტიას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/2/630 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს პირის საპროცესო უფლებას, მის შესაძლებლობას, საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი მატერიალური უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების შეზღუდვა სახეზეა იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმა ზღუდავს სასამართლოს გზით, უფლების დაცვის საპროცესო მექანიზმით ეფექტურად სარგებლობის შესაძლებლობას.
13. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმა, როგორც აღინიშნა, განსაზღვრავს სახელმწიფოს მხრიდან დახმარების მიმღებ სუბიექტთა წრეს ანუ კონკრეტული პირებისათვის ადგენს დახმარების მიღების მატერიალურ უფლებას. სადავო ნორმა არ არეგულირებს სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების საკითხებს, მის საფუძველზე არ ხდება სასამართლოსათვის მიმართვის ანდა ხსენებული უფლებით ეფექტურად სარგებლობისათვის საჭირო სხვა რომელიმე მოქმედების აკრძალვა. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად ცნობის ნაწილში, ეფუძნება მოსარჩელე მხარის მიერ სადავო რეგულირების ფარგლების და საქართველოს კონსტიტუციის დასახელებული დებულების შინაარსის არასწორ აღქმას.
14. ხსენებულის გათვალისწინებით, №884 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების დანართი №1-ით განსაზღვრული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „დახმარება შეიძლება დაენიშნოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც დასაქმებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში (უფლებამონაცვლე არ ჰყავს)“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №884 კონსტიტუციური სარჩელი („იზოლდა რჩეულიშვილი და მანია ოსიტაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი