იზოლდა რჩეულიშვილი და მანია ოსიტაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N884 |
ავტორ(ებ)ი | 1. იზოლდა რჩეულიშვილი 2. მანია ოსიტაშვილი |
თარიღი | 5 აპრილი 2017 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
მიგვაჩნია, რომ არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის არსებითად არმიღების საფუძვლები, რამდენადაც სარჩელი სრულად შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს და არ არსებოსბ ამავე კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი , კერძოდ სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს; იგი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ; მასში მითითებული სადავო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი და ის ამ ეტაპზე არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, დაცულია მისი შეტანის კანონით დადგენილი ვადა, სადავო აქტი წარმოადგენს ორგანული კანონს და შესაბამისად მის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოგახსენებთ, რომ 2013 წლის 1 მარტიდან სახელმწიფო იღებს ვალდებულებას მოქალაქეების იმ კატეგორიის სარჩო-პენსიით უზრუნველსაყოფად, რომლებიც დასაქმებულები იყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და დღეის მდგომარეობით ლიკვიდირებულ საწარმოებში (უფლებამონაცვლის არარსე-ბობის პირობებში), რომლებსაც 2007 წლის 1 იანვრამდე დადგენილი აქვთ პროფესიული დაავადება ამ დამსაქმებელთან მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მათ ჯანმრთელობას მიადგათ ზიანი (საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის დადგენილების #45 “შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე”).
სამწუხაროდ, აღნიშნული დადგენილების საფუძველზე სარჩო-პენსია აღუდგათ შრომითი მოვალეობის შესრულებისას მარჩენალდაკარგული და დაზარალებული მოქალაქეების მხოლოდ გარკვეულ რაოდენობას, ხოლო მოქალაქეთა იმ კატეგორიაზე, რომლებიც სახელმწიფოს 100%-ზე ნაკლები (მაგალითად-99,99%) წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებიდან იღებდნენ სარჩოს პენსიის სახით შეძენილი პროფესიული დაავადების ან საწარმოო ტრავმის შედეგად გარდაცვალებისა და დასახიჩრებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ნიშნით, მათზე ზემოთ აღნიშნული დადგენილებით სარჩოს გაცემა არ არის გათვალისწინებული. სწორედ აღნიშნულის გამო, ჩვენ ვეღარ ვიღებთ დახმარებას. A
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მთვარობის 2007 წლის 24 მარტის #53 დადგენილების საფუძველზე, შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის გამო ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურება შეუწყდა 1177 ბენეფიციარს, მათგან საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის #45 დადგენილების თანახმად, 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებელი ყოველთვიური დახმარების მიმღებია 995 მოქალაქე.
იმ ბენეფიციარებში, რომლებსაც ამ დადგენილების წესით აღუდგათ სარჩო პენსიის სახით არ არის გათვალისწინებული მარჩენალდაკარგულების და დაზარალებულების ის კატეგორია, რომლებიც სარჩოს ღებულობდნენ სახელმწიფოს 100%-ზე ნაკლები წილობრივი მონაწილეობით შექმნილი და დღეის მდგომარეობით ლიკვიდირებული საწარმოებიდან (უფლებამონაცვლის არარსებობის პირობებში).
ამ კატეგორიას განეკუთვნებიან ასევე ის მოქალაქეები, რომლებსაც სარჩო შეუწყდათ 2008 წელს სასამართლოში გადახდისუუნარობის საქმეების წარმოებაში მიღების განჩინებების საფუძველზე, რადგანაც საწარმოების გასხვისების დროს წინა ხელისუფლების მიერ, დაშვებულ იქნა შეცდომები და გასხვისების ხელშეკრულებებში არ იქნა დაცული მარჩენალდაკარგულთა და დაზარალებულთა ინტერესები, რის შედეგადაც ჩვენ 2008 წლიდან აღვმოვჩნდით დისკრიმინირებულ მდგომარეობაში და დარჩენილნი ვართ სარჩოს გარეშე. ამის ნათელი მაგალითია წინასწარ გასაკოტრებლად შექმნილი “ვითომ” საწარმო ს.ს. “ენერგია 21”, რომელიც ს.ს.ი.პ. “საწარმოთა მართვის სააგენტომ” გამოაცხადა მთელი რიგი ობიექტების (ს.ს. “საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია”; ს.ს. “ლაჯანურჰესი” და სხვა) სამართალმემკვიდრედ და კანონიერი სამართალმემკვიდრე ს.ს. “ენერგო პრო ჯორჯია”, რომელიც ფლობს ლიკვიდირებული ობიექტების ლიცენზიებს, საბუღალტრო დოკუმენტაციას, უძრავ და მოძრავ ქონებას, გაათავისუფლა სამართალმემკვიდრეობისგან და შესაბამისად ყოველთვიურად გასაცემი სარჩოების ვალდებულებებისგან, მაშინ როდესაც პირველ რიგში სწორედ მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო იყო ვალდებული გაეთვალისწინებინა ჩვენი უფლება-ინტერესები და ზემოაღნიშნული კომპანიებისათვის ქონებასთან ერთად გადაეყოლებინა ჩვენს მიმართ არსებული ვალდებულებები.
საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ არ დაიცვა შრომითი მოვალეობის შესრულებისას მარჩენალდაკარგული და დაზარალებული მოქალაქეების ინტერესები, რის გამოც ეს მოქალაქეები აღვმოვჩნდით დისკრიმინაციულ, მძიმე მდგომარეობაში.
შესაბამისობა კონსტიტუციის მე-14 მუხლთან:
სოციალურ ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობა თანამედროვე სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, რომელიც კონსტიტუციურ დონეზეა აღიარებული საქართველოში. უმთავრესი პრიციპები, რომელსაც ასეთი ღირებულებები ეფუძნება თანასწორობა და ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებებია. მათგან განსაკუთრებით გამორჩეული ცნებაა დისკრიმინაციის აკრძალვა.
სადავო ნორმა არის დისკრიმინაციული ხასიათის და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს იმ პირებს, რომლებიც დასაქმებულნი იყვნენს საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-ზე ნაკლები (თუნდაც 99,99%) წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოებში (უფლებამონაცვლე არ ჰყავთ), რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის დარღვევას კერძოდ: "ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა".
„საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განამტკიცებს ადამიანთა კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას. მისი ძირითადი არსი და მიზანი არის „ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად“ კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური უფლება ავალდებულებს სახელმწიფოს, არსებითად თანასწორ პირებს მოეპყროს თანასწორად, ხოლო უთანასწოროებს პირიქით.... საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დადგენილი უფლება არ შემოიფარგლება მხოლოდ მასში ჩამოთვლილი ნიშნების მიხედვით დისკრიმინაციის აკრძალვით. „საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს არა მხოლოდ კანონის წინაშე თანასწორობის ძირითად უფლებას, არამედ კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს. ... ამ მუხლში არსებული ნიშნების ჩამონათვალი, ერთი შეხედვით, გრამატიკული თვალსაზრისით, ამომწურავია, მაგრამ ნორმის მიზანი გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე მხოლოდ მასში არსებული შეზღუდული ჩამონათვალის მიხედვით დისკრიმინაციის აკრძალვა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის №2/2/565 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.)
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული სფერო არ შემოიფარგლება მხოლოდ მასში მითითებული ნიშნების საფუძველზე დისკრიმინაციის აკრძალვით. "კონსტიტუცია კრძალავს კანონის წინაშე არსებითად თანასწორთა უთანასწოროდ (ან პირიქით) გონივრული და ობიექტური დასაბუთების გარეშე მოპყრობის ნებისმიერ შემთხვევას.“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის №2/3/591 გადაწყვეტილება საქმეზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „თავისუფალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.)
„მე-14 მუხლზე მსჯელობისას პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება №2/1/536 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-19).
განსახილველ შემთხვევაში სახეზე გვაქვს განსხვავებული მოპყრობა რამდენადაც ჩვენ არ მოგვეცემა დახმარება მხოლოდ იმიტომ, რომ კომპანია, რომელიც გვიხდიდა დახმარებას საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანზე ნაკლები წილობრივი მონაწილეობით შექმნილი და ლიკვიდირებული საწარმოა (უფლებამონაცვლე არ ჰყავს), რაც არის ყოვლად დაუსაბუთებელი და დისკრიმინაციული.
„დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისაგან უნდა განვასხვავოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია...დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“,)
მაშასადამე, სახეზე გვაქვს გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით.
„დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასებისთვის ასევე შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელობა შემდეგ გარემოებას: დიფერენცირებულ პირებს რამდენად შეუძლიათ, საკუთარი ძალისხმევით შეამცირონ დიფერენციაციის ხარისხი ან აღმოფხვრან ის. ცხადია, ასეთი ვითარება, თავისთავად, ვერ გამორიცხავს დიფერენციაციის დისკრიმინაციულობას და ვერ უზრუნველყოფს კანონის წინაშე თანასწორობას. რადგან დამოუკიდებლად იმისგან, ადამიანს შეუძლია თუ არა საკუთარი ზეგავლენითა და ძალისხმევით ფაქტობრივი ვითარების შეცვლა, სახელმწიფო არ თავისუფლდება ვალდებულებისაგან, არ მოახდინოს პირთა დაუსაბუთებელი დიფერენციაცია. მაშასადამე, დიფერენციაციის ნეგატიური შედეგების საკუთარი ძალისხმევით აღმოფხვრის/შემცირების შესაძლებლობა დიფერენციაციის არადისკრიმინაციულობას ვერ უზრუნველყოფს, ის მხოლოდ დიფერენციაციის ინტენსივობის შესაფასებლად გამოდგება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/4/557,571,576 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19;).
„ვინაიდან ნებისმიერი სამართლებრივი წესრიგი მიზნისა და საშუალების მიმართებაზეა აგებული, ეს ავალდებულებს სახელმწიფოს, მიზნის მისაღწევად გამოიყენოს ისეთი საშუალება, რომლითაც როგორც ამ უკანასკნელის მიღწევა იქნება გარანტირებული, ასევე თანაზომიერების პრინციპი იქნება დაცული“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის N1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“ II-29).
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” II-60). პირის უფლების შემზღუდველი ნებისმიერი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ, ყველაზე ნაკლებად მზღუდველ საშუალებას. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სახელმწიფომ უნდა დაასაბუთოს, რომ არ არსებობს სხვა უფრო ნაკლებად მზღუდველი ღონისძიების გამოყენებით ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობა (2014 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №1/2/569 საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
აღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ დისკრიმინაცია სახეზეა, როდესაც პირს ხელი ეშლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობისას, არსებობს განსხვავებული მოპყრობა ანალოგიურ პირობებში მყოფი პირების მიმართ, არ არსებობს კანონით განსაზღვრული მიზანი, განსხვავებულ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და იგი დასახული მიზნის არათანაზომიერია.
შესაბამისობის დადგენა 42-ე მხულის პირველ პუნქტთან:
„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სასამართლო დაცვის ძირითადი უფლება ფორმალურად სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას ნიშნავს, ხოლო შინაარსობრივად - ადამიანის უფლებების სრულყოფილ სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს. სრულყოფილი დაცვა კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კანონმდებლის ვალდებულებას, შექმნას ისეთი ნორმატიული წესრიგი, რომელიც უზრუნველყოფს პირის უფლებას დროულ, სამართლიან და ეფექტიან სასამართლოზე, რათა პირმა სრულყოფილად შეძლოს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სასამართლოსადმი მიმართვის გზით. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა სასამართლოსადმი მიმართვის უფლების სრულყოფილი რეალიზაციის მნიშვნელობა სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის...საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოდ 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60)... საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლებასაც მოიცავს, უნდა იყოს არა ილუზორული, არამედ ქმნიდეს პირის უფლებებში ჯეროვნად აღდგენის რეალურ შესაძლებლობას და წარმოადგენდეს უფლების დაცვის ეფექტურ საშუალებას. (საქართველოს საკონსტიუციო სასამართოს 2014 წლის 24 დეკემბრის N 3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMჩ)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.)
სამართლიანი სასამართლოს უფლება არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება, „რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ადამიანების რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან, აღიდგინონ საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლება-თავისუფლებებში ჩარევისას, დაიცვას ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლების თითოეული უფლებრივი კომპონენტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური შინაარსით საკმარისი პროცედურული უზრუნველყოფა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა. სამართლიანი სასამართლოს უფლების კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიები უნდა უჩენდნენ ადამიანებს იმის განცდას, რომ ისინი შეძლებენ საკუთარი უფლებების/კანონიერი ინტერესების სასამართლოში დაცვას, ამასთან, უნდა იწვევდნენ სასამართლოს სამართლიანობის აღქმადობას საზოგადების მხრიდან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება №3/2/574 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59).
უფლების შემზღუდველი ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნის არსებობას. `სადავო აქტების შეფასებისას, პირველ რიგში, უნდა გაირკვეს ის მიზანი, რომელიც ამოძრავებდა კანონმდებელს მათი მიღებისას. თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით შეიძლება შეფასდეს კანონმდებლის მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალებათა კონსტიტუციურობა~ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება #1/2/411 საქმეზე „შპს `რუსენერგოსერვისი~, შპს `პატარა კახი~, სს `გორგოტა~, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო `ფერმერი~ და შპს `ენერგია~ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“). ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია. უფლების შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მიზნის მიღწევის არა მხოლოდ გამოსადეგ, არამედ ყველაზე ნაკლებად მზღუდველ, თანაზომიერ საშუალებასაც. `ვინაიდან ნებისმიერი სამართლებრივი წესრიგი მიზნისა და საშუალების მიმართებაზეა აგებული, ეს ავალდებულებს სახელმწიფოს, მიზნის მისაღწევად გამოიყენოს ისეთი საშუალება, რომლითაც, როგორც მიზნის მიღწევა იქნება გარანტირებული, ასევე თანაზომიერების პრინციპი იქნება დაცული.
თუმცა, ზემოაღნიშნულის ანალოგიურად, კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ ნაწილთან მიმართებითაც, გაურკევევლია უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი და შეუძლებელია შეზღუდვის პროპორციულობაზე საუბარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ არაკოსტიტუციურად ცნოთ სადავო დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი.
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა