რუსლან ალექსიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/16/1492 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 11 დეკემბერი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 26 დეკემბერი 2020 19:44 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: რუსლან ალექსიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „სახელმწიფო სტიპენდია“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 14 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1492) მომართა საქართველოს მოქალაქე რუსლან ალექსიძემ. №1492 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2020 წლის 15 აპრილს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 11 დეკემბერს.
2. №1492 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი, 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, „საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა შემოსავლების შემდეგი სახეები: მიღებული გრანტი, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, მაგროვებადი და დაბრუნებადი ხასიათის არასახელმწიფო საპენსიო სქემიდან მიღებული პენსია განხორციელებული შენატანების ოდენობით, სახელმწიფო სტიპენდია, დახმარებებისა და ერთჯერადი გასაცემლების მიზნით ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან ან/და ბიუჯეტის სარეზერვო ფონდებიდან მიღებული თანხები“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას.
5. №1492 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე რუსლან ალექსიძე არის კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით რეგისტრირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება „საქართველოს უნივერსიტეტის“ მაგისტრანტი და სამჯერ ჰქონდა მოპოვებული ამავე უნივერსიტეტის სტიპენდია. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმის სიტყვების „სახელმწიფო სტიპენდია“ თავსართი „სახელმწიფო“ კერძო ავტორიზებულ უნივერსიტეტებში რეგისტრირებულ ფიზიკურ პირებს, სტუდენტებს არ აძლევს ნორმატიულ საფუძველს, გათავისუფლდნენ საშემოსავლო გადასახადისგან სტიპენდიის ნაწილში, რაც სტუდენტებს შორის განსახვავებულ მოპყრობას განაპირობებს. კერძოდ, კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მიერ მიღებული სტიპენდია ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას იმ პირობებში, როდესაც ამგვარი საგადასახადო ვალდებულებისგან თავისუფლდება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში რეგისტრირებული სტუდენტის სტიპენდია.
6. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სტიპენდიის გამცემ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის არ არის რაიმე განმასხვავებელი ნიშანი, მიუხედავად იმისა, საგანმანათლებლო დაწესებულება დაფუძნებულია სახელმწიფოს თუ კერძო პირის მიერ, რადგან მათთვის დადგენილი ავტორიზაციისა და აკრედიტაციის გავლის წესი იდენტურია. ასევე, სტიპენდიის მიმღებ სუბიექტებს წარმოადგენენ სტუდენტები, რომელთაც გააჩნიათ თანაბარი უფლებრივი მდგომარეობა, თუმცა საგადასახადო შეღავათი მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს სასწავლებელში რეგისტრირებულ სტუდენტებზე ვრცელდება. შესაბამისად, სადავო ნორმა იდენტური სუბიექტების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას ადგენს, რითაც დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს კერძო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში რეგისტრირებულ სტუდენტებს.
7. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმით განსაზღვრულია თანასწორობის უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევა და დიფერენცირების შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს „მკაცრი ტესტი“. ასევე, განსხვავებული მოპყრობა არ ემსახურება რაიმე ლეგიტიმურ მიზანს.
8. ხსენებულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „სახელმწიფო სტიპენდია“ იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, რომელიც კერძო ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში რეგისტრირებულ სტუდენტებს ზღუდავს, გათავისუფლდნენ მიღებული სტიპენდიის საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრისგან.
9. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება, თუ მასში მითითებული არც ერთი სადავო საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო სტიპენდიის სახით მიღებული შემოსავალი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან. მოსარჩელე ითხოვს ხსენებული ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის გაუქმებას, რომელიც ზღუდავს კერძო ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების მიერ მიღებული სტიპენდიების საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათის კერძო ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგისტრირებულ სტუდენტებზე გაუვრცელებლობით, ირღვევა თანასწორობის უფლება. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად გააჩნია სადავო ნორმას მოსარჩელის მიერ მითითებული შინაარსი.
3. აღსანიშნავია, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი პუნქტი. დასახელებული ნორმების თანახმად, „რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის“. საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ადგენს ზოგადი წესიდან გამონაკლისს. იგი საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან ათავისუფლებს ფიზიკური პირის სხვადასხვა სახის შემოსავალს, მათ შორის, სახელმწიფო სტიპენდიას. მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმა საგადასახადო ვალდებულებისგან გათავისუფლების მარეგულირებელი წესია. მისი შინაარსი ამოიწურება სახელმწიფო სტიპენდიის მიღების შეთხვევაში საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან პირის გათავისუფლებით. სადავო ნორმა არ უკავშირდება კერძო ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების მიერ სტიპენდიის მიღების შემთხვევებს. შესაბამისად, მას არ გააჩნია მოსარჩელის მიერ მითითებული, შემზღუდავი შინაარსი.
4. მოსარჩელემ, რომელიც მიიჩნევს, რომ თანასწორობის უფლების მოთხოვნების გათვალისწინებით, მასზეც უნდა გავრცელდეს საგადასახადო შეღავათი, უნდა გაასაჩივროს საგადასახადო კოდექსის ის ნორმა, რომელიც მისი შემოსავლის დაბეგვრის საფუძველს ქმნის. არასახელმწიფო სტიპენდიის სახით მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძველს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი პუნქტი ქმნის, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არ არის გამხდარი.
5. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ სადავო ნორმაში სიტყვა „სახელმწიფო“ ქმნის ნორმატიულ რეალობას, რომელიც კერძო ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგისტრირებული სტუდენტების მიმართ საგადასახადო შეღავათის გაუვრცელებლობას განაპირობებს. მოთხოვნის ამგვარად დაყენებით, მოსარჩელე მხარე ფაქტობრივად ითხოვს, ხსენებული ნორმიდან კონკრეტული სიტყვის ამოღების გზით, საგამონაკლისო წესის ფარგლების გაფართოებას და, ამ გზით, არასახელმწიფო სტიპენდიით მიღებულ შემოსავალზე საგადასახადო შეღავათის გავრცელებას. მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული სიტყვის მექანიკური ამოღებით შესაძლებელია, ნორმის ტექსტი მოსარჩელისათვის სასურველი რედაქციით მოდიფიცირდეს. თუმცა სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად ფორმულირება და ნორმიდან კონკრეტული სიტყვის/სიტყვების ამოღებით, მისი მოქმედების ფარგლების გაფართოება არ შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ნეგატიური კანონმდებლის უფლებამოსილებას.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, მხოლოდ გააუქმოს სადავო ნორმა მთლიანად ან/და მისი რომელიმე ნაწილი/ნორმატიული შინაარსი, თუმცა მას არ შეუძლია დაადგინოს ახალი წესრიგი, გააფართოოს სადავო ნორმის მოქმედება და ა. შ. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გამოიხატოს მხოლოდ სადავო ნორმის რომელიმე ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობაში, მის გაუქმებაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის №3/6/642 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-22). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, თავისი არსით, „ასრულებს ნეგატიური კანონმდებლის ფუნქციას, გავლენას ახდენს ნორმაშემოქმედებით საქმიანობაზე – სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა (ნორმები) კარგავს იურიდიულ ძალას, მეტიც, კანონმდებელმა, ხშირ შემთხვევაში, უნდა მიიღოს ახალი, კონსტიტუციის შესაბამისი ნორმები, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყანაში ახალი წესრიგის დადგენას (შექმნას) კი არ ემსახურება, არამედ უზრუნველყოფს კონსტიტუციის უზენაესობას და ქმედითობას, ხელს უწყობს მის შესრულებას როგორც სახელმწიფოს, ისე ხალხის მიერ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18). „საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია მხოლოდ კანონმდებლობაში არსებული არაკონსტიტუციური რეგულაციების, წესებისთვის იურიდიული ძალის გაუქმებისა და მათთვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის რესურსის გაუქმების უფლებამოსილება. საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატს სცდება უფლებამოსილება, ძალადაკარგული სამართლებრივი ნორმების ნაცვლად კანონმდებლობაში დაადგინოს განსხვავებული, თუნდაც კონსტიტუციური წესები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის №3/6/642 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
7. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმას არ გააჩნია იმგვარი ნორმატიული შინაარსი, რომლის არაკონსტიტუციურად ცნობა არასახელმწიფო სტიპენდიით მიღებულ შემოსავალზე საგადასახადო შეღავათის გავრცელებას გამოიწვევს და, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებულ პრობლემას აღმოფხვრის. აღნიშნულ შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის რომელიმე ნაწილის/რომელიმე ნორმატიული შინაარსის გაუქმებას შესაძლებელია, შედეგად მოჰყვეს მხოლოდ სადავო ნორმით განსაზღვრული უფლებით მოსარგებლე პირთა კატეგორიის შემცირება და არა პირიქით. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება და კერძო ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგისტრირებულ სტუდენტებზე საგადასახადო შეღავათების გავრცელება ნორმის მოქმედების ფარგლების გაფართოებას მოითხოვს. მსგავსი მოთხოვნა „შინაარსობრივად კანონმდებლობაში პოზიტიური ჩანაწერის გაკეთების იდენტურია, რაც კანონშემოქმედებითი პროცესის ნაწილია და არა ნეგატიური, კანონმდებლის კომპეტენციის ფარგლებში გადასაწყვეტი საკითხი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის №3/6/642 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე – ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-24).
8. ამდენად, მოსარჩელე, ერთი მხრივ, ითხოვს სადავო ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის გაუქმებას, რომელიც მას არ გააჩნია და, მეორე მხრივ, სადავო ნორმის შინაარსის გაფართოებას სადავო ნორმიდან სიტყვის ამოღებით. ორივე მოთხოვნა კანონმდებლობაში პოზიტიური დანაწესის შექმნის იდენტურია. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს სცდება. ხსენებულის გათვალისწინებით, №1492 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1492 კონსტიტუციური სარჩელი („რუსლან ალექსიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი