რუსლან ალექსიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1492 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | რუსლან ალექსიძე |
თარიღი | 14 აპრილი 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა.საქართველოს საგადასახადო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „სახელმწიფო სტიპენდია“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ნორმატიული ჩანაწერით სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც დაფუძნებული არ არის სახელმწიფოს მიერ (კერძო ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება), ზღუდავს გათავისუფლდნენ საშემოსავლო გადასახადისგან მაღალი აკადემიური მოსწრების საფუძველზე გასაცემი სტიპენდიის ნაწილში და მათ ტოვებს დაბეგვრის რეჟიმში. |
საქართველოს კონსტიტუციის მე -11 მუხლის პირველი პუნქტი „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.”. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.“
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.“;
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი „საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით.... ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით;
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ... საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი“.
ამავე კანონის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი „საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: .........საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“.;
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311-ე და 313 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. „სარჩელში მოყვანილი არგუმენტები უნდა ცხადყოფდეს, რომ მოსარჩელის კონკრეტული უფლების სავარაუდო დარღვევა სწორედ გასაჩივრებული ნორმიდან მომდინარეობს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის №1/7/561,568 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
ამასთან, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
სადავო ნორმისა და კონსტიტუციის იმ დებულების, მოცემულ შემთხვევაში მე-11 მუხლის, აშკარა და ცხად შინაარსობრივ მიმართებასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი მიუთითებს კანონის წინაშე თანასწორობაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა შესაძლებელია, არა მხოლოდ კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობისას სავარაუდოდ დისკრიმინაციულ მოპყრობაზე, არამედ კანონიერი უფლებებისა და ინტერესებით სარგებლობისას სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის კონსტიტრუციასთან შესაბამისობასთან დაკავშირებითაც. მართალია, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო უზრუნველყოფს ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების და არა კანონიერი უფლება-ინტერესების დაცვას, მაგრამ აღნიშნული გზით დაცული იქნება კონსტიტუციის მე-11 მუხლით უზრუნველყოფილი კანონის წინაშე თანასწორობის ძირითადი უფლება, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. „თანასწორობის ძირითადი უფლება სხვა კონსტიტუციური უფლებებისგან იმით განსხვავდება, რომ ის არ იცავს ცხოვრების რომელიმე განსხვავებულ სფეროს. თანასწორობის პრინციპი მოითხოვს თანაბარ მოპყრობას ადამიანის უფლებებითა და კანონიერი ინტერესებით დაცულ ყველა სფეროში“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება № 1/1/493 „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელის არსებითად მიღების საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია სასამართლოს წარედგინოს ფორმალურად გამართული სარჩელი და ამასთან, სახეზე იყოს სუბიექტი, რომელსაც არსებული საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტით ზიანი ადგება.
მოცემულ შემთხვვევაში მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილია ფორმალურად გამართული სარჩელი, ხოლო, რაც ეხება ნორმატიულ მოწესრიგებას უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით მოწესრიგებულია საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების საკითხი, ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა შემოსავლების შემდეგი სახეები“ მათ შორის „ბ“ ქვეპუნქტი „მიღებული გრანტი, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, მაგროვებადი და დაბრუნებადი ხასიათის არასახელმწიფო საპენსიო სქემიდან მიღებული პენსია განხორციელებული შენატანების ოდენობით, სახელმწიფო სტიპენდია, დახმარებებისა და ერთჯერადი გასაცემლების მიზნით ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან ან/და ბიუჯეტის სარეზერვო ფონდებიდან მიღებული თანხები“
დასახელებული რეგულაცია საშემოსავლო გადასახადის გადახდისგან ათავისუფლებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, რომელიც დაფუძნებულია საგანმანათლებლო მიზნით და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ავტორიზებულია, მიერ გაცემულ სტიპენდიას.
ამავე ნორმის სიტყვები „სახელმწიფო სტიპენდია“, რომელიც სადავოდ არის გამხდარი, საშემოსავლო გადასახადის გადახდისგან, სტიპენდიის დაბეგვრის ნაწილში ათავისუფლებს , მხოლოდ იმ ფიზიკურ პირებს-სტუდენტებს, რომლებიც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში არიან რეგისტრირებულნი და მაღალი აკადემიური მოსწრების საფუძველზე მოპოვებული აქვთ სტიპენდია.
ხოლო დასახელებული სიტყვების თავსართი „სახელმწიფო“, კერძო ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში რეგისტრირებულ ფიზიკურ პირებს- სტუდენტებს ნორმატიული ჩანაწერით ზღუდავს გათავისუფლდნენ საშემოსავლო გადასახადისგან სტიპენდიის ნაწილში და მათ ტოვებს დაბეგრვის რეჟიმში.
წარმოდგენილი საკითხით, იკვეთება, რომ დასახელებული ნორმის მიღებისას გათვალისწინებულ იქნა არა სტუდენტები, ვის მიმართაც უშუალოდ სამართლებრივი შედეგი დგება, არამედ ის პირები, ვინც არიან კონკრეტული შემოსავლის გამცემები სუბიექტები და მათით მოხდა დიფერენციაცია. აღნიშნული ცალსახად არასწორია, შესაბამისად ქმნის უსამართლო და არაკონსტიტუციურ მოწესრიგებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით „დისკრიმინაციას წარმოადგენს არა მარტო ისეთი შემთხვევა, როდესაც საჯარო ხელისუფლების მოქმედება პირდაპირ ისახავდა მიზნად პირის ან პირთა ჯგუფის დისკრიმინაციას, არამედ ისეთიც, რომელსაც შედეგად მოჰყვა მათი de facto დისკრიმინაცია. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 14 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-8).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ სავარაუდო დისკრიმინაცია შეიძლება წარმოიშვას არა მხოლოდ საკანონმდებლო ღონისძიებებიდან, არამედ de facto შემთხვევიდანაც. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები: „კარლჰაინც შმიტდი გერმანიის წინააღმდეგ (Karlheinz Schmidt v. Germany)“ „ზარბ ადამი მალტას წინააღმდეგ (Zarb Adami v. Malta)“ ).
საკითხის უკეთ წარმოდგენისთვის უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება“. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად „საგადასახადო აგენტი არის პირი, რომელმაც ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით უნდა შეასრულოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება“. ამავე კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად „რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის“.
დასახელებული ნორმატიული მოწესრიგების თანახმად, გადასახადის გადამხდელი არის სტუდენტი, ვინაიდან სტიპენდია არის ფულადი სახით გამოხატული და მისი მიღებით სტუდენტი იღებს შემოსავალს. ხოლო საგადასახადო აგენტი არის უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, შესაბამისად სადავო ნორმის ადრესატი არის სტუდენტი, რომელსაც მიღებული შემოსავალი ებეგრება და არა პირი, რომელიც გასცემს სტიპენდიას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში დიფერენცირება სწორედაც, რომ შემოსავლის გამცემ პირზე მითითებით მოქმედებს, რაც იწვევს არათანაბარ მოპყრობას, შესაბამისად სახეზეა დისკრიმინაციას.
რაც ეხება სუბიექტს, ვინც არსებულ ნორმას ასაჩივრებს რამდენად არის ის პირი, ვისაც უშუალო ზიანი ადგება განვმარტავთ, რომ მოსარჩელე, რუსლან ალექსიძე არის შპს „საქართველოს უნივერსიტეტის“ მაგისტრანტი (სტუდენტის სტატუსი -აქტიური), მოსარჩელეს 2016-2017წწ, 2017-2018წწ და 2018-2019წწ აკადემიურ წლებში მოპოვებული აქვს ამავე უნივერსიტეტის სტიპენდია, მაღალი აკადემიური მოსწრების საფუძველზე, ამასთან მოსარჩელე დღეის მდგომარეობითაც იღებს სტიპენდიას, ხოლო მიღებული სტიპენდია კი დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით, (იხ. დანართები).
ყოველივე იქედან გამომდინარე, ვინაიდან საკითხი განხილულ უნდა იქნეს, იმ ჭრილში, რომ უნდა იბეგრებოდეს თუ არა კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სტიპენდია, სახეზეა სუბიექტი, ვისთვისაც დასახელებული რეგულაცია უშუალოდ კავშირშია. ასევე, დასახელებული ნორმატიული მოწესრიგება უშუალოდ წარმოშობს იმ შედეგს, რომელიც მოსარჩელის მიერ სადავოდ არის გამხდარი, კერძოდ, სადავო ნორმით არ თავისუფლდება სტუდენტთა ნაწილი საშემოსავლო გადასახადის, სტიპენდიის დაბეგვრის ნაწილში მაშინ, როდესაც ნაწილი გათავისუფლებულია ამ გადასახადისაგან. ამასთან წარმოდგენილ სარჩელში მითითებაა, იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი მოპყრობა იწვევს არსებითად თანასწორ პირთა მიმართ უთანასწორო დამოკიდებულებას, რაც წარმოადგენს დისკრიმინაციას და შესაბამისად, კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობის უფლების დარღვევას.
წინამდებარე სარჩელში წარმოდგენილია არაერთი ნორმა და სასამართლო პრაქტიკა, რომელიც ერთი შეხედვით რთულ სამართლებრივ ჩარჩოს ქმნის. საკითხის განხილვისას, ერთი წუთით, რომ ჩამოვშორდეთ იურისპროდენციას და პრობლემა განვიხილოთ არაიურიდიულად, მოცემულობა იქნება შემდეგი: გვყავს ორი სტუდენტი ერთი მაგალითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და მეორე შპს „საქართველოს უნივერსიტეტის“, ორივე მათგანი სტიპენდიანტია, ხოლო სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტი შემოსავლის 100%-ს იღებს, ხოლო კერძო უნივერსიტეტის სტუდენტი შემოსავლის 80%-ს. საკითხის გადაწყვეტა ძალიან მარტივია, რა თქმა უნდა, - ასეთი მიდგომა ლოგიკურ ზღვრებში არ თავსდება.
წარმოდგენილი პოზიციის გათვალისწინებით სახეზეა სარჩელის წარმოებაში მიღების ყველა წინაპირობა.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით მოწესრიგებულია საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების საკითხი, ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად „საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა შემოსავლების შემდეგი სახეები“ მათ შორის „ბ“ ქვეპუნქტი „მიღებული გრანტი, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, მაგროვებადი და დაბრუნებადი ხასიათის არასახელმწიფო საპენსიო სქემიდან მიღებული პენსია განხორციელებული შენატანების ოდენობით, სახელმწიფო სტიპენდია, დახმარებებისა და ერთჯერადი გასაცემლების მიზნით ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან ან/და ბიუჯეტის სარეზერვო ფონდებიდან მიღებული თანხები“.
დასახელებული რეგულაცია საშემოსავლო გადასახადის გადახდისგან ათავისუფლებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, რომელიც დაფუძნებულია საგანმანათლებლო მიზნით და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ავტორიზებულია, მიერ გაცემულ სტიპენდიას.
ამავე ნორმის სიტყვები „სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია“ „სახელმწიფო სტიპენდია“, რომელიც სადავოდ არის გამხდარი, საშემოსავლო გადასახადის გადახდისგან, სტიპენდიის დაბეგვრის ნაწილში ათავისუფლებს , მხოლოდ იმ ფიზიკურ პირებს-სტუდენტებს, რომლებიც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებში არიან რეგისტრირებულნი და მაღალი აკადემიური მოსწრების საფუძველზე მოპოვებული აქვთ სტიპენდია.
ხოლო დასახელებული სიტყვების თავსართი „სახელმწიფო“, კერძო ავტორიზებულ უნივერსიტეტებში რეგისტრირებულ ფიზიკურ პირებს- სტუდენტებს არ აძლევს ნორმატიულ საფუძველს გათავისუფლდნენ საშემოსავლო გადასახადისგან სტიპენდიის ნაწილში.
დასახელებული პოზიციის მაგალითია მოსარჩელე, კერძოდ, რუსლან ალექსიძე (პ/ნ 01005031532), რომელიც შპს „საქართველოს უნივერსიტეტში“ სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამაზე ჩაირიცხა 2014 წელს. სწავლების მაღალი ხარისხიდან გამომდინარე სწავლება გააგრძელა ამავე უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე, ჩარიცხვის ბრძანება N640/18 (დანართი #2).
მოსარჩელეს საბაკალავრო და სამაგისტრო სწავლებისას სამი აკადემიური წლის განმავლობაში მაღალი აკადემიური მოსწრების საფუძველზე სამჯერ აქვს მოპოვებული სტიპენდია. კერძოდ, სამაგისტრო სწავლებისას ერთხელ- 2018 – 2019 სასწავლო წლის სტიპენდია (დანართი #4) და საბაკალავრო სწავლებისას ორჯერ - 2016-2017 წლის და 2017-2018 წლის სასწავლო სტიპენდია (დანართი #5, დანართი #6).
შპს „საქართველოს უნივერსიტეტის“ წესის თანახმად სტიპენდიის ჩარიცხვა ეტაპობრივად ხდება, იმ შემთხვევაში თუ სტუდენტი ერთი კურსის, სასწავლო წლის განმავლობაში მოიპოვებს სტიპენდიას, დადგენილი თანხა მას ეტაპობრივად ერიცხება სექტემბრის თვიდან მომდევნო 8 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით (დანართი #10).
შპს „საქართველოს უნივერსიტეტის“ საბაკალავრო და სამაგისტრო სწავლების დებულების 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „თუ შედეგების საშუალო არანაკლებ 91-ია სტუდენტს ეძლევა სტიპენდია. სტიპენდიის მიღების წინაპირობაა წლიური 60 კრედიტის დაგროვება და სტუდენტის სტატუსის შენარჩუნება“. დასახელებული წესი გულისხმობს, რომ „საქართველოს უნივერსიტეტში“ სტიპენდია გაიცემა წელიწადში ერთხელ, თუკი სტუდენტს გავლილი აქვს 60 კრედიტი და საშუალო ქულა 91 მაინცაა.
ამასთან, ამავე უნივერსიტეტის 2019 წლის 02 ოქტომბერს გაცემული ცნობით N06-12662 დგინდება, რომ სტიპენდიის ოდენობა შეადგენს 1000 ლარს, რომელიც იბეგრება საშემოსავლო გადასახადით და სტუდენტს ხელზე ერიცხება 800 ლარი. (დანართი #3)
სადავო მუხლების ნორმატიული შინაარსის უფრო მეტი კონკრეტიკის და სწორად გააზრების მიზნით, მოსარჩელემ 2019 წლის 09 სექტემბერს მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს შემდეგი შინაარსის წერილით: „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად გთხოვთ მაცნობოთ, საშემოსავლო გადასახადით ამავე კოდექსის 82-ე მუხლის გათვალისწინებით იბეგრება თუ არა სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გაცემული სტიპენდია; კერძო ავტორიზებული უნივერსიტეტის მიერ გაცემული სტიპენდია;“(დანართი 7). დასახელებული წერილის პასუხად 2019 წლის 27 სექტემბერს შემოსავლების სამსახურისგან მიღებულ იქნა პასუხი, რომლის თანახმადაც განიმარტა მოქმედი რეგულაციები და განმცხადებელს მიეთითა „ზემოაღნიშნულის თანახმად, საშემოსავლო გადასახადისაგან თავისუფლდება სახელმწიფო სტიპენდია; სხვა შემთხვევაში, სტიპენდია ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას, კანონმდებლობით დადგენილი წესით“, (დანართი #8).
გარდა ამისა რუსლან ალექსიძემ სსიპ შემოსავლების სამსახურისგან მოითხოვა საგადასახადო ორგანოში დაცული პერსონალური ინფორმაცია, კერძოდ, საშემოსავლო გადასახადის გადახდის თაობაზე-გადახდილი თანხის ოდენობის და საგადასახადო აგენტის მითითებით. (დანართი #9)
სსიპ შემოსავლების სამსახურისგან მოწოდებული დოკუმენტაციის შესაბამისად დგინდება, რომ შპს „საქართველოს უნივერსიტეტი“ გასაცემ თანხას აფიქსირებს 125 ლარს, საიდანაც 25 ლარი მიერმართება საშემოსავლო გადასახადის გადასახდელად. (დანართი #10)
განსახილველ შემთხვევაში არსებითად საინტერესოა გამოიკვეთოს სუბიექტების უფლებრივი მდგომარეობა, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან საშემოსავლო გადასახადისგან სტიპენდიის ნაწილში და პირები, რომლებიც იბეგრებიან სტიპენდიის ნაწილში. ამასთან, მნიშვნელოვანია შეფასდეს სუბიექტების უფლებრივი მდგომარეობა, ვინც გასცემს სტიპენდიას აკადემიური მოსწრების საფუძველზე.
სუბიექტი, რომლის მიერ გაცემული სტიპენდიაც არ იბეგრება არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის იურიდიული ფორმაა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
ხოლო სუბიექტი, რომლის მიერ გაცემული სტიპენდიაც იბეგრება არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირი, ან კერძო პირის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
საქართველოში არსებული საკანონმდებლო მოწესრიგება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირების უფლების მოპოვების მიზნით წესრიგდება საქართველოს კანონით „უმაღლესი განათლების შესახებ“. დასახელებული კანონით ავტორიზაციის და აკრედიტაციის გავლის სტანდარტები არ განასხვავებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის სამართლებრივ ფორმას, ანუ პრიორიტეტი არ ენიჭება, იმას, რომ მაძიებელი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირია თუ კერძო სამართლის პირი. შესაბამისად, ამ ნაწილში სუბიექტები, რომლებიც გასცემენ სტიპენდიას უფლებრივ ნაწილში არიან ერთი და იმავე ხარისხში, ვინაიდან ავტორიზაციის გავლის წესი მათთვის იდენტურია.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება სახელმწიფოს მიერ იყოს დაფუძნებული უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი განამტკიცებს ავტონომიის პრინციპს, რაც გულისხმობს „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის თავისუფლებას, დამოუკიდებლად განსაზღვროს და განახორციელოს აკადემიური, საფინანსო-ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა“.
ყოველივე აქედან გამომდინარე რაიმე განმასხვავებელი ნიშანი სახეზე არ არის სტიპენდიის გამცემ სუბიექტს შორის.
რაც ეხება სტიპენდიის მიმღებ სუბიექტს, მოცემულ შემთხვევაში სტუდენტის სტატუსის მქონე პირი ცალსახად არის ფიზიკური პირი. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქათველოს კანონის „ჰ14“ ქვეპუნტქის თანახმად სტუდენტი განმარტებულია შემდეგნაირად „სტუდენტი − პირი, რომელიც ამ კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად, აგრეთვე პირი, რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელიც ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ასრულებს სასწავლო კომპონენტის ან/და კვლევითი კომპონენტის ნაწილს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან/და დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში/საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − უნივერსიტეტთან არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში/საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში“. დასახელებული კანონი სტუდენტის დეფინიციის სხვაგვარ განმარტებას არ ითვალისწინებს.
მოცემული გარემოების და საკანონმდებლო მოწესრიგების გარეშე ყოფით ცხოვრებაში ბევრი დასაბუთება არ სჭირდება, იმას, რომ სახელმწიფო თუ კერძო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში სწავლების მიუხედავად, სტუდენტთა უფლებრივი მდგომარეობა იდენტურია.
კანონის წინაშე თანასწორობის უფლება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით, რომლის თანახმად: „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“.
კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს. მისი მიზანია, არ დაუშვას არსებითად თანასწორის უთანასწოროდ მოპყრობა და პირიქით. (საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის N2/6/623 გადაწყვეტილება „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პირველად მე-14 მუხლის (ძველი რედაქცია) კონსტიტუციურ სამართლებრივ შინაარსზე 2003 წლის 07 ნოემბერს იმსჯელა და აღნიშნა შემდეგი: „კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბრად აღიარებას და დაცვას, რომელიც იმყოფება თანაბარ პირობებში და კანონით განსაზღვრული საკითხის მიმართ აქვს ადეკვატური დამოკიდებულება. აღნიშნული პრინციპი მოიცავს ხელისუფლების საკანონმდებლო საქმიანობის სპექტრს, რათა მოხდეს თანაბარ პირობებსა და გარემოებებში მყოფი ინდივიდებისთვის თანაბარი პრივილეგიების მინიჭება და თანაბარი პასუხისმგებლობის დაკისრება. განსხვავებული საკანონმდებლო რეგულირება, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში არ ჩაითვლება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევად. კანონმდებელს უფლება აქვს, კანონით განსაზღვროს განსხვავებული პირობები, მაგრამ ეს განსხვავება უნდა იყოს დასაბუთებული, გონივრული და მიზანშეწონილი. ამასთან, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს დიფერენცირებულობის თანაბარი დონე ერთსა და იმავე პირობებში მყოფი სუბიექტებისთვის“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილება № 2/7/219 „საქართველოს მოქალაქეები - ჯანო ჯანელიძე, ნინო უბერი, ელეონორა ლაგვილავა და მურთაზ თორდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი წარმოადგენს თანასწორობის იდეის ნორმატიულ გამოხატულებას – „კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
„საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის (ძველი რედაქცია) მიზანს წარმოადგენს არა პირთა აბსოლუტური თანასწორობის მიღწევა, არამედ არსებითად თანასწორი პირებისადმი თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 14 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-8).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის (ძველი რედაქცია) შინაარსსა და მოცულობის თაობაზე განმარტავს: „ამ მუხლში არსებული ნიშნების ჩამონათვალი, ერთი შეხედვით, გრამატიკული თვალსაზრისით, ამომწურავია, მაგრამ ნორმის მიზანი გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე მხოლოდ მასში არსებული შეზღუდული ჩამონათვალის მიხედვით დისკრიმინაციის აკრძალვა. მხოლოდ ვიწრო გრამატიკული განმარტება გამოფიტავდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს და დააკნინებდა მის მნიშვნელობას კონსტიტუციურსმარათლებრივ სივრცეში“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება N 2/7/219- „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
აღნიშნული განმარტებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს არა მხოლოდ კანონის წინაშე თანასწორობის ძირითად უფლებას, არამედ კანონის წინშე თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ ცალსახად დაადგინა, რომ დისკრიმინაციის აკრძალული ნიშნების ჩამონათვალი, განვრცობილად უნდა განიმარტოს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში მოხსენიებულია ადამიანის თავისუფლება და კანონის წინაშე თანასწორობა. ამასთან დაკავშირებით საგულისხმოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება: „ამ ნორმაში კანონის წინაშე თანასწორობა მოხსენიებულია ადამიანის თავისუფლებასთან ერთად, რაც უდავოდ მიანიშნებს თანასწორობის მნიშვნელობაზე ადამიანის თავისუფლებისთვის - ადამიანის უფლებები ერთნაირად არის თითოეული ადამიანის კუთვნილება, ამიტომ მათ უნდა ჰქონდეთ ერთნაირი ხელმისაწვდომობა მათზე (უფლებებით სარგებლობაზე), მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი თავისუფლების სრულყოფილად შეგრძნება“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება N 1/1/539, II-20 – „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ „სამართალშემოქმედს აკისრია კონკრეტული საკითხის არადისკრიმინაციულად მოწესრიგების ვალდებულება. აღნიშნული ვალდებულება თან სდევს სამართალშემოქმედების პროცესს, იმის მიუხედავად, იგი მიმართულია კონსტიტუციური უფლებებისა თუ კანონირი ინტერესების რეგულირებისკენ“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 14 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-8).
მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა სუბიექტთა უფლებრივი იდენტურობა სახელმწიფო საშემოსავლო გადასახადის, კერძოდ, სტიპენდიის დაბეგვრის ნაწილში იდენტური სუბიექტების მიმართ განსხვავებულ მოწესრიგებას გვთავაზობს, რითაც დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს კერძო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში რეგისტრირებულ სტუდენტებს, ერთის მხრივ, მათ ვისაც მოპოვებული აქვს სტიპენდია და მეორეს მხრივ, მათ ვინც იბრძვიან მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის, ვინაიდან მიიღონ სტიპენდია.
მოცემული საკანონმდებლო ნორმების, საგადასახადო ორგანოს განმარტების და პრაქტიკაში განხორციელებული დაბეგვრის სისტემის თანახმად ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დგინდება, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საკითხი, კერძოდ, გარემოება, რომ კერძო უმაღლესი სასწავლო დაწესებულების მიერ გაცემული სტიპენდია (აკადემიური მოსწრების საფუძველზე) იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულების მიერ გაცემული სტიპენდია გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადის გადახდისგან.
არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად: „ამ კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად“
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-12 ოქმის პირველი მუხლის თანახმად: „1. კანონით დადგენილი ნებისმიერი უფლებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად.
2. დაუშვებელია საჯარო ხელისუფლების მხრიდან ვინმეს დისკრიმინაცია პირველ პუნქტში აღნიშნული რომელიმე საფუძვლით“.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, კონვენციის მე-14 მუხლის მოქმედების გავრცელებისათვის, ადგილი უნდა ჰქონდეს განსხვავებულ მოპყრობას ანალოგიურ, ან არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ. (ადამაინის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები: „კორნტანტინ მარკინი რუსეთის წინააღმდეგნ (Konstantin Markin v. Russia)“ „გრაციანი-ვაისი ავსტრიის წინააღმდეგ (Graziani-Weiss v. Austria)“ „ვაგნერი და ჯ.მ.ვ.ლ. ლუქსემბურგის წინააღმდეგ (Wagner and J.M.W.L. v. Luxembourg)“ „კლიფტი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Clift v. the United Kingdom)“).
ობიექტურ და გონივრულ გამართლებასთან მიმართებით ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლება ნიშნავს იმას, რომ მოპყრობა ლეგიტიმურ მიზანს უნდა ისახავდეს მიზნად და უნდა არსებობდეს გონივრული თანაბარზომიერება ჩარევის ღონისძიებასა და დასახულ მიზანს შორის. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ითვალისწინებს სახელმწიფოთა დისკრეციას, შეაფასოს, გამართლებულია თუ არა განსხვავებული მოპყრობა და რა ხარისხით. სახელმწიფოს ეს ფარგლები განსხვავდება განსახილველი საკითხის და წინმსწრები მოვლენების შესაბამისად. უმეტესწილად, მიხედულების ფარგლები ფართოა ეკონომიკური ან სოციალური სტრატეგიის ზოგადი ღონისძიებების შემთხვევაში, ვინაიდან სახელმწიფო უკეთ იცნობს თავის საზოგადოებას და მის საჭიროებებს. შესაბამისად სახელმწიფო ხელისუფლება ძირითადად, საერთაშორისო მოსამართლეზე უკეთ აფასებს საჯარო ინტერესს სოციალურ ან ეკონომიკურ მონაცემებზე დაყრდნობით. ამიტომ, ევროპული სასამართლო, ზოგადად პატივს სცემს კანონმდებლის პოლიტიკურ არჩევანს, გარდა იმ შემთხვევისა როცა იგი „აშკარა გონივრულ საფუძველსაა მოკლებული“. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები: „პეტროვიჩი ავსტრიის წინააღმდეგ (Petrovic v. Austria)“ „აბდულაზიზი, კაბალესი და ბალქანდალი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Abdulaziz, Cabales and Balkandali v. The United Kingdom)“ „სტეკი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Stec and others v. United Kingdom)“).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პირდაპირ დისკრიმინაციასთან მიმართებით განმარტავს, რომ პირდაპირი დისკრიმინაცია შედგება შემდეგი ელემენტებისგან: არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირთა განსხვავებული მოპყრობა, თუ ამ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება. უნდა დადგინდეს, რომ სხვა პირებს, რომლებიც ანალოგიურ ან არსებითად მსგავს მდგომარეობაში იმყოფებიან, უკეთესად ეპყრობიან. განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლება ნიშნავს იმას, რომ მოპყრობა ლეგიტიმურ მიზანს უნდა ისახავდეს და უნდა არსებობდეს გონივრული თანაბრზომიერება ჩარევის ღონისძიებასა და დასახულ მიზანს შორის. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები: „ვილისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Willis v. the United Kingdom)“ „კორნტანტინ მარკინი რუსეთის წინააღმდეგნ (Konstantin Markin v. Russia)“ „პეტროვიჩი ავსტრიის წინააღმდეგ (Petrovic v. Austria)“).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ დაადგინა ევროკონვენციის მე-14 მუხლის დარღვევა საქმეზე „ლუჩაკი პოლონეთის წინააღმდეგ“ სადაც პოლონეთში მცხოვრები ფრანგი ფერმერი ჩიოდა, რომ მას უარი ეთქვა სპეაციალური სოციალური დახმარების პოლონურ პროგრამაში ჩასმაზე, რომელიც კონკრეტულად პოლონელი ფერმერების დასახმარებლად შეიქმნა, რადგან ამ პროგრამით სარგებლობა მხოლოდ პოლონელებს შეეძლოთ. ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ ფერმერი თანაბარ მდგომარეობაში იყო პოლონელ ფერმერებთან, რომლებიც სარგებლობდნენ სპეციალური რეჟიმით, ვინაიდან მას ჰქონდა პოლონეთის მუდმივი რეზიდენტის სტატუსი. ის ასევე იხდიდა გადასახედებს, ისევე როგორც წარმოშობით პოლონელები და შესაბამისად თავისი წვლილი შეჰქონდა სოციალური უზრუნველყოფის მექანიზმების დაფინანსებაში. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ არსებითად თანასწორ მდგომარეობაში მყოფი სუბიექტების მიმართ დაუშვებელია უთანასწორო მოპყრობა, მათ შორის ეკონომიკური და სოციალური საჭიროებების ნაწილში, მით უფრო როდესაც უთანასწორო მოპყრობას არ აქვს გამართლება. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება: „ლუჩაკი პოლონეთის წინააღმდეგ - Luczak v. Poland“).
ყოველივე ზემოთ ხსენებული მიუთითებს გარემოებაზე, რომ კანონის ნორმატიული შინაარსი სწორადაა აღქმული და გაანალიზებული. ვინაიდან, სადავოდ გამხდარი საკითხზე მითითება ხდება თანასწორობის უფლებაზე დარღვევით, დასახელებული უფლების დარღვევის შეფასებისას მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, რომელი ტესტის გამოყენებაა მართებული.
“საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი (ძველი რედაქცია) კრძალავს როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ დისკრიმინაციას. იმავდროულად, არსებითად თანასწორი პირების მიმართ ნებისმიერი განსხვავებული მოპყრობა თავისთავად დისკრიმინაციას არ ნიშნავს. ცალკეულ შემთხვევაში, საკმარისად მსგავს სამართლებრივ ურთიერთობებშიც კი, შესაძლოა დიფერენცირებული მოპყრობა საჭირო და გარდაუვალიც იყოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. გგანსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას. ზოგადად, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე, კონსტიტუციურ უფლებებში ჩარევისას სახელმწიფომ კერძო პირებთან მიმართებით არ უნდა მიიღოს გონივრულ საფუძველს მოკლებული და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები.”(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3)
„დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სადავო ნორმების შეფასებისას სასამართლო იყენებს რაციონალური დიფერენცირების ან შეფასების მკაცრ ტესტს. საკითხი, თუ რომელი მათგანით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ, წყდება სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის, ჩარევის ინტენსივობისა და დიფერენცირების ნიშნის გათვალისწინებით. კერძოდ, თუ არსებითად თანასწორ პირთა დიფერენცირების საფუძველია კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე ნიშანი ან სადავო ნორმა ითვალისწინებს უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას - სასამართლო გამოიყენებს შეფასების მკაცრ ტესტს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/4/603 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-8).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასების კრიტერიუმები განსხვავებული იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დიფერენციაციის ბუნებიდან, რეგულირების სფეროდან გამომდინარე. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში გადამწყვეტი იქნება, არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
წინამდებარე საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად მკაცრი ტესტის გამოყენების პირდაპირი საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან სახეზე არ არის კანონში უშუალოდ განსაზღვრული დისკრიმინაციის ფორმა, შესაბამისად ასეთ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს, რა დონის ინტენსივობით ხდება უფლებაში ჩარევა.
განსახილველ შემთხვევაში უკვე აღინიშნა, რომ სახეზეა ორი თანაბარი სუბიექტი და მათ მიმართ სახეზეა განსხვავებული მოპყრობა. განსხვავებული მოპყრობა ვლინდება საგადასახადო შეღავათის დაწესებაში, კერძოდ, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების მიერ გაცემული სტიპენდია თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან, ხოლო სხვა შემთხვევაში გაცემული სტიპენდია იბეგრება.
ხაზგასასმელია გარემოება, რომ ასეთი მიდგომით საგადასახადო ტვირთი აწვება სტუდენტს, რომელიც კერძო უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტად არის რეგისტრირებული. სტიპენდიის მოპოვების საფუძველია მაღალი აკადემიური მოსწრება, რომელიც მარტივი მისაღწევი არ არის. ამასთან გასაცემი სტიპენდია უმრავლეს შემთხვევაში არის მწირი, კერძოდ, მოსარჩელის შემთხვევაში დაუბეგრავი სახით 1000 ლარი, რომელიც ნახევარი სემესტრის გადასახადის ოდენობასაც ვერ უტოლდება, ხოლო სხვა შემთხვევებში არც ერთი სტიპენდია არ არის იმ ოდენობის, რომელიც უზრუნველყოფდა სწავლის საფასურის (2250 ლარის) გათანაბრებას.
სტიპენდიის მოპოვების სირთულესთან დაკაშირებით აღვნიშნავთ, რომ შპს „საქართველოს უნივერსიტეტში“ მოქმედებს ყოველკვირეული წერითი (ქვიზების) შეფასების სისტემა, წერის (ქვიზის) გაცდენის შემთხვევაში მისი აღდგენა არ ხდება. დასაშვებია მხოლოდ შუალედური ან ფინალური გამოცდის აღდგენა. იმის გათვალისწინებით, რომ „საქართველოს უნივერსიტეტში“ სტიპენდია გაიცემა წლიური საშუალოს გამოთვლით აღნიშნული გულისხმობს, რომ მთელი სასწავლო წლის განმავლობაში (ორი სასწავლო სემესტრი) სტუდენტმა არ უნდა გააცდინოს არც გამოცდები და არც ქვიზები, ანუ ყველა სხვა აქტივობა უნდა დაიგეგმოს ისე, რომ არ დაემთხვეს ლექციებს და ასევე, ავადმყოფობის შემთხვევაშიც, ან ავად არ უნდა გახდეს ან/და მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა გამოცხადდეს ლექციაზე და დაწეროს ქვიზი.
ამასთან, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ სტუდენტი არის პირი, ვისაც სახელმწიფოს მხრიდან ყველაზე მეტად ესაჭიროება ხელშეწყობა, ვინაიდან სწავლების პროცესი ხელს უწყობს კვალიფიკაციის ამაღლებას, შესაბამისად, მიღებული ცოდნის ქვეყნის ინტერესებით სასარგებლოდ წარმართვას.
გასათვალისწინებელია, რომ სტუდენტებში 18 დან 25 წლამდე ასაკი პროცენტულად ყველაზე მაღალია, დასახელებული ასაკის პირები კი ითვლებიან ახალ თაობად, რომლებიც გამოდიან დამოუკიდებლად ცხოვრების ასპარეზზე და დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგამენ პროფესიაში.
საქართველოს რეალობაში დადგენილია, რომ სტაჟირება არაანაზღაურებადია, სტუდენტები ცდილობენ სწავლების პარალელურად დაეუფლონ პრაქტიკულ უნარჩვევებს, შესაბამისად ამ პირობებში მათთვის თითოეული თეთრი მნიშვნელოვანია.
ინტენსივობის შეფასებისას, ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს სფერო, სადაც ჩარევა ხდება. საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებს არეგულირებს საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საგადასახადო სფერო კი მეტად სპეციფიურია თავისი მოწესრიგებით, თითოეული გადასახადის თუ განაკვეთის არსებობა პირდაპირ პროპორციულად მოქმედებს გადასახადის გადამხდელზე. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლამდე რედაქციის 94-ე მუხლის მე-4 პუნქტი ადგენდა: „საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. რეფერენდუმის დანიშვნის ინიციირების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობას“. მიუხედავად იმისა, რომ დასახელებული ნორმა აღნიშნული რედაქციით აღარ არსებობს, მნიშვნელოვანია საკითხის შეფასებისას ამ ნორმაზე აპელირება იმ კუთხით, რომ სახელმწიფო იმდენად მნიშვნელოვან სფეროდ აღიარებდა საგადასახო სისტემას, რომ ახალი გადასახადის შემოღება ან საგადასახადო განაკვეთის გაზრდა შესაძლებელი იყო მხოლოდ რეფერენდუმის- ხალხის თანხმობის შემთხვევაში.
ამასთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად „აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან“.
ყოველივე ამ ნორმატიული საფუძვლებიდან დგინდება, რომ სფერო არის სპეციფიკური და არსებითად გადამწყვეტი გადასახადის გადამხდელებისთვის. განსაკუთრებით მაშინ როდესაც გადასახადის გადამხდელს წარმოადგენს სტუდენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“ დასახელებული ნორმის თანახმად დიფერენცირების ინტენსივობა გამოიხატება სტიპენდიის 20 % ის დაკავებაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ვინაიდან, საგადასახადო გადასახადი პირდაპირ და უშუალოდ მოქმედებს გადასახადის გადამხდელზე, სუბიექტია სტუდენტი, რომლის ფინანსური მდგომარეობა უკვე განიმარტა, სახეზეა მაღალი ინტენსივობით ჩარევა უფლებაში, შესაბამისად საკითხის შეფასებისას გამოყენებულ უნდა იქნეს „მკაცრი ტესტი“.
რაც ეხება იმ საკითხს, თუ რატომაა აღნიშნული განსხვავება სახელმწიფოს პოზიცია არ აქვს თუ რას ემსახურება ასეთი დიფერენცირებული მოპყრობა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაერთი დისკუსია გამართულა შეხვედრების ფორმატში და სახელმწიფო ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ასაბუთებს არსებული საკითხის მართებულობას. ამასთან, შეუძლებელია სახელმწიფომ წარმოადგინოს რაიმე არგუმენტაცია, რაც კონსტიტუციურ ჭრილში გაამართლებს განსხვავებულ მოპყრობას და დასაბუთებული იქნება ნებისმიერი სტადარტით.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვები „სახელმწიფო სტიპენდია“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ნორმატიული ჩანაწერით სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც დაფუძნებული არ არის სახელმწიფოს მიერ (კერძო ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება), ზღუდავს გათავისუფლდნენ საშემოსავლო გადასახადისგან მაღალი აკადემიური მოსწრების საფუძველზე გასაცემი სტიპენდიის ნაწილში და მათ ტოვებს დაბეგვრის რეჟიმში.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა