შ.პ.ს. "აკვაპარკი" და მანანა მიქავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/12/1463 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 11 დეკემბერი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 26 დეკემბერი 2020 19:21 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში − სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი − წევრი;
მანანა კობახიძე − წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი − წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: შპს „აკვაპარკი“ და მანანა მიქავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებთან, მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-18 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან, მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 34-ე მუხლთან, 59-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-60 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-4 პუნქტის „ა“ და „კ“ ქვეპუნქტებთან და მე-5 პუნქტთან მიმართებით:
ა) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №52 განკარგულების კონსტიტუციურობა;
ბ) „2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის (საკრებულო, გამგეობა) სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის №317 ბრძანების კონსტიტუციურობა;
გ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქონებისა და ვალდებულებების ახალ მუნიციპალიტეტებს - თვითმმართველ თემს „ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა“ და თვითმმართველ ქალაქ „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს“ შორის გადანაწილების შესახებ ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №71 განკარგულების კონსტიტუციურობა;
დ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №71 განკარგულებით დამტკიცებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქონებისა და ვალდებულებების ახალ მუნიციპალიტეტებს - „ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა“ და „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს“ შორის გადანაწილების შესახებ ნუსხის თანდართული დანართის კონსტიტუციურობა;
ე) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №74 განკარგულების კონსტიტუციურობა;
ვ) 2014 წლის 31 ივლისის უძრავი ქონების მიღება-ჩაბარების აქტის კონსტიტუციურობა;
ზ) ზუგდიდის რაიონული სასამართლოს №020210015813243 (2/439-15) საქმეზე მიღებული 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების კონსტიტუციურობა;
თ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის №02/8306 წერილის კონსტიტუციურობა;
ი) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №03/664 წერილის კონსტიტუციურობა.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 3 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1463) მომართეს შპს „აკვაპარკმა“ და მანანა მიქავამ. №1463 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2019 წლის 3 დეკემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 11 დეკემბერს.
2. №1463 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტები, მე-6 მუხლი, მე-11 მუხლის პირველი პუნქტი, მე-18 მუხლის პირველი პუნქტი, მე-19 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტები, 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, 34-ე მუხლის პირველი პუნქტი, 59-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, მე-60 მუხლი, 62-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტები და 75-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №52 განკარგულება (შემდგომში ასევე მოხსენიებულია როგორც „№52 განკარგულება“) განსაზღვრავს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონებისა და ვალდებულებების გადანაწილების შესახებ წინადადების მომზადების მიზნით დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხს, ადგენს აღნიშნული სამუშაო ჯგუფის მოქმედების ვადას და განკარგულების ამოქმედებისა და გასაჩივრების ვადებს.
4. „2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის (საკრებულო, გამგეობა) სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის №317 ბრძანებით (შემდგომში ასევე მოხსენიებულია როგორც „№317 ბრძანება“) განსაზღვრულია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გასატარებელი სალიკვიდაციო ღონისძიებების საკითხი, დადგენილია აღნიშნული სალიკვიდაციო ღონისძიების გატარებაზე პასუხისმგებელი ორგანო, ასევე განსაზღვრულია სალიკვიდაციო ღონისძიების დასრულების ვადა, ბრძანების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი პირი და ბრძანების ამოქმედებისა და გასაჩივრების ვადები.
5. „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქონებისა და ვალდებულებების ახალ მუნიციპალიტეტებს - თვითმმართველ თემს „ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა“ და თვითმმართველ ქალაქ „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს“ შორის გადანაწილების შესახებ ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №71 განკარგულებით (შემდგომში ასევე მოხსენიებულია როგორც „№71 განკარგულება“) დამტკიცდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქონებისა და ვალდებულებების ახალ მუნიციპალიტეტებს შორის გადანაწილების შესახებ ნუსხა, განკარგულების ძალაში შესვლის თარიღი და მისი გასაჩივრების ვადა. ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №71 განკარგულებით დამტკიცებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქონებისა და ვალდებულებების ახალ მუნიციპალიტეტებს - „ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა“ და „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს“ შორის გადანაწილების შესახებ ნუსხის თანდართული დანართის (შემდგომში ასევე მოხსენიებულია როგორც „№71 განკარგულებით“ დამტკიცებული დანართი) შესაბამისად, უძრავი ქონების №1 დანართის თანახმად №73 უძრავი ქონება (შპს „აკვაპარკის“ ქონება) აისახა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქონებისა და ვალდებულებების ახალ მუნიციპალიტეტებს შორის გადანაწილების ნუსხაში.
6. „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №74 განკარგულება (შემდგომში ასევე მოხსენიებულია როგორც „№74 განკარგულება“) განსაზღვრავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სალიკვიდაციო კომისიის შემადგენლობას და მის უფლებამოსილებას, ადგენს აღნიშნული კომისის უფლებამოსილების ვადას, ასევე განკარგულების ამოქმედებისა და გასაჩივრების ვადებს. „№74 განკარგულების“ თანახმად, სალიკვიდაციო აქტი გაფორმდა 2014 წლის 31 ივლისის უძრავი ქონების მიღება-ჩაბარების აქტით (შემდგომში ასევე მოხსენიებულია როგორც უძრავი ქონების მიღება-ჩაბარების აქტი), რომლის თანახმადაც განისაზღვრა ახლად შექმნილი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები უძრავი ქონების ნუსხა, რომლის №1 დანართის თანახმადაც №73 უძრავი ქონება (შპს „აკვაპარკის“ ქონება) მიიღო ახლად შექმნილმა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა.
7. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს №020210015813243 (2/439-15) საქმეზე მიღებული 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით (შემდგომში ასევე მოხსენიებულია როგორც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება) დაკმაყოფილდა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი და მოიშალა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა (ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამონაცვლე) და შპს „აკვაპარკს“ შორის 2008 წლის 31 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.
8. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის №02/8306 აქტი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №03/664 აქტი წარმოადგენს შპს „აკვაპარკისა“ და მანანა მიქავას წარმომადგენლის, შესაბამისად, №742/03 და №8387/02 განცხადებებით დასმული საკითხების შესახებ მერიისა და საკრებულოს წერილობით პასუხებს.
9. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან“. ამავე მუხლის მე-4 პუნქტი კი ადგენს, რომ „სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის ზოგადი წესი და მათი იერარქია განისაზღვრება ორგანული კანონით“. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო“. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება“. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით კი „ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან“. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით „საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე“. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები“. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი „ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება“. საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ „სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საქართველოს საერთო სასამართლოები“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, „საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. მისი შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით“. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სასამართლო ხელისუფლებას ახორციელებს საკონსტიტუციო სამართალწარმოების წესით“. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულია საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი საკითხები, რომლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლო „ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით“, ხოლო ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით ახორციელებს კონსტიტუციით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. აღნიშნული მუხლის მე-5 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა. არაკონსტიტუციურად ცნობილი აქტი ან მისი ნაწილი კარგავს ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, თუ შესაბამისი გადაწყვეტილება არ ადგენს აქტის ან მისი ნაწილის ძალის დაკარგვის სხვა, გვიანდელ ვადას“.
10. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ 2008 წლის 31 დეკემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „აკვაპარკის“ დირექტორს, მანანა მიქავას შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „აკვაპარკს“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა ქ. ზუგდიდში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნაგებობა. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო 2012 წლის ბოლომდე საპრივატიზაციო ქონებაზე განეხორციელებინა კონკრეტული სამშენებლო ღონისძიებები, თუმცა, ვინაიდან მანანა მიქავა 2011 წლის 13 სექტემბრიდან 6 წლის ვადით იმყოფებოდა პატიმრობაში, მან აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №31 განკარგულებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა ზემოაღნიშნული ხელშეკრულება. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით კი დადგინდა, რომ საკრებულოს სრულყოფილად არ შეუსწავლია ის გარემოებები, რაც ნასყიდობის ხელშეკრულების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი გახდა. შესაბამისად, სასამართლომ ბათილად ცნო საკრებულოს №31 განკარგულება და დაავალა საკრებულოს, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. გასაჩივრებული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 5 თებერვლის განჩინებით ძალაში დარჩა იგივე არგუმენტაციით. მოსარჩელის განმარტებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები არ შეუსრულებია და აღნიშნული გადაწყვეტილებები დღემდე შეუსრულებელია.
11. ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების 2014 წლის მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან გაუქმდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და შეიქმნა ორი ახალი მუნიციპალიტეტი: ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ ქალაქ ზუგდიდის მერიამ 2015 წლის 17 მარტის ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმში მიუთითა, რომ იგი არ არის გაუქმებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის უფლებამონაცვლე და 2014 წლამდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შემსრულებელი ვერ გახდებოდა. შესაბამისად, ამ მიზეზით მერიამ არ შეასრულა შპს „აკვაპარკის“ სასარგებლოდ მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებები. მან შპს „აკვაპარკის“ განცხადებების საფუძველზე თავიდან დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევის გამოსასწორებლად შპს „აკვაპარკს“ განუსაზღვრა 60 დღიანი ვადა. ვინაიდან აღნიშნულ ვადაშიც არ შესრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, მერიის განცხადების საფუძველზე, ჯერ ყადაღა დაედო შპს „აკვაპარკის“ უძრავ ქონებას და შემდგომ, 2015 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით მოიშალა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა (ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამონაცვლე) და შპს „აკვაპარკს“ შორის 2008 წლის 31 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.
12. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია არ წარმოადგენს ხელშეკრულების მხარეს შპს „აკვაპარკისთვის“. ვინაიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს სალიკვიდაციო დოკუმენტებით დგინდება, რომ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „აკვაპარკის“ უძრავი ქონება კანონიერად არ გადასცემია სამართავად. ამავდროულად, მოსარჩელის განცხადებით, ლიკვიდირებულ საკრებულოს მერიისთვის არ გადაუცია უფლებამოსილება, შეესრულებინა სასამართლოს ის გადაწყვეტილებები, რომლითაც სწორედ საკრებულოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. შესაბამისად, მოსარჩელის განმარტებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ლიკვიდაციასთან ერთად მოხდა შპს „აკვაპარკის“ ვალდებულების ლიკვიდაციაც. რაც გულისხმობს იმას, რომ შპს „აკვაპარკი“ თავისუფალია ვალდებულებისგან და მას უნდა დაუბრუნდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უკანონოდ წართმეული ქონება.
13. მოსარჩელის განმარტებით, კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი დოკუმენტები ყალბია და არ შეიძლება ისინი ჩაითვალოს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტებად. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სალიკვიდაციო ღონისძიებები კანონმდებლობის დაცვით არ განხორციელებულა. კერძოდ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ გააყალბა 2014 წლის 31 ივლისის უძრავი ქონების მიღება-ჩაბარების აქტი და, ამ გზით, შექმნა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისთვის შპს „აკვაპარკის“ ქონების სამართავად გადაცემის სამართლებრივი საფუძველი. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ აქტი შედგენილია იმ დროს, როცა საკრებულო და გამგეობა უკვე გაუქმებულია და მას არ აქვს გაუქმებული საკრებულოს ბეჭედი. ამავდროულად, აქტში მითითებული 2014 წლის 13 ივნისის №2 ოქმი სინამდვილეში არ არსებობს.
14. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ მის მიერ სადავოდ გამხდარი განკარგულებები და №317 ბრძანება არ შეიცავს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით დადგენილი აქტის გამოცემისთვის საჭირო რეკვიზიტებს. კერძოდ, სადავო განკარგულებებსა და ბრძანებას არ აქვს მისი გამომცემი ორგანოს სარეგისტრაციო ნომერი, რის გამოც არ შეიძლება ისინი მივიჩნიოთ იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტებად. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ასევე დარღვეულია №317 ბრძანების მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, სალიკვიდაციო ღონისძიებები უნდა დამთავრებულიყო ახალი მერიის უფლებამოსილების ცნობისთანავე, თუმცა უძრავი ქონების მიღება-ჩაბარების აქტი და №74 განკარგულება გამოცემულია აღნიშნული უფლებამოსილების ცნობის შემდეგ. ამავდროულად, №317 ბრძანება საერთოდ არ უთითებს №74 ბრძანების გამოცემის შესახებ. შესაბამისად, აღნიშნული აქტები წინააღმდეგობაში მოდის როგორც კონსტიტუციის მოთხოვნებთან, ისე საქართველოს მთავრობის №363 დადგენილებასთან.
15. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით, მერიამ მთელი რიგი კანონდარღვევებით ჩაიგდო ხელში შპს „აკვაპარკის“ ქონება, რითაც დღემდე ირღვევა შპს „აკვაპარკის“ საკუთრების უფლება. მოსარჩელის განმარტებით, მერიამ იმავე საქმეზე დაიწყო დავა სასამართლოში, რომელზეც უკვე არსებობდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ შპს „აკვაპარკის“ სასარგებლოდ მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილბა. ამავდროულად, აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი განკარგულებები, მათი კანონიერების შემოწმების გარეშე, სასამართლომ დასაყრდენ მტკიცებულებად მიიჩნია. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო გადაწყვეტილება იმავე მოსამართლემ გამოიტანა, რომელსაც აღნიშნული საქმე 2013 წლის 13 სექტემბერს უკვე განხილული ჰქონდა ადმინისტრაციული დავის ფარგლებში, რითაც დაირღვა სსსკ-ის 29-ე მუხლის მოთხოვნა საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებითი მონაწილეობის დაუშვებლობაზე. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული, ამავდროულად, წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან.
16. ამდენად, მოსარჩელე მხარის განმარტებით შპს „აკვაპარკს“ მის მიმართ მიმდინარე დავის ფარგლებში არ მიეცა საშუალება, ესარგებლა კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოსა და სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლებით, ვინაიდან დღემდე შეუსრულებელია მის სასარგებლოდ მიღებული კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები. ამავდროულად, შპს „აკვაპარკის“ უძრავი ქონება დღემდე უკანონოდაა მიტაცებული ქ. ზუგდიდის მერიის მიერ, რითაც ილახება მისი საკუთრების უფლებაც. შესაბამისად, ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო აქტების არაკონსტიტუციურად ცნობას.
17. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე სადავო აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე, ვინაიდან მათი მოქმედების პირობებში შპს „აკვაპარკს“ წართმეული აქვს კუთვნილი ქონების უკან დაბრუნების უფლება. მოსარჩელე მხარე ასევე შუამდგომლობს საქმეზე, მოწმის სახით, რიგი პირების დაკითხვის თაობაზე, რომლებიც სასამართლოს მიაწვდიან მნიშვნელოვან ინფორმაციას საქმის სწორად გადაწყვეტისთვის.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სახეზეა სადავო ნორმიდან მომდინარე უფლებრივი შეზღუდვა, რომელიც მიემართება მის მიერ მითითებულ კონსტიტუციის დებულებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1463 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი რიგი დოკუმენტები, რომლებიც აწესრიგებს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გასატარებელი სალიკვიდაციო ღონისძიებების ცალკეულ საკითხებს. მოსარჩელე მხარე, ამავდროულად, სადავოდ ხდის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მოიშალა ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „აკვაპარკს“ შორის 2008 წლის 31 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. მოსარჩელე მხარე სადავო დოკუმენტების არაკონსტიტუციურობის სამტკიცებელად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ აღნიშნული დოკუმენტები ყალბია და არ შეიძლება ისინი ჩაითვალოს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტებად. ამავდროულად, მოსარჩელის მითითებით, არც ერთი მათგანი არ შეიცავს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით დადგენილი აქტის გამოცემისთვის საჭირო რეკვიზიტებს. კერძოდ, სადავო განკარგულებებსა და ბრძანებას არ აქვს მისი გამომცემი ორგანოს სარეგისტრაციო ნომერი. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სადავო გადაწყვეტილებით დარღვეულია სსსკ-ის 29-ე და 266-ე მუხლების მოთხოვნები, ვინაიდან აღნიშნულ საკითხზე უკვე არსებობდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და, ამავდროულად, სადავო გადაწყვეტილება იმ მოსამართლის მიერ იქნა მიღებული, რომელსაც აღნიშნული დავა შპს „აკვაპარკის“ სასარგებლოდ უკვე განხილული ჰქონდა ადმინისტრაციული დავის ფარგლებში.
3. შესაბამისად, მოსარჩელე მიუთითებს სადავო აქტების საფუძველზე კანონის დარღვევაზე, მათ კანონსაწინააღმდეგობაზე და ამ ფორმით ცდილობს მათი არაკონსტიტუციურობის მტკიცებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, კანონის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის წარმოჩენისკენ მიმართული არგუმენტაცია თვისობრივად განსხვავდება კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის დასაბუთებისგან. შესაბამისად, კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობაზე მითითება ვერ გამოდგება უფლების შეზღუდვის დასაბუთების თვითკმარ საფუძვლად (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ნოემბრის №1/9/1343 განჩინება საქმეზე, „„სს ტრანსსერვისი“ და ლევან ალაფიშვილი საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14). ამგვარად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია სადავო ნორმების კანონთან შეუსაბამობის თაობაზე, ვერ იქნება განხილული სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის თაობაზე წარმოდგენილ დასაბუთებად. მოსარჩელის მიერ დაფიქსირებული პოზიციიდან არ იკვეთება, კანონთან შეუსაბამობის მიღმა, კონკრეტულად რაში გამოიხატება სადავო აქტებიდან გამომდინარე მის მიერ მითითებული კონსტიტუციური უფლებების დარღვევა. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არ არის დასაბუთება სადავო აქტების არაკონსტიტუციურობის შესახებ.
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1463 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1463 კონსტიტუციური სარჩელი („შპს „აკვაპარკი“ და მანანა მიქავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი