საქართველოს მოქალაქე მანილა ზიროვა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/10/1210 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 11 დეკემბერი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 26 დეკემბერი 2020 18:50 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: მანილა ზიროვა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების დანართი №1-ით განსაზღვრული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-5 მუხლის 21, 22, 23 პუნქტების კონსტიტუციურობა, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი – მიხეილ გელუკაშვილი;მოპასუხე მხარის, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები – ალექსანდრე თორია, ლალი თევდორაშვილი, თეა გვარამაძე და ბექა პატარაია; მოწმე – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის დახმარების ანაზღაურების განმსაზღვრელი უწყებათშორისი კომისიის სამდივნოს უფროსი ნატა როსტიაშვილი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1210) მიმართა საქართველოს მოქალაქე მანილა ზიროვამ. №1210 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2017 წლის 8 მაისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2019 წლის 5 მარტს.
2. №1210 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების დანართი №1-ით განსაზღვრული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს დახმარების მიმღებ პირთა წრესა და პირობებს. აღნიშნული მუხლის 21 პუნქტის თანახმად, შესაბამისი პირობების არსებობისას დახმარება ენიშნება საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სამოქალაქო ავიაციის სისტემაში მუშაობისას დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება ან შრომითი მოვალეობის შესრულებისას დამსაქმებლის ბრალეულობით მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი. ამავე მუხლის 22 პუნქტის თანახმად, შესაბამისი პირობების არსებობისას დახმარება ენიშნება საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც „საქნახშირის“ დეპარტამენტის შახტებში შრომითი მოვალეობის შესრულებისას დაზარალებული/გარდაცვლილი მარჩენლის დაკარგვის გამო დანიშნული ყოველთვიური „ზიანის ანაზღაურების სარჩოს“ გაცემა შეუწყდა 2007 წლის 1 მარტიდან, ხოლო 23 პუნქტის საფუძველზე, დახმარება შეიძლება დაენიშნოს ასევე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სს „ჭიათურმანგანუმში“ შრომითი მოვალეობის შესრულებისას დაზარალებული/გარდაცვლილი მარჩენლის დაკარგვის გამო დანიშნული ყოველთვიური „ზიანის ანაზღაურების სარჩოს“ გაცემა შეუწყდა 2007 წლის 1 მარტიდან.
4. №1210 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან და 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლით დაცული იყო კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლება, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქენი თანასწორი არინ სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა.
5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სამართლის წინაშე თანასწორობა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა, უფლება აქვთ, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში ან საჯაროდ.
6. №1210 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს წარმოადგენს ავიაციის სისტემაში შრომითი მოვალეობის შესრულების დროს ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო მარჩენალდაკარგულ პირს, რომელსაც მარჩენალის გარდაცვალების დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაენიშნა ყოველთვიური სარჩო, თუმცა სარჩოს მიღების უფლება შეუწყდა „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილების საფუძველზე.
7. მოსარჩელის განმარტებით, სადავოდ გამხდარი ნორმები დახმარების მიღების უფლებას ანიჭებს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სამოქალაქო ავიაციის სისტემაში მუშაობისას დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება ან შრომითი მოვალეობის შესრულებისას დამსაქმებლის ბრალეულობით მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი, ასევე „საქნახშირის“ დეპარტამენტის შახტებში და სს „ჭიათურმანგანუმში“ შრომითი მოვალეობის შესრულებისას დაზარალებულ/მარჩენალდაკარგულ პირებს.
8. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით, დისკრიმინაციულ მდგომარეობაშია ჩაყენებული იმ პირებთან მიმართებით, რომელთაც მარჩენალი დაკარგეს „საქნახშირის“ დეპარტამენტის შახტებში და სს „ჭიათურმანგანუმში“ შრომითი მოვალეობის შესრულებისას. შესაბამისად, მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმა დისკრიმინაციული ხასიათისაა და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
9. მოპასუხე მხარის, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე განმარტეს, რომ ყოველთვიური სარჩოს გაცემა დაკავშირებულია სახელმწიფოს შეზღუდულ ეკონომიკურ რესურსებთან და, შესაბამისად, ყველა საწარმოში მომუშავე პირთან მიმართებაში ერთნაირი დაცვის გარანტია ვერ იარსებებს. მოპასუხე მხარის პოზიციით, განსხვავებული პროფესიები სხვადასხვა საფრთხით ხასიათდება. ამდენად, სახელმწიფო დასაქმებულ პირებს გარანტიებს სთავაზობს დასაქმების ადგილის საფრთხის მხედველობაში მიღებით. შესაბამისად, მოპასუხის პოზიციით, განსხვავებულ საწარმოში დასაქმებული პირები (მარჩენალდაკარგულები) არ არიან არსებითად თანასწორნი.
10. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ არ იზღუდება მოსარჩელის უფლება, რის გამოც კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
11. საქმეზე მოწმედ მოწვეულმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის დახმარების ანაზღაურების განმსაზღვრელი უწყებათშორისი კომისიის სამდივნოს უფროსმა ნატა როსტიაშვილმა ისაუბრა უწყებათშორისი კომისიის სამდივნოს კომპეტენციასა მუშაობის წესზე, ასევე სოციალური დახმარების გაცემის პროცედურულ საკითხებზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
2. 2019 წლის 5 მარტს გამართულ განმწესრიგებელ სხდომაზე, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე. შესაბამისად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, №1210 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1210 კონსტიტუციურ სარჩელზე („მანილა ზიროვა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი