მარიანნა მანველიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/11/1273 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 11 დეკემბერი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 26 დეკემბერი 2020 19:03 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: მარიანნა მანველიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება ტარდება, როდესაც პირს ფსიქიკური აშლილობის გამო არ გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა შეუძლებელია სტაციონარში მოთავსების გარეშე, აგრეთვე თუ:“ და ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (2020 წლის პირველ ივლისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და მე-19 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით; ბ) „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის (2020 წლის პირველ ივლისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე – მარიანნა მანველიანი; მოსარჩელის წარმომადგენლები – სოფიკო მენაბდიშვილი, ნანა გოჩიაშვილი და ანა აბაშიძე; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი – ქრისტინე კუპრავა; თარჯიმანი – დალილა მაკალათია.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის პირველ ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1273) მომართა მარიანნა მანველიანმა. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2017 წლის 7 ნოემბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2018 წლის 2 ოქტომბერს.
2. №1273 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი (2020 წლის პირველ ივლისამდე მოქმედი რედაქცია) ადგენს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების ჩატარების საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის თანახმად, „არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება ტარდება, როდესაც პირს ფსიქიკური აშლილობის გამო არ გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა შეუძლებელია სტაციონარში მოთავსების გარეშე, აგრეთვე თუ: ა) დახმარების დაყოვნება საფრთხეს შეუქმნის პაციენტის ან სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; ბ) პაციენტმა საკუთარი მოქმედებით შეიძლება მიიღოს ან სხვას მიაყენოს მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლი განამტკიცებდა კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას. მე-16 მუხლით გარანტირებული იყო პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, ხოლო მე-17 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებდა ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობას, მე-2 პუნქტი კი დაუშვებლად აცხადებდა ადამიანის წამებას, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სასჯელის გამოყენებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ადგენდა ადამიანის თავისუფლების ხელშეუვალობას, მე-19 მუხლის პირველი პუნქტით დაცული იყო სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავდა მისი შეზღუდვის საფუძვლებს.
5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ადამიანის ღირსების ხელშეუვალობას, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას, ხოლო მე-12 მუხლით უზრუნველყოფილია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია ადამიანის თავისუფლება, ხოლო მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ადგენს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებასა და ამ უფლების შეზღუდვის საფუძვლებს.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე არის ბუდისტური რელიგიის მიმდევარი, ამასთან, დაინტერესებულია იოგას კულტურით. საკუთარი რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე, იგი, დაახლოებით, 4 თვის განმავლობაში მუდმივად იმყოფებოდა სახლში და ძირითად დროს უთმობდა იოგასა და მედიტაციას, კვების სპეციალური რაციონის შემუშავებასა და მარილიანი წყლით ორგანიზმის გაწმენდას. აღნიშნული ქმედებები ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის მიერ ფსიქიკურ აშლილობად შეფასდა და 2015 წლის 20 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ბრძანებით მოსარჩელე მოათავსეს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო რეგულაციის შესაბამისად, მისი ქცევები აბსტრაქტულად ჩაითვალა პაციენტის ან სხვისი სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელ ქმედებებად და არანებაყოფლობით მოთავსდა სტაციონარში, რის გამოც დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული რიგი უფლებები.
7. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი ექსპლიციტურად არ განსაზღვრავს იმ კრიტერიუმებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ჯანმრთელობისთვის ან სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის რისკის შეფასება. აღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო რეგულაცია იძლევა პირის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში თვითნებურად მოთავსების შესაძლებლობას. ამასთან, სადავო ნორმა არ ითვალისწინებს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირისათვის მკურნალობის ალტერნატიულ სერვისს, შესაბამისად, ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად არ არის გამოყენებული ყველაზე ნაკლებად მზღუდავი ღონისძიება.
8. მოსარჩელე მხარის პოზიციით, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება მოიცავს პირის შესაძლებლობას, თავად განსაზღვროს სხვა ადამიანებთან ურთიერთობის ფარგლები (ე.წ. „განმარტოების უფლება“), დაკავდეს აქტიური ფიზიკური აქტივობით, რომელიც მისი შეფასებით მნიშვნელოვანია საკუთარი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის. სადავო ნორმის საფუძველზე კი სხვა პირებისგან მოსარჩელის განმარტოების გამო იგი ჩაითვალა ფსიქიკური აშლილობის მქონედ და მისი ქცევები შეფასდა საკუთარი ან სხვა პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ ქმედებებად. შედეგად, აღნიშნული უფლების რეალიზება გახდა მისი სტაციონარში მოთავსების და იძულებითი მკურნალობის საფუძველი. ხსენებულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო რეგულირება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლს.
9. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმის შესაბამისად, შესაძლებელია, პირი მხოლოდ საკუთარი რწმენის, მსოფლმხედველობის გამო იქნეს მიჩნეული ფსიქიკური აშლილობის მქონედ და მისი ქცევა საკუთარი და სხვისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ ქმედებად შეფასდეს. კერძოდ, მის შემთხვევაში ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსების საფუძველი გახდა საკუთარი რწმენის შესაბამისი ქმედებების განხორციელება, რომელთა გამოვლენა საკუთარ საცხოვრებელში, პირად სივრცეში ხდებოდა და არა საჯაროდ, სხვებთან ერთად ან მათი თანდასწრებით. აღნიშნულის გამო, სადავო ნორმით ჩარევა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ რწმენის თავისუფლების შინაგან სფეროში (forum internum). მოსარჩელე დამატებით აღნიშნავს, რომ იგი იძულებულია, უარი თქვას საკუთარი რწმენის შესაბამისად ქცევაზე, რათა დროულად დატოვოს ფსიქიატრიული დაწესებულება ან, კიდევ ერთხელ, არ მოთავსდეს სტაციონარში, რაც მიუთითებს რწმენის თავისუფლებაში სადავო ნორმით გათვალისწინებული ჩარევის ინტენსიურ ხასიათზე. ხსენებულის გათვალისწინებით, სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
10. მოსარჩელე მხარის პოზიციით, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ნორმები შესაძლებელს ხდის პირის არანებაყოფლობით მოთავსებას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მხოლოდ მისი რელიგიური შეხედულებებისა და აქედან მომდინარე ქცევის გამო, იგი იძულებულია უარი თქვას ბუდიზმსა და იოგას კულტურაზე. არსებობს რეალური საფრთხე, რომ მოსარჩელე იქცეს სხვა პირთა თვითნებობის, მანიპულაციის, ფსიქოლოგიური ზემოქმედების ობიექტად, ხოლო მათი მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში იგი აღქმული იქნება ფსიქიკური აშლილობის მქონე პირად. ამგვარად, ადგილი აქვს არაჰუმანურ, პატივისა და ღირსების შემლახველ მოპყრობას.
11. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტს, რადგან ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი შესაძლებელს ხდის პირის არანებაყოფლობით მოთავსებას სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მაშინ, როდესაც ფსიქიკური აშლილობის მქონე პირისგან არ მომდინარეობს თავისი ან სხვისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების რეალური და იმწუთიერი საფრთხე. ამასთან, პირის არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებისას არ ხდება პაციენტის აზრის გათვალისწინება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არსებობს პირის არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებასთან შედარებით სხვა, უფრო ნაკლებად მზღუდავი საშუალებები, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელი იქნება ფსიქიკური აშლილობის მქონე პირისგან მომდინარე რისკების თავიდან აცილება. სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვით კი ხდება მისი ფიზიკური თავისუფლების არაპროპორციული შეზღუდვა.
12. მოსარჩელე მხარე საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც, ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი შეიძლება იძულებით მოთავსდეს სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, თუ მისი მოქმედებით მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი შეიძლება მიადგეს მას ან სხვა პირებს. მოსარჩელე განმარტავს, რომ აღნიშნული საფუძვლით პირის არანებაყოფლობითი მოთავსება ხდება მაშინაც კი, როდესაც მატერიალური ზიანის მიყენების საფრთხე მნიშვნელოვანწილად არ მომდინარეობს პირის ფსიქიკური აშლილობისგან და მისი მენტალური მდგომარეობა არ ქმნის ამგვარი საფრთხის რეალიზაციის საფუძველს. ამასთანავე, მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის დადგომის საფრთხის არსებობისას, ყველა შემთხვევაში პირის არანებაყოფლობითი მოთავსება სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არათანაზომიერად ზღუდავს მის თავისუფლებას.
13. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება, რამდენადაც სადავო ნორმა ადგენს უთანასწორო მოპყრობას არსებითად თანასწორ სუბიექტთა მიმართ. შესადარებელ პირებად გამოყოფილნი არიან, ერთი მხრივ, ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები, რომელთათვისაც ფსიქიატრიული დახმარების გაწევა შესაძლებელია სტაციონარში მოთავსების გარეშე, თუმცა არ არსებობს სერვისი, რომ მათ ამგვარი დახმარება გაეწიოთ და, მეორე მხრივ, იმავე მდგომარეობაში მყოფი პირები, რომლებიც სერვისის არსებობის გამო, სარგებლობენ ალტერნატიული მკურნალობის საშუალებით. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსგავს ალტერნატიულ სერვისს და, შესაბამისად, სახეზე არ არიან შესადარებელი პირები. მიუხედავად ამისა, საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსხვავებული მოპყრობის დასადგენად არ არის აუცილებელი შესადარებელ პირთა წრის განსაზღვრა.
14. №1273 კონსტიტუციური სარჩელში მოსარჩელე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შუამდგომლობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სადავო ნორმის მოქმედებით მას, შესაძლოა, მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი, ვინაიდან იგი საკუთარი რწმენის, მსოფლმხედველობისა და აქედან მომდინარე ქცევის გამო ან ისეთი ფსიქიკური აშლილობის პირობებში, როდესაც გააჩნია გადაწყვეტილების მიღების უნარი, არანებაყოფლობითი წესით, კვლავ მოთავსდეს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.
15. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, სადავო ნორმას არ გააჩნია მოსარჩელის მიერ მითითებული შინაარსი, რადგან პირის სტაციონარში იძულებით მოთავსება დასაშვებია მხოლოდ ყველა იმ წინაპირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რომლებსაც ითვალისწინებს სადავო რეგულირება. ამასთან, სადავო ნორმა ადგენს შესაბამისი ღონისძიების გამოყენების არაორაზროვან და ცხად საფუძვლებს. ასევე დაუსაბუთებელია მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ აბსტრაქტული და უმნიშვნელო საფრთხის არსებობა თავისთავად ქმნის პირის სტაციონარში იძულების წესით მოთავსების შესაძლებლობას, რადგან კანონმდებლობის საფუძველზე სასამართლო აფასებს რელევანტურ გარემოებებს, საფრთხის რეალურობის ხარისხს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
16. მოპასუხის მითითებით, სადავო ნორმას არ გააჩნია შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, რადგან იგი საერთოდ არ არეგულირებს ადამიანის რწმენის გამოხატვას. ასევე, სადავო ნორმას კავშირი არ აქვს ღირსების ხელშეუვალობასთან, რადგან სადავო ღონისძიების შემზღუდველი ხასიათი არ აღწევს იმ ხარისხს, რაც საკმარისი შეიძლება ყოფილიყო შინაარსობრივი მიმართების წარმოსაჩენად. მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ სადავო ნორმით დადგენილი ღონისძიების უპირველეს მიზანს წარმოადგენს ადამიანის მკურნალობა, ხოლო ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვა მისი გვერდითი ეფექტია. სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებაზე მსჯელობისას მოპასუხემ განმარტა, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცული ის უფლებრივი ასპექტი, რაც დაცული არ არის სხვა კონსტიტუციური დებულებებით. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ სადავო რეგულირება არ ადგენს განსხვავებულ მოპყრობას პირთა შორის, ამდენად, იგი შემხებლობაში არ არის სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებასთან.
17. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია იძულებითი ფსიქიატრიული დახმარების რომელი სახე შეიძლება იქნეს გამოყენებული იმ შემთხვევაში, თუკი პაციენტის მდგომარეობა აკმაყოფილებს სადავო ნორმაში განსაზღვრულ საფუძვლებს, თუმცა მისი სტაციონარში მოთავსების აუცილებლობა სახეზე არ არის. სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით კი მიუთითა, რომ მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს სხვა პირთა და საჯარო ინტერესებს. ამდენად, არ არსებობს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების საფუძველი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ითხოვდა სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან, მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-18 მუხლის პირველი პუნქტთან და მე-19 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულება ძალადაკარგულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობას შეაფასებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებთან მიმართებით, რომლებსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი გააჩნია.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლი განამტკიცებდა კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას. მე-16 მუხლით გარანტირებული იყო პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, ხოლო მე-17 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებდა ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობას, მე-2 პუნქტი კი დაუშვებლად აცხადებდა ადამიანის წამებას, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სასჯელის გამოყენებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ადგენდა ადამიანის თავისუფლების ხელშეუვალობას, მე-19 მუხლის პირველი პუნქტით დაცული იყო სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავდა მისი შეზღუდვის საფუძველს. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ადამიანის ღირსების ხელშეუვალობას, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას, ხოლო მე-12 მუხლით უზრუნველყოფილია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია ადამიანის თავისუფლება, ხოლო მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ადგენს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებასა და ამ უფლების შეზღუდვის საფუძველს.
3. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო №1273 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღებს, რომ სადავოდ არის გამხდარი: ა) „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება ტარდება, როდესაც პირს ფსიქიკური აშლილობის გამო არ გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა შეუძლებელია სტაციონარში მოთავსების გარეშე, აგრეთვე თუ:“ და ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (2020 წლის პირველ ივლისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან, მე-12 მუხლთან და მე-16 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით; ბ) „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის (2020 წლის პირველ ივლისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს უკანასკნელი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
5. „„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2020 წლის 23 ივნისის №6360-IIს საქართველოს კანონით რიგი ცვლილებები განხორციელდა „ფსიქიატრიული დამხარების შესახებ“ საქართველოს კანონში, მათ შორის, შეიცვალა კანონის დასახელება და ჩამოყალიბდა როგორც „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი. ამასთან, 2020 წლის 23 ივნისის №6360-IIს საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებამ, შესაძლოა, განსხვავებული სამართლებრივი მოცემულობები წარმოშვას, მისი გასაჩივრებული შინაარსი შეიძლება მნიშვნელოვნად, უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ შეიცვალოს. თუმცა, ნორმის ძველი, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისთვის მოქმედი რედაქცია, ყველა შემთხვევაში, ძალადაკარგულად ითვლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“, II-5). აღნიშნულიდან გამომდინარე, №1273 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი ძალადაკარგულია. სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა განხორციელდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და გამორიცხავს იმავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული სამართალწარმოების გაგრძელების უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობას.
7. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, №1273 კონსტიტუციურ სარჩელზე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1273 კონსტიტუციურ სარჩელზე („მარიანნა მანველიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი