მარიანნა მანველიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1273 |
ავტორ(ებ)ი | მარიანნა მანველიანი |
თარიღი | 1 ნოემბერი 2017 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი და მისი „ა“ქვეპუნქტი |
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი და მესამე პუნქტი. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი და მეორე პუნქტი. |
„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. | საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი. |
„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი. | საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი. |
„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი | საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
წინამდებარე საქმეში მოსარჩელეს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე მარიანნა მანველიანი, რომელიც „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტისა და მისი „ა“ ქვეპუნქტის (შემდგომში - სადავო ნორმა) შესაბამისად 2015 წლის 20 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ბრძანებით არანებაყოფლობითი წესით განთავსებული იქნა შპს „ქალაქ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“ (შემდგომში - ცენტრი), ხოლო 2017 წლის 18 ოქტომბერს ხელახლა, მეორეჯერ მოათავსეს იგივე დაწესებულებაში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე.
მოსარჩელე დაინტერესებულია აღმოსავლური სპირიტუალური ტრადიციებით, ბუდიზმითა და იოგას კულტურით (მუშაობდა იოგას ინსტრუქტორად, 2012-2013 წლებში სწავლობდა ბუდიზმის სასწავლო და მედიტაციის ცენტრში). იგი ცდილობს ამ რწმენით, მსოფლმხედველობით საკუთარი პიროვნების განვითარებასა და ცხოვრების წარმართვას. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ბუდისტური რელიგია და იოგას კულტურა განსაზღვრავს მისი ცხოვრების ორიენტირს, განვითარების ვექტორს, შინაგან ღირებულებებს, პერსონალურ მისწრაფებებს, რომელთა საფუძველზე იგი მიილტვის ბედნიერებისკენ, სიმშვიდისკენ და კეთილდღეობისკენ. იგი თვლის, რომ ასეთი რწმენით ცხოვრება მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი თვითგამორკვევისთვის, ჯანმრთელობისა და სოციალური იდენტობისთვის. მისი სურვილია ამ რწმენაში, მსოფლმხედველობაში განმტკიცება და მათი რაციონალური წესების დაცვა.
2014-2015 წლებში მოსარჩელე ყატარიდან დაბრუნდა საქართველოში, სამსახურის დაკარგვიდან გამომდინარე იყო იმედგაცრუებული. ნაცვლად სხვა სამსახურის ძიებისა, მოსარჩელემ ამჯობინა დასვენება. დაახლოებით 04 თვის განმავლობაში იგი მუდმივად სახლში იმყოფებოდა და ძირითად დროს უთმობდა საკუთარი ინტერესების რეალიზაციას, მათ შორის იოგასა და მედიტაციას, 10 დღიან მარხვას, კვების სპეციალური რაციონის შემუშავებას და საკვების მიღების ინტენსივობის შემცირებას, მარილიანი წყლით ორგანიზმის გაწმენდას. მოსარჩელის მშობელმა, რომელსაც პრობლემად მიაჩნდა შვილის საზოგადოებისგან განმარტოება, მოსარჩელესთან შეთანხმების გარეშე სახლში მიიწვია ფსიქიატრი. მოსარჩელემ არ ისურვა ფსიქიატრთან გასაუბრება, კომუნიკაცია, მიუხედავად ამისა, ფსიქიატრის რეკომენდაციის საფუძველზე მშობელმა მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელის არანებაყოფლობითი წესით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში განთავსების თაობაზე (ნიშანდობლივია, რომ ამჯერადაც მოსარჩელე მშობლის ინიციატივით მოთავსდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში). გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ მოსარჩელესთან შეთანხმების გარეშე დედამ გამოიძახა სასწრაფო დახმარება, საპატრულო ეკიპაჟი და იოგას ვარჯიშების, მედიტაციის, ორგანიზმის გაწმენდის პროცედურების თაობაზე ინფორმაციის მიღების შემდგომ და სტაციონარში გადაყვანასთან დაკავშირებით მოსარჩელის უარის საფუძველზე, იგი 2015 წლის 19 მარტს იძულებით გადაყვანილ იქნა სტაციონარში, სადაც დააბეს, გაუკეთეს ინექცია და ამ მდგომარეობაში დატოვეს მომდევნო დღემდე. ფსიქიატრთა კომისიის შეფასებით, მოსარჩელეს დაესვა წინასწარი დიაგნოზი - მწვავე და გარდამავალი ფსიქოზური აშლილობა შიზოფრენიის სიმპტომების გარეშე - F23.0 (ნიშანდობლივია, რომ დიაგნოზის დასმა განხორციელდა მოსარჩელესთან კომუნიკაციის გარეშე, ამასთნ იგი დიაგნოზს დღემდე არ ეთანხმება). - მწვავე და გარდამავალი ფსიქოზური აშლილობა შიზოფრენიის სიმპტომების გარეშე - F23.0 (ნიშანდობლივია, რომ დიაგნოზის დასმა განხორციელდა მოსარჩელესთან კომუნიკაციის გარეშე).) აღსანიშნავია, რომ მოსარჩელესთვის შეთავაზებული არ იქნა მკურნალობის ალტერნატიული მექანიზმები არც ჰოსპიტალიზაციამზე, ჰოსპიტალიზაციისას და არც სასამართლოს პროცესის დროს. 2015 წლის 20 მარტს გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სხდომა, სადაც ბუდიზმიდან, იოგას ვარჯიშებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ საკვების შემცირება, წონაში დაკლება, მარილიანი წყლით ორგანიზმის გასუფთავების პროცედურების განხორციელება, საზოგადოებისგან განმარტოება მიჩნეულ იქნა საფრთხედ, რომელსაც მოსარჩელე უქმნიდა საკუთარ ჯანმრთელობას და სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას (ნიშანდობლივია, რომ ფსიქიატრიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „მხოლოდ სამსახურებრივი ან ოჯახური კონფლიქტი, შეუთავსებლობა საზოგადოებაში არსებულ მორალურ, რელიგიურ, კულტურულ ან პოლიტიკურ შეხედულებებთან არ შეიძლება გახდეს პირისათვის ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზის დადგენის საფუძველი“). ექიმისა და მშობლის შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლემ სადავო ნორმის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება სტაციონარში არანებაყოფლობითი წესით მოსარჩელის არა უმეტეს 06 თვის ვადით მოთავსების თაობაზე.
მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელე თავისუფლად არ ფლობს ქართულ ენას. როგორც სტაციონარში გასაუბრებისას, აგრეთვე სასამართლო პროცესზე, ხსენებული გარემოება არ იქნა გათვალისწინებული. უდავოა, რომ ფსიქიკური პრობლემების დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია პაციენტთან კომუნიკაცია, დიაგნოზისა და საფრთხის აქედან გამომდინარე განსაზღვრა (სამედიცინო დოკუმენტაციაში არის მითითება, რომ მოსარჩელე სიმულირებს ქართული ენის არ ცოდნით). ნიშანდობლივია, რომ ქართული ენის სათანადო არ ცოდნით ამ პროცესის განმავლობაში მოსარჩელე იყო ოზოლირებულ მდგომარეობაში და სამედიცინო პერსონალის, მოსამართლის მიერ ეს გარემოება აღიქმებოდა როგორც მისი დაავადების სიმპტომი. ცენტრში მისი არანებაყოფლობითი მკურნალობა 13 დღის განმავლობაში გაგრძელდა. ამ პერიოდში ცენტრის დროულად დატოვების მიზნით მოსარჩელე იძულებით იღებდა ერთი მხრივ, შეთავაზებულ მედიკამენტებს და მეორე მხრივ, საკვებს. გასათვალისწინებელია, რომ კომუნიკაციის გარეშე რეაბილიტაცია შეუძლებელია, შესაბამისად მთელი ამ დროის განმავლობაში მოსარჩელე იღებდა მხოლოდ ფარმაკოლოგიურ მკურნალობას, რაც დაკავშირებულია სხვადასხვა გვერდით ეფექტებთან და შეიცავს ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენების რისკს (ვრცლად იხილეთ საქართველოს სახალხო დამცველის ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგის 2015 წლის ანგარიში, გვ. 110, ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3695.pdf).
სტაციონარიდან გამოწერის შემდგომ მოსარჩელეს მუდმივად გააჩნდა რაციონალური შიში, რომ ბუდიზმისა და იოგას შესაბამისი ცხოვრების წესის, ამ რწმენის ფარგლებში განხორციელებული ქმედების, ვარჯიშის, პროცედურების გამო სადავო ნორმის გამოყენებით საკუთარი თავისგან დაცვისა და სხვათა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის მიზნით იგი ხელმეორედ იქნებოდა სტაციონარში არანებაყოფლობითი წესით განთავსებული. ნიშანდობლივია, რომ ასეთი საფრთხის არსებობა რეალური იყო, ვინაიდან მოსარჩელე არაერთხელ იქნა გაფრთხილებული, რომ მსგავსი საქციელის განმეორების შემთხვევაში კვლავ მოთავსდება სტაციონარში. შესაბამისად, იგი იძულებული იყო უარი ეთქვა საკუთარ რწმენაზე, ცხოვრების წესზე. ამ გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელე იმყოფებოდა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, სტრესში, რაც ნეგატიურად აისახებოდა მის თვითმყოფადობაზე, ინიციატივიანობაზე, ჯანმრთელობაზე, შრომისუნარიანობაზე, პრივატულ სივრცეზე, ხელს უშლიდა მისი პიროვნების დამოუკიდებელ და თავისუფალ განვითარებას, ცხოვრების საკუთარი შინაგანი რწმენის, შეხედულებების, ღირებულებების შესაბამისად წარმართვას. 2017 წლის 17 ოქტომბერს იგი ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე არანებაყოფლობით, მშობლის ინიციატივით გადაყვანილ იქნა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ხოლო 2017 წლის 18 ოქტომბერს მოსამართლის დაუსაბუთებელი ბრძანებით 6 თვემდე ვადით იქნა მოთავსებული.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიხედვით, საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გარკვევისთვის აუცილებელია, რომ საფუძვლიანად იქნეს წარმოჩენილი სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობა, თუ რა შინაარსობრივი მიმართება არსებობს სადავო ნორმას და შესაბამისი კონსტიტუციური ნორმით დაცულ მის უფლებრივ სფეროს შორის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს მოქალაქეები ოთარ კვენეტაძე და იზოლდა რჩეულიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
სადავო ნორმებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული მე-19 მუხლის პირველი და მესამე პუნქტები, მე-16 მუხლი, მე-17 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები, მე-18 მუხლის პირველი პუნქტი და მე-14 მუხლი.
სადავო ნორმით ჩარევა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ რწმენის თავისუფლებაში, ვინაიდან იგი შესაძლებლობას იძლევა შინაგანი რწმენიდან და პრივატულ სივრცეში ასეთი რწმენით განპირობებული ქცევიდან გამომდინარე მოსარჩელე საკუთარი თავისგან დაცვისა ან/და სხვა ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის მიზნით არა მხოლოდ დაუქვემდებაროს სტაციონარში არანებაყოფლობით მოთავსებასა და ფორსირებულ ფსიქიატრიულ მკურნალობას, არამედ იგი არანებაყოფლობითი წესით სტაციონარში ხელმორედ არ განთავსების მიზნით იძულებულია უარი განაცხადოს ასეთი რწმენით პერსონალურ სივრცეში ცხოვრებაზე.
ამასთან, სადავო ნორმის მიმართება არსებობს საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულ სფეროსთან, რომელიც მათ შორის იცავს მოსარჩელის უფლებას თვითონ განსაზღვროს სხვა ადამიანებთან, საზოგადოებასთან, გარე სამყაროსთან ურთიერთობის ფარგლები (ე.წ. განმარტოების უფლება). წინამდებარე საქმეში გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელემ გადაწყვიტა მცირე დროით საზოგადოებისგან განმარტოება, სადავო ნორმის საფუძველზე მისი ფსიქიკური მდგომარეობა განხილულ იქნა მისი და სხვა ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხედ და არანებაყოფლობით მოთავსდა სტაციონარში.
სადავო ნორმით ჩარევა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში. სადავო ნორმის საფუძველზე მოსარჩელე საკუთარი რწმენიდან გამომდინარე იქნა იძულებით განთავსებული სტაციონარში. იგი როგორც არანებაყოფლობითი მკურნალობის პროცესში, აგრეთვე დღესაც, არა მხოლოდ სტაციონარში ყოფნისას, არამედ მუდმივად იძულებულია უარი თქვას ამ რწმენის შესაბამისად პრივატულ სივრცეში მოქმედებაზე, რაც არის უწყვეტი სულიერი ტანჯვის მიყენების, ფსიქოლოგიური იძულების და შესაბამისად, არაჰუმანური, პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის ტოლფასი.
გარდა ამისა, არსებობს სადავო ნორმის მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროსთან, რადგან სტაციონარში არანებაყოფლობითი მოთავსება უტოლდება თავისუფლების შეზღუდვას. მიგვაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლში ექსპლიციტურად მითითებული მატერიალურ-პროცესუალური გარანტიების გარდა, იგი ადამიანს იცავს ფიზიკური თავისუფლების თვითნებური, ბუნდოვანი საფუძვლით, არა არსებითი მიზეზით შეზღუდვუსგან ან/და ისეთი ჩარევისგან, როდესაც დაცული სფეროს შეზღუდვა უფრო მსუბუქი ღონისძებით არის შესაძლებელი. ამ შემთხვევაში, სადავო ნორმის საფუძველზე მოსარჩელის ფიზიკური თავისუფლება ორივეჯერ შეიზღუდა აბსტრაქტული საფუძვლით - სხვათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით იმ პირობებში, როდესაც საკუთრ საცხოვრებელში მყოფი მოსარჩელის მიერ არ არსებობდა სხვა ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის ზიანის მიყენების რეალური საფრთხე. წინამდებარე შემთხვევაში მას უნდა გასაუბრებოდნენ მისი ქცევის მიზეზების შესახებ, მისთვის უნდა მიეწოდებინათ ინფორმაცია მისი მდგომარეობის შესახებ, ჰოსპიტალიზაციის საფრთხის თაობაზე და უნდა შეეთავაზებინათ ალტერნატიული მკურნალობა. თუმცა, საქართველოში ეფექტიანი ალტერნატიული სერვისების არარსებობის, პაციენტის თავისუფლების შეზღუდვაზე ორიენტირებული ფსიქიატრიული სისტემის გამო, იგი არანებაყოფლობითი წესით მოათავსეს სტაციონარში.
ფსიქიკური აშლილობის მქონე იმ პირის არანებაყოფლობითი წესით სტაციონარში მოთავსება (ე.ი თავისუფლების შეზღუდვა), რომელმაც საკუთარი მოქმედებით შეიძლება მიიღოს ან სხვას მიაყენოს მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტს, რადგან არ ითვალისწინებს დასახული მიზნის მიღწევისთვის უფრო მსუბუქ საშუალებებს. ასეთი ნორმის არსებობა, როდესაც ფსიქიატრიული დახმარების ინსტრუმენტი ეფუძნება ინსტიტუციურ მკურნალობას, ქმნის მისი სტაციონარში ხელახლა თვითნებურად მოთავსების საფრთხეს.
„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით ხორციელდება არსებითად თანასწორი პირების არათანსწორი მოპყრობა, რასაც გააჩნია თვითმიზნური ხასიათი. მისი შეხედულებით, სადავო ნორმის მიზნებისთვის შესადარებელ სუბიექტებს წარმოადგენენ:
1. პირი, რომელსაც ფსიქიკური აშლილობის გამო არ გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, იგი არ წარმოადგენს საფრთხეს თავისი ან სხვისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, არ ქმნის თავისთვის ან სხვისთვის მატერიალური ზიანის მიყენების რეალურ საფრთხეს და მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა შესაძლებელია სტაციონარში მოთავსების გარეშე, თუმცა არ არსებობს სერვისი, რომ მიეწოდოს.
2. პირი, რომელსაც ფსიქიკური აშლილობის გამო არ გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, იგი არ წარმოადგენს საფრთხეს თავისი ან სხვისი სიცოცხლისა დ ჯანმრთელობისთვის, არ ქმნის საკუთარი თავისთვის ან სხვისთვის მატერიალური ზიანის მიყენების საფრთხეს და არის ისეთი სერვისი, რომელიც იძლევა მისი ალტერნატიული მკურნალობის საშუალებას.
ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სახეზეა ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მიზნებისთვის კონსტიტუციური სარჩელი დასაშვებია რადგან:
· წარმოდგენილია კანონით დადგენილი ფორმით;
· აკმაყოფილებს ხსენებული კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს;
· წარმოდგენილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, რასაც ადასტურებს ზემოაღნიშნული მსჯელობა;
· მასში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი „საკონსტიტუციო სასამართოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად;
· სადავო საკითხები სადავო ნორმებთან მიმართებით არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
· სადავო საკითხი შეეხება კონსტიტუციის მუხლს და სადავო ნორმაზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე;
· აღნიშნული სარჩელის სახეზე კანონმდებლობით ვადა არ არის დადგენილი.
ამგვარად, მარიანნა მანველიანი არის უფლებამოსილი მოსარჩელე იდავოს სადავო ნორმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების საფუძვლები „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით
არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების შესახებ დებულებები მოცემულია „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის მიზანია უზრუნველყოს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთათვის ფსიქიატრიული დახმარების ხელმისაწვდომობა და უწყვეტობა, ასეთ პირთა უფლებების, თავისუფლებებისა და ღირსების დაცვა, განსაზღვროს ფსიქიატრიის დარგის მუშაკთა უფლებები და მოვალეობანი.
სადავო ნორმები მოთავსებულია „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველ პუნქტში, რომლის თანახმად, „არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება ტარდება, როდესაც პირს ფსიქიკური აშლილობის გამო არ გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა შეუძლებელია სტაციონარში მოთავსების გარეშე, აგრეთვე თუ: ა) დახმარების დაყოვნება საფრთხეს შეუქმნის პაციენტის ან სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; ბ) პაციენტმა საკუთარი მოქმედებით შეიძლება მიიღოს ან სხვას მიაყენოს მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი.
მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს ამ ნორმის კომპოზიციაზე. იგი არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევას დასაშვებად მიიჩნევს, სამ ალტერნატიულ შემთხვევაში, კერძოდ, როდესაც ფსიქიკური აშლილობის გამო პირს არ გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და:
1. მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა შეუძლებელია სტაციონარში მოთავსების გარეშე;
2. დახმარების დაყოვნება საფრთხეს შეუქმნის ამ პირის ან სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;
3. პაციენტმა საკუთარი მოქმედებით შეიძლება მიიღოს ან სხვას მიაყენოს მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი.
ცალსახაა, რომ მეორე და მესამე შემთხვევებში არანებაყოფლიბითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარება შესაძლოა განხორციელდეს პირის სტაციონარში მოთავსების გარეშეც, თუმცა უშუალოდ ამ პირის ან სხვისი სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის, ქონების დაცვის მიზნით ასეთი პირი ექვემდებარება სტაციონარში არანებაყოფლობით განთავსებას. ნიშანდობლივია, რომ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი ექსპლიციტურად არ განსაზღვრავს კრიტერიუმებს, საფუძვლებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში ჯანმრთელობისთვის ან სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის ან მატერიალური ზიანის მიყენების შეფასება განხორციელდება. შესაბამისად, პირის არანებაყოფლობითი წესით სტაციონარში მოთავსება რელევანტური სუბიექტების (მაგ.: მოსამართლე, ფსიქიატრი და ა.შ.) ფართო მიხედულებაზეა დამოკიდებული.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ დიაგნოზის დასმის პროცესში, რომელიც ფსიქიატრიაში ხორციელდება არაინსტრუმენტული მეთოდით, მას გააჩნდა გადაწყვეტილების მიღების უნარი და არ საჭიროებდა სტაციონარში არანებაყოფლობით განთავსებას, ვინაიდან ზემოხსენებული პროცედურების ჩატარება მისი რწმენიდან მომდინარეობდა და უკანასკნელი წლების განმავლობაში გააჩნდა რეგულარული ხასიათი. თუმცა, იმ შემთხვევაშიც თუ დასმული დიაგნოზი არის სწორი, სადავო ნორმებიდან გამომდინარე მისი არანებაყოფლობითი სტაციონარული დახმარების გაწევა ვარაუდის საფუძველზე, რომ მოსარჩელე აბსტრაქტულად წარმოადგენს საფრთხეს საკუთარი თავის ან/და სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობისთვის, აგრეთვე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში მსჯელობა სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის შეფასებასთან მიმართებაში განხორციელებულია ორი მიმართულებით:
1. სადავო ნორმები განხილულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მესამე პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან, მე-16 მუხლთან მიმართებით. ისინი არაკონსტიტუციურია იქიდან გამომდინარე, რომ იძლევა ფსიქიკური აშლილობის მქონე პირისთვის ან ფსიქიკური აშლილობის მქონე იმ ადამიანის არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის შესაძლებლობას, რომელსაც გააჩნია გადაწყვეტილების მიღების უნარი;
2. სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტს, რადგან უშვებს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის არანებაყოფლობით მოთავსებას სტაციონარში თვითნებურად, ამ პირისა და სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობისთვის აბსტრაქტული, არარეალური საფრთხის არსებობისას ან/და მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ იგი ფსიქიკური აშლილობის მქონეა.
2. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტისა და მისი „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მესამე პუნქტებთან მიმართებით
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულია მოსარჩელის უფლება თავისუფლად აირჩიოს რწმენა, მსოფლმხედველობა, განსაზღვროს საკუთარი წარმოდგენების არქიტექტურა, პიროვნული რეალიზაციის მასშტაბი და მის შესაბამისად იმოქმედოს როგორც პერსონალურ სივრცეში, ისე საჯაროდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თქმით, „კონსტიტუციის მე-19 მუხლი იცავს ადამიანის პირადულ სფეროს, მის თავისუფლებას, იქონიოს, გაიზიაროს ან/და უარყოს შეხედულება, რელიგია, რწმენა. კონსტიტუციის მიზანია ჩამოაყალიბოს აზრის, სიტყვის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების, როგორც forum internum, ადამიანის შინაგანი სამყაროს, მისი პირადი სფეროს ხელშეუხებლობის გარანტია. ეს არის უფლება (უფლების ასპექტი), რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს ან აიკრძალოს საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის, საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროსაც. არავის ძალუძს და არ აქვს უფლება, აიძულოს ადამიანი, მიიღოს ან შეცვალოს საკუთარი აზრი და რწმენა. ადამიანი ასევე დაცულია იძულებისაგან თქვას ის, რაც მას არ სურს ან გამოთქვას საკუთარი აზრი. ეს უფლება არ ექვემდებარება რეგულირებას, ვინაიდან ის ინდივიდის თავისუფლების, მისი იდენტობის, ავტონომიის საფუძველს ქმნის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები - ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პ. 10). სასამართლოს განცხადებით, „რწმენის თავისუფლება ადამიანის თვითგამორკვევის საწყისი და საფუძველია. ყველა სხვა უფლების მსგავსად, ეს თავისუფლებაც ადამიანის ღირსების პატივისცემის გამოხატულებაა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის #1/1/477 გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პ. 4). საკონსტიტუციო სასამართლოს მიხედვით, „რწმენის თავისუფლება გულისხმობს ადამიანის შინაგან თავისუფლებას, დამოუკიდებლად, თავად განსაზღვროს საკუთარი რელიგიური, მსოფლმხედველობრივი თუ მორალურ-ეთიკური თვალსაზრისით განვითარების მიმართულებები, პრიორიტეტები, ჩამოყალიბდეს მათ შესაბამისად, საზოგადოებაში იცხოვროს ინდივიდუალური თვითრეალიზაციის შესაძლებლობით და ამ განცდით იპოვოს საკუთარი თავი. ამ თვალსაზრისით, რწმენის თავისუფლება არის ადამიანის მოსაზრებების, გრძნობების და მათ შესაბამისად ცხოვრების საფუძველი. ნიშანდობლივია, რომ ის მოიცავს როგორც რელიგიურ, ისე არარელიგიურ რწმენას და შესაბამისად, არ წარმოადგენს მხოლოდ რელიგიის თავისუფლების იდენტურ ცნებას. ის მოიცავს რელიგიის თავისუფლებით დაცულ სფეროს, მაგრამ არ შემოიფარგლება მისით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის #1/1/477 გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პ. 5). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო რწმენის თავისუფლებას სასიცოცხლოდ აუცილებელ უფლებად განიხილავს, რომელიც არსებითია „ადამიანის თავისუფლების, თვითმყოფადობის, განვითარებისა და თვითრეალიზაციისთვის...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის #1/1/477 გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პ. 8). ამგვარად მოსარჩელის შინაგანი განწყობები ბუდიზმთან და იოგას მიმართებაში, მისი არჩევანი პრივატულ სივრცეში იმოქმედოს ამ რწმენის შესაბამისად, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით განმტკიცებული რწმენის თავისუფლებით დაცულ სფეროს.
სადავო ნორმით ჩარევა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული რწმენის თავისუფლების forum internum ელემენტში და მის ერთ-ერთ ასპექტში - მოქმედების თავისუფლებაში გამომდინარე იქიდან, რომ მისი გამოვლინება ხორციელდება საკუთარ საცხოვრებელში, პრივატულ განზომილებაში და არა საჯაროდ, სხვებთან ერთად ან სხვა ადამიანების თანდასწრებით. სადავო ნორმა იძლევა შესაძლებლობას მოსარჩელე, თავისი რწმენის, მსოფლმხედველობის გამო, რომელიც დაკავშირებულია ბუდიზმიდან, იოგას კულტურიდან მომდინარე ქცევის პერსონალურ სივრცეში მანიფესტაციასთან (იოგას ვარჯიშები, ინტენსიური მედიტაცია, ორგანიზმის გაწმენდის პროცედურები), განხილულ იქნეს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირად, რომელიც საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის აბსტრაქტულად წარმოადგენს საფრთხეს და არანებაყოფლობით მოთავსდეს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. გარდა ამისა, რწმენის თავისუფლების მოქმედების სფეროში სადავო ნორმის ჩარევით მოსარჩელე იძულებულია როგორც სტაციონარული მკურნალობის პროცესში, ასევე მომავალშიც უარი განაცხადოს საკუთარი რწმენის შესაბამისად ქცევაზე, რათა დროულად დატოვოს სტაციონარი ან კიდევ ერთხელ არ მოთავსდეს არანებაყოფლობით, რაც თავის მხრივ, ილუზიორულს ხდის მოსარჩელის რწმენის უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლოს თქმით, „...რწმენის თავისუფლება მოიცავს მისი გამოვლენის – რწმენის შესაბამისად ცხოვრების წარმართვის უფლებასაც (მოქმედების სფერო). რწმენის თავისუფლება არარეალური და არარეალიზებადი იქნება, მის შესაბამისად ადამიანების კომუნიკაციის გარანტირებული შესაძლებლობის გარეშე. უფლებას შინაარსი გამოეცლება, თუკი მისი ნაწილი არ იქნება კონკრეტული რწმენის საფუძველზე და მის შესაბამისად ქმედება, ეს პრაქტიკულად ამ უფლების უარყოფამდე მიგვიყვანს, რადგან რწმენის მხოლოდ ქონა არაფერს იძლევა თავად ამ უფლებით სრულყოფილად სარგებლობის თვალსაზრისით. თუ არ არის გარანტიები რწმენის შესაბამისად ცხოვრების წესის წარმართვისა და განვითარებისათვის, აზრი ეკარგება საერთოდ ამ უფლების აღიარებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის #1/1/477 გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პ. 13). საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ „ზოგადად, პიროვნების იძულება, მოიქცეს თავისი რწმენის საწინააღმდეგოდ, ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლოა რწმენის უარყოფის ეკვივალენტური იყოს და ამიტომ ძალიან ახლოს იდგეს რწმენის თავისუფლების შინაგანი სფეროს (forum internum) დარღვევასთან. შესაბამისად, სახელმწიფომ რწმენის კონკრეტული გამოვლენის უარყოფის იძულებით, შეიძლება გავლენა მოახდინოს თავად შინაგან მრწამსზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის #1/1/477 გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პ. 58). ამ შემთხვევაში სადავო ნორმით რწმენის თავისუფლებაში ჩარევა თავისთავად განაპირობებს რწმენის უარყოფასაც. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, რწმენის თავისუფლებაში ამგვარი ჩარევა არის სულიერი ტანჯვის ტოლფასი. სასამართლო აღნიშნავს, რომ „რწმენის თავისუფლება ერთგვარად მსოფლმხედველობის თავისუფლებაა, რადგან შესაძლებლობა, იცხოვრო და განვითარდე საკუთარი ინტერესების, სურვილის, გემოვნების, წარმოდგენების და შეხედულებების, ამასთან შესაძლებლობების შესაბამისად, ქმნის ადამიანის “მე”-ს, მის შინაარსს, პიროვნებას, განსაზღვრავს მის დანიშნულებას პირად, კერძო გარემოცვასა თუ საზოგადოებაში, ორიენტაციას აძლევს მის ცხოვრებას. ამიტომაც ამ თავისუფლებაში უხეში, გადამეტებული ჩარევა, ისეთი მოპყრობა, რომელიც იწვევს ადამიანის აზროვნების წესის შეცვლას, იწვევს მის სულიერ ტანჯვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის #1/1/477 გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პ. 6). წინამდებარე შემთხვევებში არ არსებობს რწმენის თავისუფლებაში ჩარევის ლეგიტიმური მიზანი, რადგან მისი პრივატულ სივრცეში გამოვლინება არ ლახავს სხვათა, მათ შორის ოჯახის წევრის უფლებებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიხედვით, „კონსტიტუციის თანახმად, მე-19 მუხლით დაცულ პირადულ სფეროში ჩარევის ერთადერთ საფუძველს, სხვათა უფლებების დაცვის ლეგიტიმური მიზანი წარმოადგენს. ადამიანის შინაგანი სამყარო (forum internum), მისი პირადული სფერო დაცულია სახელმწიფოს ჩარევისაგან, მაგრამ შეზღუდვას ექვემდებარება ქმედება, რომელიც ამ სფეროს შიგნით მყოფ სხვა პირთა უფლებების დარღვევას იწვევს. ასე მაგალითად, კერძო წრეში, ოჯახში აზრის ან რწმენის გამოვლინება რეგულირებას არ ექვემდებარება, ვინაიდან არ არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც კერძო პირებს შორის, ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობაში ჩარევას გაამართლებდა, გარდა ერთი გამონაკლისისა - როდესაც აზრის ან რწმენის გამოვლინება ამ ურთიერთობების მონაწილის უფლებას ლახავს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2011 წლის 18 აპრილის საქმეზე: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები - ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პ. 11).
აღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო ნორმით ჩარევა ხორციელდება ერთი მხრივ, მოსარჩელის რწმენის თავისუფლების შინაგან ასპექტში და მოქმედების თავისუფლებაში, რადგან მოსარჩელე იძულებულია საკუთარი თავისა და სხვების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის აბსტრაქტული, არარსებული საფრთხის თავიდან აცილების გამო ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებისგან დაცვის მიზნით ერთი მხრივ, უარყოს ბუდიზმი და იოგა, მეორე მხრივ, პრივატულ სივრცეში უარი თქვას ამ რწმენიდან მომდინარე ქცევაზე.
გარდა ამისა, წინამდებარე შემთხვევიდან ცხადია, რომ სადავო ნორმა იძლევა შესაძლებლობას რელიგიური, მსოფლმხედველობრივი შეხედულებიდან, ოჯახური კონფლიქტიდან გამომდინარე, პირი განხილულ იქნეს ფსიქიკური აშლილობის მქონედ. სამედიცინო დოკუმენტაციით მისი დიაგნოზი მხოლოდ ამგვარ გარემოებებზე მითითებას ეფუძნება. ასეთი მიდგომა შეუთავსებელია „ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების დაცვისა და ფსიქიკური აშლილობის მკურნალობის გაუმჯობესების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 1991 წლის 17 დეკემბრის 46/119 რეზოლუციით აღიარებულ მე-4 პრინციპთან, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს კულტურული, რელიგიური ჯგუფის წევრობის, ოჯახური კონფლიქტის, საზოგადოებაში გავრცელებული მორალური, ეთიკური, რელიგიური შეხედულებების გამო ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზის დადგენას. სადავო ნორმის მიერ ასეთი შესაძლებლობის გათვალისწინება ეწინააღმდეგება რწმენის თავისუფლებას და ამ შემთხვევაში არის მისი შეცვლის იძულების ტოლფასი.
ნიშანდობლივია, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს რწმენის თავისუფლების შინაგან ასპექტთან მიმართებაში შეზღუდვის დაწესებას, მათ შორის სხვათა უფლებების დაცვის მიზნით, გამომდინარე იქიდან, რომ რწმენის არსებობა ვერ უქნება სხვათა უფლებების დარღვევის საფუძველი.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, გთხოვთ, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მესამე პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნოთ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტისა და „ა“ ქვეპუნქტის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ფსიქიკურ აშლილობასა და მისგან მომდინარე საფრთხეს უკავშირებს პირის რწმენას ან/და ასეთი რწმენიდან მომდინარე ქცევას და ამ საფუძლით დასაშვებად მიიჩნევს პირის არანებაყოფლობითი წესით სტაციონარში განთავსებას.
3. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტისა და მისი „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი აღიარებს ადამიანის ღირსების კონსტიტუციურ პრინციპს, რომელიც წარმოადგენს ყველა სხვა კონსტიტუციური უფლების ინსპირაციის წყაროს. ღირსება ადამიანის თანდაყოლილია, იგი ბუნებითი უფლებაა. „თავისუფლების სამართლებრივ მასშტაბს ადამიანის ღირსება ქმნის, ამიტომ თავისუფალი ადამიანების საზოგადოება იმ სახელმწიფოთა უპირატესობაა, სადაც ადამიანის ღირსება ღირებულებათა სისტემის საფუძველია. ღირსება არის თითოეული ადამიანის თვითმყოფადობის საფუძველი და თანაბარი გარანტია, იყოს სხვებისგან განსხვავებული საკუთარ უნარებზე, შესაძლებლობებზე, გემოვნებაზე, განვითარების გზის ინდივიდუალურ არჩევანზე დამოკიდებულებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი ადამიანის ღირსების ფუნდამენტური პრინციპის აღიარებით სწორედ ასეთი წესრიგის გარანტირებას ემსახურება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პ. 11). „შედეგად, ადამიანის ღირსების კონსტიტუციური პრინციპი ყველა ფუნდამენტური უფლების - ადამიანის თავისუფლების საფუძველია, ისევე როგორც უფლებებით სრულყოფილად სარგებლობა და მათი ეფექტური დაცვა ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის უშუალო გარანტიაა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პ. 12). „ადამიანის ღირსება და პიროვნული თავისუფლება ... მის ძირითად უფლებებში, მათ ადეკვატურ დაცვასა და სრულად განხორციელებაში გამოიხატება. ამიტომ ამ უფლებებში სახელმწიფოს არათანაზომიერი, გადამეტებული ჩარევა ხელყოფს ადამიანის ღირსებასაც” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება #1/3/407 საქმეზე: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პ. 3). „ღირსება ... არ შეიძლება იქნეს განხილული, როგორც მხოლოდ ერთ-ერთი სუბიექტური კონსტიტუციური უფლების ობიექტი. ღირსება არის ის უფლება და ამავე დროს, ის ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი, რომელსაც ეყრდნობა და უკავშირდება ძირითადი უფლებები... ღირსების ხელყოფა, ფაქტიურად, ყოველთვის უკავშირდება სხვა ძირითადი უფლების ან უფლებების დარღვევას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის #2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II, 31).
„მაშასადამე, კონსტიტუციის მიზნებისთვის ღირსების დაცვა გულისხმობს სოციალურ მოთხოვნილებას ადამიანის პატივისცემაზე. ეს არის ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი, რომელსაც ეყრდნობა და უკავშირდება ძირითადი კონსტიტუციური უფლებები. ამასთან, სახელმწიფო საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტს არღვევს მაშინ, როდესაც ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გზით (შედეგად), მიზნად ისახავს ადამიანის დამცირებას, მისი მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენებას ან/და მისი ფაქტობრივი ქმედება ასეთ შედეგს გარდაუვლად იწვევს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პ. 16).
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე პუნქტით აკრძალულია თანამედროვე საზოგადოებისთვის მიუღებელი მოპყრობისა და სასჯელის ფორმები. იგი დაუშვებლად აცხადებს ადამიანის წამებას, არაჰუმანურ, სასტიკ ან პატივისა და ღირსების შემლახველ მოპყრობასა და სასჯელის გამოყენებას. ხსენებულ ნორმა აბსოლუტურია, იგი დროსა და სივრცეში შეზღუდვას არ ექვემდებარება. დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, ვითარება, რომელიც ადამიანზე ამ ტიპის ზემოქმედებას გაამართლებს. ნებისმიერი ასეთი მოპყრობა ეწინააღმდეგება პროგრესული საზოგადოების ფუნდამენტურ მონაპოვარს, ყველა ძირითადი უფლებისა და თავისუფლების საფუძველს - ადამიანის ღირსებას.
აღნიშნული ნორმა სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას ადამიანი ამგვარი მოპყრობისგან დაცული იყოს არამხოლოდ სამართლის აღსრულების, არამედ სამართალშემოქმედების პროცესშიც. კანონმდებლობა არცერთ კონდიციაში არ უნდა ქმნიდეს ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სასჯელის გამოყენების არათუ ექსპლიციტურ, არამედ იმპლიციტურ შესაძლებლობასაც.
სადავო ნორმით მოსარჩელის მიმართ ხორციელდება არაჰუმანური, პატივისა და ღირსების შემლახველი, დამამცირებელი მოპყრობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანახმად, „მოპყრობამ განსაზღვრულ სიმძიმეს უნდა მიაღწიოს იმისათვის, რომ იგი შეფასდეს როგორც არაჰუმანური მოპყრობა. მოპყრობის სიმძიმე უნდა განისაზღვროს ინდივიდუალური შემთხვევებიდან გამომდინარე. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მოპყრობის ხასიათი და კონტექსტი, მისი განხორციელების მეთოდები, ხანგრძლივობა, ფიზიკური და ფსიქიკური ეფექტი პირზე. ზოგიერთ შემთხვევაში ასევე ყურადსაღებია პირის სქესი, ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი ზოგადი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პ. 180). სასამართლოს თქმით, „პატივისა და ღირსების შემლახავია მოპყრობა, რომელიც მსხვერპლს აღუძრავს შიშს, ძლიერ ტკივილს, დამცირების ან დაქვემდებარების შეგრძნებას ან ისეთი ქმედება, რომელიც ახდენს პირის ფიზიკურ ან მორალურ გატეხვას და აიძულებს მას, რომ მოიქცეს საკუთარი შეგნების საწინააღმდეგოდ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პ. 181). გარდა ამისა, „საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არაჰუმანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ზღვარს რომ მიაღწიოს, ქმედება უნდა სცილდებოდეს იმ ტკივილის, დისკომფორტის, სულიერი ტანჯვისა და სირცხვილის შეგრძნებას, რომელსაც ადამიანი გარდაუვლად განიცდის სასჯელისა და სხვა თავისუფლებაშემზღუდველი ლეგიტიმური მოპყრობის დროს, მათ შორის, ფსიქიატრიულ სტაციონარში იძულებითი მოთავსებისას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე:„საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პ. 181).
სადავო ნორმით მოსარჩელე პრივატულ სივრცეში თავისი რწმენიდან, მისწრაფებებიდან მომდინარე მოქმედებების გამო (რაც არ არის აკრძალული) აბსტრაქტულად აღიქმება საკუთარი და სხვა ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საფრთხედ. გარდა ამისა, სადავო ნორმის მოქმედების პირობებში მოსარჩელე იძულებულია მოიქცეს საკუთარი შეგნების, რწმენის საწინააღმდეგოდ და როგორც არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობის პროცესში, ასევე შემდგომ უარი განაცხადოს ბუდიზმითა და იოგას კულტურით განპირობებულ ცხოვრებაზე, რაც უნდა შეფასდეს როგორც სულიერი ტანჯვის ტოლფასი. სხვა შემთხვევაში, იგი მუდმივად თუ არა სულ მცირე პერიოდულად, 6 თვემდე ვადით (წინამდებარე შემთხვევის მსგავსად), ამ დროის განახლების პერსპექტივით არანებაყოფლობით იქნება მოთავსებული სტაციონარულ დაწესებულებაში. ამასთან, სადავო ნორმას ახასიათებს ჩარევის მაღალი ინტენსიურობა, მოსარჩელეს დღემდე თან სდევს მუდმივი, უწყვეტი შიში, რომ მისი ნებისმიერი ქმედება (ცალკეულ შემთხვევებში კვებაზე უარის თქმა, უძილობა, მედიტაცია, საზოგადოებისგან განმარტოება, სხვა ადამიანის, მათ შორის ოჯახის წევრის მითითების შეუსრულებლობა) აბსოლუტურად პრივატულ თუ საჯარო სივრცეში, განხილული იქნება ფსიქიკურ აშლილობის სიმპტომების გამოვლენად და ხელახლა არანებაყოფლობითი წესით განთავსდება სტაციონარში. მოსარჩელის ცხოვრებას ამგვარი ყოველდღიური დისკომფორტი, ფსიქოლოგიური წნეხი ახასიათებს, რომელსაც ობიექტურად განიცდის ავტონომიურ სივრცეშიც. სადავო ნორმის კონსტიტუციურობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების შემდგომ ადამიანს ეზღუდება საკუთარი ნების შესაბამისად ქცევის სრული თავისუფლება, მისი მოქმედება სხვა ადამიანების მხრიდან მუდმივ დაკვირვებაშია. აღსანიშნავია, რომ პრაქტიკაში არანებაყოფლობითი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა წარმოადგენს ერთი მხრივ, მტკიცებულებას სტაციონარში არანებაყოფლობითი წესით პირის ხელახლა განთავსებისთვის, მეორე მხრივ, საფუძველს უფრო მძიმე დიაგნოზის დასმისთვის. შესაბამისად, სადავო ნორმის უკონტურო შინაარსის პირობებში არსებობს საფრთხე, რომ იგი სხვების ხელში იქცევა თვითნებობის, მანიპულაციის, ფსიქოლოგიური ზემოქმედების ობიექტად და მათი მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში აღქმული იქნება ფსიქიკური აშლილობის მქონე პირად, რომელიც საშიშია საკუთარი და სხვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის და არანებაყოფლობით კვლავ მოთავსდება სტაციონარში. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა იძლევა პირის ობიექტად გადაქცევისა და სხვა პირის მიერ მასზე თვითნებობის შესაძლებლობას.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ იძულებითი ფისიქიატრიული სტაციონარული მკურნალობა წარმოადგენს თავისუფლების შეზღუდვის ერთ-ერთ ფორმას. შესაბამისად, სადავო ნორმა უნდა აკმაყოფილებდეს ფიზიკური ხელშეუხებლობის იმ სტანდარტს, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე ითვალისწინებს. ნიშანდობლივია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ამგვარი სტანდარტი სასჯელთან მიმართებაში დაადგინა, თუმცა, იგი ექვივალენტურად ვრცელდება არადამიანურ, დამამცირებელ, არაჰუმანურ მოპყორბაზეც, რადგან „რთულია და ყოველთვის არ არის შესაძლებელი ერთმანეთისგან გაიმიჯნოს არაადამიანური, სასტიკი მოპყრობა და სასჯელი ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახველი, დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელისგან, რადგან უმეტეს შემთხვევაში, შეუძლებელია ადამიანის მიმართ სასტიკმა და არაადამიანურმა მოპყრობამ არ გამოიწვიოს მისი დამცირება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პ. 22). სადავო ნორმით ცალსახაა, რომ არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების მიზანი უშუალოდ პირისა და სხვათა ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაცვაა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო ნორმის პირობებში მოსარჩელე ექვემდებარება არაჰუმანური, პატივისა და ღირსების შემლახველ მოპყრობას, ვინაიდან იგი პერსონალურ სივრცეში თავისი რწმენიდან, მისწრაფებებიდან მომდინარე მოქმედებების გამო აბსტრაქტულად აღიქმება საკუთარი და სხვა ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საფრთხედ, იძულებულია იმოქმედოს საკუთარი შეგნების, რწმენის საწინააღმდეგოდ და უარი განაცხადოს ბუდიზმითა და იოგას კულტურით განპირობებულ ცხოვრებაზე, ცხოვრების სტილზე, რაც არის სულიერი ტანჯვის ტოლფასი. აგრეთვე, სადავო ნორმის არსებობით მოსარჩელეს აქვს უწყვეტი შიში, რომ მისი ნებისმიერი ქმედება, მათ შორის პრივატულ სივრცეში, განხილული იქნება ფსიქიკურ აშლილობად და ხელახლა არანებაყოფლობითი წესით განთავსდება სტაციონარში. ამასთან, არსებობს რეალური საფრთხე, რომ სადავო ნორმის საფუძველზე პირი სხვების ხელში იქცევა თვითნებობის, მანიპულაციის, ფსიქოლოგიური ზემოქმედების ობიექტად და მათი მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში აღქმული იქნება ფსიქიკური აშლილობის მქონე პირად, რომელიც საშიშია საკუთარი და სხვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის და არანებაყოფლობით კვლავ მოთავსდება სტაციონარში.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, გთხოვთ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნოთ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტისა და „ა“ ქვეპუნქტის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ფსიქიკურ აშლილობასა და მისგან მომდინარე საფრთხეს უკავშირებს პირის რწმენას ან/და ასეთი რწმენიდან მომდინარე ქცევას და ამ საფუძვლით დასაშვებად მიიჩნევს პირის არანებაყოფლობითი წესით სტაციონარში განთავსებას.
4. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტისა და მისი „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით
საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით აღიარებულია ადამიანის უფლება თავისუფლად განავითაროს საკუთარი პიროვნება. იგი უზრუნველყოფს პირის თვითგამორკვევას, ავტონომიურობის, კერძო სივრცის სხვებისგან ხელშეუხებლობას, ქცევის ზოგად თავისუფლებას, მსოფლმხედველობის, ფიზიკური, სოციალური, სექსუალური იდენტობის თავისუფლებას. გარდა ამისა, კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულია ადამიანის უფლება თავად განსაზღვროს სხვა პირებთან ურთიერთობის ფარგლები, საზოგადოებრივ სივრცეში მონაწილეობის ფორმები და ჩართულობის ხარისხი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, „საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პიროვნების მოქმედების ზოგად თავისუფლებას. პიროვნების ავტონომიურობის, მისი თავისუფალი და სულყოფილი განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როგორც გარე სამყაროსთან ურთიერთობის დამოუკიდებლად განსაზღვრის თავისუფლებას, ასევე ინდივიდის ფიზიკურ და სოციალურ იდენტობას, ინტიმური ცხოვრების ხელშეუვალობას, ადამიანთა გარკვეულ წრესთან პერსონალურ კავშირებს იმ ინტენსივობით, რაც აუცილებელია მისი პიროვნული სრულყოფისათვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის #2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II, პ. 55). „... კონსტიტუციის მე-16 მუხლი უზრუნველყოფს პირის უფლებას, თავისუფლად მოახდინოს თვითიდენტიფიცირება, დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი იდენტობა, ცხოვრების წესი და სტილი, ინდივიდუალური განვითარების და სხვა პირებთან ურთიერთობის გზები და ფორმები, თავისი მორალური, სოციალური, ინტელექტუალური თუ სხვა მოთხოვნილებების და ინტერესების დაკმაყოფილების საშუალებები ...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის #2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II, პ. 56). „ ... კონსტიტუციის მე-16 მუხლის დაცულ სფეროში ექცევა პიროვნების თავისუფალი განვითარების ნებისმიერი ფორმით რეალიზაცია ... (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის #2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II, პ. 59), მათ შორის, ისეთი, რომელიც შესაძლებელია საზოგადოებისთვის იყოს არასტანდარტული.
სადავო ნორმით ჩარევა ხორციელდება კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულ სფეროში, რომელიც გულისხმობს მოსარჩელის უფლებას თავად განსაზღვროს სხვა ადამიანებთან ურთიერთობის ფარგლები (ე.წ. განმარტოების უფლება), საკუთარი შეხედულებების, მისწრაფებების გათვალისწინებით გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდეს გარე სამყაროსგან განმარტოებული, დაკავდეს აქტიური ფიზიკური აქტივობით, რომელიც მისი შეფასებით მნიშვნელოვანია საკუთარი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის. სადავო ნორმის საფუძველზე სხვა პირებთან, საზოგადოებასთან ურთიერთობის შეზღუდული ფარგლებიდან, იოგას ინტენსიური ვარჯიშიდან, მედიტაციიდან გამომდინარე, მოსარჩელე გამოაცხადეს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირად და იძულებითი წესით მოათავსეს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იმ მიზნით, რომ დაცული ყოფილიყო მისი და სხვა პირების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამგვარად, უდავოა, რომ განხორციელდა კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულ სფეროში ჩარევა. ნიშანდობლივია, რომ ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტური ხასიათის უფლებას და მისი შეზღუდვა დასაშვებია ღირებული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ნებისმიერი ამგვარი ჩარევა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს უფლების შეზღუდვის თანაზომიერი. აღსანიშნავია, რომ პირს გააჩნია თავისუფალი განვითარების უფლების შეზღუდვის თმენის ვალდებულება „იმ შემთხვევაში, როდესაც შეზღუდვა ხდება უპირატესად დაცული, საყოველთაო ინტერესებიდან ან მესამე პირების კონსტიტუციურად დაცული ინტერესებიდან და უფლებებიდან გამომდინარე..“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის #2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II, პ. 67), დაუშვებელია ამ უფლების თვითნებურად, აბსტრაქტული მიზეზით შეზღუდვა.
მოსარჩელის შემთხვევა მიუთითებს, რომ სადავო ნორმით შესაძლებელია განმარტოების უფლებით სარგებლობიდან გამომდინარე პირის ფსიქიკური აშლილობის მქონედ გამოცხადება და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არანებაყოფლობით მოთავსება იმ საფუძვლით, რომ საფრთხეს უქმნის საკუთარ ან/და სხვა ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ზოგადად ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში ჩარევის ღირებულ ლეგიტიმურ მიზანს. თუმცა ამ შემთხვევაში უნდა შეფასდეს საზოგადოებასთან ურთიერთობის ფარგლების თვითშეზღუდვა წარმოადგენს თუ არა ერთი მხრივ, ლეგიტიმურ საფუძველს პირის ფსიქიკური აშლილობის მქონედ გამოცხადებისთვის, მეორე მხრივ, საფრთხეს საკუთარ თავისა და სხვებისთვის.
თავის მხრივ, უდავოა, რომ განმარტოების პირობებში სხვა ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა ვერ იქნება რელევანტური საჯარო ინტერესი, ასეთი მიზანი ვერ გაამართლებს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების შეზღუდვას. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, გთხოვთ საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნოთ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტისა და „ა“ ქვეპუნქტის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ფსიქიკურ აშლილობასა და მისგან მომდინარე საფრთხეს უკავშირებს პირის გადაწყვეტილებას იყო სხვებისგან განმარტოებული.
5. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით დაცულია პირის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება. იგი გულისხმობს „ადამიანის ფიზიკურ თავისუფლებას, .... უფლებას, თავისუფლად გადაადგილდებოდეს ფიზიკურად, თავისი ნების შესაბამისად, იმყოფებოდეს ან არ იმყოფებოდეს რომელიმე ადგილზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის N2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პ. 2). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ამ უფლებაში ჩარევა ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც იზღუდება პირის ფიზიკური გადაადგილების თავისუფლება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე: “საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პ. 188). უდავოა ის ფაქტი, რომ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი, რომელიც აწესრიგებს არანებაყოფლობით სტაციონალურ ფსიქიატრიულ დახმარებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელიც პირს მიეწოდება იძულებით, მისი ექსპლიციტური ან იმპლიციტური ნების გამოხატვის გარეშე, ერევა ფიზიკური თავისუფლების უფლებით დაცულ სფეროში. მას ეზღუდება გარკვეული ვადით, მისი ხელახალი გაგრძელების პერსპექტივით, სტაციონარის დატოვების უფლება. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელე იძულებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ იქნა მოთავსებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 6 თვემდე ვადით, სადავო ნორმით ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებაში ჩარევა განხორციელდება.
საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ ფიზიკური თავისუფლების უფლება მიეკუთვნება ინტერვენციას დაქვემდებარებულ უფლებათა კატეგორიას, რომელის შეზღუდვა კონსტიტუციაში მითითებული მატერიალურ-პროცესუალური სტანდარტების გარდა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე: “საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პ. 206), უნდა აკმაყოფილებდეს თანაზომიერების პრინციპს. გამომდინარე იქიდან, რომ ამ უფლებაში ჩარევა, ნებისმიერ შემთხვევაში მაღალი ინტენსივობის მატარებელია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე: “საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პ. 198), ერთი მხრივ, მისი შეზღუდვა ღირებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას უნდა ითვალისწინებდეს, გამოყენებული ღონისძიებები უნდა იყოს ყველაზე უფრო მსუბუქი და მეორე მხრივ, შემზღუდავი ნორმის შინაარსი მკაფიოდ, ცალსახად, ნათლად უნდა იყოს ფორმირებული. „ზოგადად, კონკრეტული კონსტიტუციური უფლების შინაარსის კონსტიტუციით დასაშვებ ფარგლებში განსაზღვრისთვის კანონმდებელი ვალდებულია, მიიღოს ზუსტი, მკაფიო, არაორაზროვანი, განჭვრეტადი კანონმდებლობა (ნორმები), რომელიც პასუხობს კანონის განსაზღვრულობის მოთხოვნას. ეს გარემოება ერთ-ერთი გადამწყვეტი კრიტერიუმია ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას. კანონმდებლის ასეთი ვალდებულება კი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან მომდინარეობს. «კანონად» შეიძლება ჩაითვალოს საკანონმდებლო საქმიანობის მხოლოდ ის პროდუქტი, რომელიც პასუხობს კანონის ხარისხის მოთხოვნებს. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს კანონის შესაბამისობას სამართლის უზენაესობისა და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპებთან. ამ პრინციპების რეალური დაცვისთვის პრაქტიკული და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კანონის ხელმისაწვდომობასა და განჭვრეტადობას. კანონის ხარისხი მოითხოვს, რომ საკანონმდებლო რეგულაცია იყოს იმდენად მკაფიო, რომ პირმა, რომლის უფლებაში ჩარევაც ხდება, შეძლოს სამართლებრივი მდგომარეობის ადეკვატურად შეცნობა და საკუთარი ქმედების შესაბამისად წარმართვა” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის #1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პ. 11). თავისთავად ლეგიტიმური მიზნების, საჯარო ინტერესების არსებობა, „იმავდროულად, არ არის საკმარისი უფლებაში ჩარევის გამართლებისათვის. თვალსაჩინო უნდა იყოს ამ საჯარო ინტერესების დაცვის აუცილებლობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებლობა ადეკვატური მექანიზმებით უნდა ქმნიდეს ისეთ ვითარებას, რომ საჯარო ინტერესების მისაღწევად უფლებაში ჩარევა ხდებოდეს მხოლოდ რეალური აუცილებლობის შემთხვევაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება #1/3/407 საქმეზე: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პ. 9). საკონსტიტუციო სასამართლოს თქმით, „კონკრეტულ უფლებაში ჩარევა ხდება გარკვეული საზოგადოებრივი სიკეთის მისაღწევად. თანაზომიერების პრინციპზე დაყრდნობით უფლების სავარაუდო დარღვევის საკითხის გარკვევისას, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამართლებრივი სიკეთისადმი მოსალოდნელი საფრთხის სიმძიმეს. ეს სამართლებრივი სიკეთე, ერთი მხრივ, არის კონკრეტული უფლება, რომლის შეზღუდვის აუცილებლობაც დგება და, მეორე მხრივ, საზოგადოებრივი ინტერესი, რომლის დაცვისთვისაც აუცილებელია უფლებაში ჩარევა. თუ მკაფიო, ნათელი და საკმარისად კონკრეტული არ იქნება უფლებაში ჩარევის ყველა წინაპირობა, საფუძველი თუ წესი, ეს, თავისთავად, განაპირობებს არა მხოლოდ უფლებაში გადამეტებული ჩარევის, არამედ საზოგადოებრივი ინტერესების არასწორად დაკმაყოფილების რისკსაც. შესაბამისად, ვერ მიიღწევა კერძო და საჯარო ინტერესების გონივრული და პროპორციული თანაფარდობა. უფლებაში ჩარევის მარეგულირებელი ასეთი ნორმაც ვერ დააკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება #1/3/407 საქმეზე: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პ. 12). კონსტიტუციური დავის ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს არის თუ არა ნორმის განსაზღვრულობა იმ ხარისხის, რომ მისი გამოყენების საფუძველზე, ცალსახად იქნეს გამორიცხული კონსტიტუციური უფლების დარღვევის თუნდაც ერთეული შემთხვევა. ამ მიზნით, „გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შემდეგ გარემოებას: ნორმა, მისი შინაარსის, მისივე ტექსტის ადეკვატურად, სწორად წაკითხვისას და შესაბამისად გამოყენებისას, იწვევს თუ არა კონსტიტუციური უფლების დარღვევის საფრთხეს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება #1/3/407 საქმეზე: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პ. 11).
ნიშანდობლივია, რომ ზოგადად სადავოდ არ მივიჩნევთ არანებაყოფლობით ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების კონსტიტუციურობას იმ შემთხვევაში, როდესაც პირს ფსიქიკური აშლილობის გამო არ გააჩნია რაციონალური გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისთვის დახმარების დაყოვნება რეალურ, ობიექტურ გარემოებებზე დაყრდნობით შეფასებულ საფრთხეს უქმნის/შეუქმნის მის ან სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. თავის მხრივ, პაციენტისა და სხვა ადამიანების სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის დაცვის აუცილებლობა წარმოადგენს ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვის რაციონალურ, კანონიერ მიზანს. თუმცა, სადავო ნორმა მისი განუსაზღვრელი შინაარსიის გათვალისწინებით არის ბუნდოვანი, გამომდინარე იქიდან, რომ არ ითვალისწინებს მოსალოდნელი ან არსებული „საფრთხის“ შეფასების, დადგენის, განსაზღვრის კრიტერიუმებს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ იგი „საფრთხეს“ განიხილავს აბსოლუტურად აბსტრაქტულ კატეგორიად და არ უკავშირებს დროსა და სივრცეს, მხედველობაში არ იღებს პაციენტის აზრს, მკურნალობის ალტერნატიული ინსტრუმენტის არსებობის შესაძლებლობას, შესაძლო აგრესიის გამომწვევ ფაქტორებს და ა.შ. ნიშანდობლივია, რომ ფსიქიკური აშლილობის გამო რეალური საფრთხის შეფასების კრიტერიუმები მოცემულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა (შემდგომში - გაერო) და ევროპის საბჭოს ფარგლებში მიღებულ ცალკეულ სამართლებრივ ინსტრუმენტებში.
„ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების ღირსებისა და უფლებების დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის No. REC (2004)10 რეკომენდაცია (შემდგომში - რეკომენდაცია), საქართველოს კანონმდებლობისგან განსხვავებით, ახორციელებს არანებაყოფლობითი სტაციონარული განთავსებისა და მკურნალობის დიფერენცირებას. რეკომენდაციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი სტაციონარში არანებაყოფლობითი წესით განთავსებას ექვემდებარება თუ კუმულატიურად დაკმაყოფილებულია შემდეგი პირობები:
· პირს გააჩნია ფსიქიკური აშლილობა;
· პირის მდგომარეობა მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ აყენებს მის ან სხვა პირების ჯანმრთელობას;
· განთავსებას აქვს თერაპიული მიზნები;
· მკურნალობა შეუძლებელია სტაციონარში მოთავსების გარეშე;
· გათვალისწინებულია ასეთი პირის აზრი.
რეკომენდაციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ექსპლიციტურად განსაზღვრავს იმ კრიტერიუმებს, რომელთა საფუძველზე ხორციელდება პირის მიერ საკუთარი ან სხვა ადამიანების ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ დაყენების საკითხის შეფასება. იგი წარმოადგენს საფრთხეს, თუ:
· მისი ქცევა მნიშვნელოვანწილად განპირობებულია ფსიქიკური აშლილობით;
· მისი მდგომარეობა აშკარაა, რომ შეიცავს ასეთ რისკს;
· არ არსებობს უფრო მსუბუქი, შესაბამისი საშუალება ამ რისკის ასაცილებლად;
· არანებაყოფლობითი მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულია ამ პირის აზრი.
ნიშანდობლივია, რომ „ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების დაცვისა და ფსიქიკური აშლილობის მკურნალობის გაუმჯობესების შესახებ“ გაეროს გენერალური ასამბლეის 1991 წლის 17 დეკემბრის 46/119 რეზოლუციით აღიარებული მე-16 პრინციპი ექსპლიციტურად არ ადგენს საფრთხის შეფასების კრიტერიუმებს, თუმცა იგი ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის არანებაყოფლობით მოთავსებას დასაშვებად მიიჩნევს თუ ასეთი პირისგან მომდინარეობს დაუყოვნებლივი და გარდაუვალი ზიანის მიყენების საფრთხე საკუთარი თავისთვის ან სხვა პირებისთვის.
რეკომენდაციის მე-18 მუხლში რეგლამენტირებულია კრიტერიუმები არანებაყოფლობით მკურნალობასთან მიმართებაში, რომლის მიხედვით, პირი სტაციონარში არანებაყოფლობითი წესით მკურნალობას ექვემდებარება თუ ასევე უპირობოდ დაკმაყოფილებულია შემდეგი კრიტერიუმები:
· პირს გააჩნია ფსიქიკური აშლილობა;
· პირის მდგომარეობა მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ აყენებს მის ან სხვა პირების ჯანმრთელობას;
· შეუძლებელია მკურნალობა უფრო ნაკლებად ინტრუზიური ფორმით;
· გათვალისწინებულია პაციენტის აზრი.
რეკომენდაციის მე-8 მუხლი ითვალისწინებს ე.წ. ყველაზე მსუბუქი ღონისძიების პრინციპს, რომელიც ფსიქიკური აშლილობის მქონე პირს ანიჭებს უფლებას დაექვემდებაროს ისეთ გარემოში მკურნალობას და იმგვარი მეთოდით, რომელიც იქნება ყველაზე ნაკლებად ინტრუზიური, შემზღუდავი და პირის ჯანმრთელობის მდგომარეოობასთან შესაბამისი. გარდა ამისა, რეკომენდაციის მე-10 მუხლი (ii) ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს შექმნან არანებაყოფლობითი განთავსებისა და არანებაყოფლობითი მკურნალობის ალტერნატივები, რომლებიც იქნება მაქსიმალურად ხელმისწავდომი. ანალოგიურ მოთხოვნას შეიცავს რომ „ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების დაცვისა და ფსიქიკური აშლილობის მკურნალობის გაუმჯობესების შესახებ“ გაეროს გენერალური ასამბლეის 1991 წლის 17 დეკემბრის 46/119 რეზოლუციაში დეკლარირებული მე-9 პრინციპი.
ზემოხსენებული მსჯელობიდან ცალსახაა, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია, ვინაიდან არ განსაზღვრავს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირისგან მომდინარე საფრთხის შეფასების კრიტერიუმებს და არ ითვალისწინებს ასეთი პირის უფლებების შეზღუდვის უფრო მსუბუქ ღონისძიებებს, მათ შორის, მკურნალობის ალტერნატიულ სერვისებს. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ფსიქიატრიული მკურნალობის სტაციონარს გარეთ არსებული მექანიზმები (მაგალითად, ჯანმრთელობის დაცვის სათემო, არაჰოსპიტალური სერვისები; სათემო ფსიქიატრიული სტაციონარული ერთეულები; ფსიქოლოგიური, ფარმაკოლოგიური და სოციალური მკურნალობა სახლში; ფსიქიკური ჯანმრთელობის დღის განმავლობაში მკურნალობა; ფსიქოსოციალური ინტერვენციები და ა.შ.), რომლებიც მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იქნება ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის. ნიშანდობლივია, რომ 2013 წლიდან საქართველოში მიმდინარეობს ასერტული სერვისის მიწოდება, რომელიც ემპირიული კვლევების შესაბამისად წარმოადგენს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების სათემო მკურნალობისა და რეაბილიტაციის ერთ-ერთ ეფექტიან მეთოდს. გარდა ამისა, თბილისში 24 საათის განმავლობაში მოქმედებს რამდენიმე მობილური ჯგუფი, თუმცა, რესურსისა და სერვისის სიმწირიდან, ალტერნატიული ფსიქიატრიული მურნალობის მეთოდებთან მიმართებაში სახელმწიფოს ინდეფერენტული დამოკიდებულებიდან, ფრაგმენტული, არაკოორდინირებული ღონისძიებებიდან გამომდინარე, იგი არ არის ხელმისწავდომი ბენეფიციარების ფართო წრისთვის. შესაბამისად, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარება არის ერთადერთი გავრცელებული მექანიზმი, რომლის მიწოდებაც ხორციელდება.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საფრთხის განმსაზღვრელი კრიტერიუმის არ არსებობით სადავო ნორმა იძლევა შესაძლებლობას ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი არანებაყოფლობით იქნეს მოთავსებული სტაციონარში მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მას გააჩნია ფსიქიკური აშლილობა. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში მოქმედებს პრინციპი, რომლის თანახმად, დაუშვებელია ადამიანის თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ იგი ფსიქიკური აშლილობის მქონეა. ხსენებული პრინციპი რეგლამენტირებულია მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის მე-14 მუხლში, რომლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს არ აღეკვეთოთ თავისუფლება უკანონოდ ან თვითნებურად. თავისუფლების ნებისმიერი აღკვეთა უნდა მოხდეს კანონის დაცვით, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობა არანაირ შემთხვევაში არ უნდა გახდეს თავისუფლების აღკვეთის მიზეზი. შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის მე-14 მუხლთან დაკავშირებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კომიტეტის 2015 წლის გაიდლაინების თანახმად, ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის თავისუფლების შეზღუდვა, მათ შორის იქიდან გამომდინარე, რომ იგი წარმოადგენს საფრთეს საკუთარი თავისთვის ან სხვებისთვის, არის თავისუფლების თვითნებურად შეზღუდვის ტოლფასი. ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ კონვენციის გათვალისწინებით იგივე პრინციპის შესახებ მითითება ხორციელდება ბიოეთიკის მუდმივმოქმედი კომიტეტის 2011 წლის 2-4 ნოემბრის განცხადებაში. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისიონერის ოფისის თქმით, ეს პრინციპი ირღვევა იმ შემთხვევაშიც, როდესაც თავისუფლების შეზღუდვა ეფუძნება მენტალურ ან ინტელექტუალურ შეზღუდულ შესაძლებლობებსა და მისგან მომდინარე საშიშროებას, საფრთხეს და ასეთი პირის თავისუფლების შეზღუდვა გამართლებულია მისი შეზღუდული შესაძლებლობებით (OHCHR (2009), გვ. 48).
აღსანიშნავია, რომ ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის (შემდგომში - ევროპული კონვენცია) მე-5 მუხლი აგრეთვე იცავს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირს თავისუფლების უკანონო შეზღუდვისგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეში სტანევი ბულგარეთის წინააღმდეგ განაცხადა, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირისგან მომდინარე საფრთხის შეფასებასთან მიმართებაში არ არის საკმარისი მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები ან/და ასეთი პირის აგრესიული ქცევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე: „სტანევი ბულგარეთის წინააღმდეგ“, პ. 157 (ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: http://hudoc.echr.coe.int/eng#{"tabview":["document"],"itemid":["001-108690"]})). მისი თქმით, ასეთი პირის თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია თავსებადი ევროპულ კონვენციასთან თუ იგი განსაკუთრებით აუცილებელია პირის მდგომარეობიდან გამომდინარე უშუალოდ მისი ან სხვა ადამიანების დაცვის ინეტერესებისთვის (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე: „სტანევი ბულგარეთის წინააღმდეგ“, პ. 157 (ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: http://hudoc.echr.coe.int/eng#{"tabview":["document"],"itemid":["001-108690"]})). გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი წარმოადგენს თუ არა საფრთხეს საკუთარი თავისთვის ან/და სხვა ადამიანებისთვის, უნდა შეფასდეს აქტუალური მდგომარეობის გათვალისწინებით, იგი არ უნდა იყოს დაფუძნებული მხოლოდ წარსულში მომხდარ ფაქტებზე (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 5 ოქტომრის გადაწყვეტილება საქმეზე: „ვარბანოვი ბულგარეთის წინააღმდეგ“, პ. 47 (ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: http://hudoc.echr.coe.int/eng#{"tabview":["document"],"itemid":["001-58842"]})) (წინამდებარე საქმეში მოსარჩელე იყო თუ არა ფსიქიკური აშლილობის და წარმოადგენდა თუ არა საფრთხეს საკუთარი თავისთვის ან/და სხვებისთვის შეფასდა წლებისა და თვეების წინ მომხდარი ფაქტებით). მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით დამატებითი გარანტია დაადგინა. სასამართლოს შეფასებით, სტაციონარში განთავსებისა და სოციალური მხარდაჭერის ობიექტური საჭიროება ავტომატურად არ უნდა განაპირობებდეს თავისუფლების ჩამორთმევას. დამცავი ღონისძიებების გამოყენების მიზნით ნებისმიერი ამგვარი გადაწყვეტილების მიღებამ პირთან წინასწარი კონსულტაციის, აზრის მოსმენის გარეშე, შესაძლებელია განაპირობოს მოწყვლადი ჯგუფების უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „სტანევი ბულგარეთის წინააღმდეგ“, პ. 153, (ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: http://hudoc.echr.coe.int/eng#{"tabview":["document"],"itemid":["001-108690"]})).
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია რადგან:
· არ განსაზღვრავს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირისგან მომდინარე საფრთხის შეფასების კრიტერიუმებს, შესაბამისად არის ბუნდოვანი და იძლევა ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის არანებაყოფლობითი წესით სტაციონარში თვითნებურად მოთავსების შესაძლებლობას;
· არ ითვალისწინებს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის უფლებების შეზღუდვის უფრო მსუბუქ ღონისძიებებს, მათ შორის, მკურნალობის ალტერნატიულ სერვისებს, რომლითაც რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილი იქნება ამ პირისა და სხვა ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა;
· საფრთხის განმსაზღვრელი კრიტერიუმის არ არსებობით იძლევა შესაძლებლობას ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი არანებაყოფლობით იქნეს მოთავსებული სტაციონარში მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მას გააჩნია ფსიქიკური აშლილობა.
გთხოვთ, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნოთ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ფსიქიკური აშლილობის მქონე იმ პირის არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას, როდესაც ასეთი პირიდან მომდინარე საფრთხე მნიშვნელოვანწილად არ არის განპირობებული ფსიქიკური აშლილობით, პირის მდგომარეობით აშკარაა, რომ ასეთ საფრთხეს არ შეიცავს, არსებობს შესაბამისი, უფრო მსუბუქი საშუალება ასეთი რისკის ასაცილებლად და არანებაყოფლობითი წესით მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული არ არის ამ პირის აზრი.
6. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
ფსიქიკური აშლილობის მქონე იმ პირის არანებაყოფლობითი წესით სტაციონარში მოთავსება (ე.ი თავისუფლების შეზღუდვა), რომელმაც საკუთარი მოქმედებით შეიძლება მიიღოს ან სხვას მიაყენოს მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტს. თავისთავად, პაციენტისა და სხვა პირების მატერიალური ზიანისგან დაცვა შესაძლებელია განხილულ იქნეს ღირებულ ლეგიტიმურ მიზნად, თუმცა ყველა შემთხვევაში ასეთი მიზნის მისაღწევად არ არის აუცილებელი ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის თავისუფლების შეზღუდვა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ფსიქიატრიული მკურნალობის სისტემა ორიენტირებულია ინსტიტუციებში პირის მოთავსებაზე, სახელმწიფო ბენეფიციარებს, მათ შორის მოსარჩელეს არ სთავაზობს მკურნალობის ალტერნატიულ - ასეთი მიზნის ეფექტიანად მიღწევის მექანიზმს, მაგალითად: ჯანმრთელობის დაცვის სათემო, არაჰოსპიტალური დაწესებულებებს; სათემო ფსიქიატრიულ სტაციონარულ ერთეულებს; ფსიქოლოგიურ, ფარმაკოლოგიურ ინტერვენციებს მკურნალობას სახლში; დღის სარეაბილიტაციო ცენტრებს და სხვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნოთ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ფსიქიკური აშლილობის მქონე იმ პირის არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას, როდესაც მატერიალური ზიანის მიყენების საფრთხე მნიშვნელოვანწილად არ მომდინარეობს ფსიქიკური აშლილობისგან, პირის მდგომარეობით აშკარაა, რომ ასეთ საფრთხეს არ შეიცავს, არსებობს შესაბამისი, უფრო მსუბუქი საშუალება ამგვარი რისკის ასაცილებლად და არანებაყოფლობითი წესით მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული არ არის ამ პირის აზრი.
7. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით
სადავო სიტყვებით ჩარევა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ თანასწორობის ძირითად უფლებაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში დეკლარირებული უფლება არ წარმოადგენს მხოლოდ ცალკე აღებულ ძირითად უფლებას, იგი ამასთანავე არის ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი, რომლის უზრუნველყოფა კონსტიტუციით აღიარებული სხვა ძირითადი უფლებებით ეფექტიანად სარგებლობის გარანტიაა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიხედვით, „კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ეს ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II - 1). თანასწორობის ძირითადი უფლების არსი და მიზანია „ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად, არ დაუშვას არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ და პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება №2/1-392 საქმეზე “საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2; საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2; საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/477 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-68; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). „თანასწორობის ძირითადი უფლება, სხვა კონსტიტუციური უფლებებისგან განსხვავებით, არ მიემართება ადამიანთა ცხოვრების ერთ რომელიმე კონკრეტულ სფეროს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/7/580 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კეკენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). „თანასწორობის პრინციპი მოითხოვს თანაბარ მოპყრობას ადამიანის უფლებებითა და კანონიერი ინტერესებით დაცულ ყველა სფეროში ... დისკრიმინაციის აკრძალვა სახელმწიფოსგან მოითხოვს, რომ მის მიერ დადგენილი ნებისმიერი რეგულაცია შეესაბამებოდეს თანასწორობის ძირითად არსს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-4; საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/539 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-4).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებაში სადავო ნორმის შეფასების სტაბილური, განგრძობადი პრაქტიკა არის ჩამოყალიბებული. იგი უპირველეს ყოვლისა მსჯელობს შესადარებელი ჯგუფები წარმოადგენენ თუ არა არსებითად თანასწორ სუბიექტებს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/7/580 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კეკენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8) და სადავო ნორმის მიზნებისთვის იმყოფებიან თუ არა არსებითად ანალოგიურ ვითარებაში.
„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით ხორციელდება არსებითად თანასწორი პირების არათანსწორი მოპყრობა, რასაც გააჩნია თვითმიზნური - შესაბამისად, დისკრიმინაციული ხასიათი.
სადავო ნორმის მიზნებისთვის შესადარებელ სუბიექტებს წარმოადგენენ:
1. პირი, რომელსაც ფსიქიკური აშლილობის გამო არ გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, იგი არ წარმოადგენს საფრთხეს თავისი ან სხვისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, არ ქმნის თავისთვის ან სხვისთვის მატერიალური ზიანის მიყენების რეალურ საფრთხეს და მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა შესაძლებელია სტაციონარში მოთავსების გარეშე, თუმცა არ არსებობს სერვისი, რომ მიეწოდოს.
2. პირი, რომელსაც ფსიქიკური აშლილობის გამო არ გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, იგი არ წარმოადგენს საფრთხეს თავისი ან სხვისი სიცოცხლისა დ ჯანმრთელობისთვის, არ ქმნის საკუთარი თავისთვის ან სხვისთვის მატერიალური ზიანის მიყენების საფრთხეს და არის ისეთი სერვისი, რომელიც იძლევა მისი ალტერნატიული მკურნალობის საშუალებას.
შესადარებელი სუბიექტები მიჩნეულ უნდა იქნეს არსებითად თანასწორებად, რადგან გააჩნიათ ფსიქიკური აშლილობა, ესაჭიროებათ ფსიქიატრიული მკურნალობა და არ წარმოადგენენ საფრთხეს თავიანთი ან სხვისი სიცოცხლისა დ ჯანმრთელობისთვის, არ ქმნიან თავიანთი ან სხვისთვის მატერიალური ზიანის მიყენების საფრთხეს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მათი დიფერენციაცია ხორციელდება ჯანმრთელობის მდგომარეობის ნიშნით. შესადარებელი სუბიექტებისგან განსხვავებით, ასეთ პირებს სახელმწიფო არ სთავაზობს მკურნალობის ალტერნატიულ, შედარებით უფრო მსუბუქ საშუალებებს, რომელიც არ განაპირობებს მათ თავისუფლების შეზღუდვას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სადავო ნორმების შეფასებისას სასამართლო იყენებს რაციონალური დიფერენცირების ან შეფასების მკაცრ ტესტს. „საკითხი, თუ რომელი მათგანით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ, წყდება სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის, ჩარევის ინტენსივობისა და დიფერენცირების ნიშნის გათვალისწინებით. კერძოდ, თუ არსებითად თანასწორ პირთა დიფერენცირების საფუძველია კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე ნიშანი ან სადავო ნორმა ითვალისწინებს უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას - სასამართლო გამოიყენებს შეფასების მკაცრ ტესტს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/4/603 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-8). მიუხედავად იმისა, რომ დასახელებული დიფერენცირების ნიშანი არ მიეკუთვნება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილ ნიშნებს, სადავო სიტყვების კონსტიტუციურობა უნდა შეფასდეს „მკაცრი ტესტის“ ფარგლებში, ვინაიდან შესადარებელი სუბიექტების დიფერენციაცია ხორციელდება მაღალი ინტენსივობით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასების კრიტერიუმები განსხვავებული იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დიფერენციაციის ბუნებიდან, რეგულირების სფეროდან გამომდინარე. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში გადამწყვეტი იქნება, არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანახმად, „დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასებისთვის ასევე შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელობა შემდეგ გარემოებას: დიფერენცირებულ პირებს რამდენად შეუძლიათ, საკუთარი ძალისხმევით შეამცირონ დიფერენციაციის ხარისხი ან აღმოფხვრან ის. .... დიფერენციაციის ნეგატიური შედეგების საკუთარი ძალისხმევით აღმოფხვრის/შემცირების შესაძლებლობა დიფერენციაციის არადისკრიმინაციულობას ვერ უზრუნველყოფს, ის მხოლოდ დიფერენციაციის ინტენსივობის შესაფასებლად გამოდგება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/4/557,571,576 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19). სადავო ნორმით განხორციელებული ინტენსიურობა მაღალია, რადგან იგი ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით გარანტირებული თავისუფლების შეზღუდვას. ამასთან, მოსარჩელეს არ შეუძლია დიფერენცირების შემცირება (მიუხედავად იმისა, რომ იგი შესაძლოა თანახმა იყოს მკურნალობაზე) და შესადარებელი სუბიექტები მნიშვნელოვნად არიან დაცილებულები ფსიქიატრიული მკურნალობის თანაბარ შესაძლებლობებს.
<პ>სადავო ნორმას არ გააჩნია ღირებული ლეგიტიმური მიზანი, დაუძლეველი სახელმწიფო ინტერესი, რომ პირი, რომელსაც ფსიქიკური აშლილობის გამო არ გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, იგი არ წარმოადგენს საფრთხეს საკუთარი თავის ან სხვისი სიცოცხლისა დ ჯანმრთელობისთვის, არ ქმნის საკუთარი თავისთვის ან სხვისთვის მატერიალური ზიანის მიყენების საფრთხეს და მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა შესაძლებელია სტაციონარში მოთავსების გარეშე, არანებაყოფლობით მოათავსოს სტაციონარში მხოლოდ იმ მიზეზით, რომ არ არსებობს ალტერნატიული სერვისი, უფრო მსუბუქი ღონისძიება მისი მკურნალობის. ნიშანდობლივია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შესახებ კომიტეტის განცხადებით, ადამიანის არანებაყოფლობითი მოთავსება მხოლოდ იმ მიზეზით, რომ იგი არის ფსიქიკური აშლილობის მქონე, წარმოადგენს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შესახებ კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევას - დისკრიმინაციას (Guidelines on article 14 of the Convention on the Rights of Persons with Disabilities, The right to liberty and security of persons with disabilities, p. 6). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნოთ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას ალტერნატიული ფსიქიატრიული მკურნალობის სერვისის არ არსებობის გამო არანებაყოფლობითი წესით სტაციონარში მოთავსდეს პირი, რომელსაც ფსიქიკური აშლილობის გამო არ გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, იგი არ წარმოადგენს საფრთხეს თავისი ან სხვისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, არ ქმნის თავისთვის ან სხვისთვის მატერიალური ზიანის მიყენების რეალურ საფრთხეს.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი