გია ფოლადიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/8/1481 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 11 დეკემბერი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 26 დეკემბერი 2020 19:34 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: გია ფოლადიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 7 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1481) მომართა საქართველოს მოქალაქე გია ფოლადიშვილმა. №1481 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2020 წლის 10 თებერვალს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 11 დეკემბერს.
2. №1481 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს სასამართლოსთვის იმავე სარჩელით განმეორებით მიმართვის შესაძლებლობას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ცალკეული დარღვევების აღმოფხვრის შემთხვევაში.
4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებულია პირის რიგი საპროცესო უფლებები.
5. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმით დადგენილი წესი მოსამართლეს ანიჭებს უფლებას, საქმის არსებითად განხილვის გარეშე, უარი თქვას სარჩელზე და იგი უკან დაუბრუნოს პირს. მოსარჩელის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში პირი იძულებულია, გაასაჩივროს სასამართლოს განჩინება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ ან აღმოფხვრას ხარვეზი და თავიდან მიმართოს სასამართლოს. აღნიშნული კი, დამატებით ვადებთან არის დაკავშირებული, რაც აფერხებს საქმის დროულად განხილვას და, ხშირ შემთხვევაში, აზრსაც კი უკარგავს დავის შემდგომ გაგრძელებას. ამავდროულად, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაშიც კი სასამართლო უფლებამოსილია, კვლავ უარი თქვას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე განსხვავებული საფუძვლით.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დადგენილი წესი ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას. კერძოდ, იგი არღვევს სასამართლოს ხელმისაწვდომობის პრინციპს, აჭიანურებს საქმეთა განხილვას და ხელს უწყობს სასამართლოს გადატვირთულობას, რის გამოც სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სახეზეა სადავო ნორმიდან მომდინარე უფლებრივი შეზღუდვა, რომელიც მიემართება მის მიერ მითითებულ კონსტიტუციის დებულებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1481 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლთან მიმართებით. სადავო ნორმა განსაზღვრავს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლებს. მოსარჩელე მხარის აღნიშვნით,სადავო ნორმით დადგენილი წესი მოსამართლეს ანიჭებს უფლებას, საქმის არსებითად განხილვის გარეშე, უარი თქვას სარჩელზე და იგი უკან დაუბრუნოს პირს. მოსარჩელის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში პირი იძულებულია, გაასაჩივროს სასამართლოს განჩინება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ ან აღმოფხვრას ხარვეზი და განმეორებით მიმართოს სასამართლოს. აღნიშნული კი დამატებით ვადებთან არის დაკავშირებული, რაც აფერხებს საქმის დროულად განხილვას და, ხშირ შემთხვევაში, აზრსაც კი უკარგავს დავის შემდგომ გაგრძელებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ირღვევა სასამართლოს ხელმისაწვდომობისა და საქმის დროულად განხილვისა და გადაწყვეტის უფლებები.
3. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებულია რიგი საპროცესო უფლებები. №1481 კონსტიტუციური სარჩელის შესაბამისად, მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია მიმართულია სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობისა და საქმის დრულად განხილვისა და გადაწყვეტის უფლებების დარღვევისაკენ. მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული დასახელებული უფლებრივი კომპონენტები კი გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლებით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის №3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-56, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის პირველი დეკემბრის №2/6/746 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №2/12/1229, 1242, 1247, 1299 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ხვიჩა ყირმიზაშვილი, გია ფაცურია და გვანცა გაგნიაშვილი და „შპს ნიკანი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). მოსარჩელე მხარე არ ასაბუთებს, თუ რაში გამოიხატება სადავო ნორმიდან მომდინარე ამავე კონსტიტუციური დებულებით გარანტირებული სხვა საპროცესო უფლებების დარღვევა. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს კონსტიტუციურ სარჩელში არ მოჰყავს სათანადო არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა სადავო ნორმის მიმართებას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2-მე-11 პუნქტებთან.
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1481 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
5. №1481 კონსტიტუციური სარჩელი სხვა მხრივ სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1481 კონსტიტუციური სარჩელი („გია ფოლადიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1481 კონსტიტუციური სარჩელი („გია ფოლადიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტებთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი