მიხეილ ხაინდრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/10/1517 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 11 დეკემბერი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 26 დეკემბერი 2020 19:59 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: მიხეილ ხაინდრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1517) მომართა მიხეილ ხაინდრავამ. №1517 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2020 წლის 29 ივნისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 11 დეკემბერს.
2. №1517 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის ქმედება ან გადაწყვეტილება“. მოსარჩელისთვის პრობლემურია, ერთი მხრივ, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობის შესახებ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას, ხოლო, მეორე მხრივ, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის შესახებ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას.
4. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, რომლის საფუძველზეც, დაცულია სასამართლოსადმი მიმართვის და საქმის სამართლიანი განხილვის უფლება.
5. №1517 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელე უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა აღნიშნული განაჩენი ბრალდების მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და არსებობს მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლომ მიიღოს მოსარჩელის გამამტყუნებელი განაჩენი, რადგან საქმეში მოთავსებულია კანონის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებები, რომლებიც წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ ცნო დასაშვებად.
6. მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 95-ე მუხლის პირველ ნაწილს გააჩნია იმგვარი ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობის შესახებ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას. ამგვარი ნორმატიული მოცემულობის ფარგლებში, თუ მოსარჩელეს წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებად ცნობა მიაჩნია უკანონოდ, არ აქვს არანაირი ბერკეტი, იდავოს აღნიშნულის შესახებ. ამასთანავე, დაუშვებელი მტკიცებულების დასაშვებად ცნობა პრობლემურია იმდენად, რამდენადაც სწორედ დასაშვებად ცნობილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ფასდება საქმის არსებით ეტაპზე გადაცემის საკითხი და, ასევე, შემდგომში არსებობს რისკი იმისა, რომ განაჩენი სწორედ ამგვარ მტკიცებულებებს დაეყრდნოს. სწორედ ამიტომ, მოსარჩელისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა, არსებობდეს მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა, რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს ზემოხსენებული რისკების დადგომა.
7. მოსარჩელისთვის ასევე პრობლემურია ის ნორმატიული შინაარსიც, რომელიც გამორიცხავს საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის შესახებ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას. საქმის არსებითად გადაცემის საკითხი სწორედ დასაშვებად ცნობილი მტკიცებულებების საფუძველზე ფასდება. ისეთ შემთხვევაში, როდესაც წინასასამართლო სხდომის მოსამართლე დაუშვებელ მტკიცებულებას ცნობს დასაშვებად და ასევე არ არსებობს აღნიშნულის გასაჩივრების ბერკეტი, იქმნება შესაძლებლობა, რომ საქმე უსაფუძვლოდ გადავიდეს არსებითი განხილვის ეტაპზე. აღნიშნული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში კი, სისხლისსამართლებრივი დევნა, შესაძლოა საერთოდ შეწყვეტილიყო. აღსანიშნავია ისიც, რომ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გადასვლა პირისთვის იწვევს უფლებრივი მდგომარეობის მნიშვნელოვან ცვლილებას - მას ენიჭება ბრალდებულის სტატუსი და, შესაბამისად, ეზღუდება რიგი უფლებები. სწორედ ამიტომ, მოსარჩელისთვის არსებითი მნიშვნელობისაა, მტკიცებულების დასაშვებად ცნობის გადაწყვეტილების გასაჩივრების ბერკეტთან ერთად, გააჩნდეს საქმის არსებითად გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობაც.
8. მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ, მართალია, არსებითი განხილვის მოსამართლე არ არის შეზღუდული, საქმეში არსებული ყველა მტკიცებულებით და განაჩენის მიღებისას შეუძლია დაეყრდნოს მხოლოდ იმ მტკიცებულებებს, რომლებიც სარწმუნოდ მიაჩნია, რითაც ახდენს დანარჩენი მტკიცებულებების „ფაქტობრივ დაუშვებლობას“, თუმცა წინასასამართლო სხდომის ეტაპის უმთავრესი დანიშნულება სწორედ დაუშვებელი მტკიცებულებების საქმიდან გამორიცხვაა და აღნიშნული ეფექტურად უნდა განხორციელდეს. ამასთანავე, არსებითი განხილვის მოსამართლე ვალდებულია, გამოიკვლიოს ყველა მტკიცებულება, რაც იძლევა შესაძლებლობას, უკანონო მტკიცებულებებმა მის შინაგან რწმენაზე იქონიოს ზეგავლენა.
9. მოსარჩელე დამატებით მიუთითებს, რომ, მართალია, მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობის შესახებ და საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის შესახებ მოსამართლის გადაწყვეტილებები არ არის შემაჯამებელი ხასიათის, თუმცა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა იცნობს ამგვარი გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობასაც, მათი ადამიანის უფლებებში ჩარევის ინტენსივობიდან გამომდინარე. აღსანიშნავია ისიც, რომ დაუშვებელი მტკიცებულებების საქმეში აღმოჩენით ირღვევა პროცესის ეკონომიურობის პრინციპიც. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აუცილებელია მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობის შესახებ და საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის შესახებ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობის არსებობა, რათა მაქსიმალურად აღმოიფხვრას ზემოხსენებული რისკები.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1517 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1517 კონსტიტუციური სარჩელი („მიხეილ ხაინდრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი