გიორგი ჯობავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/9/1600 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 15 ივლისი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 30 ივლისი 2021 19:02 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: გიორგი ჯობავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 18 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1600) მომართა გიორგი ჯობავამ. №1600 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2021 წლის 21 მაისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 15 ივლისს.
2. №1600 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის ქმედება ან გადაწყვეტილება“. მოსარჩელისთვის პრობლემურია, ერთი მხრივ, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობის შესახებ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას, ხოლო, მეორე მხრივ, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის შესახებ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას.
4. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, რომლის საფუძველზეც, დაცულია სასამართლოსადმი მიმართვის და საქმის სამართლიანი განხილვის უფლება.
5. №1600 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში. წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და შედეგად, საქმეში სრული მოცულობით მოხვდა ბრალდების მტკიცებულებები, რომელთაც მოსარჩელე დაუშვებლად მიიჩნევს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მას უარი უთხრა დაშვებული მტკიცებულებების კანონიერების შემოწმებაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში ასეთი მექანიზმის არარსებობის გამო.
6. მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 95-ე მუხლის პირველ ნაწილს გააჩნია იმგვარი ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობის შესახებ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას. ამგვარი ნორმატიული მოცემულობის ფარგლებში, თუ მოსარჩელეს წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებად ცნობა მიაჩნია უკანონოდ, არ აქვს არანაირი ბერკეტი, იდაოს აღნიშნულის შესახებ. ამასთანავე, დაუშვებელი მტკიცებულების დასაშვებად ცნობა პრობლემურია იმდენად, რამდენადაც სწორედ დასაშვებად ცნობილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ფასდება საქმის არსებით ეტაპზე გადაცემის საკითხი და, ასევე, შემდგომში არსებობს რისკი იმისა, რომ განაჩენი სწორედ ამგვარ მტკიცებულებებს დაეყრდნოს. სწორედ ამიტომ, მოსარჩელისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა, არსებობდეს მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა, რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს ზემოხსენებული რისკების დადგომა.
7. მოსარჩელისთვის ასევე პრობლემურია ის ნორმატიული შინაარსიც, რომელიც გამორიცხავს საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის შესახებ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას. საქმის არსებითად გადაცემის საკითხი სწორედ დასაშვებად ცნობილი მტკიცებულებების საფუძველზე ფასდება. ისეთ შემთხვევაში, როდესაც წინასასამართლო სხდომის მოსამართლე დაუშვებელ მტკიცებულებას ცნობს დასაშვებად და ასევე არ არსებობს აღნიშნულის გასაჩივრების ბერკეტი, იქმნება შესაძლებლობა, რომ საქმე უსაფუძვლოდ გადავიდეს არსებითი განხილვის ეტაპზე. აღნიშნული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში კი, სისხლისსამართლებრივი დევნა შესაძლოა, საერთოდ შეწყვეტილიყო. აღსანიშნავია ისიც, რომ შესაძლოა, ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნეს მთელი რიგი ისეთი ღონისძიებები, რომლებიც მნიშვნელოვნად ზრდის პირის უფლებებში ჩარევის ინტენსივობას, მაგალითად, როგორიცაა ქონების დაყადაღება, პატიმრობის გამოყენება და სხვა. სწორედ ამიტომ, მოსარჩელისთვის არსებითი მნიშვნელობისაა, მტკიცებულების დასაშვებად ცნობის გადაწყვეტილების გასაჩივრების ბერკეტთან ერთად, გააჩნდეს საქმის არსებითად გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობაც.
8. მოსარჩელე განმარტავს, რომ კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულების გამოყენების დაუშვებლობა, ზოგადად, მიზნად ისახავს პროცესის მონაწილეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, ღირსებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებების დაცვას, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების ხელშეწყობას, სასამართლოს მიმართ მოსახლეობის ნდობის ამაღლებასა და სისხლისსამართლებრივი დევნის მწარმოებელი ორგანოების თვითნებობის პრევენციას. წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობა კი, ზოგადად, ამცირებს შეცდომის დაშვების რისკს და ქმნის დარღვეული უფლების აღდგენის ეფექტიან მექანიზმს.
9. მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ, მართალია, არსებითი განხილვის მოსამართლე არ არის შეზღუდული საქმეში არსებული ყველა მტკიცებულებით და განაჩენის მიღებისას შეუძლია, დაეყრდნოს მხოლოდ იმ მტკიცებულებებს, რომლებიც სარწმუნოდ მიაჩნია, რითაც ახდენს დანარჩენი მტკიცებულებების „ფაქტობრივ დაუშვებლობას“, თუმცა წინასასამართლო სხდომის ეტაპის უმთავრესი დანიშნულება სწორედ დაუშვებელი მტკიცებულებების საქმიდან გამორიცხვაა და აღნიშნული ეფექტურად უნდა განხორციელდეს. ამასთანავე, არსებითი განხილვის მოსამართლე ვალდებულია, გამოიკვლიოს ყველა მტკიცებულება, რაც იძლევა შესაძლებლობას, უკანონო მტკიცებულებებმა მის შინაგან რწმენაზე იქონიოს ზეგავლენა.
10. მოსარჩელის პოზიციით, მართალია, მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობის შესახებ და საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის შესახებ მოსამართლის გადაწყვეტილებები არ არის შემაჯამებელი ხასიათის, თუმცა ბრალდებულს სრულად არ უნდა წაერთვას ამ განჩინების გასაჩივრებისა და მოსამართლის გადაწყვეტილების გადამოწმების შესაძლებლობა. ამასთან, ამ ეტაპზე მიღებულ მტკიცებულებათა დაუშვებლობისა და დევნის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწვეტილების გასაჩივრების მექანიზმის არსებობა ბრალდების მხარეს ანიჭებს უფლებამოსილებას, იდაოს გადაწყვეტილების სისწორეზე და აღმოფხვრას კიდეც ის, ხოლო დაცვის მხარე სრულიად მოკლებულია ასეთ შესაძლებლობას. ეს კიდევ უფრო პრობლემურია იმ პირობებში, რომ სასამართლოს ჩართულობა მხარეთა თანასწორობის კონტექსტში მინიმალური ხასიათისაა და შედეგად, აუცილებელია, მტკიცებულებათა შეფასება-დასაშვებობის საკითხის რეგულირება იმგვარად, რომ დაცვის მხარის უფლებების პრაქტიკული რეალიზება მოხდეს სათანადოდ.
11. მოსარჩელე მიუთითებს, რომ შეზღუდვის სავარაუდო ლეგიტიმური მიზნები შესაძლოა, იყოს სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა და სასამართლოს გადატვირთვისგან დაცვა. თუკი წინასასამართლო სხდომის მოსამართლე დასაშვებად ცნობს ისეთ მტკიცებულებას, რომელიც შესაძლოა, დაუშვებელი იყოს და მის საფუძველზე საქმეს არსებითად განსახილველად გადასცემს და სადავო რეგულირების ფარგლებში, მხარეს არ ექნება აღნიშნულის გასაჩივრების შესაძლებლობა, ასეთი შემთხვევა თავადვე დააზიანებს ეფექტიანი მართლმსაჯულების ინტერესს. უფრო მეტიც, სათანადო საფუძვლების არარსებობისას მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობა ან საქმის არსებითად განსახილველად გადაცემა იწვევს პროცესის გაჭიანურებას, ბრალდებულის უფლებების დარღვევას და სახელმწიფოს რესურსების არაეფექტიანად ხარჯვას.
12. მოსარჩელე დამატებით აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა მოპოვების კანონიერების საკითხის სათანადო შემოწმება და უდანაშაულო პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დროული შეწყვეტა თავად მართლმსაჯულების ინტერესიდან მომდინარეობს, შესაბამისად, მართლმსაჯულების დაცვის ინტერესით ვერ გამართლდება იმ შეზღუდვის კონსტიტუციურობა, რომლის არსებობამაც თავადვე შეიძლება დააზიანოს ეს ინტერესი.
13. რაც შეეხება სასამართლოს გადატვირთვისგან დაცვის ინტერესს, მოსარჩელე განმარტავს, რომ მართლმსაჯულების გადატვირთვის საკითხი ერთიან კონტექსტში უნდა იქნეს აღქმული. კერძოდ, მართალია, მტკიცებულებათა დასაშვებობისა და საქმის არსებითად გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებების გასაჩივრების მექანიზმის არსებობის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიისადმი მიმართვიანობა გაიზრდება, თუმცა დაუშვებელი მტკიცებულებების ამორიცხვა შესაძლოა, გახდეს საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი, რაც სასამართლოსთვის საქმეების შემცირებას გამოიწვევს და, შესაბამისად, პირიქით, ხელს შეუწყობს პროცესის ეკონომიურობას.
14. მოსარჩელე ასევე აპელირებს, რომ იმ პირობებში, როდესაც შესაძლებელია მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა სასამართლოს გადატვირთულობის თავიდან ასაცილებლად, ასევე არსებობს საპროცესო ნორმებით დადგენილი მოთხოვნები სააპელაციო საჩივრისადმი, რაც ასევე შეამცირებდა განსახილველ საჩივრებს, სასამართლოს გადატვირთვისგან დაცვა ვერ გაამართლებს გასაჩივრების უფლების სრულ აკრძალვას.
15. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა მოპოვების კანონიერების წესის დარღვევაზე სააპელაციო სასამართლოები და საქართველოს უზენაესი სასამართლო არცთუ იშვიათად მიუთითებენ. ეს სწორედ ის მტკიცებულებებია, რომლებიც წინასასამართლო სხდომის ეტაპზე უნდა ამორიცხულიყო, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის არარსებობის გამო, მხარეს ამ უფლების რეალიზაციის საშუალება არ მისცემია. ამდენად, გასაჩივრების მექანიზმის არსებობა დაიცავდა არა მხოლოდ მოსარჩელის როგორც ინდივიდის ინტერესს, არამედ სახელმწიფოს ინტერესსაც. დამატებით, სააპელაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობა საკითხზე ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებასაც შეუწყობდა ხელს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1600 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1600 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი ჯობავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
3. №1517 და №1600 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი