ლენა სვანიძე და ზურაბ ინაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/17/1509 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 11 დეკემბერი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 26 დეკემბერი 2020 19:49 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ლენა სვანიძე და ზურაბ ინაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 34-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 9 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1509) მომართეს ლენა სვანიძემ და ზურაბ ინაშვილმა. №1509 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2020 წლის 11 ივნისს. №1509 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 11 დეკემბერს.
2. №1509 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავი, რომელიც, თავის მხრივ, აწესრიგებს სამოქალაქო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და პროცედურებს.
4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განმტკიცებულია სასამართლოსათვის მიმართვისა და საქმის სამართლიანი და დროული განხილვის კონსტიტუციური გარანტია. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის პირველი პუნქტი კი ადგენს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.
5. №1509 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის პირველი ნაწილი გამორიცხავს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სამოქალაქო სამართალწარმოებაში არსებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის გამოყენების შესაძლებლობას. მოსარჩელეთა პოზიციით, სამოქალაქო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების მექანიზმი სამართალწარმოების ერთ-ერთი მხარის ან მხარეთა მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მისთვის/მათთვის მინიჭებული გარკვეული ვალდებულებების შეუსრულებლობისაგან მომდინარე სხვა მხარის უფლებებისათვის ნეგატიური ზეგავლენის პრევენციის ეფექტურ მექანიზმს წარმოადგენს. კერძოდ, სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოსარჩელის ან მოპასუხის სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა, აგრეთვე, მოპასუხის მიერ დადგენილ ვადაში წერილობითი პასუხის (შესაგებლის) არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობა წარმოშობს სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველს.
6. მოსარჩელეთა მითითებით, მართალია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი და მე-20 მუხლი ადგენს მოპასუხის, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესაგებლისა და შესაბამისი მტკიცებულებების, აგრეთვე, სასამართლოს მოთხოვნით საქმის განხილვისა და გადაწყვეტისათვის აუცილებელი დოკუმენტებისა და სხვა ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებას, თუმცა არ ითვალისწინებს აღნიშნული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიებს. კერძოდ, მოსარჩელეთა განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მოპასუხე მხარემ დაარღვია საპროცესო კანონმდებლობა და უგულებელყო მოსამართლის დავალება დადგენილ ვადაში შესაგებლის წარდგენის თაობაზე, არ არსებობს რეგულაცია, რომლის მეშვეობითაც მოსამართლე შეძლებდა ამგვარ დარღვევებზე მოპასუხისათვის სამართლიანი პასუხისმგებლობის დაკისრებას. უფრო მეტიც, მოსარჩელეთა პოზიციით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მომწესრიგებელი ნორმების გაუვრცელებლობით, გასაჩივრებული ნორმა გამორიცხავს სასამართლოში სავალდებულოდ წარსადგენი შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს ყოველგვარ პასუხისმგებლობას. ამავდროულად, ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მოპასუხისათვის დისციპლინური სანქციის ან პასუხისმგებლობის სხვაგვარ მექანიზმს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და მე-20 მუხლებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფისათვის.
7. მოსარჩელე მხარის განმარტებით, შესაგებლის, ინფორმაციისა თუ დოკუმენტების საპროცესო ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, ერთი მხრივ, არსებობს ადმინისტრაციული სამართალწარმოების არსებითი განხილვისთვის მოუმზადებლობის, სხდომების გახანგრძლივებისა და საქმის სასამართლო განხილვების უსაფუძვლოდ გაჭიანურების რისკი, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით პირისათვის განმტკიცებულ უფლებას დროულ მართლმსაჯულებაზე; მეორე მხრივ კი, შესაგებლის წარუდგენლობის გამო, აღნიშნული წერილობითი მოსაზრებით გასაცნობი გარემოებები, სამართლებრივი არგუმენტები, რასაც ეფუძნება მოპასუხის პოზიცია, მოსარჩელე მხარისათვის ცნობილი ხდება მხოლოდ საქმის განხილვის სხდომაზე, ახსნა-განმარტების სახით წარმოთქმული ზეპირსიტყვიერი ფორმით, რაც, მოსარჩელის პოზიციით, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის ამავე დებულებით განმტკიცებულ სასამართლოს წინაშე მხარეთა თანასწორუფლებიანობისა და შეჯიბრებითობის ფუნდამენტალურ პრინციპს. აღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელეები მოითხოვენ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 34-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
8. №1509 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტზე დაყრდნობით, შუამდგომლობენ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო რეგულაციის მოქმედების შეჩერებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაში, მოსარჩელეთა საქმეების ფარგლებში, საქმის განმხილველ სასამართლოს მიეცემა შესაძლებლობა, გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავით დადგენილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წესი და დაუსწრებელი გადაწყვეტილებების გამოტანით დაასრულოს საქმეების წარმოება, რომელთა ფარგლებშიც მოპასუხე მხარემ ორჯერ დაარღვია შესაგებლის წარდგენის მასზე დაკისრებული ვალდებულება. ამავდროულად, გასაჩივრებული ნორმის შეჩერება გამოიწვევს მოსარჩელეთა საქმის განხილვის პროცესის შემდგომი გაჭიანურების პრევენციას და უზრუნველყოფს საქმის წარმოების უმოკლეს ვადაში დასრულებას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად.
2. №1509 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები სადავოდ ხდიან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას, რომლის შესაბამისადაც დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მექანიზმი. მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია, რამდენადაც კრძალავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მექანიზმის ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოყენებას. მისი პოზიციით ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გზით უზრუნველყოს მოსარჩელეთა საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული უფლება დროულ მართლმსაჯულებაზე, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს დაფუძნებულ სამართალწარმოებაზე.
3. სადავო ნორმის რეგულირება შემოიფარგლება მარტოოდენ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო რიგი დებულებების გამოყენების გამორიცხვით. გასაჩივრებული ნორმის მიზანი ამოიწურება მხოლოდ იმ გარემოების დეკლარირებით, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რიგი დებულებები.
4. მარტოოდენ იმ გარემოებაზე მითითება, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების მომწესრიგებელი დებულებები, თავისთავად, ვერ გამოდგება სადავო ნორმიდან მომდინარე მოსარჩელეთა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის წარმოსაჩენად და დასასაბუთებლად. სადავო ნორმა საერთოდ არ არეგულირებს ადმინისტრაციულ პროცესში მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის ან/და სხვა რაიმე საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობის შედეგებს. საქართველოს კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება მოითხოვს სათანადო საპროცესო მექანიზმების შექმნას, თუმცა ამ უფლების მოთხოვნას არ წარმოადგენს, რომ მოსარჩელეზე რომელი კანონი გავრცელდეს ან არ გავრცელდეს. კონსტიტუციური უფლების ეფექტურად სარგებლობის შესაძლებლობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მნიშვნელობა არ ენიჭება იმას, თუ რომელი კანონის ფარგლებში მოხდება მისი რეგლამენტირება. მოსარჩელემ შეიძლება მიუთითოს, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესის მომწესრიგებელი ნორმების კონსტიტუციასთან შინაარსობრივ შეუსაბამობაზე და არა იმაზე, თუ რომელი კანონით უნდა მოწესრიგდეს ესა თუ ის ურთიერთობა. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ კანონის დებულებები რომელიმე ურთიერთობაზე არ ვრცელდება, საერთოდ არ მიუთითებს სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვაზე. იმისათვის, რომ მოსარჩელემ იდავოს ადმინისტრაციულ პროცესში დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობაზე, მან სადავოდ უნდა გახადოს ადმინისტრაციულ პროცესში ამ ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/11/654 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბერის N2/21/1425 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II,3-5).
5. დამატებით, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია, მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მის დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე და ამავე კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით. თავის მხრივ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლები განსაზღვრავს ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლოს (მოსამართლის) უფლებამოსილებას, თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოდგენის თაობაზე, საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არასაპატიო მიზეზით ზემოხსენებულ მტკიცებულებათა წარუდგენლობის შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გამოიყენოს ფულადი ჯარიმის მექანიზმი. ამდენად, ნათელია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს მხარის დაუსწრებლად გადაწყვეტილების გამოტანის სპეციალურ წესს ადმინისტრაციულ პროცესში, ადმინისტრაციული სამართალწარმოების სპეციფიკის გათვალისწინებით. შესაბამისად, თუ მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მხარის დაუსწრებლად გადაწყვეტილების მიღების არსებული მექანიზმი და შესაბამისი დებულებები არაეფექტური ან არაკონსტიტუციურია, ვერ უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს კონკრეტული ვალდებულების შესრულებას და სხვაგვარად უნდა იყოს რეგლამენტირებული, უნდა გაასაჩივროს სწორედ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში ის რეგულაცია/რეგულაციები, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების სათანადოდ შესრულებას ან/და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების მომწესრიგებელი ნორმა/ნორმები და არა ის დებულება, რომელიც გამორიცხავს ადმინისტრაციულ პროცესში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმების გამოყენების შესაძლებლობას.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის პირველ ნაწილს არ გააჩნია მოსარჩელეთა კონსტიტუციური უფლებების შემზღუდველი ხასიათი, სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმისა და მისგან მომდინარე უფლების შემზღუდველი შინაარსის არასწორ აღქმას და არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული №1509 კონსტიტუციური სარჩელი („ლენა სვანიძე და ზურაბ ინაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი