თენგიზ ლორთქიფანიძე და იოსებ თხილაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/18/1525 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 11 დეკემბერი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 26 დეკემბერი 2020 20:03 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში − სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი − წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე − წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი − წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: თენგიზ ლორთქიფანიძე და იოსებ თხილაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 13 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1525) მომართეს თენგიზ ლორთქიფანიძემ და იოსებ თხილაიშვილმა. №1525 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2020 წლის 17 ივლისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 11 დეკემბერს.
2. №1525 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას.
5. №1525 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, მოსარჩელეები სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში და აქვთ შესაბამისი სტაჟი, თუმცა, რამდენადაც ისინი დათხოვნილი იქნენ დაკავებული თანამდებობიდან, ვერ სარგებლობენ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებით.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხი წესრიგდება ორი საკანონმდებლო აქტით, რომლებიც განსხვავებულად და ურთიერთსაწინააღმდეგოდ ახდენენ აღნიშნული საკითხის რეგულირებას. კერძოდ, ერთი მხრივ, სპეციალური კანონის - „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო კომპენსაცია არ დაენიშნება სასამართლო წესით სამხედრო ან სპეციალურ წოდებაჩამორთმეულ პირებს და მათი ოჯახის წევრებს, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ისინი გამართლებული ან რეაბიტილირებული არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“. ხოლო, მეორე მხრივ, ზოგადი კანონის - „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ სადავოდ გამხდარი პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო“.
7. მოსარჩელეთა განმარტებით, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კომპენსაციის მიღების უფლება ეზღუდებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც სასამართლო განაჩენით ჩამოერთმევათ სამხედრო ან სპეციალური წოდება. შესაბამისად, რამდენადაც მოსარჩელე თენგიზ ლორთქიფანიძეს გაქარწყლებული აქვს ნასამართლეობა, ხოლო მოსარჩელე იოსებ თხილაიშვილი წარმოადგენს მარტოოდენ ადმინისტრაციულ სახდელდადებულ პირს და არც ერთი მათგანის მიმართ არ მომხდარა სახელმწიფო წოდებათა ჩამორთმევა, ისინი უნდა სარგებლობდნენ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებით.
8. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ არსებული საკანონმდებლო წესრიგი ბუნდოვანია, რაც ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ საერთო სასამართლოებმა დასახელებული ნორმის შინაარსი საკუთარი შეხედულებისამებრ განმარტონ და განსხვავებულად გამოიყენონ ამა თუ იმ პირის მიმართ. ამასთან, მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმა ვერ პასუხობს ნორმის განჭვრეტადობის მოთხოვნებს.
9. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო“. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია, რამდენადაც, ერთი მრხივ, ის ვერ პასუხობს განჭვრეტადობის პრინციპის მოთხოვნებს, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხი განსხვავებულად წესრიგდება სხვა საკანონმდებლო აქტით, რაც იწვევს სადავო ნორმის ბუნდოვანებას.
3. როგორც აღინიშნა, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის, მოსარჩელეს მოეთხოვება, მოიყვანოს არგუმენტები იმ კონსტიტუციური უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით, რომელთან მიმართებითაც იგი ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. დასახელებული კონსტიტუციური დებულებით განმტკიცებულია სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური უფლება. თანასწორობის უფლების ძირითადი არსი და მიზანია „ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ და წამგებიან მდგომარეობაში აყენებს ან ადგილი აქვს უთანასწორო პირთა მიმართ თანასწორ მოპყრობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1304 განჩინება საქმეზე „„შპს ბლექსი ტელეკომი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
4. როგორც აღინიშნა, №1525 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც არ წარმოიშობა უფლება სახელმწიფო კომპენსაციასა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიაზე. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის მოსარჩელემ უნდა მიუთითოს სათანადო არგუმენტებზე, თუ რატომ იწვევს დისკრიმინაციას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო თანამდებობიდან დათხოვნილი პირისათვის კომპენსაციის მიუცემლობა.
5. მოცემულ საქმეზე, მოსარჩელე მხარე მარტოოდენ მიუთითებს სადავო ნორმის ბუნდოვანებაზე და არ წარმოადგენს რაიმე სახის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიჩნევს სადავო ნორმებით გათვალისწინებულ რეგულირებას დისკრიმინაციულ მოპყრობად. ამასთან, კონსტიტუციურ სარჩელში არ იკვეთება სადავო ნორმებიდან მომდინარე პირებს შორის დიფერენცირების ფაქტი და არც არსებითად თანასწორ პირთა წრე, რომელთა შორისაც ხორციელდება რაიმე სახის დიფერენცირება. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის დასაბუთებული შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას შორის.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1525 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1525 კონსტიტუციური სარჩელი („თენგიზ ლორთქიფანიძე და იოსებ თხილაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი