თენგიზ ლორთქიფანიძე და იოსებ თხილაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1525 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | თენგიზ ლორთქიფანიძე, იოსებ თხილაიშვილი |
თარიღი | 13 ივლისი 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა.„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი.
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე–2 პუნქტი „ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო“. | საქართველოს კონსტიტუციის მე–11 მუხლის პირველი პუნქტი. „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია, აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტი; 60-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი; ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი; 31-311- ე მუხლები, 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
სარჩელის მიმართ არ არსებობს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება:
- სარჩელი შეესაბამება ამ კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
- შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ.
- სარჩელში მითითებული ყველა სადავო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
- სარჩელში მითითებული ყველა სადაო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
- კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
- სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში, მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
მოსარჩელე, თენგიზ ლორთქიფანიძემ 1975–77 წლეებში გაიარა ნამდვილი სამხედრო სამსახური, ხოლო 1980 წლის 02 იანვრიდან 2009 წლის 10 ივლისამდე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, სადაც დაიწყო მუშაობა პოლიციის სერჟანტის წოდებით და დაამთავრა სამსახური პოლიციის მაიორის წოდებით. იგი სამუშაოდან დათხოვნილი იქნა „შსს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულების 69–ე მუხლით, პოლიციის თანამშრომლის სახელის დისკრედიტაციისათვის. მას, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის ჩათვლით მთლიანად აქვს პოლიციის სისტემაში მუშაობის 31 წელზე მეტი სტაჟი. (იგი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 ნოემბრის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქ. სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით და საპროცესო გარიგების თანახმად, სასჯელის ზომად შეეფარდა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც მან მოიხადა, აღნიშნული გახდა საფუძველი მისი შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნისა).
„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის მე–4 ნაწილის თანახმად, (სახელმწიფო კომპენსაცია არ დაენიშნება სასამართლო წესით სამხედრო ან სპეციალურ წოდება ჩამორთმეულ პირებს და მათი ოჯახის წევრებს, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ისინი გამართლებული ან რეაბილიტირებული არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) მოსარჩელე თენგიზ ლორთქიფანიძემ ჩათვალა, რომ დასახელებული კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, უფლება ქონდა მიეღო სახელმწიფო კომპენსაცია და მიმართა სოციალურ სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც მას განუმარტეს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, (ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო), რადგანაც იგი სამუშაოდან დათხოვნილი იქნა დანაშაულის ჩადენის გამო, უფლება არ აქვს მიიღოს სახელმწიფო კომპენსაცია. რის შემდეგაც მან მიმართა სასამართლოს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა და დაავალდებულა სოციალური სამსახური სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა თენგიზ ლორთქიფანიძისათვის, რაც ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ გაუქმებული იქნა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა მოსარჩელეს.
მოსარჩელე იოსებ თხილაიშვილმა 1983 წლის 29 ოქტომბრიდან 1985 წლის 31 ოქტომბრამდე სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ხოლო დემობილიზაციის შემდეგ 1988 წლის 07 აპრილიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, სადაც სხვადასხვა თანამდებობაზე იმუშავა 2011 წლის 7 სექტემბრამდე და მას აქვს პოლიციის სისტემაში მუშაობის 23 წლის და 5 თვის სტაჟი, ხოლო სამხედრო სავალდებულო სამსახურის ჩათვლით 25 წლის და 05 თვის სტაჟი. იგი სამუშაოდან გათავისუფლებული იქნა 2011 წლის 7 სექტემბრის ბრძანებით, პოლიციელისათვის შეუფერებელი საქციელის გამო, რადგანაც მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 14 აგვისტოს დადგენილებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე და 173–ე მუხლებით გათვალისწინებული გადაცდომისათვის დაედო ადმინისტრაციული სახდელი– 7 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა. იგი სამუშაოდან მაიორის წოდებით იქნა გათავისუფლებული და მას წოდება არ ჩამორთმევია.
მოსარჩელე იოსებ თხილაიშვილმა ჩათვალა რა, რომ მას „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის მე–4 ნაწილის თანახმად, სპეციალური პენსია ეკუთვნოდა, განცხადებით მიმართა სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ქობულეთის მომსახურების ცენტრს, რომელთაც უარი უთხრეს პენსიის დანიშვნაზე. აღნიშნული უარი გაასაჩივრა სოციალური მომსახურეობის სააგენტოში, სადაც ასევე სპეციალური პენსიის დანიშვნაზე უარი უთხრეს, რის შემდეგაც სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით, იოსებ თხილაიშვილის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და დაევალა სოციალური მომსახურების სააგენტოს იოსებ თხილაიშვილისათვის სახელმწიფო სპეციალური პენსიის დანიშვნა, სპეციალური კანონის საფუძველზე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება გაუქმებული იქნა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე იოსებ თხილაიშვილს უარი ეთქვა, უსაფუძვლობის გამო.
ამჟამად, იოსებ თხილაიშვილის მიერ, სააპელაციო პალატის 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. საკასაციო პალატას დღემდე საქმე არ განუხილავს.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოსარჩელეები თვლიან, რომ დღეს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე, მოქმედებს ორი კანონი– სპეციალური და ზოგადი კანონი. სპეციალური კანონია, „ სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველოფის შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდეგში, სპეციალური კანონი), ხოლო ზოგადი კანონია, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდეგში, ზოგადი კანონი). სპეციალური კანონი მიღებულია 1996 წლის 16 ოქტომბერს #430–რს, ხოლო ზოგადი კანონი მიღებულია 2005 წლის 27 დეკემბერს #2549–რს.
სპეციალური კანონის მე–3 მუხლის მე–4 პუნქტის თანახმად, „პენსიები (კომპენსაცია) არ დაენიშნება სასამართლო წესით სამხედრო, ან სპეციალურ წოდებაჩამორთმეულ პირებს და მათი ოჯახის წევრებს, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ისინი გამართლებული ან რეაბიტირებული არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით“.
ზოგადი კანონის პირველი მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, „ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო.
ზოგადი კანონის მიღებასთან დაკავშირებით– წინა დღეებში 2005 წლის 23 დეკემბერს სპეციალური კანონის 59 მუხლიდან 47 მუხლი გაუქმებული იქნა და ამ მუხლების შინაარსი გადავიდა ზოგადი კანონის ნორმებში, ხოლო მოქმედი დარჩა 12 მუხლი, მათ შორის სპეციალური კანონის მე–3 მუხლის მე–4 პუნქტი.
როგორც ვხედავთ, სპეციალური და ზოგადი კანონის დასახელებული სადავო ნორმები ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია და ურთიერთგამომრიცხავია. ბუნებრივია ისმის კითხვა, თუ სპეციალურ კანონში მითითებულ პირთა მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული ამ კანონის შემზღუდავი ნორმა და გამოყენებული იქნეს ზოგადი კანონის შემზღუდავი ნორმები, მაშინ რა საჭირო და აუცილებელი იყო და არის სპეციალური კანონის მე–3 მუხლის მე–4 ნაწილის მოთხოვნის არსებობა, მაშინ ზოგადი კანონის მიღებასთან დაკავშირებით თითქმის დაახლოებით კანონის 47 მუხლი (59 მუხლიდან) გაუქმებული იქნა, ვთვლით, რომ მაშინ კანონის მე–3 მუხლის მე–4 ნაწილი უნდა გაუქმებულიყო, რადგანაც ზოგადი კანონის პირველი მუხლის მე–2 პუნქტი თავისთავად მოიცავს სპეციალური ნორმის აღნიშნულ შეზღუდვას. ამასთან, აღნიშნულს ვერ ჩავთვლით კანონის ხარვეზად. ვთვლით, რომ სპეციალურ კანონში ჩამოთვლილ პირთა მიმართ, მათი სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის კანონმდებელმა მინიმუმამდე დაიყვანა შემზღუდავი ნორმა და სახელმწიფო კომპენსაციის (სპეციალური პენსიის) მიღების უფლება შეუზღუდა მხოლოდ იმ პირებს, რომელთაც ჩამორთმეული აქვთ სასამართლო განაჩენით სამხედრო ან სპეციალური წოდება.
სამხედრო და სპეციალური წოდების ჩამორთმევა ხდება განსაკუთრებულ შემთხვევაში– შეიძლება ითქვას, ომიანობისა და მსგავსი მდგომარეობის შემთხვევაში სახელმწიფოს წინააღმდეგ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის დროს, ამაზე მიუთითებს ისიც, რომ ადრე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 23–ე და 35–ე მუხლებისაგან განსხვავებით, დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მე–40 და 41–ე მუხლები დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ სამხედრო და სპეციალური წოდების ჩამორთმევას არ ითვალისწინებს. ასეთი გათვალისწინებულია მხოლოდ „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულების 37–ე მუხლით. რომლის თანახმად, სპეციალური წოდების ჩამორთმევა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 274–ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ პუნქტით, რომლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება: გადაწყვეტილება სახელმწიფო ჯილდოს, სამხედრო, საპატიო ან სპეციალური წოდების ჩამორთმევის შესახებ. როგორც ვხედავთ, სამხედრო ან სპეციალური წოდების ჩამორთმევას ახორციელებს მხოლოდ სასამართლო, ისიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას. ჩვენს შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას თენგიზ ლორთქიფანიძის მიმართ სპეციალური წოდების ჩამორთმევა არ მომხდარა. ამდენად, სპეციალური კანონის მე–3 მუხლის მე–4 პუნქტის თანახმად, მას უფლება აქვს მიიღოს სახელმწიფო კომპენსაცია. რადგანაც მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა არ არის საკმარისი სახელმწიფო კომპენსაციის მიღებაზე უარის თქმისა, აუცილებლად ჩამორთმეული უნდა იქნეს სამხედრო ან სპეციალური წოდება.
ადმინისტრაციული სახდელის დადებისას, იოსებ თხილაიშვილისთვისაც არ ჩამოურთმევიათ სპეციალური წოდება.
ზოგადი კანონის პირველი მუხლის მე–2 პუნქტის სამოქმედო არეალი ძალიან ფართოა და იგი მოიცავს არამარტო პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, რომელიც თავის თავში მოიცავს სპეციალური და სამხედრო წოდების ჩამორთმევას, არამედ სხვა არამართლზომიერ მოქმედებას, თუ პირი ამ საფუძვლით გათავისუფლებულია სამუშაოდან– არც სახელმწიფო კომპენსაციის (პენსიის) მიღების უფლებას ზღუდავს და არც ამ უფლების რეალიზაცია ეზღუდება.
ესეც რომ არ იყოს, პირს კანონით დადგენილი ვადების გასვლის შემდეგ ნასამართლობა ეხსნება, რა დროიდანაც იგი არ ითვლება ნასამართლევ პირად და ყოველგვარი შეზღუდვა საჯარო სამსახურში სამუშაოს გაგრძელებისა აღარ გააჩნია (საქართველოს სსკ–ის 79–ე მუხლი). „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის მე–5 ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, პოლიციაში არ მიიღებიან ნასამართლევი პირები. ნასამართლობის მოხსნა კი ხდება ორი გზით, ნასამართლობის მოხსნით და გაქარწყლების გზით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79–ე მუხლის საფუძველზე, რის შემდეგაც პირი არ ითვლება ნასამართლევ პირად. ე.ი. ნასამართლობა მოხსნილი და ნასამართლობა გაქარწყლებული პირები შეიძლება მიღებული იქნან პოლიციაში სამუშაოდ.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 39–ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ სახდელდადებულს სახდელის მოხდის დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაუდენია ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა იგი ჩაითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად.
ფაქტობრივად თენგიზ ლორთქიფანიძემ ერთი ქმედებისათვის განაჩენით შეფარდებული სასჯელი მოიხადა, სამუშაოდან გათავისუფლებული იქნა (დღეს მას ნასამართლობა კანონით აქვს გაქარწყლებული, აღსანიშნავია, რომ მას დანაშაული სამუშაოს შესრულების დროს არ ჩაუდენია) და სპეციალური პენსია არ დაენიშნა და მიუხედავად იმისა, რომ ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს ფაქტობრივად დღესაც სასჯელს იხდის, რომ მას არ აქვს უფლება ისარგებლოს სპეციალური კანონით გათვალისწინებული პენსიით. ასეთივე მდგომარეობაშია იოსებ თხილაიშვილი, იგი ითვლება ადმინისტრაციულ სახდელ დაუდებელ პირად, ადმინისტრაციული 7 დღიანი პატიმრობა მოიხადა, სამუშაოდან დათხოვნილი იქნა და დღეს სპეციალურ პენსიას ვერ ღებულობს.
ვთვლით, რომ ზოგადი კანონის პირველი მუხლის მე–2 პუნქტი სპეციალური კანონის მე–3 მუხლის მე–4 პუნქტთან მიმართებაში ბუნდოვანი და გაუგებარია, იგი წინააღმდეგობრივია და წინააღმდეგობაში მოდის სპეციალური კანონის შესაბამის ნორმასთან, რაც ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ სასამართლოებმა დასახელებული ნორმის შინაარსი სხვადასვანაირად გაიგონ და თავისი შეხედულებისამებრ განსხვავებულად გამოიყენონ ამა თუ იმ პირის მიმართ, რაც დასტურდება დღეს არსებული სასამართლო პრაქტიკით. კერძოდ:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 2 ნოემბრის განჩინებით (საქმე #ბს–502–497 (კ–11) #ბს–502–497 (კ–11) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე #050310012086664 #3/73) და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქმე #3/ბ–620–12წ. (სამივე გადაწყვეტილება ერთი და იგივე საქმეს და პირს შეეხება) და ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმე #3–210/ბ #010310015775230), ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივლისის განჩინებით (საქმე #3/ბ–316–2016წ.) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინებით (საქმე #ბს–902–894 (2კ–16 #01031005775230) (სამივე გადაწყვეტილება ერთი და იგივე პირს და ერთი და იგივე საქმეს ეხება). ნასამართლევ პირებს (საიდანაც ერთმა პირმა სამსახურებრივი მოვალეობის დროს ჩაიდინა დანაშაული) სოციალური სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ ბათილად სცნო და დაავალდებულა სამსახური, რომ მათზე დაენიშნათ სპეციალური პენსია სპეციალური კანონის მიხედვით, ორივე შემთხვევაში სასამართლომ მიუთითა, რომ გამოყენებული უნდა იქნეს სპეციალური კანონი და გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა სპეციალური კანონით და მიიღო მოსარჩელეთა სასარგებლო გადაწყვეტილება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით (საქმე #3–247/17 #010310017001876588) და ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით, სასამართლომ ნასამართლევ და ადმინისტრაციულ სახდელ დადებული პირის მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას და დასაბუთებისას გამოიყენა სპეციალური კანონი და ბათილად სცნო სოციალური სამსახურის მიერ პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის ადმინისტრაციული აქტი და დაავალდებულა სოციალური სამსახური დაენიშნათ მოსარჩელეებისათვის სპეციალური პენსია (ორივე საქმეში მოსარჩელეებს არც დანაშაული და არც ადმინისტრაციული გადაცდომა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს არ ჩაუდენიათ).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს, ზემოთ დასახელებული ორივე გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივნისის (საქმე #123–2017წ. #010310016001513280) გადაწყვეტილებით და 2018 წლის 29 ივნისის (საქმე #3–247/17 #010310017001876588) გადაწყვეტილებით, გაუქმებული იქნა და მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ზოგადი კანონის პირველი მუხლის მე–2 ნაწილით, რომლის თანახმად „ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების გამო“. სააპელაციო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის განჩინებით (საქმე #ბს–1049–1043 (კ–17) #010310016001513280), ხოლო მეორე საქმე ამჟამად უზენაესი სასამართლოს წარმოებაშია. როგორც სააპელაციო პალატამ, ისე უზენაესი სასამართლოს პალატამ მიღებულ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მართალია მოსარჩელეები სპეციალური კანონის მე–3 მუხლის მე–4 პუნქტის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მაგრამ იგი ვერ აკმაყოფილებს ზოგადი კანონის მე–2 მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებულ პირობას, ასევე სასამართლო პალატამ მიუთითა, პირმა კომპენსაცია რომ მიიღოს უნდა არსებობდეს კუმულაციურად ორი პირობა 1. სპეციალური კანონით პირი არ უნდა იყოს სასამართლო წესით სამხედრო ან სპეციალურ წოდება ჩამორთმეული და 2. ზოგადი კანონით, პირი არ უნდა იყოს დათხოვნილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო.
ამდენად, პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დებულებების ანალიზით, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ პენსიის მაძიებელი პირი უნდა აკმაყოფილებდეს ორივე კანონის მოთხოვნებს, პირს არ უნდა ქონდეს ჩამორთმეული სპეციალური და სამხედრო წოდება და იგი სამუშაოდან არ უნდა იყოს დათხოვნილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო. ე.ი. ორივე კანონის მოთხოვნა ერთმანეთს ავსებს და აუცილებელია ორივე კანონის მიერ დაწესებული შემზღუდავი პირობის ერთდროულად არსებობა.
სასამართლოს მიერ გაკეთებული კანონის ასეთი განმარტება უფრო ბუნდოვანს და გაუგებარს ხდის ზოგადი კანონის პირველი მუხლის მე–2 პუნქტის გაგებას და სასამართლოებს აძლევს საშუალებას ერთი და იგივე შემთხვევაში სხვადასხვა განმარტება მისცენ კანონს და კანონით გათვალისწინებული შემზღუდავი პირობა თავისი შეხედულებით გამოიყენონ. მაშინ, როცა დღეს მოქმედია ორივე კანონის შემზღუდავი ნორმები. სპეციალური კანონით, პირი ექვემდებარება კომპენსაციის მიღებას, თუ იგი ნასამართლევია, მაგრამ ჩამორთმეული არ აქვს სპეციალური და სამხედრო წოდება, ზოგადი კანონით კი პირი არ ექვემდებარება კომპენსაციის მიღებას, თუ იგი სამუშაოდან დათხოვნილია სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო. ამის მაგალითია, ზემოთ დასახელებული სასამართლო გადაწყვეტილებები. დასახელებული ოთხი საქმიდან, სამ საქმეზე არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო ერთ საქმეზე დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ.
კიდევ უფრო ბუნდოვანია ზოგადი კანონის პირველი მუხლის მე–2 პუნქტის ბოლო წინადადება „ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო“– რადგანაც ყველა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი არამართლზომიერი ქმედებაა, რაც აძლევს უფლებამოსილ ნებისმიერ პირს, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის პირი, როგორც არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო, გაათავისუფლოს სამუშაოდან (რისგანაც არავინ არ არის დაზღვეული). სადავო ნორმა ბუნდოვანია, იმ გაგებითაც, თუ რა იგულისხმება დანაშაულის გამო სამუშაოდან დათხოვნაში. პირს დანაშაული ჩადენილი უნდა ქონდეს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, თუ მნიშვნელობა არ აქვს დანაშაულს თანამდებობაზე მუშაობის დროს უფლებამოსილების განხორციელების დროს ჩაიდენს, თუ მაშინ, როცა იგი სამსახურეობრივ საქმიანობას არ ასრულებს. ასევე, სამუშაოდან დათხოვნის ბრძანებაში უნდა იყოს მითითებული დანაშაულის ან არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო იქნა გათავისუფლებული სამუშაოდან, თუ ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგანაც ზემოთ გაანალიზებული ორი საქმიდან ერთ საქმეზე პირმა დანაშაული ჩაიდინა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს (ქრთამის აღება), რისთვისაც იგი დაპატიმრებული და მსჯავრდებული იქნა, მაგრამ იგი სამუშაოდან მისი განცხადებით იქნა გათავისუფლებული (ე.ი. უფლებამოსილ პირზეა დამოკიდებული, თუ რას ჩაწერს გათავისუფლების საფუძვლად), რომელსაც დღეს სასამართლო გადაწყვეტილებით პენსია აქვს დანიშნული, სპეციალური კანონის საფუძველზე, რადგანაც სამხედრო ან სპეციალური წოდება ჩამორთმეული არ აქვს. სხვა სამ საქმეზე მოსარჩელე მხარეს, დანაშაული და გადაცდომა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას არ ჩაუდენია. აქედან ერთი, დღეს, სასამართლო გადაწყვეტილებით სპეციალური კანონით, ღებულობს პენსიას, რომ მას განაჩენით წოდება არ აქვს ჩამორთმეული, ხოლო ორი პირის მიმართ სასამართლოს გამოტანილი აქვს, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება.
ბუნდოვანია და გაუგებარია, დღეისათვის სპეციალური კანონის მე–3 მუხლის მე–4 ნაწილით და ზოგადი კანონის პირველი მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული შემზღუდავი ნორმების ერთდროულად მოქმედება, რადგანაც უდავოდ დადგენილი ფაქტია, რომ სპეციალური და სამხედრო წოდების ჩამორთმევა ხდება მხოლოდ სასამართლოს მიერ, ისიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას. ე.ი. თავისთავად დასახელებული ნორმა მოიცავს გამამტყუნებელი განაჩენის არსებობას, მაშინ რა საჭიროა ზოგადი კანონის პირველი მუხლის მე–2 ნაწილის შემზღუდავი ნორმის არსებობა და თუ ვიტყვით, რომ ზოგადმა კანონმა გააფართოვა შემზღუდავი ნორმის მოქმედების არეალი, მაშინ რა საჭიროა სპეციალური კანონის შემზღუდავი ნორმა. ვთვლით, რომ კანონმდებელმა გაითვალისწინა სპეციალურ კანონში მითითებულ პირთა განსაკუთრებული სამუშაო პირობები და დამსახურება სახელმწიფოს წინაშე და მათ დანაშაულის ჩადენის დროსაც, თუ სასამართლო წესით სპეციალური და სამხედრო წოდება ჩამორთმეული არ აქვს, შეუნარჩუნა სპეციალური პენსიის მიღების უფლება, ხოლო ზოგად კანონში ჩამოთვლილ პირებს (მე–8 მუხლში ჩამოთვლილ პირთა გარდა) ასეთი შეღავათიანი პირობები უფრო შეუზღუდა.
ამდენად, ზოგადი კანონის სადავო ნორმა ბუნდოვანი და ორაზროვანია, რომელიც იძლევა ნორმის სხვადასხვაგვარად წაკითხვისა და გამოყენების შესაძლებლობას. როგორც სპეციალური, ისე ზოგადი ნორმები უნდა გამომდინარეობდეს კონსტიტუციიდან. ნორმის ბუნდოვანობის პრობლემა მისი განმარტების გზით უნდა იქნეს გადაწყვეტილი, კანონი უნდა იყოს ხელმისაწვდომი, წინასწარ განჭვრეტადი და ზუსტად განსაზღრული, აგრეთვე უნდა შეიცავდეს სხვა გარანტიებს თვითნებობის რისკისაგან დასაცავად.
კანონმდებელი ვალდებულია, მიიღოს მკაფიო, არაორაზროვანი და განჭვრეტადი ნორმა (კანონი), იგი ვალდებულია კონკრეტული საზოგადოებრივი ურთიერთობის მოწესრიგებისათვის ნათლად და გარკვევით ჩამოაყალიბოს ნორმის იურიდიული შინაარსი, ნორმის რაციონალური განმარტება უნდა გამორიცხავდეს მისი არაკონსტიტუციური შინაარსით წაკითხვის შესაძლებლობას.
სადავო საკითხთან მიმართებაში საკონსტიტუციო სასამართლომ არა ერთი გადაწყვეტილებით მოახდინა ბუნდოვანი, ორაზროვანი ნორმის განმარტება. კერძოდ:
„კანონმდებელი ვალდებულია, მიიღოს მკაფიო, არაორაზროვანი, განჭვრეტადი კანონმდებლობა (ნორმები), რომელიც პასუხობს კანონის განსაზღვრულ მოთხოვნას. ეს გარემოება ერთ–ერთი გადამწყვეტი კრიტერიუმია ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას. კანონმდებლის ასეთი ვალდებულება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან მომდინარეობს.
ნორმის ბუნდოვანება გულისხმობს მისი სხვადასხვაგვარად წაკითხვისა და გამოყენების შესაძლებლობას.... ნორმის ბუნდოვანობის პრობლემა განმარტების გზით უნდა იქნეს გადაწყვეტილი.... როგორც ზოგადი, ასევე სპეციალური ნორმები უნდა გამომდინარეობდეს კონსტიტუციიდან... ნორმის ბუნდოვანება, რომელიც ხელმისაწვდომობისა და განჭვრეტადობის კრიტერიუმებით ფასდება, არსებით გავლენას ახდენს, თანაზომიერების პრინციპზე დაყრდნობით, ნორმის კონსტიტუციურობის დადგენაზე... კანონი არ უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ დამოუკიდებლად დაადგინოს საკუთარ ქმედებათა დიაპაზონი... სახელმწიფო ხელისუფლების კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში განხორციელების უზრუნველყოფისთვის (კონსტიტუციის მე–5 მუხლის პირველი პუნქტი), ნორმა იმდენად ნათელი უნდა იყოს, რომ გამოირიცხოს მისი სურვილისამებრ ან სუბიექტურად განმარტების ალბათობა... ნორმის ბუნდოვანება მისი არაკონსტიტუციურობის ზღვარზე არ გადის მანამ, სანამ მისი გონივრული განმარტება იურიდიული მეთოდოლოგიით შესაძლებელია ისე, რომ საკმარისი დამაჯერებლობით ცხადი და თვალსაჩინო გახდეს ამ ნორმით მოწესრიგებული ურთიერთობების ნამდვილი არსი. ამ თვალსაზრისით ნორმის კონსტიტუციურობის შესაფასებლად, პირველ რიგში უნდა გაირკვეს მისი შინაარსი. ამისთვის აუცილებელია ნორმის განმარტება.,, კანონად შეიძლება ჩაითვალოს საკანონმდებლო საქმიანობის მხოლოდ ის პროდუქტი, რომელიც პასუხობს კანონის ხარისხის მოთხოვნებს. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს კანონის შესაბამისობას სამართლის უზენაესობისა და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპებთან. ამ პრინციპების რეალური დაცვისთვის პრაქტიკული და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კანონის ხელმისაწვდომობასა და განჭვრეტადობას. კანონის ხარისხი მოითხოვს, რომ საკანონმდებლო რეგულაცია იყოს იმდენად მკაფიო, რომ პირმა, რომლის უფლებაში ჩარევაც ხდება, შესძლოს სამართლებრივი მდგომარეობის ადეკვატურად შეცნობა და საკუთარი ქმედების შესაბამისად წარმართვა (2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“)“.
„კანონი უნდა იყოს ხელმისაწვდომი, წინასწარგანჭვრეტადი და ზუსტად განსაზღვრული, აგრეთვე უნდა შეიცავდეს სხვა გარანტიებს თვითნებობის რისკისაგან დასაცავად“ (საქართველოს მოქალაქეები– ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. #1/3/393,397, 16 დეკემბერი 2006).
„სასამართლომ აღნიშნა, რომ არსებობს სამართლებრივი სახელმწიფოს ელემენტები, რომლებიც შეიძლება პირდაპირ არ იყოს გათვალისწინებული კონსტიტუციის რომელიმე ნორმით, მაგრამ არანაკლები დატვირთვა მიენიჭოთ, რადგანაც მათ გარეშე შეუძლებელია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ამგვარ ელემენტს წარმოადგენს ე.წ. „განჭვრეტადობის პრინციპი“, თუმცა მის სრულყოფილად აღსანიშნავად უფრო ტერმინი „განსაზღვრულობის პრინციპია შესატყვისი. „განჭვრეტადობა“ ნორმის სამართლებრივი შედეგების პროგნოზირების შესაძლებლობაზე ორიენტირებული ტერმინია და სრულად ვერ ასახავს სამართლებრივი სახელმწიფოს დატვირთვას.
აუცილებელია, ნორმის შინაარსობრივი სიზუსტე, არაორაზროვნება. ნორმა უნდა იყოს საკმარისად განსაზღვრული არა მხოლოდ შინაარსის, არამედ რეგულირების საგნის, მიზნისა და მასშტაბების მიხედვით, რათა ადრესატმა მოახდინოს კანონის სწორი აღქმა და თავისი ქცევის განხორციელება მის შესაბამისად, განჭვრიტოს ქცევის შედეგი, განსაზღვრულობის მასშტაბი ზოგად დადგენას არ ექვემდებარება, არამედ დამოკიდებულია კონკრეტული შემთხვევის თავისებურებაზე. საკანონმდებლო რეგულირებისას, რა თქმა უნდა, იმთავითვე ვერ იქნება აცილებული ყველა გაურკვევლობა და ეჭვი, მაგრამ აუცილებელია, რომ კანონმდებელმა, სულ ცოტა, ძირითადი იდეა, თავისი საკანონმდებლო ნება და მიზანი, სრულიად გარკვევით ჩამოაყალიბოს“. (საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. #2/3/406, 408, 30 ოქტომბერი 2008).
„თავის მხრივ, „განსაზღვრული პრინციპი“ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან დაკავშირებული სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპის ერთ–ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. განსაზღვრულობის მოთხოვნები დაკმაყოფილებულია მაშინ, თუ კეთილსინდისიერი განმარტების პირობებში შეუძლებელი იქნება ნორმის თვითნებური და ადამიანის უფლებებისათვის საზიანო გამოყენება“. (საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. #2/3/406,408 30 ოქტომბერი 2008).
„პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმა შესაძლებელია იძლეოდეს სასამართლოს მიერ მისი განმარტების, ინტერპრეტაციის საშუალებას და კანონის მიერ გაკეთებული დათქმის კონკრეტულ სიტუაციასთან შესაბამისობის დადგენის შესაძლებლობას. მართალია, შეუძლებელია, კანონმა გაითვალისწინოს ყველა იმ შემთხვევისა თუ სიტუაციის თითოეული ასპექტი, რომელიც მომავალში განვითარდება, მაგრამ კანონმდებელი სისხლის სამართლის კანონმდებლობის განსაზღვრისას ვალდებულია, მიიღოს ნორმა, რომელიც მაქსიმალურად ამცირებს მისი ინტერპრეტაციის ფარგლებში სასამართლოს მიერ განსხვავებული სამართლებრივი შედეგის დადგენის შესაძლებლობას“. (საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. #2/2/516,542, 14 მაისი 2013).
„სამართალშემოქმედი კონკრეტული საზოგადოებრივი ურთიერთობის მოწესრიგებისას ვალდებულია, ნათლად და გარკვევით ჩამოაყალიბოს ნორმის იურიდიული შინაარსი, ნორმის რაციონალური განმარტება უნდა გამორიცხავდეს მისი არაკონსტიტუციური შინაარსით წაკითხვის შესაძლებლობას. სამართალშემოქმედის მიზანი, მოახდინოს რაციონალური შეზღუდვის დაწესება, ადეკვატურად უნდა იქნეს ასახული. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქმნება უფლების დარღვევის მაღალი საფრთხე, ხოლო სამართალშემფარდებლის მიერ თუნდაც სწორად ჩამოყალიბებული პრაქტიკა, ვერ იქნება საკმარისი აღნიშნული საფრთხის პრევენციისთვის“. (საქართველოს მოქალაქეები– ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოგა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ. #2/1/536 4 თებერვალი 2004).
„ზოგადად, კანონმდებელს მოეთხოვება, რაც შეიძლება კონკრეტულად და ცხადად მოახდინოს ნებისმიერი უფლების შეზღუდვის რეგლამენტაცია, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს ზოგადი ნორმების არსებობის საჭიროებას. ადამიანთა ყოფა–ცხოვრების დინამიკურმა ხასიათმა შეიძლება განაპირობოს ახალი, წინასწარ განჭვრეტადი საფრთხის წარმოშობა ან გააქროს გარკვეული რისკები, რომლებიც წარსულში არსებობდა. უაღრესად ძნელი და დიდი ალბათობით, შეუძლებელია იმ ნივთების ჩამონათვალის ამომწურავად განსაზღვრა, რომლებიც ადამიანთა დასაზიანებლად გამოიყენება დღეს, ან შესაძლებელია ასეთი გამოყენება შეიძინოს მომავალში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონს, ხშირ შემთხვევებში, მოეთხოვება, იყოს ზოგადი ხასიათის, თუმცა ამავე დროს იგი არ უნდა ტოვებდეს ადამიანის უფლებების დამრღვევი განმარტების შესაძლებლობას“. (პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. #1/3/538, 24 ივნისი 2014).
„საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ნორმის სრულყოფილი განმარტებისათვის იგი უნდა განიმარტოს როგორც სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით, ასვე სხვა ნორმებთან კონტექსტში, მისი მიზნისა და შინაარსის გათვალისწინებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, თავად ის ფაქტი, რომ სადავო ნორმის ყველაზე გონივრული განმარტება მის შინაარსს კონსტიტუციის შესაბამისად აქცევს, არ არის ყოველთვის საკმარისი ნორმის კონსტიტუციურობის სამტკიცებლად. აუცილებელია, რომ კეთილსინდისიერი განმარტების პირობებში, ნორმა არ იძლეოდეს არაკონსტიტუციური გამოყენების შესაძლებლობას.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომიდან გამომდინარე, ნორმის გამოყენების არა კონსტიტუციური პრაქტიკის არსებობა ნორმის არაკონსტიტუციურობას არ განაპირობებს, ასევე არც არაკონსტიტუციური ნორმის პრაქტიკაში კონსტიტუციის შესაბამისად გამოყენების ფაქტები მიუთითებს აპრიორი ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე“. (პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. #1/3/538, 24 ივნისი 2014).
„კანონმდებელი ვალდებულია მოსამართლეს მაქსიმალურად ნათლად დაუდგინოს სამოქმედო ფარგლები, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს კანონმდებლის ვალდებულებას ყველა ტერმინის უპირობოდ ერთ აქტში განმარტებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა დაისვას ბლანკეტური დისპოზიციის მქონე სამართლებრივი ნორმების აკრძალვის და მსგავსი შინაარსის სამართლებრივი ინსტიტუტების არაერთ სამართლებრივ აქტში დუბლირების საკითხი, რაც სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით გაუმართლებელია. ნორმა უნდა იძლეოდეს იმ ინსტიტუტების და ცნებების განმარტებას, რომლებიც ან შესაბამისი სამართლებრივი აქტისთვის არის მხოლოდ დამახასიათებელი ან რომლებსაც შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიზნებისათვის სხვა ნორმატიულ აქტებში მოცემულისგან განსხვავებული მნიშვნელობა ენიჭება. საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოთ მითითებულ გადაწყვეტილებაში ყურადღება გაამახვილა სწორედ შესაბამისი აქტით დადგენილი ნორმებით განსაზღვრული უფლება–მოვალეობების გამოყენების წინაპირობების წესის და ფარგლების განჭვრეტადობის და სიცხადის საკითხზე, თუმცა არ და ვერ დაავალდებულებდა/ ვერ განუსაზღვრავდა კანონმდებელს სამართლებრივი ტექნიკის რომელი მიდგომა გამოიყენოს ამა თუ იმ აქტის შემუშავებისას, თუ მასში მოცემული კონსტიტუციური უფლებების შემზღუდველი ინსტიტუტის გამოყენების წესი, წინაპირობა, საფუძველი და პროცედურა მკაფიოდ არის გაწერილი. სხვაგვარი მიდგომა გამოიწვევდა სასამართლოს მხრიდან პოზიტიური კანონმდებლის ფუნქციებში შეჭრას“. (საქართველოს მოქალაქეები თეიმურაზ ჯანაშია და გიული ალასანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. #2/1/631, 18 აპრილი 2016).
„საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამართლებრივი უსაფრთხოების კონსტიტუციური პრინციპები ადგენენ კანონის ხარისხობრივ მოთხოვნებს. აღნიშნული პრინციპების რეალური დაცვისთვის პრაქტიკული და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კანონის განჭვრეტადობას“. (გიგა ბარათაშვილი და კარინე შახპარონიანი საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ. #1/4/614, 616, 30 სექტემბერი 2016).
„კანონმდებელი ვალდებულია, საჯარო ხელისუფლებას მაქსიმალურად ნათელი, მკაფიო სამოქმედო ფარგლები დაუდგინოს, აღნიშნული ვალდებულება, პირველ რიგში, გულისხმობს, რომ თავად კანონი დეტალურად, სიცხადის საკმარისი ხარისხით განსაზღვრავდეს კონკრეტულ სფეროში საჯარო ხელისუფლების უფლებამოსილებას, შესაბამისად, კანონი არ უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ დამოუკიდებლად დაადგინოს საკუთარ ქმედებათა დიაპაზონი. თუ უფლებაში ჩარევაზე უფლებამოსილ პირს ზუსტად და კონკრეტულად არ ეცოდინება თავისი შესაძლო მოქმედების ფარგლები, ერთი მხრივ, უნებლიედ გაიზრდება რისკი უფლებაში არასწორი, გადამეტებული ჩარევისა, ხოლო, მეორე მხრივ, ცდუნებაც უფლების შეგნებულად ბოროტად გამოყენებისა, რისი კანონზომიერი შედეგიც არის უფლების დარღვევა“. (გიგა ბარათაშვილი და კარინე შახპარონიანი საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ. #1/4/614, 616, 30 სექტემბერი 2016).
„სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპი შემდეგ ძირეულ, მატერიალური ხასიათის მოთხოვნებს უყენებს უფლების შემზღუდველ ნორმას. კერძოდ, იგი საკმარისად ცხადი უნდა იყოს იმ თვალსაზრისით, რომ ერთი მხრივ, ადამიანებმა მათ უფლებაში ჩარევისას ზუსტად იცოდნენ, რა მიზნის მისაღწევად, რა წესით და ვის მიერ შეიძლება მოხდეს მათი უფლების შეზღუდვა, ან უკანონო პირებს უნდა უქმნიდეს ცხად წარმოდგენას, როდის და როგორ შეიძლება დაექვემდებაროს მათი უფლება შეზღუდვას. ამასთანავე, მეორე მხრივ, სამართალ შემფარდებელს, კანონის მეშვეობით, უნდა ჰქონდეს მკაფიო ინსტრუქციები, რა საფუძვლების არსებობისას, რომელი მიზნების მისაღწევად, რა გზით, წესით და ინტენსივობით შეუძლია ჩაერიოს ადამიანის კონკრეტულ უფლებაში, რათა გამოირიცხოს პირთა უფლებების თვითნებური შეზღუდვის საფრთხე. „შესაბამისად, სამსახურებრივი გადაადგილებისას კადრების განყოფილებაში გადაყვანის რეგულაცია უნდა შემოწმდეს განჭვრეტადობის კონსტიტუციური სტანდარტის საფუძველზე და დადგინდეს, რამდენად მკაფიოა სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვა. სადავო რეგულაციის არაგანჭვრეტადობა ლოგიკურად გამოიწვევს საქართველოს კონსტიტუციის 29–ე მუხლის მოთხოვნების დარღვევას, სახელმწიფო მოსამსახურე დაუსაბუთებლად არ გათავისუფლდეს“. (გიგა ბარათაშვილი და კარინე შახპარონიანი საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ. #1/4/614, 616, 30 სექტემბერი 2016).
„საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის განჭვრეტადობაზე მსჯელობისას აფასებს, რამდენად აკმაყოფილებს ნორმის განსაზღვრულობის ხარისხი იმ დონეს, რომ მისი გამოყენების საფუძველზე, ცალსახად გამოირიცხოს კონსტიტუციური უფლების დარღვევის შემთხვევა“. (გიგა ბარათაშვილი და კარინე შახპარონიანი საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ. #1/4/614, 616, 30 სექტემბერი 2016).
„განსაზღვრულობის პრინციპი მოითხოვს იმგვარი საკანონმდებლო სისტემის შექმნას, რომელიც პირს იცავს სამართალშემფარდებლის თვითნებობისაგან. ბუნდოვანი და გაუგებარი კანონმდებლობა ქმნის ნოყიერ ნიადაგს თვითნებობისათვის, შესაბამისად, კანონმდებელმა მაქსიმალურად მკაფიო, განსაზღვრული ნორმატიული რეგულირებით უნდა შეამციროს თვითნებობის რისკები სამართალშეფარდების პროცესში.
აშკარაა, რომ განსაზღვრულობის მოთხოვნები ყველა სადავო ნორმასთან მიმართებით ერთნაირი ვერ იქნება. სასამართლო პრაქტიკაში, საჯარო სამართლებრივ რეგულირებებთან მიმართებით, სასამართლომ დაადგინა, რომ მათი რომელიმე ინტერპრეტაცია, რომელიმე ნორმატიული შინაარსი არ უნდა იყოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო. განსაზღვრულობის მოთხოვნები კიდევ უფრო მკაცრია პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმებთან მიმართებით. ამავე დროს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით არ არის დადგენილი ნორმის ბუნდოვანების გამო არაკონსტიტუციურად ცნობის სვა საფუძველი.
განსაზღვრულობის პრინციპი, ერთი მხრივ, იცავს პირს ბუნდოვანი კანონმდებლობისაგან, რათა მას შესაძლებლობა ჰქონდეს, წინასწარ განჭვრიტოს საკუთარი ქმედებების სამართლებრივი შედეგები. მეორე მხრივ, განსაზღვრულობის პრინციპის მოთხოვნა უკავშირდება პირის უფლებას, რომ დაცული იყოს ბუნდოვანი კანონმდებლობის თვითნებური გამოყენება.
წინასწარ განჭვრეტის მოთხოვნა განსაკუთრებით აქტუალურია პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმებთან მიმართებით. განსახილველ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, რამდენად მკაცრია აღნიშნული მოთხოვნა სახელშეკრულებო სამართლის ნორმებთან მიმართებით და გამორიცხავს თუ არა იგი კანონმდებლობის უფლებამოსილებას, რომ ზოგადი ნორმებით მოაწესრიგოს გარკვეული საკითხები“. („შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“და „შპს საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. #3/7/679, 29 დეკემბერი 2017).
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა