ა(ა)იპ "პროფესორთა ასოციაცია" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/19/1530 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 11 დეკემბერი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 26 დეკემბერი 2020 20:07 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ა(ა)იპ „პროფესორთა ასოციაცია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 34-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 23 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1530) მომართა ა(ა)იპ „პროფესორთა ასოციაციამ“. №1530 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2020 წლის 25 ივლისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 11 დეკემბერს.
2. №1530 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე და მე-60 მუხლები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ დაზარალებული ფიზიკური პირის უფლებამონაცვლე გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება ამ მუხლში აღნიშნულ პირზე, თუ ამაზე თანხმობას ამავე მუხლით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებულის ოჯახის ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი). ამავე მუხლის მე-3 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ დაზარალებული იურიდიული პირის რეორგანიზაციის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელებაზე თანხმობას ამავე მუხლით დადგენილი წესით განაცხადებს მისი სამართალმემკვიდრე (უფლებამონაცვლე) იურიდიული პირი, ხოლო ლიკვიდაციის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები“.
5. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა დისკრიმინაციული ხასიათისაა და იგი დიფერენცირებულ მდგომარეობაში აყენებს 2012 წლამდე სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მსჯავრდებულ პირებს, ვინაიდან ნორმა აღნიშნულ პირებზე ამნისტიის გავრცელებისთვის აუცილებელ წინაპირობად ადგენს დაზარალებულის ან მისი უფლებამონაცვლის თანხმობას. შესაბამისად, მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის გავრცელება დაზარალებული მხარის კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული. ამდენად, სადავო ნორმა უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ ამნისტია არ გავრცელდეს ყველა მსჯავრდებულზე.
6. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა ასევე წინააღმდეგობაში მოდის ამნისტიის, როგორც სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ჰუმანური აქტის არსთან და იგი დაზარალებულს შურისძიების შესაძლებლობასაც კი აძლევს. ამავდროულად, მოსარჩელე მიუთითებს, რომ შესაძლებელია ცალკეულ შემთხვევაში არ არსებობდეს დაზარალებული მხარე. მსგავს შემთხვევებში, მართალია, დაზარალებულად სახელმწიფო გვევლინება, მაგრამ მოსარჩელის განმარტებით, სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ სახელმწიფომ ცალკეულ შემთხვევაში უარი თქვა მსჯავრდებულზე ამნისტიის გავრცელებაზე.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტსა და 34-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რის გამოც იგი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნაა, რომ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. აღნიშნული ნორმა „ერთი მხრივ, აღჭურავს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით, თუმცა, მეორე მხრივ, გამორიცხავს სასამართლოსათვის მიმართვის პროცესში ”actio popularis” შესაძლებლობას. მოსარჩელე უფლებამოსილია, იდაოს ნორმატიული აქტების საფუძველზე უშუალოდ მისი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის №2/4/507 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი თარგამაძე, გიორგი ლეკიშვილი, ინგა გრიგოლია და ჯაბა სამუშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). შესაბამისად, „იმისათვის, რომ მოსარჩელემ სადავოდ გახადოს ესა თუ ის ნორმა, საჭიროა მან ნათლად და არაორაზროვნად წარმოაჩინოს, რომ იგი უკვე წარმოადგენდა ან სამომავლოდ, დიდი ალბათობით, იქნება სადავო ნორმით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი (სადავო ნორმატიული აქტის მის მიმართ რეალურად გამოყენების ფაქტი), რამაც შემდგომ შეიძლება გამოიწვიოს მისი კონსტიტუციური უფლებების სავარაუდო დარღვევის შესაძლებლობა ... იგი არ არის უფლებამოსილი, სასამართლოს მიმართოს სხვისი უფლებების დასაცავად, მათი მხრიდან, შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/2-527 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი წაქაძე, ილია წულუკიძე და ვახტანგ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს მოეთხოვება იმის დასაბუთება, რომ იგი არა სხვისი, არამედ თავისი უფლების დარღვევაზე ან მომავალში შესაძლო დარღვევაზე დავობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს კონსტიტუციურ სარჩელს არსებითად განსახილველად.
3. №1530 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 34-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას არსებითად თანასწორ პირთა მიმართ, ვინაიდან ცალკეული მსჯავრდებული პირების მიმართ ამნისტიის გავრცელება დამოკიდებულია დაზარალებულის ან მისი უფლებამონაცვლის თანხმობაზე. ამდენად, სადავო ნორმა უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ ამნისტია არ გავრცელდეს ყველა მსჯავრდებულზე.
4. საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ათავისუფლებს პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, გარკვეული მსჯავრდებული პირების მიმართ ამნისტიის გამოყენება დამოკიდებულია დაზარალებულის ან მისი უფლებამონაცვლის თანხმობაზე, რაც განაპირობებს მათ დისკრიმინაციას. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს იურიდიული პირი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1072 მუხლის მიხედვით, იურიდიულ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს განისაზღვრება ამავე კოდექსის შესაბამისი მუხლით. სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლი არ განსაზღვრავს ამ ქმედების ჩადენისთვის იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, შესაბამისად, იურიდიული პირი არ არის ზემოაღნიშნული დანაშაულის სუბიექტი. ამდენად, ვინაიდან მოსარჩელე ა(ა)იპ „პროფესორთა ასოციაციას“ ვერ დაეკისრება პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის, მასზე ასევე არ ვრცელდება სადავო ნორმიდან მომდინარე წესი. შესაბამისად, მოსარჩელე არ ექცევა მის მიერ მითითებულ დიფერენცირებულ პირთა ჯგუფში.
5. ზემოაღნიშნული გარემოებები ცხადყოფს, რომ მოსარჩელის მიმართ არ გავრცელებულა სადავო ნორმის მოქმედება და არსებული საკანონმდებლო რეალობიდან გამომდინარე, იგი მომავალშიც ვერ მოექცევა სადავო ნორმის რეგულირების ქვეშ. სასარჩელო არგუმენტაციიდან ნათლად ჩანს, რომ მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს არა საკუთარი, არამედ სხვა, ფიზიკური პირების უფლებების დასაცავად. შესაბამისად, №1530 კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1530 კონსტიტუციური სარჩელი (ა(ა)იპ „პროფესორთა ასოციაცია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი