ვასილ ჟიჟიაშვილი და გიორგი გოცირიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/15/1484 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 11 დეკემბერი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 26 დეკემბერი 2020 19:39 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ვასილ ჟიჟიაშვილი და გიორგი გოცირიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1484) მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა – ვასილ ჟიჟიაშვილმა და გიორგი გოცირიძემ. №1484 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2020 წლის 17 თებერვალს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 11 დეკემბერს.
2. №1484 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული დაკავების ვადებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ადმინისტრაციული დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ პირი, რომლის ადმინისტრაციული დაკავების ვადაც ემთხვევა არასამუშაო დროს, შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქმის განხილვამდე, რა შემთხვევაშიც პირის დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია ადამიანის თავისუფლება.
5. №1484 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, გასაჩივრებული რეგულაცია უფლებამოსილ ორგანოს შესაძლებლობას აძლევს, პირი ჰყავდეს დაკავებული ამავე ნორმით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით მაშინაც კი, როდესაც ამოწურულია დაკავების საფუძველი. სადავო ნორმით დადგენილი პირის დაკავების მაქსიმალური ვადები (12 საათი და 48 საათი) აღემატება დროის იმ ოდენობას, რომელიც საჭიროა ადმინისტრაციული დაკავების ისეთი საფუძვლების ამოწურვისათვის, როგორებიცაა – პიროვნების დადგენისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მიზნები. პრაქტიკაში ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც პირის დაკავების საფუძველი ამოწურულია, თუმცა ვინაიდან არ არის გასული დაკავების მაქსიმალური ვადა, არ ხდება დაკავებული პირის გათავისუფლება.
6. მოსარჩელე მხარის თქმით, ადმინისტრაციულ დაკავებას თან სდევს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვა, შესაბამისად, დაკავების ვადამ იმდენ ხანს უნდა გასტანოს, რომ არ გასცდეს დაკავების მიზნის გონივრულ საზღვრებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეჭვქვეშ დგება პირის დაკავების ლეგიტიმური ხასიათი და სახეზეა კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლების უფლების დარღვევა. დემოკრატიულ სახელმწიფოში სამართალდამცავი ორგანოების მიერ პირის დაკავება უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით მკაცრად განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას და პოლიციელების მიერ კანონით მინიჭებული აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება, გონიერი დამკვირვებლის მხრიდან, არ უნდა იქნეს აღქმული სამართალდამცავი ორგანოების განუსაზღვრელი ძალაუფლების გამოყენებად.
7. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ როგორც №1412 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმედ მოწვეულმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, პირის იდენტიფიკაციისთვის საჭიროა მაქსიმუმ 1,5 საათი. ამასთან, პირის დაკავებიდან მის სასამართლოში გადაყვანამდე დოკუმენტების მომზადებას სჭირდება, დაახლოებით, 3 საათი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ პრაქტიკაში პირის იდენტიფიკაციასა და სამართალდარღვევის ოქმის შედგენას სადავო ნორმებით დადგენილ ვადაზე ბევრად ნაკლები დრო სჭირდება. ამასთან, პრაქტიკაში არსებობს შემთხვევები, როდესაც იდენტიფიკაციის ან სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მიზნით, დაკავებულ პირს თავისუფლება შეეზღუდა აღნიშნული პროცედურებისთვის საჭირო გონივრულ ვადაზე მეტი ხნით.
8. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, პიროვნების ვინაობის დადგენა წარმოადგენს ტექნიკურ პროცესს, რა დროსაც ხდება პირის მონაცემების შემოწმება შესაბამის საიდენტიფიკაციო ბაზებში. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობა იცნობს არაიდენტიფიცირებული პირის მიმართ საქმისწარმოების შესაძლებლობას, პირის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისი გათავისუფლება. ამგვარ შემთხვევებში პირის დაკავება სადავო ნორმით განსაზღვრული მაქსიმალური ვადით ვერ ჩაითვლება როგორც ultima ratio.
9. მოსარჩელეთა განმარტებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი წარმოადგენს ერთფურცლიან დოკუმენტს, რომელიც შინაარსობრივად დიდად არ განსხვავდება ადმინისტრაციული დაკავების ოქმისგან. ამგვარი დოკუმენტის შესადგენად 12 საათი ვერ იქნება მიჩნეული გონივრულ დროდ, იმის მიუხედავად, რომ მისი შედგენა შესაძლოა გაართულოს პიროვნების იდენტიფიკაციის პროცესმა.
10. მოსარჩელე მხარის პოზიციით, უზენაესი სასამართლოს მიერ პირის ადმინისტრაციულ დაკავებაზე დამკვიდრებული პრაქტიკა ადმინისტრაციულ ორგანოს საშუალებას აძლევს, სამართალდარღვევის ოქმის შედგენის ან იდენტიფიკაციის მიზნით, პირი დააკავოს სადავო ნორმებით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით. აღნიშნული უფლებამოსილება კი შესაძლოა, პოლიციელთა მხრიდან თვითნებობის საფუძველი გახდეს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული დაკავების ისეთი საფუძვლების ამოწურვისთვის, როგორიცაა პიროვნების დადგენა და სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, გონივრულ დროდ ვერ იქნება მიჩნეული ვერც 12 და ვერც 48 საათი. იმ შემთხვევაში, როდესაც ამოწურულია დაკავების საფუძვლის გონივრული ვადა და უფლებამოსილი ორგანო კვლავ განაგრძობს პირისთვის თავისუფლების აღკვეთას, არ არსებობს აღნიშნული ქმედების გამამართლებელი ლეგიტიმური მიზანი. შესაბამისად, სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
11. მოსარჩელეები, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. მოსარჩელეები ითხოვენ, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლი. ისინი მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმა უფლებამოსილ ორგანოებს აძლევს შესაძლებლობას პიროვნების იდენტიფიცირების ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მიზნით, პირი დააკავონ 12 საათით (საგამონაკლისო შემთხვევაში 48 საათით), მაშინაც კი, როდესაც უკვე ამოწურულია დაკავების საფუძველი. მათი თქმით, პიროვნების იდენტიფიცირება, ისევე როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, ობიექტურად არ საჭიროებს 12 საათს, თუმცა პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც არ ხდება პირის გათავისუფლება სადავო ნორმით დადგენილი მაქსიმალური ვადის გასვლამდე, იმის მიუხედავად, რომ ამოწურულია ადმინისტრაციული დაკავების საფუძველი.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული დაკავების ზოგად ვადებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ადმინისტრაციული დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი არეგულირებს საგამონაკლისო წესს, რომლის თანახმადაც, პირი, რომლის ადმინისტრაციული დაკავების ვადა ემთხვევა არასამუშაო დროს, შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქმის განხილვამდე, რა შემთხვევაშიც პირის დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს.
4. გასაჩივრებული რეგულაციის საფუძველზე, პიროვნების დადგენის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მიზნით პირის ადმინისტრაციული დაკავების ხანგრძლივობამ შეიძლება გასტანოს 12 საათს (საგამონაკლისო შემთხვევებში 48 საათს). თუმცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „...სადავო ნორმა არ [უნდა] იქნეს განხილული სხვა, მასთან კავშირში მყოფი ნორმებისგან იზოლირებულად, რადგანაც ამგვარმა მიდგომამ საკონსტიტუციო სასამართლო შეიძლება მიიყვანოს მცდარ დასკვნებამდე...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-6).
5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს იმ მიზნებს, რომელთა მისაღწევადაც დასაშვებია პირის ადმინისტრაციული დაკავება. ასეთი მიზნებია – ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღკვეთა, როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები; ბ) პიროვნების დადგენა; გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა, თუ ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია; დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის დროულად და სწორად განხილვა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების აღსრულების უზრუნველყოფა.
6. დასახელებული მიზნები პირის ადმინისტრაციულ დაკავებას ლეგიტიმურობას სძენს არა მხოლოდ უშუალოდ დაკავების მომენტში, არამედ თავისუფლების შეზღუდვის სრული პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად, იმისთვის, რათა პირის ადმინისტრაციულმა დაკავებამ უპასუხოს კანონიერების მოთხოვნას, აუცილებელია, რომ ადმინისტრაციული დაკავების კანონით გათვალისწინებული მიზანი არსებობდეს პირის დაკავების მომენტიდან მის გათავისუფლებამდე. დასახელებული მიზნის მიღწევის შემდეგ პირის თავისუფლების შეზღუდვა, ადმინისტრაციული დაკავებისთვის კანონმდებლობით დადგენილი მაქსიმალური ვადის გასვლამდე, თვითმიზნურ ხასიათს ატარებს.
7. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე არასწორად აღიქვამს სადავო ნორმის შინაარსს. საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობის სისტემური ანალიზი ცხადყოფს, რომ სადავო ნორმა ითვალისწინებს პირის ადმინისტრაციულ დაკავებას 12 საათამდე (გამონაკლის შემთხვევებში 48 საათამდე) ვადით მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ადმინისტრაციული დაკავების მიზანი. ადმინისტრაციული დაკავების საფუძვლის ამოწურვისთანავე პირის თავისუფლების შეზღუდვა ატარებს უკანონო ხასიათს. ამასთან, დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ საქმეზე არ ყოფილა წარმოდგენილი საერთო სასამართლოების პრაქტიკა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნორმის იმგვარი განმარტება, რომლის ფარგლებშიც კანონიერად იქნებოდა მიჩნეული ადმინისტრაციული დაკავების მიზნის მიღწევის შემდეგ პირის თავისუფლების შეზღუდვა სადავო ნორმით გათვალისწინებული მაქსიმალური დროის ამოწურვამდე.
8. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, №1484 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1484 („ვასილ ჟიჟიაშვილი და გიორგი გოცირიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი