ვასილ ჟიჟიაშვილი და გიორგი გოცირიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 1484 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ვასილ ჟიჟიაშვილი, გიორგი გოცირიძე |
თარიღი | 14 თებერვალი 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა.ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის პირველი პუნქტის: “ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ადმინისტრაციული დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს” ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენისა და პიროვნების დადგენის მიზნით დაკავებაზე უფლებამოსილ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას დაკავების მაქსიმალურ ვადად გამოიყენოს აღნიშნულ პუნქტში მოცემული მაქსიმალური ვადა. | საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვითაც: „ადამიანის თავისუფლება დაცულია“. |
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის მეორე პუნქტის: „პირი, რომლის ადმინისტრაციული დაკავების ვადა არასამუშაო დროს ემთხვევა, შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქმის განხილვამდე. აღნიშნულ შემთხვევაში პირის დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს“, ის ნორმატიული შინაარსი რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენისა და პიროვნების დადგენის მიზნით დაკავებაზე უფლებამოსილ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას დაკავების მაქსიმალურ ვადად გამოიყენოს აღნიშნულ პუნქტში მოცემული მაქსიმალური ვადა. | საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვითაც: „ადამიანის თავისუფლება დაცულია“. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
მოსარჩელეები არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც შესაძლებელია უშუალოდ დაერღვეთ კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული თავისუფლების უფლება. კერძოდ, შესაძლოა ისინი ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნენ უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის ან პიროვნების დადგენის მიზნით და მათ მიმართ დაკავების მაქსიმალურ ვადად გამოიყენონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დადგენილი ერთ შემთხვევაში 12 და მეორე შემთხვევაში 48 საათი. ამდენად, მოსარჩელეები წარმოადგენენ სათანადო მოსარჩელეებს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელისთვის.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სადავო ნორმატიული შინაარსი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის პირველი პუნქტი დაკავების მაქსიმალურ ვადად აწესებს 12 საათს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თუკი დაკავების ვადა არასამუშაო დროს ემთხვევა, დაკავების მაქსიმალური ვადა შესაძლოა გაიზარდოს 48 საათამდეც.
ადმინისტრაციული დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის შესაბამისად, შესაძლოა მოხდეს შემდეგი საფუძვლების არსებობისას:
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად;
პიროვნების დასადგენად;
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შესადგენად, თუ ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია;
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის დროულად და სწორად განხილვისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების აღსრულების უზრუნველსაყოფად.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლი ადგენს დაკავების ვადების ზოგად წესს. აქედან გამომდინარე, 247-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტში მოცემული ერთ შემთხვევაში 12 და მეორე შემთხვევაში 48 საათი, შესაძლოა გამოყენებული იყოს 244-ე მუხლში მოცემული თითოეული დაკავების საფუძვლის არსებობისას.
მოსარჩელის პოზიციით დაკავების საფუძვლებისთვის დაწესებული ერთ შემთხვევაში 12 და მეორე შემთხვევაში 48 საათიანი მაქსიმალური ვადები აღემატება დროის იმ ოდენობას, რომელიც საჭიროა დაკავების საფუძვლის ამოწურვისათვის პიროვნების დადგენისა და სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მიზნით. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც პირის დაკავების საფუძველი ამოწურულია, თუმცა ვინაიდან არ არის გასული დაკავების მაქსიმალური ვადა, უფლებამოსილი ორგანო არ ათავისუფლებს დაკავებულ პირს.
მოსარჩელის აზრით, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენისა და პიროვნების დადგენის მიზნით დაკავებაზე უფლებამოსილ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას დაკავების მაქსიმალურ ვადად გამოიყენოს 247-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტში მოცემული მაქსიმალური ვადები, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების სფერო
საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის, მისი პირადი თავისუფლების უფლებას. ის ფუნდამენტური უფლების ერთ-ერთ ძირითად საყრდენს წარმოადგენს და კონსტიტუციის თანახმად საგანგებო დაცვას ექვემდებარება.[1] ადამიანის თავისუფლების უფლება შესაძლოა კონფლიქტში მოვიდეს მართლმსაჯულების აღსრულების ინტერესთან. ამ დროს დღის წესრიგში დგება ამ უფლებისთვის ან ლეგიტიმური საჯარო მიზნის მიღწევისთვის უპირატესობის მინიჭების საკითხი, რომელიც წყდება თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით.
საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ ხაზგასმით აღუნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია“. კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი იცავს ადამიანის ფიზიკურ თავისუფლებას, მისი მიზანია არ დაუშვას თავისუფლების უკანონოდ, დაუსაბუთებლად და თვითნებურად შეზღუდვა. კონსტიტუციის მე-13 მუხლი შეიცავს ადამიანის თავისუფლების დაცვის როგორც მატერიალურ, ისევე პროცესუალურ გარანტიებს. „ადამიანის თავისუფლება გარანტირებულია არა მხოლოდ მატერიალური ნორმებით, არამედ კონსტიტუციურ რანგში აყვანილი პროცესუალური ნორმების ერთობლიობით[2].
საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაცვის გარანტიები ვრცელდება, როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ დაკავებასა და დაპატიმრებაზე, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მოწესრიგებულ იმავე ურთიერთობებზეც.[3]
შესაბამისად, კონსტიტუციის ხსენებული დებულების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად კანონმდებელი ვალდებულია, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც ერთი მხრივ გამორიცხავს პირის თავისუფლების მყარი, კონსტიტუციურად ლეგიტიმური საფუძვლის არსებობის გარეშე შეზღუდვას, ხოლო მეორე მხრივ უზრუნველყოფს კონსტიტუციის მე-18 მუხლით გათვალისწინებული პროცესუალური უფლებების გარანტირებას.[4]
საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევა
როგორც აღინიშნა, კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლება ვრცელდება ადმინისტრაციულ დაკავებებზეც. შესაბამისად, ადმინისტრაციული დაკავების კანონმდებლობა უნდა პასუხობდეს თავისუფლების უფლების კონსტიტუციით დადგენილ სტანდარტებს.
სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ადმინისტრაციული დაკაცების ვადების იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც უფლებამოსილ ორგანოს შესაძლებლობას აძლევს პირი ყავდეს დაკავებული დაკავების საფუძვლის ამოწურვის შემდეგაც, მაქსიმალური ვადის გასვლამდე. დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას პირის ადმინისტრაციული დაკავებისას ხდება ადამიანის თავისუფლებაში ჩარევა. შესაბამისად, უფლებაში ჩარევა მაშინაც ხდება, როცა პირი დაკავებულია, ამოწურულია მისი დაკავების საფუძველი, თუმცა ჯერ არ არსი გასული დაკავების მაქსიმალური ვადა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ ხდება უფლებაში ჩარევა, რომლის თანაზომიერებაც უნდა შემოწმდეს პროპორციულობის ტესტით.
ლეგიტიმური მიზანი
საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, თავისუფლების უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და შესაძლებელია მისი შეზღუდვა. ამასთან, უფლებაში ჩარევა უნდა მოხდეს ღირებული ლეგიტიმური მიზნის არსებობისას, უფლებაში ჩარევა უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული საშუალება.
საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „ადამიანის თავისუფლება იმდენად წონადი ძირითადი უფლებაა, რომ მასში ჩარევა სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან უნდა განიხილებოდეს როგორც ultima ratio ღონისძიება[5]. თავისუფლების უფლების მსგავსი ღირებულებიდან გამომდინარე საქართველოს კონსტიტუციამ სახელმწიფოს სამოქმედო არეალი მკაცრად შემოფარგლა, მისი ძალაუფლების საპირწონედ კი ინდივიდი ისეთი პროცესუალური უფლებებით აღჭურვა, რომლებიც სახელმწიფოს მიერ თავისუფლების უფლებას გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისგან დაიცავს“.[6] კონსტიტუციურ-სამართლებრივი შემოწმების სიმკაცრის ხარისხს ზრდის ის გარემოებაც, რომ ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვა და, განსაკუთრებით კი, მისი ყველაზე ინტენსიური ფორმის - თავისუფლების აღკვეთა აფერხებს და ზოგჯერ სრულიადაც გამორიცხავს ადამიანის მიერ სხვა უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციას“[7]
სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ადმინისტრაციული დაკავების ორი საფუძვლის, პირის იდენტიფიკაციისა და სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მიზნით პირის დაკავებაზე დაკავების მაქსიმალური ვადების გავრცელების პრობლემურობა. მოსარჩელის აზრით, პიროვნების დასადგენად და ადმინისტრაციული ოქმის შესადგენად საჭირო გონივრული დრო არის 12 საათზე ნაკლები.
ადმინისტრაციულ დაკავებას თან სდევს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვა, შესაბამისად დაკავების ვადამ იმდენ ხანს უნდა გასტანოს რომ არ გასცდეს დაკავების მიზნის გონივრულ საზღვრებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეჭვქვეშ დგება დაკავების ლეგიტიმურობა და სახეზეა კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დარღვევა. დაკავება სამართალდამცავი ორგანოების მიერ, დემოკრატიულ სახელმწიფოში, უდნა განხორციელდეს მხოლოდ კანონით მკაცრად განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას და პოლიციელების მიერ კანონით მინიჭებული ამ უფლების განხორციელება არ უნდა დაემსგავსოს/არ უნდა იქნას აღქმული გონიერი დამკვირვებლის მიერ სამართალდამცავი ორგანოების განუსაზღვრელი ძალაუფლების გამოყენებად.
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 2019 წლის 14 ნოემბერს არსებითად განიხილა N1412 კონსტიტუციური სარჩელი საქმეზე ირაკლი ჯუღელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. არსებით სხდომაში ექსპერტად მონაწილეობა მიიღო შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს თანამშრომელმა მარიამ კერესელიძემ. მისი განცხადებით, საიდენტიფიკაციო საფუძვლების გამოყენების შედეგად პირის იდენტიფიკაციისთვის მაქსიმუმ 1.5 საათია საჭირო. ამავე პროცესზე მარიამ კერესელიძემ განაცხადა, რომ პირის დაკავებიდან მის სასამართლოში გადაყვანამდე დოკუმენტების მომზადებისთვის საჭიროა მაქსიმუმ 3 საათი[8]. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრაქტიკაში პირის იდენტიფიკაციისა და სამართალდარღვევის ოქმის შედგენას ბევრად ნაკლები დრო სჭირდება ვიდრე 12 ან უარეს შემთხვევაში 48 საათი. ამასთან, პრაქტიკაში არსებობს შემთხვევები, როდესაც დაკავების საფუძვლად მითითებულია პირის იდენტიფიკაცია ან/და სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და აღნიშნული პირი დაკავებულ იქნა იმ გონივრულ ვადაზე მეტი ხნის განმავლობაში, ვიდრე ექსპერტის მიერ დასახელებული ვადებია.
პიროვნების ვინაობის დადგენა ტექნიკურ პროცესს უკავშირდება, ხდება პირის მონაცემების შემოწმება შესაბამის საიდენტიფიკაციო ბაზებში რაც შესაძლოა დასრულდეს როგორც წარმატებით ასევე წარუმატებლად. ამასთან, თუკი პირის იდენტიფიცირება ვერ ხდება, ეს არ უნდა წარმოადგენდეს მისი პატიმრობაში დატოვების საფუძველს, რადგან ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს არაიდენტიფიცირებული პირის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 3121- ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ვინაობა (სახელი, გვარი, ასაკი, სქესი, მოქალაქეობა) დაუდგენელია და იგი უარს აცხადებს თვითიდენტიფიცირებაზე, განმარტების მიცემაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მწარმოებელი პირის მიერ შესაბამისი სპეციალისტების მონაწილეობით დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც აღიწერება პირის ყველა შესაძლო გარეგნული ნიშანი (სავარაუდო ასაკი, სქესი, სიმაღლე, თმის ფერი, თვალების ფერი, გარეგნობისა და იერის სხვა თავისებურება), რომლებითაც შესაძლებელია ამ პირის იდენტიფიცირება (ოქმს თან დაერთვის ფოტოსურათი). ამასთან, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მწარმოებელი პირის შუამდგომლობით ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილებით, პირს შესაძლებელია მიენიჭოს პირობითი სახელი ციფრების ან/და ანბანის სიმბოლოების იმგვარი კომბინაციით, რაც საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან შესაძლებელს გახდის ამ პირის იდენტიფიცირებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის შემდგომი წარმოებისას. პირობითი სახელი არ შეიძლება იყოს ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახავი და შეურაცხმყოფელი შინაარსისა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, როდესაც არსებობს არაიდენტიფიცირებული პირის მიმართ საქმისწარმოების შესაძლებლობა, პირის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისი განთავისუფლება. როდესაც პირის ვინაობის დადგენა ვერ ხერხდება, თუმცა ის მაინც ჰყავთ პატიმრობაში მაქსიმალური ვადის ფარგლებში, მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება ვერ იქნება მიჩნეული როგორც Ultima ratio .
რაც შეეხება დაკავებას სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მიზნით, სამართალდარღვევის ოქმი არის ერთ ფურცლიანი დოკუმენტი, რომელიც შინაარსობრივად დიდად არ განსხვავდება ადმინისტრაციული დაკაცების ოქმისგან. მისი შევსება შესაძლოა გაართულოს პიროვნების იდენტიფიკაციის პროცესმა, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, თუმცა გონივრულ დროდ რომელიც შესაძლოა სამართალდარღვევის ოქმის შედგენას დასჭირდეს 12 საათი ვერ იქნება მიჩნეული.
ადმინისტრაციული დაკავების ვადებთან დაკავშირებულ საკითხებზე მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე VASILEVA v. DENMARK. აღნიშნულ საქმეში მომჩივანი დააკავეს 1995 წლის 11 აგვისტოს ღამის 9:30 საათზე პიროვნების იდენტიფიკაციის მიზნით, ვინაიდან მომჩივანმა თვითიდენტიფიკაციაზე უარი განაცხადა. მომჩივანი გაათავისუფლეს 12 აგვისტოს დილის 11 საათზე, თვითიდენტიფიკაციის შემდეგ[9]. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით დაკავება ნებადართულია კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად. აღნიშნული მუხლი გამოიყენება მაშინ, როდესაც ადამიანი არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას. ასეთ შემთხვევაში, დაკავება და დაპატიმრება უნდა ემსახურებოდეს ვალდებულების შესრულებას. ამგვარად, ამ შემთხვევაში დაკავებას არა აქვს სადამსჯელო ფუნქცია. თუკი კონკრეტული ვალდებულება შესრულდება, აღარ იარსებებს კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ადამიანის დაკავების საფუძველი[10]. საბოლოოდ, ბალანსი უნდა იყოს დაცული ვალდებულების შესრულების საჯარო მიზანსა და ფიზიკური თავისუფლების უფლების დაცვას შორის. ამ ბალანსის დაცვაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა[11]. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის პატიმრობა მისი იდენტიფიკაციის მიზნით ნებისმიერ შემთხვევაში არ შეიძლება ამხელა დროით გაგრძელებულიყო. 13 საათნახევრის განმავლობაში მომჩივნის პატიმრობა სცილდებოდა იმ მიზნის მიღწევის პროპორციულობას, რისთვისაც ხდება დაკავება. აღნიშნულ მიზანს კი პიროვნების იდენტიფიკაცია წარმოადგენდა.[12] აღნიშნული გადაწყვეტილება წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელისთვის რელევანტურია იმდენად, რამდენადაც სადავოდ არის გამხდარი ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც პირის იდენტიფიკაციისთვის მაქსიმალურ ვადად ითვალისწინებს ერთ შემთხვევაში 12, მეორე შემთხვევაში 48 საათის ხანგრძლივობით. შესაბამისად, აღნიშნული ნორმატიული შინაარსი ეწინააღმდეგება ევროკონვენციის მე-5 მუხლსაც.
წინამდებარე სარჩელში წამოჭრილი პრობლემა განსაკუთრებით იჩენს თავს პოლიციის მიერ შეკრება/მანიფესტაციების დაშლის დროს. მაგალითად, 2019 წლის 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ იქნა ირაკლი ჩიხრაძე. აღნიშნული პირი დააკავეს 2019 წლის 18 ნოემბრის 19:19 წუთზე იმ საფუძვლით, რომ ადგილზე ვერ ხდებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგება. მის სახელზე შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში შედგენის თარიღად კი მითითებულია 2019 წლის 19 ნოემბერი. რაც ნიშნავს, იმას, რომ აღნიშნული პირი დაკავებული იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მიზნით 5 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, რასაც არ შეიძლება გააჩნდეს რაიმე ლეგიტიმური მიზანი.(იხ. დანართი 1 და 2)
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ხშირად დაკავების ოქმში არ არის მითითებული დაკავების საფუძველი. მართალია დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას უფლებამოსილ პირს შეუძლია ადმინისტრაციული წესით დააკავოს პირი, თუმცა აღნიშნული ღონისძიება უნდა მოხდეს მხოლოდ დაკავების იმ საფუძვლების არსებობისას, რომელსაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლი ჩამოთვლის. როდესაც ხდება პირის ადმინისტრაციული წესით დაკავება, თუმცა არ ხდება დაკავების საფუძვლის მითითება, ჩნდება ეჭვი, რომ სახეზეა პოლიციის მხრიდან ჩადენილი თვითნებობა.(იხ: დანართი 3)
პრაქტიკაში არსებულ ზემოთ აღნიშნულ მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის აზრით, თუკი პირი ითხოვს უსაფუძვლო დაკავების გამო ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების საფუძვლის არსებობისათვის მნიშვნელობა არ აქვს დაკავებულ პირთა მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის არსებობას. კერძოდ, უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 2 ოქტომბრის ბს-1143-1137(2კ-17) გადაწყვეტილებაში მოსარჩელეები სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოსგან ითხოვდნენ მორალური ზიანის ანაზღაურებას. არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენდა მოსარჩელეთა მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლით გათვალიწინებული ღონისძიების გამოყენება - ადმინისტრაციული დაკავება. უზენაესი სასამართლოს განმარტებით „ზიანის ანაზღაურების საფუძვლის არსებობისათვის მნიშვნელობა არ აქვს დაკავებულ პირთა მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის არსებობას, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს სახელმწიფო მოსამსახურის - პოლიციელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის ფაქტის არსებობა, რაც უნდა შეფასდეს პოლიციელის უფლებამოსილების განმსაზღვრელი კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავის მხრივ პოლიციელის საქმიანობის კონტროლის წესი დადგენილია „პოლიციის შესახებ“ კანონის IX თავით. აღნიშნული კანონის 56-ე მუხლი ითვალისწინებს პოლიციელის ქმედების გასაჩივრების პროცედურას, რომლის პირველი ქვეპუნქტით პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ პოლიციელის ქმედებით დაირღვა მისი უფლებები და თავისუფლებები, უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს ეს ქმედება ზემდგომ თანამდებობის პირთან, პროკურატურაში ან სასამართლოში. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელეებმა „პოლიციის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით, ზემდგომ ორგანოებში ან პროკურორთან არ გაასაჩივრეს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დაკავების ოქმები, სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობდა მოსარჩელეთა ადმინისტრაციული დაკავების კანონშეუსაბამოდ მიჩნევის საფუძველი, რადგან არ არსებობდა მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი პირების მხრიდან მოსარჩელეთა ადმინისტრაციული წესით დაკავებისას დაცული არ იყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურა და 247-ე მუხლით დადგენილი ადმინისტრაციული დაკავების ვადა.“
აღნიშნული გადაწყვეტილების ანალიზიდან ირკვევა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი უფლებამოსილ ორგანოს შესაძლებლობას აძლევს, პირი დააკავოს სრულიად უსაფუძვლოდ, შესაბამისი პროცედურების დაცვით, რაც ვერ გახდება ზიანის ანაზღაურების საფუძველი და არც რაიმე მექანიზმი იარსებებს, რომელიც აღნიშნული შემთხვევების პრევენციას მოახდენს. ეს გარემოება ქმნის status quo-ს, რომლის პირობებშიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ან/და პიროვნების დადგენის მიზნით დაკავებული პირის მიმართ ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლებლობა აქვს, დაკავების საფუძვლის ამოწურვის მიუხედავად მაინც დატოვოს პიროვნება პატიმრობაში მაქსიმალური დროით, იმდენად, რამდენადაც საკანონმდებლო დონეზე არ არსებობს ამგვარი დაკავებისთვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობა, როგორც უკანონო ქმედების თანმხვედრი მაკონტროლებელი მექანიზმი. ძალოვანი სტრუქტურების ხელში არსებული აღნიშნული უფლებამოსილება შესაძლოა პოლიციელთა თვითნებობის საფუძველი გახდეს.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული დაკავების ისეთი საფუძვლების ამოწურვისთვის , როგორიცაა პიროვნების დადგენა და სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, გონივრულ დროდ ვერ იქნება მიჩნეული ვერც 12 და ვერც 48 საათი. იმ შემთხვევაში როდესაც ამოწურულია დაკავების საფუძვლის გონივრული ვადა და უფლებამოსილი ორგანო კვლავ განაგრძობს პირისთვის თავისუფლების აღკვეთას არ არსებობს აღნიშნული ქმედების გამამართლებელი ლეგიტიმური მიზანი. „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა ატარებს თვითნებურ ხასიათს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია ნორმის შემდგომი შემოწმების გარეშე“[13]. შესაბამისად, სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის N1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე, საქართველოს მოქალაქეები ლევან იზორია და დავით-მიხეილ შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-2.
[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის N2.1.415 გადაწყვეტილება საქმეზე, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-1.
[3] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 4 თებერვლის N2/1/263 გადაწყვეტილება საქმეზე, მოქალაქე გიორგი ჩხეიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
[4] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის N3/2/646 გადაწყვეტილება საქმეზე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-1.
[5] საქართვლოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის N2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზე, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-15.
[6] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის N1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან იზორია და დავით-მიხეილ შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-4.
[7] იხ. მითითება 5., II-6.
[8] აღნიშნული განმარტებები მოცემულია სხდომის ოქმის 26-ე გვერდზე.
[9] European court of human rights, case of Vasilieva v. Denmark, 25 September 2003, par.7. available: http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-61309 [2/11/20]
[10] Ibid., 36.
[11] Ibid., 37.
[12] Ibid., 41.
[13] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა