ნინო ჟველია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/20/1534 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 11 დეკემბერი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 26 დეკემბერი 2020 20:10 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ნინო ჟველია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 34-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის პირველ სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1534) მომართა საქართველოს მოქალაქე ნინო ჟველიამ. №1534 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2020 წლის 4 სექტემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 11 დეკემბერს.
2. №1534 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე და მე-60 მუხლები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ დაზარალებული ფიზიკური პირის უფლებამონაცვლე გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება ამ მუხლში აღნიშნულ პირზე, თუ ამაზე თანხმობას ამავე მუხლით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებულის ოჯახის ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი). ამავე მუხლის მე-3 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ დაზარალებული იურიდიული პირის რეორგანიზაციის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელებაზე თანხმობას ამავე მუხლით დადგენილი წესით განაცხადებს მისი სამართალმემკვიდრე (უფლებამონაცვლე) იურიდიული პირი, ხოლო ლიკვიდაციის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები“.
5. №1534 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე 2010 წლის 24 იანვარს ბრალდებულად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ამჟამად, აღნიშნული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, მოსარჩელის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმისწარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოსარჩელის განმარტებით, იგი არ გათავისუფლებულა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, ვინაიდან დაზარალებულმა არ განაცხადა თანხმობა მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.
6. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა დისკრიმინაციული ხასიათისაა, ვინაიდან ნორმა კონკრეტულ პირზე ამნისტიის გავრცელებისთვის აუცილებელ წინაპირობად ადგენს დაზარალებულის ან მისი უფლებამონაცვლის თანხმობას. ამდენად, სადავო ნორმა უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ ამნისტია არ გავრცელდეს ყველა პირზე, რომელმაც 2012 წლამდე ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. მოსარჩელის განმარტებით, იგი დისკრიმინაციულ მდგომარეობაშია ყველა იმ პირთან მიმართებით, რომელზეც სადავო ნორმის საფუძველზე გავრცელდა ამნისტია.
7. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა ასევე წინააღმდეგობაში მოდის ამნისტიის, როგორც სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ჰუმანური აქტის არსთან და იგი დაზარალებულს შურისძიების შესაძლებლობასაც კი აძლევს.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტსა და 34-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რის გამოც იგი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სახეზეა სადავო ნორმიდან მომდინარე უფლებრივი შეზღუდვა, რომელიც მიემართება მის მიერ მითითებულ კონსტიტუციის დებულებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. მოსარჩელე ითხოვს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის განმარტებით, ის არ გათავისუფლებულა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, ვინაიდან დაზარალებულმა არ განაცხადა თანხმობა მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე. შესაბამისად, სადავო ნორმის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, პირზე ამნისტიის გავრცელება დაზარალებული მხარის კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული, მოსარჩელე დისკრიმინაციულ მდგომარეობაში მოექცა ყველა იმ პირთან მიმართებით, რომლებზეც გავრცელდა ამნისტია.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი კრძალავს არსებითად თანასწორი პირების მიმართ არათანასწორ მოპყრობას და პირიქით. „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორს შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). შესაბამისად, კონსტიტუციის მე-11 მუხლთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ მდგომარეობაში აყენებს ან ადგილი აქვს უთანასწორო პირთა მიმართ თანასწორ მოპყრობას.
4. საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმა ადგენს კონკრეტულ პირზე ამნისტიის გავრცელების წესს. კერძოდ, სადავო ნორმის თანახმად, პირი, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია. სადავო ნორმა ასევე შეეხება იმ საკითხს, თუ ვინ უნდა განაცხადოს თანხმობა ამნისტიის გავრცელებაზე დაზარალებული ფიზიკური პირის უფლებამონაცვლის გარდაცვალებისა და დაზარალებული იურიდიული პირის რეორგანიზაციის შემთხვევაში. სადავო ნორმის საფუძველზე დადგენილი რეგულირება უკავშირდება კონკრეტულ პირზე ამნისტიის გავრცელების წინაპირობების განსაზღვრას, რომლის საფუძველზეც არ ხდება პირთა რომელიმე ჯგუფის გამოყოფა და რაიმე ნიშნით მათი განსხვავებულ უფლებრივ მდგომარეობაში ჩაყენება. სადავო ნორმის თანახმად, ამნისტია გავრცელდება ნებისმიერ პირზე, თუ ამაზე თანხმობას განაცხადებს ნორმით გათვალისწინებული სუბიექტი. შესაბამისად, ნორმით გათვალისწინებული სარგებელი - კონკრეტულ პირზე ამნისტიის გავრცელება დამოკიდებულია არა პირთა რომელიმე ჯგუფისადმი მიკუთვნებაზე, არამედ - კონკრეტულ ქმედებაზე, დაზარალებულის ან მისი უფლებამონაცვლის თანხმობაზე. ამდენად, სადავო რეგულირების მოქმედების სფეროში მოქცევა, სრულად არის დამოკიდებული დაზარალებულის (უფლებამონაცვლის) თანხმობაზე, რომლის არარსებობის შემთხვევაში არა მხოლოდ მოსარჩელეზე, არამედ არც ერთ სხვა პირზე არ გავრცელდება ამნისტია. ამდენად, სადავო ნორმა ითვალისწინებს ერთგვაროვან უფლებრივ რეჟიმს ერთგვაროვანი სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ქმედებების განხორციელებისათვის და არ გამოყოფს რომელიმე იდენტიფიცირებად პირთა ჯგუფს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები ნეიტრალური შინაარსის არის და არ ადგენს პირთა მიმართ დიფერენცირებულ მოპყრობას (Mutatis Mutandis, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/7/588 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/7/667 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ტელენეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-40).
5. ამდენად, სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის არგუმენტაცია ნორმიდან მომდინარე დიფერენცირებულ მოპყრობასთან დაკავშირებით ემყარება სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას და სასარჩელო მოთხოვნა ამ მხრივ დაუსაბუთებელია.
6. №1534 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი ასევე ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. აღნიშნული კონსტიტუციური დებულების თანახმად, „ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები“. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი „მოითხოვს კანონმდებლობით ინტერესთა ისეთ დაბალანსებას, როდესაც ყველა შესაძლო უფლების დამრღვევს [...] ეკისრება ვალდებულება, არ დაარღვიოს სხვათა უფლებები საკუთარი თავისუფლების რეალიზების პროცესში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
7. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი არ ადგენს ძირითად უფლებას, მის შინაარსსა და ფარგლებს. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით განისაზღვრება ადამიანის უფლებებს შორის სამართლიანი ბალანსის მიღწევის კონსტიტუციური პრინციპი. ხსენებული კონსტიტუციური დებულებისგან დამოუკიდებლად, აღნიშნული გარანტია, თავისთავად, გამომდინარეობს კონსტიტუციის მეორე თავით განსაზღვრული თითოეული უფლებიდანაც. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აფასებს სადავო ნორმას ძირითადი უფლების დამდგენ კონსტიტუციის მეორე თავით განსაზღვრულ დებულებებთან მიმართებით, კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პრინციპის კონტექსტში.
8. ზემოთქმულიდან გამომდინარე, დასახელებული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებულ ისეთ ნორმას, რომელიც ადგენს ზოგად პრინციპს და არა კონკრეტულ ძირითად უფლებას. შესაბამისად, სადავო ნორმის კონსტიტუციურსამართლებრივი შეფასება საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ვერ განხორციელდება განცალკევებულად და შესაძლებელია მხოლოდ ძირითადი უფლებების დამდგენ ნორმებთან კავშირში განხორციელდეს (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის №2/1/392 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-21).
9. ამდენად, №1534 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1534 კონსტიტუციური სარჩელი („ნინო ჟველია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი