ალიკა კუპრავა და თენგიზ თევზაძე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/28/1544 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 29 დეკემბერი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 31 დეკემბერი 2020 18:53 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ალიკა კუპრავა და თენგიზ თევზაძესაქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 19 ოქტომბრის №45/2020 დადგენილების მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის (2020 წლის 27 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 26 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1544) მიმართეს ალიკა კუპრავამ და თენგიზ თევზაძემ. №1544 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადაეცა 2020 წლის 26 ოქტომბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 29 დეკემბერს.
2. №1544 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 19 ოქტომბრის №45/2020 დადგენილების მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი (2020 წლის 27 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) ადგენს საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით, იზოლაციაში მყოფ ამომრჩეველთა მიერ ზეპირი განცხადების წარდგენის წესს. სადავოდ გამხდარი რეგულირების თანახმად, ამგვარი განცხადებით ამომრჩეველმა ცესკოს უნდა მიმართოს 2020 წლის 24 ოქტომბრიდან 2020 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე.
4. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებას, 18 წლის ასაკიდან მონაწილეობა მიიღოს რეფერენდუმში, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული პანდემიის პირობებში, მოსარჩელეები, სხვა ნებისმიერი ადამიანის მსგავსად, არიან რეალური საფრთხის წინაშე, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრამდე დაინფიცირდნენ ხსენებული ვირუსით და აღმოჩნდნენ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა თუ იზოლაციაში, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს მათი აქტიური საარჩევნო უფლების შეზღუდვა.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარება მნიშვნელოვან სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუმცა საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს არჩევნების საყოველთაობის პრინციპის დაცვა. სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფ პირებს ეკრძალებათ შესაბამისი სივრცის დატოვება, ამდენად, მათ ხმის მიცემის შესაძლებლობა აქვთ გადასატანი საარჩევნო ყუთების საშუალებით. აღნიშნული შესაძლებლობის მოსაპოვებლად კი მათ ეძლევათ შესაბამისი განცხადების წარდგენის უფლება 2020 წლის 26 ოქტომბრის 22:00 საათამდე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ ამომრჩეველს აღარ აქვს შესაძლებლობა, რაიმე პროცედურის გამოყენებით, მიიღოს მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში.
7. მოსარჩელეთა მითითებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების პირობებში, არსებობს რისკი, რომ სადავო რეგულირებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი იზოლაციაში აღმოჩნდეს და სრულად ჩამოერთვას 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, რაც ზღუდავს კონსტიტუციით გარანტირებულ აქტიურ საარჩევნო უფლებას.
8. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს არ წარმოადგენს პანდემიის გავრცელების საფრთხის პრევენცია, რადგან იზოლაციაში მყოფი პირები ხმას აძლევენ გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით და არა უშუალოდ საარჩევნო უბანზე. ამასთან, თუკი სადავო ნორმის მიზნად განვიხილავთ პანდემიის გავრცელების პრევენციას, გაუგებარია, რატომ მომდინარეობს ამგვარი საფრთხე 2020 წლის 26 ოქტომბრის 22:00 საათის შემდეგ იზოლაციაში აღმოჩენილი პირების მხრიდან, თუკი მანამდე ასეთი საფრთხე არ არსებობდა. ამდენად, სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანი შეიძლება იყოს იზოლაციაში მყოფი პირებისთვის გადასატანი ყუთით ხმის მიცემის დროულად ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სირთულეები.
9. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არჩევნებში მონაწილეობის რაიმე ალტერნატიულ მექანიზმს, რომლის საშუალებითაც 2020 წლის 26 ოქტომბრის 22:00 საათის შემდეგ იზოლაციაში აღმოჩენილი პირები შეძლებდნენ ხმის მიცემას. სახელმწიფოსათვის პროგნოზირებადი და მოსალოდნელი იყო ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესება, შესაბამისად, მიღებული უნდა ყოფილიყო აუცილებელი ზომები, რათა ამომრჩეველთა საკმაოდ დიდი ნაწილი აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზების მექანიზმის გარეშე არ დარჩენილიყო. თუნდაც სადავო ნორმით განსაზღვრული ვადის 29 ან 30 ოქტომბრამდე გახანგრძლივება მნიშვნელოვნად შეამცირებდა იმ ამომრჩეველთა რიცხვს, რომლებიც ვერ შეძლებდნენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ამასთან, მსგავსი რეგულირება არ შექმნიდა იმ ხარისხის ადმინისტრაციულ სირთულეს, რაც გადაულახავი იქნებოდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის. ამდენად, სადავო ნორმა არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას და გაუმართლებლად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ საარჩევნო უფლება.
10. მოსარჩელე მხარე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შუამდგომლობს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სადავო ნორმის მოქმედების პირობებში ამომრჩეველთა ის ნაწილი, რომელიც იზოლაციაში აღმოჩნდება 2020 წლის 26 ოქტომბრის 22:00 საათის შემდგომ, ვერ შეძლებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემას. მოსარჩელეების განმარტებით, გარდა უშუალოდ აღნიშნულ პირთა აქტიური საარჩევნო უფლების შეუქცევადად დარღვევისა, სადავო რეგულირებამ შესაძლოა, არსებითი გავლენა მოახდინოს არჩევნების საბოლოო შედეგებზე, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საპარლამენტო არჩევნები ტარდება 1%-იანი საარჩევნო ბარიერით. ამასთან, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება არ გამოიწვევს სხვა პირთა უფლებებისათვის ან საჯარო ინტერესებისათვის ზიანის მიყენებას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს უკანასკნელი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
2. აღსანიშნავია, რომ №1544 კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის შემდგომ, სადავო ნორმატიულ აქტში შეტანილ იქნა ცვლილებები. კერძოდ, „„სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 19 ოქტომბრის №45/2020 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 26 ოქტომბრის №49/2020 დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, №45/2020 დადგენილების მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. ცვლილების შედეგად, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად იზოლაციაში მყოფ ამომრჩეველთა მიერ ზეპირი განცხადების წარდგენის ვადა გახანგრძლივდა 2020 წლის 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებამ, შესაძლოა, განსხვავებული სამართლებრივი მოცემულობები წარმოშვას, მისი გასაჩივრებული შინაარსი შეიძლება მნიშვნელოვნად, უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ შეიცვალოს. თუმცა, ნორმის ძველი, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისთვის მოქმედი რედაქცია, ყველა შემთხვევაში, ძალადაკარგულად ითვლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“, II-5).
4. აღნიშნულიდან გამომდინარე, №1544 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი „სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 19 ოქტომბრის №45/2020 დადგენილების მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ძალადაკარგულია. სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა განხორციელდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და გამორიცხავს იმავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული სამართალწარმოების გაგრძელების უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობას.
5. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, №1544 კონსტიტუციურ სარჩელზე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1544 კონსტიტუციურ სარჩელზე („ალიკა კუპრავა და თენგიზ თევზაძესაქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი