საქართველოს მოქალაქეები - სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/3/588 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 25 ივლისი 2014 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი (მომხსენებელი მოსამართლე);
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 167-ე მუხლის მეორე პუნქტის, ამავე მუხლის მეოთხე პუნქტის პირველი წინადადების სიტყვების: „პარტია/საარჩევნო ბლოკი“, ამავე პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის პირველი წინადადების სიტყვების: ,,წარმდგენი პარტია/საარჩევნო ბლოკი“, ამავე ქვეპუნქტის მეორე წინადადების სიტყვების: „პარტიის/საარჩევნო ბლოკის“, ამავე კანონის 167-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების: „პარტიების/საარჩევნო ბლოკების“ და ამავე კანონის 1692 მუხლის მეოთხე პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 28-ე, 29-ე მუხლებთან და 26-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 28 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №588) მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა - სალომე ქინქლაძემ, ნინო კვეტენაძემ, ნინო ოდიშარიამ, დაჩი ჯანელიძემ, თამარ ხითარიშვილმა და სალომე სებისკვერაძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2014 წლის 28 აპრილს.
2. №588 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2014 წლის 25 ივლისს.
3. №588 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეები არიან ქალაქ თბილისში მცხოვრები აქტიური და პასიური საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები. მოსარჩელეების განმარტებით, სადავო ნორმებიდან გამომდინარე, ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას, იყვნენ ხუთკაციანი საინიციატივო ჯგუფის წევრები, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, დაასახელონ ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი. ამავდროულად, მოსარჩელეები არ არიან არც ერთი პარტიის წევრები და არც ერთი რეგისტრირებული პოლიტიკური გაერთიანება არ გეგმავს მათ დასახელებას ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატად. მოსარჩელე მხარე უთითებს, რომ სადავო ნორმებმა შესაძლოა უშუალოდ შელახოს მათი კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებები და, შესაბამისად, უფლებამოსილი არიან, იდავონ გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობაზე.
5. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 167-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 30 დღისა ქალაქ თბილისის და თვითმმართველი ქალაქის მერობის, ასევე თემის გამგებლობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ პარტიებს ან/და საარჩევნო ბლოკებს. აღნიშნული სადავო ნორმა, მოსარჩელეების აზრით, ართმევს უფლებას საინიციატივო ჯგუფს, წარადგინოს თბილისის ან თვითმმართველი ქალაქის მერობის და თემის გამგებლობის კანდიდატი. ამავე კანონის 167-ე მუხლის მეოთხე პუნქტი განსაზღვრავს, თუ როგორ ხდება მერობის/გამგებლობის კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაცია. მოსარჩელეების განმარტებით, აღნიშნული პუნქტის პირველ წინადადებაში მითითებულია, რომ მერობის/გამგებლობის კანდიდატს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდგენს პარტია ან/და საარჩევნო ბლოკი. ხოლო თბილისში პარტია და საარჩევნო ბლოკი წარუდგენს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თბილისის მერობის კანდიდატს, რაც გამორიცხავს საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მერობის/გამგებლობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის შესაძლებლობას.
6. საარჩევნო კოდექსის 167-ე მუხლის მეოთხე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ეხება კანდიდატის წარმდგენი პარტიისა და საარჩევნო ბლოკისათვის საარჩევნო დოკუმენტაციის დაბრუნების საკითხს, თუ აღნიშნული დოკუმენტაცია არ შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული ნორმით პარტიას/საარჩევნო ბლოკს ეძლევა ორდღიანი ვადა საარჩევნო დოკუმენტების სრულყოფისათვის. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ, თუკი ზემოთ ხსენებული ნორმები არაკონსტიტუციურად იქნება ცნობილი და საინიციატივო ჯგუფს მიეცემა კანდიდატის რეგისტრაციის შესაძლებლობა, მაშინ დოკუმენტის სრულყოფისათვის საჭირო 2 დღიანი ვადა უნდა გავრცელდეს საინიციატივო ჯგუფის კანდიდატთან მიმართებითაც. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეები ითხოვენ, აღნიშნულ ნორმაში სიტყვების „პარტიის/საარჩევნო ბლოკის“ არაკონსტიტუციურად ცნობას.
7. საარჩევნო კოდექსის 167-ე მუხლის მე-8 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი კანდიდატის რეგისტრაციაში გატარების სავალდებულო წინა პირობად მიიჩნევს კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადებას, რაც დამოწმებული უნდა იყოს პარტიის/საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელ პირთა ხელმოწერით. მოსარჩელეების განმარტებით, ამგვარი ხელმოწერით ვერ იქნება დადასტურებული საინიციატივო ჯგუფის კანდიდატის წარსადგენად საჭირო განცხადება, შესაბამისად, მოსარჩელეების აზრით, აღნიშნული ნორმაც კრძალავს საინიციატივო ჯგუფების მიერ მერობის/გამგებლობის კანდიდატის დასახელებას და, შესაბამისად, ითხოვენ აღნიშნულ ნორმაში სიტყვების „პარტიის/საარჩევნო ბლოკის“ არაკონსტიტუციურად ცნობას.
8. საარჩევნო კოდექსის 1692 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, ამ კანონის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პარტია/საარჩევნო ბლოკი, აგრეთვე პარტია, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ბოლო არჩევნებში მონაწილეობისთვის, განცხადებით მიმართავს ცესკოს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 47-ე დღისა. იმავე ვადაში ცესკოს განცხადებით მიმართავს პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ პირობას. ასეთ პარტიას განცხადების მიღებისთანავე ცესკო გადასცემს პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშს მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად. მოსარჩელეების აზრით, აღნიშნული ნორმის ანალიზიდან ნათელი ხდება, რომ რიგგარეშე არჩევნებზე გამგებლობის/მერობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს პარტიას/საარჩევნო ბლოკს და საინიციატივო ჯგუფი კვლავ გამორიცხულია ამ სუბიექტთა სიიდან.
9. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.
10. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, ორგანული კანონის შესაბამისად, შექმნან პოლიტიკური პარტია, სხვა პოლიტიკური გაერთიანება და მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში.
11. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში, გარდა იმ პირისა, რომელმაც ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული.
12. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.
13. მოსარჩელეები კონსტიტუციურ სარჩელში განმარტავენ, რომ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები არ არიან ასოცირებული რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან. საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატის წარდგენა არის პარტიული ცხოვრების ალტერნატივა, რაც ამომრჩეველს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ არჩევით თანამდებობაზე იყოლიოს პირი, რომელიც თავისუფალი იქნება პარტიული ვალდებულებებისა და დისციპლინისაგან. მოსარჩელე მხარის აზრით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის კონტექსტში, სადაც არჩევითი ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობა უფრო მეტად სამეურნეოა, ვიდრე პოლიტიკური ხასიათის, შესაბამისად, არჩეული პირი უფრო მეტად უნდა იყოს ფოკუსირებული ამომრჩეველთა სპეციფიკური კომუნალური ხასიათის მოთხოვნებზე, ვიდრე პარტიულ ინტერესებზე.
14. მოსარჩელეების აზრით, მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებთან მიმართებაში პარტიის/საარჩევნო ბლოკისა და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები არსებითად თანასწორი პირები არიან. შესაბამისად, სადავო ნორმები, რომლებიც კრძალავენ საინიციატივო ჯგუფის მიერ მერობის/გამგებლობის კანდიდატის წარდგენას, წინააღმდეგობაში მოდიან საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულ თანასწორობის უფლებასთან. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ განსახილველ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოიყენოს მკაცრი შეფასების ტესტი, ვინაიდან დიფერენციაციის ხარისხი არის ძალიან მაღალი. კერძოდ, სადავო ნორმებით, ყველა შემთხვევაში გამოირიცხება საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის მონაწილეობა მერის/გამგებლის არჩევნებზე.
15. მოსარჩელის აზრით, თუ სადავო ნორმების ლეგიტიმური მიზანი არის მერის/გამგებლის არჩევნებში კონკურენტუნარიანი, საარჩევნო პროცესის მიმართ სერიოზული კანდიდატის მონაწილეობის უზრუნველყოფა, ამ მიზნის მისაღწევად პარლამენტს შეეძლო, დაეწესებინა ნაკლებად შემზღუდველი მოთხოვნები. კერძოდ, მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ საინიციატივო ჯგუფის მიერ საქართველოს საპრეზიდენტო, საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში წარდგენილი კანდიდატის მონაწილეობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მხარდამჭერთა ხელმოწერების წარდგენა. მოსარჩელეთა აზრით, ეს უკანასკნელი სათანადო პირობა იქნებოდა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის კონკურენტუნარიანობის შესამოწმებლად. მოსარჩელეების აზრით, ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზანი ასევე მიიღწეოდა, თუ კანონმდებელი როგორც პარტიებისათვის/საარჩევნო ბლოკებისათვის, ასევე საინიციატივო ჯგუფებისათვის დაადგენდა გონივრული ოდენობის თანხის დეპოზიტზე შეტანის ვალდებულებას.
16. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სადავო ნორმები ასევე წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულ გაერთიანების თავისუფლებასთან, ვინაიდან ის მერობის/გამგებლობის კანდიდატს ართმევს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას საინიციატივო ჯგუფის წარდგენის საშუალებით. ამით კი, მოსარჩელეების აზრით, პირი იძულებული ხდება, მერობის/გამგებლობის კანდიდატად წარდგენილი იყოს იმ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ, რომლის იდეოლოგიასაც პასიური საარჩევნო უფლების სუბიექტი შესაძლოა არ იზიარებდეს. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი მოიცავს გაერთიანების თავისუფლების ნეგატიურ ასპექტს, რომელიც იცავს პირს იძულებისაგან, პარტიის/საარჩევნო ბლოკის მეშვეობით მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, საინიციატივო ჯგუფი, მოსარჩელეების აზრით, არის ის ალტერნატივა, რითაც ადამიანი პარტიასთან იძულებითი ასოცირების გარეშე ახორციელებს თავის პასიურ საარჩევნო უფლებას.
17. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში პირდაპირ არ წერია ტერმინი ,,პასიური საარჩევნო უფლება", კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულია, რომ, საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო არ გაიზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ პასიური საარჩევნო უფლება დაცულია კონსტიტუციის 28-ე მუხლით, მაშინ სადავო ნორმების შეფასება უნდა მოხდეს კონსტიტუციის 29-ე მუხლთან.
18. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ პარტიასთან აფილირების გარეშე არჩევითი თანამდებობის დაკავების უფლება არ არის აბსოლუტური, თუმცა დადგენილი შეზღუდვა უნდა იყოს გონივრული.
19. მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს, საკონსტიტუციო სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს გასაჩივრებული ნორმების მოქმედება. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ 2014 წლის 15 ივნისს დანიშნულია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ, თუკი სადავო ნორმები არ იქნა შეჩერებული, მერის/გამგებლის არჩევნები უახლოეს მომავალში ჩატარდება გასაჩივრებული ნორმების საფუძველზე, შესაბამისად, შესაძლოა ისე ჩატარდეს კენჭისყრა და გამოვლინდეს გამარჯვებული პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ დასახელებული კანდიდატებიდან, რომ საინიციატივო ჯგუფის მიერ დასახელებულ კანდიდატს არ მიეცეს 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ამით კი საინიციატივო ჯგუფის მიერ დასახელებულ კანდიდატს, მოსარჩელეების აზრით, მიადგება გამოუსწორებელი ზიანი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია მიიჩნევს, რომ მისი პოზიცია, რომელიც გამომდინარეობს განსახილველი საქმიდან, განსხვავდება სასამართლოს მიერ ადრე გამოტანილ გადაწყვეტილებაში (გადაწყვეტილებებში) გამოხატული სამართლებრივი პოზიციისაგან ან, თუ განსახილველი საქმე თავისი შინაარსით წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას, იგი უფლებამოსილია, საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე, დასაბუთებული განჩინებით, საქმე განსახილველად გადასცეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
2. №588 კონსტიტუციურ სარჩელზე მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 167-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-4 პუნქტის პირველი წინადადების სიტყვების „პარტია/საარჩევნო ბლოკი“, ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის პირველი წინადადების სიტყვების „წარმდგენი პარტია/საარჩევნო ბლოკი“, ამავე ქვეპუნქტის მეორე წინადადების სიტყვების „პარტიის/საარჩევნო ბლოკის“, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „პარტიების/საარჩევნო ბლოკების“ და ამავე კანონის 1692 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 28-ე და 29-ე მუხლებთან მიმართებით. აღნიშნული სადავო ნორმების თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობის/გამგებლობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს მხოლოდ კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ პარტიას და საარჩევნო ბლოკს. არჩევნებში მონაწილეობას ვერ იღებს საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატი. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ იზღუდება საქართველოს მოქალაქის უფლება, დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა არჩევნებში მონაწილეობის გზით.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არსებული პრაქტიკით ცალსახად არ არის დადგენილი პასიური საარჩევნო უფლების რეალიზების გზით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება დაცულია კონსტიტუციის 28-ე თუ 29-ე მუხლით. მაგალითად, 2004 წლის 9 ივლისის №2/3/250-269 გადაწყვეტილებაში საქმეზე „საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტიის თავმჯდომარე თემურ ჟორჟოლიანი და იგორ გიორგაძის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატისადმი საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი ბინადრობის 10 წლიანი ცენზის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე და 29-ე მუხლებთან მიმართებით. აღნიშნულ საქმეზე, სასამართლომ პარლამენტის წევრობის კანდიდატისათვის წარდგენილი მოთხოვნა შეაფასა როგორც კონსტიტუციის 28-ე მუხლით, ასევე კონსტიტუციის 29-ე მუხლით დაცული უფლების შეზღუდვა და ცალ-ცალკე იმსჯელა სადავო ნორმების კონსტიტუციურობაზე თითოეულ ამ უფლებასთან მიმართებით. ამავდროულად, 2014 წლის 27 თებერვლის №3/2/574 საოქმო ჩანაწერით, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის 28-ე მუხლთან მიმართებით არსებითად განსახილველად არ მიიღო სადავო ნორმა, რომელიც არეგულირებდა არჩეული ქალაქის მერის თანამდებობიდან გადაყენების წესს. თუმცა მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტი, „იცავს რა საქართველოს მოქალაქეთა საარჩევნო უფლებას, ბოჭავს სახელმწიფოს ვალდებულებით, შექმნას შესაბამისი და საკმარისი გარანტიები, რომ ამომრჩეველთა ნებამ ადეკვატური ასახვა პოვოს არჩევნების შედეგებში და პირმა, რომელიც თავისუფალი, საყოველთაო და თანასწორი არჩევნების საფუძველზე რეალურად მიიღებს არჩევნებში გამარჯვებისათვის ხმების საკმარის რაოდენობას, დაიკავოს ეს თანამდებობა“. 2012 წლის 7 ნოემბრის №1/4/539 საოქმო ჩანაწერით, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლთან მიმართებით. მოცემული დავა შეეხებოდა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატისათვის 5000 ლარიანი დეპოზიტის გადახდის ვალდებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში არ გვხვდება ცალსახა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ კონსტიტუციის რომელი ნორმა ადგენს საარჩევნო პროცესში პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობის გარანტიებს.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია განისაზღვროს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთმნიშვნელოვანი და ცალსახა პოზიცია კონსტიტუციის 28-ე და 29-ე მუხლების შინაარსთან დაკავშირებით. სასამართლომ უნდა დაადგინოს, პასიური საარჩევნო უფლება დაცულია მხოლოდ 28-ე ან 29-ე მუხლით, თუ ამ უფლების სხვადასხვა ასპექტი განაწილებულია კონსტიტუციის ხსენებულ დებულებებს შორის. აქედან გამომდინარე, უდავოა, რომ განსახილველი საქმე თავისი შინაარსით წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტებისა და გამოყენების განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემის გადაწყვეტის საჭიროებას. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ სახეზეა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი და სადავო ნორმების კონსტიტუციის 28-ე ან/და 29-ე მუხლთან მიმართების საკითხი უნდა გადაწყვიტოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა.
5. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „საქმეს, რომელიც მოიცავს როგორც პლენუმის, ისე კოლეგიის განსჯად საკითხებს, განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი“. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია №588 კონსტიტუციურ სარჩელს არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადასცემს არა მხოლოდ სადავო ნორმების კონსტიტუციის 28-ე და 29-ე მუხლებთან შეფასების ნაწილში, არამედ - მთლიანად.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის და 211 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცეს საქმე „საქართველოს მოქალაქეები - სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ“ (№588 კონსტიტუციური სარჩელი), პლენუმზე განხილვის საკითხის გადასაწყვეტად
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი