საქართველოს მოქალაქეები - სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 588 |
ავტორ(ებ)ი | სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი, სალომე სებისკვერაძე |
თარიღი | 28 აპრილი 2014 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
აღნიშნულ საქმეში მოსარჩელეებს წარმოადგენენ ქალაქ თბილისში მაცხოვრებელი აქტიური და პასიური საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები. მოსარჩელეები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, იყვნენ იმ ხუთკაციანი საინიციატივო ჯგუფის წევრები, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, დაასახელონ ქალაქ თბილისის მერი, იმავდროულად, არც ერთ მათგანს არა აქვს შესაძლებლობა დარეგისტრირდეს ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატად საინიციატივო ჯგუფის მიერ მათი წარდგენის შემდეგ. მოსარჩელეები არ არიან არც ერთი პარტიის წევრები და არც ერთი რეგისტრირებული პოლიტიკური გაერთიანება არ გეგმავს, მათ დასახელებას ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატად. სადავო ნორმებმა შესაძლოა უშუალოდ შელახოს მოსარჩელეთა კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებები. შესაბამისად, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს კანონის 39-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობაზე. ამგვარად, დაცულია ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნები და არ არსებობს აღნიშნული სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. სადავო ნორმების არსისაარჩევნო კოდექსის 167-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 30 დღისა ქალაქ თბილისის და თვითმმართველი ქალაქის მერობის, ასევე თემის გამგებლობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ პარტიებს ანდა საარჩევნო ბლოკებს. აღნიშნული სადავო ნორმა ართმევს უფლებას საინიციატივო ჯგუფს, წარადგინოს თბილისის ან თვითმმართველი ქალაქის მერობის და თემის გამგებლობის კანდიდატი. საარჩევნო კოდექსის 167-ე მუხლის მეოთხე ნაწილი არეგულირებს საკითხს იმის თაობაზე, თუ როგორ ხდება მერობის/გამგებლობის კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაცია. აღნიშნული ნაწილის პირველ წინადადებაში მითითებულია ის, რომ მერობის/გამგებლობის კანდიდატს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდგენს პარტია ან და საარჩევნო ბლოკი. ხოლო თბილისში პარტია და საარჩევნო ბლოკი წარუდგენს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თბილისის მერობის კანდიდატს. ეს ნორმაც გამორიცხავს საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მერობის/გამგებლობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის შესაძლებლობას. საარჩევნო კოდექსის 167-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი ეხება კანდიდატის წარმდგენი პარტიისა და საარჩევნო ბლოკისათვის საარჩევნო დოკუმენტაციის დაბრუნების საკითხს, იმის გამო რომ აღნიშნული დოკუმენტაცია არ შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული ნორმით პარტიას/საარჩევნო ბლოკს ეძლევა ორდღიანი ვადა საარჩევნო დოკუმენტების სრულყოფისათვის. ეს საჭიროა იმისათვის, რომ კანდიდატის რეგისტრაცია მოხდეს. თუკი ჩვენს მიერ ზემოთ ხსენებული ნორმები არაკონსტიტუციურად იქნება ცნობილი და საინიციატივო ჯგუფს მიეცემა კანდიდატის რეგისტრაციის შესაძლებლობა, მაშინ დოკუმენტის სრულყოფისათვის საჭირო 2 დღიანი ვადა უნდა გავრცელდეს საინიციატივო ჯგუფის კანდიდატთან მიმართებითაც, თუკი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ასევე სადავო ნორმა უნდა ითვალისწინებდეს საინიციატივო ჯგუფისათვის საბუთების დაბრუნების შესაძლებლობას, რასაც მოქმედი კანონმდებლობა გამორიცხავს იმით, რომ მიუთითებს მერობის/გამგებლობის ,,წარმდგენ პარტიაზე/საარჩევნო ბლოკზე." საარჩევნო კოდექსის 167-ე მუხლის მე-8 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი კანდიდატის რეგისტრაციაში გატარების სავალდებულო წინაპირობად მიიჩნევს კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადებას, რაც დამოწმებული უნდა იყოს პარტიის/საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელ პირთა ხელმოწერით. ამგვარი ხელმოწერით ვერ იქნება დადასტურებული საინიციატივო კანდიდატის წარსადგენად საჭირო განცხადება, თუკი საინიციატივო ჯგუფებს მერობის/გამგებლობის კანდიდატის დასახელების უფლება მიეცემათ. თუ ამგვარი ხელმოწერა არ იქნება, უფლებამოსილი საარჩევნო კომისია, საბოლოო ჯამში, რეგისტრაციაში არ გაატარებს საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს. საარჩევნო კოდექსის 169-ე სეკუნდა მუხლი საუბრობს რიგგარეშე არჩევნებზე. აღნიშნული მუხლის მეოთხე ნაწილი ეხება იმას, თუ რომელ სუბიექტს აქვს მერობის/გამგებლობის კანდიდატის წარდგენის უფლება. აღნიშნული ნორმის ანალიზიდან ნათელი ხდება, რომ რიგგარეშე არჩევნებზე გამგებლობის/მერობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს პარტიას/საარჩევნო ბლოკს. საინიციატივო ჯგუფი კვლავ გამორიცხულია იმ სუბიექტთა სიიდან, რომელსაც მერობის/გამგებლობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს რიგგარეშე არჩევნებზე.
2. საინიციატივო ჯგუფის სტატუსი საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვითსაარჩევნო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილი, პარტიასთან ერთად, ანიჭებს მოქალაქეთა 5- კაციან საინიციატივო ჯგუფს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლებას. საარჩევნო კოდექსის 98-ე მუხლი არეგულირებს თუ როგორ უნდა მოხდეს როგორც პარტიის, ისე მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაცია. საარჩევნო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილი, როგორც პარტიის, ისე მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციის სავალდებულო პირობად აცხადებს მისი მხარდამჭერების სიის წარდგენას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, როგორც პარტიამ, ისევე მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა უნდა მოიპოვოს პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერა. საარჩევნო კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში პარლამენტის წევრობის კანდიდატების წარდგენის უფლება, საარჩევნო ბლოკებთან და პარტიებთან ერთად, აქვთ ამომრჩეველთა ხუთკაციან საინიციატივო ჯგუფებს. საარჩევნო კოდექსის 116-ე მუხლი ასევე არეგულირებს იმას, თუ როგორ ხდება 5-კაციანი საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაცია შესაბამის საარჩევნო ოლქში. საარჩევნო კოდექსის 116-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, იმისათვის რომ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატი რეგისტრაციაში გატარდეს, საჭიროა, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წარედგინოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერა, რაც ადასტურებს საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის მხარდაჭერას. საარჩევნო კოდექსის 116-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, პარლამენტის მაჟორიტარი წევრობის კანდიდატს რეგისტრაციაში ატარებს საოლქო საარჩევნო კომისია, თუ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი ყველა დოკუმენტაცია აკმაყოფილებს კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას. საარჩევნო კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილი მაჟორიტარულ ოლქებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის უფლებას აძლევს როგორც პარტიასა და საარჩევნო ბლოკს, ასევე ამომრჩეველთა ხუთკაციან საინიციატივო ჯგუფს. საარჩევნო კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საინიციატივო ჯგუფის მიერ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარსადგენად აუცილებელია, აღნიშნულ კანდიდატს მხარს უჭერდნენ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მაცხოვრებელთა ერთი პროცენტი (მაგრამ არანაკლებ 50 ამომრჩევლისა). ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები არ არიან ასოცირებული რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან. საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატის წარდგენა არის პარტიული ცხოვრების ალტერნატივა, რაც ამომრჩეველს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ არჩევით თანამდებობაზე იყოლიოს პირი, რომელიც თავისუფალი იქნება პარტიული ვალდებულებებისა და დისციპლინისაგან. საარჩევნო კოდექსის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკრებულოს მაჟორიტარული სისტემით ჩასატარებელი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი სუბიექტის გვარის გვერდით მიეთითება შესაბამისი პარტიის ან საარჩევნო ბლოკის სახელმწოდება, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის გვარის გასწვრივ მიეთითება სიტყვა ,,დამოუკიდებელი." ეს ნორმა ნათლი დასტურია იმის, რომ საინიციატივო ჯგუფის მიერ არჩევნებში კანდიდატის წარდგენის მიზანია - გააჩინოს არჩევით თანამდებობაზე პარტიული დისციპლინისაგან დამოუკიდებელი კანდიდატების მოხვედრის ალტერნატივა. ამ ამოცანის მიღწვევა გაზრდის, ერთი მხრივ, არჩეული პირის ამომრჩევლების მიმართ უშუალო ანგარიშვალდებულებას, მეორეს მხრივ, ხელს შეუწყობს პოლიტიკური გაერთიანების ჩარევის გარეშე არჩეული პირის მიერ თავისი ფუნქციების ეფექტურ განხორციელებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის კონტექსტში, სადაც არჩევითი ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობა უფრო მეტად სამეურნეო, ვიდრე პოლიტიკური ხასიათისაა, შესაბამისად, არჩეული პირი უფრო მეტად უნდა იყოს ფოკუსირებული ამომრჩეველთა სპეციფიკური კომუნალური ხასიათის მოთხოვნებზე, ვიდრე პარტიულ ინტერესებზე. პარტიული ინტერესების დასაბალანსებლად, კანონმდებელმა ამომრჩევლებს გაუჩინა არაპარტიული, დამოუკიდებელი არჩევითი თანამდებობის პირის ალტერნატივა, რაც სათანადო კონსტიტუციურ-სამართლებრივ დაცვას უნდა იმსახურებდეს. საქართველოს კონსტიტუციით და საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული საარჩევნო სისტემის ზოგადი ანალიზი გვაძლევს შემდეგი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას. საქართველო განეკუთვნება ე.წ. შერეული საარჩევნო სისტემის მქონე სახელმწიფოს. ჩვენს საარჩევნო სისტემაში ერთმანეთის გვერდით თანაარსებობს როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა. მაჟორიტარული სისტემის ძირითად შინაარსს წარმოადგენს ის, რომ გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი, ხოლო პროპორციულ სისტემის შემთხვევაში, როგორც გამარჯვებული, ისე დამარცხებული მათ მიერ მიღებული ხმების შესაბამისად იყოფენ არჩევით თანამდებობებს. გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი პრინციპით ტარდება საპრეზიდენტო, მერის/გამგებლის, პარლამენტისა და საკრებულოს წევრთა ნაწილის (მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი დეპუტატები) არჩევნები, პარლამენტისა და საკრებულოს წევრთა მეორე ნაწილის არჩევნები ტარდება პროპორციული სისტემით. აქედან, მოქალაქეთა 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს წარადგინოს მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი ყველა თანამდებობის პირის კანდიდატურა, გარდა გამგებლობისა და მერობის კანდიდატისა. სისტემის თავისებურებიდან გამომდინარე, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს არა აქვს (და ვერც ექნება) პროპორციული წესით კანდიდატების წარდგენის უფლება.
3. სადავო ნორმების შესაბამისობა კონსტიტუციის მე-14 მუხლთანა) დაცული სფეროსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები ,,ახალი მემარჯვენეები" და ,,საქართველოს კონსერვატიული პარტია"საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის პირველ პარაგრაფში კონსტიტუციის მე-14 მუხლთან დაკავშირებით განაცხადა: ,,კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ეს ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას... მე-14 მუხლის არსის გაგებისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს კანონის წინაშე თანასწორობის განსხვავებას გათანაბრებისგან. ამ პრინციპის ფარგლებში სახელმწიფოს ძირითადი მიზანი და ფუნქცია ადამიანების სრული გათანაბრება ვერ იქნება, რადგან ეს თავად თანასწორობის იდეასთან, უფლების არსთან მოვიდოდა წინააღმდეგობაში. თანასწორობის იდეა ემსახურება შესაძლებლობების თანასწორობის უზრუნველყოფას, ანუ ამა თუ იმ სფეროში ადამიანების თვითრეალიზაციისთვის ერთნაირი შესაძლებლობების გარანტირებას. თანაბარი შანსები იქნება თუ არა თანაბრად გამოყენებული, დამოკიდებულია კონკრეტული პირების უნარებზე. უნარების სახელმწიფოს ძალისხმევით გათანაბრების მცდელობა კი, უმეტესწილად, თავად იწვევს დისკრიმინაციას." ამავე გადაწყვეტილების მეორე თავის მეოთხე პარაგრაფში აღნიშნულია: ,,თანასწორობის ძირითადი უფლება სხვა კონსტიტუციური უფლებებისგან იმით განსხვავდება, რომ ის არ იცავს ცხოვრების რომელიმე განსაზღვრულ სფეროს. თანასწორობის პრინციპი მოითხოვს თანაბარ მოპყრობას ადამიანის უფლებებითა და კანონიერი ინტერესებით დაცულ ყველა სფეროში." ამ სარჩელში უნდა დავადგინოთ, რამდენად გააჩნიათ თანაბარი სასტარტო შანსები ერთი მხრივ, პარტიების/საარჩევნო ბლოკების, მეორე მხრივ, საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ კანდიდატებს საარჩევნო სფეროში.
ბ) რამდენად არიან საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატებთან არსებითად თანასწორისაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2010 წლის 27 დეკემბერს მიღებულ თავის #1/1/493 გადაწყვეტილებაში (მეორე თავის მეორე პარაგრაფი) საქმეზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები ,,ახალი მემარჯვენეები" და ,,საქართველოს კონსერვატიული პარტია" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ განაცხადა: ,,მე-14 მუხლის ფარგლებში მსჯელობის შესაძლებლობისთვის, სასამართლომ, პირველ რიგში, უნდა დაადგინოს : 1) პირები (პირთა ჯგუფები) წარმოადგენენ თუ არა არსებითად თანასწორებს; ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს პირები შედარებად კატეგორიებს უნდა წარმოადგენდნენ; ისინი ამა თუ იმ შინაარსით, კრიტერიუმით მსგავს კატეგორიაში, ანალოგიურ გარემოებებში უნდა ხვდებოდნენ, არსებითად თანასწორნი უნდა იყვნენ კონკრეტულ ვითარებასა თუ ურთიერთობებში; ერთი და იგივე პირები გარკვეულ ურთიერთობასთან, ვითარებასთან მიმართებით შეიძლება განხილულ იქნენ არსებითად თანასწორად, ხოლო სხვა გარემოებებთან მიმართებით – არა. 2) აშკარა უნდა იყოს არსებითად თანასწორი პირების მიმართ განსხვავებული მოპყრობა (ან არსებითად არათანასწორი პირების მიმართ თანასწორი მოპყრობა) ამა თუ იმ ნიშნის საფუძველზე, უფლებებით დაცული სფეროების მიხედვით." მეორე მოთხოვნა, იმასთან დაკავშირებით, რომ აშკარა უნდა იყოს პირების მიმართ განსხვავებული მოპყრობა, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა. პარტიას და საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, წარადგინოს მერობისა და გამგებლობის კანდიდატები, მაშინ როდესაც ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი ამგვარ შესაძლებლობას მოკლებულია. ახლა უნდა გავარკვიოთ ის საკითხი, თუ რამდენად წარმოადგენს პარტია/საარჩევნო ბლოკი, ერთის მხრივ, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, მეორეს მხრივ, არსებითად თანასწორ პირებს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ეს საკითხი უკვე წარმოადგენდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანს 2013 წლის 11 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილებაში #1/1/539 საქმეზე მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. აღნიშნულ საქმეში მოპასუხე მხარე ამტკიცებდა, რომ საინიციატივო ჯგუფი არ იყო პარტიასთან და საარჩევნო ბლოკთან არსებითად თანასწორი: ,,პოლიტიკური პარტია წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და საერთო მსოფლმხედველობით ორგანიზაციულ საფუძველზე შექმნილ მოქალაქეთა ნებაყოფლობით დამოუკიდებელ პოლიტიკურ გაერთიანებას. ეს გაერთიანება იქმნება განსაზღვრული მიზნებით, რომ მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. პარტიას აქვს ორგანიზაციული სტრუქტურა, მისი საქმიანობა განისაზღვრება პარტიის წესდებით. ჩამოყალიბებისა და იურიდიული ქმედუნარიანობის შეძენისათვის პარტიას სჭირდება სამართლებრივი წესი რეგისტრაციისთვის, განსაზღვრული კრიტერიუმების და ბარიერების გადალახვა. პარტიის საქმიანობა, მისი ფინანსები და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის საკითხი სამართლებრივად განსაზღვრულია და კონტროლდება სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ. საარჩევნო ბლოკიც ... პოლიტიკური პარტიების გაერთიანების შედეგად იქმნება. ასე რომ, მისი ჩამოყალიბებისათვის მსგავსი კრიტერიუმები არის დადგენილი, როგორც პოლიტიკური პარტიების მიმართ. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პოლიტიკურ პარტიას თუ საარჩევნო ბლოკს მთელი რიგი პროცედურების გავლა უწევს. სახელმწიფოს მათ მიმართ კანონმდებლობით განსაზღვრული საკმაოდ ბევრი მოთხოვნა გააჩნია, მაგალითად, სარეგისტრაციო პროცედურები, ამომრჩეველთა რეგისტრაცია, ხმების ოდენობა და ა. შ...." (საკონსტიტუციო სასამართლოს #1/1/539 გადაწყვეტილების მე-10 პარაგრაფი). საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის აღნიშნული პოზიცია და საინიციატივო ჯგუფი მიიჩნია არსებითად თანასწორად პარტიასთან და საარჩევნო ბლოკთან. საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: ,,მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნებში მონაწილეობისას პასიური საარჩევნო უფლების მქონე სუბიექტები არსებითად თანასწორები არიან საარჩევნო პროცესის მიმართ, იმისგან დამოუკიდებლად, მათ პოლიტიკური პარტია წარადგენს თუ საინიციატივო ჯგუფი, რადგან ისინი ერთი და იგივე პრინციპზე დაყრდნობით, ერთი სისტემის ფარგლებში, ერთი და იგივე მიზნის მისაღწევად იღებენ არჩევნებში მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, ... კანდიდატების წარმდგენი სუბიექტები განსხვავებულები არიან – პოლიტიკური პარტია, ბლოკი და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი თვისებრივად განსხვავებული წარმონაქმნებია როგორც ორგანიზაციული ფორმით, ისე საქმიანობის შინაარსით, მიზნებით, ფუნქციონირების ხანგრძლივობითა და დღის წესრიგით, ეს გავლენას ვერ მოახდენს მათ მიერ წარდგენილი კანდიდატების არსებითად თანასწორად განხილვის აუცილებლობაზე. მოცემულ შემთხვევაში, როგორც პარტია (ან ბლოკი), ისე საინიციატივო ჯგუფი წარმოადგენენ მხოლოდ შესაძლებლობას, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ფარგლებში, პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობისათვის და ამ გზით არჩევნებში მონაწილეობისათვის. ამიტომ, ცხადია, ...ამ კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი სასტარტო პირობები და სამართლებრივი ბერკეტები, შესაძლებლობები ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესში წარმატების მიღწევისთვის. ბუნებრივია, ამ თვალსაზრისით, არსებითად თანაბარი შესაძლებლობების გარანტირება აუცილებელია მთლიანად საარჩევნო პროცესში, შესაბამისად, კონსტიტუციური გარანტიები ამოქმედებას იწყებს არა უშუალოდ პასიური საარჩევნო უფლების მქონე სუბიექტების საარჩევნო კონკურენციის ეტაპიდან, არამედ თავად პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობაზე საქართველოს მოქალაქეთა თანაბარი წვდომის გარანტირების ეტაპიდან. თუ ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, გარკვეული ჯგუფები, მოქალაქეები საერთოდ ვერ შეძლებენ საკუთარი პასიური საარჩევნო უფლების გამოყენებას." (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს #1/1/539 გადაწყვეტილების მე-11 პარაგრაფი) ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის პარტიის/საარჩევნო ბლოკის და საინიციატივო ჯგუფის არსებითად თანასწორად მიჩნევისათვის გადამწყვეტია ის გარემოება, რომ ამ სუბიექტების მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ მაჟორიტარული სისტემის ფარგლებში ჩატარებულ არჩევნებში. პრინციპი, რაც საფუძვლად უდევს პარტიის/საარჩევნო ბლოკის და საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის მონაწილეობას ასეთი ტიპის არჩევნებში, არის ის, რომ მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი იქნება გამარჯვებული, რომელსაც დარჩება ის, თანამდებობა, რის დასაკავებლადაც ტარდება არჩევნები, ხოლო წაგებულები ვერაფერს მიიღებენ. მაშინ როცა, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს უფლება აქვს, პარტიის და საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატებთან ერთად, მონაწილეობა მიიღოს გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი - პრინციპით ჩატარებულ ისეთ არჩევნებში, როგორიცაა პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნები, საპრეზიდენტო არჩევნები, გაუგებარია, რატომ იქცევა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატი პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატთან არსებითად არათანასწორად იმავე პრინციპს - გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი - დაფუძნებულ მერის/გამგებლის არჩევნებში. თუკი საინიციატივო ჯგუფი არსებითად თანასწორია მაჟორიტარულ სისტემაზე დაფუძნებულ ერთი სახის არჩევნებში, არ შეიძლება წარმოიშვას უთანასწორობა იმავე სისტემას დაფუძნებულ სხვა არჩევნებში. ამგვარად, მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებთან მიმართებაში პარტიის/საარჩევნო ბლოკისა და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები არსებითად თანასწორნი არიან.
გ) მკაცრი შეფასების ტესტისაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილების მე-19 პარაგრაფში განაცხადა: ,,სასამართლომ დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობის შეფასებისთვის დაადგინა განსხვავებული კრიტერიუმები. კერძოდ, მე-14 მუხლთან მიმართებით საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის კონსტიტუციურობას აფასებს: 1) მკაცრი შეფასების ტესტით; ან 2) ,,რაციონალური დიფერენციაციის ტესტით." განსხვავებულია მათი გამოყენების წინა პირობები, საფუძვლები. ამავე გადაწყვეტილების მე-20 პარაგრაფში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: ,,მკაცრი შეფასების ტესტს სასამართლო იყენებს ,,კლასიკური, სპეციფიკური" ნიშნებით დიფერენციაციისას და ასეთ შემთხვევებში ნორმას აფასებს თანაზომიერების პრინციპის მიხედვით. მკაცრი ტესტის გამოყენების საჭიროებას სასამართლო ადგენს ასევე დიფერენციაციის ინტენსივობის ხარისხის მიხედვით. ამასთან, დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასების კრიტერიუმები განსხვავებული იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დიფერენციაციის ბუნებიდან, რეგულირების სფეროდან გამომდინარე. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, გადამწყვეტი იქნება, არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან. თუ დიფერენციაციის ინტენსივობა მაღალია, სასამართლო გამოიყენებს მკაცრ ტესტს, ხოლო ინტენსივობის დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაში _ რაციონალური დიფერენციაციის ტესტს (რაციონალური საფუძვლით შემოწმების ტესტი). მოცემულ შემთხვევაში, დიფერენციაცია არ ხდება კლასიკური ნიშნით, ვინაიდან დიფერენციაციის ნიშანი არ არის გათვალისწინებული კონსტიტუციით. ამის მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლომ მაინც უნდა გამოიყენოს მკაცრი შეფასების ტესტი, ვინაიდან დიფერენციაციის ხარისხი არის ძალიან მაღალი. საინციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები საერთოდ არიან გამორიცხულნი მერის/გამგებლის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობისაგან. დიფერენციაციის ხარისხი იმაზე უფრო მაღალია, ვიდრე ეს იყო საქმეში ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს ჰქონდა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, თუკი ის დეპოზიტზე შეიტანდა 5000 ლარის ოდენობის თანხას (სასამართლოს გადაწყვეტილების პირველი თავის მე-5 პარაგრაფი). აღნიშნულ საქმეში სასამართლომ ჩათვალა: ,,ცალკეულ შემთხვევაში, ის საერთოდ გამორიცხავს პირთა შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ფარგლებში ჩატარებულ არჩევნებში პასიური საარჩევნო ხმის უფლებით." (ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის 21-ე პარაგრაფი). სადავო ნორმით, ყველა შემთხვევაში გამოირიცხება საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის მონაწილეობა მერის/გამგებლის არჩევნებზე. შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში უფრო მეტად არის აუცილებელი მკაცრი შეფასების ტესტის გამოყენება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები ,,ახალი მემარჯვენეები" და ,,საქართველოს კონსერვატიული პარტია" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული #1/1/493 გადაწყვეტილების მე-6 პარაგრაფში განაცხადა: „მკაცრი ტესტის” ფარგლებში ლეგიტიმური მიზნის დასაბუთებისას საჭიროა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი, არსებობს „სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი”. ამგვარად, უნდა გავარკვიოთ სადავო ნორმების შემოღებით ისახავდა თუ არა პარლამენტი სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესის დაცვის მიზანს და რამდენად აბსოლუტურად აუცილებელი იყო სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა აღნიშნული მიზნის მისაღწევად. მოპასუხემ უნდა დაასაბუთოს, რა მიზანს ისახავდა საქართველოს პარლამენტი პარტიასთან/საარჩევნო ბლოკთან შედარებით საინიციატივო ჯგუფის არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენებით. საქმეში ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე იმსჯელა აღნიშნულ ჯგუფს მიკუთვნებულ მოქალაქეთა დიფერენციაციაზე. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ საქმეში გამართლებულად მიიჩნია ისეთი დიფერენციაცია, რაც მიზნად ისახავს საარჩევნო პროცესიდან ე.წ. ,,უპერსპექტივო," ამომრჩევლების მხარდაჭერის არმქონე კანდიდატების ჩამოშორებას. აღნიშნულ საქმეში მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის 24-ე პარაგრაფში საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: ,,ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას ამომრჩეველი იღებს და ის მხოლოდ მისი აზრით ღირსეულ და მისი მოთხოვნების ადეკვატურ კანდიდატზე გააკეთებს არჩევანს, მაგრამ სახელმწიფოს ვალდებულებაა, ხელი შეუწყოს მას ამ პროცესში, როგორც ნების ფორმირების, ისე გამოხატვისა და შედეგებზე ადეკვატურად ასახვის უზრუნველმყოფელი გარანტიების შექმნის გზით, მათ შორის, უნდა გაანეიტრალოს ის საფრთხეები, რომლებიც შესაძლოა, წარმოიშვას საარჩევნო პროცესისადმი და შედეგებისადმი არასერიოზულად განწყობილი პირების მონაწილეობით და ამ გზით საარჩევნო პროცესის ხელოვნურად გადატვირთვით. კერძოდ, რამდენადაც ბევრი არაპერსპექტიული, არასერიოზულად განწყობილი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, იმდენად გაძნელდება ამომრჩევლისთვის არჩევნების შედეგის განსაზღვრა, სრულყოფილად ინფორმირებული, გაცნობიერებული და პასუხისმგებლობიანი არჩევანის გაკეთება, საარჩევნო კამპანია შესაძლოა, იყოს დესტრუქციული, რაც გამოიწვევს ამომრჩეველთა დაბნევას; შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ მათი ხმები დაიკარგება ან „გაუფასურდება“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის 25-ე პარაგრაფში განაცხადა: ,,ზუსტად ამიტომ დემოკრატიული სახელმწიფოს კანონმდებლობა პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობისათვის შესაძლოა, პირს უყენებდეს მთელ რიგ მოთხოვნებს, რომლებიც ხელს უწყობს საარჩევნო პროცესისადმი პასუხისმგებლობის ამაღლებას, ე.წ. “უპერსპექტივო” კანდიდატების საარჩევნო პროცესისგან ჩამოშორებას, შედეგად, სახელმწიფო სახსრების არაგონივრული ხარჯვის თავიდან აცილებას და, საბოლოო ჯამში, საარჩევნო უფლების ეფექტურ განხორციელებას, ამ უფლებით ბოროტად სარგებლობის პრევენციას. შესაბამისად, სწორედ ეს გარემოებები განიხილება ლეგიტიმურ მიზნებად." საკონსტიტუციო სასამართლომ ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქმეში გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატი უფრო მეტად პერსპექტიული შეიძლება იყოს, ვიდრე მოქალაქეთ საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ პარტია და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური გაერთიანებები უფრო მყარი ჯგუფებია, ხოლო მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი ერთჯერადი, მხოლოდ კონკრეტული არჩევნებისათვის შექმნილი ერთეულია (იხილეთ საქმეზე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მეორე თავის 33-ე პარაგრაფი). საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ შესაძლოა, არჩევნებს სერიოზულად ეკიდებოდნენ როგორც პარტიები/საარჩევნო ბლოკები, ისე საინიციატივო ჯგუფები და იმავდროულად, არაპერსპექტიული შეიძლება იყოს როგორც საინიციატივო ჯგუფის, ისე პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატი. როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა საქმეში ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების 33-ე პარაგრაფში: ,,ორივე ჯგუფში არსებობს საარჩევნო პროცესისადმი სერიოზულად განწყობილი და “შემთხვევითი” კანდიდატების წარდგენის ალბათობა. შესაბამისად, ორივე შემთხვევაში თანაბრად არსებობს აუცილებლობა ე.წ. „არასერიოზული“ კანდიდატების წარდგენის საფრთხეების მინიმალიზებისა, განეიტრალებისა, ოღონდ ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს, როგორც მიზნის მიღწევა, ისე კონკრეტული უფლებით სარგებლობა, გამოყენებულ იქნეს მიზნის მიღწევის ყველაზე მინიმალისტურად მზღუდავი და პროპორციული საშუალება, ამასთან, არცერთ მათგანს არ დაეკისროს მეორესთან შედარებით გაუმართლებლად უფრო მძიმე ტვირთი." ამგვარად, ,,უპერსპექტივობა" არ შეიძლება იყოს საინიციატივო ჯგუფის კანდიდატისათვის მერის/გამგებლის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვის საფუძველი, მაშინ როდესაც პარტია და საარჩევნო ბლოკი ინარჩუნებს კანდიდატის დასახელების უფლებას. თუკი დავუშვებთ იმას, რომ საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი, ყველა შემთხვევაში, უპერსპექტივოა და მისი მონაწილეობით, ყველა შემთხვევაში, ზიანი მიადგება საარჩევნო პროცესს, მაშინ რატომ უშვებს იგივე კანონმდებელი საინიციატივო ჯგუფის ,,უპერსპექტივო" კანდიდატის მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში, რაც მერის/გამგებლის არჩევნებთან შედარებით გაცილებით დიდი მნიშვნელობისაა. საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ზიანის მიყენება ხომ უფრო მძიმე შედეგის მატარებელი იქნება სახელმწიფოსათვის ვიდრე მერის/გამგებლის საარჩევნო პროცესის დესტრუქცია. მერის/გამგებლის არჩევნებში კონკურენტუნარიანი, საარჩევნო პროცესის მიმართ სერიოზული კანდიდატის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, პარლამენტს შეეძლო, დაეწესებინა ნაკლებად შემზღუდველი მოთხოვნები. როგორც ზემოთ მივუთითეთ, საინიციატივო ჯგუფის მიერ საქართველოს საპრეზიდენტო, საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში წარდგენილი კანდიდატის მონაწილეობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მხარდამჭერთა ხელმოწერების წარდგენა. ხშირად, საინიციატივო ჯგუფი ვალდებულია, წარადგინოს შესაბამის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 1%-ის ხელმოწერები. ეს უკანასკნელი სათანადო პირობა იქნებოდა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის კონკურენტუნარიანობის შესამოწმებლად. პარლამენტს შეეძლო, საინიციატივო ჯგუფის მერის/გამგებლის არჩევნებიდან სრული გამორიცხვის ნაცვლად, საინიციატივო ჯგუფისათვის დაეკისრებინა მისი კანდიდატის კონკურენტუნარიანობის შესამოწმებლად აუცილებელი ამომრჩეველთა განსაზღვრული რაოდენობის ხელმოწერების წარდგენის ვალდებულება. გარდა ამისა, პარლამენტს შეეძლო, როგორც პარტიებისათვის/საარჩევნო ბლოკებისათვის, ისე საინიციატივო ჯგუფებისათვის დაეკისრებინა გონივრული ოდენობის თანხის დეპოზიტზე შეტანის ვალდებულება (ეს უკანასკნელი სრულიად გამომდინარეობს ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გადაწყვეტილებიდან, სადაც მე-14 მუხლის დარღვევა დაგინდა იმის გამო, რომ დეპოზიტზე თანხის შეტანის ვალდებულება ეკისრებოდათ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებს, ხოლო ამ ვალდებულებისაგან თავისუფლდებოდნენ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატები), რაც უზრუნველყოფდა იმას, რომ კანდიდატს სერიოზული დამოკიდებულება გაუჩნდებოდა საარჩევნო პროცესის მიმართ. როგორც თავად საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: ,,დემოკრატიულ სახელმწიფოთა უმრავლესობის მიერ, ხშირ შემთხვევაში, შერჩეულია კანდიდატების მიერ საარჩევნო დეპოზიტის ან ამომრჩეველთა გარკვეული რაოდენობის ხელმოწერების წარდგენის ვალდებულება." (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების 25-ე პარაგრაფი საქმეზე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). ამგვარად, მერის/გამგებლის არჩევნებიდან საინიციატივო ჯგუფის კანდიდატის სრული გამორიცხვა არ არის აბსოლუტურად აუცილებელი კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად ან აღნიშნულ პროცესში სერიოზული განზრახვის მქონე კანდიდატების ჩართვისათვის. ნაკლებშემზღუდველი ღონისძიებებით აღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა სრულიად შესაძლებელია. ამგვარად, სადავო ნორმები ვერ პასუხობენ ,,მკაცრი შეფასების" ტესტის მოთხოვნებს და ისინი წინააღმდეგობაში მოდიან კონსტიტუციის მე-14 მუხლთან.
3. კონსტიტუციის 26-ე მუხლის მეორე პუნქტთან შესაბამისობაა) კონსტიტუციის 26-ე მუხლის მეორე პუნქტის არსისაქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით, საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, ორგანული კანონის შესაბამისად, შექმნან პოლიტიკური პარტია, სხვა პოლიტიკური გაერთიანება და მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში. კონსტიტუციის 26-ე მუხლის მეორე ნაწილი თავის თავში აერთიანებს ორ უფლებრივ კომპონენტს: 1.პოლიტიკური პარტიის შექმნა; 2. პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში მონაწილეობა; მეორე, უფლებრივი კომპონენტი თავის მხრივ შეიძლება გაიყოს ორ ნაწილად: 1. პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში მონაწილეობა გაწევრიანების გზით 2. პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირება გაწევრიანების გარეშე, მის სახელთან დაკავშირებულ სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობის გზით (პარტიის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობა, პარტიული შემოწირულობის გაკეთება, პარტიის სიმბოლიკის ტარება, პარტიის სახელით არჩევნებში მონაწილეობა). სადავო ნორმა სწორედ აღნიშნულ კომპონენტთან შესაბამისობაში უნდა იქნეს შემოწმებული. გაერთიანების თავისუფლებით დაცული სფეროს მრავალფეროვნებაზე საუბრისას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2009 წლის 15 სექტმბერს საქმეზე ომარ ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებულ #2/2/439 გადაწყვეტილების მე-8 პარაგრაფში განაცხადა: ,,გაერთიანების თავისუფლება არასაკმარისად იქნებოდა დაცული ამ თავისუფლებაში რომ მხოლოდ გაერთიანების შექმნისა და მასში გაერთიანების უფლება მოიაზრებოდეს. არა მხოლოდ გაერთიანების შექმნისა და გაერთიანებაში გაწევრიანების პროცესია დაცული, არამედ გაერთიანების არსებობასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვადასხვა მხარეები" კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაცული სფერო მიემართება საქართველოს მოქალაქის პოლიტიკურ პარტიაში გაერთიანების თავისუფლების დასაცავად. პარტიაში გაერთიანების თავისუფლება, არის ზოგადად გაერთიანების თავისუფლების უფლების შემადგენელი ნაწილი. კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილში პოლიტიკურ პარტიაში გაერთიანების თავისუფლების გამოყოფის მიზეზი ის გახდა, რომ გაერთიანების ზოგადი უფლებისაგან განსხვავავებით, პოლიტიკურ პარტიაში გაერთიანების სუბიექტი სპეციალურია და ეს არის საქართველოს მოქალაქე, ეს მაშინ როცა არაპოლიტიკურ ორგანიზაციაში გაერთიანების უფლება აქვს ყველას და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს. სწორედ სპეციფიკურ სუბიექტი გახდა იმის მიზეზი, რის გამოც პოლიტიკურ პარტიაში გაერთიანების თავისუფლება კონსტიტუციის შემქნელებმა ცალკე გამოყვეს. სხვა მხრივ, როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ ომარ ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-5 პარაგრაფში განაცხადა: ,,საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები იცავენ ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლების ერთერთ გამოვლინებას, მისი ჯგუფური განხორციელების ფორმას. გაერთიანების თავისუფლების საშუალებით, პირი თავისი მიზნებისა და მისწრაფებების ხორცშესხმას ახდენს სხვებთან ერთად, მათთან კომუნიკაციისა და აზრთა გაცვლა-გამოცვლის გარემოში." (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მე-5 პარაგრაფი საქმეზე ომარ ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) უფლების სუბიექტისა და ზოგიერთი სხვა ასპექტის გამოკლებით, რაც პოლიტიკური პროცესისთვის არის დამახასიათებელი, პარტიის საქმიანობაში მონაწილეობისას გაერთიანების თავისუფლების არსი და მისი მასშტაბები ზუსტად ისეთივეა, როგორც სხვა არაპოლიტიკურ ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობისას. ნებისმიერ შემთხვევაში, გაერთიანების თავისუფლების ნეგატიური ასპექტი თანაბრად ეხება როგორც პოლიტიკურ, ისე არაპოლიტიკურ გაერთიანებას. გაერთიანების თავისუფლების ერთიანობის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომ ქვეთავში ვისაუბრებთ პოლიტიკური პარტიაში გაერთიანების თავისუფლების ნეგატიურ ასპექტზე, რომლის დასაბუთებისთვისაც მოვიხმობთ საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებებს, რაც ეხებოდა არაპოლიტიკურ ორგანიზაციაში გაერთიანების თავისუფლების ნეგატიურ ასპექტს.
ბ) გაერთიანების თავისუფლების ნეგატიური ასპექტისაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე ომარ ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მე-8 პარაგრაფში განაცხადა: ,,გაერთიანების ნეგატიური თავისუფლება გამომდინარეობს თავად თავისუფლების არსიდან. თავისუფლება ნიშნავს აკეთო ის, რაც გსურს და არ აკეთო ის, რაც არ გსურს. ე.ი. თავისუფლებას ყოველთვის აქვს როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური კომპონენტი. ეს არის ერთი და იგივე მონეტის ორი აუცილებელი მხარე... გქონდეს გაერთიანების უფლება, იმავდროულად, გულისხმობს თანმდევ უფლებას, თავი აარიდო რომელიმე გაერთიანებაში შესვლას ან თავისუფლად მიიღო გადაწყვეტილება გაერთიანების დატოვების თაობაზე." როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პარტიის წევრობა არ არის პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობის უფლების ერთადერთი კომპონენტი. არსებობს პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში მონაწილეობის უამრავი ფორმა, რისგან თავის შეკავების უფლებასაც იცავს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი. უფლება- არ იყო ასოცირებული კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან - იცავს ადამიანის უფლებას ისე განახორციელოს თავისი პასიური საარჩევნო ხმის უფლება, რომ არ იყოს ნომინირებული კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიერ და, რაც ყველაზე მთავარია, დაცული იყოს საარჩევნო ბიულეტენში მისი გვარის გასწვრივ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო ბლოკის მითითებისაგან (ეს მომენტი ათასობით ამომრჩევლის თვალში აშკარა ასოცირებას ახდენს მერობის/გამგებლობის კანდიდატის კონკრეტულ პარტიასთან). პარტიების/საარჩევნო ბლოკების სასიცოცხლო მიზანს არჩევნებში მონაწილეობა წარმოადგენს. პოლიტიკური პარტიის საქმიანობის მომწესრიგებელ უმთავრეს სამართლებრივ აქტში - ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლში აღნიშნულია: ,,პარტია, როგორც თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნაწილი, არჩევნების მეშვეობით ... მონაწილეობს მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ფორმირებასა და გამოხატვაში." არჩევნებში მონაწილეობა არის პოლიტიკური პარტიის უმთავრესი საქმიანობა. შესაბამისად, მერობის/გამგებლობის კანდიდატად პარტიის მიერ პირის დასახელება, სხვა არაფერია თუ არა დასახელებული კანდიდატის მიერ პარტიის საქმიანობაში მონაწილეობა. გაერთიანების თავისუფლების ნეგატიური ასპექტი ადამიანს უფლებას ანიჭებს, დაცული იყოს იძულებისაგან, პარტიის/საარჩევნო ბლოკის მეშვეობით მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. საინიციატივო ჯგუფი არის ის, ალტერნატივა, რითაც ადამიანი პარტიასთან იძულებითი ასოცირების გარეშე, ახორციელებს თავის პასიურ საარჩევნო უფლებას. გაერთიანების თავისუფლების ნეგატიური ასპექტი მჭიდროდ არის დაკავშირებული პრინციპთან, რამაც ასახვა ჰპოვა 2011 წლის 22 დეკმბრის 1/1/477 გადაწყვეტილებაში სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ეყრდნობა პრინციპს, რომლის მიხედვითაც არ შეიძლება, ადამიანს აიძულო ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ამ პირის რწმენასთან. ეს გადაწყვეტილება ეხება რელიგიურ და არარელიგიური ხასიათის მრწამსს, თუმცა ეს კონსტიტუციური პრინციპი მაშინაც ძალაშია, როდესაც ინდივიდს აიძულებენ, პასიური საარჩევნო უფლების განხორციელების სანაცვლოდ ასოცირებული იყოს პარტიასთან, რომლის მიმართ მას იდეოლოგიური წინააღმდეგობა გააჩნია. პარტიის არსის განმსაზღვრელ კიდევ ერთ ნიშანს წარმოადგენს განსაზღვრული იდეოლოგიისა და მსოფლმხედველობის გაზიარება. ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" საქართველოს კანონის პირველივე მუხლის თანახმად, ,,პარტია არის საერთო მსოფლმხედველობრივ და ორგანიზაციულ საფუძველზე შექმნილი მოქალაქეთა ნებაყოფლობითი გაერთიანება." ამგვარად, მერის/გამგებლის არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით სადავო ნორმები აიძულებენ ადამიანს, კანდიდატად წარდგენის სახით მოახდინოს საკუთარი თავის ასოცირება პოლიტიკურ პარტიასთან, რომლის მსოფლმხედველობასაც შესაძლოა კანდიდატი არ იზარებდეს. ვითარება კიდევ უფრო მძიმდება იმით, რომ ათასობით ამომრჩევლის თვალში მერობის/გამგებლობის კანდიდატის მიკუთვნება ხდება იმ პარტიულ იდეოლოგიასთან, რომელსაც ეს კანდიდატი არ ეთანხმება. ამით სადავო ნორმა არა მხოლოდ მერობის/გამგებლობის კანდიდატის Forum internum-ს აყენებს ზიანს (აიძულებს რა მას, ითანამშრომლოს პარტიასთან, რომლის იდეოლოგიასაც ის შინაგანად არ იზაირებს), არამედ შეცდომაში შეჰყავს თავად ამომრჩეველი, რომელიც ცდება რა მერის/გამგებლის კანდიდატის პოლიტიკურ პრეფერენციებში, მოკლებულია ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული გაერთიანების თავისუფლება იცავს პირს, კანდიდატად წარდგენის სახით არ მიიღოს მონაწილეობა იმ პარტიის საქმიანობაში, რომლის მსოფლმხედველობასაც ის არ ეთანხმება. კონსტიტუცია იცავს ადამიანს იძულებისაგან ისე განახორციელოს თავისი პასიური საარჩევნო უფლება, რომ კონკრეტულ პარტიასთან ასოცირების გზით არ შეიყვანოს საზოგადოება შეცდომაში კანდიდატის მიერ აღნიშნული პარტიის იდეოლოგიის მხარდაჭერის თაობაზე. სადავო ნორმა წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულ გაერთიანების თავისუფლებასთან, ვინაიდან ის მერობის/გამგებლობის კანდიდატს ართმევს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას საინიციატივო ჯგუფის წარდგენის საშუალებით. ამით პირი იძულებული ხდება მერობის/გამგებლობის კანდიდატად წარდგენილი იყოს იმ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ, რომლის იდეოლოგიასაც პასიური საარჩევნო უფლების სუბიექტი არ იზიარებს. სადავო ნორმები პირს აკისრებენ ტვირთს იმასთან დაკავშირებით, რომ ამომრჩეველს გაუგზავნოს არასწორი მესიჯი, თითქოს მერობის/გამგებლობის კანდიდატი იზიარებს თავისი წარმდგენი პარტიის პოლიტიკას.
4) სადავო ნორმების შესაბამისობა პასიურ საარჩევნო უფლებასთან (კონსტიტუციის 28-ე და 29-ე მუხლი)ა) კონსტიტუციის რომელი მუხლით არის დაცული პასიური საარჩევნო ხმის უფლებასაქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში პირდაპირ არ წერია ტერმინი ,,პასიური საარჩევნო უფლება" ან ,,ადამიანის უფლება - მონაწილეობა მიიღოს არჩევითი თანამდებობის დასაკავებლად." სამაგიეროდ, კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულია: ,,1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში , სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება." კონსტიტუციის აღნიშნული ნორმის ვიწროდ წაკითხვა იმგვარი დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს, რომ 28-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია ყველა მოქალაქის აქტიური საარჩევნო უფლება ანუ უფლება ხმის მიცემის გზით მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ფართოდ განმარტების შემთხვევაში, კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დაცულ სფეროში მოექცევა არა მხოლოდ აქტიური, არამედ პასიური საარჩევნო უფლებაც. საკონსტიტუციო სასამართლო ამ დრომდე არ დამდგარა პირდაპირ ამ საკითხის გადაწყვეტის წინაშე, ამის მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლომ არაპირდაპირ ორ საქმეში ისაუბრა იმის თაობაზე, რომ 28-ე მუხლი იცავს პასიურ საარჩევნო უფლებასაც. 2008 წლის 31 მარტს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო განჩინება 2/1/431 საქმეზე შალვა რამიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ეს საქმე ეხებოდა მსჯავრდებული პირისათვის აქტიური საარჩევნო უფლების ბლანკეტურ ჩამოთმევას. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ გასაჩივრებული ნორმა ეწინააღმდეგობოდა კონსტიტუციის 28-ე მუხლს. მართალია, დავის საგანს აქტიური საარჩევნო უფლება წარმოადგენდა, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლო განჩინებაში შეეხო პასიურ საარჩევნო უფლებასაც. კერძოდ, სასამართლომ განჩინების მეორე თავის მე-5 პარაგრაფში აღნიშნა: ,,აღსანიშნავია, რომ არჩევნების საყოველთაობის პრინციპიდან მსგავსი გამონაკლისები ტიპიურია არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისათვის, არამედ ზოგადად კონსტიტუციებისათვის. ეს ის შემთხვევაა, როდესაც კონსტიტუცია უშუალოდ ავიწროებს პასიური თუ აქტიური საარჩევნო უფლების მქონე პირთა წრეს. მაგალითისათვის გამოდგება როგორც საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლი, რაზეც ზემოთ უკვე გამახვილდა ყურადღება, ასევე 49-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც ადგენს, რომ პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს მოქალქე 25 წლის ასაკიდან." ამ ჩანაწერიდან შეიძლება ისეთი დასკვნა გამოვიტანოთ, რომ კონსტიტუციის 28-ე მუხლი ადგენს საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებას, იყოს პასიური საარჩევნო უფლების სუბიექტი. კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტი კი ავიწროვებს 28-ე მუხლით დადგენილ პასიური საარჩევნო უფლების მქონე პირთა წრეს იმით, რომ საპარლამენტო არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის უფლებას აძლევს 25 წელს მიღწეულ მოქალაქეს. ამგვარად, აღნიშნულ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ არაპირდაპირ განაცხადა, რომ პასიური საარჩევნო უფლება ექცევა 28-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში. 2014 წლის 27 თებერვალს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო საოქმო ჩანაწერი #3/2/574 საქმეზე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. შალვა რამიშვილის საქმისაგან განსხვავებით, მოსარჩელე გიორგი უგულავა აღნიშნავდა, რომ გასაჩივრებული ნორმა მას ურღვევდა პასიური საარჩევნო ხმის უფლებას, რაც მოსარჩელის აზრით, დაცული იყო კონსტიტუციის 28-ე მუხლით. აღსანიშნავია ის გარემობა, რომ თვით მოპასუხე მხარე - საქართველოს პარლამენტიც კი, დაეთანხმა იმ მოსაზრებას, რომ პასიური საარჩევნო უფლების განსაზღვრული კომპონენტი დაცულია კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით (იხილეთ საოქმო ჩანაწერის პირველი თავის 31-ე პარაგრაფი) საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიღო გიორგი უგულავას სარჩელი ამ ნაწილში. #3/2/574 საოქმო ჩანაწერის მეორე თავის მე-7 პარაგრაფში საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: ,,რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 28–ე მუხლის პირველ პუნქტს, ის იცავს რა საქართველოს მოქალაქეთა საარჩევნო უფლებას, ბოჭავს სახელმწიფოს ვალდებულებით, შექმნას შესაბამისი და საკმარისი გარანტიები, რომ ამომრჩეველთა ნებამ ადეკვატური ასახვა პოვოს არჩევნების შედეგებში და პირმა, რომელიც თავისუფალი, საყოველთაო და თანასწორი არჩევნების საფუძველზე რეალურად მიიღებს არჩევნებში გამარჯვებისათვის ხმების საკმარის რაოდენობას, დაიკავოს ეს თანამდებობა." ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლომ 28-ე მუხლის პირველი ნაწილის დაცვის ქვეშ მოაქცია არჩევნებში გამარჯვებისათვის ხმების საკმარისი რაოდენობის მქონე პირის უფლება დაიკავოს არჩევითი თანამდებობა. იმისათვის, რომ პირმა გამარჯვების ეტაპამდე მიაღწიოს, მას სჭირდება არჩევნებში კანდიდატად წარდგენა და რეგისტრაცია. შესაბამისად, კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის დაცვის ქვეშ უნდა მოექცეს პასიური საარჩევნო უფლების ის თავდაპირველი სეგმენტიც, რაც პირს უფლებას აძლევს დამოუკიდებელი კანდიდატის სახით წარდგენილი იყოს არჩევნებზე. კანდიდატად წარდგენის და რეგისტრაციის გარეშე შეუძლებელია ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობის მიღება და თანამდებობის დაკავება. ამიტომ 28-ე მუხლის პირველმა პუნქტმა არა მხოლოდ ის უნდა უზრუნველყოს, რომ გარანტირებული გახადოს ის რომ, უმრავლესობით არჩეულმა პირმა დაიკავოს თანამდებობა, არამედ ისიც, რომ კანდიდატმა აქამდე მიაღწიოს. ამგვარად, კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს პირის უფლებას მერობის/გამგებლობის კანდიდატად არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს მას შემდეგ, რაც ამ კანდიდატს წარადგენენ როგორც პარტია/საარჩევნო ბლოკი, ასევე მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი. იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო არ გაიზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ პასიური საარჩევნო უფლების აღნიშნული სეგმენტი დაცულია კონსტიტუციის 28-ე მუხლით, მაშინ სადავო ნორმის შესაფასება უნდა მოხდეს კონსტიტუციის 29-ე მუხლით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული საოქმო ჩანაწერის მეორე თავის მე-5 პარაგრაფში განაცხადა: „საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი სპეციფიკურად უკავშირდება სახელმწიფო თანამდებობის დაკავების, საჯარო სამსახურის განხორციელების გარანტიებს.“
ბ) პასიური საარჩევნო უფლების ფარგლებისამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტის საფუძველზე შექმნილმა ადამიანის უფლებათა კომიტეტმა 1996 წლის 7 დეკემბერს მიიღო თავისი #25 ზოგადი კომენტარი, რომლითაც განიმარტა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის 25-ე მუხლის შინაარსი. ეს უკანასკნელი იცავს მოქალაქის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ საქმიანობაში, განახორციელოს თავისი საარჩევნო უფლება და თანაბარი წვდომა ჰქონდეს საჯარო სამსახურზე. ადამიანის უფლებათა კომიტეტმა #25-ე ზოგადი კომენტარის მე-17 პარაგრაფში განაცხადა: ,,პირის უფლება - არჩევნებზე წარდგენილი იყოს კანდიდატად - არ შეიძლება არაგონივრულად შეიზღუდოს კანდიდატისათვის პარტიების ან კონკრეტული პარტიის წევრობის მოთხოვნის მეშვეობით." (http://www.unhchr.ch/tbs/doc.nsf/0/d0b7f023e8d6d9898025651e004bc0eb?Opendocument) ეუთოს ადამიანური განზომილების თაობაზე კოპენჰაგენის 1990 წლის დოკუმენტის 7.5 პრინციპის თანახმად, სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს ადამიანის ძალისხმევას, დისკრიმინაციის გარეშე დაიკავოს პოლიტიკური და საჯარო თანამდებობა დამოუკიდებლად ან როგორც პარტიის ან სხვა ორგანიზაციის წარმომადგენელმა."http://www.osce.org/odihr/elections/14304?download=true. 2011 წლის 19 დეკემბერს დაწერილი ერთობლივი 617/2011 მოსაზრების 21-ე პუნქტში ვენეციის კომისია და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი მიესალმა იმ ფაქტს საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებათა პროექტი ითვალისწინებდა დამოუკიდებელი კანდიდატის მონაწილეობას ყველა სახის არჩევნებში http://www.venice.coe.int/webforms/documents/?pdf=CDL(2011)094-e. როგორც ჩანს, პარტიასთან აფილირების გარეშე არჩევითი თანამდებობის დაკავების უფლება არ არის აბსოლუტური. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი ამ უფლების შეზღუდვას შესაძლებლად თვლის, თუკი ეს ,,გონივრულია." ამ უფლების ფარგლები 2011 წელს მსჯელობის საგანი გახდა ადამიანისა და ხალხის უფლებების აფრიკული ქარტიის საფუძველზე შექმნილ აფრიკულ სასამართლოში საქმეზე ტანგანიკას სამართლის საზოგადოება, სამართლებრივი და ადამიანის უფლებათა ცენტრი და რივერენდ კრისტოფერ მტიკილა ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკის წინააღმდეგ. ტანზანიის კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტობის, პარლამენტის წევრობის და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირის კანდიდატის წარდგენის უფლება ჰქონდა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიას, რაც განმცხადებელთა განმარტებით, ეწინააღმდეგებოდა არა მხოლოდ ადამიანისა და ხალხის უფლებათა აფრიკულ ქარტიას, არამედ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის 25-ე მუხლსაც. ადამიანისა და ხალხის უფლებათა აფრიკულმა სასამართლომ ტანზანიის წინააღმდეგ საქმეში მიუთითა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 25 კომენტარზე და შეაფასა ის, თუ რამდენად გონივრული იყო დამოუკიდებელი კანდიდატებისათვის შიდა კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვა (გადაწყვეტილების ტექსტი იხილეთ http://www.african-court.org/en/images/documents/case/Judgment%20-%20%20Rev%20Christopher%20Mtikila%20v.%20Tanzania.pdf). აფრიკულმა სასამართლომ გადაწყვეტილების 110-ე პარაგრაფში შენიშნა: ,,ერთ-ერთმა განმცხადებელმა უკვე შექმნა თავისი პოლიტიკური პარტია (აღნიშნულ განმცხადებელს წარსულში პარტიასთან აფილაციის არქონის გამო არ მიაღებინეს არჩევნებში მონაწილეობა)," ამის მიუხედავად, აფრიკულმა სასამართლომ განაცხადა: ,,პარტიის შექმნა არავის ათავისუფლებს საკუთარი ვალდებულებებისაგან. მეორე განმცხადებელმა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის სურვილის გამო საკუთარი პარტია შექმნა იმისათვის, რომ მოპასუხე სახელმწიფოს მიერ შექმნილი დაბრკოლება გადაელახა. თუკი მეორე განმცხადებელი დარწმუნდება იმაში, რომ მას აღარ შეუძლია, პარტიის მართვის ტვირთის ტარება, ეს პირი არავინ უნდა აიძულოს, გააგრძელოს პარტიული საქმიანობა. არავის არ შეუძლია იმის თქმა, რომ მეორე განმცხადებელს ხელი არ ეშლება თავისი სახელმწიფოს მართვის უფლების რეალიზაციაში. განმცხადებელმა ერთხელ სცადა პარტიული ცხოვრების დაწყება და თუკი მას სურს შეწყვიტოს ამ გზით სიარული, მას შეუძლია მოითხოვოს აფრიკული ქარტიით გათვალისწინებული მკაცრი დაცვა. თუკი ადამიანი გადაწყვეტს, რომ არ დააფუძნოს პარტია, უნდა გაირიცხოს თუ არა ეს პირი საარჩევნო პროცესიდან? რა თქმა უნდა არა. იმ შემთხვევაშიც კი, განმცხადებელი წარმატებულიც რომ ყოფილიყო პარტიულ ცხოვრებაში, მას მაინც ჰქონდა ნორმის სადავოდ ქცევის და აფრიკული ქარტიის დარღვევაზე მითითების უფლება. სასამართლო ამ საქმეს არ უნდა მიუდგეს, ისე თითქოს ამით პერსონალური საკითხი წყდება. დამოუკიდებელი კანდიდატის უფლების დარღვევის უარყოფითი შედეგები ყველა ტანზანიელზე აისახება. ხოლო სუბიექტის არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობას სარგებელი მოაქვს ყველა ტანზანიელისათვის. " (ადამიანისა და ხალხის უფლებათა აფრიკული სასამართლოს გადაწყვეტილების 110-ე პარაგრაფი საქმეზე ტანგანიკას სამართლის საზოგადოება, სამართლებრივი და ადამიანის უფლებათა ცენტრი და რევერენდ კრისტოფერ მტიკილა ტანზანიის წინააღმდეგ). |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა