გიორგი ლაშხი საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1558 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | გიორგი ლაშხი |
თარიღი | 25 იანვარი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
ბ. „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №368 დადგენილების თანდართული „პირბადის ტარების წესი “)
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4211 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც დასჯად ქმედებად მიიჩნევს პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევას. | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადება: არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4211 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც დასჯად ქმედებად მიიჩნევს პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევას იმ შემთხვევაშიც თუკი ადამიანი მარტო იმყოფება ღია საჯარო სივრცეში ან მასსა და სხვა პირს შორის დისტანცია/მანძილი აღემატება სოციალურ დისტანციას 2 მეტრს და არ არსებობს დაავადების/ინფექციის გავრცელების ან ამ ადამიანის დასნებოვნების რისკი. | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადება: არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4211 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევად მიიჩნევს ზამთრის ან წელიწადის სხვა პერიოდის დაბალი ტემპერატურის ან დაბალი განათების ან დაბალი ხილვადობის პირობებში იმ პირის ღია საჯარო სივრცეში ყოფნას ან გადაადგილებას რომელიც მხედველობის ნაკლულობის გამო ატარებს სათვალეს ან/და თან არ აქვს სამედიცინო/ექიმის ცნობა. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი: ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადება: არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. |
„პირბადის ტარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებით დამტკიცებული თანდართული „პირბადის ტარების წესი“-ს მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტის: „ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას“ ის ნორმატიული შინაარსი რომელიც აწესებს ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას ან გადაადგილებისას პირბადის ტარების ვალდებულებას იმ შემთხვევაში თუკი პირი მარტო იმყოფება ან გადაადგილდება ღია საჯარო სივრცეში ან მასსა და სხვა პირს შორის დისტანცია/მანძილი აღემატება სოციალურდ ისტანციას 2 მეტრს და არ არსებობს დაავადების ან ვისურსის გავრცელების რისკი. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები 1. ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება. 2. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. |
„პირბადის ტარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებით დამტკიცებული თანდართული „პირბადის ტარების წესი“-ს მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის: „პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მათ შორის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ბრონქული ასთმის, სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადების, ფსიქიკური აშლილობის, აუტისტური სპექტრის დარღვევის ან/და განვითარების ანომალიის ან დეფექტის გამო) უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით“ ის ნორმატიული შინაარსი რომელიც მხედველობის ნაკლულობის გამო ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემის მქონე ადამიანს არ მიაკუთვნებს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებით დამტკიცებული თანდართული დანართი „პირბადის ტარების წესი“-ს მე-4 მუხლის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთა კატეგორიას. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი: ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადება: არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. |
„პირბადის ტარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებით დამტკიცებული თანდართული „პირბადის ტარების წესი“-ს მე-5 მუხლი: „ამ წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4211 მუხლის შესაბამისად“ ის ნორმატიული შინაარსი რომელიც ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4211 მუხლის შესაბამისად. | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადება: არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 60.4.“ა“ მუხლი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 39.1.“ა“ მუხლი, 19.1.„ე“, 31-ე და 311 მუხლები
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია ამ სარჩელისათვის დადგენილი ყველა პირობის დაცვით და ფორმით, შედგენილია ქართულ ენაზე და ხელმოწერილია, ერთვის სადავო სამართლებრივი აქტების ტექსტი, წარმოდგენილია საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ და კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონული ვერსია.
კონსტიტუციური სარჩელი შტანილია უფლებამოსილი სუბიექტის, ფიზიკური პირის მიერ, რომელიც დაჯარიმებულია 20 ლარით გასაჩივრებული ნორმატიული აქტების საფუძველზე. კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობის, თავისუფალი განვითარების, მიმოსვლის/გადაადგილების და კანონის საფუძველზე პასუხისმგებლობის უფლება არ არის გათვალისწინებული და უზრუნველყოფილი გასაჩივრებული აქტებით.
სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის შესაბამისად, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 მუხლის შესაბამისად ქმედების სამართალდარღვევად გამოცხადება და ამ ქმედებისთვის პასუხისმგებლობა დგინდება კანონით. ამდენად, კონსტიტუციით დაცულია პირის უფლება არ აგოს პასუხი იმ ქმედებისათვის რომელიც არ არის განსაზღვრული კანონით, უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანის-პარლამენტის ნორმატიული აქტით. გასაჩივრებული ნორმატიული აქტიებით დადგენილია როგორც ქმედება ასევე პასუხისმგებლობა/ჯარიმა, თუმცა ეს არ არის კანონით დადგენილი ქმედება და პასუხისმგებლობა. მე კი პასუხისმგებლობა დამეკისრა არა კანონით დადგენილი ქმედებისთვის, არამედ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ქმედებისთვის, რაც ნიშნავს, რომ დარღვეულია კონსტიტუციით დაცული უფლება.
გასაჩივრებული ნორმატიული აქტებით შეზღუდულია თავისუფალი განვითარებისა და მიმოსვლის უფლებებიც. პირს ეკრძალება ღია საჯარო სივრცეში, მათ შორის ქუჩაში, სკვერში, პარკში ყოფნა, დასვენება-რეკრეაცია ან გადაადგილება პირბადის გარეშე იმ შემთხვევაშიც კი თუკი იგი მარტო იმყოფება ან გადაადგილდება ან დისტანცია/მანძილი მასსა და სხვა ადამიანს შორის აღემატება სოციალურ დისტანციას 2 მეტრს და არ არსებობს დაავადების ან ინფექციის გავრცელების რისკი. ასეთი შეზღუდვა ანტიკონსტიტუციურია რამდენადაც არის არაგონივრული, არალეგიტიმური და ხდება უფლებაში გადაჭარბებული ჩარევა შესაბამისი გამართლების გარეშე. მე არ შემიძლია სხვა, ჯანმრთელ ადამიანთა ანალოგიურად ღია საჯარო სივრცეში დავისვენო, ჩავერთო სპორტულ აქტივობებში, საყოფაცხოვრებო პრობლემები მოვაგვარო, გადავადგილდე პირბადი გარეშე რადგან ვატარებ სათვალეს და არ მაქვს სამედიცინო ცნობა რომელიც დაადასტურებს არა იმას რომ მაქვს ჯანმრთელობის/მხედველობის ნაკლულობა, არამედ იმას რომ არ შემიძლია პირბადის ტარება საჯარო სივრცეში. საჯარო სივრცეში დროის ცივ/დაბალი ტემპერატურის პერიდში გადაადგილებისას სათვალე იორთქლება პირბადიდან ამოსუნთქული ჰაერის მაღალი ტემპერატურის სათვალის მინასთან კონტაქტის გამო, ეს არის ფიზიკის პროცესი, არ არის სამედიცინო საკითხი. ამასთანავე, იორთქლება არა მხოლოდ ე.წ. მხედველობის/ნომრიანი მინები, არამედ ყველა სხვა სათვალეც. შესაბამისად, ექიმი სამედიცინო ცნობით ვერ დაადასტურებს ფიზიკის სფეროს საკითხს, პირბადის ტარების გამო სათვალის დაორთქვლა არის თუ არა პირბადის ტარების შეუძლებლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ამდენად, სამედიცინო ცნობის არარსებობისა და ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მეზღუდება კონსტიტუციით დაცული თავისუფალი განვითარებისა და გადაადგილების უფლებები.
გასაჩივრებული ნორმატიული აქტებით ხდება დისკრიმინაციული ჩარევა და დარღვეულია თანასწორობის უფლება შემდეგი ნიშნით: მხედველობის ნაკლულობის მქონე სათვალის მატარებელი და პირბადის ტარების შეუძლებლობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობის არმქონე ადამიანი გამოყოფილია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილების „პირბადის ტარების წესების დამტკიცების შესახებ“ მე-4 მუხლის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადამიანებისაგან. მხედველობის ნაკლულობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირს ღია საჯარო სივრცეში პირბადით გადაადგილებისას ან ყოფნისას ექმნება მხედველობის დამატებითი პრობლემები (იორთქლება სათვალე ან პირბადე ზღუდავს მხედველობის არეალს, ნალექიან ამინდში და/ან საღამოს გადაადგილებისას ასევე იქმნება მხედველობის დამატებითი შეზღუდვა) სამედიცინო ცნობა რომლითაც დადასტურდება რომ მხედველობის ნაკლულობის მქონე (მაგ.:-1,-5 თუ +3) სათვალის მატარებელ ადამიანს სათვალე რომ დაეორთქლოს გაუჭირდება ან უჭირს თუ არა პირბადის ტარება. ასეთ ადამიანს პირბადის ტარება კი არ უჭირს, არამედ პირბადის ტარების გამო გადაადგილება უჭირს, მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე (საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილების „პირბადის ტარების წესების დამტკიცების შესახებ“ მე-4 მუხლის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი). მხედველობის ნაკლულობის მქონე სათვალის მატარებელი, პირბადის ტარების შეუძლებლობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობის არმქონე ადამიანის მიმართ დაწესებული დისკრიმინაციული შეზღუდვა, ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების, აგრეთვე ამ ვალდებულების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ლახავს კონსტიტუციით დაცულ თანასწორობის უფლებას. არ არსებობს არც თანაზომიერების პრინცპით ჩარევის შეფასებისა და გამართლების პირობები.
ზემოაღნიშნული წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-11, მე-12, მე-14 და 31-ე მუხლებით დაცულ უფლებებში ჩარევის შემთხვევებს, რომლის კონსტიტუციურობის შემოწმებისთვისაც მოსარჩელემ წარმოადგინა კონსტიტუციური სარჩელი.
კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხები არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
ამასთან, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხები არ არის გადაწყვეტილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხები არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით.
კონსტიტუციური სარჩელის შეტანისთვის კანონით არ არის დადგენილი რაიმე ვადა, შესაბამისად მისი შეტანის ვადა არ არის დარღვეული.
კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებულია საკანონმდებლო აქტის ნორმები და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ნორმები, შესაბამისად არ არის საჭირო ნორმატიული აქტების იერარქიაში ზემდგომი ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
გაცნობებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო სიფრთხილის მიზნით ბოლო პერიოდში საცხოვრებლად გადმოვედი სოფელ მუხათწყაროში. სოფლის ამ ნაწილში მუდმივი მაცხოვრებლები არ არიან და გახლავართ მხოლოდ ჩვენ. მიმდინარე წლის 10 იანვარს სახლიდან გამოვედი ქუჩის ბოლოს, დაახლოებით 50 მეტრში მდებარე ნარჩენების ბუნკერში საყოფახცოვრებო ნარჩენების გადასაყრელად. სახლში მობრუნებრული გამაჩერა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა და ღია სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის მცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ასკ 42.11 მუხლით და დამაჯარიმა 20 ლარით.
წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის II ნაწილში (კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობა, მოთხოვნის არსი და დასაბუთება) არსებით საკითხებზე გადმოცემულ ჩვენს არგუმენტაციაზე დამატებით მსჯელობას წარმოგიდგენთ ამ ნაწილში.
1. განსახილველი შემთხვევისა და ღია სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნის დასჯადობის საკითხის შესახებ მსჯელობა უნდა დაეფუძნოს ნორმატიული აქტების შემდეგ დებულებებს:
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია
მუხლი 7. არავითარი სასჯელი კანონის გარეშე
1. არავინ შეიძლება ბრალეულად იქნეს მიჩნეული რაიმე დანაშაულში ისეთი მოქმედების ან უმოქმედობის გამო, რომელიც არ წარმოადგენდა დანაშაულს ეროვნული ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით იმ დროს, როდესაც იგი ჩაიდინეს. არც იმაზე უფრო მკაცრი სასჯელი შეიძლება შეეფარდოს ვინმეს, ვიდრე სასჯელი, რომელიც გამოიყენებოდა დანაშაულის ჩადენის დროს.
საქართველოს ორგანული კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“
მუხლი 7. ნორმატიულ აქტთა ურთიერთმიმართება
2. საქართველოს საკანონმდებლო აქტების სახეებია:
ა) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი;
გ) საქართველოს კანონი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი.
მუხლი 8. საქართველოს საკანონმდებლო აქტის რეგულირების სფერო
მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით შეიძლება განისაზღვროს:
ბ) ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებისა და დაცვის პირობები და წესი, იურიდიული პასუხისმგებლობისა და იძულების ზომის გამოყენების საკითხები;
ი) სისხლის, სისხლის სამართლის საპროცესო, სამოქალაქო, სამოქალაქო სამართლის საპროცესო, ადმინისტრაციული, ადმინისტრაციული საპროცესო, სასჯელაღსრულების კანონმდებლობა, შრომის, სამეწარმეო კანონმდებლობა;
მუხლი 12. საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტი
2. საქართველოს მთავრობა დადგენილებას იღებს იმ შემთხვევაშიც, თუ შესაბამისი საკითხი მოწესრიგებული არ არის საქართველოს საკანონმდებლო აქტით (გარდა იმ შემთხვევისა, როცა საკითხი განეკუთვნება სხვა ორგანოს უფლებამოსილებას) და მისი მიღება გამოწვეულია გადაუდებელი აუცილებლობით.
მუხლი 25. ნორმატიული აქტის გაუქმება
9. თუ ნორმატიული აქტი მიღებულია (გამოცემულია) საკითხზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს კანონის თანახმად განეკუთვნება სხვა სახელმწიფო ორგანოს (თანამდებობის პირის) ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილებას ან მიღებულია ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ან დარღვეულია შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღებისა (გამოცემისა) და ამოქმედებისთვის დადგენილი პროცედურა, ნორმატიულ აქტს იურიდიული ძალა არა აქვს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან.
2. უფლებამოსილების და ფორმალური კონსტიტუციურობის საკითხები
ა) მთავრობის უფლებამოსილების საკითხი, ფორმალური კონსტიტუციურობა
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4211. მუხლით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესების დარღვევა და ისჯება ჯარიმით, 20 ლარის ოდენობით. ეს ნორმა საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2020 წლის 12ივნისის №6344-რს კანონით. კანონპროექტის განხილვისას, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა რა კანონპროექტის არსი და რეგულაციის სფერო, საგანგებოდ მიუთითა, რომ: „ღია სივრცეებში, სკვერებში და ქუჩაში გადაადგილების დროს არავის მოეთხოვება პირბადის ტარება.“ (იხ.: დანართი). ამდენად, პარლამემტმა, კანონმდებელმა მკაფიოდ და განჭვრეტადად დაადგინა და განმარტა, რომ დასჯადი არის მხოლოდ დახურულ სივრცეში პირბადის ტარების წესების დარღვევა და რომ პირბადის ტარების წესების დარღვევა დახურულ სივრცეში არ არის დასჯადი ქმედება, ეს არ არის კანონმდებლის ნება.
2020 წლის 3 ნოემბერს მთავრობამ მიიღო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, საქართველოს მთავრობის №660 დადგენილება, რომლითაც ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებაში „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ და ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას პირბადის გამოყენება დაამატა დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით მოცემულ ჩამონათვალს რომლის დროსაც პირბადის გამოყენება აუცილებელია. №368 დადგენილების მე-5 მუხლით პირბადის ტარების წესის დარღვევა ისჯება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4211 მუხლით. მთავრობამ №660 დადგენილებით გათვალისწინებული ცვლილება დააფუძნა „ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტს, რაც ნიშნავს, რომ ეს საკითხი (ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება და დასჯადობა) მიიჩნია მოუწესრიგებლად, გადაუდებლად მიიჩნია მისი მოწესრიგება და დადგენილებით დროებით მოაწესრიგა, თუმცა მნიშვნელოვანი და არსებითი დარღვევით.
საკითხის სწორი ანალიზისთვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს მთავრობის №368 დადგენილების (რომელიც მხოლოდ დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებას ადგენდა) სამართლებრივი საფუძველია ასკ 4211 მუხლი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ასკ-ის ეს მუხლი საკანონმდებლო ორგანომ მიიღო 2020 წლის 12 ივნისს და მასში გადმოცემული კანონმდებლის ნება, რეგულაცია შეეხება მხოლოდ დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების რეგულურებას, ვალდებულებას და დასჯადობას. ამდენად, მთავრობა ვერ გააფართოვებს კანონმდებლის ნებას და ღია სივრცეში პირბადის ტარების რეგულაციას და დასჯადობას ვერდაადგენს, ეს ეწინააღმდეგება კანონმდებლის მიერ კანონში (ასკ 4211 მუხლი) გადმოცემულ ნებას.
მთავრობა ვერც დროებითი რეგულურების უფლებამოსილებით გაამართლებს №660 დადგენილების მიღებას, რადგანაც „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით მთავრობას დროებითი რეგულირების შემოღების უფლებამოსილება აქვს მხოლოდ იმ საკითხზე და იმ შემთხვევაში თუ ეს საკითხი არ შედის სხვა ორგანოს უფლებამოსილებაში. ამ შეზღუდვაზე საგანგებოდ არის მითითებული. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ხელისუფლება და მთავრობის მმართველობა ხორციელდება „კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში“. მთავრობა არიღებს არც კონსტიტუციას და არც კანონს. გარდა ამისა, „ნორმატიული აქტების“ შესახებ“ ორგანული კანონის მე-8 მუხლის „ბ“ და „დ“ პუნქტების შესაბამისად ადმინისტრაციული და პასუხისმგებლობის დამდგენი რეგულაციები დგინდება მხოლოდ საკანონმდებლო აქტით. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, მთავრობას არ აქვს საკანონმდებლო აქტის გამოცემის უფლებამოსილება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით ადმინისტრაციულად დასჯადი ქმედების და სანქციის დადგენა არის საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება. ეს კი თავისთავად ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობას არ აქვს ადმინისტრაციულად დასჯადი ქმედების დადგენის უფლებამოსილება, ეს „საკითხი განეკუთვნება სხვა ორგანოს უფლებამოსილებას“. ასეთია „ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონით დადგენილი შეზღუდვა. „ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-9 პუნქტით ასეთი ნორმატიული აქტი, როგორიც არის მთავრობის №660 დადგენილება გამოცხადებულია იურიდიული ძალის არმქონედ.
ბ) რეგულაციის არსებითი, კონსტიტუციური საკითხი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით ნორმა უნდა იყოს მკაფიო და არ იძლეოდეს თვითნებობის საშუალებას. აღნიშნულისგან განსხვავებით მთავრობის №660 დადგენილებით ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება დადგენილია იმ შემთხვევაშიც, თუ:
(ა) ღია სივრცეში არავინ იმყოფება და არ არსებობს დაავადების გავრცელების საფრთხე;
(ბ) ღია სივრცეში ზამთარში ან დაბალი ტემპერატურის კლიმატურ გარემოში ან ხილვადობის შეზღუდვისას გადაადგილდება ადამიანი, რომელსაც აქვს მხედველობის პრობლემა და ატარებს სათვალეს, რომელიც პირბადის გამოყენების გამო იორთქლება და საფრთხე ექმნება ამ ადამიანის გადაადგილებას, ჯანმრთელობას თუ სიცოცხლეს. მე სწორედ ასეთი ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები.
მთავრობის №368 დადგენილების მე-4 მუხლით დადგენილია გამონაკლისები, როდესაც პირბადის გამოყენება არ არის აუცილებელი. ჩამონათვალში არ არის გათვალისწინებული ზემოთ დასახელებული შემთხვევები. ასეთი რეგულაცია პრობლემურია თანასწორობის კონსტიტუციური უფლებისა და ნორმის სიცხადის პრინციპების თვალსაზრისით, რაც დისკრიმინაციულიც არის და მთავრობის ძალადობისგანაც არ გვიცავს.
გ) პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის უკუქცევითი ძალა
დავუშვათ, რომ პარლამენტმა გაიზიაროს მთავრობის პოზიცია და მთავრობის მიერ 2020 წლის 2 დეკემბერს წარდგენილი კანონპროექტი მიიღოს და დაადგინოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის.
საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 3 ნოემბრის №660 დადგენილების მიღების პარალელურად კანონპროექტი წარადგინა საქართველოს პარლამენტში,
„ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად თუკი საქართველოს პარლამენტი წარდგენიდან 3 თვეში არ მიიღებს მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, მთავრობის მიერ გამოცემული დროებითი დადგენილება დაკარგავს ძალას.
ამ ნორმით დადგენილი წესით, პარლამენტი კანონის მიღებით ახდენს მთავრობის მიერ მანამდე გამოცემული მთავრობის დადგენილების და ამ დადგენილების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციას. რაც ნიშნავს არსებითად უკუქცევით ძალას. ქმედების დასჯადად გამოცხადებასთან და სასჯელის დაწესებასთან დაკავშირებით კი უკუქცევითი ძალა ანტიკონსტიტუციურია, აკრძალულია „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-7 მუხლითა და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტით. ამასთანავე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 აბზაცის მიხედვით „აქტებს, რომლებიც აწესებენ ან აძლიერებენ პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, უკუქცევითი ძალა არა აქვს.“
ამდენად, საქართველოს პარლამენტმა რომც მიიღოს მთავობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი ღია სივრცეში პირბადის ტარების სავალდებულობის და ქმედების დასჯადად გამოცხადების თაობაზე და ირიბად, 2020 წლის 3 ნოემბრიდან მიანიჭოს უკუქცევითი ძალა ღია სივრცეში პირბადის ტარების სავალდებულობას და ამ ვალდებულები დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დადგენას, ეს გადაწყვეტილებაც იქნება კონსტიტუციის საწინააღმდეგო.
3. კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის არსებითი საკითხები
გასაჩივრებული ნორმატიული აქტებით შეზღუდულია თავისუფალი განვითარებისა და მიმოსვლის უფლებებიც. პირს ეკრძალება ღია საჯარო სივრცეში, მათ შორის ქუჩაში, სკვერში, პარკში ყოფნა, დასვენება-რეკრეაცია ან გადაადგილება პირბადის გარეშე იმ შემთხვევაშიც კი თუკი იგი მარტო იმყოფება ან გადაადგილდება ან დისტანცია/მანძილი მასსა და სხვა ადამიანს შორის აღემატება სოციალურ დისტანციას 2 მეტრს და არ არსებობს დაავადების ან ინფექციის გავრცელების რისკი. ასეთი შეზღუდვა ანტიკონსტიტუციურია რამდენადაც არის არაგონივრული, არალეგიტიმური და ხდება უფლებაში გადაჭარბებული ჩარევა შესაბამისი გამართლების გარეშე. მე არ შემიძლია სხვა, ჯანმრთელ ადამიანთა ანალოგიურად ღია საჯარო სივრცეში დავისვენო, ჩავერთო სპორტულ აქტივობებში, საყოფაცხოვრებო პრობლემები მოვაგვარო, გადავადგილდე პირბადი გარეშე რადგან ვატარებ სათვალეს და არ მაქვს სამედიცინო ცნობა რომელიც დაადასტურებს არა იმას რომ მაქვს ჯანმრთელობის/მხედველობის ნაკლულობა, არამედ იმას რომ არ შემიძლია პირბადის ტარება საჯარო სივრცეში. საჯარო სივრცეში დროის ცივ/დაბალი ტემპერატურის პერიდში გადაადგილებისას სათვალე იორთქლება პირბადიდან ამოსუნთქული ჰაერის მაღალი ტემპერატურის სათვალის მინასთან კონტაქტის გამო, ეს არის ფიზიკის პროცესი, არ არის სამედიცინო საკითხი. ამასთანავე, იორთქლება არა მხოლოდ ე.წ. მხედველობის/ნომრიანი მინები, არამედ ყველა სხვა სათვალეც. შესაბამისად, ექიმი სამედიცინო ცნობით ვერ დაადასტურებს ფიზიკის სფეროს საკითხს, პირბადის ტარების გამო სათვალის დაორთქვლა არის თუ არა პირბადის ტარების შეუძლებლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ამდენად, სამედიცინო ცნობის არარსებობისა და ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მეზღუდება კონსტიტუციით დაცული თავისუფალი განვითარებისა და გადაადგილების უფლებები.
გასაჩივრებული ნორმატიული აქტებით ხდება დისკრიმინაციული ჩარევა და დარღვეულია თანასწორობის უფლება შემდეგი ნიშნით: მხედველობის ნაკლულობის მქონე სათვალის მატარებელი და პირბადის ტარების შეუძლებლობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობის არმქონე ადამიანი გამოყოფილია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილების „პირბადის ტარების წესების დამტკიცების შესახებ“ მე-4 მუხლის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადამიანებისაგან. მხედველობის ნაკლულობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირს ღია საჯარო სივრცეში პირბადით გადაადგილებისას ან ყოფნისას ექმნება მხედველობის დამატებითი პრობლემები (იორთქლება სათვალე ან პირბადე ზღუდავს მხედველობის არეალს) სამედიცინო ცნობა რომლითაც დადასტურდება რომ მხედველობის ნაკლულობის მქონე (მაგ.:-1,-5 თუ +3) სათვალის მატარებელ ადამიანს სათვალე რომ დაეორთქლოს გაუჭირდება ან უჭირს თუ არა პირბადის ტარება. ასეთ ადამიანს პირბადის ტარება კი არ უჭირს, არამედ პირბადის ტარების გამო გადაადგილება უჭირს, მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე (საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილების „პირბადის ტარების წესების დამტკიცების შესახებ“ მე-4 მუხლის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი). მხედველობის ნაკლულობის მქონე სათვალის მატარებელი, პირბადის ტარების შეუძლებლობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობის არმქონე ადამიანის მიმართ დაწესებული დისკრიმინაციული შეზღუდვა, ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების, აგრეთვე ამ ვალდებულების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ლახავს კონსტიტუციით დაცულ თანასწორობის უფლებას. არ არსებობს არც თანაზომიერების პრინცპით ჩარევის შეფასებისა და გამართლების პირობები.
დეტალურ დასაბუთებას წარმოგიდგენთ საქმის განხილვის სხდომაზე.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი