გიორგი ლაშხი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/5/1558 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 11 ივნისი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 23 ივნისი 2021 16:17 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: გიორგი ლაშხი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4211 მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა“ (2021 წლის 19 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით; ბ) „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებით დამტკიცებული „პირბადის ტარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით; გ) „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებით დამტკიცებული „პირბადის ტარების წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით; დ) „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებით დამტკიცებული „პირბადის ტარების წესის“ მე-5 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1558) მომართა საქართველოს მოქალაქე გიორგი ლაშხმა. №1558 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 28 იანვარს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 11 ივნისს.
2. №1558 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4211 მუხლის პირველი ნაწილის სადავოდ გამხდარი სიტყვებით (2021 წლის 19 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) განისაზღვრებოდა პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისათის ჯარიმა ფიზიკური პირისთვის. „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებით დამტკიცებული „პირბადის ტარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტის თანახმად, პირბადის გამოყენება აუცილებელია ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას. აღნიშნული წესიდან გამონაკლისს ადგენს სადავო დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, კერძოდ, პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მათ შორის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ბრონქული ასთმის, სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადების, ფსიქიკური აშლილობის, აუტისტური სპექტრის დარღვევის ან/და განვითარების ანომალიის ან დეფექტის გამო) უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება. ზემოაღნიშნული დადგენილების მე-5 მუხლის თანახმად კი, ამ წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4211 მუხლის შესაბამისად.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკციებს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის არჩევისა და საქართველოდან გასვლის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია ის ლეგიტიმური მიზნები, რომელთა მისაღწევადაც შესაძლოა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა“.
5. №1558 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე მხარე სადავო დადგენილების საფუძველზე ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული წესი, რომელიც აკრძალავდა ღია საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნას/გადაადგილებას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს მთავრობას არ ჰქონდა მოსარჩელის დაჯარიმების საკანონმდებლო საფუძველი და, იმავდროულად იგი თავად არ იყო უფლებამოსილი, ქმედება განესაზღვრა სამართალდარღვევად და დაეწესებინა მისთვის პასუხისმგებლობა. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის განმარტებით, ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის მთავრობის დადგენილებით პასუხისმგებლობის დაკისრება მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტს არ განუსაზღვრავს იგი სამართალდარღვევად, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან, რომელიც გამორიცხავს პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ისეთი ქმედების გამო, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პირს ეკრძალება პირბადის გარეშე ღია საჯარო სივრცეში, მათ შორის, ქუჩაში, სკვერში, პარკში ყოფნა, დასვენება ან გადაადგილება იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი მარტო იმყოფება/გადაადგილდება ან იცავს სოციალური დისტანციის დადგენილ ზღვარს. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც პირი ღია საჯარო სივრცეში მარტო იმყოფება/გადაადგილდება ან იცავს სოციალური დისტანციის დადგენილ ზღვარს, არ არსებობს ვირუსის გავრცელების რისკი, რის გამოც საჭირო არ არის პიბადის ტარება. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დადგენილი წესი არაპროპორციულად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას და გადაადგილების თავისუფლებას, რის გამოც იგი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
7. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს თანასწორობის უფლების დარღვევაზე. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იგი დისკრიმინაციულ მდგომარეობაშია ჩაყენებული ყველა იმ პირთან მიმართებით, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირთ პირბადის ტარება (რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით) და ამის გამო არ მოეთხოვებათ მისი გამოყენება. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მას აქვს მხედველობის პრობლემები, რის გამოც იგი ატარებს სათვალებს. სათვალესთან ერთად პირბადის ტარება კი ართულებს ხილვადობას, რაც მას ხელს უშლის გადაადგილებაში. თუმცა როგორ მოსარჩელე აღნიშნავს, სამედიცინო დაწესებულებები არ გასცემენ ცნობას იმის შესახებ, რომ პირს მხედველობის პრობლემების გამო არ შეუძლია პირბადის ტარება. შესაბამისად, იგი ვალდებულია, ატაროს პირბადე, მიუხედავად იმისა, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს მისი ტარება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, ის პირებიც უნდა თავისუფლდებოდნენ პირბადის ტარების ვალდებულებისგან, რომლებიც მხედველობის პრობლემების გამო ატარებენ სათვალეს, მიუხედავად იმისა, მათ მიერ პირბადის ტარების შეუძლებლობა დასტურდება თუ არა სამედიცინო ცნობით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „[…] საქმის განხილვის მომენტისთვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
2. №1558 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4211 მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
3. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2021 წლის 18 თებერვლის საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4211 მუხლის პირველი ნაწილი 2021 წლის 19 თებერვლიდან ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. კერძოდ, განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრა ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევაც.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებამ, შესაძლოა, განსხვავებული სამართლებრივი მოცემულობები წარმოშვას, მისი გასაჩივრებული შინაარსი შეიძლება მნიშვნელოვნად, უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ შეიცვალოს. თუმცა, ნორმის ძველი, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისთვის მოქმედი რედაქცია, ყველა შემთხვევაში, ძალადაკარგულად ითვლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“, II-5). აღნიშნულიდან გამომდინარე, №1558 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4211 მუხლის პირველი პუნქტის გასაჩივრებული რედაქცია ძალადაკარგულია.
5. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმამ ძალა დაკარგა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და გამორიცხავს იმავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული სამართალწარმოების გაგრძელების უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობას.
6. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №1558 კონსტიტუციურ სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმე სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4211 მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა“ (2021 წლის 19 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
7. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
8. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებით დამტკიცებული „პირბადის ტარების წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმის საფუძველზე იგი დისკრიმინაციულ მდგომარეობაშია ჩაყენებული ყველა იმ პირთან მიმართებით, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არ მოეთხოვებათ პირბადის ტარება. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მას აქვს მხედველობის პრობლემები, რის გამოც ატარებს სათვალეს. სათვალესთან ერთად პირბადის ტარება კი ართულებს ხილვადობას, რაც მას ხელს უშლის გადაადგილებაში. თუმცა, როგორც მოსარჩელე აღნიშნავს, სამედიცინო დაწესებულებები არ გასცემენ ცნობას იმის შესახებ, რომ პირს მხედველობის პრობლემების გამო არ შეუძლია პირბადის ტარება. მოსარჩელე განმარტავს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე ის პირებიც უნდა თავისუფლდებოდნენ პირბადის ტარების ვალდებულებისგან, რომლებიც მხედველობის პრობლემების გამო ატარებენ სათვალეს, ვინაიდან აღნიშნულ პირებს სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ პირბადის ტარება, მიუხედავად იმისა, ეს გარემოება დასტურდება თუ არა სამედიცინო ცნობით.
9. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
10. დასახელებული კონსტიტუციური დებულება ადგენს თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). თანასწორობის უფლების ძირითადი არსი და მიზანია ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად და არ დაუშვას არსებითად თანასწორი პირების დიფერენცირება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის №2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II - 2).
11. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შეზღუდვა სახეზე იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნორმა გულისხმობს მსგავს ვითარებაში მყოფი, არსებითად თანასწორი პირებისადმი განსხვავებულ მოპყრობას, უქმნის განსხვავებულ შესაძლებლობებს, აღჭურავს მათ განსხვავებული უფლებებითა თუ ვალდებულებებით; აგრეთვე, საპირისპირო შემთხვევაში, კერძოდ, მაშინ, როდესაც ნორმა გულისხმობს განსხვავებულ ვითარებაში მყოფი, არსებითად უთანასწორო პირებისადმი ერთგვაროვან მოპყრობას, მათ მიმართ ავრცელებს ერთნაირ სამართლებრივ რეჟიმს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის №1/1/1404 გადაწყვეტილება საქმეზე „ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-44). ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ და წამგებიან მდგომარეობაში აყენებს ან ადგილი აქვს უთანასწორო პირთა მიმართ თანასწორ მოპყრობას.
12. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, იგი დისკრიმინაციულ მდგომარეობაშია ჩაყენებული არსებითად თანასწორ პირებთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სავარაუდო დისკრიმინაციის საქმეებზე, როდესაც მოსარჩელის არგუმეტაცია უკავშირდება არსებითად თანასწორი პირების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას რაიმე გამამართლებელი საფუძვლის გარეშე, პირველ რიგში, შესადარებელ ჯგუფთა არსებითი თანასწორობის ფაქტი უნდა დადგინდეს. ადენად, სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად წარმოადგენს მოსარჩელე მხარე არსებითად თანასწორ პირს იმ პირებთან შედარებით, ვისაც იგი სადავო ნორმის საფუძველზე ედრება.
13. სადავო ნორმის საფუძველზე, ის პირები, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მათ შორის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ბრონქული ასთმის, სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადების, ფსიქიკური აშლილობის, აუტისტური სპექტრის დარღვევის ან/და განვითარების ანომალიის ან დეფექტის გამო) უჭირთ პირბადის ტარება (რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით), თავისუფლდებიან პირბადის ტარების ვალდებულებისგან. სადავო ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პირბადის ტარების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო უჭირთ პირბადის ტარება და, ამავდროულად, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას პირბადის ტარების გამო, შესაძლოა, საფრთხე შეექმნას. შესაბამისად, აღნიშნული პირები პირბადის ტარების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან არა იმიტომ, რომ მათ პირბადის ტარებით უბრალოდ დისკომფორტი ექმნებათ, არამედ იმიტომ, რომ შესაძლებელია, ამით გაუარესდეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ მას, სათვალესთან ერთად, პირბადის ტარება გარკვეულ დისკომფორტს უქმნის, რის გამოც იგი უნდა განთავისფლდეს მისი ტარების ვალდებულებისგან. მოსარჩელე არ ასაბუთებს, თუ რატომ არის პირბადის ტარება მხედველობის პრობლემების მქონე პირთა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი, რაც მის ზემოაღნიშნულ პირთა წრის მიმართ არსებით თანასწორობაზე მიუთითებდა. მოსარჩელეს, როგორც თავად აღნიშნავს, პირბადის ტარების გამო, ეორთქლება სათვალე, უუარესდება ხილვადობა, რის გამოც ურთულდება მოძრაობა და თავისუფლად გადაადგილება, მაშინ, როდესაც, იმ პირების ჯანმრთელობას, ვისაც მოსარჩელე ედრება, პირბადის ტარება უშუალოდ აგდებს საფრთხეში. ის ფაქტი, რომ მოსარჩელის მტკიცებით, სამედიცინო დაწესებულებები არ გასცემენ ცნობას იმის შესახებ, რომ პირს მხედველობის პრობლემების გამო არ შეუძლია პირბადის ტარება, დამატებით ამყარებს სასამართლოს არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე და მის მსგავს სიტუაციაში მყოფი პირები არ არიან ერთგვაროვან ვითარებაში იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც სადავო ნორმის საფუძველზე თავისუფლდებიან პირბადის ტარების ვალდებულებისგან. ამდენად, ის პირები, რომლებსაც სათვალის ტარებასთან ერთად პირბადის ტარებით უბრალოდ დისკომფორტი ექმნებათ არ წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს იმ პირებთან შედარებით, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ პირბადის ტარება. შესაბამისად, სადავო ნორმის საფუძველზე, მოსარჩელე მხარე ჩაყენებული არ არის არათანაბარ მდგომარეობაში არსებითად თანასწორ პირებთან მიმართებით. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლო მოსარჩელე მხარის არგუმენტებს თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპთან სადავო ნორმის შეუსაბამობის თაობაზე უსაფუძვლოდ მიიჩნევს და ადგენს, რომ სადავო ნორმით არ ხდება ჩარევა კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ უფლებაში.
14. ამდენად, №1558 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებით დამტკიცებული „პირბადის ტარების წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
15. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებით დამტკიცებული „პირბადის ტარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, იმ შემთხვევაში, როდესაც პირი ღია საჯარო სივრცეში მარტო იმყოფება/გადაადგილდება ან იცავს სოციალური დისტანციის დადგენილ ზღვარს, არ არსებობს ვირუსის გავრცელების რისკი, რის გამოც საჭირო არ არის პირბადის ტარება. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დადგენილი წესი არაპროპორციულად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ პიროვნების თავისუფალი განვითარებისა უფლებას.
16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში ეფუძნება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმით დადგენილი წესის არაზუსტ აღქმას. სადავო ნორმა ადგენს პირბადის ტარების ვალდებულებას ღია საჯარო სივრცეში. მოცემულ შემთხვევაში ცალსახაა სადავო რეგულირების მიზანმიმართულება. რეგულაციის მიზანს წარმოადგენს ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენცია და ამ გზით ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირება. სასამართლოს განმარტებით, ღია საჯარო სივრცეში ყოფნა/გადაადგილება, თავისთავად, არის დაკავშირებული დაინფიცირების რისკთან, ვინაიდან აღნიშნულ სივრცეში რთულია პირი მუდმივად იცავდეს დისტანციას და, მით უფრო, ყოველწუთიერად აკონტროლებდეს მას. ასევე შეუძლებელია პირმა წინასწარ უტყუარად განჭვრიტოს, რომ იგი აღნიშნულ სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას ყოველთვის იქნება მარტო და იქ მოულოდნელად არ გამოჩნდებიან სხვა ადამიანები სხვადასხვა, მათ შორის, ახლო დისტანციაზე. შესაბამისად, ღია სჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას ყოველთვის შეიძლება წარმოიშვას ვირუსის გავრცელების საფრთხე და ფაქტობრივად შეუძლებელია ისეთი შემთხვევების გამოყოფა, როცა პირი აღნიშნულ სივრცეში ყოფნისას თუ გადაადგილებისას, ერთი მხრივ, თავად არ ჩავარდება დაინფიცირების რისკის ქვეშ და, მეორე მხრივ, თუკი უკვე დაინფიცირებულია, თავად არ იქნება ვირუსის გავრცელების რისკის მატარებელი. ამდენად, ღია საჯარო სივრცეში ყოფნა/გადაადგილება ყოველთვის დაკავშირებულია ვირუსის გავრცელების რისკთან და ნორმას მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსი არ გააჩნია. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მას სადავო ნორმის საფუძველზე, შესაძლებელია, პასუხისმგებლობა დაეკისროს მაშინ, როდესაც არ არსებობს ვირუსის გავრცელების რისკი.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1558 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებით დამტკიცებული „პირბადის ტარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
18. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, ასევე „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებით დამტკიცებული „პირბადის ტარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმის საფუძველზე, იზღუდება მისი თავისუფალი გადაადგილების უფლება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იგი მხედველობის პრობლემების გამო ატარებს სათვალეს, პირბადის ტარების შემთხვევაში კი სათვალიდან ხილვადობა ძნელდება, რაც ქმნის გადაადგილების პრობლემას.
19. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია მიმოსვლის თავისუფლება და დადგენილია, რომ ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის არჩევისა და საქართველოდან გასვლის უფლება. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია ის ლეგიტიმური მიზნები, რომელთა მისაღწევადაც შესაძლოა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული უფლება პიროვნული ავტონომიისა და თვითგამორკვევის მნიშვნელოვანი კომპონენტია (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/10/1212 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოსა და კანადის მოქალაქე გიორგი სპარტაკ ნიკოლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). იგი იცავს პირის შესაძლებლობას, საკუთარი სურვილისამებრ, ნებისმიერ დროს გადაადგილდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, დატოვოს ქვეყნის საზღვრები და თავისუფალი ნების შესაბამისად, აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი.
20. სადავო ნორმა ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას ადგენს პირბადის გამოყენების ვალდებულებას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, გარკვეულ შემთხვევებში ღია საჯარო სივრცეში გადაადგილებასთან დაკავშირებული რეგულაციები თუ შეზღუდვები, შესაძლოა, აბრკოლებდეს გადაადგილების თავისუფლებას, თუმცა, ამ მხრივ, ნებისმიერი რეგულაციის დაწესება არ ნიშნავს, რომ ეს შეზღუდვა მიმართულია პირთა მიმოსვლის შეზღუდვისაკენ და, რიგ შემთხვევებში, ეს შედეგი წარმოადგენს სხვა კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის გვერდით ეფექტს. „მაგალითად, შესაძლოა, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს სურდეს, რომ უსაფრთხოების ღვედის გარეშე იმგზავროს, თუმცა ღვედის გამოყენების ვალდებულება არ ნიშნავს, რომ პირს ეზღუდება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ შეზღუდვა დაკავშირებულია გადაადგილების ამა თუ იმ საშუალებასთან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 20 მაისის №3/7/1503 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „თორნიკე ართქმელაძე საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-29).
21. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმა კრძალავს ღია საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილების შესაძლებლობას ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით. ამგვარი რეგულაციის საფუძველზე, შესაძლოა, პირბადით გადაადგილება გარკვეულ დისკომფორტს იწვევდეს იმ პირებისთვის, რომლებიც მხედველობის პრობლემების გამო ატარებენ სათვალეს, თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ სადავო ნორმით დადგენილი წესი იწვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვას. სადავო ნორმის საფუძველზე, შეზღუდული არ არის კონკრეტულ სივრცესა თუ დროში გადაადგილება. ამდენად, იგი მიმართული არ არის მიმოსვლის თავისუფლების რეგულირებისკენ. სადავო ნორმით დადგენილი აკრძალვით, შესაძლოა, იზღუდებოდეს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება ან სხვა რომელიმე კონსტიტუციური უფლება, თუმცაღა მოცემულ შემთხვევაში, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ სხვა კონსტიტუციური უფლებების შესაძლო შეზღუდვის თანმდევი გვერდითი ეფექტია (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 20 მაისის №3/7/1503 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „თორნიკე ართქმელაძე საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-30). ამდენად, დასახელებული სადავო ნორმა არ განაპირობებს მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვას.
22. შესაბამისად, №1558 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებით დამტკიცებული „პირბადის ტარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
23. მოსარჩელე მხარე სადავო ხდის, მათ შორის, „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებით დამტკიცებული „პირბადის ტარების წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
24. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადება გამორიცხავს პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ისეთი ქმედების გამო, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. სადავო ნორმა განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომლებიც თავისუფლდებიან პირბადის გამოყენების ვალდებულებისგან და იგი საერთოდ არ ეხება ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის განსაზღვრის საკითხს. შესაბამისად, სადავო ნორმის საფუძველზე, არ ხდება პასუხისმგებლობის დაკისრება. ამდენად, არ არის დასაბუთებული შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადებით გარანტირებულ უფლებას შორის.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1558 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებით დამტკიცებული „პირბადის ტარების წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
26. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1558 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1558 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი ლაშხი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებით დამტკიცებული „პირბადის ტარების წესის“ მე-5 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1558 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი ლაშხი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებით დამტკიცებული „პირბადის ტარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით;
ბ) „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებით დამტკიცებული „პირბადის ტარების წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
3. შეწყდეს საქმე №1558 კონსტიტუციურ სარჩელზე („გიორგი ლაშხი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4211 მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა“ (2021 წლის 19 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გადასინჯვას ან გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი