საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/7/561, 568 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 20 დეკემბერი 2013 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1.კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
2. ქეთევან ერემაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
3. მაია კოპალეიშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) №561 კონტიტუციურ სარჩელზე „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვების “რომელშიც მოსარჩელე არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული” და ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების “გარდაცვლილი პირის” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) №568 კონსტიტუციურ სარჩელზე „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვების “რომელშიც მოსარჩელე არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული” და ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების “გარდაცვლილი პირის” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
I აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №561) მიმართა საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილმა. №561 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის 2013 წლის 29 ივლისის რეზოლუციით გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას.
2. მოქალაქე იური ვაზაგაშვილმა 2013 წლის 4 დეკემბერს კვლავ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №568). საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის 2013 წლის 6 დეკემბერის რეზოლუციით №568 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღებისა და №561 კონსტიტუციურ სარჩელთან გაერთიანების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 18 დეკემბერს.
4. №561 და №568 კონსტიტუციური სარჩელების შემოტანის საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
5. №561 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვების - „რომელშიც მოსარჩელე ერთმნიშვნელოვნად არ არის იდენტიფიცირებული“, აგრეთვე, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყების - „გარდაცვლილი პირის“ შესაბამისობის საკითხს საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. №568 კონსტიტუციურ სარჩელში კი მოსარჩელე სადავოდ ხდის იგივე ნორმების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან, ასევე 36–ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
6. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ცილისწამების თაობაზე სასამართლო დავის საგანი არ შეიძლება იყოს ისეთი განცხადება, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ ჯგუფს ან/და რომელშიც მოსარჩელე არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული.“ ამავე მუხლის მე–4 პუნქტის თანახმად, „ცილისწამების თაობაზე სასამართლო დავა არ შეიძლება ეხებოდეს გარდაცვლილი პირის, სახელმწიფო ან ადმინისტრაციული ორგანოს პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვას“.
7. კონსტიტუციურ სარჩელებში წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მოსარჩელემ 2013 წლის 24 მაისს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა გარდაცვლილი პირის (მისი შვილის - ზურაბ ვაზაგაშვილის) მიმართ 2013 წლის 10 მაისს გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადების უარყოფა. მოსარჩელე იური ვაზაგაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 მაისის №2/7035-13 განჩინებით უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. სასამართლოს განჩინების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი.
8. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-19 მუხლი იცავს გარდაცვლილი პირის პატივისა და ღირსების უფლებას და ცილისწამებისთვის სარჩელის შეტანის უფლებამოსილებას ანიჭებს სხვა პირებს, რომელთა შორის აუცილებლად მოიაზრებიან გარდაცვლილის ახლო ნათესავები, განსაკუთრებით კი, მშობლები. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმები კი, ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის ხსენებულ ნორმას. თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ ნორმებს შორის კოლიზიის გადაწყვეტის გზით, უპირატესობა სწორედ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტს მიანიჭა, რის გამოც, მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ის უფლებამოსილია, საკონსტიტუციო სასამართლოში იდავოს მისი გარდაცვლილი შვილის პატივის, ღირსების და პიროვნული განვითარების უფლების დასაცავად, ხოლო სადავო ნორმები უსპობენ მას ამის შესაძლებლობას.
9. №561 კონსტიტუციურ სარჩელში „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტზე მსჯელობისას, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იგი წარმოადგენს ზოგადი ქცევის წესის დამდგენ ნორმას, რომელიც უკრძალავს ნებისმიერ პირს, იდავოს სასამართლოში, თუ ცილისმწამებლურ განცხადებაში ის პირდაპირ არ არის მოხსენიებული. მოსარჩელის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ მე-4 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობა მოხდება, გარდაცვლილი პირის პატივისა და ღირსების დასაცავად შეტანილ სარჩელებთან დაკავშირებული ურთიერთობები მოხვდება მე-3 პუნქტის მოწესრიგების სფეროში, შესაბამისად, გარდაცვლილის ახლობელს აეკრძალება სასამართლო დავის წარმოება მხოლოდ იმიტომ, რომ სავარაუდო ცილისმწამებლურ განცხადებაში მოხსენიებულია არა მოსარჩელე, არამედ გარდაცვლილი პირი, რომლის პატივსა და ღირსებასაც იცავს მოსარჩელე. აქედან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმატიული აქტის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტთან ერთად უნდა იმსჯელოს მე-3 პუნქტზეც.
10. №561 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, პირველ რიგში, იცავს არამატერიალურ ინტერესებს. ადამიანის ღირსებისა და პიროვნული განვითარების უფლება სახელმწიფოსგან მოითხოვს, მისცეს პირს შესაძლებლობა, სასამართლოში საკუთარი უფლების დაცვით უპასუხოს მის მიმართ საჯაროდ გამოთქმულ ცილისმწამებლურ შეხედულებებს და სინამდვილესთან შეუსაბამო განცხადებებს. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მოსარჩელე იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას და აღნიშნავს, რომ პიროვნების უფლება - დაიცვას თავისი რეპუტაცია - შეადგენს პირადი ცხოვრების უფლების ნაწილს, რომელიც, თავის მხრივ, მე-16 მუხლის დაცვის სფეროში ექცევა. ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, მოსარჩელე ასკვნის, რომ სადავო ნორმები ზღუდავს გარდაცვლილი პირის თავისუფალი განვითარების უფლებას.
11. კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტზე მსჯელობისას, მოსარჩელე ასევე იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას და აღნიშნავს, რომ კონსტიტუციით გარანტირებული ღირსების უფლება დაირღვევა, თუ უფლების სუბიექტი დამცირდება და გამოყენებულ იქნება, როგორც მიზნის მიღწევის საშუალება. აღნიშნულის ერთ-ერთ გზას წარმოადგეს ცილისწამება, შესაბამისად, სადავო ნომებით ხდება საქართველოს კონსტიტუცის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევა.
12. №561 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მსჯელობს ასევე გარდაცვლილი პირის ღირსების დაცვის კონსტიტუციური გარანტიების შესახებ. უთითებს რა გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას, მიაჩნია, რომ ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლება აზრს დაკარგავდა, თუკი ვინმეს ექნებოდა ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთების შესაძლებლობა ადამიანის გარდაცვალების შემდეგ. დაუშვებელია ადამიანის დამცირება ან მისი მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენება როგორც სიცოცხლეში, ასევე მისი გარდაცვალების შემდეგ. მოსარჩელის მოსაზრებით, ცოცხალი და გარდაცვლილი პირების უფლებრივი გათანაბრება ვერ მოხდება, თუმცა ამ უკანასკნელის ამორიცხვა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 და მე-17 მუხლებით დაცული სფეროდან დაუშვებელია.
13. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ შეიძლება არსებობდეს კოლიზია გამოხატვის თავისუფლებასა და განსახილველ უფლებას შორის, თუმცა კანონმდებელი ვალდებულია, დაიცვას გონივრული ბალანსი და არ დაუშვას გარდაცვლილი პირის პატივისა და ღირსების დაცვის პოზიტიური ვალდებულების აბსოლუტური უგულებელყოფა. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმები თანაზომიერების პრინციპის დაუცველად ახდენს ღირსების უფლების სრულ ნიველირებას მაშინ, როდესაც შესაძლებელია განსხვავებული, უფლების ნაკლებად შემზღუდველი სტანდარტის დადგენა და სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შენარჩუნება.
14. №561 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე, თავისი მოსაზრების გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
15. №568 კონსტიტუციურ სარჩელში იური ვაზაგაშვილი ითხოვს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის დასახელებული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტთან, 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
16. სადავო ნორმების კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველ და მესამე პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურობაზე მსჯელობისას მოსარჩელე ეყრდნობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას და მიიჩნევს, რომ კონკრეტული უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია ამ უფლების სასამართლოში დაცვის შესაძლებლობის არსებობა, რაც სახელმწიფო ხელისუფლების ყველა იმ გადაწყვეტილების (ქმედების) სასამართლოში გასაჩივრებას გულისხმობს, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს. მოსარჩელის განმარტებით, კონკრეტულ უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად სასამართლოს ხელმისაწვდომობის არარსებობა ან სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არათანაზომიერი შეზღუდვა არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
17. მოსარჩელის აზრით, კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი არ იზღუდება იმით, რომ სასამართლოსათვის მიმართვის უფლება მისცეს მხოლოდ იმ პირებს, რომელთა ღირსებასაც უშუალო ზიანი მიაყენეს. მისი სიტყვებით, „არ შეიძლება იმის თქმა, რომ გარდაცვლილის ახლობლის უფლებრივ სფეროზე არავითარ გავლენას არ ახდენს ის, რომ გარდაცვლილის ღისებას საჯაროდ შელახავენ და გარდაცვლილის უმწიკვლო სახელის შენარჩუნებისთვის სამართლებრივი ბრძოლა არ წარმოადგენს ცოცხლად დარჩენილი ადამიანის უფლების დაცვას 42-ე მუხლის პირველი პუქტის მნიშვნელობით“. მოსარჩელის მტკიცებით, სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიაზრებს უფლების დარღვევაზე ეფექტური რეაგირების შესაძლებლობას. სადავო ნორმები კი ავალდებულებს მოსამართლეს, სამართლებრივი შეფასების გარეშე დატოვოს სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია გარდაცვლილი პირის პირადი არაქონებრივი უფლების დაცვა, რაც სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლებას აქცევს ფიქციად და, შესაბამისად, არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
18. №568 სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით დაცულია პირის უფლება, იმოქმედოს როგორც გარდაცვლილის აგენტმა/წარმომადგენელმა და უზრუნველყოს მისი უფლებების დაცვა სასამართლოს გზით, რასაც გარდაცვლილი პირი თავად გააკეთებდა ცოცხალი რომ ყოფილიყო. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ართმევს გარდაცვლილი პირის ახლობლებს უფლების სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, შესაბამისად, ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით დაცულ უფლებას.
19. სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის 36–ე მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობაზე მსჯელობისას მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლება, დაიცვას თავისი გარდაცვლილი ოჯახის წევრის რეპუტაცია გარდაცვალების შემდეგ, ოჯახური თანაცხოვრების უფლების შემადგენელი ნაწილია. მას მიაჩნია, რომ ოჯახური კეთილდღეობა გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობასაც, დაცული იყოს ისეთი მძიმე ფორმის ფსიქიკური განცდისაგან, რაც წარმოიშობა გარდაცვლილი ადამიანის ცილისწამებით, როდესაც ამგვარი ხელყოფის უშუალო ადრესატი დამოუკიდებლად და უშუალოდ ვერ უზრუნველყოფს დარღვეული უფლების დაცვას.
20. №568 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტების, აგრეთვე 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შეზღუდვა უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და პასუხობდეს თანაზომიერების პრინციპს, რაც ამ შემთხვევაში არ არის დაცული. კანონმდებელს შეეძლო ლეგიტიმური მიზნის მიღწევა უფლებაში ჩარევის უფრო მსუბუქი ფორმის გამოყენებით.
II სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, სასამართლოს პრაქტიკაში ჩამოყალიბდა ის მოთხოვნები, რაც წაეყენება კონსტიტუციურ სარჩელს მის დასაბუთებულობასთან დაკავშირებით. სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, რომ ნებისმიერი კონსტიტუციური სარჩელი, რომლის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი განიხილება, შემოწმდეს სწორედ აღნიშნული მოთხოვნების მიხედვით.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონსტიტუციურ სარჩელში აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მის საფუძვლიანობას. ანალოგიური მოთხოვნა მეორდება საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში და გულისხმობს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი მტკიცებულებები უნდა იყოს არა ფორმალური ხასიათის, არამედ საგნობრივი და მიანიშნებდეს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ მიუთითა იმ მოთხოვნებზე, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი მტკიცებულება. უპირველეს ყოვლისა, სარჩელში მოყვანილი არგუმენტები უნდა ცხადყოფდეს, რომ მოსარჩელის კონკრეტული უფლების სავარაუდო დარღვევა სწორედ გასაჩივრებული ნორმიდან გამომდინარეობს. გარდა ამისა, მტკიცებულებები უნდა შეეხებოდეს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის ნორმას (საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის განჩინება №2/3/412. II, 8). მოსარჩელეს სწორად უნდა ჰქონდეს გაგებული საქართველოს კონსტიტუციის იმ ნორმების შინაარსი, რომლებთან მიმართებითაც ის აყენებს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხს (საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 ოქტომბრის განჩინება №2/4/420. II, 7), ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა მიანიშნებდეს სადავო ნორმის შინაარსობრივ მიმართებაზე კონსტიტუციის შესაბამის ნორმებთან.
4. №561 და№ 568 კონსტიტუციური სარჩელები, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვების “რომელშიც მოსარჩელე არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული” არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან (კონსტიტუციური სარჩელი №561), 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან და 36-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით (კონსტიტუციური სარჩელი №568), ასევე ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების “გარდაცვლილი პირის” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან (კონსტიტუციური სარჩელი №561), 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან და 36-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით (კონსტიტუციური სარჩელი №568), არ შეესაბამება ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს.
5. “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: “ცილისწამების თაობაზე სასამართლო დავის საგანი არ შეიძლება იყოს ისეთი განცხადება, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ ჯგუფს ან/და რომელშიც მოსარჩელე არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული”. მოსარჩელის აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის სადავო სიტყვების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი, მისი კონსტიტუციური უფლებების დარღვევის გამომწვევი პრობლემა “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონში მაინც დარჩება სწორედ ამავე მუხლის მე-3 პუნქტის გასაჩივრებული დებულების ძალით, ვინაიდან ის ადგენს ზოგადი ქცევის წესს, რომელიც უკრძალავს ნებისმიერ პირს, იდავოს სასამართლოში, თუ ცილისმწამებლურ განცხადებაში ის პირდაპირ არ არის მოხსენიებული. შესაბამისად, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გარდაცვლილის ახლობელი ვერ იდავებს სასამართლოში, ვინაიდან სავარაუდო ცილისმწამებლურ განცხადებაში მოხსენიებული იქნება არა მოსარჩელე, არამედ გარდაცვლილი პირი, რომლის პატივსა და ღირსებასაც მოსარჩელე იცავს.
6. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის ამ მოსაზრებას. “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ერთმანეთისგან განსხვავებულ სამართლებრივ ურთიერთობებს აწესრიგებენ, შესაბამისად, მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები ვერ ჩაანაცვლებს მე-4 პუნქტით დადგენილ რეგულაციას. გარდაცვლილი პირის პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის აკრძალვა, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ აღწერილი პრობლემა გამომდინარეობს უშუალოს მე-6 მუხლის მე-4 პუნქტიდან. ეს საკითხი სწორედ ამ ნორმის რეგულირების საგანია, რასაც ასევე მოწმობს იური ვაზაგაშვილისა და ციალა შანავას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 მაისის განჩინება №2/7035-13, რომლითაც სასამართლომ “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტზე დაყრდნობით არ მიიღო წარმოებაში გარდაცვლილი ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლების სარჩელი.
7. “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის სადავო დებულების ზოგადი მოთხოვნაა, რომ ცილისწამების თაობაზე დავის წარმოების შესაძლებლობისთვის მოსარჩელე წარმოადგენდეს სავარაუდო ცილისმწამებლური განცხადების ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებად სუბიექტს. ამ ნორმის რეგულირების საგანს და მიზანს არ წარმოადგენს გარდაცვლილის პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის ფარგლებისა თუ ასეთ დავაზე სავარაუდოდ უფლებამოსილი პირების განსაზღვრა, ან ასეთი შესაძლებლობის საერთოდ აკრძალვა.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი არ უკავშირდება მოსარჩელის მიერ აღწერილ პრობლემებს და ვერც მისი კონსტიტუციური უფლების/უფლებების დარღვევას გამოიწვევს. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი - კონსტიტუციური სარჩელი ფორმით და შინაარსით არ შეესაბამება ამავე კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
9. №561 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ითხოვს “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების “გარდაცვლილი პირის” არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, რომლის თანახმად: “ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება”. დამოუკიდებლად იმისგან, როგორია ამ უფლების ფარგლები, ის თავისი არსით მიემართება პიროვნების პირადი ავტონომიის სფეროს შემდგომი განვითარების შესაძლებლობებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ უფლების მიზანმიმართულებიდან გამომდინარე, პირის გარდაცვალების შემდეგ ეს უფლება ვერ გადავა სხვა პირებზე და ვერ გახდება მათი სარგებლობისაათუ დაცვის საგანი, ვინაიდან კონსტიტუციის მე-16 მუხლი არის გარანტია თითოეული ადამიანისთვის, თავისუფლად განავითაროს საკუთარი პიროვნება. შესაბამისად, არ არსებობს სადავო ნორმის მიმართება კონსტიტუციის მე-16 მუხლთან.
10. №568 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ითხოვს “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების “გარდაცვლილი პირის” არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, რომლის თანახმად: “დაცვის უფლება გარანტირებულია”. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეზე საკმაოდ ვრცლად განმარტა დასახელებული კონსტიტუციური ნორმით დაცული უფლების შინაარსი, ფარგლები, რაზეც მოსარჩელეც მიუთითებს №568 კონსტიტუციურ სარჩელში (2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/3/393,397 საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №1/2/503,513 საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები – ლევან იზორია და დავით-მიხეილ შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”). თუმცა, იმავდროულად, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არგუმენტები, რომლებიც დაასაბუთებდა სადავო ნორმის მიმართებას კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის სწორედ ასეთ შინაარსთან. ამ თვალსაზრისით, სარჩელში მოყვანილი არგუმენტაცია იდენტურია სადავო ნორმის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართების გამამყარებელი არგუმენტაციისა. “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტს უდავოდ აქვს მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან, რომელიც არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება, მაგრამ, იმავდროულად, თავისი არსით არ არის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის შინაარსის იდენტური. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებელია, ვინაიდან არ შეიცავს მტკიცებულებებს, რომლებიც დაასაბუთებდა სადავო ნორმის მიმართებას კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან და მოსარჩელის კონსტიტუციის სწორედ ამ ნორმით დაცული უფლების დარღვევას.
11. მოსარჩელე №568 კონსტიტუციურ სარჩელში ასევე ითხოვს “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების “გარდაცვლილი პირის” არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, რომლის თანახმად: “სახელმწიფო ხელს უწობს ოჯახის კეთილდღეობას”. მოცემულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო არ დგას კონსტიტუციის ამ ნორმის სრულყოფილი განმარტების აუცილებლობისა და საჭიროების წინაშე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელე ზედმეტად განაზოგადებს მას. მოსარჩელის არგუმენტაციის გაზიარების შემთხვევაში, თუ ამ ნორმას დავუკარგავთ კონკრეტული უფლებრივი სფეროს რეგულირების მიზანს, მან შესაძლოა მოიცვას ფუნდამენტური უფლებების აბსოლუტური უმრავლესობა, რომელთა დაცვის სფერო და ფარგლები ერთმანეთისგან განსხვავებულია. ბუნებრივია, ერთი და იგივე სამართლებრივი ურთიერთობა შესაძლოა კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლით დაცულ სფეროში მოექცეს, ისევე, როგორც კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებით დაცული სფეროები გარკვეულწილად ფარავდეს (მოიცავდეს) ერთმანეთს. თუმცა, კონსტიტუციის განსხვავებული ნორმებით დაცული უფლებების ფარგლების ხელოვნური გაფართოება, უფლებებს შორის კონსტიტუციით გავლებული ზღვრის წაშლა, ვერც უფლების დაცვას მოემსახურება და ვერც კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს უზრუნველყოფს.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №568 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების “გარდაცვლილი პირის” არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი – კონსტიტუციური სარჩელი ფორმით და შინაარსით არ შეესაბამება ამავე კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
13. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების “გარდაცვლილი პირის” არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან (კონსტიტუციური სარჩელი №561) და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით (კონსტიტუციური სარჩელი №568), საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებას ორივე მუხლთან მიმართებით.
14. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სამართლიანი სასამართლოს უფლება ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა და, ამ გაგებით, ის ინსტრუმენტული უფლებაა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II, 1). სასამართლომ აღნიშნა, რომ „...ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. შესაბამისად, უფლება-თავისუფლებების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვა ან არათანაზომიერი შეზღუდვა არღვევს არა მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არამედ, იმავდროულად, შეიცავს საფრთხეს თავად იმ უფლების უგულებელყოფისა, რომლის დასაცავადაც სასამართლოსადმი მიმართვაა აკრძალული (შეზღუდული)” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება №1/466 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 14). მაგრამ სამართლიანი სასამართლოს უფლება, იმავდროულად, არ არის თითოეული ამ უფლების შემადგენელი უფლებრივი კომპონენტი. სწორედ ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლო, სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის უშუალოდ 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართების შემთხვევაში, სარჩელს არ იღებს არსებითად განსახილველად კონსტიტუციის იმ მუხლებთან მიმართებით, რომელთა სავარაუდო დაცვისთვისაც პირს სადავო ნორმა სასამართლოსადმი მიმართვას უზღუდავს. თუმცა, როდესაც სადავო ნორმის შინაარსი, რეგულირების საგანი არის სწორედ (უშუალოდ) კონკრეტული უფლების სასამართლოს გზით დაცვის შესაძლებლობების განსაზღვრა, მით უფრო, თუ გასაჩივრებული დებულება ადგენს ამ უფლების დაცვის აკრძალვას, ამასთან, როდესაც სამართლიანი სასამართლოს უფლების ფარგლების განსაზღვრა და მისი შეზღუდვის თანაზომიერების შეფასება ორგანულად არის დაკავშირებული დასაცავი უფლების შინაარსსა და ფარგლებთან, ასეთ დროს აშკარაა სადავო ნორმის მიმართება კონკრეტული უფლების მარეგლამენტირებელ კონსიტუციის ნორმასთანაც.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელები სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების “გარდაცვლილი პირის” არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან (კონსტიტუციური სარჩელი №561) და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით (კონსტიტუციური სარჩელი №568), აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ არსებობს მათი არსებითად განსახილველად არმიღების “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი.
III სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 25–ე მუხლის მე–5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის მე–5 და მე–8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 და მე–18 მუხლების, 21–ე მუხლის პირველი პუნქტის და 22–ე მუხლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30–ე და 31–ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №561 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების “გარდაცვლილი პირის” არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №568 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების “გარდაცვლილი პირის” არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №561 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: ა) “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვების “რომელშიც მოსარჩელე არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული” არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ)“სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების “გარდაცვლილი პირის” არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით;
4. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №568 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: ა)“სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვების “...რომელშიც მოსარჩელე არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული” არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტთან, ასევე 42-ე მუხლის პიველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით; ბ)“სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების “გარდაცვლილი პირის” არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხილის მე-2 პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით;
5. №561 და №568 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
6. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
7. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
8. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
9. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი