საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 561 |
ავტორ(ებ)ი | იური ვაზაგაშვილი |
თარიღი | 25 ივლისი 2013 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
2013 წლის 24 მაისს მოსარჩელე იური ვაზაგაშვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. მათ სარჩელში მოპასუხედ დაასახელეს მიხეილ სააკაშვილი. მოსარჩელე მოპასუხისაგან მოითხოვდნენ ტელეკომპანიებზე: საზოგადოებრივი მაუწყებელი, ,,მეცხრე არხი,” ,,რუსთავი-2,” ,,მაესტრო,” ,,იმედი” საღამოს 18:00 სთ-დან 23:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ასევე მიხეილ სააკაშვილის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, ასევე ინტერენეტგამოცემებში: "www.news.ge," ,,www.geonevs.ge,""www.epn.ge," ,,www.palitratv.ge" თითო საჯარო განცხადებით უარეყო 2013 წლის 10 მაისს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გაკეთებული შემდეგი განცხადება: ,,ვაზაგაშვილს (მოსარჩელეების გარდაცვლილი ვაჟი) ჰქონდა ორი ავტომატი და მიდიოდა სხვების დასახოცად.” მოსარჩელის ვაჟი, ზურაბ ვაზაგაშვილი დაიღუპა იმ სპეცოპერაციის შედეგად, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის განცხადებაში საუბრობდა. მოსარჩელეებს მიაჩნდათ, რომ მოპასუხე მიხეილ სააკაშვილის განცხადება იყო ცილისმწამებლური. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ (მოსამართლე ასმათ კოხრეიძე) 2013 წლის 29 მაისის განჩინებით #2/7035-13 საქმეზე არ მიიღო იური ვაზაგაშვილისა და ციალა შანავას სარჩელი წარმოებაში. სხვა მიზეზებთან ერთად, უარის საფუძველი გახდა აღნიშნულ საქმეში სადავოდ ქცეული ნორმა. სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულია: ,,სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა კანონის ნორმათა კოლიზია - ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონი კრძალავს გარდაცვლილი პირის მაგივრად სარჩელის წარდგენის შესაძლებლობას, ხოლო სამოქალაქო კოდექსი უშვებს გარდაცვლილი პირის ნაცვლად სარჩელის შეტანას იმ პირის მიერ, ვისაც საამისო ღირსი ინტერესი გააჩნია. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს. ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონი მიღებული იქნა 2004 წლის 24 ივნისს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი -1997 წლის 26 ივნისს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი შემთხვევა ექცევა ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონის მოქმედების სფეროში.” მოსარჩელე უფლებამოსილია, საკონსტიტუციო სასამართლოში იდავოს მისი გარდაცვლილი შვილის პატივის, ღირსების და პიროვნული განვითარების უფლების დასაცავად. გერმანიის უზენაესი სასამართლოს თანახმად, სარჩელის შეტანის უფლება ჰქონდათ იმათ, ვისაც გარდაცვლილი ამის გაკეთებას სთხოვდა, ცოცხალი რომ ყოფილიყო. გერმანიის უზენაესი სასამართლოს პოზიციით ასეთი პირები ჩვეულებრივ შეიძლება ყოფილიყვნენ გარდაცვლილის ახლო ნათესავები და არ არის აუცილებელი ისინი ყოფილიყვნენ გარდაცვლილის მემკვიდრეები. მთავარია, რომ ამ მესამე პირებს ჰქონდეთ ინტერესი, რაც ამართლებს მათი უფლების სასამართლო წესით დაცვას თუკი ადამიანი გარდაცვლილია და მისი პირადი ცხოვრების დაცვა გრძელდება გარდაცვალებიდან გონივრულ ვადაში, იმისათვის, რომ ეს უფლება არ იყოს თეორიული ან ილუზორული, საჭიროა მოხდეს ამ უფლების სასამართლო წესით დაცვა. გარდაცვლილის ახლობლები ყველაზე მეტად არიან დაინტერესებული, დაიცვან გარდაცვლილი ადამიანის რეპუტაცია. ამ საქმეში მოსარჩელეს წარმოადგენენ ზურაბ ვაზაგაშვილის ყველაზე ახლობელი ადამიანი, მისი მამა. თუკი ზურაბ ვაზაგაშვილის ან ნებისმიერი სხვა ადამიანის კონსტიტუციური უფლებები გარდაცვალების შემდეგ ძალაშია, მაშინ არავითარი საფუძველი არ არსებობს იმისათვის, რომ იური ვაზაგაშვილი არაუფლებამოსილ მოსარჩელედ იქნეს მიჩნეული. ამგვარად, დაცულია ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნები და არ არსებობს აღნიშნული სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. სადავო ნორმების არსისადავო ნორმები გამორიცხავს სასამართლოში გარდაცვლილი პირის პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვას. კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ამ აკრძალვას პირდაპირ აწესებს, რაც შეეხება იმავე მუხლის მე-3 პუნქტს, ეს არის შედარებით ზოგადი ქცევის წესის დამდგენი ნორმა, რომელიც უკრძალავს ნებისმიერ პირს, არ იდავოს სასამართლოში, თუ ცილისმწამებლურ განცხადებაში ის პირდაპირ არ არის მოხსენიებული. იმ შემთხვევაში თუ მე-4 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობა მოხდება , გარდაცვლილი პირის პატივისა და ღირსების დასაცავად შეტანილ სარჩელებთან დაკავშირებულ ურთიერთობას დაარეგულირებს მე-3 პუნქტი. გარდაცვლილის ახლობელს აეკრძალება, სასამართლო დავის წარმოება მხოლოდ იმიტომ, რომ სავარაუდო ცილისმწამებლურ განცხადებაში მოხსენიებულია არა მოსარჩელე, არამედ გარდაცვლილი პირი, რომლის პატივსა და ღირსებასაც მოსარჩელე იცავს. ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ორივე გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობაზე. 2. პიროვნული თვითგანვითარების უფლება, პატივი და ღირსება, როგორც პირადი ცხოვრების უფლებით დაცული კომპონენტებიადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა საქმე ფაიფერი ავსტრიის წინააღმდეგ (http://hudoc.echr.coe.int/sites/eng/pages/search.aspx?i=001-83294). ეს უკანასკნელი იყო გამოხამაურება მეცნიერის მიერ ჩადენილ თვითმკვლელობასთან დაკავშირებით. ეს მეცნიერი თავის სიცოცხლეში აცხადებდა, რომ ებრაელებმა გერმანელებს გამოუცხადეს ომი, ასევე აუბრალოებდა ნაცისტების მიერ ჩადენილ დანაშაულს. ჟურნალისტმა ფაიფერმა გააკრიტიკა მეცნიერის მოსაზრებები, რის შემდეგაც ამ მეცნიერმა თავი მოიკლა. ამის შემდეგ თავისუფლების პარტიის წევრმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ჟურნალისტი ფაიფერს პროფესორის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშულებდა და მას პროფესორზე ,,მონადირეთა ჯგუფის წევრს” უწოდებდა. ფაიფერმა თავისი რეპუტაციის დასაცავად მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რეპუტაცია მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს, ეს უკანასკნელი იმავდროულად ქმნის პირადი ცხოვრების უფლების ნაწილს. როგორც სასამართლომ ფაიფერის გადაწყვეტილების 33-ე პარაგრაფში განაცხადა: პირადი ცხოვრების უფლება ვრცელდება ისეთ ასპექტზე, რომელიც შეხებაშია ადამიანის პერსონალურ იდენტობასთან, ისეთთან როგორიცაა ადამიანის სახელი და ფოტოსურათი. პირადი ცხოვრება ასევე მოიცავს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ ხელშეუხებლობას. კონვენციის მე-8 მუხლით დადგენილი გარანტია მიზნად ისახავს, უზრუნველყოს ადამიანის პიროვნული განვითარება მის პიროვნებაში გარეგანი ჩარევის გარეშე. პირადი ცხოვრება ასევე იცავს ინდივიდის ურთიერთობას სხვა პირებთან. ზონა, სადაც ადამიანური ურთიერთობები ვითარდება, მათ შორის საზოგადოებრივ სფეროში, მოცულია ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებით. ამავე გადაწყვეტილების 35-ე პარაგრაფში სასამართლომ აღნიშნა, რომ ფაიფერის საქმეში განხილვის საგანს წარმოადგენს გამოხატვა, რაც ზემოქმედებას ახდენს ადამიანის რეპუტაციაზე. კონვენციის ორგანოების პრეცედენტული სამართლით ყოველთვის აღიარებული იყო, რომ პიროვნების უფლებაზე - დაეცვა თავისი რეპუტაცია, ვრცელდება კონვენციის მე-8 მუხლით და შეადგენდა პირადი ცხოვრების უფლების ნაწილს. იმ საქმეებში, რაც შეტანილი იყო კონვენციის მე-10 მუხლით, სასამართლომ დაადგინა, რომ ადამიანის რეპუტაცია, რაზედაც გავლენას ახდენდა გაკეთებული განცხადება, დაცული იყო კონვენციის მე-8 მუხლით. რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში ალექსანდრე მაჭარაშვილი და დავით სართანია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაში განაცხადა, რომ ,,შეცდომა იქნებოდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების მთელი შინაარსის მხოლოდ მე-20 მუხლით შემოფარგვლა. პირადი ცხოვრების შემადგენელი ცალკეული უფლებრივი კომპონენტები დაცულია საქართველოს კონსტიტუციის არაერთი მუხლით, როგორებიცაა : 41 ; 16 ; 17.... – მორალური ხელშეუხებლობა.” ამგვარად, პირადი ცხოვრების უფლების კომპონენტები, რომლებშიც, მოცემულ შემთხვევაში შესაძლოა მომხდარიყო შეჭრა, არის მე-16 მუხლით დაცული პიროვნული განვითარების უფლებასა და მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლებაში. კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებულია საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ეს უფლება უზრუნველყოფს ყველა ადამიანის ღირსების დაცვას და მისი პიროვნების თავისუფალ განვითარებას. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, პირველ რიგში, იცავს არამატერიალურ ინტერესებს, ინდივიდის ღირებულებას და მის პატივისცემას. ინდივიდის ღირსების პატივისცემა, მისი პიროვნების თავისუფალი განვითარება მოითხოვს პირისათვის ისეთი დაცვის საშუალებების მინიჭებას, რითაც ის წინ აღუდგება მისი ღირსების შელახვას. ადამიანის ღირსებისა და პიროვნული განვითარების უფლება მოითხოვს სახელმწიფოსგან, მისცეს პირს შესაძლებლობა, სასამართლოში საკუთარი უფლების დაცვით უპასუხოს მის მიმართ საჯაროდ გამოთქმულ ცილისმწამებლურ შეხედულებებს და სინამდვილესთან შეუსაბამო განცხადებებს. ) გარდა მე-16 მუხლისა, გარდაცვლილი ადამიანის რეპუტაციას იცავს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტიც. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების 30-ე პარაგრაფში განაცხადა, რომ კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული პატივისა და ღირსების განმარტებისათვის ვერ იქნება ამოსავალი წერტილი ამ ცნების სამოქალაქო-სამართლებრივი გაგება. სასამართლომ განაცხადა, რომ ,,კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ნორმის შესაბამისად, მთავარი ღირებულება არის ადამიანი, როგორც თვითმყოფადი, თავისუფალი და სხვა ადამიანების თანასწორი სუბიექტი. ადამიანის ღირსების დაცვა არის ის, რაც უპირობოდ ეკუთვნის ყველა ადამიანს სახელმწიფოსაგან. ღირსებაში იგულისხმება სოციალური მოთხოვნა სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის რესპექტირებაზე. ღირსება ადამიანს აქვს იქედან გამომდინარე, რომ ის ადამიანია...” საკონსტიტუციო სასამართლომ მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილების 31-ე პარაგრაფით დაადგინა, რომ მე-17 მუხლი დაირღვევა მაშინ, როცა ამ უფლებით დაცული სუბიექტის დამცირება, მიზნის მისაღწევად პირის საშუალებად გამოყენება ხდება. ცხადია, ცილისწამება ამცირებს ადამიანს. აქ საინტერესოა ის, რომ მე-17 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, მხოლოდ სახელმწიფოს ეკისრება სხვა ადამიანის მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენებისაგან თავის შეკავება თუ სახელმწიფო ასევე ვალდებულია, არ დაუშვას კერძო ადამიანის მიერ სხვა პირის დამცირება? ამასთან დაკავშირებით პასუხი უნდა მივიღოთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან საქმეზე ფაიფერი ავსტრიის წინააღმდეგ. აღნიშნული გადაწყვეტილების 37-ე მუხლში აღნიშნულია: ,,სასამართლო იმეორებს, რომ მართალია მე-8 მუხლი, რომელიც ინდივიდებს იცავს საჯარო ხელისუფლებს თვითნებური ჩარევისაგან, მხოლოდ იმას არ აიძულებს სახელმწიფოს, რომ თავად თავი შეიკავოს პირად ცხოვრებაში ჩარევისაგან. ამ ნეგატიურ ვალდებულებასთან ერთად შესაძლოა არსებობდეს პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებიდან გამომდინარე პოზიტიური ვალდებულება. ეს უკანასკნელი შესაძლოა მოიცავდეს, ისეთი ღონისძიების გამოყენებას, რაც მიზნად ისახავს, პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დაცვას თვით ინდივიდების ურთიერთობის პროცესში.” 3. ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და პირად ცხოვრებას შორისადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ფაიფერი ავსტრიის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების 44-ე პარაგრაფში განაცხადა, რომ პრესა თამაშობს არსებით როლს დემოკრატიულ საზოგადოებაში. მართალია მან არ უნდა გადალახოს განსაზღვრული საზღვრები, რაც დაწესებულია სხვათა რეპუტაციის და უფლების დასაცავად, მის მოვალეობას წარმოადგენს ინფორმაციის გავრცელება თავისი ვალდებულების და პასუხისმგებლობის შესაბამისად საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ინფორმაციასა და აზრებთან დაკავშირებით. ჟურნალისტური თავისუფლება თავის თავში მოიცავს გაზვიადებას და პროვოკაციას. პოლიტიკურ დებატებთან დაკავშირებით პრესის თავისუფლების ზოგად პრინციპებს ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული სამართალი. ის ადგენს, რომ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით ძალიან პატარა ადგილია პოლიტიკურ სიტყვის და საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე შეზღუდვის დაწესებისათვის. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ფაიფერი ავსტრიის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაში განაცხადა, რომ გამოხატვის ავტორმა გადალახა სხვისი რეპუტაციის დასაცავად დაწესებული საზღვრები, როცა თავისი განცხადებით, დაადანაშაულა სხვა პირი თვითმკვლელობამდე მიყვანაში. ამასთან, ადმიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა ის გარემოება, რომ ცილისმწამებლური განცხადების ადრესატის, ასევე თავად განცხადებაში მოყვანილი საკითხის მიმართ არსებობდა საზოგადოებრივი ინტერესი. ამ საქმეში ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების შემცველ რეპუტაციას ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პრიორიტეტი მიანიჭა გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებაში. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციის 24-ე მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება უნდა დაბალანსდეს კონსტიტუციის მე-16 და მე-17 მუხლებით გარანტირებული გარდაცვლილი პირის პატივი და ღირსების დაცვის პიროვნული უფლებით. მომდევნო თავებში განვიხილავთ გამოხატვის თავისუფლებასა და გარდაცვლილი ადამიანის პირად ცხოვრებას შორის ბალანსის მიღწევის კონკრეტულ საშუალებებს. 4. დაცულია თუ არა გარდაცვლილი პირის პიროვნული უფლებები კონსტიტუციით?ამ კითხვაზე პასუხი გასცა გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლო ცნობილ მეფისტოს საქმეზე. აღნიშნულ საქმეში გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლება აზრს დაკარგავდა, თუკი ვინმეს ექნებოდა ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთების შესაძლებლობა ადამიანის გარდაცვალების შემდეგ. ადამიანის ცხოვრებისეული ეპიზოდები, მისი ვიზუალური გამოსახულება დაცული უნდა იყოს გაყალბებისაგან. დაუშვებელია მისი დამცირება ან მისი მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენება, როგორც სიცოცხლეში, ასევე მისი გარდაცვალების შემდეგ. მართალია, ცოცხლად მყოფი და გარდაცვლილი ადამიანის პიროვნული უფლებების დაცვის ფარგლები ერთმანეთისაგან განსხვავებულია, თუმცა არც იმის თქმა შეიძლება, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-16 და მე-17 მუხლი სრულად წყვეტს მოქმედებას გარდაცვლილ პირთან მიმართებაში მისი ცხოვრების ცალკეული ეპიზოდთან დაკავშირებული სიყალბის და გარდაცვლილი ადამიანის პატიოსანი სახელის დაცვის ნაწილში. გამოხატვის თავისუფლებასთან კოლიზია იმაზე მეტად ზღუდავს გარდაცვლილი პირის მე-16 და მე-17 მუხლით დაცულ სიკეთეებს ვიდრე ეს ცოცხალ პირთან მიმართებაში შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს შეზღუდვა არ შეიძლება ისე შორს წავიდეს, რომ გარდაცვლილი ადამიანის პატივისა და ღირსების დაცვა ნულოვან ნიშნულს გაუთანაბდეს. სადავო ნორმების პრობლემაც სწორედ იმაში მდგომარეობს, ის არაფრისმთქმელად აქცევს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, დაიცვას ადამიანის პირადი ცხოვრება. სადავო ნორმა პირდაპირ კრძალავს გარდაცვლილი პირის კონსტიტუციის მე-16 და მე-17 მუხლებით გარანტირებული უფლების დასაცავად საქმის ინცირებასაც კი. კანონმდებელს კონსტიტუციის 24- მუხლისათვის დაცული უფლებისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გარეშე, შეეძლო არა დასაწყისშივე მოეკლა გარდაცვლილი პირის პატივისა და ღირსების დაცვის ძალისხმევა, არამედ დაედგინა ცოცხალი პირის იმავე უფლებისაგან დაცვისაგან განსხვავებული სტანდარტი, რაც სიტყვის თავისუფლებაზე უფრო ნაკლებად შემზღუდველი იქნებოდა, მაგრამ იმავდროულად ძალაში დარჩებოდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება - დაეცვა გარდაცვლილი პირის პატივი და ღირსება სასამართლო წესით. მართალია, ეს საკითხი დავის საგანს სცილდება, თუმცა როდესაც ვამბობთ, რომ გარდაცვლილი ადამიანის ღირსების დაცვა მის ცხოვრებაზე სინამდვილესთან შეუსაბამო ფაქტების გავრცელებისაგან აღკვეთაზე ნულოვან ნიშნულზე არის ჩამოსული, ვგულისმობთ იმასაც, რომ ასევე არ არსებობს ამ სიკეთის დაცვის არასასამართლო საშუალებებიც. ,,მაუწყებლობის შესახებ” კანონი, რომლის მოქმედების არეალი შეზღუდულია ტელევიზიებით და რადიოსადგურებით, შესაბამისად არ ვრცელდება ინტერნეტზე, ჟურნალ-გაზეთებზე, შეკრებებსა და მანიფესტაციებზე ან ინფორმაციის გაცვლის სხვა ფორუმებზე, 52-ე მუხლით ადგენს ჯეროვანი სიზუსტის ვალდებულებას. ეს უკანასკნელი გულისხმობს იმას, რომ მაუწყებლები ვალდებულნი არიან, მიიღონ ყველა ზომა პროგრამაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტის უზრუნველსაყოფად და შეასწორონ შეცდომები. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის შესწორების ვალდებულება არსებობს თუ მომჩივანი არ არის განცხადებაში ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული. ამგვარად, გარდაცვლილი პირის ღირსებისა და პიროვნული განვითარების უფლების დასაცავად ეს შეზღუდული საშუალებაც კი ხელმიუწვდომელია. შესაბამისად, მოპასუხე მხარე სადავო ნორმით დადგენილი აკრძალვის გასამართლებლად ვერ მიუთითებს იმაზე, რომ გარდაცვლილი ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის დასაცავად არსებობს სხვა უფრო მსუბუქი, თუნდაც მოქმედების არეალის თვალსაზრისით შეზღუდული საშუალება, რაც გამოდგება გარდაცვლილი ადამიანის პიროვნული უფლების დასაცავად. 5. უნდა იწვევდეს თუ არა გარდაცვლილი პირის ცილისწამება ფულად კომპენსაციას?,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ მოპასუხე კანონით დადგენილ ვადაში განახორციელებს შესწორებას ან უარყოფას, მაგრამ შესწორების ან უარყოფის გამოქვეყნება არ არის საკმარისი ცილისწამებით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის, მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს მოსარჩელისათვის მიყენებული ქონებრივი ან/და არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება. თუკი მოპასუხე შესწორებას ან უარყოფას არ განახორციელებს, მოქმედებს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული წესი. ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ქონებრივი ანაზღაურების საკითხს აწესრიგებს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილი. სამოქალაქო კოდექსის მე-19 მუხლი გარდაცვლილ ადამიანის პირად არაქონებრივ უფლების დაცვასთან დაკავშირებით ავრცელებდა თითქმის იგივე სამართლებრივ რეჟიმს, რაც ცოცხალთან დაკავშირებით. ერთადერთი განსხვავებული წესი დადგენილია მე-19 მუხლის ბოლო წინადადებით, რაც კრძალავდა სახელის, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის მიყენებული მორალური ზიანის ქონებრივ ანაზღაურებას. ეს ნორმა უშვებდა ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას, ასევე გავრცელებული ცნობების უარყოფას სასამართლოს გადაწყვეტილებით. მართალია, ტექნიკურად სამოქალაქო კოდექსის მე-19 მუხლი დღემდე ძალაშია, თუმცა ამ მუხლით რეგულირებული საზოგადოებრივი ურთიერთობები მთლიანად ჩანაცვლებულია სადავო ნორმით, როგორც უფრო გვიან მიღებული ნორმატიული აქტით. სადავო ნორმა კი არა მხოლოდ მორალური ზიანის ქონებრივ ანაზღაურებას არ უშვებს გარდაცვლილი ადამიანის ცილისწამებისათვის, არამედ ასევე კრძალავს, მოპასუხისათვის გავრცელებული ცნობების უარყოფის ვალდებულების დაკისრებას და ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას. ამგვარად, გარდაცვლილი ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების დარღვევისათვის მორალური ზიანის ანაზღაურება სადავო ნორმატიული აქტის მიღებამდე მოქმედი კანონმდებლობით იყო აკრძალული. სადავო ნორმამ გააფართოვა გარდაცვლილ პირთან მიმართებაში ნებისმიერი ფინანსური კომპენსაციის მოთხოვნის აკრძალვის ფარგლები. გერმანიის ფედერალური უზენაესი სასამართლო არ გასცემს კომპენსაციას გარდაცვლილი პირის ცილისწამებისათვის, ვინაიდან გარდაცვლილ ადამიანს არ ადგება ტკივილი და ტანჯვა ცილისმწამებლური განცხადების შედეგად, შესაბამისად, ფულადი ანაზღაურების გზით ის ვერ მოიშორებს ცილისმწამებლური განცხადებით გამოწვეულ ტკივილსა და სულიერ ტანჯვას . გარდაცვლილის ნათესავები შესაძლოა განიცდიდნენ სულიერ ტკივილს ცილისწამების გამო, თუმცა ისინი სასამართლოში იცავენ არა საკუთარ, არამედ გარდაცვლილი ნათესავის შელახულ პირადი ცხოვრების უფლებას. სულიერი ტანჯვა, რომლიც კომპენსაციის განმსაზღვრელია, მხოლოდ მაშინ არის სამართლებრივად რელევანტური, როდესაც ის შეეხება განცხადების ადრესატს. შესაძლოა, გარდაცვლილის ნათესავის ტანჯვის ხარისხი უფრო მძიმე იყოს, ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდა, გარდაცვლილი პირი ცოცხალი რომ ყოფილიყო და ცილისმწამებლური განცხადება მოესმინა, ვინაიდან სასამართლოსათვის ამოსავალი წერტილი თავად გარდაცვლილი პირი და არა მოსარჩელეა, უფლებაშელახული პირის ნათესავის ფსიქოლოგიური განცდები, არ უნდა იყოს სასამართლოსათვის მნიშვნელოვანი. ივარაუდება, რომ ნათესავი გარდაცვლილი პირის აგენტია, მოქმედებს მისი ინტერესებისთვის და მის სასარგებლოდ, არ გააჩნია გარდაცვლილი პირისაგან დამოუკიდებელი ინტერესი, შესაბამისად, მოსარჩელის პიროვნული მდგომარეობა არ უნდა იყოს დავის საგნის შინაარსის განმსაზღვრელი. აქედან გამომდინარე, დაუსაბუთებელია ცილისწამებით განცდილი ტკივილისათვის კომპენსაციის უფლების მინიჭება გარდაცვლილი ადამიანის ნათესავისათვის. ადამიანის პატიოსანი სახელი ხშირად განსაზღვრული ქონებრივი სიკეთის მიღებასთან არის დაკავშირებული. ადამიანის ღირსების შელახვა, რაც ზიანს აყენებს მის რეპუტაციას და რიყავს მას საზოგადოებისაგან, იმავადროულად ღირსებააყრილ პირს არახელსაყრელ ფინანსური ტვირთს აკისრებს. ცხოვრებსათვის აუცილებელი სარჩოს დაკარგვა ხშირად ადამიანის ღირსების შელახვის თანმდევი მოვლენაა. ცრუ ინფორმაცია პირის გადახდისუუნარობის თაობაზე უბიძგებს საბანკო დაწესებულებებს, არ გასცენ კრედიტი ამგვარი განცხადების ადრესატზე. გარდაცვლილი პირის მიმართ ვერ დადგება ამგვარი უარყოფითი ქონებრივი შედეგები. ადამიანის ცუდი რეპუტაცია ძნელად თუ მოახდენს გავლენას ამ პირის ნათესავების შესაძლებლობაზე, სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღონ კომერციულ გარიგებებში და ხელი მიუწვდებოდეთ საარსებო საშუალებებზე. იმ შემთხვევაში თუ ცილისმწამებლური განცხადება გარდაცვლილთან ერთად უკავშირდება მის ცოცხლად დარჩენილ ნათესავსაც, ასეთ შემთხვევაში კონსტიტუციური პრობლემა არ იარსებებს, ვინაიდან სასამართლოში პირი იდავებს არა სხვისი, არამედ საკუთარი პატივისი და ღირსების დასაცავად. ამიტომ მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციასთან შეუსაბამო იქნებოდა გარდაცლილი ადამიანის პატივისა და ღირსების ხელყოფისათვის გამოხატვის ავტორსათვის ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ტოლსტოი მილოსლავსკი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ განაცხადა, რომ ფულად კომპენსაციის არაპროპორციულად მაღალი ოდენობა შესაძლოა გახდეს გამოხატვის თავისუფლებაზე დარღვევის საფუძველი (50-51 პარაგრაფები http://hudoc.echr.coe.int/sites/eng/pages/search.aspx?i=001-57947). გარდაცვლილი პირის რეპუტაციის შელახვისათვის ფინანსური კომპენსაციის შემოღება საპირისპირო მიმართულებით ამოატრიალებდა გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ დარღვეულ ბალანსს. 6. გავრცელებული ცნობების უარყოფის ან შესწორების ვალდებულების დაკისრებამართალია, გამოხატვის და პრესის თავისუფლება განსაკუთრებულ როლს ასრულებს დემოკრატიულ საზოგადოებაში და ნებისმიერმა სასამართლო ჩარევამ შესაძლოა ,,მსუსხავი ეფექტი” გამოიწვიოს პრესის თავისუფლებაზე, ამის მიუხედავად, ადამიანის პირადი ცხოვრების და მისი პატიოსანი სახელის დაცვა ”ასახავს არც მეტი, არც ნაკლები ყველა ადამიანის პატივისა და ღირსების მნიშვნელოვან კონცეფციას, რასაც ეფუძნება საზოგადოება, რომელიც თავისუფლების წესრიგით იმართება.” (აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ჯერცი ველჩის წინააღმდეგ http://www.law.cornell.edu/supct/html/historics/USSC_CR_0418_0323_ZO.html) იმის ნაცვლად, რომ კანონმდებელმა ერთდროულად უზრუნველყოს ღირსების უფლების და გამოხატვის თავისუფლების დაბალანსებული თანაარსებობა, გამოხატვის თავისუფლების სახელით ახდენს არა ღირსების უფლების კონსტიტუციურ შეზღუდვას, არამედ სრულ ნიველირებას. გარდაცვლილი ადამიანის არაქონებრივი უფლებების დაცვაზე სასამართლო დავის აკრძალვა საკმაოდ ძლიერი წამალია მედიის თვითცენზურისაგან დაცვის და გამოხატვის თავისუფლების ე.წ. ,,მსუსხავი ეფექტის” თავიდან ასაცილებლად. იმავდროულად, ეს ნორმა ძალიან მაღალ საფასურს აწესებს გარდაცვლილი პირის პატიოსანი სახელის დასაცავად. მართლაც ბევრი ღირსეული გარდაცვლილი ადამიანის ახლობელი, მოკლებული იქნება, მისთვის ძვირფასი ადამიანის ხსოვნის, რაც განზრახ იქნა შებღალული, დაცვას სადავო ნორმით დაწესებული აკრძალვის პირობებში. ცილისმწამებლური ინფორმაციის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური წამალი შესაძლოა საპასუხო განცხადება იყოს. პრობლემა კი შესაძლოა ის არის, რომ გარდაცვლილის ახლობლებს შესაძლოა ხელი არ მიუწვდებოდეს იმ საჯარო ფორუმებზე, სადაც თავდაპირველი განცხადება გავრცელდა. მართალია, გავრცელებული იდეის ავკარგიანობის შეფასება არ არის სასამართლოს საქმე (აშშ-ს უზენაესი სასამართლო საქმეზე ჯელჩი ველჩის წინააღმდეგ) და ეს პირველ რიგში, საზოგადოებრივი განსჯის საგანს უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ ამისათვის საჭიროა ესა თუ ის მოსაზრება საზოგადოებრივ სამსჯავროზე, იდეათა ბაზარზე მოხვდეს. სასამართლოში საქმის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს გავრცელებული ინფორმაციის სინამდვილის სადავოდ ქცევას, საზოგადოებისათვის საწინააღმდეგო შინაარსის ინფორმაციის მიწოდებას, ამის საუკეთესო საშუალებაა. მართალია სასამართლოს უპირველესი ფუნქცია მართლმსაჯულების განხორციელებაა, თუმცა სხდომების საჯაროობის მახასიათებელი მას ინფორმაციის გავრცელების ფორუმად აქცევს. სწორედ სასამართლოს ამ მახასიათებელს გულისხმობდა აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე დუგლასი როდესაც აცხადებდა: ,,სასამართლო პროცესი საზოგადოებრივი მოვლენაა. ინფორმაცია რაც გაჟღედება სასამართლოს სხდომაზე, წარმოადგენს საზოგადოების საკუთრებას... სასამართლო პროცესზე გაჟღერებული ინფორმაცია ისევეა დაცული შეზღუდვის, შეცვლის ან ცენზურისაგან, როგორც ეს დემოკრატიული ხელისუფლების სხვა ინსტიტუტების შემთხვევაში ხდება. ” (გრეიგი ჰარნის წინააღმდეგ http://supreme.justia.com/cases/federal/us/331/367/case.html). სასამართლო პროცესზე ინფორმაციის გავრცელებას ამ ინფორმაციის საჯარო სფეროში (public domain) განთავსება უწოდა აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ვაითმა (კოქსის სამაუწყებლო კომპანია კონის წინააღმდეგ). რასაც სადავო ნორმა კრძალავს არის ის, რომ გარდაცვლილის ახლობელს უსპობს შესაძლებლობას, ხელმისაწვდომობა ჰქონდეს სასამართლოზე, როგორც ინფორმაციის გავრცელების საჯარო ფორუმზე. რა საზოგადოებრივი სარგებელიც შეიძლება ამ საკითხზე საქმის სასამართლო განხილვას ჰქონდეს არის ის, რომ სასამართლო პროცესი არის საშუალება, რომლითაც როგორც დარბაზში დამსწრე საზოგადოების, ისე მედიის მეშვეობით მის გარეთ მყოფი აუდიტორიისათვის ცნობილი ხდება სიმართლის ორი განსხვავებული ვერსია. ამით საზოგადოება მრავალმხრივ ინფორმირებული ხდება და საკითხის გარშემო დამატებითი დისკუსიისთვის ხდება ბიძგის მიცემა. ამის შემდეგ, სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილებით იმავე საზოგადოებას აქვს ასევე შესაძლებლობა, მოისმინოს თუ ერთი ისტორიის ორი ვერსიიდან რომელია სწორი. რა თქმა უნდა, სასამართლოსათვის მიმართვამდე გარდაცვლილის ღირსების დასაცავად ყველაზე ადეკვატურ საშუალებას შესაძლოა წარმოადგენდეს, არასწორი განცხადების საპასუხო განცხადების გავრცელება იმავე საშუალებით, რითაც თავდაპირველი განცხადება გავრცელდა. თუკი მედია საშუალება თანახმაა პირველადი განცხადების თანაზომადი ფორმით გამოაქვეყნოს საპასუხო განცხადება, ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებით გამოწვეული ზიანი თუ აღმოფხვრილი არა, გარკვეულწილად, შემსუბუქებული და დაბალანსებული მაინც არის. კონსტიტუცია არ უნდა იძლეოდეს გარდაცვლილი ადამიანის პატივისა და ღირსების დაცვას ამაზე უფრო შორსმიმავალი საშუალებით. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა მედისაშუალება უარს ამბობს საპასუხო განცხადების გავრცელებაზე ან სხვა დაწესებულება გარდაცვლილი ადამიანის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შესწორებაზე? სადავო ნორმა გამორიცხავს გარდაცვლილ პირთან მიმართებაში სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენების შესაძლებლობას: პირს სადავო ნორმის ძალით ესპობა შესაძლებლობა, სასამართლოს ძალით დააკისროს მედია საშუალებას შეპასუხების გამოქვეყნების ვალდებულებას ან ორგანიზაციას არასწორი მონაცემების შემცველი საბუთის გამოცვლა. ბალანსი გარდაცვლილი პირის პირად ცხოვრებასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის დაირღვეოდა, კანონმდებლს გარდაცვლილი პირების ახლობლებისათვის ზიანის ფულადი ანაზღაურების მინიჭება, მათ შორის, ყველაზე ძნელად გადასალახავი ბარიერის დაწესებითაც, რომ მიეღწია. ისეთ დიდ ,,მსუსხავ ეფექტს” არაფერი არ ახდენს გამოხატვის თავისუფლებაზე, როგორც ეს ფულად სანქციებს შეუძლიათ გააკეთონ. ფულადი კომპენსაციის გადახდის საშიშროებით მედიამ შესაძლოა თავი შეიკავოს გარდაცვლილი ადამიანის თაობაზე საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე სიმართლის თქმისგანაც კი, იმის შიშით, რომ ვერ შეძლებს სინამდვილესთან მისი შესაბამისობის დადასტურებას. სასამართლო დავა, რაც შეეხება გავრცელებული არასწორი ცნობების უარყოფას და მის ჩანაცვლებას სინამდვილესთან შესაბამისი ცნობებით, არათუ არაპროპორციულ ტვირთს არ აკისრებს გამოხატვის თავისუფლებას, არამედ ზუსტადაც ემსახურება ამ ფუნდამენტური უფლების მიზანს - საზოგადოების ინფორმირებას. სასამართლო დავა არის ინსპირირება საზოგადოებისათვის მრავალფეროვანი, ყველა მხარის პოზიციის ამსახველი ინფორმაციის მისიაღებად. სასამართლო დავა თუ ის არის გარდაცვლილი პირის შესახებ სიმართლის ძიების საშუალება და არა ცილისმწამებლის დასჯა მისთვის ფულადი საზღაურის დაკისრების გზით, გარდაცვლილის რეპუტაციის პატივისცემასთან ერთად, ასევე ემსახურება საზოგადოების ინფორმირებასაც. იმ შემთხვევაშიც კი თუ გარდაცვლილის ახლობელი წააგებს პროცესს, სასამართლო პროცესის მიმართ ყურადღების გამოწვევით მოსარჩელე მხარეს იმის შესაძლებლობა მაინც ექნება, რომ სასამართლო ფორუმის მეშვეობით საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოიტანოს სიმართლის გარდაცვლილი პირის სასარგებლო ვერსია. კანონმდებლობა ამის ნაცვლად ,,მსუსხავ ეფექტს” სწორედ გარდაცვლილის ახლობლის მიმართ ადგენს. სადავო ნორმები არა მხოლოდ უკრძალავენ ახლობლებს გარდაცვლილის პატივისა და ღირსების სასამართლო წესით დაცვას, არამედ მათ ფულადი ანაზღაურების გადახდის საფრთხის წინაშე აყენებენ. სადავო ნორმა კრძალავს რა გარდაცვლილი პირის პატივისა და ღირსების დასაცავად სასამართლოში სარჩელის შეტანას და ამ გზით სადავო საკითხზე საზოგადოების ინტერესის მიპყრობასთან ერთად სიმართლის ძიებას, ამით უსაფუძვლოდ აცხადებს მსგავსი შინაარსის სარჩელებს და ამის გამო მოსარჩელეს ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონის მე-18 მუხლით დადგენილი ფულადი სანქციის დაკისრების საფრთხის წინაშე აყენებს. გარდაცვლილის ახლობლები შესაძლოა მოერიდონ სასამართლოს გზით სიმართლის ძიებას, იმის მიუხედავად რამდენად დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებები გააჩნიათ მათი ვერსიის დასამტკიცებლად, მხოლოდ იმის გამო, რომ სადავო ნორმით გარდაცვლილი პირის არაქონებრივ უფლებაზე დავა აკრძალულია და ნებისმიერი ასეთი ტიპის სარჩელი ტოვებს მის უსაფუძვლოდ მიჩნევის შესაძლებლობას. ხშირად არაფულადი ხასიათის, სანქციებმა არანაკლებ მძიმე შედეგები შესაძლოა იქონიოს გამოხატვის თავისუფლება, ვიდრე ფულადმა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოხატვის თავისუფლების დარღვევად მიიჩნია განმცხადებლისათვის ეროვნული სასამართლოების მიერ ბოდიშის მოხდის დაკისრება საქმეში პრავავოე დელოს სარედაქციო საბჭო და შტეკელი უკრაინის წინააღმდეგ (გადაწყვეტილების 56-ე პარაგრაფი http://hudoc.echr.coe.int/sites/eng/pages/search.aspx?i=001-104685). ,,სიტყვისა და გამოხატვის შესახებ” კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით მოპასუხისათვის ბოდიშის მოხდის დაკისრება აკრძალულია. ეს უკანასკნელი არის განსაკუთრებით მძიმე ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში და ასევე აკრძალული იქნებოდა იმ შემთხვევაშიც დავის საგანი გარდაცვლილი ადამიანის პატივი და ღირსება რომ ყოფილიყო. მოქმედი კანონმდებლობამოპასუხისგან ითხოვს არა ბოდიშის მოხდას, არამედ გავრცელებული ცნობების უარყოფას, მის შესწორებას და სასამართლოს იმ გადაწყვეტილების გამოქვეყნებას, რომლითაც დასტურდება, რომ მოპასუხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება (,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი). იმის გათვალისწინებით, რომ გავრცელებული ცნობების არსებითი სიმცდარის და მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის, ხოლო თუ მოსარჩელე წარმოადგენდა საჯარო პირს, მოპასუხის მხრიდან ფაქტების მცდარობის წინასწარ ცოდნის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება და ასეთი დავის შედეგი იქნება მხოლოდ გავრცელებული ცნობების უარყოფა ან მისი შესწორება, არ მოხდება გამოხატვის თავისუფლებაში არაპროპორციული ჩარევა. ამით კი მიიღწევა გამოხატვის თავისუფლების ბალანსი გარდაცვლილი პირის პირადი ცხოვრების უფლებასთან. ამგვარად, გარდაცვლილის ნათესავისათვის გარდაცვლილი პირის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის უარყოფის ან სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოქვეყნების თაობაზე სასამართლო დავის ინიცირებით არ ხდება მოპასუხის გამოხატვის თავისუფლებაზე არაპროპორციული ტვირთის დაკისრება. თავის მხრივ, ამგვარი სასამართლო დავა ემსახურება გარდაცვლილი პირის პატივის, ღირსების და სხვა პიროვნული უფლების პატივისცემას. გარდაცვლილი პირის ამ უფლებების დაცვის მიზნით სარჩელის დაუშვებლად გამოცხადებით სადავო ნორმები არ შეესაბამებიან საქართველოს კონსტიტუციას. 6. სასარჩელო ხანდაზმულობაშემდეგი საკითხია ის თუ რამდენ ხანს შესაძლოა გარდაცვლილი პირის ღირსების დაცვა გაგრძელდეს. შეუძლებელია დაცვის პერიოდის ზუსტი განსაზღვრა. ეს დამოკიდებულია საქმის გარემოებებზე. დროთა განმავლობაში ცილისწამების შედეგების სიმძიმე კლებულობს. გარდაცვლილი ადამიანი საზოგადოებას ავიწყდება და შესაბამისად, შეუძლებელი ხდება მისი პატივისა და ღირსების შელახვა. ამასთან დროის გასვლასთან ერთად რთულია წარსული მოვლენების სრული და სწორი აღდგენა და შესაბამისად, ცილისწამების შემთხვევაში სიმართლის დადგენა. მართალია, გარდაცვლილი ადამიანის პატივისა და ღირსების დაცვის კონსტიტუციური ინტერესი ვერ იქნება უსაზღვრო, თუმცა ამ მიმართულებით სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დაწესება საკანონმდებლო ორგანოს კომპეტენციას უნდა წარმოადგენდეს. გერმანიაში გარდაცვლილი პირის რეპუტაციის დასაცავად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა შეადგენს გარდაცვალებიდან 30 წელს. ხანდაზმულობის ვადის დადგენა იქნებოდა კიდევ ერთი დამატებითი ღონისძიება, რაც დააბალანსებდა გამოხატვის თავისუფლებას პირადი ცხოვრების უფლებასთან მიმართებაში. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა