ა(ა)იპ ''საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია'' საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/8/669 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 11 ნოემბერი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 11 ნოემბერი 2016 13:19 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი- წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ა(ა)იპ „საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილების მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 45-ე მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №669) მიმართა ა(ა)იპ „საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციამ“. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 29 სექტემბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 11 ნოემბერს.
2. №669 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ვ” ქვეპუნქტები, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლი.
3. „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილების მე-5 მუხლის თანახმად, ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილი არიან შემდეგი დაწესებულებები: ა) სამინისტროს მიერ/მონაწილეობით დაფუძნებული; ა.ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები; ა.ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპს. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით .“ 45-ე მუხლის თანახმად კი, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.
5. №669 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე ჩარიცხული საქართველოს მოქალაქის სწავლის საფასური სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული სტუდენტისგან განსხვავებით, არ ფინანსდება სახელმწიფოს ვაუჩერული სისტემით. არსებული დიფერენცირების შედეგად, სტუდენტი მოტივირებულია, არ ისწავლოს კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და პრიორიტეტს ანიჭებს სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
6. სარჩელის თანახმად, როგორც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული, ასევე კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ემსახურება და ახორციელებს ერთ მიზანს - მსურველებს მიაღებინოს სასურველი პროფესიული განათლება. სადავო ნორმა კი ამ არსებითად თანასწორ სუბიექტებს დიფერენცირებულად ეპყრობა და ადგენს დისკრიმინაციას წარმოშობის, დამფუძნებლის ნიშნით. მოსარჩელის მტკიცებით, აღნიშნული ხელს უშლის და ზღუდავს თავისუფალ მეწარმეობასა და კონკურენციას, რადგან სადავო ნორმა აშკარად ხელსაყრელ, სასათბურე და უპირატეს გარემოს უქმნის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილების მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტს და 45-ე მუხლს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისთვის იგი უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის „საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.
2. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. კანონის აღნიშნული დებულება „ერთი მხრივ, აღჭურავს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით, თუმცა, მეორე მხრივ, გამორიცხავს სასამართლოსათვის მიმართვის პროცესში „actio popularis“ შესაძლებლობას. მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტების საფუძველზე უშუალოდ მისი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის №2/4/507 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები გიორგი თარგამაძე, გიორგი ლეკიშვილი, ინგა გრიგოლია და ჯაბა სამუშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
3. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირს აქვს შესაძლებლობა, იდავოს მხოლოდ უშუალოდ საკუთარი უფლებების დარღვევაზე და არ არის უფლებამოსილი, სასამართლოს მიმართოს სხვისი უფლებების დასაცავად. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „...მიზანს წარმოადგენს კონკრეტული ინდივიდის უფლების დაცვა ან მისი უფლებების აშკარა დარღვევის პრევენცია. სწორედ ამიტომ ფიზიკური პირი არის აღჭურვილი უფლებით, ეჭვქვეშ დააყენოს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა, თუ მიიჩნევს, რომ ასეთი აქტის მოქმედებით მან უშუალოდ განიცადა ზიანი ან ზიანის მიღების საფრთხე უშუალოდ მისთვის არის რეალური“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის №1/1/413 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ირაკლი ყანდაშვილი და კომანდიტური საზოგადოება "ანდრონიკაშვილი, საქსენ-ალტენბურგი, ბარამიძე და პარტნიორები" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
4. №669 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელედ დასახელებული ა(ა)იპ „საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია“ აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა არღვევს იმ აბიტურიენტების უფლებებს, რომელთაც კერძო პროფესიულ დაწესებულებაში სურთ სწავლა და, ამასთანავე, იმ მეწარმეთა უფლებებს, რომლებიც მართავენ ამგვარ საგანმანათლებლო დაწესებულებებს. სასარჩელო არგუმენტაციიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოსარჩელე დავობს სხვა პირების უფლებების დარღვევაზე. მოცემულ შემთხვევაში იგი გვევლინება არა მისი, როგორც ასოციაციის, არამედ სხვა პირების - აბიტურიენტთა და საკუთარ ბენეფიციარ მეწარმეთა უფლებების დამცველად. „საკონსტიტუციო სამართალწარმოება არ აღჭურავს პირებს სასამართლოსთვის „actio popularis“ საშუალებით მიმართვის და ამ ფორმით სხვისი უფლებების დასაცავად სასამართლო დავის წარმოების უფლებამოსილებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 13 ივლისის №2/3/514 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ასაკაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი №669 შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22–ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №669 კონსტიტუციური სარჩელი („ა(ა)იპ „საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გადასინჯვას ან გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა