ა(ა)იპ ''საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია'' საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N669 |
ავტორ(ებ)ი | საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია ა(ა)იპ |
თარიღი | 28 სექტემბერი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
სარჩელის არსებით განსახილველად მიღება კონსტიტუციის 89-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა,, და ,,ვ,, ქვეპუნქტის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის მე-19-ე მუხლის ,,ე,, პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ,, საქართველოს კანონის მე-10-ე მუხლის 1-ლი პუნქტის და 16-ე მუხლის შესაბამისად: კონსტიტუციის მუხლი 89 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო .. მოქალაქის სარჩელისა თუ წარდგინების საფუძველზე ორგანული კანონით დადგენილი წესით: ა) იღებს გადაწყვეტილებებს კონსტიტუციასთან, … კანონის, .. შესაბამისობის საკითხებზე; ვ) პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით; მუხლი 45 კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ,, ორგანული კანონის მუხლი 19. 1. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს: ე) საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი;
მუხლი 31. 1. კონსტიტუციური სამართალწარმოების დაწყების საფუძველია საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების წერილობით შეტანა. მუხლი 39. 1. საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: ა) საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი;
სარჩელი წარმოდგენილია კანონით დადგენილი ფორმის შესაბამისად, მოსარჩელე (საქართველოს მოქალაქე) ადასტურებს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს. საკუთრების უფლებას - კონსტიტუციის 21 მუხლი და სასამართლოსადმი მიმართვის უფლება- კონსტიტუციის 42-ე მუხლი.
წარმოდგენილი სარჩელი ფორმით და შინაარსით სრულად შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ,, საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს - წარმოდგენილია უფლებამოსილი პირების მიერ, მასში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი, სადავო საკითხი არ ყოფილა გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, საკითხი რეგულირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ამდენად, არსებობს სრული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები იმისათვის, რომ სარჩელი არსებით განსახილველად იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოთხოვნა:
არაკონსტიტუციურად ცნოთ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბერის #244 დადგენილება ,,პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე,, მე-5 მუხლის ,,ა,, პუნქტი (სამინისტროს მიერ/მონაწილეობით დაფუძნებული) , საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 30-ე მუხლის მე-2 ნაწილთან და 45-ე მუხლთან მიმართებით.
ფაქტები, დაზარალებული
სადავო ნორმის წყალობით, კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე ჩარიცხული საქართველოს მოქალაქის სწავლის საფასური სახელმწიფოს მიერ არ დაფინანსდება განსხვავებით, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული სტუდენტისაგან რომლის სწავლის საფასურის გადახდასაც უზრუნველყოფილია სახელმწიფოს მიერ.
შესაბამისად, აბიტურიენტი მოტივირებულია არ ისწავლოს კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებში და პრიორიტეტს ანიჭებს სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებას ვინაიდან იცის, რომ მხოლოდ სახელმწიფო სასწავლებელში იქნება სწავლის საფასური ანაზრაურებული სახელმწიფოს მიერ. კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა მხოლოდ ალტერნატივაა იმ აბიტურიენტებისათვის ვინც ვერ აბარებს სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რის გამოც კერძო და სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აშკარად არათანაბარი პირობებია შექმნილი სახელმწიფოს მიერ.
მაგ. სხვადასხვა დროს კერძო პროფესიულ სასწავლებლებში დარეგისტრირდნენ აბიტურიენტები მაია ბერიაშვილი, გურანდა წიქვაძე, ბაია ღვინიაშვილი-არახამია, ანა მარია დვალი მათ მირეს ქულათა ის ოდენობა რომლის საფუძველზეც ეძლეოდათ სწავლის ვაუჩერი და შესაბამისად სწავლა არ დაიწყეს კერძო პროფ სასწავლებელში. კერძო პროფ სასწავლებელში მათი სწავლის საფასურს სახელმწიფო არ დააფინანსებდა.
სახელმწიფო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გარკვეული კატეგორიის სტუდენტს უფინანსებს სწავლის საფასურს (სახელმწიფო სასწავლებელში დადგენილი სწავლების ღირებულების ფარგლებში) მიუხედავად იმისა არის სახელმწიფო თუ კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი. ასევე საშუალო სკოლის მოსწავლის სწავლის ღირებულებას სახელმწიფო აფინანსებს ასევე კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ არსებული მდგომარეობა და სახელმწიფოს მიდგომა არის განსხვავებული, დიფერენცირებული სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ არსებული მიდგომისგან, ეს მიდგომა არის დისკრიმინაციული და დამოკიდებულია დამფუძნებელზე, ასევე არსებული დისკრიმინაცია ხელს უშლის თავისუფალ მეწარმეობას და კონკურენციის განვითარებას.
არსებული რეგულაცია არღვევს ა(ა)იპ ,,საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის როგორც კერძო პროფესიული სასწავლებლების ერთიანობის, საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის მე-14 მუხლით, 30-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 45-ე მუხლით დაცულ უფლებებს.
არსებული პრობლემის ფონზე 29.01.2013 წელს დაფუძნდა ა(ა)იპ ,,საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია,, (400076181) რომლის მიზანიცაა კერძო პროფესიული სასწავლებლების წინაშე მდგომი პრობლემების იდენტიფიცირება და გადაწყვეტა. დამფუძნებლები არიან:
1. ვიცე-პრეზიდენტი/წევრი: 01026004850, შორენა ხაჭაპურიძე (საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელი) 2.წევრი: 60001051386, ია ერაძე (საქართველოს ბიზნეს აკადემია SBA) 3. ვიცე-პრეზიდენტი/წევრი: 01009004333, მაია ჩიხლაძე (საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა) 4. პრეზიდენტი/წევრი: 01024025258, ნინო გომელაური (მარნეულის სამედიცინო კოლეჯი) 5. წევრი: 01008008134, გიორგი ბერაია (საზოგადოებრივი კოლეჯი გეორგია) 6. წევრი: 01024020560, მურმან გუგეშაშვილი (ხარისხის მართვის საზოგადოებრივი კოლეჯი) 7. წევრი: 01001010297, ინგა მანაშერიძე (ინტერბიზნესის აკადემია)
საზოგადოებრივი კოლეჯი "გეორგია" დაარსდა: 1991 წელი სამართლებრივი ფორმა: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება საიდენტიფიკაციო ნომერი: 204859634 მისამართი იურიდიული: თბილისი, ფალიაშვილის 44/5 მისამართი ფაქტობრივი: თბილისი, თორნიკე ერისთავის 2 სტუდენტების რაოდენობა: 55 დირექტორი: გიორგი ბერაია 01008008134
შპს ინტერბიზნესის აკადემია: დაარსდა1992 წელს; კერძო სამართლის იურიდიული პირი; საიდენტიფიკაციო კოდი-201990881; მისამართი-თბილისი,შალვა ჯაფარიძის 8 სტუდენტის რაოდენობა 100 დირექტორი ინგა მანაშერიძე
შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელი დაარსდა 1992, სამართლებრივი ფორმა შპს, საიდენტიფიკაციო ნომერი-202066405, მისამართი- თბილისი, გოგოლის ქუჩა #8, სტუდენტების რაოდენობა-230 01026004850, შორენა ხაჭაპურიძე
ხარისხის მართვის საზოგადოებრივი კოლეჯი 2011 წლის28 ივნისს მიენიჭა ავტორიზაცია სამართლებრივი ფორმა: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) საიდენტიფიკაციო ნომერი: 404885870 მისამართი: თბილისი, ალ.ყაზბეგის ჩიხი 32/34 სტუდენტთა რაოდენობა: 16 დირექტორი მურმან გუგეშაშვილი
შპს საქართველოს ბიზნესის აკადემია დაარსდა 2010, სამართლებრივი ფორმა შპს, საიდენტიფიკაციო ნომერი-406037550 მისამართი- თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 18/22 სტუდენტების რაოდენობა-150 დირექტორი ია ერაძე -60001051386
პრობლემის არსი: საქართველოს კანონის ,,პროფესიული განათლების შესახებ,, მე-14 მუხლის ,,დ,, პუნქტის შესაბამისად: მუხლი 14. საქართველოს მთავრობა პროფესიული განათლების სფეროში საქართველოს მთავრობა: დ) ადგენს პროფესიული განათლების დაფინანსების წესსა და პირობებს და ამტკიცებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალურ ოდენობას;
აღნიშნული ნორმის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბერის #244 დადგენილებით ,,პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების
თაობაზე,, განისაზღვრა პროფესიული განათლების დაფინანსების წესი და პირობები რომლის შესაბამისად: მუხლი 1. რეგულირების სფერო პროფესიული განათლების დაფინანსების წესი და პირობები (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს პროფესიული განათლების დაფინანსების (შემდგომში − დაფინანსების) წესსა და პირობებს.
მუხლი 5. ვაუჩერული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილი დაწესებულებები ვაუჩერული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილნი არიან შემდეგი დაწესებულებები: ა) სამინისტროს მიერ/მონაწილეობით დაფუძნებული: ა.ა)პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები; ა.ბ)პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები; ბ) საქართველოს მთავრობის მიერ სამინისტროს წარდგინებით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.
მუხლი 6. ვაუჩერული დაფინანსების გაცემის მიზანი ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებს ვაუჩერული დაფინანსება მიეცემა სასწავლო პროცესის წარმართვისათვის აუცილებელი ხარჯებისათვის, მათ შორის პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ასანაზღაურებლად.
მუხლი 7. ვაუჩერული დაფინანსების გაცემის საფუძველი 1. ვაუჩერული დაფინანსება გაიცემა: (29.11.2013 N 303 გავრცელდეს 2013 წლის 29 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე) ა)საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში −შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი) მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე ჩარიცხული საქართველოს მოქალაქე იმ პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად, რომელიც გადალახავს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მინიმალურ კომპეტენციის ზღვარს;
კონსტიტუციით დაცული უფლება და უფლების დარღვევა
მუხლი 14 ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.
მუხლი 30 2. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას.
მუხლი 45 კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.
სადავო ნორმა, ითვალისწინებს არსებითად თანასწორი პირების მიმართ დიფერენცირებულ მოპყრობას, სადავო ნორმით ხდება დისკრიმინაცია წარმოშობის ნიშნით. თანასწორობის პრინციპი მოითხოვს თანაბარ მოპყრობას ადამიანის უფლებებითა და კანონიერი ინტერესებით დაცულ ყველა სფეროში. კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს. მე-14 მუხლის არსის გაგებისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს კანონის წინაშე თანასწორობის განსხვავებას გათანაბრებისგან. ამ პრინციპის ფარგლებში სახელმწიფოს ძირითადი მიზანი და ფუნქცია ადამიანების სრული გათანაბრება ვერ იქნება, რადგან ეს თავად თანასწორობის იდეასთან, უფლების არსთან მოვიდოდა წინააღმდეგობაში. თანასწორობის იდეა ემსახურება შესაძლებლობების თანასწორობის უზრუნველყოფას, ანუ ამა თუ იმ სფეროში ადამიანების თვითრეალიზაციისთვის ერთნაირი შესაძლებლობების გარანტირებას. თანაბარი შანსები იქნება თუ არა თანაბრად გამოყენებული, დამოკიდებულია კონკრეტული პირების უნარებზე. უნარების სახელმწიფოს ძალისხმევით გათანაბრების მცდელობა კი, უმეტესწილად, თავად იწვევს დისკრიმინაციას.
სადავო ნორმა, ითვალისწინებს არსებითად თანასწორი პირების მიმართ დიფერენცირებულ მოპყრობას, სადავო ნორმით ხდება დისკრიმინაცია წარმოშობის ნიშნით. თანასწორობის პრინციპი მოითხოვს თანაბარ მოპყრობას ადამიანის უფლებებითა და კანონიერი ინტერესებით დაცულ ყველა სფეროში. დისკრიმინაციის კონკრეტულ ნიშნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილი ნიშნების ამომწურავად მიჩნევა თავისთავად გამოიწვევს სასამართლოს მიერ იმის დადასტურებას, რომ ნებისმიერი სხვა ნიშნით დიფერენციაციის შემთხვევები არ არის დისკრიმინაციული, რადგან არ არის დაცული კონსტიტუციით. ბუნებრივია, ასეთი მიდგომა არ იქნებოდა სწორი, რადგან თითოეული მათგანის კონსტიტუციის მე-14 მუხლში მოუხსენიებლობა, დიფერენციაციის დაუსაბუთებლობას ვერ გამორიცხავს. დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. Gგანსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით.
ზოგადად, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე, კონსტიტუციურ უფლებებში ჩარევისას სახელმწიფომ კერძო პირებთან მიმართებით არ უნდა მიიღოს გონივრულ საფუძველს მოკლებული და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები. კონსტიტუციის მე-14 მუხლის ძირითადი არსი და მიზანი არის ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად, ,,არ დაუშვას არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ და პირიქით,, (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება #2/1-392).
სადავო ნორმებით ასევე ირღვევა ზოგადსამართლებრივი _ ,,თანაბარი მოპყრობის პრინციპი,, რომელიც არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი და ნიშნავს არსობრივად ერთნაირის თანაბრად და არსობრივად განსხვავებულის არათანაბრად მოპყრობას. („იურიდიული მეთოდების მოძღვრება“ -რაინჰოლდ ციპელიუსი, ბეკის გამომცემლობა, მიუნხენი 2006. გვ. 17 (ქართულ ენაზე).13 ) როგორც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ასევე კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ახორციელებს და ემსახურება ერთ მიზანს ,,პროფესიულ განათლებას,,. საქართველოს კანონით ,,პროფესიული განათლების შესახებ,, ორივე სახის საგანმანათლებლო დაწესებულება ,,არსებითად თანასწორია,, და სადავო ნორმები ადგენენ მათ შორის დიფერენცირებულ მოპყრობას სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულების სასიკეთოდ რაც მიუთიებს, რომ ორ თანაბარ სუბიექტს შორის დიფერენციაცია და განსხვავებული მოპყრობა არის დისკრიმინაციული და ის დამოკიდებულია სუბიექტის დამფუძნებელზე. ასეთი მოპყრობა ხელს უშლის და ზღუდავს თავისუფალ მეწარმეობასა და კონკურენციას აშკარად ხელსაყრელ, სასათბურე და უპირატეს გარემოს უქმნის რა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
ამდენად 1. სახეზეა ორი თანაბარი სუბიექტი ერთის მხრივ, სამინისტროს მიერ/მონაწილეობით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები;
და მეორეს მხრივ, კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები 2. სახელმწიფოს ორ თანაბარ სუბიექტს ექცევა განსხვავებულად, კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს არ აძლევს ვაუჩერულ დაფინანსებას. ვაუჩერულ დაფინანსებას აძლევს მხოლოდ სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს სასწავლო პროცესის წარმართვისათვის აუცილებელი ხარჯებისათვის, მათ შორის პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ასანაზღაურებლად.
3. მსგავსი დამიკიდებულებით, სახელმწიფო არა თუ ზრუნავს მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე არამედ პირიქით ხელს უშლის კონკურენციას და კერძო მეწარმეობის განვითარებას.
4. არ არსებობს დისკრიმინაციის ლეგიტიმური მიზანი. შესაძლებელია სახელმწიფოს პოზიციის დასაბუთება ფინანსური რესურსების სიმცირით აიხსნას თუმცა ეს მიზანი ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად ვინაიდან, დაფინანსება დამოკიდებულია იმაზე თუ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს რამდენი აბიტურიენტი გადალახავს. სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგ სახელმწიფოს ზუსტად იმავე თანხის დახარჯვა მოუწევს რასაც დღეს დახარჯავდა.
სადავო ნორმა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბერის #244 დადგენილება ,,პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე,, მე-5 მუხლის ,,ა,, პუნქტი (სამინისტროს მიერ/მონაწილეობით დაფუძნებული) ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, 30-ე მუხლის მე-2 ნაწილს და 45-ე მუხლს. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა