საქართველოს მოქალაქე არჩილ ამაშუკელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/11/718 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 25 ნოემბერი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 25 ნოემბერი 2016 18:17 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე არჩილ ამაშუკელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-16 მუხლთან და მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 12 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №718) მიმართა საქართველოს მოქალაქე არჩილ ამაშუკელმა. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 15 თებერვალს. №718 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 25 ნოემბერს.
2. №718 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპს. მე-16 მუხლი ითვალისწინებს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას, ხოლო მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის თანახმად, „პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, –ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასოციდან ასოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“. ამავე მუხლის შენიშვნა ითვალისწინებს, რომ ამ ქმედებისათვის გათვალისწინებული ჯარიმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ორმაგ ოდენობაზე ნაკლები არ უნდა იყოს.
5. №718 სარჩელიდან ირკვევა, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 3 ივლისის განაჩენით, სადავო ნორმის საფუძველზე, არჩილ ამაშუკელი ცნობილი იქნა დამნაშავედ ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარებისათვის. სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა ერთი წელი. მოსარჩელემ გამოსაცდელ ვადაში განმეორებით მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის განაჩენით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით, თუმცა წინა განაჩენიდან გამომდინარე, საბოლოო სასჯელის ზომად შეეფარდა ერთი წლითა და ექვსი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
6. მოსარჩელის განმარტებით, დანაშაულებრივი ქმედებისთვის დადგენილი სასჯელის მიზანი უნდა იყოს სამართლიანობის აღდგენა, დამნაშავის რესოციალიზაცია და ახალი დანაშაულის ჩადენის პრევენცია. ნარკოტიკულ დანაშაულებთან მიმართებით სამართლიანობის აღდგენის მიზანი მინიმალურია, განსაკუთრებით კი ისეთ მსუბუქ ნარკოტიკებთან მიმართებით, როგორიც მარიხუანაა. სასჯელისათვის კი მხოლოდ პრევენციული ფუნქციის მინიჭება გაუმართლებლია, რადგან ეს მიზანი ჩამოშორდება უშუალოდ ქმედებისაგან მომდინარე საფრთხეს, მხოლოდ სხვათა დაშინებისაკენ მიმართული სასჯელი კი თვითმიზნურ ხასიათს ატარებს.
7. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ, თუკი სახელმწიფოს მიზანი საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფაა, ის უფლებამოსილია, აკრძალოს ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირთა ცალკეული ქმედებები, მსგავსად ალკოჰოლური ზემოქმედებისას ავტომობილის მართვის აკრძალვისა, რაც უფლებების ნაკლებად მზღუდავ საშუალებას წარმოადგენს.
8. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა ერთმანეთისგან არ მიჯნავს სასჯელს სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის მათი საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის მიხედვით, რაც გამორიცხავს სასჯელის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას. იმავდროულად, მარიხუანა არ შედის აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიაში, შესაბამისად, კანონმდებლობა ვერ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის მოთხოვნას და პირი ისჯება ქმედებისთვის, რომელიც კანონმდებლობით დასჯად ქმედებად მკაფიოდ არ არის მიჩნეული.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, მე-16 მუხლს და მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.
10. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №592 გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს უკანასკნელი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
2. განსახილველ საქმეში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის პირადი ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-16 მუხლთან და მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 29 სექტემბერს მიიღო განჩინება №3/2/771, 775, 776, 777, 786, 787, 788 საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის“. ხსენებული განჩინებით საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის. №3/2/771, 775, 776, 777, 786, 787, 788 განჩინებით ძალადაკარგულად გამოცხადებული ნორმა არის № 718 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმის იდენტური.
4. აღნიშნულიდან გამომდინარე, №718 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმა საქმის განხილვის მომენტისათვის ძალადაკარგულია. ამავე დროს, არ არსებობს სამართალწარმოების გაგრძელების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. შესაბამისად, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, №718 კონსტიტუციურ სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმისწარმოება.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №718 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს მოქალაქე არჩილ ამაშუკელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს”.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა