ზაური შერმაზანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1560 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ზაური შერმაზანაშვილი |
თარიღი | 5 თებერვალი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 236-ე მუხლის პირველი პუნქტი: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი: ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი: დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. |
2. საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 237-ე მუხლი: ორგანო (თანამდებობის პირი), ხელმძღვანელობს რა კანონითა და მართლშეგნებით, მტკიცებულებას შეაფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რაც დამყარებულია საქმის ყველა გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევაზე მათ ერთობლიობაში. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი: ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი: დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 60.4.„ა“ მუხლი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 39.1.„ა“ მუხლი, 19.1.„ე“, 31-ე და 311 მუხლები
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია ამ სარჩელისათვის დადგენილი ყველა პირობის დაცვით და ფორმით, შედგენილია ქართულ ენაზე და ხელმოწერილია, ერთვის სადავო სამართლებრივი აქტების ტექსტი, წარმოდგენილია საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ და კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონული ვერსია.
კონსტიტუციური სარჩელი შტანილია უფლებამოსილი სუბიექტის, ფიზიკური პირის მიერ, რომელიც დაჯარიმებულია 3000 ლარით და გასაჩივრებული ნორმატიული აქტების საფუძველზე ადმინისტრაციულმა ორგანომ (შინაგან საქმეთა სამინისტრომ) განიხილა მისი საჩივარი და საკმარისი, ნეიტრალური მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს მიერ შედგენილი ოქმის საფუძველზე არ დააკმაყოფილა საჩივარი და არ გააუქმა სამართალდარღვევის ოქმი და დაკისრებული ჯარიმა, იმ პირობებში როდესაც ამ ერთადერთი მტკიცებულების შედგენისას არსებობდა შესაძლებლობა მოპოვებულიყო დამატებითი მტკიცებულებები (ვიდეოჩაწერა, ფოტოგადაღება, მოწმეთა დაკითხვა) და არ უზრუნველყო ნეიტრალური, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება. ამასთანავე, ჩვენი საჩივრის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ (შინაგან საქმეთა სამინისტრო) არ უზრუნველყო ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩვენი მონაწილეობა და დაცვის უფლების რეალიზაცია. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლება ასევე კავშირშია კონსტიტუციის 31-ე მუხლით, მათ შორის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ გარანტიებთან. სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლება მოიცავს და გულისხმობს კონსტიტუციის 31-ე მუხლით, მათ შორის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ სტანდარტებს. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჩივრის განხილვისას, მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას დაირღვა კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლება.
საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოს 2020 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებული გვაქვს თბილისის საქალაქო სასამართლოში (საქმე №4/6629-20. განმხილველი მოსამართლე მანუჩარ ცაცუა). სასამართლოსთვის გაგზავნილი შეტყობინებით ირკვევა, რომ ჩემი ბრალეულობის დასტურად მიჩნეულია მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და არარსებობს სხვა, ნეიტრალური მტკიცებულება. ამდენად, სასამართლო, რომელიც საჩივარს განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმებით, შესაძლოა დაეყრდნოს იმ ერთადერთ მტკიცებულებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელსაც თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა ადმინისტრაციულმა ორგანომ. ამდენად, არსებობს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევის საფრთხეც.
კონსტიტუციურობის თვალსაზრისით პრობლემურია გასაჩივრებული ორივე ნორმის ის ნორმატიული შინაარსი:
1) რომელიც უშვებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/საჯარიმო ქვითრის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დასტურდება მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით/საჯარიმო ქვითრით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს შეეძლო, თუმცა არ მიიღო სათანადო ზომები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად.
2) რომელიც უშვებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/საჯარიმო ქვითრის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დასტურდება მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით/საჯარიმო ქვითრით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს შეეძლო, თუმცა არ მიიღო სათანადო ზომები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად.
3) რომელიც უშვებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/საჯარიმო ქვითრის და მოწმე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ჩვენების მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დასტურდება მხოლოდ მოწმე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ჩვენებით და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით/საჯარიმო ქვითრით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს შეეძლო, თუმცა არ მიიღო სათანადო ზომები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად.
ისევე როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლებისას, ადმინისტრაციული საქმის სამართლიანად განხილვის უფლება გულისხმობს პირის უფლებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას ისარგებლოს უდანაშაულობის პრეზუმფციით, მისი ელემენტით - „in dubio pro reo“ პრინციპით. ეს გახლავთ საქმის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო (ჩვენ შემთხვევაში შსს) ასევე სასამართლოს სახელმძღვანელო პრინციპი. ადმინისტრაციული საქმის სამართლიანად განხილვის უფლება მოიცავს პირის უფლებასაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში ბრალეულად მიჩნევა მოხდეს სარწმუნო და მიუკერძოებელი/ნეიტრალური მტკიცებულებების საფუძველზე (დასაცავი კონსტიტუციური უფლება/კანონიერი ინტერესი). ეს შეეხება როგორც ადმინისტრაციულ წარმოებას, ასევე საქმის სასამართლო განხილვას. გასაჩივრებული/სადავო ნორმები ზღუდავს დასაცავი კონსტიტუციური უფლების დაცვის საპროცესო მექანიზმით ეფექტურად სარგებლობის შესაძლებლობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეცედენტულ საქმეზე მიუთითა: „აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
საქართველოს საკონსტიტუციო სასმართლოს განმარტებით საქართველოს კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება „არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება, რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ადამიანების რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან, აღიდგინონ საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლება-თავისუფლებებში ჩარევისას, დაიცვას ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59). იდენტური მსჯელობა გადმოცემულია სხვა საქმეებზეც (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის #1//3/1263 გადაწყვეტილება საქმეზე ირაკლი ხვედელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-6,7 და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის #1//4/809 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-3).
ზემოაღნიშნული წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ, მე-18 მუხლის პირველი პუნქტით და 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით დაცულ უფლებებში ჩარევის შემთხვევებს, რომლის კონსტიტუციურობის შემოწმებისთვისაც მოსარჩელემ წარმოადგინა კონსტიტუციური სარჩელი.
კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხები არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
ამასთან, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხები არ არის გადაწყვეტილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხები არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით.
კონსტიტუციური სარჩელის შეტანისთვის კანონით არ არის დადგენილი რაიმე ვადა, შესაბამისად მისი შეტანის ვადა არ არის დარღვეული.
კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებულია საკანონმდებლო აქტის ნორმები, შესაბამისად არ არის საჭირო ნორმატიული აქტების იერარქიაში ზემდგომი ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. 2020 წლის 2 აპრილს შსს სამინისტროს პოლიციელმა საჯარიმო ქვითარი/ოქმი №000003630-ით დამაკისრა ჯარიმის, 3000 ლარის გადახდა.
2. აღნიშნული ჯარიმის სამართლებრივი საფუძვლების (საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის №1 დეკრეტი და საქართველოს მთავრობის №181 დადგენილება) კონსტიტუციურობაზე ჩემს სარჩელს (№1502) განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
3. აღნიშნული საჯარიმო ქვითარი/ოქმი №000003630 გავასაჩივრეთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელმაც ჩვენი მონაწილეობისა და დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების, აგრეთვე საქმეში არსებული მტკიცებულების შეფასების კონსტიტუციური სტანდარტის დაცვა-გათვალისწინების გარეშე მიიღო დადგენილება ჩვენი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
4. საჯარიმო ქვითარი/ოქმი №000003630 არის ერთადერთი მტკიცებულება და არ არსებობს სხვა ნეიტრალური მტკიცებულება. პოლიციელს ადგილზე ოქმის შედგენისას შეეძლო სხვა მტკიცებულებების მოპოვება (ფოტო ან ვიდეოგადაღება, მოწმის დაკითხვა) თუმცა არ უზრუნველყო ამ მტკიცებულებების მოპოვება
5. თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაძლებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მტკიცებულებად მოწმის სახით წარადგინოს 2020 წლის 2 აპრილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ჩვენება, რომელსაც ის მისცემს სასამართლოს.
6. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მოწმის ჩვენება არის მტკიცებულება, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობის დადგენა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენაში პირის ბრალეულად ცნობა.
7. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ კრძალავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემდგენი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოწმის სახით დაკითხვას და ამ მოწმის ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებას.
8. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შესაძლებელია ერთი, დაინტერესებული მხარის/პირის (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის) მიერ წარმოდგენილი მონაცემები (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და მოწმის ჩვენების) გამოყენებულ იქნეს 2 (ორ) მტკიცებულებად და მხოლოდ მათ საფუძველზე, სხვა ნეიტრალური მტკიცებულებების გარეშე დადგინდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში პირის ბრალეულად ცნობა. იმ პირობებში როცა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს შეეძლო სხვა ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვება, მაგრამ ეს არ უზრუნველყო და მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა არღვევს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტითა და 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებებს. ამ პირობებში მხოლოდ ამ მტკიცებულებების გამოყენება ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს მიერ და მხოლოდ მათზე დაყრდნობით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობის დადგენა და მის ჩადენაში პირის ბრალეულად ცნობა ხელყოფს კონსტიტუციის დასახელებული ნორმებით გათვალისწინებულ უფლებებს.
9. გარდა ამისა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შესაძლებელია რომ მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინოს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელმა, წარდეგინოს მტკიცებულებად ადმინისტრაციულ ორგანოს და სასამართლოს და მხოლოოდ ამ მტკიცებულების (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) საფუძველზე, სხვა ნეიტრალური მტკიცებულებების გარეშე დადგინდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში პირის ბრალეულად ცნობა. იმ პირობებში როცა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს შეეძლო სხვა ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვება, მაგრამ ეს არ უზრუნველყო და მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა არღვევს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტითა და 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებებს. ამ პირობებში მხოლოდ ამ მტკიცებულების გამოყენება ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს მიერ და მხოლოდ მათზე დაყრდნობით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობის დადგენა და მის ჩადენაში პირის ბრალეულად ცნობა ხელყოფს კონსტიტუციის დასახელებული ნორმებით გათვალისწინებულ უფლებებს.
10. გასაჩივრებული ნორმები არ გამორიცხავს ან არ უკრძალავს ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველ ადმინისტრაციულ ორგანოს (განსახილველ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო) ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილად და პირი მის ჩადენაში ბრალეულად მიიჩნიოს და ადმინისტრაციული საჩივარი არ დააკმაყოფილოს იმ შემთხვევაშიც როცა საქმეში არის მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და არარსებობს სხვა ნეიტრალური მტკიცებულება. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია საერთოდ არ გამოიკვლიოს ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა და რატომ არ უზრუნველყო ოქმის შემდგენმა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელმა ამ მტკიცებულებების მოპოვება.
11. განსახილველ შემთხვევაში სწორედ ასე მოიქცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩვენი საჩივრის განხილვისას და ოქმის შემდენელი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი არც გამოკითხა. მეტიც, თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის წარდგენილ ადმინისტრაციული წარმოების მასალებში არსებულ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის (შ.ბედოიძე) 2020 წლის 21 მაისის MIA 9 20 01096952 წერილში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გარდა სხვა მტკიცებულებები არ არსებობს. მიუხედავად აღნიშნულისა, შსს-მ 2020 წლის 2 სექტემბრის დადგენილების საფუძვლად გამოიყენა მხოლოდ ერთი მტკიცებულება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. დადგენილების გამოტანისას შსს-მ გადაწყვეტილება დააფუძნა სწორედ გასაჩივრებულ ნორმებს.
12. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას და არც ოქმზე ჩვენი საჩივრის განხილვისას არ უზრუნველყო ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვება ან წარდგენა (საჩივრის განხილვაში მონაწილეობისთვის არც მიგვიწვიეს) მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა შესაძლებლობა სხვა მტკიცებულებების მოპოვება (სამხრე კამერით ჩაწერა, ვიდეო თუ ფოტო გადაღება მობილური ტელეფონით, ადგილზე მყოფი მოწმეების დაკითხვა).
13. ზემოთ, მე-8 - მე-10 პუნქტებში გადმოცემული მსჯელობა რელევანტურია სასამართლოს შემთხვევაშიც. შესაძლებელია პირველი ან მეორე ინსტანციის სასამართლომ მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ანდა, მასთან ერთად ოქმის შემდგენელი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, როგორც მოწმის ჩვენების საფუძველზე დაადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობა და მის ჩადენაში ჩემი ბრალეულობა.
14. ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების საჭიროებასა და მნიშვნელობაზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილებაში (საქმეზე გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) დაადგინა შესაბამისი სტანდარტი სამართალდამცავი ორგანოების მიერ საპროცესო მოქმედებებისას ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების უზრუნველსაყოფის საჭიროების თაობაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმების კონსტიტუციურობას, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და პროცედურებიც საჯარო სამართლის სფეროა და მნიშვნელობით უთანაბრდება სისხლის სამართლლებრივ რეგულაციებს, შესაძლებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტებისა და გადმოცემული მსჯელობის განსახილველ შემთხვევაზე გავრცელება და გამოყენება.
15. „სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ჩხრეკის შედეგად მტკიცებულების მოპოვების იმგვარი სისტემა, რომელიც, ერთი მხრივ, სამართალდამცავებს აღჭურავს ჩხრეკის სანდოობის უზრუნველყოფისათვის ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობით, მეორე მხრივ კი, შეამცირებს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილება საქმეზე გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-105).
16. „ბუნებრივია, საგამოძიებო მოქმედების კომპლექსურობის გათვალისწინებით, ყველა შემთხვევაში, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ვერ მოხდეს ჩხრეკის ფაქტის ნეიტრალური მტკიცებულებით გამყარება, თუმცა უნდა დადასტურდეს, რომ უფლებამოსილმა პირმა მიიღო გონივრული ზომები იმისთვის, რომ უზრუნველყო ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება. ამის აშკარა მაგალითია, როდესაც საქმის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ პირის ან მისი მფლობელობის ჩხრეკის პროცესზე ნეიტრალური მოწმის დასწრების შესაძლებლობა ობიექტურად არსებობდა და პოლიციელებმა ეს არ უზრუნველყვეს. უფრო მეტიც, თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესი იძლევა შესაძლებლობას, რომ ჩხრეკის პროცესის ვიდეოგადაღებაც განხორციელდეს იმისათვის, რომ გამყარდეს ბრალდების პოზიცია. მტკიცებულების სანდოობისადმი მნიშვნელოვან ეჭვს ასევე აჩენს გარემოება, როდესაც პოლიციელთა უსაფრთხოების დაცვის პირობებში, არსებობდა ჩხრეკის ვიდეო გადაღების რეალური შესაძლებლობა და პოლიციელმა ის არ გამოიყენა.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილება საქმეზე გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-107).
17. „ოპერატიული ინფორმაციის მიღება ყოველთვის არ მოითხოვს გადაუდებელი აუცილებლობით მოქმედებას და უფლებამოსილ პირს შესაძლოა ჰქონდეს გარკვეული დრო და შესაძლებლობაც, რომ ჩხრეკამდე მოემზადოს, აღიჭურვოს შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით და სადაც მოხერხდება, ჩხრეკის განხორციელება ვიდეოგადაღებით უზრუნველყოს. ამის გარდა, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაშიც კი, როგორც წესი, გადაულახავ სირთულესთან არ არის დაკავშირებული ჩხრეკის დაფიქსირება თუნდაც მობილურ ტელეფონში არსებული ვიდეოკამერით, რომელიც დღესდღეობით ფაქტობრივად ყოველდღიური მოხმარების ნივთს წარმოადგენს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილება საქმეზე გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-108).
18. „ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოძიებისთვის რეალურად ხელთ არსებული შესაძლებლობების გამოუყენებლობა, რაც დაადასტურებდა/გაამყარებდა პირის წინააღმდეგ არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ქმნის შეცდომის, თვითნებობის და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მნიშვნელოვან რისკებს. აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა არ ადგენს სამართალდამცავის ვალდებულებას, მოიპოვოს ჩხრეკის სანდოობის უზრუნველმყოფი ნეიტრალური მტკიცებულებები მაშინაც კი, როდესაც ეს პოლიციელის უსაფრთხოების ან/და მტკიცებულების განადგურების/გადამალვის საფრთხის შექმნის გარეშე, გონივრულ ფარგლებში მოქმედების შედეგად, შესაძლებელია. “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილება საქმეზე გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-109).
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი