ზაური შერმაზანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/13/1560 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 11 ივნისი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 23 ივნისი 2021 16:22 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ხვიჩა კიკილაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ზაური შერმაზანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 237-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1560) მომართა ზაურ შერმაზანაშვილმა. №1560 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2021 წლის 8 თებერვალს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 11 ივნისს.
2. №1560 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (შემდგომში - „კოდექსი“) 236-ე მუხლის პირველი ნაწილით განისაზღვრება, თუ რა წარმოადგენს მტკიცებულებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე. კერძოდ, „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის“. ამავე კოდექსის 237-ე მუხლით კი დადგენილია მტკიცებულებათა შეფასების წესი. კერძოდ, „ორგანო (თანამდებობის პირი), ხელმძღვანელობს რა კანონითა და მართლშეგნებით, მტკიცებულებას შეაფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რაც დამყარებულია საქმის ყველა გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევაზე მათ ერთობლიობაში“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით განისაზღვრება საქმის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე 2020 წლის 2 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტის №1 დეკრეტისა და საქართველოს მთავრობის №181 დადგენილების საფუძველზე, ამავე დადგენილების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევის გამო, საპატრულო პოლიციის მიერ დაჯარიმდა 3000 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გაასაჩივრა შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა იგი არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ სამართალდარღვევის ოქმი გამოცემული იყო ზემოაღნიშნული კანონმდებლობის შესაბამისად. მოსარჩელემ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელმაც წარმოებაში მიიღო აღნიშნული საჩივარი.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საჩივრის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ნორმების საფუძველზე, პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილად მიიჩნია მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე ისე, რომ მას არ გამოუკვლევია საქმეზე ნეიტრალური მტკიცებულებების არსებობის ფაქტი.
7. მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სადავო ნორმების იმ ნორმატიულ შინაარს, რომელიც უშვებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/საჯარიმო ქვითრის და მოწმე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებას იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დასტურდება მხოლოდ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით და, ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს შეეძლო, თუმცა არ მიიღო სათანადო ზომები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად.
8. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლება პირდაპირ კავშირშია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ გარანტიებთან. მისი განმარტებით, ადმინისტრაციულ ორგანოში საქმის განხილვისას არანაკლებ მნიშვნელოვანია, პირმა ისარგებლოს უდანაშაულობის პრეზუმფციით და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში მისი ბრალეულად მიჩნევა მოხდეს მხოლოდ სარწმუნო, მიუკერძოებელი და ნეიტრალური მტკიცებულებების საფუძველზე. ამავდროულად, მოსარჩელე მხარის განმარტებით, არსებობს იმის რისკი, რომ საქმის განმხილველი სასამართლო საქმის გადაწყვეტის დროს დაეყრდნობა მხოლოდ სამართალდარღვევის ოქმსა და მოწმე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ჩვენებას, რაც შელახავს მოსარჩელის კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას.
9. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმები ვერ უზრუნველყოფს მტკიცების სათანადო სტანდარტს, რაც სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობას განაპირობებს. კერძოდ, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმები არ ავალდებულებს სამართალდამცავი ორგანოს შესაბამის თანაშრომელს და საჩივრის განმხილველ ადმინისტრაციულ ორგანოს, პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღევაში ბრალეულად მიიჩნიოს მხოლოდ ნეიტრალური მტკიცებულებების საფუძველზე. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია საერთოდ არ გამოიკვლიოს ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა. გამომდინარე იქიდან, რომ სადავო ნორმები ადმინისტრაციულ ორგანოს არ უდგენს რაიმე დამატებითი მტკიცებულების მოპოვების ვალდებულებას, მოსარჩელე მხარის აზრით, ირღვევა მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნა.
10. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების საფუძველზე პირის სამართალდამრღვევად ცნობა ხდება მხოლოდ სამართალდარღვევის ოქმის და ამავე ოქმის შემდგენი პოლიციელის ზეპირი განმარტების საფუძველზე, რაც ვერ აკმაყოფილებს სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოებისა და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით გარანტირებული უტყუარი მტკიცებულებების მოთხოვნებს.
11. მოსარჩელე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
12. მოსარჩელე მხარე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, შუამდგომლობს, საკონსტიტუციო სასამართლომ, განმწესრიგებელი სხდომის ფარგლებში, მიიღოს განჩინება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 237-ე მუხლის სადავო ნორმატიული შინაარსის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ. მოსარჩელის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლომ ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების საჭიროებასა და მნიშვნელობაზე იმსჯელა 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილებაში საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ და დაადგინა შესაბამისი სტანდარტი სამართალდამცავი ორგანოების მიერ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებისას ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების უზრუნველყოფის საჭიროების თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, მართალია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმების კონსტიტუციურობას, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და მასთან დაკავშირებული პროცედურები საჯარო სამართლის სფეროა, შესაძლებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტების განსახილველ შემთხვევაზე გავრცელება.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). მოსარჩელის ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს დასახელებული ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს კოდექსის 236-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 237-ე მუხლს. მისი განმარტებით, აღნიშნული სადავო ნორმები ადმინისტრაციულ ორგანოს არ უდგენს იმ მტკიცების სტანდარტს, რომელიც დაავალდებულებდა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს და საჩივრის განმხილველ ადმინისტრაციულ ორგანოს პირის სამართალდარღევაში ბრალეულად მიჩნევას მხოლოდ ნეიტრალური მტკიცებულების საფუძველზე. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმების შინაარსი შესაძლებლობას იძლევა, პირი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობილ იქნეს მხოლოდ სამართალდარღვევის ოქმისა და აღნიშნული ოქმის შემდგენი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ახსნა-განმარტების საფუძველზე, რაც ვერ აკმაყოფილებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სამართალწარმოების შესაბამისობას სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლებასთან და მტკიცებულებათა უტყუარობასთან.
3. კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის“. ამავე კოდექსის 237-ე მუხლის მიხედვით კი, „ორგანო (თანამდებობის პირი), ხელმძღვანელობს რა კანონითა და მართლშეგნებით, მტკიცებულებას შეაფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რაც დამყარებულია საქმის ყველა გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევაზე მათ ერთობლიობაში“.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის ზემოხსენებულ მოსაზრებას სადავო ნორმების განმარტების შესახებ. კერძოდ, სადავო ნორმები არ ადგენს, თუ რა მტკიცებულება ან მტკიცებულებათა ერთობლიობა შეიძლება ჩაითვალოს საკმარისად იმისათვის, რომ პირი მიეცეს პასუხისგებაში. კოდექსის 236-ე მუხლით განისაზღვრება, ზოგადად, მტკიცებულების ინსტიტუტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებზე და ის კონკრეტული ტიპის მტკიცებულებები, რომლებითაც შეიძლება დადგინდეს საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები. ხოლო ამავე კოდექსის 237-ე მუხლი ადგენს, ზოგადად, ორგანოს ვალდებულებას, იხელმძღვანელოს კანონითა და მართლშეგნებით და მტკიცებულებები შეაფასოს საქმის ყველა გარემოების სრული და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე მათ ერთობლიობაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის N1/11/1361 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15,17).
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელისთვის პრობლემას წარმოადგენს მტკიცებულებათა არასაკმარისობა და არაუტყუარობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქმის წარმოების დროს. თუმცა, სადავო ნორმები პასუხისმგებლობის დადგენისთვის საკმარის რომელიმე მტკიცებულებაზე ან მტიცებულებათა ალტერნატიულობაზე არ მიუთითებს. შესაბამისად, ისინი მტკიცების სტანდარტს არ არეგულირებენ. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მიჩნევს, რომ რომელიმე ტიპის მტკიცებულება საერთოდ არ უნდა იყოს გამოყენებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, მან უნდა წარმოადგინოს კონკრეტული დასაბუთება, თუ რატომ არ აკმაყოფილებს იგი მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციურ სტანდარტს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის N1/11/1361 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16). მსგავსი დასაბუთება კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი. ამდენად, სადავო ნორმებს არ გააჩნია მოსარჩელის მიერ მითითებული ნორმატიული შინაარსი და სასარჩელო მოთხოვნის ამგვარი ჩამოყალიბება ეფუძნება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმების შინაარსის არასწორ აღქმას.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1560 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1560 კონსტიტუციური სარჩელი („ზაური შერმაზანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი