გიორგი მიქელაძე საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1564 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | გიორგი მიქელაძე |
თარიღი | 10 თებერვალი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“
ბ. საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის N204 დადგენილებით დამტკიცებული თანდართული ,,საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესი“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს მე-3 რანგის საჯარო თანამდებობის დასაკავებლად შიდა ან დახურული კონკურსის გამოცხადებას. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი: ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება: საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. |
საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის N204 დადგენილებით დამტკიცებული თანდართული ,,საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის“ მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს მე-3 რანგის საჯარო თანამდებობის დასაკავებლად დახურული კონკურსის გამოცხადებას. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი: ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება: საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. |
საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის N204 დადგენილებით დამტკიცებული თანდართული ,,საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის“ 251-ე მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს საჯარო სამსახურში მესამე რანგის საჯარო თანამდებობის დასაკავებლად შიდა კონკურსის გამოცხადებას. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი: ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება: საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე და მე-60 მუხლები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ემუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
2020 წლის 09 დეკემბერს კომისიის მიერ მეთქვა უარი ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობაზე იმ მოტივით, რომ ეს იყო შიდა კონკურსი და მასში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ მხოლოდ ამ დაწესებულების მასშტაბით დასაქმებულ პირებს. ასეთი უარის საფუძველს იძლევა საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი და საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის N204 დადგენილებით დამტკიცებული თანდართული საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი.
2021 წლის 01 თებერვალს შევიტანე განაცხადი სასამართლოს სხდომის მდივნის ვაკანტურ პოზიციაზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს დახურულ კონკურსში თუმცა საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის N204 დადგენილებით დამტკიცებული თანდართული საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის 251 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ვერ მივიღებ მონაწილეობას დახურულ კონკურსში რადგან არ ვსაქმიანობ საჯარო სამსახურში და არ ვირიცხები საჯარო მოხელეთა რეზერვში.
არსებული შეზღუდვებით მელახება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 და 25-ე მუხლების პირველი ნაწილებით გარანტირებული უფლება დისკრიმინაციის აკრძალვაზე სოციალური მდგომარეობისა და სხვა ნებისმიერი ნიშნის მიხედვით. ასევე საქართველოს ყოველი მოქალაქის უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოვადგენ უფლებამოსილ სუბიექტს ვიდავო კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარ საკითხებთან მიმართებით.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-11 და 25 მუხლებით
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სარჩელში სადავოდ არის ქცეული როგორც საკანონმდებლო აქტი, ასევე მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
2020 წლის 18 ნოემბერს კანონით დადგენილი წესით გავაკეთე განაცხადი ელექტრონული ფორმით, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში გამოცხადებულ მესამე რანგის საჯარო თანამდებობაზე, მოსამართლის თანაშემწის ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვინაიდან ვაკმაყოფილებ საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს მოსამართლის თანაშემწის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად. კერძოდ, აღნიშნული კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: ,,სასამართლოს აპარატიsს მოხელედ, რომლის სფუნქციები პირდაპირ არის დაკავშირებული სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებასთან, შეიძლება დაინიშნოს საქართველო სმოქალაქე, რომელსაც, როგორც წესი, აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, იცის სამართალწარმოები სენა, აქვს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული„ საჯარო მოხელის სერტიფიკატი, გავლილი აქვს ერთ წლამდე ანაზღაურებადი სტაჟირება საერთო სასამართლოში და სპეციალური სასწავლო კურსი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს/უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 57-ე მუხლის მესამე პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად კი არ მომეთხოვება ერთ წლიანი ანაზღაურებადი სტჟირებისა და სპეციალური სასწავლო კურსის გავლა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, რადგან 2015 წლიდან ვარ ადვოკატთა ასოციაციის წევრი და 2015 წლეს ჩაბარებული მაქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა. ასევე არ მომეთხოვება საჯარო მოხელის სერთიფიკატი, რადგან საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ და გ ქვეპუნქტების შესაბამისად მოხელის სერტიფიკატი არ მოეთხოვება უმაღლესი განათლების მქონე პირს და პირს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები. იმის მიუხედავად, რომ ვაკმაყოფილებ საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს მოსამართლის თანაშემწის პოზიციის დასაკავებლად, 2020 წლის 9 დეკემბერს მეთქვა უარი კონკურსში მონაწილებობის მიღებაზე, რადგან ეს იყო შიდა კონკურსი. საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ,,მოხელე ზემდგომი (მესამე, მეორე ან პირველი) რანგის მოხელის თანამდებობაზე ინიშნება შიდა კონკურსის ან დახურული კონკურსის საფუძველზე. საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის N204 დადგენილებით დამტკიცებული თანდართული საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის 251ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შიდა კონკურსი ცხადდება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჯარო დაწესებულების ან/და ამ დაწესებულების სისტემის მასშტაბით და მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს იქ დასაქმებულ მოხელეს.
2021 წლის პირველ თებერვალს კვლავ წარვადგინე ელექტრონული განაცხადი ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში გამოცხადებულ მესამე რანგის საჯარო თანამდებობაზე, სასამართლო სხდომის მდივნის პოზიციაზე. მოცემული კონკურსი საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 34-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად არის დახურული ტიპის და მასში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ მოქმედ მოხელეებს, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ პირებს და საჯარო სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს. იგივე შეზღუდვას ადგენს საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის N204 დადგენილებით დამტკიცებული თანდართული საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი, რომ დახურული კონკურსი ცხადდება ზემდგომი (მე-3, მე-2 ან პირველი) რანგის საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. მოცემულ შემთხვევაშიც საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 57-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტების და ასევე საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 27-ე და 29-ე მუხლების შესაბამისად ვაკმაყოფილებ სასამართლო სხდომის
მდივნის პოზიციის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2015 წლიდან ვარ ადვოკატთა ასოციაციის წევრი შიდა და დახურულ კონკურსში მონაწილეობისაათვის ვერ ვაკმაყოფილებ საჯარო სამსახურში მუშაობისა და მოხელეთა რეზერვში ყოფნის პირობებს.
გამოდის, რომ საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონით ვაკმაყოფილებ ზემოთხსენებული თანამდებობების დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, მაგრამ სადაო ნორმებით მეზღუდება უფლება მივიღო მონაწილეობა საჯარო სამსახურის მაშტაბით შიდა და დახურულ კონკურსებში.
სადაო ნორმებით დგინდება დიფერენცირებული მოპყრობა საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს, საჯარო მოხელის რეზერვში მყოფ პირებსა და იმ პირებს შორის, რომლებიც აკმაყოფილებენ ცალკეული თანამდებობების დასაკავებლად კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ არ არიან დასაქმებულნი საჯარო სამსახურში ან არ ირიცხებიან საჯარო მოხელეთა რეზერვში.
სადაო ნორმები ლახავს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ უფლებას სამართლის წინაშე ყოველი ადამიანის თანასწორობაზე. კერძოდ ისინი წინააღმდეგობაში მოდიან დისკრიმინაციის აკრძალვასთან სოციალური მდგომარეობისა და ნებისმიერი სხვა ნიშნის მიხედვით. ხელმძღვანელი პირების დავალდებულება, რომ საჯარო სამსახურში პირველი, მეორე და მესამე რანგის საჯარო თანამდებობის დასაკავებლად გამოაცხადონ დახურული ან შიდა კონკურსი ,იმ შემთხვევაში, როდესაც კონკურსში მონაწილეობის უფლება ეძლევათ საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს არის დისკრიმინაცია სოციალური მდგომარეობის ნიშნით, იმ შემთხვევა კი რომელიც ეხება მოხელეთა რეზერვში მყოფ პირებს არის დისკრიმინაცია სხვა ნიშნის მიხედვით, რაც ასევე იკრძალება კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი ნაწილით.
ყოველი ადამიანი განურჩევლად მისი სოციალური თუ სხვა მდგომარეობისა ექვემდებარება ერთი და იმავე კანონს, ეს კანონი თანაბრად უნდა იქნას გამოყენებული მათ მიმართ.
კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი ნაწილი კრძალავს ცალკეული პირების მიმართ უსაფუძვლო დიფერენციაციას. ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა არ შეიძლება დამოკიდებული იყოს მის ამა თუ იმ კუთვნილებაზე.
განსხვავებულ მოპყრობას გონივრული და სამართლიანი საფუძველი, ძალზედ წონადი არგუმენტები ესაჭიროება.
თანასწორობის პრინციპის უზრუნველყოფის საშუალებად განიხილება შესაძლებლობათა თანასწორობაც. ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს წარმატების მიღწევის თანაბარი შანსი, რაც სახელმწიფოს ავალდებულებს ყველასათვის თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას.
სადაო ნორმებით ხდება უსაფუძვლო განსხვავება და საჯარო სამსახურში ან მოხელეთა რეზერვში არ მყოფი პირების დაუსაბუთებლად არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება საჯარო სამსახურში ან მოხელეთა რეზერვში მყოფ პირებთან მიმართებაში. სადაო ნორმების პირობებში სასამართლო სხდომის მდივნის საჯარო თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევა პირს, რომელიც აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს, მაგალითად, არის სამართლის ბაკალავრი და თუნდაც ხელშეკრულებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში მუშაობს საჯარო სამსახურში რაიმე პოზიციაზე (დამატებით მოთხოვნებს ადგენს ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ), მაშინ როდესაც კონკურსში ვერ მიიღებს მონაწილეობას პირი, რომელიც არის სამართლის მაგისტრი, დოქტორანტურის სტუდენტი, ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები, მაგრამ არ მუშაობს საჯარო სამსახურში ან არ ირიცხება საჯარო მოხელეთა რეზერვში. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად დისკრიმინაციად ითვლება, როდესაც პირს არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებენ ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით. თუკი დისკრიმინაციაა ანალოგიურ პირობებში მყოფ პირთა დიფერენციაცია, დისკრიმინაციაა არათანაბარ მდგომარეობაში მყოფ პირთა დიფერენციაციაც, როდესაც კვალიფიკაციით, ცოდნითა და კომპეტენციით უპირატესობის მქონე პირი არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდება სხვა დანარჩენებთან მიმართებაში მხოლოდ იმიტომ, რომ არ არის საჯარო სამსახურში დასაქმებული ან მოხელეთა რეზერვში მყოფი პირი. ასეთი დიფერენციაცია მხოლოდ მაშინ იქნებოდა სამართლიანი, თუ კონკურენტებიდან საუკეთესოს შერჩევის შესაძლებლობას შექმნიდა. ისეთი დიფერენციაცია, როდესაც იქმნება საფრთხე კვალიფიციური კადრების კონკურსს მიღმა დარჩენისა არის დისკრიმინაციული და ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, თანაზომიერებისა და პროპორციულობის პრინციპს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით ,,დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებით განპირობებული დიფერეციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის გადაწყვეტილება საქმეზე ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: ახალი მემარჯვენეები და საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-3). გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით ,,თანასწორობის პრინციპი დარღვეულია იმ შემთხვევაში, როდესაც კანონმდებლის მიერ განხორციელებულ დიფერენციაციას არა აქვს გონივრული, საგანთა ბუნებიდან ან სხვა პრინციპებიდან გამომდინარე საფუძველი ანუ როდესაც საკანონმდებლო რეგულირება შესაძლებელია დახასიათდეს, როგორც თვითნებური ( B. B. Verf. GE. 50-117)
არავითარი ლოგიკური არგუმენტი არ არსებობს თუ რატომ არ უნდა შეეძლოთ კონკურსში მონაწილეობა იმ პირებსაც, რომლებიც აკმაყოფილებენ ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს მოსამართლის თანაშემწისა და სასამართლო სხდომის მდივნის (მესამე რანგის საჯარო თანამდებობა) თანამდებობის დასაკავებლად, მაგრამ არ არიან დასაქმებულნი საჯარო სამსახურში ან არ ირიცხებიან საჯარო მოხელეთა რეზერვში. კანონმდებელი სადაო ნორმებით ახდენს არაპირდაპირ დისკრიმინაციას, რადგან თანასწორობის პრინციპი ირღვევა, როდესაც განსხვავებას არ გააჩნია ობიექტური და გონივრული გამართლება.
თანასწორობის პრინციპი ირღვევა მაშინაც, როდესაც დარღვეულია პროპორციულობის პრინციპი მიზანსა და გამოყენებულ საშუალებას შორის. საჯარო სამსახურში ან მოხელეთა რეზერვში ყოფნა აპრიორი არ ნიშნავს, რომ პირი ცოდნითა და კომპეტენციით აღემატება სხვა ადამიანებს საჯარო სანსახურის სისტემის მიღმა. რასაკვირველია ძალიან ბევრი კვალიფიციური ადამიანი ბრძანდება საჯარო სამსახურში, მაგრამ ეს შეიძლება დამსაქმებელმა გაითვალისწინოს კონკურსის პროცესში და სხვებს არ უნდა ეზღუდებოდეთ უფლება მათაც მიიღონ მონაწილეობა კონკურსში.
განსხვავებული მოპყრობა მხოლოდ მაშინ არ ჩაითვლება დისკრიმინაციად თუ ის ემყარება ობიექტურ შეფასებას, ითვალისწინებს საჯარო ინტერესს და ამყარებს სამართლიან ბალანსს საზოგადოების საერთო ინტერესს და ინდივიდის უფლებებს შორის. (ZARB ADAMI V MALTA hudoc (2006) 44 EHRR 49 para 73).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით ,,განსხვავებული მოპყრობა უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს და უნდა არსებობდეს გონივრული, პროპორციული ურთიერთმიმართება განსხვავებულ მოპყრობასა და დასახულ კანონის მიზანს შორის“ (A 6. (1968) 1 EHRR 252 para 10 PC).
სადაო ნორმები კეტავს გზას კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ყველასთვის ვინც არ არიან დასაქმებულები საჯარო სამსახურში ან არ ირიცხებიან მოხელეთა რეზერვში, მიუხედავად მათი კვალიფიკაციისა ისე, რომ კანონმდებელი ვერ ასაბუთებს თუ რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება ამგვარი დიფერენციაცია. სადაო ნორმებით დადგენილი შეზღუდვები არაპროპორციული ხასიათისაა, მათი არაკონსტიტუციურად ცნობა არ უშლის ხელს არცერთი საჯარო მოხელისა თუ რეზერვში მყოფი პირის კონკურსში მონაწილეობასა და გამარჯვებას, მაშინ, როდესაც მათი ძალაში დატოვება შიდა და დახურულ კონკურსებში მონაწილეობის უფლებას დაუტოვებს პირთა ვიწრო წრეს, რომლებიც არიან საჯარო სამსახურში ან ირიცხებიან საჯარო მოხელეთა რეზერვში. სადაო ნორმების ძალაში დატოვებით ყველა ის პირი, რომლებიც აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ცალკეული საჯარო თანამდებობების დასაკავებლად, მაგრამ არ არიან საჯარო სამსახურში დასაქმებულნი ან მოხელეთა რეზერვში მყოფი პირები დაუსაბუთებლად დარჩებიან დისკრიმინაციულ მდგომარეობაში საჯარო სამსახურში დასაქმებულ ან მოხელეთა რეზერვში მყოფ პირებთან მიმართებაში.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კონსტიტუციური სარჩელით ვითხოვთ არაკონსტიტუციურად და ძლადაკარგულად იქნას ცნიბილი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ ნაწილთან მიმართებაში საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მესამე ნაწილის, საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის N204 დადგენილებით დამტკიცებული თანდართული საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის მე-5 მუხლის მე-4 ნაწილისა და 251-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს საჯარო სამსახურში მესამე რანგის საჯარო თანამდებობის დასაკავებლად შიდა ან დახურული კონკურსის გამოცხადებას.
კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთება სადაო ნორმების კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ ნაწილთან წინააღმდეგობის კონტექსტში.
ყველა სადაო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ უფლებას საქართველოს ყოველი მოქალაქის უფლებაზე დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 57-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების და ასევე საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 27-ე და 29-ე მუხლების შესაბამისად ვაკმაყოფილებ მოსამართლის თანაშემწისა და სასამართლო სხდომის მდივნის პოზიციის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. მიუხედავად ამისა სადაო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვების გამო ვერ ვაღწევ კონკურსამდე, რომელშიც მონაწიელეობის შემთხვევაში სრულად დავაკმაყოფილებდი ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს. სადაო ნორმების პირობებში გამოდის, რომ კანონით დადგენილ მოთხოვნებს ვაკმაყოფილებ, მაგრამ არ მეძლევა კონსტიტუციური უფლების გამოყენების შესაძლებლობა, რადგანაც იმ ვაკანტურ პოზიციაზე ვერ ვაკეთებ განაცხადს, რომლის დაკავების კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას ვაკმაყოფილებ.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კონსტიტუციური სარჩელით ვითხოვთ არაკონსტიტუციურად და ძლადაკარგულად იქნას ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ ნაწილთან მიმართებაში საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის N204 დადგენილებით დამტკიცებული თანდართული საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის მე-5 მუხლის მე-4 ნაწილისა და 251-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს საჯარო სამსახურში მესამე რანგის საჯარო თანამდებობის დასაკავებლად შიდა ან დახურული კონკურსის გამოცხადებას.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: კი
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: კი
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა