გიორგი მიქელაძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/8/1564 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 15 ივლისი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 30 ივლისი 2021 18:57 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: გიორგი მიქელაძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტისა და 251 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1564) მომართა საქართველოს მოქალაქე გიორგი მიქელაძემ. №1564 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 15 თებერვალს. №1564 კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 15 ივლისს.
2. №1564 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე და მე-60 მუხლები; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ მოხელე ზემდგომი (პირველი, მეორე და მესამე) რანგის მოხელის თანამდებობაზე ინიშნება შიდა კონკურსის ან დახურული კონკურსის საფუძველზე. დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან. ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში. „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილებით დამტკიცებული წესის (შემდგომში, საქართველოს მთავრობის №204 დადგენილებით დამტკიცებული წესი ან წესი) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი განსაზღვრავს, რომ დახურული კონკურსი ცხადდება ზემდგომი (მე-3, მე-2 ან პირველი) რანგის პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. აღნიშნული წესის 251 მუხლის პირველი პუნქტი კი ადგენს, რომ შიდა კონკურსი ცხადდება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჯარო დაწესებულების ან/და ამ დაწესებულების სისტემის მასშტაბით და მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს იქ დასაქმებულ მოხელეს.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება ადგენს, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება, დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
5. №1564 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, მოსარჩელე გიორგი მიქელაძემ, საჯარო სამსახურის ბიუროს ელექტრონული პორტალის მეშვეობით, დროის სხვდასხვა პერიოდში, შეიტანა განაცხადი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწისა და სასამართლოს სხდომის მდივნის ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღებისათვის. მოსარჩელის განმარტებით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს საკონკურსო კომისიის მხრიდან ორივე ჯერზე უარი ეთქვა გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის შესაძლებლობაზე იმ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, რომ წარდგენილი განცხადებითა და დოკუმენტებით არ დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე აკმაყოფილებდა სადავო ნორმებით დადგენილ მოთხოვნებს. კერძოდ კი, არ დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე იყო მოქმედი მოხელე, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელე ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელსაც ჰქონდა საჯარო სამსახურის სისტემაში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი სტაჟი.
6. მოსარჩელის განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირი სრულად აკმაყოფილებს შესაბამისი ვაკანტური პოზიციის მიმართ დადგენილ საკვალიფიკაციო და შესაბამისი ფუნქციების განსახორციელებლად აუცილებელ სხვა მოთხოვნებს, სადავო ნორმების საფუძველზე, მოკლებულია შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს საჯარო სამსახურის მასშტაბით შიდა და დახურულ კონკურსებში. მოსარჩელის პოზიციით, ამგვარი გადაწყვეტა ეწინააღმდეგება საქართველოს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებას, დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა.
7. მოსარჩელე მხარე, აგრეთვე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული რეგულაციები ეწინააღმდეგება სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას. მოსარჩელის მითითებით, სადაო ნორმების საფუძველზე, დიფერენცირებული მოპყრობა ხორციელდება, ერთი მხრივ, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს, საჯარო მოხელის რეზერვში მყოფ პირებსა და იმ პირებს შორის, რომლებიც აკმაყოფილებენ ცალკეული თანამდებობების დასაკავებლად კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ არ არიან დასაქმებულნი საჯარო სამსახურში ან არ ირიცხებიან საჯარო მოხელეთა რეზერვში. ამასთანავე, დიფერენცირებული მოპყრობა ეფუძნება პირთა სოციალურ მდგომარეობას ან ნებისმიერ სხვა ნიშანს. კერძოდ, იმ შემთხვევაში, როდესაც საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე კონკურსში მონაწილეობის უფლება ეძლევათ საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს, ადგილი აქვს დისკრიმინაციულ მოპყრობას სოციალური მდგომარეობის ნიშნის საფუძველზე, ხოლო მოხელეთა რეზერვში მყოფ პირებთან მიმართებით ‒ სხვა ნიშნის მიხედვით.
8. მოსარჩელის არგუმენტაციით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირს გააჩნია საჯარო მოხელის ან მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელის მსგავსი ან უპირატესი კვალიფიკაცია, ცოდნა და კომპეტენცია კონკრეტული ფუნქციების შესასრულებლად, იგი შესაძლებელია, შესადარებელ სუბიექტებთან მიმართებით არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, მარტოოდენ იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ მას არ გააჩნია საჯარო მოხელის სტატუსი ან არ არის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელე. მოსარჩელის პოზიციით, ამგვარი განსხვავებული მოპყრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა სამართლიანი და ლეგიტიმური მიზნის მიღწევის პროპორციული, თუ კონკურენტებიდან საუკეთესოს შერჩევის შესაძლებლობას შექმნიდა. სადავო რეგულაციების საფუძველზე დადგენილი დიფერენცირებული მოპყრობა კი კვალიფიციური კადრების შესაბამის კონკურსს მიღმა დარჩენის საფრთხეს ქმნის, არის დისკრიმინაციული და ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესებსა და თანაზომიერებისა და პროპორციულობის პრინციპებს.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს საჯარო სამსახურში მესამე რანგის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად შიდა ან დახურული კონკურსის გამოცხადებას, ეწინააღმდეგება სამართლის წინაშე ყველას თანასწორობისა და საქართველოს მოქალაქეების მიერ საჯარო თანამდებობის დაკავების კონსტიტუციურ უფლებებს.
10. №1564 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოსა და გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
11. მოსარჩელე მხარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, №1564 კონსტიტუციურ სარჩელში შუამდგომლობს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენის მომენტისათვის ჯერ არ დასრულებულა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნის ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსი. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმების მოქმედების შეუჩერებლობის შემთხვევაში, მას მიადგება გამოუსწორებელი ზიანი, რომელიც ვერ აღმოიფხვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომი გადაწყვეტილებითაც კი, რამდენადაც შესაბამისი კონკურსი იმ დროისათვის დასრულებული იქნება. სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შემთხვევაში კი, მოსარჩელეს მიეცემა კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1564 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
2. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება, თუ მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია, გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეზე აღნიშნა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების ან/და საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ნორმის მოქმედებით გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევის საფრთხე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური მართლმსაჯულების არსებული სისტემის თავისებურებების გათვალისწინებით, სადავო აქტის მოქმედების შეჩერების მექანიზმი იცავს მოსარჩელეს უფლების აუცდენელი და შეუქცევადი დარღვევისაგან და ხელს უწყობს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ეფექტიანობას ... საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ხშირად არ ვრცელდება გადაწყვეტილების მიღებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე და არსებობს საფრთხე, რომ პირის უფლებაში აღდგენა არ მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ... კანონმდებლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს მხარისათვის გამოუსწორებელ შედეგებს. შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი მიმართულია იმ აუცდენელი და შეუქცევადი საფრთხეების პრევენციისკენ, რომელიც შეიძლება მოჰყვეს სადავო აქტის მოქმედებას და რომლის გამოსწორება შესაძლებელია, ვერ მოხერხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ აქტის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგაც. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს სადავო აქტის მოქმედების შეჩერების ღონისძიებას, მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე აშკარაა და არ არსებობს მესამე პირებისა და საზოგადოებრივი ინტერესების გაუმართლებელი შეზღუდვის რისკები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-31-35).
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
6. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა შეიძლება იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდეს, თუ ასეთ გადაწყვეტილებას შეუძლია, მოახდინოს მოსარჩელე მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილება, მისი პრევენცია. სადავო ნორმის შეჩერება საფუძველს მოკლებული შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ შეჩერების შედეგად შეუძლებელი იქნება ფაქტობრივი სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის №1/7/681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34).
7. ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად დასაბუთებულია მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. კერძოდ, თავდაპირველ ეტაპზე უნდა დადგინდეს, რამდენად შეიცავს სადავო ნორმების მოქმედება გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხეს და რამდენად არსებობს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების გზით ამგვარი საფრთხის თავიდან აცილების შესაძლებლობა.
8. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმების შეჩერების შემთხვევაში, შეძლებს მიმდინარე კონკურსში მონაწილეობას და, ამ გზით, თავიდან აიცილებს გამოუსწორებელი შედეგის დადგომის რისკს. №1564 კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული დოკუმენტებით დგინდება, რომ მოსარჩელემ ვერ გადახალა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწისა და სასამართლოს სხდომის მდივნის ვაკანტური პოზიციებზე გამოცხადებულ კონკურსების პირველი, კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ეტაპი და, აქედან გამომდინარე, უარი ეთქვა აღნიშნულ კონკურში მონაწილეობაზე. ამგვარად, ნათელია, რომ №1564 კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის მომენტისათვის, მოსარჩელე სადავო კონკურსს მიღმაა დარჩენილი და მოკლებულია კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების შესაძლებლობას.
9. აღსანიშნავია, რომ განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი რეგულაციები განსაზღვრავს პირველი, მეორე და მესამე რანგის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის წესს და ადგენს, რომ მოხელე ამგვარ თანამდებობაზე ინიშნება შიდა ან დახურული კონკურსის საფუძველზე. ამასთან, სადავო ნორმებით დადგენილია, რომ კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ პირთა განსაზღვრულ წრეს (მოქმედ მოხელეს, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ მოხელეს და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, რომელიც არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში). შესაბამისად, სადავო ნორმების მოქმედების ფარგლები ამოიწურება საჯარო სამსახურში მოხელის ზემდგომი თანამდებობის დასაკავებლად ჩასატარებელი კონკურსის ფორმისა და მასში მონაწილე სუბიექტთა წრის დადგენით. გასაჩივრებული რეგულაციები არ განსაზღვრავს არც კონკურსის შემდგომი ეტაპის ‒ კანდიდატის შეფასების მიმდინარეობის მარეგლამენტირებელ და არც კონკურენტული მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების, კონკურსის შედეგების გამოცხადების წესებს. ამგვარად, რამდენადაც მოსარჩელე შესაბამის კონკურში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას უკვე მოკლებულია, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შემთხვევაშიც კი, აღნიშნული არ გამოიწვევს არც დაწყებული/მიმდინარე კონკურსის შეჩერებას და არც მოსარჩელის ჩართვას აღნიშნული კონკურსის შემდგომ ეტაპზე. ამდენად, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას, ამ თვალსაზრისით, არ გააჩნია მოსარჩელე მხარის მიმართ კონკრეტული შედეგის დადგომის პრევენციის ეფექტი.
10. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ №1564 კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსარჩელეს მიეცემა სხვა კონკურსებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. ამგვარად, ამ თვალსაზრისით, მოსარჩელის მიმართ, საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებით, გამოუსწორებელი ზიანის დადგომის საფრთხის არსებობა არ იკვეთება.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების საფუძვლები.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1564 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი მიქელაძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი