გივი ლუაშვილი და თორნიკე ართქმელაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/2/1548 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 12 თებერვალი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 15 თებერვალი 2021 19:48 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: გივი ლუაშვილი და თორნიკე ართქმელაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-2 მუხლის 61 პუნქტის (2020 წლის 28 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1548) მიმართა გივი ლუაშვილმა და თორნიკე ართქმელაძემ. №1548 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2020 წლის 16 ნოემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 12 თებერვალს.
2. №1548 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-2 მუხლის 61 პუნქტის (2020 წლის 28 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, საცხოვრებელ ადგილზე მოსახლეობის დარჩენის უზრუნველსაყოფად, ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში იკრძალება 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის არჩევისა და საქართველოდან გასვლის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით“.
5. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მართალია, სადავო ნორმა ემსახურება ვირუსის პრევენციის გზით პირთა ჯანმრთელობის დაცვის ინტერესს, რის გამოც შესაძლებელია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებული მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა, თუმცა იგი არ არის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ვარგისი საშუალება. კერძოდ, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილების აკრძალვა შესაძლებელია, ნამდვილად ამცირებდეს გარკვეულ სოციალურ აქტივობებს, თუმცა იგი ადამიანებს აიძულებს, დაგეგმილი სოციალური აქტივობები განახორციელონ დროის იმ მონაკვეთში, რომელშიც დაშვებულია გადაადგილება, რაც იწვევს სოციალური აქტივობების ზრდას, რიგებს სხვადასხვა დაწესებულებებში და, შესაბამისად, ქმნის ვირუსის გავრცელების უფრო მეტ რისკს.
6. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო რეგულაცია ასევე არ არის უფლების ყველაზე ნაკლებად მზღუდავი საშუალება. მისი განმარტებით, სოციალური კონტაქტების შემცირება შესაძლებელია პირთა სხვადასხვა თავყრილობების აკრძალვით და არა დროის კონკრეტულ მონაკვეთში პირთა გადაადგილების სრულად შეზღუდვით. ამასთან, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა ვერც ვიწრო პროპორციულობის ტესტს აკმაყოფილებს. მისი განმარტებით, სადავო ნორმის საფუძველზე დადგენილი აკრძალვით მნიშვნელოვნად ვერ მცირდება ვირუსის გავრცელების რისკი. აღნიშნულის საპირისპიროდ კი, პირი ხანგრძლივი დროით არის მოკლებული თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას, რაც ინტენსიურ გავლენას ახდენს ადამიანის პიროვნების თავისუფალ განვითარებაზე. შესაბამისად, სადავო ნორმა ვერ პასუხობს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
7. მოსარჩელე მხარე დამატებით მიუთითებს, რომ სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს უფლების შეზღუდვის ფორმალურ მოთხოვნებს. მოსარჩელის განმარტებით, მიმოსვლის თავისუფლება იზღუდება მთავრობის მიერ მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ისე, რომ აღნიშნულ შესაძლებლობას არ ითვალისწინებს კანონი. ამავდროულად, დარღვეულია „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნებიც, რომლის თანახმადაც, გადაადგილების თავისუფლება დროის გარკვეულ მონაკვეთში შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს.
8. №1535 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, შუამდგომლობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმის დარღვევის შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულია ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, პირს, არაკონსტიტუციური ნორმის მოქმედების გამო, შესაძლოა დაეკისროს ადმინისტრაციული სახდელი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა კი ვერ შეაჩერებს დაკისრებული სახდელის აღსრულებას, რაც პირისთვის გამოუსწორებელი ზიანის მომტანია. ამასთან, სადავო ნორმების შეჩერებით, მინიმალურია მესამე პირების უფლებების დარღვევის საფრთხეც, ვინაიდან დაწესებული შეზღუდვით მნიშვნელოვნად ვერ მცირდება ვირუსის გავრცელების რისკი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „[…] საქმის განხილვის მომენტისთვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
2. №1548 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-2 მუხლის 61 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
3. „„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-2 მუხლის 61 პუნქტი 2020 წლის 28 ნოემბრიდან ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. კერძოდ, განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აიკრძალა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე, საჯარო სივრცეში ყოფნა.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებამ შესაძლოა, განსხვავებული სამართლებრივი მოცემულობები წარმოშვას, მისი გასაჩივრებული შინაარსი შეიძლება მნიშვნელოვნად, უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ შეიცვალოს. თუმცა ნორმის ძველი კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისთვის მოქმედი რედაქცია, ყველა შემთხვევაში, ძალადაკარგულად ითვლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“, II-5). აღნიშნულიდან გამომდინარე, №1548 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-2 მუხლის 61 პუნქტი ძალადაკარგულია.
5. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმამ ძალა დაკარგა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და გამორიცხავს იმავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული სამართალწარმოების გაგრძელების უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობას.
6. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, №1548 კონსტიტუციურ სარჩელზე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1548 კონსტიტუციურ სარჩელზე („გივი ლუაშვილი და თორნიკე ართქმელაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი