გივი ლუაშვილი და თორნიკე ართქმელაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1548 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | გივი ლუაშვილი, თორნიკე ართქმელაძე |
თარიღი | 12 ნოემბერი 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N 322 დადგენილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ (თანდართული „იზოლაციისა და კარანტინის წესები“)
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
1. „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილების თანდართული „იზოლაციისა და კარანტინის წესები“-ს, მე-2 მუხლის მე-61 პუნქტი: „საცხოვრებელ ადგილზე მოსახლეობის დარჩენის უზრუნველსაყოფად, ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში იკრძალება 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა“. |
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები: ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება.; ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლი განსაზღვრავს კონსტიტუციური სარჩელის არ მიღები საფუძვლებს, რომელთაგან არცერთი გარემოება სახეზე არ არის.
კონსტიტუციური სარჩელი ფორმით სრულ შესაბმისობაშია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან.
კონსტიტუციური სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირების მიერ. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ ფიზიკურ პირს აქვს კონსტიტუციური შესაძლებლობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სადავოდ გახადოს ნორმატიული აქტი კონსტიტუციის მე-2 თავში მოთავსებული მუხლებთან მიმართებით. ასევე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით „საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, ... თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
მოცემული შემთხვევაში ყველა მოსარჩელე არის საქართველოს მოქალაქე, და მათ მიერ გამხდარი სადავო ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი დაყენებულია კონსტიტუციის მე-2 თავში მოთავსებული მუხლების მიმართ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის 31–ე მუხლთან (. 42.1) მიმართებით განაცხადა შემდეგი: „აღნიშნული ნორმის მიზანს წარმოადგენს კონკრეტული ინდივიდის უფლების დაცვა ან მისი უფლებების აშკარა დარღვევის პრევენცია. სწორედ ამიტომ ფიზიკური პირი არის აღჭურვილი უფლებით, ეჭვქვეშ დააყენოს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა, თუ მიიჩნევს, რომ ასეთი აქტის მოქმედებით მან უშუალოდ განიცადა ზიანი ან ზიანის მიღების საფრთხე უშუალოდ მისთვის არის რეალური (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის #1/1/413 განჩინება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ირაკლი ყანდაშვილი და კომანდიტური საზოგადოება ”ანდრონიკაშვილი, საქსენ-ალტენბურგი, ბარამიძე და პარტნიორები” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
სასამართლო პრაქტიკის მიხედვით ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლი რამდენიმე სახისაა: რეალური მსხვერპლი, პოტენციური მსხვერპლი და ჰიპოთეტური მსხვერპლი.
საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ რეალური მსხვერპლის კატეგორია მაშინ გვაქვს სახეზე, როდესაც დასტურდება, რომ კონკრეტული რეგულირებით განხორციელდა მოსარჩელის ძირითადი უფლებებით ან თავისუფლებებით დაცული სფეროს შეზღუდვა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის #1/1/413 განჩინება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ირაკლი ყანდაშვილი და კომანდიტური საზოგადოება ”ანდრონიკაშვილი, საქსენ-ალტენბურგი, ბარამიძე და პარტნიორები” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები სადავოდ ხდიან უფლებაში ჩარევის კონსტიტუციით გათვალისწინებული საფუძვლების დარღვევას, შესაბამისად მსგავსი ფორმით უფლების დარღვევის შემთხვევაში სახეზე გვაქვს „რეალური მსხვერპლის“ კატეგორია და დასტურდება მოსარჩელეების სამართლებრივი ინტერესი, რომელიც გათვალისწინებულია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში - „დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“.
სარჩელის არსებითად მიღების დასაბუთებაში დამატებით გვსურს ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი შეეხება კონსტიტუციის მე-2 თავთან დაკავშირებულ უფლებამოსილებას და ის არ სცდება მე-2 თავის საზღვრებს, რადგანაც ჩვენს მიერ დასახელებული კონსტიტუციის მუხლი, რომელსაც არღვევს სადავოდ გამხდარი კაანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, მოთავსებულია კონსტიტუციის მეორე თავში.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის გ-ზ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვისთვის არ მიღების საფუძველები სახეზე არ გვაქვს.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოცემულ შემთხვევაში სადავოდ ვხიდით საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილების (იზოლაციისა და კარანტინის წესები) დანართი 1-ის მე-2 მუხლის მე-61 პუნქტს, რომლის მიხედვითაც „საცხოვრებელ ადგილზე მოსახლეობის დარჩენის უზრუნველსაყოფად, ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში იკრძალება 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა“.
სადავოდ გამხდარი ნორმა ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას, რომლის მიხედვითაც „ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება“.
ლეგიტიმური მიზანი
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მიმოსვლის თავისუფლება შესაძლებელია შეიზღუდოს დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.
მოცემულ შემთხვევაში იკითხება შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი - ახალი კორონავირუსის (Covid 19) პანდემიის გავრცელების თავიდან აცილება. ვირუსთან პრევენციული ბრძოლა დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ლეგიტიმურ მიზნებს, რის გამოც ზოგადად დასაშვებია მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა.
გამოსადეგობა
გამოსადეგობის ტესტის გავლისას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს ლოგიკური კავშირის არსებობა დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის. გამოსადეგობის გარკვევის დროს მნიშვნელოვანია გაირკვეს რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48).
მოცემულ შემთხვეაში საეჭვოა სადავო ნორმით დაწესებული მიმოსვლის თავისუფლების შემზრუდველი ღონისძიებასა და პანდემიის პრევენციის მიზნებს შორის კავშირი. სადავოდ გამხდარი ნორმით დადგენილი შეზღუდვა, რომელიც დღე-ღამის გარკვეულ მონაკვეთში (22:00-დან 05:00-მდე) ზღუდავს გადაადგილების უფლებას, ლოგიკურ კავშირში არ არის ვირუსის გავრცელების პრევენციასთან. ასევე არსებობს გონივრული მოსაზრება, რომ შესაძლებელია დასახელებულმა შეზღუდვამ უკუშედეგიც გამოიწვიოს და გაზარდოს ვირუსის გავრცელების ტემპები.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, კორონა ვირუსი ვრცელდება წვეთოვანი გზით, პირებს შორის ახლო ფიზიკური კონტაქტის შედეგად. (https://www.who.int/emergencies/diseases/novel-coronavirus-2019/question-and-answers-hub/q-a-detail/q-a-coronaviruses). აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური დისტანცირება და სოციალური კონტაქტების შემცირება, განიხილება, როგორც ვირუსის გავრცელების შემაკავებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი. შესაბამისად, მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა, მათ შორის, ფაქტობრივი კომენდატის დაწესებაც, შესაძლებელია, აქეთკენ ყოფილიყო მიმართული. თუმცა, სადავო ნორმები მხოლოდ გარკვეულ საათებში აწესებენ მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვას (22:00-დან 05:00 საათამდე), რითაც მართალია, მცირდება დროის ამ მონაკვეთში სოციალური კონტაქტები, თუმცა ეს პირდაპირპროპორციულად იწვევს სოციალური კონტაქტების ზრდას 05:00-დან 22:00-მდე დროის შუალედში. მაგალითად, თუ სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში და სხვა ობიექტებზე ადამიანებს შეეძლებათ მისვლა 24 საათის განმავლობაში, მათ რაოდენობა მთელ ამ დროზე გადანაწილდება, შემცირდება რიგები და ადამიანთა კონტაქტები, რაც ლოგიკურად ზრდის კორონა ვირუსით დასნებოვნების და ვირუსის გავრცელების საფრთხეს.
აუცილებლობა
გამოსადეგობასტან ერთად შემზღუდველი ღონისძიება უნდა იყოს ყველაზე ნაკლებადმზრუდვაი საშუალება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26).
იმ შემთხვევაში თუ სასამართლო გავლილად მიიჩნევს გამოსადეგობის ტესტს, იგი მაინც ვერ იქნება განხილული, როგორც ყველაზე ნაკლებად მზღუდვაი ღონისძიება. საქართველოს მთავრობის გაცხადებული პოლიტიკის მიხედვით გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის მიზანია სოციალური კონტაქტების შემცირება, ამ მიზნის მიღწევა კი შესაძლებელი იქნება სოციალური კონტაქტებისა და თავყრილობების შეზღუდვით, რასაც ისედაც ითვალისწინებს მიმდინარე შეზღუდვები.
დაწესებული შეზღუდვის ეფექტი ვრცელდება, როგორც თავყრილობებზე, არამედ ისეთ შემთხვევებზეც, როესაც პირი საკუთარი პირადი საჭიროებისთვის გადაადგილდება.
პროპორციულობა
სადავოდ გამხდარი შეზღუდვა ასევე ვერ აკმაყოფილებს პროპორციულობის (ვიწრო გაგებით) საფეხურსაც. თანაზომიერების პრინციპის ეს შემადგენელი ნაწილის მოთხოვნაა, რომ „უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).
თანაზომიერების ტესტის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია დადგინდეს რამდენად გადაწონის უფლების შეზღუდვით გამოწვეულ ნეგატიურ ეფექტს, ლეგიტიმური მიზნის დაცვის ინტერესი.
როგორც აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის დაწესება უკავშირდება სოციალური კონტაქტების შემცირების გზით კორონა ვირუსის პანდემიის გავრცელების შეკავებას, აღკვეთას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეზღუდვა ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებად იქნება მიჩნეული, მის მიერ მიღწეული დადებითი ეფექტი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის იმდენად უმნიშვნელოვა, რომ ვერ გადაწონის შეზღუდვით გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებს. კერძოდ, სოციალური კონტაქტების შემცირება 22:00-დან 05:00 საათამდე საბოლოო ჯამში იმდენად არ აკავებს ადამიანების თავშეყრას 24 საათის განმავლობაში, რომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამავდროულად, კოლოსალურად დიდია შეზღუდვის გავლენა ადამიანის პიროვნების თავისუფალი განვითარების სრულყოფილ რეალიზებაზე. დროის საკმაოდ ხანგრძლივ მონაკვეთში ადამიანი მოკლებულია თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას, რაც განსაკუთრებით ინტენსიურ გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების არაერთ მნიშვნელოვან სფეროში. ამრიგად, შეზღუდვა მისი შესაძლო მინიმალური ეფექტების გათვალისწინებით ვერ გაამართლებს ადამიანის პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში ამგვარ ინტენსიურ შეჭრას და დარღვეულია თანაზომიერების პრინციპი (კონსტიტუციური სარჩელები, 1502, 1504).
ასევე დარღვეულია უფლების შეზღუდვის ფორმალური მხარე, რადგანაც გადაადგილების უფლება შეზღუდულია კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტით, ისე, რომ აღნიშნულის შესაძლებლობას არ იძლევა საკანონმდებლო აქტი. გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული გადაადგილების შეზღუდვა გარკვეული დროითი მონაკვეთით შესაძლებელია განხორციელდეს საგანგებო მდგომარეობის არსებობის ფარგლებში, რომელიც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი