ზაური შერმაზანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1566 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | ზაური შერმაზანაშვილი |
თარიღი | 15 თებერვალი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების სიტყვების: „აგრეთვე საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს კონსტიტუციური სარჩელის წარმოებაში მიღებას და იწვევს საქმის შეწყვეტას იმ ნორმატიულ აქტზე, რომელიც აწესებს ქმედების პასუხისმგებლობასა და სასჯელს ან სახდელს, ძალაში იყო ქმედების ჩადენის მომენტისთვის, მოგვიანებით ვადის გასვლის გამო დაკარგა იურიდიული ძალა, კვლავ გრძელდება ამ ნორმატიული აქტის საფუძველზე დაკისრებული პასუხისმგებლობის თაობაზე ადმინისტრაციული ან სასამართლო განხილვა და პირი, რომელსაც ამ ნორმატიული აქტის საფუძველზე დაეკისრა პასუხისმგებლობა მოითხოვს ამ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შემოწმებას. | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი. |
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს კონსტიტუციური სარჩელის წარმოებაში მიღებას და იწვევს კონსტიტუციური სარჩელის მიღებაზე უარის თქმას იმ ნორმატიულ აქტზე, რომელიც აწესებს ქმედების პასუხისმგებლობასა და სასჯელს ან სახდელს, ძალაში იყო ქმედების ჩადენის მომენტისთვის, მოგვიანებით ვადის გასვლის გამო დაკარგა იურიდიული ძალა, კვლავ გრძელდება ამ ნორმატიული აქტის საფუძველზე დაკისრებული პასუხისმგებლობის თაობაზე ადმინისტრაციული ან სასამართლო განხილვა და პირი, რომელსაც ამ ნორმატიული აქტის საფუძველზე დაეკისრა პასუხისმგებლობა მოითხოვს ამ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შემოწმებას. | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი. |
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 (31-ე ტერცია) მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს კონსტიტუციური სარჩელის წარმოებაში მიღებას და იწვევს კონსტიტუციური სარჩელის მიღებაზე უარის თქმას იმ ნორმატიულ აქტზე, რომელიც აწესებს ქმედების პასუხისმგებლობასა და სასჯელს ან სახდელს, ძალაში იყო ქმედების ჩადენის მომენტისთვის, მოგვიანებით ვადის გასვლის გამო დაკარგა იურიდიული ძალა, კვლავ გრძელდება ამ ნორმატიული აქტის საფუძველზე დაკისრებული პასუხისმგებლობის თაობაზე ადმინისტრაციული ან სასამართლო განხილვა და პირი, რომელსაც ამ ნორმატიული აქტის საფუძველზე დაეკისრა პასუხისმგებლობა მოითხოვს ამ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შემოწმებას. | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 60.4.„ა“ მუხლი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 39.1.„ა“ მუხლი, 19.1.„ე“, 31-ე და 311 მუხლები
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია ამ სარჩელისათვის დადგენილი ყველა პირობის დაცვით და ფორმით, შედგენილია ქართულ ენაზე და ხელმოწერილია, ერთვის სადავო სამართლებრივი აქტების ტექსტი, წარმოდგენილია საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ და კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონული ვერსია.
კონსტიტუციური სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის, ფიზიკური პირის, საქართველოს მოქალაქის მიერ, რომელიც დაჯარიმებულია 2020 წლის 2 აპრილს, 3000 ლარით იმ დროს მოქმედი ნორმატიული აქტების („საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტი და „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები“, მისი მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი, რომელიც შეეხება ავტომობილით მგზავრთა გადაყვანისას განთავსების შეზღუდვებს) საფუძველზე, შემდგომ, ადმინისტრაციულმა ორგანომ (შინაგან საქმეთა სამინისტრომ) ამ ოქმზე განიხილა მისი საჩივარი და უარი თქვა მის დაკმაყოფილებაზე. საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოს 2020 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებულია და იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში (საქმე №4/6629-20. განმხილველი მოსამართლე მანუჩარ ცაცუა).
საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროისათვის ზაური შერმაზანაშვილის ქმედებისთვის პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმატიული აქტები, პრეზიდენტის №1 დეკრეტი და საქართველოს მთავრობის №181 დადგენილება ძალადაკარგულია საგანგებო მდგომარეობის ვადის გასვლის გამო (საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, 2020 წლის 21 მაისიდან). სასამართლომ კი უნდა იმსჯელოს ქმედების ჩადენის მომენტისათვის მოქმედი ნორმატიული აქტებით.
ზაური შერმაზანაშვილის უფლებაა მის მიმართ სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანოს კონსტიტუციის შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე. რაც ნიშნავს, რომ სასამართლო განხილვის პერიოდში და გადაწყვეტილების/დადგენილების გამოტანისას უნდა არსებობდეს პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის შემოწმების ეფექტური საშუალება.
ზაური შერმაზანაშვილს საქართველოს პრეზიდენტის №1 დეკრეტთან და საქართველოს მთავრობის №181 დადგენილებასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოდგენილი აქვს 3 კონსტიტუციური სარჩელი. ერთ კონსტიტუციურ სარჩელზე დასრულებულია საქმის განხილვა და სასამართლო გასულია სათათბიროდ, ხოლო 2 კონსტიტუციური სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხი არ არის გადაწყვეტილი. გასაჩივრებული ნორმით შესაძლებელია ამ სარჩელებზე საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად არ იმსჯელოს, არ მიიღოს განსახილველად ან შეწყვიტოს საქმე. სხვა მაგალითებთან ერთად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2020 წლის 30 ივლისის №3/2/1519 განჩინება საქმეზე „ლევან ჯგერენაია, იაგო ხვიჩია, ჰერმან საბო და ალექსანდრე რაქვიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2018 წლის 19 ოქტომბრის №3/6/1253 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილი და ააიპ „ცენტრი მომავლის ინიციატივები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტი და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები“, მისი მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი აღარ არის მოქმედი საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის გასვლის გამო, მაგრამ როგორც აღინიშნა დავა კვლავ მიმდინარეობს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული სამართანდარღვევის საქმე, სამართალდარღვევის ოქმი/ჯარიმა და დადგენილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ არის თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში.
სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას უნდა გამოიყენოს მატერიალური სამართლის ნორმები. განსახილველ შემთხვევაში კი არსებობს მხოლოდ 2 (ორი) მატერიალური სამართლის ნორმა („საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტით და „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებით“), არ არსებობს სხვა ნორმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსში და არც საქართველოს მთავრობის დადგენილებაში. ამასთან, საჯარო სამართალში დაუშვებელია ანალოგიის გამოყენება, თუ ეს პირდაპირ არ არის ნებადართული კანონით, როგორც ეს დადგენილია „ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით.
საჯარო სამართალში (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლის პირველი აბზაცი, სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი) მოქმედი პრინციპის თანახმად მოქმედებს და გამოიყენება კანონი, რომელიც სამართალდარღვევის ჩადენის დროს მოქმედებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ თუ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ჩვენი საჩივრის განხილვისას უნდა გამოიყენოს ზემოთ დასახელებული 2 (ორი) ნორმატიული აქტი, მათ შორის ჩვენს მიერ წინამდებარე საჩივრით გასაჩივრებული ნორმა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტით დადგენილი საგანგებო მდგომარეობის 2 თვიანი ვადის გასვლის გამო, დეკრეტიც და მთავრობის დადგენილებაც ძალადაკარგულია.
პასუხისმგებლობის დამდგენი, ვადით განსაზღვრული ნორმატიული აქტი (ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის), პირთა ფართო წრისთვის შესაძლოა ძალადაკარგული იყოს ვადის გასვლის შემდეგ, თუმცა ინარჩუნებდეს სამართლებრივ ძალმოსილებას კონკრეტული პირის მიმართ, რომელსაც ამ აქტის საფუძველზე დაეკისრა პასუხისმგებლობა და მიმდინარეობს ადმინისტრაციული და სასამართლო განხილვა. თუკი ამ პირის მიმართ არსებობას განაგრძობს პასუხისმგებლობის დამდგენი, ძალადაკარგული ნორმატიული აქტი, მაშინ ამ პირს აქვს უფლება მოითხოვოს ამ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შემოწმება. კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი განხილვის უფლება, სამართლებრივი სახელმწიფოსა და კანონიერების პრინციპი მოიცავს უფლებას პირს პასუხისმგებლობა დაეკისროს მხოლოდ კონსტიტუციის შესაბამისი კანონის საფუძველზე და მას ჰქონდეს ამ კანონის კონსტიტუციურობის (ეჭვის) შემოწმების ეფექტური საშუალება.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის სათაურია „ნორმატიული აქტის გაუქმება“, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი მიხედვით გარკვეული ვადით მიღებული და მოქმედი ნორმატიული აქტის ვადის გასვლის შემდეგ ეს აქტი კარგავს ძალას. ამდენად, ძალადაკარგულობა და გაუქმება იდენტური შინაარსის არის. გასაჩივრებული ნორმატიული აქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადებით საქმის შეწყვეტის საფუძველია - სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა. კონსტიტუციურობის შემოწმება მოთხოვილია ორივე ტერმინისთვის.
კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი პრინციპის შესაბამისად, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება (მათ შორის გასაჩივრების წესები) არ ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტებზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის თაობაზე. საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტი (რომელთა თაობაზეც, როგორც აღინიშნა მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს 3 კონსტიტუციური სარჩელი) სწორედ ასეთი ნორმატიული აქტია. აღნიშნულის გათვალისწინებით, კი შეუძლებელია ამ ნორმის თაობაზე სასამართლოში მსჯელობა, გამოყენება და გადაწყვეტილების მიღება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესადამისად სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის განხილვისას გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად: „თუ საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით, კანონი, რომელიც ამ საქმისათვის უნდა იქნეს გამოყენებული, არ შეესაბამება ან ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, სასამართლო შეაჩერებს საქმის განხილვას ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, რის შემდეგაც საქმის განხილვა განახლდება.“. ამდენად, კანონმდებელი/პარლამენტი დასაშვებად მიიჩნევს ძალადაკარგული, მაგრამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დროს მოქმედი კანონის კონსტიტუციურობაზე მსჯელობას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, პირის მიმართ უფლების შემზღუდველი და პასუხისმგებლობის დამდგენი, მოქმედების ვადის გასვლის გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტის (განსახილველ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის და მთავრობის დადგენილების) კონსტიტუციურობის საკითხებზე მსჯელობა-შემოწმების გამორიცხვა დაუშვებელია და ასეთის დაშვებისას შესაძლებელია მოხდეს ანტიკონსტიტუციური ნორმატიული აქტის ლეგიტიმაცია ან სახეზე გვქონდეს კონსტიტუციის საწინააღმდეგო ნორმატიული აქტის საფუძველზე დაკისრებული სასჯელი. ეს კი თავის მხრივ შეიძლება ნიშნავდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მისთვის კონსტიტუციით დაკისრებული, კონსტიტუციური კონტროლის ვალდებულების დაკისრებაზე უარის თქმას (რაც კონსტიტუციასა და კონსტიტუციურ კონტროლს ფიქციად აქცევს), აგრეთვე კონსტიტუციით გარანტირებული კონსტიტუციურობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის, სახდელისა თუ სასჯელის მხოლოდ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მყოფი კანონის საფუძველზე დადგენის უფლებების დარღვევა. შესაძლებელია სახეზე იყოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო კანონი, ამ კონსტიტუციის საწინააღმდეგო კანონის საფუძველზე დაკისრებული სანქცია/სასჯელი და კონსტიტუციის საწინააღმდეგო კანონით დასჯილი ადამიანი. სამართლებრივ სახელმწიფოში მიუღებელია სასჯელის დამდგენი იმ აქტის გამოყენება, რომლის მიმართაც არსებობს კონსტიტუციურობის ეჭვი, არ არსებობს ნდობა და არ არსებობს ამ ეჭვის გაქარწყლების საშუალება. ასეთი აქტის საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში გასაჩივრება-განხილვის შეუძლებლობის შემთხვევაში შეილახება კონსტიტუციით დაცული სასამართლოსადმი მიმართვისა და სამართლიანი განხილვის უფლება.
მხედველობაშია მისაღები, რომ არც კონსტიტუციით და არც ორგანული კანონით, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების გასაჩივრებისათვის არ არის დადგენილი რაიმე ვადა. შესაბამისად პირს, რომლის მიმართაც პასუხისმგებლობა/სანქცია დადგინდა იმ კანონით, რომელიც მოქმედებდა ქმედების ჩადენის მომენტისთვის, მაგრამ ადმინისტრაციული ან სასამართლო განხილვისას ვადის გასვლის გამო ძალადაკარგულია საქმის განხილვის დასრულებამდე არ შეიძლება შეეზღუდოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის უფლება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, წინამდებარე სარჩელი და მასში სადავოდ ქცეული ნორმები უნდა იქცეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგნად და საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეასრულოს საქართველოს კონსტიტუციით დაკისრებული ფუნქცია ხელისუფლების დაწესებულებების მიერ ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვაზე კონსტიტუციური კონტროლი.
საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მანდატი არის კონსტიტუციური კონტროლის განხორციელება. საკონსტიტუციო კონტროლი და კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ტერმინი „ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა“ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ფარგლებში (კონსტიტუციის 4.4. მუხლის პირველი და მეორე წინადადება) უნდა განიმარტოს როგორც იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაც რომელიც აწესებს ქმედების პასუხისმგებლობასა და სასჯელს ან სახდელს, ძალაში იყო ქმედების ჩადენის მომენტისთვის, მოგვიანებით ვადის გასვლის გამო დაკარგა იურიდიული ძალა, კვლავ გრძელდება ამ ნორმატიული აქტის საფუძველზე დაკისრებული პასუხისმგებლობის თაობაზე ადმინისტრაციული ან სასამართლო განხილვა და პირი, რომელსაც ამ ნორმატიული აქტის საფუძველზე დაეკისრა პასუხისმგებლობა მოითხოვს ამ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შემოწმებას. არსებული პრაქტიკით კი კონსტიტუციური ტერმინი „ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განხილულია როგორც მხოლოდ საქმის წარმოებაში მიღების ან განხილვის მომენტისთვის ძალაში მყოფი ნორმატიული აქტი, მაშინ როდესაც მას კონკრეტული პირის მიმართ აქვს სხვა ნორმატიული შინაარსიც, ის რაც აღვნიშნეთ ზემოთ და რომელიც გასაჩივრებულია წინამდებარე სარჩელით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში ჩამოუყალიბებია კონსტიტუციური ნორმების ავტონომიურობის, კანონმდებლობისგან განცალკევებით განმარტების სტანდარტი. „კონსტიტუციური დებულებებისა და კონსტიტუციაში არსებული ტერმინების შინაარსი თვითმყოფადია და არ არის დამოკიდებული კანონმდებლობაში არსებულ დეფინიციებზე“ აღნიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 26 სექტემბრის №3/4/641 გადაწყვეტილება საქმეზე „ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-15). ანალოგიური ჩამოყალიბებულია საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გადაწყვეტილებებშიც და აღუნიშნავს, რომ კონსტიტუციაში მოცემული ტერმინები უნდა განიმარტოს მათი ავტონომიის კონსტიტუციური მნიშვნელობით, რომლებიც შესაძლოა, სულაც არ ემთხვეოდეს კანონმდებლობაში არსებულ განმარტებებს. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის №3/2/646 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5; საქართველოს საკონსტიუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-63; საქართველოს საკონსტიუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის №1/2/578 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის N2/2/579 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19).)
აღნიშნული სტანდარტი მომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში ასე ჩამოაყალიბა „სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი მოითხოვს, რომ სათანადო რეაგირების გარეშე არ დარჩეს სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების არცერთი უკანონო ქმედება. აუცილებელია, არსებობდეს ხელმისაწვდომი და ეფექტური მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ უკანონო ქმედების ჩადენის შემთხვევაში პირი შეძლებს უფლებებში აღდგენას და მიყენებული მატერიალური თუ არამატერიალური ზარალის ანაზღაურებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა მხოლოდ დეკლარაციულ ხასიათს მიიღებს და მოწყვლადი გახდება სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ უკანონო ქმედებების ჩადენის მიმართ.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის № 2/4/735 გადაწყვეტლება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - მერი გიორგაძე და ფიქრია მერაბიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
თუკი დავუშვებთ რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება შეზღუდულია მხოლოდ ძალაში მყოფი ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის შემოწმებით, ეს მნიშვნელოვნად დააზიანებდა კონსტიტუციური კონტროლის მნიშვნელობას და კონკრეტულ შემთხვევაში ფიქციადაც აქცევდა. თუკი კონსტიტუციური კონტროლის მიზანია, ხელისუფლების კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცევა და რომ რეაგირების მიღმა არ აღმოჩნდეს საჯარო ხელისუფლების „არცერთი უკანონო ქმედება“, მაშინ ხელისუფლების დაწესებულებებს არ უნდა ჰქონდეთ საშუალება თავი აარიდონ კონსტიტუციურ კონტროლს. ნორმატიული აქტის გამომცემ ორგანოს შეუძლია მისი ნორმატიული აქტის ვადა გამოცემისთანავე განსაზღვროს. იმავე ორგანოს, კონსტიტუციური კონტროლის თავიდან აცილების მიზნით შეეძლება გამოსცეს კონკრეტული ვადით მოქმედი ნორმატიული აქტი, რომელიც სცილდება მისი კომპეტენციის სფეროს და შედის სხვა ორგანოს უფლებამოსილებაში (მაგ.: მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2 თვით მოქმედი აქტით დააწესა გადასახადი ან სასჯელი). თუკი დავუშვებთ, რომ ვადის გასვლის შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლო არ განიხილავს იმ პირის სარჩელს რომელსაც დაეკისრა სასჯელი, მაშინ დასაშვები ხდება კონსტიტუციის დარღვევა და აღსრულება ისე რომ ამისთვის ეფექტური კონტროლის მექანიზმი არ იარსებებს და არ მოხდება დარღვევაზე რეაგირება. ამასთან, კონსტიტუციური კონტროლის გამორიცხვა უფლებამოსილებებზე დავასაც გამორიცხავს და პარლამენტს, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს დატოვებს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლების გარეშე. ეს ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციას და სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძვლების მოშლას ნიშნავს. დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოში ამგვარის დაშვება სახიფათოა, მიუღებელია და არ შეიძლება.
ზემოაღნიშნულზე მიანიშნა საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 39-ემუხლის განმარტებისას. „აღნიშნული ნორმის მიზანს წარმოადგენს კონკრეტული ინდივიდის უფლების დაცვა ან მისი უფლებების აშკარა დარღვევის პრევენცია. სწორედ ამიტომ ფიზიკური პირი არის აღჭურვილი უფლებით, ეჭვქვეშ დააყენოს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა, თუ მიიჩნევს, რომ ასეთი აქტის მოქმედებით მან უშუალოდ განიცადა ზიანი ან ზიანის მიღების საფრთხე უშუალოდ მისთვის არის რეალურია.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ირაკლი ყანდაშვილი და კომანდიტური საზოგადოება „ანდრონიკაშვილი, საქსენ-ალტენბურგი, ბარამიძე და პარტნიორები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“ II-2).
წინამდებარე სარჩელის საგანტან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა „როდესაც სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა უკავშირდება ამა თუ იმ სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პროცედურებსა და მისი გასაჩივრების უფლებას, შეფასების სტანდარტები მკაცრია. პირს, რომელსაც სახელმწიფო სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სრულად ისარგებლოს საქმის სამართლიანი განხილვის პროცედურული გარანტიებითა და გასაჩივრების უფლებით. ამასთანავე, სხვადასხვა სიმძიმის პასუხისმგებლობის დაკისრების მიმართ, შესაძლებელია არსებობდეს განსხვავებული პროცედურული გარანტიები. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, პირის უფლებრივი მდგომარეობა უნდა აკმაყოფილებდეს სამართლიანი სასამართლოს უფლების მინიმალურ სტანდარტებს.“ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ „პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების პროცესში, სასამართლოს ადმინისტრაციული რესურსის დაზოგვა ვერ გამოდგება პირის სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის საპირწონედ.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“,II-16, 46).
მნიშვნელოვანი განმარტება ჩამოაყალიბა საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთ საქმეზე, რომელშიც აღნიშნა „სამართალდარღვევაზე რეაგირებასა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებული ურთიერთობების ფარგლებში არსებული უფლების დარღვევის საფრთხეების პრევენციის მიზნით, აუცილებელია, არსებობდეს უფლების დაცვის ეფექტიანი სისტემა. როგორც აღინიშნა, პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პროცესში უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამართლიანი სასამართლოს უფლებითა და საპროცესო გარანტიებით სრულყოფილ სარგებლობას. პასუხისმგებლობის დაკისრებისას ინდივიდი არ უნდა წარმოადგენდეს სამართალწარმოების ობიექტს და უნდა აღიჭურვოს დაცვის იმ მექანიზმებით, რასაც სამართლიანი სასამართლოს უფლება მოითხოვს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/3/601 გადაწყვეტილებასაქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-11).
გასაჩივრებული ნორმები ნორმატიული შინაარსით შესაძლებელს ხდის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შეწყვიტოს საქმე პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმატიული აქტის ვადის გასვლის ძალადაკარგულობის/გაუქმების გამო. აგრეთვე სასამართლომ შესაძლებელია არ მიიღოს სარჩელი პასუხისმგებლობის დამდგენი ვადის გასვლის გამო ძალადაკარგული/გაუქმებული ნორმატიული აქტის თაობაზე დაუსაბუთებლობის გამო რადგან შინაარსით არ შეესაბამება მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებას, როგორც ეს განმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 2020 წლის 20 ივლისის №3/2/1519 განჩინებაში, საქმეზე „ლევან ჯგერენაია, იაგო ხვიჩია, ჰერმან საბო და ალექსანდრე რაქვიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (II-6). აღნიშნულით კი ზაური შერმაზანაშვილს შეეზღუდება საქართველოს კონსტიტუციით დაცული სასამართლოსადმი მიმართვისა და სამართლიანი განხილვის უფლება, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოზეც ვრცელდება.
აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს წინამდებარე სარჩელი იმისთვის რომ შემოწმდეს და რეაგირების გარეშე არ დარჩეს პასუხისმგებლობის დამდგენი დეკრეტის და მთავრობის დადგენილების კონსტიტუციურობა იმ პირობებში როცა არ არსებობს ამ აქტის კონსტიტუციურობისა და კანონშესაბამისობის დადგენის არც სასამართლო და არც სხვა ხელმისაწვდომი ეფექტური მექანიზმი.
ამდენად სახეზეა გასაჩივრებული ნორმების (მ.შ. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკით მინიჭებული შინაარსის) მიმართება საქართველოს კონსტიტუციით დაცულ სიკეთესთან/უფლებასთან, სასამართლოსადმი მიმართვისა და სამართლიანი განხილვის უფლებასთან.
კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხები არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი. ზაური შერმაზანაშვილის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, რომელმაც საქმე უნდა განიხილოს საქართველოს პრეზიდენტის №1 დეკრეტისა და საქართველოს მთავრობის №181 დადგენილების საფუძველზე (რომლებიც ვადის გასვლის გამო ძალადაკარგულია 2020 წლის 21 მაისიდან) ამ აქტების გამოყენებით, თანახმად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლის პირველი აბზაცისა. შესაბამისად, ზაური შერმაზანაშვილისა და საქმის განმხილველი ადმინისტრაციული და სასამართლო დაწესებულებებისათვის ძალადაკარგული ნორმები აგრძელებენ მოქმედებას. ამდენად, ზაური შერმაზანაშვილის მიმართ ეს აქტები განეკუთვნება საქართველოს კონსტიტუციით (მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი) განსაზღვრული იმ მოქმედი ნორმატიული აქტების კატეგორიას, რომელთა კონსტიტუციურობის შემოწმებაც შედის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატში.
ამასთან, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხები არ არის გადაწყვეტილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხები არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით.
კონსტიტუციური სარჩელის შეტანისთვის კანონით არ არის დადგენილი რაიმე ვადა, შესაბამისად მისი შეტანის ვადა არ არის დარღვეული.
კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებულია საკანონმდებლო აქტის ნორმები, შესაბამისად არ არის საჭირო ნორმატიული აქტების იერარქიაში ზემდგომი ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. 2020 წლის 2 აპრილს შსს სამინისტროს პოლიციელმა საჯარიმო ქვითარი/ოქმი №000003630-ით ზაური შერმაზანაშვილს დააკისრა ჯარიმის, 3000 ლარის გადახდა.
2. აღნიშნული ჯარიმის სამართლებრივი საფუძვლების (საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის №1 დეკრეტი და საქართველოს მთავრობის №181 დადგენილება) კონსტიტუციურობაზე ჩვენს სარჩელს (№1502) განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი და გასულია სათათბიროდ, კიდევ 2 სარჩელი იგივე აქტების კონსტიტუციურობაზე წარმოდგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში და არის წარმოებაში/განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის ეტაპზე.
3. აღნიშნული საჯარიმო ქვითარი/ოქმი №000003630 გავასაჩივრეთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელმაც კონსტიტუციური სტანდარტის დაცვა-გათვალისწინების გარეშე მიიღო დადგენილება ჩვენი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და იგი უცვლელად დატოვა.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დადგენილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოში (საქმე №4/6629-20) განმხილველი მოსამართლე მანუჩარ ცაცუა.
5. სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას უნდა გამოიყენოს მატერიალური სამართლის ნორმები. განსახილველ შემთხვევაში კი არსებობს მხოლოდ 2 (ორი) მატერიალური სამართლის ნორმა („საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტით და „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებით“), არ არსებობს სხვა ნორმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსში და არც საქართველოს მთავრობის დადგენილებაში. ამასთან, საჯარო სამართალში დაუშვებელია ანალოგიის გამოყენება, თუ ეს პირდაპირ არ არის ნებადართული კანონით, როგორც ეს დადგენილია „ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით.
6. საჯარო სამართალში (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლის პირველი აბზაცი, სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი) მოქმედი პრინციპის თანახმად მოქმედებს და გამოიყენება კანონი, რომელიც სამართალდარღვევის ჩადენის დროს მოქმედებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ თუ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ჩვენი საჩივრის განხილვისას უნდა გამოიყენოს ზემოთ დასახელებული 2 (ორი) ნორმატიული აქტი, მათ შორის ჩვენს მიერ წინამდებარე საჩივრით გასაჩივრებული ნორმა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტით დადგენილი საგანგებო მდგომარეობის 2 თვიანი ვადის გასვლის გამო, დეკრეტიც და მთავრობის დადგენილებაც ძალადაკარგულია.
7. პასუხისმგებლობის დამდგენი, ვადით განსაზღვრული ნორმატიული აქტი (ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის), პირთა ფართო წრისთვის შესაძლოა ძალადაკარგული იყოს ვადის გასვლის შემდეგ, თუმცა ინარჩუნებდეს სამართლებრივ ძალმოსილებას კონკრეტული პირის მიმართ, რომელსაც ამ აქტის საფუძველზე დაეკისრა პასუხისმგებლობა და მიმდინარეობს ადმინისტრაციული და სასამართლო განხილვა. თუკი ამ პირის მიმართ არსებობას განაგრძობს პასუხისმგებლობის დამდგენი, ძალადაკარგული ნორმატიული აქტი, მაშინ ამ პირს აქვს უფლება მოითხოვოს ამ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შემოწმება. კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი განხილვის უფლება, სამართლებრივი სახელმწიფოსა და კანონიერების პრინციპი მოიცავს უფლებას პირს პასუხისმგებლობა დაეკისროს მხოლოდ კონსტიტუციის შესაბამისი კანონის საფუძველზე და მას ჰქონდეს ამ კანონის კონსტიტუციურობის (ეჭვის) შემოწმების ეფექტური საშუალება.
8. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის სათაურია „ნორმატიული აქტის გაუქმება“, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი მიხედვით გარკვეული ვადით მიღებული და მოქმედი ნორმატიული აქტის ვადის გასვლის შემდეგ ეს აქტი კარგავს ძალას. ამდენად, ძალადაკარგულობა და გაუქმება იდენტური შინაარსის არის. გასაჩივრებული ნორმატიული აქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადებით საქმის შეწყვეტის საფუძველია - სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა. კონსტიტუციურობის შემოწმება მოთხოვილია ორივე ტერმინისთვის.
9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესადამისად სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის განხილვისას გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად: „თუ საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით, კანონი, რომელიც ამ საქმისათვის უნდა იქნეს გამოყენებული, არ შეესაბამება ან ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, სასამართლო შეაჩერებს საქმის განხილვას ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, რის შემდეგაც საქმის განხილვა განახლდება.“. ამდენად, კანონმდებელი/პარლამენტი დასაშვებად მიიჩნევს ძალადაკარგული, მაგრამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დროს მოქმედი კანონის კონსტიტუციურობაზე მსჯელობას.
10. აღნიშნულის გათვალისწინებით, პირის მიმართ უფლების შემზღუდველი და პასუხისმგებლობის დამდგენი, მოქმედების ვადის გასვლის გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტის (განსახილველ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის და მთავრობის დადგენილების) კონსტიტუციურობის საკითხებზე მსჯელობა-შემოწმების გამორიცხვა დაუშვებელია და ასეთის დაშვებისას შესაძლებელია მოხდეს ანტიკონსტიტუციური ნორმატიული აქტის ლეგიტიმაცია ან სახეზე გვქონდეს კონსტიტუციის საწინააღმდეგო ნორმატიული აქტის საფუძველზე დაკისრებული სასჯელი.
11. მხედველობაშია მისაღები, რომ არც კონსტიტუციით და არც ორგანული კანონით, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების გასაჩივრებისათვის არ არის დადგენილი რაიმე ვადა. შესაბამისად პირს, რომლის მიმართაც პასუხისმგებლობა/სანქცია დადგინდა იმ კანონით, რომელიც მოქმედებდა ქმედების ჩადენის მომენტისთვის, მაგრამ ადმინისტრაციული ან სასამართლო განხილვისას ვადის გასვლის გამო ძალადაკარგულია საქმის განხილვის დასრულებამდე არ შეიძლება შეეზღუდოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის უფლება
12. საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მანდატი არის კონსტიტუციური კონტროლის განხორციელება. საკონსტიტუციო კონტროლი და კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ტერმინი „ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა“ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ფარგლებში (კონსტიტუციის 4.4. მუხლის პირველი და მეორე წინადადება) უნდა განიმარტოს როგორც იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაც რომელიც აწესებს ქმედების პასუხისმგებლობასა და სასჯელს ან სახდელს, ძალაში იყო ქმედების ჩადენის მომენტისთვის, მოგვიანებით ვადის გასვლის გამო დაკარგა იურიდიული ძალა, კვლავ გრძელდება ამ ნორმატიული აქტის საფუძველზე დაკისრებული პასუხისმგებლობის თაობაზე ადმინისტრაციული ან სასამართლო განხილვა და პირი, რომელსაც ამ ნორმატიული აქტის საფუძველზე დაეკისრა პასუხისმგებლობა მოითხოვს ამ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შემოწმებას. არსებული პრაქტიკით კი კონსტიტუციური ტერმინი „ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განხილულია როგორც მხოლოდ საქმის წარმოებაში მიღების ან განხილვის მომენტისთვის ძალაში მყოფი ნორმატიული აქტი, მაშინ როდესაც მას კონკრეტული პირის მიმართ აქვს სხვა ნორმატიული შინაარსიც, ის რაც აღვნიშნეთ ზემოთ ამავე პუნქტში და რომელიც გასაჩივრებულია წინამდებარე სარჩელით.
13. თუკი დავუშვებთ რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება შეზღუდულია მხოლოდ ძალაში მყოფი ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის შემოწმებით, ეს მნიშვნელოვნად დააზიანებდა კონსტიტუციური კონტროლის მნიშვნელობას და კონკრეტულ შემთხვევაში ფიქციადაც აქცევდა. თუკი კონსტიტუციური კონტროლის მიზანია, ხელისუფლების კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცევა და რომ რეაგირების მიღმა არ აღმოჩნდეს საჯარო ხელისუფლების „არცერთი უკანონო ქმედება“, მაშინ ხელისუფლების დაწესებულებებს არ უნდა ჰქონდეთ საშუალება თავი აარიდონ კონსტიტუციურ კონტროლს. ნორმატიული აქტის გამომცემ ორგანოს შეუძლია მისი ნორმატიული აქტის ვადა გამოცემისთანავე განსაზღვროს. იმავე ორგანოს, კონსტიტუციური კონტროლის თავიდან აცილების მიზნით შეეძლება გამოსცეს კონკრეტული ვადით მოქმედი ნორმატიული აქტი, რომელიც სცილდება მისი კომპეტენციის სფეროს და შედის სხვა ორგანოს უფლებამოსილებაში (მაგ.: მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2 თვით მოქმედი აქტით დააწესა გადასახადი ან სასჯელი). თუკი დავუშვებთ, რომ ვადის გასვლის შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლო არ განიხილავს იმ პირის სარჩელს რომელსაც დაეკისრა სასჯელი, მაშინ დასაშვები ხდება კონსტიტუციის დარღვევა და აღსრულება ისე რომ ამისთვის ეფექტური კონტროლის მექანიზმი არ იარსებებს და არ მოხდება დარღვევაზე რეაგირება. ამასთან, კონსტიტუციური კონტროლის გამორიცხვა უფლებამოსილებებზე დავასაც გამორიცხავს და პარლამენტს, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს დატოვებს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლების გარეშე. ეს ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციას და სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძვლების მოშლას ნიშნავს. დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოში ამგვარის დაშვება სახიფათოა, მიუღებელია და არ შეიძლება.
14. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით გასაჩივრებული ნორმების წარმოადგენს ჩარევას სასამართლოსადმი მიმართვისა და სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებებში, ზღუდავს პირის უფლებას ისარგებლოს ეფექტური საშუალებით მიმართოს და საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს პასუხისმგებლობის დამდგენი და ვადის გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე. ამასთან, არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი და ჩარევა ვერ პასუხობს უფლებებში ჩარევის გამოსადეგობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს.
15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმატიული აქტის გაუქმების შემდგომ, საქმის შეწყვეტის ნაცვლად ამ აქტის კონსტიტუციურობის განხილვის გაგრძელების მნიშვნელობაზე საგანგებოდ მსჯელობს და მას განსაკუთრებულად მიიჩნევს ხელისუფლების კონტროლისა და მისი თვითნებობისგან ადამიანების დასაცავად.
16. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის მიზანია, „არ მისცეს სამართალშემოქმედს შესაძლებლობა, ბოროტად ისარგებლოს სამართალშემოქმედებითი პროცესით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 23 დეკემბრის №1/1/386 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“, II-4).
17. „მართალია, საკონსტიტუციო სასამართლო შეზღუდულია დავის საგნის ფარგლებით და, შესაბამისად, ვერ იმსჯელებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის რედაქციაზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმის ძალადაკარგულ რედაქციაზე მსჯელობა წარმოადგენს მოსარჩელის უფლების დაცვის ეფექტურ და პრევენციულ საშუალებას, ვინაიდან „საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს ზოგადად კონკრეტული საკითხის ნორმატიულ შინაარსზე და, შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას გასაჩივრებული დებულებით განპირობებული სავარაუდო პრობლემის ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე. ... მაშასადამე, სასამართლო წყვეტს პრობლემას... შესაბამისად, კანონმდებლობაში იდენტური პრობლემის გამომწვევი ნორმის (ნორმების) შენარჩუნების შემთხვევაში, ის გადაწყვეტილების უგულებელმყოფელ და დამძლევ ნორმად ჩაითვლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება №1/3/534 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34).
18. „იმავდროულად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 და 41 პუნქტების მიხედვით, დაუშვებელია ისეთი სამართლებრივი აქტის მიღება, რომელიც შეიცავს იმ შინაარსის ნორმებს, რომლებიც სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად. ამასთან, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ. შესაბამისად, ძალადაკარგული ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება ხელს შეუწყობს სადავო ნორმით გათვალისწინებული საფრთხეების სრულად აღმოფხვრას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
19. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმის ცვლილების შედეგად მიღებული რეგულაცია მნიშვნელოვანწილად, არსებითად იმეორებს ძველი (გასაჩივრებული) რედაქციის ნორმატიულ შინაარსს და ითვალისწინებს მსჯავრდებულის/ბრალდებულის სრულ შემოწმებას, მათ შორის, დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით. შესაბამისად, კვლავაც არსებობს მოსარჩელის უფლების შესაძლო დარღვევის რისკი. მართალია, საკონსტიტუციო სასამართლო შეზღუდულია დავის საგნის ფარგლებით და, შესაბამისად, ვერ იმსჯელებს №116 ბრძანების 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის ახალ რედაქციაზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმის ძალადაკარგულ რედაქციაზე მსჯელობა მოსარჩელის უფლების დაცვის ეფექტური პრევენციული საშუალებაა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/4/665,683 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-8).
დამატებით არგუმენტაციას წარმოგიდგენთ სხდომაზე საქმის განხილვისას.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა