ზაური შერმაზანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/8/1566 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 4 ნოემბერი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 16 ნოემბერი 2022 20:27 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ზაური შერმაზანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების სიტყვების „აგრეთვე საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა“, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1566) მომართა ზაური შერმაზანაშვილმა. №1566 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 18 თებერვალს. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 4 ნოემბერს.
2. №1566 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადება ითვალისწინებს მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის, აგრეთვე საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმების ან ძალადაკარგულად ცნობის სამართლებრივ შედეგებს. დასახელებული ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთების ვალდებულებას, ხოლო 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი/კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ იგი ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს“. მოსარჩელისათვის პრობლემურია სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან პასუხისმგებლობის დამდგენ იმ ნორმატიულ აქტზე მსჯელობის შესაძლებლობას, რომელიც ძალაში იყო კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის, თუმცა ძალა დაკარგა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებამდე.
4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“.
5. №1566 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს 2020 წლის 2 აპრილს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტისა და „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების საფუძველზე. მოსარჩელემ მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი გაასაჩივრა და საქმის განხილვა მიმდინარეობს საერთო სასამართლოში. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში საქმის განხილვის დროისათვის ქმედებისთვის პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმატიული აქტები ძალადაკარგულია, საერთო სასამართლოს მოუწევს, იმსჯელოს ქმედების ჩადენის მომენტისათვის მოქმედი რეგულირების საფუძველზე. ამავდროულად, მოსარჩელის განმარტებით, მას მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლის შემცველი ნორმატიული აქტები გასაჩივრებული აქვს საკონსტიტუციო სასამართლოში. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმების საფუძველზე შესაძლებელია, მისი კონსტიტუციური სარჩელები საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიღოს არსებითად განსახილველად ან შეწყვიტოს საქმე.
6. მოსარჩელე მხარის აზრით, პასუხისმგებლობის დამდგენი, ვადით განსაზღვრული ნორმატიული აქტი პირთა ფართო წრისთვის შესაძლოა, ძალადაკარგული იყოს ვადის გასვლის შემდეგ, თუმცა ინარჩუნებდეს სამართლებრივ ძალმოსილებას კონკრეტული პირის მიმართ, რომელსაც ამ აქტის საფუძველზე დაეკისრა პასუხისმგებლობა და მიმდინარეობს საქმის ადმინისტრაციული ან სასამართლო განხილვა. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ, თუკი პირის მიმართ არსებობას განაგრძობს პასუხისმგებლობის დამდგენი, ძალადაკარგული ნორმატიული აქტი, მაშინ მას აქვს უფლება, მოითხოვოს ამ აქტის კონსტიტუციურობის შემოწმება. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, პირს სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს არაკონსტიტუციური რეგულირების საფუძველზე.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს.
8. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1566 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდაა გამხდარი, მათ შორის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმები, ერთი მხრივ, ადგენს კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთების ვალდებულებას, ხოლო, მეორე მხრივ, განსაზღვრავს კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს – შემთხვევას, როდესაც სარჩელი ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს.
3. მოსარჩელისათვის პრობლემურია სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლებლობას, არსებითად განსახილველად მიიღოს კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის შემდგომ ძალადაკარგულად ცნობილი პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები. მოსარჩელის განმარტებით, მას პასუხისმგებლობა დაეკისრა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში კონკრეტული ვადით მიღებული ნორმატიული აქტების („საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტისა და „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების) საფუძველზე. მოსარჩელის აღნიშვნით, იგი მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების კანონიერების საკითხს სადავოდ ხდის საერთო სასამართლოთა სისტემაში, ხოლო პასუხისმგებლობის საფუძვლად გამოყენებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, სხვა კონსტიტუციური სარჩელების ფარგლებში. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებლობის დამდგენმა აქტებმა ფორმალურად ძალა დაკარგა, მისი საქმის განხილვა საერთო სასამართლოებში სწორედ ამ ძალადაკარგული აქტების საფუძველზე მიმდინარეობს. მოსარჩელის მითითებით, მას აქვს ინტერესი, პასუხისმგებლობა დაეკისროს მხოლოდ კონსტიტუციის შესაბამისი რეგულირების საფუძველზე. ამდენად, ვინაიდან სადავო ნორმები გამორიცხავს ძალადაკარგული აქტის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არსებითად განსახილველად მიღებას, არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია არ შეესაბამება ზემოხსენებული სადავო ნორმების რეალურ შინაარსს და, შესაბამისად, იგი ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას სადავო ნორმების განმარტებასთან დაკავშირებით. კერძოდ, სადავო ნორმები არ არეგულირებს პასუხისმგებლობის დამდგენი, ძალადაკარგული ნორმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხს. სადავო ნორმების შინაარსი ამოიწურება, ერთი მხრივ, კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების დასაბუთების ვალდებულების, ხოლო, მეორე მხრივ, კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის იმ კონკრეტული საფუძვლის რეგლამენტირებით, რომელიც უკავშირდება სარჩელის ფორმით ან შინაარსით შეუსაბამობას „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებთან. როგორც აღინიშნა, კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა მთლიანად მიემართება პასუხისმგებლობის დამდგენ, ძალადაკარგულ ნორმატიულ აქტებზე კონსტიტუციური კონტროლის განხორციელების საკითხს. საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობის სამართლებრივი შედეგები მოწესრიგებულია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში, სწორედ დასახელებული ნორმის საფუძველზე ხდება კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებამდე სადავო ნორმის გაუქმების/ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაში საქმის შეწყვეტა. ამდენად, კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა ზემოაღნიშნულ სადავო ნორმას უკავშირდება და არ აქვს შემხებლობა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტთან. შესაბამისად, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა ეფუძნება მოსარჩელის მიერ მათი შინაარსის არასწორ აღქმას.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1566 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1566 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1566 კონსტიტუციური სარჩელი („ზაური შერმაზანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების სიტყვების „აგრეთვე საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1566 კონსტიტუციური სარჩელი („ზაური შერმაზანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში