შპს ''მაგთიკომი'' საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/1/564 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 6 თებერვალი 2014 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
2. ქეთევან ერემაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
3. მაია კოპალეიშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: „შპს „მაგთიკომი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
დავის საგანი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, 184-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, 185-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 188-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების და 189-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 38-ე და 45-ე მუხლებთან მიმართებით.
I. - აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 2 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №564) მიმართა შპს „მაგთიკომმა“. №564 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2013 წლის 4 ოქტომბერს.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2014 წლის 29 იანვარს.
3. №564 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 38-ე და 45-ე მუხლები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტი.
4. მოსარჩელე ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, 184-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, 185-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 188-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების და 189-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების არაკონსტიტუციურად ცნობას.
5. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, „აქციზის გადამხდელია პირი, რომელიც ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევას“; ამავე კანონის 184-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ „აქციზით დასაბეგრი ოპერაციები და დასაბეგრი ოპერაციების განხორციელების მომენტია მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტად ითვლება მომსახურების გაწევის მომენტი“; 185-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ „აქციზით დასაბეგრი ოპერაციის, აქციზური საქონლის იმპორტისა და აქციზური საქონლის ექსპორტის თანხა განისაზღვრება მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევის შემთხვევაში - მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) აქციზის, დ.ღ.გ.-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე“; 188-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განაკვეთი შეადგენს დასაბეგრი ოპერაციის თანხის 10 პროცენტს“. ამასთანავე, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს ყოველი შემდგომი კალენდარული წლისათვის, საქართველოს პარლამენტს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ერთად, წარუდგინოს დასამტკიცებლად განსხვავებული აქციზის განაკვეთი 0 პროცენტიდან 10 პროცენტამდე ოდენობის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს შესაბამისი დადგენილებით; 188-ე მუხლის მე-4 ნაწილი კი ადგენს, რომ „მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გამწევი პირისათვის დასაბეგრი ბრუნვა არის საანგარიშო პერიოდში გაწეული მობილური საკომუნიკაციო მომსახურების თანხების ჯამი“; 189-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, „მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გამწევი პირისთვის აქციზის ჩათვლა არის დარიცხული აქციზის თანხის შემცირების უფლება, რომელიც ხორციელდება დარიცხული აქციზის თანხიდან მომსახურებაზე გადახდილი აქციზის თანხის გამოქვითვის გზით“, ხოლო ამავე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრულია, რომ „ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული აქციზის ჩასათვლელი თანხა არის აქციზის თანხა, რომელიც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით გადახდილია ან გადასახდელია მხოლოდ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების მიღებისას, როდესაც მომსახურების მიმღები არ არის ბოლო მომხმარებელი“.
6. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აქციზის გადასახადით იბეგრებიან მობილური საკომუნიკაციო მომსახურეობის განმახორციელებელი ოპერატორები, მათ შორის, მოსარჩელე - შპს „მაგთიკომი“. მოსარჩელის განმარტებით, იგი, გარდა მობილური ხმოვანი კავშირისა, ახორციელებს: ფაქსის და მონაცემთა გადაცემის მომსახურეობას (ფახ/დათა); მობილური ინტერნეტის მომსახურეობას (ჭაჵ); მოკლე ტექსტური შეტყობინებით მომსახურებას (შმშ) და სხვა მომსახურეობებს, რისთვისაც ის, მსგავსად მობილური ხმოვანი კავშირისა, იბეგრება აქციზის გადასახადით.
7. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ზემოთ ჩამოთვლილ მომსახურებებს, გარდა შპს „მაგთიკომის“ და სხვა მობილური ოპერატორებისა (შპს „ჯეოსელი“, შპს „ბილაინი“), ასევე ახორციელებენ ფიქსირებული ქსელის ოპერატორები: შპს „სილქნეტი,“ შპს „ახალი ქსელები“, შპს „ახტელი“ და სხვა ოპერატორები. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმებიდან გამომდინარე, იგივე მომსახურეობის მიწოდებისათვის აღნიშნული ფიქსირებული ქსელის ოპერატორები არ იხდიან აქციზის გადასახადს, რაც არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს შპს „მაგთიკომს“ ფიქსირებული ქსელების ოპერატორებთან შედარებით.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 38-ე და 45-ე მუხლებს, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქენი თანასწორი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ხოლო 45-ე მუხლის გათვალისწინებით, კონსტიტუციის 38-ე მუხლის ეს დანაწესი, ასევე ვრცელდება მასზე, როგორც იურიდიულ პირზე.
II - სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, სასამართლოს პრაქტიკაში ჩამოყალიბდა ის მოთხოვნები, რაც წაეყენება კონსტიტუციურ სარჩელს მის დასაბუთებულობასთან დაკავშირებით. სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, რომ ნებისმიერი კონსტიტუციური სარჩელი, რომლის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი განიხილება, შემოწმდეს სწორედ აღნიშნული მოთხოვნების მიხედვით.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონსტიტუციურ სარჩელში აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მის საფუძვლიანობას. ანალოგიური მოთხოვნა მეორდება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში და გულისხმობს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი მტკიცებულებები უნდა იყოს არა ფორმალური ხასიათის, არამედ საგნობრივი და მიანიშნებდეს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ მიუთითა იმ მოთხოვნებზე, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი მტკიცებულება. უპირველეს ყოვლისა, “სარჩელში მოყვანილი ... მტკიცებულებები უნდა შეეხებოდეს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის ნორმას (საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის განჩინება №2/3/412, II-8). მოსარჩელეს სწორად უნდა ჰქონდეს გაგებული საქართველოს კონსტიტუციის იმ ნორმების შინაარსი, რომლებთან მიმართებითაც ის აყენებს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხს (საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 ოქტომბრის განჩინება №2/4/420, II-7), ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა მიანიშნებდეს სადავო ნორმის შინაარსობრივ მიმართებაზე კონსტიტუციის შესაბამის ნორმებთან” (საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 30 დეკემბრის განჩინება №1/7/561, 568, II-3).
4. №564 კონსტიტუციური სარჩელი არ შეესაბამება ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს.
5. მოსარჩელე – შპს “მაგთიკომი” ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის რიგი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 38-ე და 45-ე მუხლებთან მიმართებით, ვინაიდან, მისი აზრით, შპს “მაგთიკომი”, როგორც მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განმახორციელებელი ოპერატორი, მიუხედავად იმისა, რომ ეწევა ფიქსირებული ქსელის ოპერატორების იდენტურ მომსახურებას, ამ უკანასკნელებისგან განსხვავებით, იბეგრება აქციზის გადასახადით, რაც მას არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს.
6. საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად: “1.საქართველოს მოქალაქენი თანასწორი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად მათ უფლება აქვთ თავისუფლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და ჩარევის გარეშე განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში და საჯაროდ.
2. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, უმცირესობათა უფლებების განხორციელება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს სუვერენიტეტს, სახელმწიფო წყობილებას, ტერიტორიულ მთლიანობასა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას”.
7. მოცემულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო არ დგას კონსტიტუციის 38-ე მუხლის სრულყოფილი და ამომწურავი განმარტების საჭიროების წინაშე. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის ფარგლებში, სადავო ნორმების კონსტიტუციის დასახელებულ მუხლთან სავალდებულო მიმართების არსებობის გარკვევისთვის, საკმარისია მითითება კონსტიტუციის ამ ნორმის ძირითად არსზე.
8. საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის მიზანი არ არის კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დეკლარირება. ეს უფლება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლითაა აღიარებული და სწორედ ის იცავს ყველა ადამიანს საზოგადოებრივი ურთიერთობის ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერი უფლებით სარგებლობისას და ნებისმიერი ნიშნით (საფუძვლით) დისკრიმინაციისგან.
9. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლისგან განსხვავებით, 38-ე მუხლი ეხება პირთა კონკრეტულ წრეს და სპეციფიკურ ურთიერთობებს. კერძოდ, ის ითვალისწინებს სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა თანასწორობას, ამასთან, მათი მხოლოდ ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისგან დამოუკიდებლად. მაშასადამე, 38-ე მუხლის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეთა აკრძალული დიფერენციაციის საფუძვლებია მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი კუთვნილება. საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის ძირითადი მიზანმიმართულება არის ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და ენობრივ უმცირესობებს მიკუთვნებული საქართველოს მოქალაქეების (როგორც ინდივიდუალურად, ისე ასეთ უმცირესობებს მიკუთვნებული მოქალაქეთა ჯგუფების) სწორედ ამ საფუძვლებით დისკრიმინაციის აკრძალვა და მათთვის საზოგადოებაში თავისუფალი ინტეგრირების, სრულყოფილი თვითრეალიზაციის უმრავლესობასთან თანაბარი შესაძლებლობის გარანტირება, საკუთარი იდენტურობის შენარჩუნების ხელშეწყობა. საქართველოს კონსტიტუციის დასახელებული მუხლის ასეთ შინაარსზე არაერთხელ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ. კერძოდ: «მისი მიზანია უმცირესობების დაცვა და უთანასწორობის დაუშვებლობა ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური ან ენობრივი ნიშნით» (საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის განჩინება №2/3/412); «დასახელებული მუხლი უნდა განვიხილოთ როგორც სპეციალური ნორმა, რადგანაც იგი ადგენს თანასწორობას, როგორც უმცირესობათა უფლებების დაცვის ერთ-ერთ ფორმას. უმცირესობა არის სახელმწიფოს დანარჩენ მოსახლეზე რიცხობრივად მცირე ჯგუფი, რომელსაც არ უკავია გაბატონებული პოზიცია და რომლის წევრებს ახასიათებთ ეთნიკური, რელიგიური ან ენობრივი ნიშნები, რომლებიც მას სხვებისგან განასხვავებენ და გამოხატავს საკუთარი კულტურის, ტრადიციების, რელიგიის ან ენის შენარჩუნებისაკენ მიმართულ სოლიდარობის გრძნობას» (საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 31 მარტის განჩინება №2/8/366; საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 2 ივნისის განჩინება №2/10/383).
10. საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლი საქართველოს მოქალაქეთა მხოლოდ დასახელებული საფუძვლებით დისკრიმინაციის აკრძალვას რომ ეხება, ამაზე მიუთითებს ამავე მუხლის მე-2 პუნქტიც, რომელიც უშვებს აღნიშნულ უმცირესობათა სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში განვითარების შესაძლებლობის შეზღუდვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს, სახელმწიფო წყობილებას, ტერიტორიულ მთლიანობასა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მიზანი არის ქვეყნის მოქალაქეთა თანაბარი დაცვა, მაგრამ სუვერენიტეტის და სხვა სახელმწიფო ინტერესების შეულახავად.
11. საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის სწორედ ასეთი სპეციფიკური დანიშნულება, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლისგან განსხვავებით, არ იძლევა საფუძველს და მიზეზს მუხლში დასახელებული დისკრიმინაციის საფუძვლების არაამომწურავად მიჩნევისთვის. ეს, ერთი მხრივ, დაუკარგავდა ამ მუხლს სპეციალურ მიზანს, რის გამოც ის არის შემოღებული და მეორე მხრივ, გამოიწვევდა მე-14 მუხლთან მის შინაარსობრივ იდენტობას.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირმა იდავოს საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის დარღვევაზე, ის, პირველ რიგში, უნდა განეკუთვნებოდეს ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური ან ენობრივი ნიშნით იდენტიფიცირებად ჯგუფს და მისი სწორედ ასეთი კუთვნილების საფუძვლით დისკრიმინაციულ მოპყრობას, შედეგად, საკუთარი იდენტურობის შენარჩუნებისა და საზოგადოებაში თავისუფლი ინტეგრირების, განვითარებისთვის საფრთხის შექმნას უნდა ასაჩივრებდეს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში შპს «მაგთიკომი» არ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლით დაცული უფლების სუბიექტს და არც სადავო ნორმები ექცევა კონსტიტუციის ამ მუხლით მოწესრიგებული ურთიერთობების სფეროში.
13. მოსარჩელე ასევე ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლთან მიმართებით, რომლის თანახმადაც : «კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე».
14. კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა არ ახდენს რომელიმე უფლების დეკლარირებას, არ განსაზღვრავს ამა თუ იმ უფლების ნორმატიულ შინაარსს და ფარგლებს. მისი მიზანი არის კონსტიტუციის სხვა მუხლებით დეკლარირებული ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების, მათი არსის გათვალისწინებით, იურიდიულ პირებზე გავრცელებისათვის კონსტიტუციური საფუძვლის შექმნა და, შესაბამისად, ხელისუფლების დავალდებულება, უზრუნველყოს იურიდიული პირები ძირითადი უფლებებით და თავისუფლებებით სარგებლობისა და მათი დაცვის კონსტიტუციური გარანტიებით.
15. მაშასადამე, ეს ნორმა ეხება არა რომელიმე უფლების შინაარსის, არამედ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დამატებითი სუბიექტის განსაზღვრას. შესაბამისად, იურიდიული პირები, საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვისას, ვერ მიუთითებენ საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლზე, როგორც იურიდიული პირის კონსტიტუციური უფლების მარეგლამენტირებელ ნორმაზე და ვერც მასთან მიმართებით რომელიმე ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ. მათ შეუძლიათ, მიუთითონ აღნიშნულ მუხლზე, როგორც იურიდიული პირების ამა თუ იმ კონსტიტუციური უფლების სუბიექტად მიჩნევისთვის დამატებით კონსტიტუციურ საფუძველზე.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სადავო ნორმების შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 38-ე და 45-ე მუხლებთან. შესაბამისად, №564 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი – კონსტიტუციური სარჩელი ფორმით და შინაარსით არ შეესაბამება ამავე კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
III - სარეზოლუციო ნაწილი
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მეორე პუნქტით, 271 მუხლის პირველი პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის „ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად შპს „მაგთიკომის” კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის№564) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, 184-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, 185-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 188-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების და 189-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 38-ე და 45-ე მუხლებთან მიმართებით.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
1. კონსტანტინე ვარძელაშვილი
2. ქეთევან ერემაძე
3. მაია კოპალეიშვილი