საქართველოს მოქალაქე გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/2/704 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 9 მარტი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 9 მარტი 2016 21:07 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: პატიმრობის კოდექსის 172 მუხლის მე-6 ნაწილის სიტყვების: „ხანგრძლივი პაემანი არ ეძლევათ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და 36-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №704) მომართა საქართველოს მოქალაქე გიორგი ქართველიშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2015 წლის 18 დეკემბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 7 მარტს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-10 მუხლის პირველი პუნქტი.
3. პატიმრობის კოდექსის 172 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, „ხანგრძლივი პაემანი არ ეძლევათ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, აგრეთვე იმ მსჯავრდებულს, რომელიც არის საკარანტინო რეჟიმში, დაკისრებული აქვს დისციპლინური სახდელი ან/და შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი ადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას, ხოლო 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას“.
5. №704 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე არის მსჯავრდებული და 2006 წლის 6 იანვრიდან სასჯელს იხდის სასჯელაღსრულების №7 დაწესებულებაში. ამ დროის განმავლობაში იგი სარგებლობს მხოლოდ ხანმოკლე პაემნის უფლებით. „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №7 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №107 ბრძანებით, 2015 წლის პირველი სექტემბრიდან აღნიშნულმა დაწესებულებამ მიიღო განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების სტატუსი.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, პატიმრობის კოდექსის 172 მუხლის მე-6 ნაწილი ითვალისწინებს ორ შემთხვევას, როდესაც მსჯავრდებულს ეზღუდება ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. სადავო ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და აბსოლუტურ აკრძალვას აწესებს, მაშინ როდესაც მეორე შემთხვევა, რომელიც ხანგრძლივ პაემანს უკრძალავს „მსჯავრდებულს, რომელიც არის საკარანტინო რეჟიმში, დაკისრებული აქვს დისციპლინური სახდელი ან/და შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა,“ არის დროებითი ხასიათის აკრძალვა.
7. მოსარჩელის განცხადებით, სახელმწიფო მიიჩნევს, რომ პატიმრობის კოდექსის 662 მუხლით გათვალისწინებული პირების იზოლაცია აუცილებელია, ვინაიდან არსებობს საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცავი ორგანოების უსაფრთხოებისათვის საფრთხის შექმნის მაღალი საფრთხე, რომლის პრევენცია სხვა ნაკლებად მზღუდავი საშუალებით შეუძლებელია.
8. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული გარემოება პატიმრის უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს რეალური, გამოკვეთილი საფრთხე იმისა, რომ პირი ამ უფლებით სარგებლობისას სხვების უსაფრთხოებას დაემუქრება. შესაბამისად, უფლების სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვის გამოყენება უნდა განხორციელდეს კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, კონკრეტული პატიმრისგან მომდინარე საფრთხის შესწავლის საფუძველზე. მოსარჩელის აზრით, პირის კონკრეტული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსება არ უნდა იწვევდეს ისეთი მნიშვნელოვანი უფლების ავტომატურ ჩამორთმევას, როგორიც ხანგრძლივი პაემანია.
9. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-16 და 36-ე მუხლები წარმოადგენენ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების სპეციალურ ნორმებს და ყოველი ჩარევა პირადი ცხოვრების უფლებაში უნდა აკმაყოფილებდეს თანაზომიერების პრინციპს და ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს.
10. მოსარჩელის განმარტებით, ხანგრძლივი პაემნის უფლება წარმოადგენს მსჯავრდებულის უფლებას, შეინარჩუნოს და განავითაროს ოჯახური ურთიერთობები. პირი, რომელიც სასჯელს იხდის განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, როგორც წესი, მსჯავრდებულია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს 5 წლიდან 20 წლამდე ან/და უვადო თავისუფლების აღკვეთა. ამ ტიპის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულები სარგებლობენ მხოლოდ ხანმოკლე პაემნის უფლებით, თვეში ერთხელ ერთი საათით. ამგვარი ჩარევა პირს კიდევ უფრო აშორებს ოჯახს და საზოგადოებას, რაც შეუძლებელს ხდის ან ართულებს პირის რესოციალიზაციის და რეინტეგრაციის პროცესს სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდგომ.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ პატიმრობის კოდექსის 172 მუხლის მე-6 ნაწილის სიტყვები: „ხანგრძლივი პაემანი არ ეძლევათ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს“ არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და 36-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
12. მოსარჩელე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებსა და წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტებზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №704 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №704 (საქართველოს მოქალაქე გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი