საქართველოს მოქალაქე გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N704 |
ავტორ(ებ)ი | გიორგი ქართველიშვილი |
თარიღი | 17 დეკემბერი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის არცერთი საფუძველი. სარჩელი შემოტანილია უფლებამოსილი პირის მიერ, მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი და გადაწყვეტილია კონსტიტუციით. მასში მითითებული არცერთი სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
გიორგი ქართველიშვილი 2006 წლის 6 იანვრიდან სასჯელს იხდის N7 დაწესებულებაში. ამ ხნის განმავლობაში იგი სარგებლობს მხოლოდ ხანმოკლე პაემნის უფლებით, რაც გულისხმობს თვეში ერთხელ 1 საათით მინიდან(არ აქვს უშუალო კონტაქტი) ოჯახის წევრებთან შეხვედრას, რომელთა წრეც განსაზღვრულია საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსის“ 17 მუხლის 2 ნაწილით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს უკვე 9 წელიწადია არ ჰქონია ხანგრძლივი პაემანი და ოჯახის წევრებთან უშუალო (ფიზიკური) კავშირი.
აღსანიშნავია, რომ სასჯელაღსრულების N7 დაწესებულება 2006 წლიდან 2015 წლის 1 სექტემბრამდე ატარებდა დახურული ტიპის დაწესებულების სტატუსს. შესაბამისად, როგორც გიორგი ქართველიშვილის კანონიერი ინტერესების დამცველმა ამა წლის 13 აგვისტოს განცხადებით მივმართე სასჯელაღსრულების სამინისტროს და N7 დაწესებულების ადმინისტრაციას „პატიმრობის კოდექსის“ 65 მუხლის 1 ნაწილის დ ქვეპუნქით გათვალისწინებული ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობის თაობაზე (იხ.დანართიN1). 2015 წლის 28 აგვისტოს მივიღე პასუხი N7 დაწესებულების დირექტორის ბ.შოთა ტრაპაიძისგან(იხ.დანართი N2), რომ „სასჯელაღსრულების დეპარტამენიტის N7 დაწესებულებას არ გააჩნია ინფრასტრუქტურა გრძელვადიანი პაემნის განსახორციელებლად...“ ასევე ნათქვამი იყო, რომ პატიმრობის კოდექსის 124 (1) მუხლის მიხედვით სამინისტრო ვალდებულია მოაგვაროს ინფრასტრუქტურული პრობლემები არაუგვიანეს 2015 წლის 31 დეკემბრისა.
მოულოდნელად 2015 წლის 1 სექტემბერს კი აღნიშნულ დაწესებულებას შეეცვალა სტატუსი და გახდა განსაკუთრებული რისკის მქონე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ პატიმრობის კოდექსის მუხლი 172 (6) ამ ტიპის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს არ ეკუთნით ხანგრძლივი პაემანი.
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
„ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით №107, 2015 წლის 27 აგვისტო, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №7 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“(მუხლი 2პუნქტი 2) მინისტრმა დაწესებულების სტატუსი შეცვალა და N7 დაწესებულება, რომელიც აქამდე დახურული ტიპის დაწესებულება იყო მიანიჭა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების სტატუსი. აღნიშნული ტიპის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსის“ მიხედვით „ხანგრძლივი პაემანი არ ეძლევათ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, (...).“ (პატიმრობის კოდექსი მუხლი 172, (6)), მიგვაჩნია, რომ აკრძალვა, რომელიც მოცემულია პატიმრობის კოდექსის 172 მუხლის მე-6 ნაწილში წარმოადგენს არათანაზომიერ ჩარევას საქართველოს კონსტიტუციის 16 მუხლის „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“ და 36 მუხლის მეორე პუნქტით „სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას“ დაცულ უფლებებში. პირადი ცხოვრების ხელშეუვალობის უფლება წარმოადგენს ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას, რომელიც დაცულია მრავალ საერთაშორისო პაქტში, რომლის ხელმომწერი მხარეც არის საქართველო. ამათგან გამოსარჩევია გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია(მუხლი 12), გაეროს პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ(მუხლი 17) და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია(მუხლი 8). ამასთანავე პირადი ცხოვრების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 20 მუხლით. ნიშანდობლივია, რომ პირადი ცხოვრების ფართო და მრავალმხრივი შინაარსიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისი ზუსტი და ამომწურავი განმარტება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც, რომლის პრაქტიკა ამ სფეროში ძალზე მდიდარია, არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს ამ უფლების სრული განმარტების შეუძლებლობაზე. “სასამართლო არ თვლის შესაძლებლად ან აუცილებლად, ამომწურავად განსაზღვროს “პირადი ცხოვრების კონცეფცია“ (ნიმიცი გერმანიის წინააღმდეგ, 1992 წლის 16 დეკემბერი, 29-ე პუნქტი). აღსანიშნავია, რომ ამ მიდგომას იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოც. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის #1/3/407 გადაწყვეტილება, II.პ.4;) შესაბამისად პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ცნება არ წარმოადგენს დოგმას და არ შეიძლება მოხდეს რაიმეგვარი ინტერვენცია უფლებაში ისე, რომ არ იყოს დასაბუთებული, პროპორციული, თანაზომიერი და ლეგიტიმური. აღნიშნული უფლების დაცვა უნდა ხდებოდეს განურჩევლად იმისა სად იმყოფება პირი, თავისუფლებაზე თუ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
„პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას ფართო და მრავალმხრივი შინაარსი გააჩნია, იგი უამრავი უფლებრივი კომპონენტისაგან შედგება, რომლებიც კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლითაა დაცული (მაგალითად: მე-16, მე-20, 36-ე, 41-ე მუხლები) (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის #2/1/484 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე თამარ ხიდაშელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II.პ.3;).“ შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციის მუხლები 16 და 36 წარმოადგენენ სპეციალურ ნორმებს, რომლებიც განამტკიცებენ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. პირის ბრალდებულად შემდგომ მსჯავრდებულად გამოცხადების შემდეგ კანონისმიერად, სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილებით ხდება ჩარევა პირად ცხოვრებაში, რა დროსაც პირს შეიძლება შეეზღუდოს ან კონკრეტული ვადით აეკრძალოს უფლებებით სარგებლობა მრავალ ასპექტში მაგ: თავისუფლად გადაადგილების უფლება, შეეზღუდოს კონკრეტული საქმიანობები, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის შემთხვევაში აღეკვეთოს თავისუფლება, დისციპლინარული დარღვევის შედეგად დაეკისროს დისციპლინარული სახდელი და შეეზღუდოს „პატიმრობის კოდექსის“ 82 მუხლში მითითებული უფლებებით სარგებლობა. ყოველი ინტერვენცია პირადი ცხოვრების უფლებაში უნდა იყოს თანაზომიერების პრინციპის დაცვით და ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს. „პატიმრობაში მყოფი პირი განაგრძობს ყველა კონსტიტუციური უფლებით სარგებლობას, გარდა იმ უფლებებისა, რომელთა აბსოლუტურ შეზღუდვას თავად კონსტიტუცია ითვალისწინებს (მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის 28–ე მუხლი), თუმცა განსხვავებულია ამ უფლებებით სარგებლობის ხარისხი. ასე მაგალითად, პატიმარი უზრუნველყოფილია უფლებით შექმნას ოჯახი, მაგრამ შეზღუდულია შესაძლებლობაში შეხვდეს ოჯახის წევრებს. ვინაიდან პირადი ცხოვრების უფლება არ არის აბსოლუტური, შეზღუდვა გამართლებული იქნება თუ ის პროპორცულობის ტესტს დააკმაყოფილებს.“( საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის #1/2/458 განჩინება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე მაჭარაშვილი და დავით სართანია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ, II.პ.10) „პატიმრობის კოდექსი“ მუხლი 172 ნაწილი 6-ში მოცემულია კონკრეტული საფუძვლები თუ რა შემთხვევაში ვერ ისარგებლებს მსაჯვრდებული ხანგრძლივი პაემნის უფლებით :
პირველყოვლისა ვკითხულობთ, რომ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავებულ მსაჯვრდებულს არ აქვს უფლება ხანგრძლივ პაემანზე, რაც ხაზს უსვამს აღნიშნული უფლების იმპერატიულ აკრძალვაზე. მეორეს მხრივ კანონმდებელი აგრძელებს და წერს რომ მსჯავრდებული, რომელიც არის საკარანტინო რეჟიმში, დაკისრებული აქვს დისციპლინური სახდელი ან/და შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა ვერ ისარგებლებს ხანგრძლივი პაემნის უფლებით. შესაბამისად კანონმდებელი არ ართმევს ამ პირებს უფლებას ისარგებლონ კონკრეტული უფლებით, არამედ უფლებას უზღუდავს მსჯავრდებულს მიიღოს ხანგრძლივი პაემნის უფლება, მანამ სანამ იგი იქნება საკარანტინო რეჟიმში ან/და დაკისრებული ექნება დისციპლინარული სახდელი, ხოლო ამის შემდგომ პირს ექნება საშუალება ისარგებლოს უფლებით. აღნიშნული შეზღუდვა თავისმხრივ თანაზომიერია, რადგან მსჯავრდებულს ეზღუდება უფლებით სარგებლობა კონკრეტული ვადით, სანამ არ ამოიწურება უფლებით სარგებლობის აკრძალვის საფუძვლები. აღნიშნული მუხლით კი განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული ვერ ისარგებლებს ხანგრძლივი პაემნის უფლებით, რადგან მას კანონი პირდაპირ უკრძალავს ამ კონკრეტულ უფლებას. თანაზომიერების პრინციპის შემოწმება: „პატიმრობის კოდექსის“ 662 მუხლი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომლებიც სასჯელს იხდიან განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. „საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებული, რომლის პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი ან/და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ან შეიძლება შეუქმნას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას ან გარშემომყოფთ, აგრეთვე საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებას.“ შესაბამისად ამ ტიპის დაწესებულება წარმოადგენს ყველაზე მკაცრ, იზოლირებულ და დაცულ სასჯელაღსრულების დაწესებულებას პატიმრობის კოდექსის 121 მუხლი. სასჯელის მოხდის პირობებიც არის ყველაზე მკაცრი, ამ ტიპის დაწესებულებაში მყოფთ აქვთ უფრო მეტად შეზღუდული უფლებები, ვიდრე სხვა ტიპის დაწესებულებას, პატიმრობის კოდექსის 663 მუხლი. სახელმწიფო მიიჩნევს, რომ აუცილებელია ამ პირების უფრო მეტი იზოლაცია, რადგან არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ მათთვის უფრო მეტი უფლებების მინიჭებით შეექმნება საფრთხე საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებას. წამების და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტი მიიჩნევს, რომ "თავისუფლებააღკვეთილი პირებისათვის ასევე მნიშვნელოვანია გარე სამყაროსთან ზომიერად კარგი კავშირის შენარჩუნება. უპირველეს ყოვლისა, პატიმარს უნდა მიეცეს შესაძლებლობა შეინარჩუნოს კავშირი ოჯახთან და ახლო მეგობრებთან. სახელმძღვანელო პრინციპად უნდა იქცეს გარე სამყაროსთან კავშირის ხელშეწყობა; ასეთი კავშირის ნებისმიერი შეზღუდვა გამართლებულია მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ან რესურსების უკმარისობის მიზეზით." (წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტები CPT/Inf/E (2002) 1 - Rev. 2013; წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტი (ქართული ვარიანტი) გვერდი 25; პარაგრაფი 51) წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტებით პაემნით სარგებლობის უფლება/კავშირი ოჯახთან შეიძლება შეიზღუდოს, მხოლოდ უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ან რესურსების უკმარისობიდან გამომდინარე. თავისმხრივ უსაფრთხოების ინტერესები მანამ არის უფლებით სარგებლობის ლეგიტიმური შეზღუდვის საფუძველი, სანამ არსებობს რეალური, გამოკვეთილი საფრთხე იმისა, რომ პირი ამ უფლებით სარგებლობისას დაარღვევს საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებას. ნიშანდობლივია, რომ წამების პრევენციის კომიტეტის მე-11 გენერალურ მოხსენებაში წამების პრევენციის კომიტეტის საქმიანობის შესახებ, თავი უვადო და სხვა გრძელვადიანი სასჯელის მქონე პატიმრები 33-ე პარაგრაფი, კომიტეტი აქტიურად მიუთითებს იმაზე, რომ აკრძალვები/შეზღუდვები როგორც შეხვედრების/პაემნების ისე სხვა უფლებების დროს სახელმწიფომ უნდა განიხილოს ინდივიდუალურად, უნდა დაადგინოს არსებობს თუ არა ინდივიდუალური რისკი და არ შეიძლება ამ ნიუანსის გაუთვალისწინებლობა. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტებით ოჯახთან კავშირი შეიძლება შეიზღუდოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც თავისმხრივ უნდა დადგინდეს ინდივიდუალურად და კონკრეტული ვადით. არ შეიძლება უფლება იყოს აკრძალული იმგვარად, რომ მსჯავრდებულის მოთავსება კონკრეტული ტიპის დაწესებულებაში ავტომატურად იწვევდეს ისეთი მნიშვნელოვანი უფლების აკრძალვას, როგორიცაა ხანგრძლივი პაემანი. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ხანგრძლივი პაემნის უფლება წარმოადგენს მსჯავრდებულის უფლებას შეინარჩუნოს და განავითაროს ოჯახური ურთიერთობები შეძლებისდაგვარად ნორმალურ გარემოში, ხოლო ამ ჩანაწერით კანონი განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს ართმევს ამ უფლებას მხოლოდ იმის გამო, რომ სასჯელს იხდის ამ სტატუსის დაწესებულებაში. პირი, რომელიც ამ სტატუსის დაწესებულებაში იხდის სასჯელს და არ აქვს დისციპლინარული სახდელი, არ არის საკარანტინო რეჟიმში, არ აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა მაინც ვერ ისარგებლებს უფლებით. მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს იხდის განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში როგორც წესი მსჯავრდებულია მძიმე ან განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს 5 წლიდან 20 წლამდე ან/და უვადო თავისუფლების აღკვეთა. ამ ტიპის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულები სარგებლობენ მხოლოდ ხანმოკლე პაემნის უფლებით, თვეში ერთხელ ერთი საათით მინის გამოყენებით. არ აქვთ უშუალო/ფიზიკური კონტაქტი ცოლთან, შვილთან, მშობელთან, დედმამიშვილთან. სახელმწიფოს პოზიცია, რომ უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად ართმევს ხანგრძლივი პაემნის უფლებას განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ ყველა მსჯავრდებულს წარმოადგენს არაპროპორციულ ჩარევას უფლებაში. ამ დროს ხორციელდება პირის პირად ცხოვრებაში იმგვარი ჩარევა, რომელიც კიდევ უფრო აშორებს ოჯახს და საზოგადოებას, რაც შეუძლებელს ხდის ან ართულებს პირის რესოციალიზაციის და რეინტეგრაციის პროცესს საზოგადოებაში და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვების შემდგომ კიდევ უფრო რთულს ხდის პირის სამოქალაქო ცხოვრებაში ადაპტაციასა და მონაწილეობის მიღებას. კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი აკისრებს კანონმდებელს ნეგატიურ ვალდებულებას, არ მიიღოს ისეთი კანონი, რომელიც ოჯახის მდგომარეობას გააუარესებს. „ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, ადამიანის შრომითი უფლებების მოწესრიგების დარგში, უნდა პასუხობდეს სახელმწიფოს კონსტიტუციურ პასუხისმგებლობას, სახელმწიფო ამ მიმართებით, განსაკუთრებით კი ოჯახის კეთილდღეობისათვის ხელის შეწყობისა და დედათა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით მაქსიმალურ ძალისხმევას უნდა მიმართავდეს, რათა საკანონმდებლო ცვლილებებმა არ გამოიწვიოს ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობის უკიდურესად გაუარესება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 16 მარტის #1/3/361 განჩინება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - გიორგი გუგავა, კახაბერ ძაგანია და თამარ ჯანგირაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსში“ აღნიშნულ მუხლში არსებული ჩანაწერის არსებობით სახელმწიფო არღვევს ნეგატიური ვალდებულების პრინციპს. ამ ჩანაწერის არსებობით სახელმწიფო ხელს უშლის და აუარესებს ოჯახურ მდგომარეობას, არათანაზომიერად ერევა პირის პირად ცხოვრებაში, რაც არ აძლევს მსჯავრდებულს შესაძლებლობას შეინარჩუნოს და განავითაროს ოჯახური ურთიერთობები შეძლებისდაგვარად ნორმალურ გარემოში. იმავე წამების პრევენციის კომიტეტის მე-11 გენერალურ მოხსენებაში წამების პრევენციის კომიტეტის საქმიანობის შესახებ, თავი უვადო და სხვა გრძელვადიანი სასჯელის მქონე პატიმრები 33-ე პარაგრაფში, კომიტეტი მიიჩნევს, რომ გრძელვადიანმა პატიმრობამ შეიძლება გამოიწვიოს პირის რიგი სოციალური პრობლემები, აგრეთვე ფსიქოლოგიური სპექტრის პრობლემები, თვითშეფასების და სოციალური უნარების დაკარგვა და უფრო და უფრო მეტია ალბათობა იმისა, რომ უფრო დაშორდება საზოგადოებას, რომელსაც უნდა დაუბრუნდეს სასჯელის მოხდის შემდეგ. წამების კომიტეტის აზრით, ის რეჟიმები, რომლებიც შეთავაზებულია ხანგრძლივი სასჯელის მქონე პატიმრისთვის უფრო მეტად ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ მოახდინოს პრევენცია და გაუწიოს კომპენსირება აქტიური-პოზიტიური გზებით , რათა მაქსიმალურად თავიდან იქნას აცილებული ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები. შესაბამისად, მიმაჩნია „პატიმრობის კოდექსის“ მუხლის 172 (6)-ის სიტყვები „ხანგრძლივი პაემანი არ ეძლევათ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს“ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 16 და მუხლი 36(2) დარღვევას. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა