საქართველოს ლეიბორისტული პარტია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1571 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | საქართველოს ლეიბორისტული პარტია |
თარიღი | 25 თებერვალი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილებით დამტკიცებული თანდართული საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები.
ბ. ,,იზოლაციის და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული თანდართული იზოლაციისა და კარანტინის წესები.
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილებით დამტკიცებული თანდართულის „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი, მე-3 მუხლი, მე-4 მუხლი, მე-5 მუხლის პირველი პუნქტი. |
მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ,,ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის,საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. მე- 14 მუხლის პირველი პუნქტი ,,ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება“, მე-14 მუხლის მეორე პუნქტი ,,ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით“. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ,, ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება“, 21-ე მუხლის მეორე პუნქტი ,,კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ხალხის ან ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება“. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ,,ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება“, 27-ე მუხლის მესამე პუნქტი ,,აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია უზრუნველყოფილია“. 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ,,კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე“, 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი ,,ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება“. |
,,იზოლაციის და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული თანდართულის იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-2 მუხლის მე-61 პუნქტი, მე-3 მუხლი, მე-4 მუხლი, მე-5 მუხლი, მე-6 მუხლი , მე-11 მუხლი. |
მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ,,ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი; ,,ადამიანის თავისუფლება დაცულია“. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ,,ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება, მე-14 მუხლის მეორე პუნქტი ,,ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით“, მე-14 მუხლის მესამე პუნქტი ,,საქართველოს მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს საქართველოში“. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ,,ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება“, 21-ე მუხლის მეორე პუნქტი ,,კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ხალხის ან ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება“. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ,,ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება“, 27-ე მუხლის მე-3 პუნქტი ,,აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია უზრუნველყოფილია“. 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ,,კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე“ , 34-ე მუხლის მესამე პუნქტი ,,ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება“. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი; საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლები; 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია ამ სარჩელისათვის დადგენილი ყველა პირობის დაცვით და ფორმით. შედგენილია ქართულ ენაზე და ხელმოწერილია, ერთვის სადავო სამართლებრივი აქტის ტექსტი, წარმოდგენილია საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ და კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონული ვერსია. შესაბამისად, სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს და შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე არის საქართველოს იურიდიული პირი (პარტია), რომელიც მიიჩნევს, რომ კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობის უფლება დარღვეულია.
მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ნორმატიული აქტების შინაარსი არ არის შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან და ამით ხელყოფილია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით დაცული ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები. შესაბამისად, არსებობს ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის წინაპირობები და, აქედან გამომდინარე, მოსარჩელე უფლებამოსილია იდაოს სადაო ნორმების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს საკონსტიტუციოა სასამართლო არის საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობას, კონსტიტუციურ კანონიერებას და ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, რაც სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. გამომდინარე აქედან, საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს კონსტიტუციურ დანაწესთა შესრულების უზრუნველყოფის, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ და გარანტირებულ ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისა და სახელმწიფოში სამართლებრივი სტაბილურობის უზრუნველოფის პროცესში. შესაბამისად, როდესაც ფიზიკური ან იურიდიული პირი (საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად ,,კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე) მიიჩნევს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ადგილი აქვს ადამიანის ძირითადი უფლებათაგან რომელიმეს დარღვევას, ადგილი აქვს დისკრიმინაციას და/ან რომელიმე საკანონმდებლო აქტი ან მისი რომელიმე დებულება წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის უმთავრეს კანონთან - ის უფლებამოსილია დარღვეული უფლებისა და თავისუფლების თუ თანასწორობის აღდგენის მიზნით მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
სარჩელი ფორმითა და შინაარსით შეესაბამება ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 311 დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს ამავე კანონის 313 მუხლით გათვალისწინებული სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძლვები. სარჩელი წარმოდგენილია კანონით დადგენილი ფორმით, შემოტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, მასში (სარჩელში) მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის ,,ა“ და ,,ე“ , ასევე ამავე კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტების შესაბამისად. სადავო საკითხები სადავო ნორმებთან მიმართებით არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. სარჩელში მითითებული სადაო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი. მოცემულ შემთხვევაში, წინამდებარე სარჩელის ფარგლებში სადაოდ არის გამხდარი საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N 322 დადგენილების ( უფრო ზუსტად ზემოხსენებული დადგენილების მე-2 მუხლის მე-61 პუნქტი, ასევე ამავე დადგენილების მე-3, მე-4, მე-5, მე-6 მუხლები და მე-11 მუხლი , ასევე სადაოა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის #181 დადგენილების (უფრო ზუსტად დანართის) მე-3, მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციასთან, კონკრეტულად კი კონსტიტუციის მეორე თავით განსაზღვრულ ნორმასთან მიმართებით.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით, კონსტიტუციური სამართალწარმოების დაწყების საფუძველია საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების წერილობით შეტანა, ხოლო ამავე კანონის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებული მათი უფლებები და თავისუფლებები. დავის საგანს წარმოადგენს კანონის (მთავრობის დადგენილებების) კონსტიტუციასთან შეუსაბამობა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონმდებლობით დადგენილ ყველა სავალდებულო რეკვიზიტს. სახეზეა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ყველა წინაპირობა. სარჩელი ფორმითა და შინაარსით აკმაყოფილებს მისთვის დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები, შესაბამისად უნდა მოხდეს წინამდებარე სარჩელის განსახილველად მიღება.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოგეხსენებათ, რომ 2020 წლის 23 მარტსა და ამავე წლის 23 მაისს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილებები (2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილება და 2020 წლის 23 მაისის N181 დადგენილება), აღნიშნული დადგენილებები ეხება იზოლაციისა და კარანტინის წესებს და საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილებით განისაზღვრა, რომ საქართველოს მოქალაქეები ექვემდებარებიან სავალდებულო კარანტინს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გარკვეული პირთა წრე კი არ ექვემდებარება სავალდებულო კარანტინს, გამომდინარე აქედან მიგვაჩნია, რომ კანონის აღნიშნული დანაწესი დისკრიმინაციულია და ეწინააღმდგება საქართველოს კონსტიტუციას, ასევე აღნიშნულ დადგენილებაში არაკონსტიტუციური მსჯელობებია პირთა გადაადგილების უფლებებზე (შეზღუდვაზე), საგანმანათლები პროცესების რეგულაციებზე, თავშეყრის რეგულაციებზე, ეკონომიკური საქმიანობის რეგულაციებზე და ბოლოს ფიზიკური პირების იზოლაციაში და კარანტინში გადაყვანის შესახებ რეგულაციებზე. ყველა ეს წესი სადაო დადგენილებაში მიგვაჩნია არაკონსტიტუციურად, რაზეც დეტალურად მოგახსენებთ მოგვიანებით. . რაც შეეხება 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილება, ასევე მიგვაჩნია დისკრიმინაციულად, მასშიც აშკარაა დისკრიმინაციული მიდგომები (შეზღუდვები), აღნიშნული დადგენილება ასევე უხეშად ხელყოფს გადაადგილების თავისუფლებას პირთა განსაზღვრული წრისათვის, ისევე როგორც #322 დადგენილება მასშიც არასწორი და არაკონსტიტუციური მიდგომაა საგანმანათლებო პროცესის და კულტურული და სპორტული ღონისძიებების შეზღუდვის ნაწილში, ასევე არასწორად არის დარეგულირებული შეკრებების და მანიფესტაციების საკითხიც რამაც ეს დადგენილებაც გახადა სადაო. შესაბამისად აღნიშნული დადგენილებაც მიგვაჩნია არაკონსტიტუციურად.
იმის გამო, რომ ორივე გასაჩივრებულ დადგენილებაში ძირითადად დარღვეულია ერთი და იგივე სამართლებრივი სიკეთე შევეცდებით ერთობლივად ვისაუბროთ ორივე დადგენილებაში დაშვებულ არაკონსტიტუციურობაზე.
მიუხედავად ადამიანის უფლებათა დაცვის მზარდი სტანდარტებისა, დისკრიმინაცია კვლავ რჩება საქართველოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად და იმის მიუახედავად, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაატაროს ეფექტური ღონისძიებები ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობისა, იგი იღებს დისკრიმინაციული შინაარსის კანონებსა და დადგენილებებს, რომლეთა ნორმატიული ჩანაწერი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის.
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით დაცული სიკეთეა თანასწორობის უფლება. წინამდებარე მუხლის მიხედვით, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულიადისკრიმინაციარასის, კანის ფერის, სქესის,წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული ნორმატიული აქტის, მხედველობაში გვაქვს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილება, (გასაჩივრებული ნორმა) უხეშად ხელყოფს კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას, უფრო ზუსტად ადგილი აქვს განსხვავებულ/დისკრიმინაციულ მიდგომას მოქალაქეობის ნიშნით. დისკრიმინაციის ცნების ზოგად განმარტებას გვაძლევს საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხრვის შესახებ“, რომლის თანახმადაც, დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით. ადამიანის უფლება იყოს დაცული დისკრიმინაციის ყველა ფორმისაგან განმტკიცებულია არა-ერთ საერთაშორისო სამართლებრივ აქტში. თქვენს ყურადღებას გავამახვილებ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენცია“-ზე. ევროპული კონვენციის მე-14 მუხლის მიხედვით, ამ კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის,... თუ სხვა სტატუსის განურჩევლად.
მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ნორმატიული აქტი უხეშად ხელყოფს საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, კერძოდ ზემოხსენებული დადგენილება დისკრიმინაციულ კარანტინის პირობებს ითვალისწინებს და შეიცავს დისკრიმინაციულ დებულებებს საქართველოს მოქალაქეების მიმართებით. გასაჩივრებული დადგენილების ნორმატიული შინაარსის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ ექვემდებარებიან სავალდებულო კარანტინს. აშკარაა, რომ სახეზეა საქართველოს მოქალაქეთა და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა არათანასწორ უფლებრივ მდგომარეობაში მოქცევა და არსებითან თანასწორ პირობებში მყოფ პირთა წრეს, არსებითად უთანასწორო მდგოამრეობაში აყენებს. უფრო მეტიც, არანაირ ლეგიტიმურ მიზანს არ ემსახურება საქართველოს მოქალაქეთა კარანტინში მოთავსება, მაშინ როცა უცხო ქვყენის მოქალაქენი თავისუფლდებიან საკარანტინე სივრცეში მოთავსებისგან. დამეთანხმებით, რომ COVID-19 არ იცნობს განსხვავებას მოქალაქეობის მიხედვით. ვირუსი ემართება ნებისმიერ ადამიანს განურჩევლად მოქალაქეობისა, სქესისა თუ სხვა სტატუსისა. გამომდინარე, აქედან საინტერესოა რა ლეგიტუმურ მიზანს და/ან დასაბუთებას შეიცავს გასაჩივრებული ნორმატიული აქტის შინაარსი, რომლის საფუძველზედაც საქართველოს მთავრობა განსხვავებულ მიდგომებს უწესებს საქართველოს მოქალაქეებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.
მიმაჩნია, რომ სახეზეა მოსარჩელის თანასწორობის უფლების ხელყოფა და იგი არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში ექცევა, მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ, რომ იგი არის საქართველოს მოქალაქე და ამიტომ ექვემდებარება სავალდებულო კარანტინს. დამეთანხმებით, გასაჩივრებული ნორმატიული აქტის შინაარსი საკმაოდ დისკრიმინაციულია. ხდება ადამიანის თანასწორობის უფლების ხელყოფა სტატუსის მიხედვით, რომ იგი არ არის უცხო ქვეყნის მოქალაქე ბიზნესმენი და არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სურს თავის ქვეყანაში შემოსვლა და ექვემდებარება სავალდებულო კარანტინს. აქვე მინდა ყურადღება გავამახვილო იმ არსებით ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს უტარდება PCR ტესტი და უარყოფითი პასუხის მიღებისთანავე უშვებენ სახლში, მაშინ როცა საქართველოს მოქალაქეებს ზემოხსენებული ტესტის გავლის შემდეგაც საკარანტინე სივრცეში ამწესებენ. ასევე, გასაჩივრებული ნორმის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქე საზღვრის კვეთისას წარმოადგენს PCR ტესტის პასუხს, რომელიც მან გაიკეთა 72 საათით ადრე მანამ სანამ გადმოკვეთავდა საზღვარს. ეს სტანდარტი ჩვენთვის ბუნდოვანია, ვინაიდან ,დამეთანხმებით, ტესტის პასუხები ხშირად არ იძლევა ზუსტ მონაცემს და/ან მასში მოცემულია მესამე პირის ტესტირების პასუხი (რაც არაერთხელ მომხდარა, უფრო მეტიც პირს მოსვლია ანტი-გენზე პასუხი, მაშინ როდესაც მას არანაირი ანალიზი არ გაუკეთებია, ანუ პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები როდესაც მონაცმები ირევა და არ შეესაბამება სინამდვილეს). თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო იმ პერიოდზე, როდესაც კორონა-პანდემია იყო სიახლე და მიუხედავად PCR ტესტირების გავლისა ვირუსის არსებობა/არარსებობის დადგენის მიზნით განმეორებით უტარებდნენ მოქალაქეებს COVID-19 -ზე ტესტირებას. გამომდინარე აქედან, არსებობს ალბათობის მაღალი ხარისხი და რისკი იმისა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ,იქნებიან ისინი დელეგაციის წევრები თუ რიგითი მოქალაქეები, შეიძლება იყვნენ კოვიდ-19 _ით ინფიცირებულნი, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეები. შესაბამისად, ყოველგვარ საღ აზრს მოკლებულია თუ რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება დადგენილებაში გაწერილი დანაწესი, რომელიც განსხვავებულ პირობებში აყენებს არსებითად თანასწორ პირობებში მყოფ მოქალაქეებს (საქართველოსა და უცხო ქვეყნის), თუ არა იმას, რომ აღნიშნული ჩანაწერი არის დისკრიმინაციული და არაკონსტიტუციური.
საქართველოს კანონის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ მე-2 მუხლის შესაბამისად, საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია (2.1). ამავე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით - „პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ამგავრი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად“. საინტერესოა, ასეთი განსხვავება რომელ საზოგადოებრივ წესრიგს ან/და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს ემსახურება. აშკარაა, მსგავსი ჩანაწერი წარმოადგენს პირდაპირ დისკრიმინაციას. თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებაზე, სადაც იგი პირდაპირი დისკრიმინაციის ფორმულირებას ახდენს. ევროპული სასამართლო გვეუბნება, რომ პირდაპირი დისკრიმინაციის დასადგენად საჭიროა, სახეზე იყოს „განსხვავებული მოპყრობა ანალოგიურ ან შედარებით ერთნაირ მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ“, რაც ამოცნობად მახასიათებლებს ეფუძნება. მოცემულ შემთხვევაში პირდაპირი დისკრიმინაცია გამოიხატება საქართველოს მოქალაქეებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის განსხვავებული საკარანტინე პირობების გავრცელებაში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პირველი მუხლის მიხედვით, ყველა ადამიანი თანასწორია და ღირსებებითა და უფლებებით თანასწორი იბადება. დეკლარაციის მე-2 მუხლის მიხედვით, ყოველი ადამიანი განურჩევლად ყოველგვარი განსხვავებისა - რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებებისა, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობისა, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა, უნდა ფლომდეს ამ დეკლარაციით გამოცხადებულ ყველა უფლებასა და თავისუფლებას. ამასთანავე, მნიშვნელობა არ უნდა მიეცეს რაიმე განსხვავებას იმ ქვეყნისა თუ ტერიტორიის პოლიტიკურ, სამართლებრივ ან საერთაშორისო სტატუსებში განსხვავებას. მე-7 მუხლის მიხედვით კი ყველა ადამაინი თანასწორია კანონის წინაშე და ყველას, ყოველგავრი განსხვავების მიუხედავად კანონის თანაბრად დაცვის უფლება აქვს. ყველა ადამიანს უფლება აქვს თავი დაიცვას ნებისმიერი დისკრიმინაციისაგან, რომელიც არღვევს ამ დეკლარაციას.
კანონის წინაშე თანასწორობა მოითხოვს, რომ არცერთ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს (მოცემულ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები) არ შეიძლება უარ ეთქვას უფლებებთან მიმართებაში კანონით უზრუნველყოფილ ისეთივე დაცვაზე, რითაც სარგებლობენ სხვები მსგავს პირობებსა და გარემოებებში.
გამომდინარე ყოველივე ზემოთქმულიდან, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილების ნორმატიული შინაარსი დისკრიმინაციულია, ის უხეშად ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით დაცულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ამიტომ უნდა გაუქმდეს, ვინაიდან არაკონსტიტუციურია.
რაც შეეხება N322 დადგენილების მე-2 მუხლის მე-61 პუნქტს აქ საუბარია გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე (კომენდანტის საათი) კერძოდ: ,,საცხოვრებელ ადგილზე მოსახლეობის დარჩენის უზრუნველსაყოფად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იკრძალება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა. მართალია დადგენილების მიზანია ახალი კორონა ვირუსის გავრცელების აღკვეთა, თუმცა რამდენად ემსახურება აღნიშნული შეზღუდვა ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ეს უკვე სხვა საკითხია. უდავოა, რომ დადგენილი შეზღუდვებისთვის უნდა იყოს შესაბამისი აკრძალვები კანონით გათვალისწინებული დარღვევებისთვის, რომლებიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს კონსტიტუციასთან. მოცემულ შემთხვევაში, მიმაჩნია რომ გასაჩივრებული ნორმატიული აქტი უხეშად ხელყოფს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავსუფლებებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, ,,ადამიანების ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება“. ნორმას თუ ყურადღებით წავიკითხავთ, საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლში მოცემულია კანონიერი დათქმარომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის თავისუფლების თანაზომიერ შეზღუდვაზე, ისე რომ შეზღუდვით მიიღწეოდეს ლეგიტიმური მიზანი. გასაჩივრებული ნორმატიული აქტი აწესებს კომენდანტის საათს 21:00 საათიდან 05:00 საათამდე:,, საცხოვრებელ ადგილზე მოსახლეობის დარჩენის უზრუნველსაყოფად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იკრძალება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა“. აღნიშნული ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ მოთხოვნებს, რომელიც აუცილებელია იყოს დაცული ადამიანის კონსტიტუციის გარანტირებული უფლების შეზღუდვისას. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტში საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი გვაქვს, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლებას აძლევს იმის დისკრეციას, რომ შეზღუდოს მე-14 მუხლით დაცული სამართლებრივი სიკეთეები, თუმცა ზემოხსენებული მუხლი ითვალისწინებს კანონიერ დათქმას. კანონმდებელი უშვებს მხოლოდ კანონის შესაბამისად ჩარევას და ამ უფლების შეზღუდვას. საყურადღებოა, რომ მატერიალური ჩარევა უნდა ემსახურებოდეს ,როგოც ზემოთ ავღნიშნე, ლეგიტიმურ მიზანს ანუ დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზანს. მინდა ავღნიშნო, რომ სრულად ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ შექმნილი ვითარება განაპირობა პანდემიისგან წარმოშობილმა საფრთხემ. პატივს ვცემთ იმ მიზეზებს, რის გამოც საქართველოს მთავრობამ დაადგინა შეზღუდვები, მაგრამ ამასთან არ შეგვიძლია უგულვებელვყოთ ის ფაქტი, რომ შემოღებული ზომები წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უპრეცედენტო შეზღუდვას. მიუხედავად იმისა, რომ Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლას ემსახურება აღნიშნული შეზღუდვების ლეგიტიმური მიზანი და საქმე ეხება საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაცვას, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი ნორმის კონსტიტუციურობისთვის.
თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე: ,,კონსტიტუციური უფლების შეზღუდვისას არა მხოოლოდ ლეგიტიმური მიზნები უნდა არსებობდეს არამედ უფლებაში ჩარევა ლეგიტიმური მიზნების თანაზომიერი უნდა იყოს (ირაკლი ქემოკილიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პარაგრაფი 76). თანაზომიერების პრიცნიპის მოთხოვნაა უფლების შემზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას ურომლისოდაც აღნიშნული შედეგი ვერ დადგება. ამავე დროს, დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე. თანაზომიერების პრიციპის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ლეგიტიმური საჯარო მიზნის არსებობა და მისი მიერ გამოყენებული საშუალება (მოცემულ შემთხვევაში მთავრობის დადგენილებით დადგენილი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა) უნდა ემსახურებოდეს მნიშვნელოვანი საჯარო სიკეთის დაცვას. მიგვაჩნია, რომ დადგენილებით გათვალისიწნებული შეზღუდვები არათუ ემსახურება საჯარო სიკეთის დაცვას, არამედ პირიქით ქაოსურია და უხეშად ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციის ზემოთხსენებულ ნორმას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შეზღუდვები შესაძლობლობას აძლევს საქართველოს მთავრობას კორონა პანდემიის რეჟიმი მასზედ მოირგოს და დაწესებული შეზღუდვების დიაპაზონი გაზარდოს. ამიტომაც მოხდა ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების უხეშად ხელყოფა და იმგვარად შეზღუდვა, რომ არ მოხდა კანონიერი დათქმის პრინციპის გათვალისწინება.
ასევე მინდა ყურადრება გავამახვილო იმ არსებით ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ არ მომხდარა იმის დასაბუთება, თუ რატომ მოხდა ასეთი მკაცრი შეზღუდვის გამოყენება, ასევე აღმაშფოთებელია და ალოგიკური, რატომ მოხდა საღამოს საათებში გადაადგილების სრულიად აკრძალვა. დაუსაბუთებელია რატომ არის ვირუსის გავრცელების საშიშროება საღამოს საათებში და დღის საათებში არა. ვფიქრობ, რომ აღნიშნული მკაცრი შეზღუდვა კონსტიტუციის მე-14 მუხლისა უარეს შედეგამდე მიგვიყვანს, ვინაიდან კომენდანტის საათმა ხელი შეუწყო დღის საათებში მასიურ გადაადგილებას, განაპირობა ის რომ მაღაზიებთან მოხდა ხალხის თავშეყრა და ამით უფრო გაიზარდა პანდემბიის გავრცელების რისკები. უფრო მეტიც, სტატისტიკური მონაცემებით, საღამოს საათებში არაერთი საგზაო შემთხვევა ფიქსირდება და ამის მიზეზი, სწორედ რომ კომენდანტის საათია და სამწუხაროდ შეზღუდვა არათუ იცავს მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, არამედ ხელყოფს (ვინაიდან არა-ერთი საგზაო შემთხვევის მხილველნი გავხდით, რამაც სიცოცხლე მოუსპო პირთა გარკვეულ წრეს და ეს იმიტომ, რომ ისინი ჩქარობდნენ სახლში მისვლას (მისწრებას, რათა არ დაჯარიმებულიყვნენ კოლოსალური თანხით, როგორც კომენდანტის საათის დამრღვევი პირები). აღნიშნული აკრძალვა და ამ დარღვევაზე დაწესებული 2 000 ლარიანი ჯარიმა უკანონოა. მსგავსი არაჰუმანური სასჯელის სახის გამოყენება, მით უფრო ასეთი ჟამიანობის დროს, არის არაადამიანური და დემოკრატიულ სახელმწიფოში მცხოვრები ნებისმიერი მოქალაქისთვის ღირსების შემლახავი ანუ მსგავსი სასჯელის გამოყენებით ხორციელდება საქართველოს კონსიტიტუციის მე-9 მუხლის დარღვევა, რომელიც გვეუბნება: ,,დაუშვებელია არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. არ შეიძლება სასჯელი იყოს იმგვარი, რომ არ ითვლასიწინებდეს დამრღვევის პიროვნებას, სოციალურ მდგომარეობას და მთელ რიგ გარემო ფაქტროებს, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს სასჯელის დანიშვნისას.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული სახდელის მიზანი არის ერთადერთი - შეივსოს სახლემწიფო ბიუჯეტი, არამართლზომიერი და კანონის ფარგლებში მოქცეული არაკონსტიტუციური ნორმით. გაუმართლებელია ამგავრი მექანიზმების გატარება სახელმწიფოს მხრიდან ისედაც პანდემიის საფრთხით შეშინებულ მოსახლეობაზე. ნათელია, რომ მსგავსი სახის შეზღუდვები სცილდება საქართველოს კონსტიტუციის 34-ე (3) მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ დათქმის პრინციპს : 3. ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება. დემოკრატიულ საზოგადოებაში არ შეიძლება არსებობდეს მიზანი, ინტერესი, რომლის მიღწევის საპირწონე ამა თუ იმ უფლების დარღვევაა. ჩვენთვის ალოგიკური და ბუნდოვანია რას ემსახურება გადაადგილების აკრძალვა დროის დადგენილ პერიოდში. ისმის საფუძვლიანი კითხვა: „კორონა ვირუსის აქტიური გავრცელემა საღამოს 21:00 საათიდან გამთენიის 05:00 საათამდე მიმდინარეობს?“. ვირუსოლოგები თანხმდებიან, რომ ვირუსმა არ იცის საათი, ის არ ცნობს დღეს და ღამეს. ვფიქრობ, რომ აღნიშნული შეზღუვდა არის არაკონსტიტუციური და ეს შეზღუდვა არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მოდის კოლიზიაში, არამედ კონსტიტუციის მე-10-ე მუხლით დაცულ ისეთ ძირითად უფლებასთან, როგორიცაა სიცოცხლის უფლება. როგორც უკვე ავღნიშნე, კომენდანტის საათის დარღვევის შიშით და დაწესებული სახდელის შიშით ფიზიკური პირები გადაადგილდებიან სიჩქარით, რამაც განაპირობა ავტო-ავარიების უპრეცენდენტო ზრდა 19:00 საათიდან 21:00 საათამდე.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N 322 დადგენილების მე-3 მუხლი და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილების მე-3 მუხლი, არეგულირებს იმ შეზრუდვებს, რომელბიც ეხება საგანმანათლებლო პროცესს. მესამე მუხლის ძველი რედაქციით საგანმანათლებლო პროცესი ითვალისწინებდა როგორს სკოლანდელი, ასევე სასკოლო პროგრამის დისტანციურ რეჟიმს, თუმცა 2021 წლის 4 თებერვალს, საქართველოს მთავრობა მოხსნა აღნიშნული შეზღუდვა. ცვლილებების მიხედვით, 15 თებერვლიდან საგანმანათლებლო პროცესი ჩვეულებრივ აღდგება სკოლებში (თბილისში,რუსთავში და ქუთაისში), თუმცა სასწავლო პროცესი არ აღდგება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებში. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მიდგომა არის დისკრიმინაციული და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლს. ჩვენთვის გაუგებარია რა სტანდარტით ხემძღვანელობს საქართველოს მთავრობა, როდესაც იღებს დისკრიმინაციულ რეგულაციებს და პირთა თანასწორი წრისათვის აწესებს განსხვავებულ რეგულაციებს. თუკი მოზარდი (სკოლამდელი და დაწყებითი სკოლის მოსწავლეები) ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს საგნმანათლებლო რეჟიმს, მიდის სკოლაში და განათლებაზე წვდომა აქვს „ცოცხალ რეჟიმში“ ნორმალურ პირობებში, მაშინ რატომ არ აქვთ აღნიშნულ პირობებში განათლების უფლება უმაღლესი საგანმანათლებლო საფეხურზე მყოფ პირებს (სტუდენტებს). თუკი სკოლებში არ მოხდება კორონა პანდემიის გავრცელება და დაცული იქნება რეგულაციები ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო, მაშინ რატომ უზღუდავენ განათლების უფლებას უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტებს იმ მოტივით, რომ უნივერსიტეტში ვირუსის გავრცელების მაღალი რისკი არსებობს. მიგვაჩნია, რომ ეს სტანდარტი ხელყფოს როგორც კანონის წინაშე თანასწორობის პრიცნიპს, ასევე განათლების უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 27- ე მუხლის მიხედვით, ყველას აქვს განათლების მიღების უფლება და მისი ფორმის არჩევის უფლება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომია უზრუნველყოფილია. აშკარაა, რომ მთავრობის დადგენილება უხეშად ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლით გარანტირებულ ისეთ ძირითად უფლებას, როგორიცაა განათლების უფლება და ,რაც ყველაზე მთავარია, აწესებს დისკრიმინაციულ მიდგომებს. დამეთანხმებით, ონლაინ სწავლების მეთოდი არ არის პროდუქტიული და ყველას არ აქვს წვდომა ინტერნეტზე. აქედან გამომდინარე, მსგავსი შეზღუდვის დატოვეა მაღალ საგანმანათლებლო საფეხურზე ჩარიცხული სტუდენტთათვის აწესებს არათანასწორ სტანდარტს და უხეშად ერევა განათლების უფლებით დაცულ სამართლებრივ სიკეთეში.
გვსურს თვქენი ყურადღება გავამახვილოთ იმ გარემოებაზე, რომ საგანგებო მდგოამრეობის გამოცხადებისას სახელმწიფოს აქვს ორი ერთნამეთისგან დამოუკიდებელი ბერკეტი ადამიანის უფლებების მოთხოვნების გადასახედად: პირველი, უფლების შეზღუდვა და მეორე, უფლებების შეჩერება. პირველი ბერკექტი ანუ უფლების შეზღუდვა გულისხმობს კანონის ნაცვლად, დადგენილებით უფლებების შეზღუდვას, მაგრამ სახელმწიფოს არ შეუძლია უფლებათა მოქმედების, როგორც გარანიების შეჩერება, ისე უფლებებში ჩარევა ლეგიტუმირი მიზნების კორექტირება ან/და გაფართოება. კლასიკური გაგებით ესაა დეროგაციის რეჟიმი. ორივე შემთხვევაში (როგროც უფლების შეჩერების ისე შეზღუდვისას) პარლამენტის მხრიდან საგანგებო რეჟიმის დაკანონება საციცოცხლო მნიშვნელობისაა. რათა სახელმწიფომ არ გადაამეტოს თავის ძალაუფლებას, დაიცვას კონსტიტუციის მოთხოვნები და იმაზე მეტად არ შეზღუდოს ადამიანის უფლებები, ვიდრე ეს უკიდურესად აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტმა დაუშვა კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შეზღუდვა და დაამტკიცა პრეზიდენტის დეკრეტი, რომელიც შინაარსობრივად არ შეიცავს დეტალურ მოწესრიგებას, თუ როგორ და რა მოცულობით უნდა შეიზღუდოს უფლებები და თავისუფლებები. აღსაღნიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სტანდარტით, ზოგადად, დასაშვებია პარლამენტის მხრიდან საკითხის დელეგირების უფლებამოსილება კომპეტენტურ ორგანოზე, იმ პირობით, რომ დელეგირებული უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანოს შეხედულების ფარგლები შეზღუდულია ადამიანის უფლებებითა და კონსტიტუციური პრინციპებით. ვფიქრობთ, რომ მოცემულ შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობის შესახებ პრეზიდენტის დეკრეტით განხორციელდა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილების მთლიანად მთავრობისთვის გადაცემა. სწორედ მთავრობაზეა დამოკიდებული უფლებების შეზღუდვის ფარგლები, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას. დამეთანხმებით, რომ კოსნტიტუციური გარანტიები უზრუნველყოფს ხელისუფლების დანაწილების პრინციპის რეალიზებას, რაც ემსახურება უზენაესი ღირებულების - ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტურად დაცვას. კონსტიტუციის პრეამბულის ქვაკუთხედი, ხომ სწორედ თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს არსია (საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებებად დაყოფა). ხელისუფლების დანაწილების არსი იმაში მდგომარეობს, რომ არ მოხდეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. მოცემულ შემთხვევაში მთავრობა უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებით აფართოვოს ან ავიწროვოს უფლებათა შეზღუდვები. ფაქტია, რომ გასაჩივრებული მუხლების ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურია.
კონსტიტუციის მე-14 მუხლი. დაცული სფერო
თუ სასამართლო მიიჩნევს რომ დაცულია კანონით მოწესრიგების ფორმალური მოთხოვნა („გათვალისწინებულია კანონით“), ვთხოვ იმსჯელოს მის მატერიალურ, შინაარსობრივ ნაწილზე..
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებული მიმოსვლის თავისუფლება არის ფიზიკური პირის დაუბრკოლებელი გადაადგილების თავისუფლება, რომელიც მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე პირის თავისუფალ გადაადგილებას ან, პირიქით, გადაადგილებაზე, მიმოსვლაზე უარის თქმას. დაცულ სფეროში თავსდება გადაადგილების თავისუფლება ნებისმიერი მიმართულებით, საშუალებითა და ფორმით, მიუხედავად მისი მიზნისა.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.
გადაადგილების თავისუფლების გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე ადამიანის ცხოვრება, მისი პიროვნული განვითარება და საქმიანობა, ის ასევე დაკავშირებულია ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლებასთან.
შეზღუდვის გამართლება
მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით გვაქვს საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლებას აძლევს იმის დისკრეციას, რომ შეზღუდოს მე-14 მუხლის დაცული სფეროთი გარანტირებული სამართლებრივი სიკეთეები. კონსტიტუციის მე-14 მუხლი ითვალისწინებს კანონის დაკონკრეტებულ დათქმას. კონკრეტულად კი, კანონმდებელი ამ მუხლით დაცულ სფეროში ჩარევას ფორმალურად უშვებს მხოლოდ კანონის შესაბამისად, ხოლო მატერიალურად ჩარევა უნდა ემსახურებოდეს დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზანს.
მიუხედავად იმისა, რომ Covid-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებულია შეზღუდვები და აღნიშნული შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაცვა, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი ნორმის კონსტიტუციურობისთვის და ის არ აძლებს მთავრობას საშუალებას სრულად გავიდეს კონსტიტუციური შეზღუდვის ჩარჩოებიდან და თვითნებურად შეზღუდოს დაცული უფლება.
საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციური უფლების შეზღუდვისას არა მხოლოდ ლეგიტიმური მიზნები უნდა არსებობდეს, არამედ უფლებაში ჩარევა ლეგიტიმური მიზნების თანაზომიერი უნდა იყოს.
თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლებათა მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე (დანიის მოქალაქე ჰეიკე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. პ.60).
დაუსაბუთებელია, თუ რატომ გახდა ასეთი მკაცრი ზომების გამოყენება და მიმოსვლის ფაქტობრივად სრულად აკრძალვა, ასევე ავტომობილით გადაადგილებისას სამზე მეტი პირის (ოჯახის წევრების) გადადგილების აკრძალვა, მაშინ როცა პრევენციის მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა ნაკლებად შემზღუდველი და ბევრად მოქნილი წესების გამოყენებით.
საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლი მე-3 პუნქტი
ადამიანის ძირითად უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება. ლეგიტიმურ მიზანთან დაკავშირებით და თანაზომიერების პრინციპზე ზევით უკვე მოგახსენეთ.
რაც შეეხება გასაჩივრებული დადგენილების მე-4 მუხლს (2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილება და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილების მე-4 მუხლი). მე-4 მუხლით იზღუდება კულტურული და სპორტული ღონისძიებები. აღნიშნული შეზრუდვა ასევე დისკრიმინაცლიულია და კოლიზიაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან. კიდევ ერთხელ გავამახვილებ სასამართლოს ყურადღებას იმ არსებით ფაქტობრივ გარემოეაბზე, რომ თუკი 2021 წლის 8 თებერვლიდან იხსნება შეზღუდვა სატრანსოპორტო საშუალებებზე და მოსახლეობას ექნება უფლება ისარგებლოს საზოგადოებრივი ტრანსპორით, მაშინ რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება კულტურული ღონისძიებების შეზღუდვა, კერძოდ 4(1) კულტურულ ღონისძიებაზე მაყურებლის დასწრება; სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობის შეზღუდვა. თუკი პირთა ფართო წრე ისარგებლებს საჯარო ტრანსპორტით, სადაც ვერ იქნება სოციალური დისტანცია შესაბამისად უზურნველყოფილი და არსებობს რისკის მაღალი ალბათობა ვირუსის გავრცელები, მაშინ რატომ რჩება ძალაში შეზღუდა სპორტული და კულტურული ღონისძების აკრძალვის. სპორტულ ღონისძებაზე და/ან კულტურულ ღონისძებაზე, იგივე სპორტულ დარბაზში თავისუფლად შეიძლება სოციალური დისტანციის დაცვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რათა მოხდეს მაქსიმალური დაცვა და პრევენცია ეპიდემიის გავრცელება. მიგვაჩნია, რომ მთავრობა მანკიერად იყენებს ძალაუფლებას და ძალაში ტოვებს დისკრიმინაციული ხასიათის შეზღუდვებს. უფრო მეტიც, მსგავსი მდიგომა არა მხოლოდ თანასწორობის პრინციპს ხელყოფს, არამედ ეწინააღმდეგება სოციალური სახელწმფიოს პრინციოს, რაც დაცულია კონსტიტუციის მე-5 მუხლით. კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. მოცემულ შემთვევაში, მთავრობის დადგენილება არა თუ ხელს უწობს მოქალაქეს დასაქმებაში, არამედ უზღუდავს დასაქმების უფლებას და საარსებო მინიმუმის გარეშე ამყოფებს. ეს გამოიხატება ბიზნეს სექტორისათვის მკაცრი და დისკრიმინაციული შეზღუდვების დაწესებაში. მოგეხსენებათ, სპროტული დარბაზები დახურულია. არცერთი სტუდია (საბალეტო, ცეკვის) არ მუშაობს და პირთა ფართო წრე, რომელიც დასაქმებულია სპორტული საქმიანობით უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ პირობებში აღმოჩნდნენ. გასაჩვრებული დადგენილების მე-6 მუხლის თანახმად, იკრძალება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუქნციონირება („ა“ ქვეპუნტქი); სპორტული/ სავარჯიშო დარბაზების, საუნებისა და სხვა სპა პროცედურების, ასევე საცურაო აუზების საქმიანობა („დ“ ქვეპუნქტი). აქვე მინდა ყურადღება გავამახვილო იმ დისკრიმინაციულ შეზღუდვაზე, რომელიც ეხება რესტორნებს. კერძოდ, მთავრობამ შეზღუდვა მოაუხსნა რესტორნების (კაფე/ბარები) იმ ჯგუფს, რომლებსაც აქვთ ღია სივრცე, ხოლო იმ ნაწილის მიმართ, რომლებიც მხოლოდ დახურულ სივრცეში ემსახურებიან მოქალაქეებს შეზღუდვა ძალაში დატოვა. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მიდგომა ასევე დისკრიმინაციული და ხელყოს კოსნტიტუციის მე-11 მუხლს, ასევე წინააღმდგებოში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლთან, რომელიც იცავს ისეთ სამართლებრივ სიკეთეს როგორიცაა ეკონომიკური თავისუფლების უფლება. კონსტიტუციის მე-6 მუხლის მეორე პუნქტის მეორე წინადადების შესაბამისად, სახელმწიფო თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე. მოცემულ შემთვევაში, საქართველოს მთავრობამ არ გაითვალისიწინა კონტსიტუციური დანაწესი და არათუ იზრუნა მეწარმეობის განვითარებაზე, არამედ უხეშად ჩაერია თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვიტარების უფლებაში. ეს გამოიხატება დისკრიმინაციული შეზღუდვებით და იმ მეწარმე სუბიექტებს, რომლებსაც დახურული რესტორანთა ქსელი აქვთ ფაქტობრივად აუკრძალა საქმიანობა. მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა უხეშად ერევა ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებში და უხეშად ხელყოფს მათ.
მსურს სასამართლოს ყურადღება გავამახვილო საერთაშორისო პრეცენდეტზე, კერძოდ პრაღის სასამართლოს მიერ მიღებული 2020 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებაზე. პრაღის სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით, გააუქმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ საგანგებო მდგომარეობის პირობებში მიღებული 4 ანტიკორონა ვირუსული ღონისძიება. ამ ღონისძიებებით იზღუდებოდა ადამიანთა თავისუფალი გადაადგილება, საცალო ვაჭრობა და მომსახურება ჩეხეთში. ჩეხეთის სასამართლომ აღნიშნული შეზღუდვები უკანონოდ მიიჩნია. სასამართლომ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ჯანდაცვის სმაინისტროს მიერ მიღებული შემაკავებელი ზომებით მოხდა საზოგადოებრივი დაცვის შესახებ აქტის ხელყოფა და არა კრიზისების მართვა. ასევე აღნიშნა, რომ მთავრობას შეუძლია განმეორებით მიიღოს შემაკავაბელი, ზომები თუკი ისინი წინააღმდეგობაში არ მოვლენ საზოგადოებრივი დაცვის შესახებ აქტთან. პრაღის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა და გაიზიარა მოსარჩელის პათოსი, რომ მთავრობის მიერ მიღებული ზომები იყო კანონსაწინააღმდეგო და გაუგებარი. სამართლომ აღნიშნა, რომ იგი სრულიად პატივს სცემს იმ ფაქტს, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მთავრობამ და ასევე გასაგებია ის მიზეზები, რის გამოც გადავიდა ჩეხეთი საგანგებო რეჟიმზე, თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად საგანგებო რეჟიმისა არ შეიძლება სასამართლომ უგულებელყოს ის ფაქტი, რომ სადავო ზომების მოქმედება მოიცავს ფუნდამენტური უფლებების უპრეცენდენტო შეზღუდვას. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა მაქსიმალურად უნდა შეინარჩუნონ კანონის უზენაესობა. მინისტრის ხელში არ უნდა იყოს კანონზე მაღალი ძალა.
მიმაჩნია, რომ მსგავსი შეზღუდვები არ არის ორიენტირებული საზოგადოების კეთილდღეობაზე, არამედ მაქსიმალურად მორგებულია სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების მექანიზმს. მართალია, რომ ამჟამინდელ ვითარებაში აშკარაა შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა, მაგრამ ეს შეზრუდვები უნდა იყოს კანონზომიერი. ამ შეზღუდვებმა არ უნდა დაუმძიმოს მოქალაქეს და/ ან მეწარმე სუბიექტს ცხორების ნორმალური პირობები.
#181 დადგენილება გამოცემულია „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის საფუძველზე. შესაბამისად, პირველ რიგში უნდა შემოწმდეს, ხომ არ არის დელეგირებული მთავრობაზე საკუთრების უფლების შეზღუდვა აღნიშნული დეკრეტით. სადავო დეკრეტის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია - „საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში, საკარანტინო, საიზოლაციო და სამედიცინო მიზნებისათვის მის მიერ დადგენილი წესით შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები“.აღსანიშნავია, რომ დეკრეტის აღნიშნული დებულება საკმარისი სიცხადით არ განსაზღვრავს საკუთრების უფლების შინაარსს და ფარგლებს, აგრეთვე არ შეიცავს საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტებს. ხსენებული ნორმიდან არ იკვეთება, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიიღეს გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხებზე. ასევე არ დგინდება, რომ საქართველოს პარლამენტმა შინაარსობრივად განიხილა და მხარი დაუჭირა ასეთ შეზღუდვას, როგორიც სადავო ნორმითაა დადგენილი. შესაბამისად, დეკრეტით არ მომხდარა საკუთრების უფლების შეზღუდვის დელეგირება საქართველოს მთავრობაზე საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. საქართველოს მთავრობაზე ამგვარ დელეგირებას არ იცნობს არცერთი სხვა მოქმედი საკანონმდებლო აქტი. შესაბამისად, სადავო ნორმა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მოთხოვნებს და შესაბამისად ის არაკონსტიტუციურია.
და ბოლოს: 322-ე დადგენილების მე-5 მუხლის და #181 დადგენილების მე-5 მუხლის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით იკრძალება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეკრება ან/და მანიფესტაცია. კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, „შეკრება“ არის მოქალაქეთა ჯგუფის შეკრება ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით, ხოლო „მანიფესტაცია“ - მოქალაქეთა დემონსტრაცია, მასობრივი საჯარო გამოსვლა, ქუჩაში მსვლელობა სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით, ან მსვლელობა პლაკატების, ლოზუნგების, ტრანსპარანტების და სხვა სახვითი საშუალებების გამოყენებით. საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, დასახელებული კანონით გათვალისწინებული შეკრება და მანიფესტაცია ექცევა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებულ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დაცულ სფეროში. შესაბამისად, სადავო ნორმით იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გათვალისწინებული შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომიდანარე, მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებები (გასაჩივრებული დადგენილებების ნორმატიული შინაარსი) არის კანონსაწინააღმდეგო და ,რაც ყველაზე მნიშვნელოვანია უხეშად ხელყოფს ადამიანის სასიცოცხლო უფლებებს და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრიციპებს რის გამოც ცნობილ უნდა იქნეს არაკონსტიტუციურად.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა